- ანი, გაიღვიძე! - დილა კვლავ ნაცნობი ფრაზით დაიწყო და „ანიმაც“ ჩვეულებისამებრ ამოიგმინა ბალიშის ქვეშ.
- დედა! რამდენჯერ უნდა გითხრა: ანი კი არა, ანიკა. ა-ნი-კა! ასე ძნელია?
- ნუ ბუზღუნებ! დროზე ადექი, თორემ დაგაგვიანდება! - გასძახა შვილს ლიკამ და ადუღებული წყალი ფინჯნებში ჩამოასხა.
ჰმ, სასაცილოა, არა? ყველაფერი ზუსტად ისე დაიწყო, როგორც ერთი წლის წინ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. ანიკა ისევ ბუზღუნითა და სკოლის აფეთქების იდეით შევიდა სააბაზანოში. ერთადერთი განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ წელს დამამთავრებელ კლასში მიდიოდა. დიდად თავი არ გამოუდია, მაგრამ ლიკას ხვეწნის შედეგად მაინც გადაწყვიტა, რომ გამორჩეულად ჩაეცვა. ვიწრო ჯინსი, თეთრი, უბრეტელო მაისური და ლურჯი, საშუალომკლავიანი პიჯაკი მოირგო, ფეხსაცმელი კი მაღალქუსლიანი და თასმებიანი შეარჩია. ზუსტად იცოდა, რომ ამაზე პრობლემა არ შეექმნებოდა, მით უმეტეს, კერძო სკოლაში. სიმართლე რომ ითქვას, საერთოდ არ აინტერესებდა, ვინმე რამეს თუ ეტყოდა. უკვე სამი თვეა, რაც აღარაფერი აინტერესებდა.
გაინტერესებთ, რა მოხდა ანიკას წამოსვლის შემდეგ, არა? არაფერი! დიახ, საერთოდ არაფერი. სანდროს ერთხელაც კი არ დაურეკავს. ერთადერთი, რაც ანიკას მის რეალურობაში არწმუნებდა, ერთად გადაღებული ფოტოები იყო, თორემ ბიჭი ისე უკვალოდ გაქრა, თავისუფლად შეეძლო ეფიქრა, რომ მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო ან უბრალოდ ლამაზი სიზმარი. მაგრამ იქნებ ჯობდა, რომ ასეც ყოფილიყო? ნაკლებად დაიტანჯებოდა, ყოველდღე ინტერნეტში სანდროს გამოჩენის იმედით არ შევიდოდა, არც ნინის ჰკითხავდა მის ამბებს... ვინ იცის, შეიძლება ასე უკეთესიც ყოფილიყო, მაგრამ ანიკა მაინც არაფერს ნანობდა. აბედნიერებდა კიდეც იმის გახსენება, რომ თვითონაც იმ იღბლიანთა შორის იყო, რომელთაც ჭეშმარიტი სიყვარული გამოსცადეს. ეჭვიც არ ეპარებოდა იმაში, რომ სანდროსაც უყვარდა.
სხვანაირად ის ყველაფერი უბრალოდ ვერ იქნებოდა. თუმცა, უყვარდა მაშინ, ახლა კი უკვე აღარ იცის... აბა, რატომ შეეგუა ანიკას წამოსვლას ასე მარტივად? რატომ გაქრა მისი ცხოვრებიდან? ამ ზაფხულს ნინი, მარიკა და გია ისევ იყვნენ ჩამოსულები, მაგრამ სანდრო, ტრადიციულად, არ ჩამოჰყოლია. ნუთუ თიკასა და ლაშასადმი სიძულვილი უფრო დიდია, ვიდრე გრძნობა, რომელიც ანიკასთან აკავშირებდა?! რატომ ვერ თქვა თავის პრინციპებზე უარი?
ფიქრები ტომ იორკის ხმამ შეაწყვეტინა, ელე ურეკავდა. გუშინ შეთანხმდნენ, რომ საბას მანქანით გამოუვლიდა და სკოლაში ერთად წავიდოდნენ. როგორც ჩანს, უკვე მოვიდნენ.
- ორ წუთში მანდ ვარ! - სწრაფად ჩასძახა და გაუთიშა. მობილური ჯინსის ჯიბეში ჩაიცურა, სხვა საჭირო ნივთები კი ზურგჩანთაში მოათავსა და ოთახიდან გამოვიდა.
- აი, ეს მესმის! - წარბები მოწონების ნიშნად ასწია ლიკამ შვილის დანახვისას. - რა კარგად გამოიყურები, დე! ჩემი ლამაზი გოგო... -ანიკა ადგილზე დაატრიალა, მაგრამ უცბად სახე მოეღუშა. - თვალებზე რა გჭირს?
- არაფერი, უბრალოდ ცუდად მეძინა. წავედი, ელე და საბა ქვემოთ მელოდებიან! -ურცხვად იცრუა და სანამ კითხვების და დარიგებების ქარცეცხლში გაეხვეოდა, სწრაფად გავიდა სახლიდან.
- ვაუ, რა გოგო ხარ! - ცერა თითი მაღლა ასწია ელემ და მეგობარი გადაკოცნა. საბამაც იგივე გაიმეორა და შემდეგ ანიკა უკანა სავარძელზე მოთავსდა.
- მაგარი მანქანაა, გილოცავ!
- მადლობა! მაგრამ გრანტი რომ ვერ ავიღო, ძვირფასი მამიკო ისევე სწრაფად ამომაცლის ჯიბიდან გასაღებს, როგორც მაჩუქა! - გაეცინა საბას.- ბექასაც უნდა გავუაროთ. რამე პრობლემა ხომ არ იქნება? - იკითხა ანიკას მისამართით, რადგან კარგად ახსოვდა, რომ ის და მისი ძმაკაცი ადრე ერთმანეთს ხვდებოდნენ.
- არა, რა თქმა უნდა! ჩვენ მეგობრებად დავრჩით. - უბრალოდ გაუღიმა და ფანჯრის მინას თავი მიადო. საშინლად გრძნობდა თავს.
ხომ ამბობენ, რომ დრო ყველაფრის მკურნალია? ასე მწარედ არავინ მოგატყუოთ! არსებობს მდგომარეობა, რომელსაც შეიძლება ნელ-ნელა შეეჩვიო და ისეთი ტკივილი აღარ იგრძნო, როგორც თავიდან, მაგრამ ანიკას შემთხვევაში ესეც კი არ მომხდარა. სანდროს გახსენებისას ისევ ისე ეკუმშებოდა გული, ისევ გრძნობდა მუცელში მჭრელ ტკივილს და ისევ ეკვრებოდა სუნთქვა. ყველა ცდილობდა, ამ ამბის დავიწყებაში დახმარებოდნენ. მშობლებსაც კი უამბო სიმართლე, მცირედი დეტალების გამოტოვებით, რა თქმა უნდა, მაგრამ არაფერმა გაჭრა, არაფერმა უშველა. უკან დაბრუნების შანსიც ჰქონდა, როდესაც ირაკლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშეკრულების გასაფორმებლად ნიუ-იორკში გაფრინდა და წაყოლა შესთავაზა, მაგრამ სასტიკი უარი განუცხადა. სანდროს მისი ნახვა რომ სდომოდა, აქამდე როგორმე მოახერხებდა. არ ღირდა ამის გაკეთება მხოლოდ საკუთარი სურვილის ასასრულებლად.
- ჰეი, გაიღვიძე! - სახესთან ხელი აუქნია ბექამ, რომელიც რამდენიმე წუთის წინ მიუჯდა გვერდით.
- რა? რამე მითხარი? - თითქოს ტრანსიდან გამოერკვაო, თვალები რამდენჯერმე სწრაფად დაახამხამა ანიკამ.
- დღეს რუსთავში რბოლაა და ხომ არ წავსულიყავით-მეთქი, გკითხე... - ბიჭის სიტყვებზე ელეს თვალები გაუბრწყინდა. იქნებ ცოტათი მაინც გამოცოცხლებულიყო და გახალისებულიყო მისი მეგობარი.
- ამმმ... არა, გმადლობ, მაგრამ არ შემიძლია. - უხერხულად გაუღიმა ანიკამ. რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, ახლა ბაიკების ხასიათზეც კი არ იყო.
- ძალიან მაგარი იქნება! “BMW“-სა და “MyMoto”-ს კლუბები ერთად აწყობენ შოუს. დრიფტი, დრაგი, ცალ თვალზე მეტი მანძილის დაფარვა, ელექტრონული მუსიკა... - ბექა მაინც დიდი ენთუზიაზმით ცდილობდა მის დაყოლიებას, თუმცა, ამაოდ.
- ვიცი, რომ მაგარი იქნება, მაგრამ არ მინდა.
- ჩემს ძმაკაცს ვთხოვ ბაიკს და იმით წავიდეთ...
- ბექა! - თვალები დაუბრიალა ანიკამ. - ძალიან სასიამოვნოა შენი მონდომება, მაგრამ მართლა არ მინდა. და კიდევ ერთი შესწორება: შენ ბაიკის მართვა არ იცი, მე კი დამტვრევის პერსპექტივა არ მიზიდავს. არ გეწყინოს, კარგი? - ბოლოში მაინც გაუღიმა, უხეშად რომ არ გამოსვლოდა, ბიჭმა კი უბრალოდ მხრები აიჩეჩა და ბედს შეეგუა.
სანამ სკოლასთან არ მივიდნენ, ხმა აღარ ამოუღია, იქ კი ყველანი საბას ახალ მანქანას შემოეხვივნენ და ანიკასაც საშუალება მიეცა, შეუმჩნევლად შესულიყო შენობაში. ნამდვილად არ ჰქონდა სასწავლო წლის გახსნის ცერემონიალზე დარჩენის სურვილი. საერთოდაც, ახლა ყველაფერს თავის საწოლში შემალვა და გემრიელი ტირილი ერჩივნა. ჰმ, უკვე მერამდენედ... მაინც ვერ იცლიდა გულს. ელე სულ ეჩხუბებოდა, რომ დეპრესიულ შინაბერას ემსგავსებოდა, მაგრამ ეს ნაკლებად აღელვებდა. თავს ვერაფრით ერეოდა. ყველაზე ხშირად კი რაც ეცვა, სანდროს პერანგი იყო. დღევანდელი დღეც არ იქნებოდა გამონაკლისი, ლიკას ძალიან რომ არ ეთხოვა. სამაგიეროდ, ტყავის სარტყელზე დამაგრებული მთვარის ქვის გული, რომელიც შობას მიიღო საჩუქრად, ყოველთვის ყელზე ეკეთა. გაბრაზებული იყო სანდროზე მომხდარის გამო, მაგრამ მის ნივთებს მაინც ატარებდა. ნეტავ რამდენი ხანი უნდა გავიდეს, ყველაფერმა რომ გაუაროს? ღმერთმა უწყის...
როგორც იქნა, ბანალური სიტყვით გამოსვლებიც დასრულდა და ეზოც დაცარიელდა. მიუხედავად იმისა, რომ ანიკას კლასი დიდი მეგობრული დამოკიდებულებით არასდროს დაიკვეხნიდა, ბავშვებმა და დამრიგებელმა მაინც ჩამოსვლის მეორე დღესვე ნახეს. დიდი ტორტი მიართვეს, რომელზეც ეწერა: „Welcome back”, კარის გაღებისას კი შიგნით უამრავი ფერადი ბუშტი შეყარეს. ამ აჟიტირებამ და საჩუქრების დარიგების ცერემონიალმა მალევე გაიარა და ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა.
- სად გაქრი? - კლასში ქარიშხალივით შემოიჭრა ელე. - მთელი ეზო მოვიარე და ვერსად გიპოვე.
- ამ უაზრობის ყურების თავი არ მქონდა და კლასში ამოვედი. საბა სად არის?
- ჩვენი კლასის ბიჭებთან ერთად პირველკლასელებს ნაყინებს ურიგებს! თორმეტი წელია აქ ვსწავლობთ და ერთხელ მაინც გავაკეთოთ სკოლისთვის რამე კარგიო!
- ყოჩაღი ბიჭები! - გაეღიმა ანიკასაც. - მაგათ თუ ტვინი მოემატებოდათ, რას ვიფიქრებდი.
- ანიკა, როგორ ხარ? -გახარებული შეაფრინდა თამო. - სკოლა დამთავრდა თუ არა, მაშინვე სოფელში წავედი და ვეღარ გნახე აქამდე. როგორ მომენატრე, იცი?!
- მეც მომენატრე, თამო! - მოეხვია ანიკაც. - როგორ დაისვენე?
- გადასარევად! შენ ჯერ არ გკითხავ არაფერს. საღამოს მესტუმრეთ შენ და ელე ყავასა და ნამცხვარზე. გემრიელად გამოგკითხავ ყველაფერს! - გოგონამ წარბები სასაცილოდ აათამაშა, მაგრამ ამ დროს კლასში დამრიგებელი შემოვიდა და ყველას ადგილების დაკავებისკენ მოუწოდა.
პირველმა სამმა გაკვეთილმა ისე ჩაიარა, მასწავლებლებიც ბავშვებთან ერთად მხიარულობდნენ. პირველივე დღეს არავინ აპირებდა გაკვეთილის ჩატარებას, მაგრამ მეოთხე ბიოლოგია ჰქოდათ. დარწმუნებული ვარ, გინახავთ მულტფილმებში, მხოლოდ ჯადოქრების სახლის თავზე რომ არის შავი ღრუბელი და კოკისპირულად წვიმს. ზუსტად ასეთი განწყობა შემოიტანა კლასში ბიოლოგიის მასწავლებელმაც. მაშინვე მაგიდას მიუჯდა, ჟურნალი გადაშალა და სიის ამოკითხვა დაიწყო. როდესაც ქავთარაძეზე გაჩერდა და ანიკას ნათქვამი „ვარ“ გაიგონა, სათვალის ზემოდან ამოხედა და შემდეგ წარბები მორკალა.
- რაო, ქავთარაძე, ჩამოვედით?! - მის ფრაზაზე კლასის ნახევარზე მეტმა ჩუმად ჩაიფხუკუნა, ანიკამ კი გაჭირვებით შეიკავა თავი და მხოლოდ ღიმილითა და თავის დაკვრით მიესალმა.
ქალმა, ღმერთმა უწყის, რატომ, თავი გადაიქნია და სიის ამოკითხვა განაგრძო, ისევე, როგორც ბავშვებმა საუბარი. არავინ ელოდა, რომ პირველივე დღეს მიტოზისა და მეიოზის ფაზების გახსენება მოუწევდათ, მაგრამ შეცდნენ. ეს ხომ ბიოლოგია იყო!
მასწავლებელი სიის მიხედვით მიჰყვა და ყველა გამოიძახა, ბოლოს კი ანიკას გვარიც ამოიკითხა. გოგონა იმდენად არ მოელოდა ამას, დაბნეული და გაოცებული გავიდა დაფასთან. ისეთი გათიშული იყო, უჯრედის აგებულება რომ ეკითხა, იმაზეც ვერ გასცემდა პასუხს, პატივცემული მასწავლებელი კი მაშინვე ნერვულ სისტემასა და ტვინის აგებულებაზე გადავიდა. მაქსიმალურად მოიკრიბა გონება და შეკითხვების უმეტეს ნაწილს უპასუხა კიდეც, მაგრამ ბოლოს მაინც ჩაფლავდა და თან ყველაზე მარტივზე - გულში სისხლის მიმოქცევის წრეებზე.
- ჰმ! - ჩაიცინა ბადრიჯნისფერთმიანმა და წარბებაწეული თავი გადაიქნია. - აი, თურმე რას გასწავლიდნენ სახელგანთქმულ ამერიკაში! ეგ არის არა მაგათი საუკეთესო განათლების სისტემა?! არა, ჩემო კარგო! განათლება და სწავლა თქვენ მოსკოვში უნდა გენახათ! - „ახლა დაიწყებს“ - გაიფიქრა ანიკამ, მაგრამ შეცდა. - არა, გეკითხები, რა არის ეს?! კარგი, იქ თუ არაფერი გასწავლეს ან არ ისწავლე, ჩემი ნასწავლი რაღამ დაგავიწყა? მე რომ თემას ავხსნი, არ არსებობს, ეგ ვერ გაიგო. შენ კიდევ, ამხელა ქალი, დგახარ აქ და მეუბნები რაღაც სისულელეებს! - მასწავლებლის ხმის აწევასთან ერთად, ანიკას გულიც ყელისკენ მიიწევდა. გაახსენდა, სანდროს რომ უყვებოდა, რამდენჯერ უტირია ამ ქალის გამო. მისი დარიგებებიც გაახსენდა და წამშივე თვალებზე მომდგარი ცრემლები უკანვე ჩააბრუნა. უცერემონიოდ დაიძრა მერხისკენ და ოციოდე წყვილი გაოცებული თვალიც თან გაიყოლა.
- რას აკეთებ? - გაოგნებულმა უჩურჩულა ელემ.
- რას აკეთებ? - იგივე კითხვა, ოღონდ ყვირილით გაიმეორე მასწავლებელმაც. - როგორც ჩანს, თქვენს სათაყვანებელ ამერიკაში ზრდილობაც დაგვიწყნია. აღარ მომწონხარ, ქავთარაძე, სულ გაფუჭდი! - ეს სიტყვები უკვე ბოლო წვეთი იყო.
- არა უშავს, მე თავიდანვე არ მომწონდით! - უპასუხა ღიმილით, ჩანთას და მერხზე დადებულ ნივთებს ხელი დაავლო და კლასიდან ისე გავარდა, არც ელესთვის მიუქცევია ყურადღება და არც კედლების შემაზანზარებელი კივილისთვის.
ყველა გრძნობა ერთიანად აერია და ყელში ისე მიაწვა, ასე ეგონა, აფეთქდებოდა და პატარა ნაწილებად დაიშლებოდა. ელეს მისწერა, რომ არ გაჰყოლოდა და სასწრაფოდ შენობიდან გავარდა. ჰმ, მთავარი ჯერ კიდევ წინ იყო...
* * *
არც კარის გაჯახუნება დავიწყებია და არც სწრაფი ნაბიჯებით წასვლა, მაგრამ ეზოში ნანახმა ადგილზევე გაყინა.
შავ “BMW X5“-ზე მაღალი, დაკუნთული, ზედმეტად სიმპათიური ბიჭი იყო მიყუდებული, მიმზიდველი ტუჩებით, სწორი ცხვირით და მწვანე თვალებით. მოგრძო, მუქ ყავისფერ, აბურდულ თმას სუსტი ნიავი უწეწავდა. ზუსტად ისე გამოიყურებოდა, როგორც პირველი დანახვისას, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ახლა არც მუყაო ეჭირა ხელში და არც მობილურით საუბრობდა. ამჯერად მოურიდებლად მიშტერებოდა და ტუჩებზე კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებდა. მისი დანახვისას... არა, ამჯერადაც შეცდით, როგორც პირველად. მისი დანახვისას ანიკას, ღმერთმა უწყის, რის ფასად დაუჯდა, რომ არ მივარდნოდა და კისერზე არ შემოხვეოდა. არც კი განძრეულა. გაყინულივით იდგა ერთ ადგილზე და ხელში მოქცეულ წიგნებს მთელი ძალით იხუტებდა გულში. თვალები რამდენჯერმე სწრაფად დაახამხამა, თავისუფალი ხელით შეუმჩნევლად ბარძაყზეც იჩქმიტა, მაგრამ ჰალუცინაცია მაინც არსად გამქრალა. მსუქანი ნეწყვი გაჭირვებით გადააგორა ყელში და მისკენ დაიძრა. მართალია, რომ ამბობენ, ადამიანის გონება ექსტრემალურ სიტუაციებში უცნაურად აზროვნებსო, რადგან პირველი კითხვა, რაც ანიკას დაებადა, იყო ის, თუ რატომ ეყუდებოდა სანდრო იმ მანქანას, რომელიც ნიუ-იორკში ჰყავდა. მხოლოდ ახლოს მისვლისას შენიშნა, რომ მანქანას ქართული ნომერი ჰქონდა. ოჰ, ახალი უყიდია ბიჭს!
- გამარჯობა! - ცალყბად გაუღიმა სანდრომ. სავარაუდოდ, ეგონა, რომ ჯერ კიდევ შოკში იყო, მაგრამ მოულოდნელად ანიკას სილამ ისე აუწვა მარცხენა ლოყა, თავი გვერდზე გადახარა და თვალები დააჭყიტა. სანამ გონს მოეგებოდა, გოგონა უკვე გასასვლელისკენ მიდიოდა. მაშინვე გაეკიდა, მკლავში სწვდა და თავისკენ შეაბრუნა, მაგრამ სიყვარულით სავსე მზერის ნაცვლად, აცრემლებული თვალები, კბილებს შორის მოქცეული ქვედა ტუჩი და აკანკალებული ნიკაპი დაინახა.
- ხელი გამიშვი! - საოცარია, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც მტკიცედ გაისმა მისი ხმა.
- რა? რატომ? რა მოხდა? - საერთოდ დაიბნა სანდრო. არადა, როგორ ეგონა, რომ მათი შეხვედრაც ისეთივე იქნებოდა, როგორც ბანალურ, რომანტიკულ მელოდრამებში არის ხოლმე. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არც ცხოვრებაა ფილმი და არც ისინი არიან მისი პერსონაჟები.
- ძალიან დაიგვიანე! - კბილებს შორის გამოსცრა ანიკამ და ხელის გასათავისუფლებად გაიბრძოლა, თუმცა ამაოდ. როცა ვერაფერს გახდა, თავისუფალი ხელით უხეშად მოიშორა ლოყაზე ჩამოგორებული მოღალატე ცრემლები.
- დავიგვიანე? არადა, სპეციალურად ადრე მოვედი. ეს შენ გამოხვედი ზარის დარეკვამდე! - უპასუხა ისევ ღიმილით და გოგონას გაბრაზებული მზერაც გაოგნებულით შეიცვალა. ეს რა, ეხუმრება?!
- ბიოლოგიის გაკვეთილიდან ადრე წამოვედი.
- რატომ?
- მასწავლებელმა შეურაცხყოფა მომაყენა, მეც ვუპასუხე, შემდეგ კი ავდექი და წამოვედი.
- იმან? სახელგანთქმულმა? - ისე თავისუფლად ესაუბრებოდა, თითქოს ბოლოს სამი თვის წინ კი არა, გუშინ ნახეს ერთმანეთი.
- ჰო, იმან! არ გამიშვებ ხელს?
- არა!
- რატომ?
- არ მინდა.
- არ გადამრიო, მართლა?! - ჩვეული ირონია დაიბრუნა ანიკამ, სანდროს სახეზე კი კვლავ აღიბეჭდა უკმაყოფილების გრძნობა.
- ანიკა...
- სანდრო, ხელი გამიშვი, თორემ გეფიცები, ვიყვირებ და სკოლის დაცვა მოვა.
- შენ აღარ ხუმრობ! რაო, აღარ ვართ ბავშვი და დიდი გოგოსავით ვსაუბრობთ? - ბიჭს ისე საყვარლად გაეცინა, სხვა სიტუაციაში ანიკა აუცილებლად მაგრად ჩაეხუტებოდა, მაგრამ არა ახლა.
- მართალი ხარ, აღარ ვარ ბავშვი, ეს კი შენი დამსახურებაა. ახლა კი ხელი გამიშვი!
- არა-მეთქი, ხომ გითხარი უკვე?! წამოდი, მანქანაში ჩაჯექი და იქ ვილაპარაკოთ.
- აქ რამე ხდება? - სწორედ ამ დროს თავზე დაცვის ფორმაში გამოწყობილი, ულვაშიანი კაცი წამოადგათ და სანდროც იძლებული გახდა, რომ ხელი შეეშვა.
- არა, არაფერი! ჩვენი სტუმარი უკვე მიდის! - გაუღიმა ანიკამ, შემდეგ კი შეტრიალდა და სწრაფი ნაბიჯით გაემართა გასასვლელისკენ...
* * *
მის ჯინაზე მაინცდამაინც ახლა აგვიანებდა ავტობუსი, მოცდის დრო კი არ ჰქონდა. ამიტომ სახლისკენ მიმავალ არც ისე დიდ გზას ფეხით გაუყვა. ჯანდაბა, რაღა დღე ჩაიცვა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი? და საერთოდ როგორ ფიქრობს ასეთ წვრილმანზე, როდესაც რამდენიმე წუთის წინ სანდრო ნახა?! გაოგნებული იყო, ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა მომხდარს. რატომ იქცეოდა ისე, თითქოს არაფერი ყოფილა? ნუთუ ეგონა, რომ ანიკა დანახვისთანავე კისერზე ჩამოეკიდებოდა და მხურვალე კოცნას აჩუქებდა?! არამც და არამც! ჰმ, ვის ატყუებს, ძლივს შეიკავა თავი, ასე რომ არ მოქცეულიყო. კიდევ კარგი, ბიოლოგიიდან ადრე გამოვიდა, თორემ ეზოში გამოფენილი ბავშვების თანდასწრებით ნამდვილად ვერ გაარტყამდა სახეში. არადა, როგორ ესიამოვნა?! თითქოს მთელი ბრაზი ერთიანად ამოიღო გულიდან.
- კიდევ დიდხანს აპირებ ფეხით სიარულს? - ფიქრები სანდროს ხმამ შეაწყვეტინა. როგორ ბედავს და მანქანით მიჰყვება? და რატომ აუფრთხიალდა ანიკას გული ამის გაცნობიერებისას?
- შენი საქმე არ არის! - დაიღრინა ისე, რომ ზედაც არ შეუხედავს.
- დაჯექი, მიგიყვან! - ეს აშკარად დასცინის!
- თავი დამანებე!
- ნუ ჯიუტობ! ხომ იცი, რომ ბოლოს მაინც დანებდები? - ამ სიტყვებმა და სანდროს ჩაცინებამ საერთოდ ჭკუიდან გადაიყვანა და გააკეთებინა ის, რასაც აქამდე ვერასდროს გაუბედავდა - მარცხენა ხელის შუათითი აუწია და თვალები დაუბრიალა, პასუხად კი კიდევ ერთი ჩაცინება მიიღო.
- რატომ იქცევი მომაბეზრებელი ქართველი ბიჭივით? - აი, სად გამოიყენა ანიკამ თავისი იარაღი. მაგრამ სანდროს სახიდან ღიმილი მაინც ვერ გააქრო.
- იმიტომ, რომ შენ დაკომპლექსებული ქართველი გოგოსავით იქცევი! - მისმა სიტყვებმა თვალები დააჭყეტინა და ისე სწრაფად მიუტრიალდა, კინაღამ ფეხსაცმელს ქუსლი მოატეხა. - აბა, არ ჩაჯდები?
- თუ გგონია, რომ შენს სატყუარას წამოვეგები, ძალიან ცდები. ახლა კი, ძალიან გთხოვ, დროს და საწვავს ნუღარ დახარჯავ და უბრალოდ თავი დამანებე!
მაინც არაფერმა გაჭრა. სანდრო ჯიუტად მიჰყვებოდა მანქანით მანამ, სანამ ანიკა უცერემონიოდ სადარბაზოში არ შევიდა. თვითონაც არ იცოდა, როგორ იკავებდა თავს, მაგრამ იმდენად იყო გაბრაზებული, რომ ეს გრძნობა ყველაფერს ფარავდა. რატომღაც ეგონა, რომ „აბეზარ თაყვანისმცემელს“ ვერც ახლა მოიშორებდა და კიბეები ოლიმპიური სისწრაფით აირბინა, მაგრამ შეცდა. სახლში შესვლისთანავე ფანჯარას ეცა. მეორე სართულიდან მშვენივრად დაინახავდა, უკვე წაბრძანდა თუ არა ის ვაჟბატონი. ეცადა, ფარდის მიღმა, ჭორიკანა ქალივით ჩუმად გაეჭვრიტა, მაგრამ ელდა ეცა, როდესაც სანდრომ ზუსტად მის ფანჯარას შეხედა, თვალი ჩაუკრა, ტუჩებით ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა, შემდეგ კი მანქანა ადგილს მოსწყვიტა. ან სანდრო შეიშალა, ან ანიკა, ან სრულიად მთელი სამყარო! რაც უნდა იყოს, ფაქტი ერთია - ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.
* * *
- დე, სახლში ხარ? - კარის შეღებისთანავე იკითხა ლიკამ. მიუხედავად იმისა, რომ უკვე საღამოს რვა საათი იყო და ბნელოდა კიდეც, ანიკა მაინც შუქჩამქრალ მისაღებში იჯდა და ტელევიზორს ისე სწრაფად რთავდა ერთი არხიდან მეორეზე, თვალებიც კი აუჭრელდა.
- აქ ვარ! - გასძახა დედას, როდესაც დაინახა, რომ მისი საძინებლისკენ მიემართებოდა.
- რატომ ზიხარ სიბნელეში? ეკონომიას აკეთებ? - გაეცინა ლიკას და ოთახი გააჩახჩახა. სიცილი მაშინვე გაუქრა სახიდან, როდესაც ანიკა დაინახა.
სავარძელში იჯდა, დათუნიებიანი პიჟამა ჩაეცვა, ფეხები აეკეცა, ზედ ნიკაპით ეყრდნობოდა და ერთ ადგილზე ირწეოდა, გვერდით კი შოკოლადების ქაღალდები ეყარა. ესეც ასე, დეპრესიის პირველი ნიშნებიც სახეზეა!
- სანდრო ვნახე... - ურეაქციოდ თქვა და ქვემოდან ახედა. - სკოლასთან დამხვდა! - ლიკას თვალები გაუფართოვდა და ჩანთა ხელიდან გაუვარდა. თავიდან ეგონა, რომ მის გოგონას ისევ ცუდი სიზმარი ესიზმრა, მაგრამ როდესაც ფაქტები გააანალიზა, სრული შოკი მიიღო.
- ანუ მაინც ჩამოგაკითხა! მერე, დე? ილაპარაკეთ? შერიგდით? - თვალებგაბრწყინებულმა ანიკას წინ ჩაიმუხლა, ამ უკანასკნელმა კი უცნაური მზერით შეხედა.
ის იყო, პირი გააღო რაღაცის სათქმელად, რომ კარზე კაკუნი გაისმა. ლიკამ გაოცების ნიშნად წარბები აზიდა, რადგან ირაკლი რომ ყოფილიყო, გასაღებით გააღებდა, სხვას კი ამ დროს არავის ელოდა. ჰმ, ერთი გამონაკლისით! მშვიდად გაემართა სტუმრის სახლში შემოსაშვებად და როდესაც კარი გააღო, სახეზე ღიმილი გადაეფინა. მაშინვე მიხვდა, რომ სანდრო იყო. ბიჭმაც ზრდილობიანად გაუღიმა, ხელზე ნაზად ეამბორა, თავი წარუდგინა და თეთრი ვარდების თაიგული გაუწოდა. ანიკას მისი ხმის გაგონებისას შოკოლადი გადასცდა და ხველება აუტყდა, შემდეგ კი ქარიშხალივით გაიჭრა ოთახიდან.
- შენ აქ რას აკეთებ? - წინ აესვეტა, საჩვენებელი თითი გულზე ატაკა და თვალები დაუბრიალა.
- შენი აზრით? - გაუცინა სანდრომ. სულ არ უქმნიდა დისკომფორტს ის ფაქტი, რომ ჯერ კიდევ ღია კარში იდგა.
- ხომ გითხარი, რომ თავი უნდა დამანებო? - სწორედ ამ დროს სადარბაზოში ირაკლი გამოვიდა და სტუმრის დანახვაზე თვალები ჭყიტა.
- ვაჰ, ეს რა კაცი მოსულა! - ზურგზე ხელის დატყაპუნებით და გადაკოცნით შეხვდნენ ერთმანეთს, ანიკამ კი დედას გადახედა, რომელმაც უბრალოდ მხრები აიჩეჩა.
- როგორ ბრძანდებით? - თბილად მოიკითხა სანდრომ.
- ბიჭო, რა გითხარი მე შენ, ჰა? მოეშვი ამ ოფიციალურობას, თუ კაცი ხარ! და რას დგახართ კარში?
- ანიკა არ მიშვებს! - გაუცინა და ირაკლიც აჰყვა.
- რატომ, მამი? ვეღარ იცანი? - შვილს ლოყაზე უჩქმიტა და ახლად გამოჩეკილ ძმაკაცთან ერთად სახლში შევიდა.
- მე ელესთან მივდივარ! - გაოგნებულმა ჩაიბურტყუნა ანიკამ და სანამ ოთახში შევარდებოდა გამოსაცვლელად, სანდროს მიაძახა: - და არც გაბედო უკან გამოყოლა!
* * *
- სახლიდან გამოიქეცი? - სიცილით ჰკითხა ელემ, როდესაც ჯინსის შორტში, კედებსა და უბრალო მაისურში გამოწყობილი, ზურგჩანთამოკიდებული ანიკა დაინახა.
- სანდრო ჩამოვიდა! - სწრაფად მიაყარა, მისი მასპინძლის თვალებმა კი შუბლისკენ დაიწყეს აცოცება.
- ახლავე ყველაფერი დეტალურად მომიყევი! - წამოიძახა ელემ, შემდეგ კი ხელი ჩაჰკიდა და თავის ოთახში სწრაფად შეათრია.
- ბიოლოგიიდან რომ გავიქეცი, სკოლის ეზოშ იდგა მანქანაზე მიყუდებული. კინაღამ ადგილზევე მოვკვდი, რომ დავინახე. უნდა გენახა, როგორ თამამად და თავისუფლად შემხვდა! თითქოს ბოლოს სამი თვის წინ კი არა, გუშინ ვყავდი ნანახი.
- შერიგდით? ახლა აქ რატომ ხარ? - კითხვას კითხვაზე უსვამდა ელე. ანიკამაც სკოლის ეზოდან დაწყებული, მის სახლში განვითარებულით დამთავრებული, ყველაფერი მოუყვა. გოგონა ხან პირს აღებდა ნაპირზე ამომხტარი თევზივით, ხანაც გაოცებული რაღაცას წამოიძახებდა. მანაც ზუსტად ისევე მიიღო ეს ამბავი, როგორც ანიკამ. აი, რატომ ესმით ერთმანეთის უსიტყვოდ!
- ელენე, ანიკას ურეკავენ! - ოთახში დაკაკუნების შემდეგ თავი ელეს პატარა ძმამ შემოყო და ტელეფონი სტუმარს გაუწოდა.
- დედა და მამა მოვიდნენ?
- არა, დღეს თათიასთან დავრჩებით, მამა ნასვამიაო. გემეცადინა დროზე და შენც წაგიყვანდითო. სულ ვერ ამჩნევენ, რომ უკვე მეშვიდე კლასში ვარ! - აბურტყუნდა ანდრია, ელეს კი მის სიტყვებზე გაეცინა და თმა მოუჩეჩა.
- ისწავლე უკვე ყველაფერი?
- კი. გეხვეწები, ეზოში ჩავალ რა, გთხოვ!
- ჩადი, მაგრამ ათის ნახევარზე სახლში იქნები და გაკვეთილებს ჩამაბარებ, თორემ დედას ვეტყვი, რომ ეზოში ჩემი ნებართვის გარეშე ჩახვედი.
- სახლში ვიქნები! ყველაზე მაგარი და ხარ მთელ მსოფლიოში! - ჩაეხუტა ანდრია, შემდეგ კი ოთახიდან გაიქცა.
- ვინ იყო? - ანიკას მიუბრუნდა ელე, როდესაც დაინახა, რომ ტელეფონზე საუბარს მორჩა.
- დედაჩემი. მობილური სახლში დამრჩენია. სანდრო კიდევ იქ არის. შეიძლება დღეს შენთან დავრჩე?
- რა თქმა უნდა, რას მეკითხები?! მაგრამ იქნებ გელაპარაკათ?
- არა, ელე, არ მინდა! დღეს მაინც არ შემიძლია მისი მეტჯერ ნახვა.
- კარგი, განხილვა დამთავრებულია! - თვალი ჩაუკრა მეგობარმა, შემდეგ კი მაგრად ჩაიხუტა. ეს სწორედ ის იყო, რაც ახლა ყველაზე მეტად სჭირდებოდა...
* * *
წინა დღის დაძაბულობის მიუხედავად, დილით ანიკამ მაინც გადაწყვიტა, რომ სკოლაში წასულიყო. ელე ვერაფრით გამოაფხიზლა, მკვდარივით ეძინა, ეს კი იმის გამო იყო, რომ გამთენიის ექვსამდე საბას ელაპარაკებოდა მობილურით. რამდენიმე მცდელობამ წარუმატებლად რომ ჩაიარა, გადაწყვიტა, სკოლაში მარტო წასულიყო. ინანა, გუშინ გამოსაცვლელი რომ არაფერი წამოიღო, მაგრამ სულ არ გეგმავდა აქ დარჩენას. არა უშავს, ელეს გარდერობიდან შეარჩევს რაიმეს. საბედნიეროდ, ერთნაირი გემოვნება და ფიგურა აქვთ. ერთადერთი ხელისშემშლელი ანიკას სიმაღლე იყო, რადგან ელეს ყველა კაბა მუხლს ზემოთ ჰქონდა. ბევრი ძებნის მიუხედავად, შედარებით გრძელი მაინც ვერაფერი იპოვა და ბოლოს პეპლებიანიანი, თეთრი, თავისუფალი კაბა ჩაიცვა, რომელიც მის კედებსაც მოუხდებოდა და თან ძალიან კომფორტული იყო. თმა უბრალოდ ჩამოივარცხნა, კბილები ელეს კარადის უჯრაში დატოვებული თავისი ჯაგრისით გაიხეხა, ტუჩებზე ვარდისფერი, მარწყვისარომატიანი საცხი გადაისვა, ზურგჩანთა მოიკიდა და სახლიდან უხმაუროდ გავიდა.
საკუთარი ყბის ძებნა ფეხებთან დაიწყო, როდესაც სადარბაზოდან გასულმა მანქანაზე მიყუდებული სანდრო დაინახა. ხელები ჯინსისი ჯიბეებში ჩაეწყო და მოთმინებით ელოდა. საინტერესოა, სხვნაირი დახვედრა არ იცის?! ან როგორ იპოვა? აი, რას ნიშნავს, როდესაც FBI-ს აგენტის შეყვარებული ხარ! თუმცა, რა შუაშია FBI, როდესაც მისი და ელეს კორპუსები ერთმანეთის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს...
- ამჯერად რაღა გინდა? - მობეზრებული ხმით ჰკითხა ანიკამ.
- კარგი იქნებოდა, თავიდან უბრალოდ მისალმებით რომ დაგვეწყო! - თვალი ჩაუკრა ბიჭმა და ცალყბად ჩაიცინა. კინაღამ გული გაუჩერდა ამის დანახვისას!
- სანდრო, სკოლაში მაგვიანდება!
- გაგიყვან!
- არა, გმადლობთ! უკვე გითხარი, რომ შენთან საუბარი არ მინდა.
- თუ გინდა, საერთოდ ხმას ნუ ამოიღებ, უბრალოდ ვალი დამიბრუნე. - ამ სიტყვებზე ანიკას კიდევ ერთხელ მოუწია პირის დაღება.
- რა ვქნა? რა ვალი?
- ჰმ, როგორი გულმავიწყი ხარ! - თავი გამკიცხავად გადაიქნია სანდრომ. - ჩემი ათი წუთი რომ გაქვს ვალი, დაგავიწყდა? მაგის დასაბრუნებლად გამოვიარე ამხელა გზა, შენ კი არც გახსოვს. - ხელოვნურად გაბუტული სახე მიიღო. საინტერესოა, საქართველოს ჰაერი მოქმედებს მასზე უარყოფითად თუ რამე მოწია?
- შენ არ ხარ ნორმალური! - აღმოხდა ანიკას, სანამ გულში გაფიქრებულ კითხვას გააჟღერებდა.
- ეგ ვიცი. აბა, დამიბრუნებ ვალს?
- და თავს დამანებებ? - ერთადერთი პასუხი, რომლის გაგონებაც ახლა სურდა, უარი იყო.
- რა თქმა უნდა! - ნემსშერჭობილი ბუშტივით ჩაიფუშა.
- თანახმა ვარ! - ამოილუღლუღა ჩამქრალი ხმით და მანქანისკენ დაიძრა.
სანდრომ კარი გაუღო და ვითომც აქ არაფერიაო, წელზეც მოხვია ხელი, დაჯდომაში რომ დახმარებოდა. ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს მაგნიტური ველი შეიქმნა. ძლივს მოახერხა, საჭეს რომ მისჯდომოდა. დაბალ ხმაზე „Coldplay”-ს „Scientist” ჩართო და ძრავა აამუშავა. იცოდა, როგორ ემოციურ გავლენას ახდენდა ეს სიმღერა ანიკაზე. მაგრამ ეს უკანასკნელი ახლა ისე იჯდა, როგორც სანდრო „სუხიშვილების“ კონცერტზე. ერთადერთი განსხვავება ის იყო, რომ მობილური თან არ ჰქონდა და „2048“-ს ვერ თამაშობდა. სამაგიეროდ, მინაზე მიედო თავი და სულერთიას სახით იყურებოდა გარეთ. როგორ ელოდა, რომ სანდრო კიდევ შეეხებოდა ან თუნდაც რამეს ეტყოდა, მაგრამ არა! რომ არა მუსიკა, მანქანაშიც ისეთივე სიჩუმე იქნებოდა, როგორც მორგში.
- ელე რატომ არ წამოვიდა? - დასვა მოულოდნელად ყველაზე შეუფერებელი შეკითხვა.
- ეძინებოდა. გუშინ გვიან დაიძინა, საბას ელაპარაკებოდა... - ჩაილაპარაკა ისე, რომ არც კი შეუხედავს. თვითონაც ვერ მიხვდა, რაში დასჭირდა ამის თქმა. ვერც ის გაარკვია, ეს ნიშნისმოგებით თქვა თუ გულდაწყვეტით.
- კარგია, მიხარია მათი ამბავი! - აშკარად დასცინის!
მგზავრობა ძალიან გაიწელა ამ სიჩუმეში. არადა, სკოლამდე მისასვლელად სულ არ სჭირდებოდათ ათი წუთი. მოიცა! მოატყუა? მანქანის ელექტრონული საათი ცხრას უჩვენებდა, ანიკამ კი ზუსტად იცოდა, გაკვეთილების დაწყებამდე კიდევ ოცი წუთი იყო დარჩენილი, სახლიდან რომ გამოვიდა. რა გამოდის, ოცი წუთია, რაც მანქანაში ზის და სკოლამდე ჯერ კიდევ ვერ მივიდნენ? შეუძლებელია!
- სკოლაში არ მივდივართ? - იკითხა განცვიფრებული ხმით და სანდროს მიაშტერდა.
- არა, რა თქმა უნდა! - ისე უპასუხა, თითქოს ეს აქამდეც გასაგები უნდა ყოფილიყო, შემდეგ კი ღილაკზე თითის დაჭერით ოთხივე კარი ჩაკეტა.
- რას აკეთებ?
- გიტაცებ!
- რა? - თვალების ბუდიდან ამოვარდნას ცოტაღა უკლდა, სანდრომ კი უბრალოდ საყვარლად გაუცინა. - დაგიჭერენ! არასრულწლოვანი რომ ვარ, ხომ არ გავიწყდება? ვერ გაჭრის აქ შენი FBI-ს ნიშანი! - ანიკა ისეთი შოკირებული იყო, თვითონაც ვერ აცნობიერებდა, რას ამბობდა.
- კარგი რა, პატარავ! ეს ხომ საქართველოა, აქ ყველა იტაცებს გოგოს!
- გაგიჟდება მამაჩემი! სანდრო, შენ საერთოდ ნორმალური ხარ?
- არ გაგიჟდება. გუშინ ველაპარაკე ირაკლის და ვუთხარი, რომ დღეს ქალაქგარეთ მივდიოდით.
- ქალაქგარეთ? ჯერ ერთი, შენ საიდან იცი აქაური გზები, სულ ორი დღეა, რაც ჩამოხვედი და მერე მეორე, მამაჩემს ამაზე რეაქცია არ ჰქონია? საერთოდ საიდან იცნობთ ერთმანეთს?
- ჰეი, დამშვიდდი! ორი დღე კი არა, უკვე ერთი კვირაა აქ ვარ და ირაკლი კი მაშინ გავიცანი, ნიუ-იორკში რომ იყო ჩამოსული.
- ხელშეკრულების გასაფორმებლად?
- არანაირი ხელშეკრულება არ არსებობს. უბრალოდ, ჩემ გამოსაფხიზლებლად და იმის სათქმელად ჩამოვიდა, თუ როგორი ნაბიჭვარი ვარ, რადგან მის ქალიშვილს გულს ვტკენ. -ანიკას ენა ჩაუვარდა, სანდრომ კი სიცილით დაამატა: - ნუ ღელავ, ის არ მითქვამს, რომ სიტყვა „ქალიშვილი“ ცოტათი ამოვარდნილი იყო კონტექსტიდან.
- მართლა ნაბიჭვარი ხარ! - წართმეული ხმით ჩაილაპარაკა, თავი უკან გადახარა და სახეზე ხელები აიფარა. ამდენი ინფორმაციის ერთად მიღება ნამდვილად მეტისმეტი იყო მისთვის...
ხმა აღარც ერთს აღარ ამოუღია. რამდენიმე წუთში კი ანიკამ საგურამოს გზა იცნო, თუმცა იმის თავიც არ ჰქონდა, რომ ეკითხა, აქ რა უნდოდათ. მანქანა რომ გაჩერდა, სანდროს არც დალოდებია, ისე გადავიდა. არსად გაქცევას არ აპირებდა, უბრალოდ სუფთა ჰაერი სჭირდებოდა.
- ჩემი აგარაკია, რომელიც გიამ იმის იმედით იყიდა, რომ ოდესმე, როცა საქართველოში დაბრუნება მომინდებოდა, ზაფხულს აქ გავატარებდი ოჯახთან ერთად. დღეს პირველად შევაღე ეს ჭიშკარი! - გაუღიმა ბიჭმა და თავისი მოსაცმელი გაუწოდა, რადგან აქ საკმაოდ გრილოდა, ანიკას კი თხელი კაბა ეცვა.
უსიტყვოდ გამოართვა და მკლავები გაუყარა. სითბოსა და ნაცნობი სურნელის შეგრძნებისას ჟრუანტელმა დაუარა, მიუხედავად იმისა, რომ თავს გამოშიგნულივით გრძნობდა. თვალი ეზოს მოავლო. რაღაცნაირად თავი სახლში იგრძნო. ერთიანად სიმშვიდემ მოიცვა. მშვენიერი იყო აქაურობა, არაფრით ჩამოუვარდებოდა ნიუ-იორკის სახლს, ერჩივნა კიდეც იმას. დაუფიქრებლად დათანხმდებოდა აქ სანდროსთან ერთად დარჩენილი ცხოვრების გატარებას.
- შიგნით შევიდეთ, კარგი? - ფიქრებიდან ყველაზე თბილმა, მზრუნველმა და საყვარელმა ხმამ გამოარკვია. უბრალოდ თავი დაუქნია და სახლში შეაბიჯა.
აქ კიდევ ერთხელ გაუფართოვდა გაკვირვებისგან თვალები. ბუხარი დაენთო, მის წინ კი ორ კაცზე რომანტიკული ვახშამი იყო გაწყობილი. აი, ეს მესმის! ყოჩაღ, სანდრო! მაგრამ სექტემბერში ბუხარი რად უნდათ? ან ანთებული რომ დატოვა, ხანძრის გაჩენის არ შეეშინდა? ანიკამ თავი გაიქნია უაზრო ფიქრების გასაქრობად და გამოუვიდა კიდეც.
- თუ ერთი კვირაა აქ ხარ, გუშინ რატომ მნახე? - როგორც იქნა, გააჟღერა კითხვა, რომლის პასუხიც ყველაზე მეტად აინტერესებდა.
- უბრალოდ, შესაფერის დროს ვარჩევდი და თან რაღაც წვრილმანი საქმეები მქონდა მოსაგვარებელი.
- და აქამდე სად იყავი? ვგულისხმობ, რომ უკვე სამი თვე გავიდა, რაც... - ანიკას ისევ აუკანკალდა ნიკაპი. ტუჩზე იკბინა ცრემლების შესაჩერებლად, მაგრამ ვერ მოასწრო. ყელში გაჩხერილი ბურთი ნელ-ნელა გარეთ იღვრებოდა.
- რაღაცას ვამოწმებდი...
- რას?
- ჩვენს გრძნობას. ვიცი, სულელურად ჟღერს, მაგრამ მინდოდა საბოლოოდ დავრწმუნებულიყავი ყველაფერში. კიდევ ერთ იმედგაცრუებას ვეღარ გავუძლებდი. ვცდილობდი, საერთოდ არ მეფიქრა შენზე. ორი საქმე ერთდროულად ავიღე, სახლშიც ფაქტობრივად აღარ მივდიოდი, მაგრამ არაფერმა გაჭრა. იმაზე უფრო მეტად შემიყვარდი, ვიდრე ადრე. შემდეგ დაბრკოლებას კი უკვე შენ წარმოადგენდი. არ ვიცოდი, გინდოდა თუ არა ჩემი ნახვა. როდესაც ირაკლი ჩამოვიდა და ვისაუბრეთ, მაშინვე მივიღე გადაწყვეტილება. ახლა კი აქ ვარ, შენი პატიების მოლოდინში, რომელსაც ვიცი, რომ არ ვიმსახურებ. მაგრამ როგორც ადრე გითხარი, ზედმეტად ეგოისტი ვარ იმისთვის, რომ გაგიშვა. გთხოვ, ნუ ტირი! - როგორც იქნა, გაბედა და ანიკა მთელი ძალით ჩაიკრა გულში. როგორ მონატრებია ეს შეგრძნება! სითბომ მთელ სხეულში დაუარა.
- მე კი რა აღარ ვიფიქრე! - ამოისლუკუნა გოგონამ და თვითონაც წელზე შემოხვია ხელები. ზუსტად იცოდა, რომ რაც უნდა მომხდარიყო, სანდრო აღარასდროს გაუშვებდა, ისევე, როგორც თვითონ აღარ მოისურვებდა სადმე წასვლას.
- კიდევ არის რაღაც... - ისეთი დამაინტრიგებელი ხმით გაისმა ეს სიტყვები, ანიკა ცოტათი მოშორდა, რომ შეეხედა მისი თვითკმაყოფილი ღიმილისთვის.
- ინტერესით ვკვდები!
- როდესაც წამოხვედი, რაღაც დაგავიწყდა... - მის წვალებას განაგრძობდა სანდრო.
- კოცნა?
- მმმ, კარგი ალტერნატივაა, - ჩაეღიმა და მსუბუქად შეეხო ტუჩებზე. - მაგრამ დამერწმუნე, ჩემი ვერსია ჯობია!
- ნუ მომკალი, თქვი!
- გახსოვს, ჩემს საცოლედ რომ წარგადგინე? - თავი სწრაფად დაუქნია. რა დაავიწყებდა იმ დღეს?! - ჰოდა, მაშინ ერთი პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალი გამომრჩა.
- ჩემი თანხმობა?
- არა! - გაეცინა ბიჭს. - ეგ ისედაც ცხადია! უბრალოდ, თუ ჩემი საცოლე ხარ, ბეჭედსაც უნდა ატარებდე! - ეს იყო უკანასკნელი, რაზეც შეიძლებოდა ანიკას ეფიქრა. სწორედ ამიტომ, თვალები დააჭყიტა, როდესაც სანდრომ ჯინსის ჯიბიდან ბეჭედი ამოაძვრინა. არანაირი ცალ მუხლზე დადგომა ან კოლოფის ბანალურად გადახსნა. ყველაფერი, როგორც ყოველთვის, სუპერორიგინალურად ხდებოდა.
- ეს... ეს... - ენა დაება, როდესაც ბრილიანტისთვლიანმა ბეჭედმა მარჯვენა ხელის არათითი დაუმშვენა.
- ეს, მართალია, ბებიაჩემის ბეჭედი არ არის, მაგრამ მინდოდა, რომ შენთვის ოფიციალურად ხელი აქ მეთხოვა.
- რა თქმა უნდა, თანახმა ვარ! მაგრამ რატომ მაინცდამაინც აქ?
- იმიტომ, რომ მიწამ მაინც დაიბრუნა თავისი! - ამის შემდეგ იყო მონატრებული კოცნა და მომავალი, რომელიც კარგ და ცუდ მომენტებს თანაბარი დოზით ჰპირდებოდათ. ახლა უკვე ეს ნაკლებად ადარდებდათ, რადგან ისინი ერთად იყვნენ და სჯეროდათ, რომ სანამ ერთმანეთის ხელი ეჭირათ და ერთმანეთის გულისცემას გრძნობდნენ, ყველაფერს გაუმკლავდებოდნენ... ეს კი ნამდვილად ასე იყო, რადგან, როგორც იქნა, მიწამ მაინც დაიბრუნა თავისი და არეულობაც საბოლოოდ ჩაწყნარდა...
პირველი ნაწილის დასასრული!
ნათია ჯაგოდნიშვილი