ნინამ პირდაპირ სახლში წასვლა მოინდომა, მიუხედავად ჰარის და ქეითის ხვეწნისა. ახლა შოპინგის არც ხასიათი ჰქონდა და არც სურვილი, თან ცდილობდა, როგორმე ჯერ კიდევ შეუმდგარი წყვილი მარტო დაეტოვებინა და მათი ურთიერთობისთვის ხელი შეეწყო. ქეითი კი უბრიალებდა თვალებს, მარტო არ დამტოვოო, მაგრამ უბრალოდ გაუღიმა, ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და მანქანიდან გადასკუპდა. ზუსტად იცოდა, რომ მეგობრის რისხვას ვერ გადაურჩებოდა, მაგრამ მაინც გარისკა.
გარისკა და კარგადაც მოიქცა, რადგან ქეითისა და ჰარის ურთიერთობა მართლა გასარკვევი იყო და მანქანაში ორივენი ისეთი დაძაბულები ისხდნენ, ჰაერიც კი უარყოფითად იმუხტებოდა.
- რა ხდება ჩვენ შორის? - ბოლოს ისევ ჰარიმ გადაწყვიტა დუმილის დარღვევა.
- რა ხდება? - ისე დაბნეულად იკითხა გოგონამ, იფიქრებდით, რომ მართლა ვერ ხვდებოდა შეკითხვის შინაარსს.
- ვერ ხვდები, რაზე მაქვს საუბარი? თუ ვერ ამჩნევ, როგორ აირია ჩვენი ურთიერთობა?
- ჰარი... - ამოიკნავლა ქეითმა. აშკარა იყო, არ სურდა ამ თემის განხილვა.
- რა ჰარი? ასე ფეხებზე დავიკიდო ის ყველაფერი, რაც შენთან მაკავშირებს და გაგიშვა? უფლება მოგცე, რომ ასეთი დაძაბული იყო ჩემ გვერდით? რა დაემართა ჩვენს ურთიერთობას? რატომ გაგვიფუჭდა?
- არაფერი არ მომხდარა... - ნერვიულობისგან უკვე ტუჩებს იჭამდა და თითებს იმტვრევდა. ცოტაც და, ატირდებოდა, ეს კი ნამდვილად არ შედიოდა მის გეგმებში.
- ქეით, მისმინე, ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხარ და არ მინდა, ასე უაზროდ დაგკარგო. რამე გაწყენინე? რამე შემეშალა?
- არა, არა! - სასწრაფოდ იუარა გოგონამ და თვალები მუშტით ამოიწმინდა. ამის დანახვა იყო და, ჰარიმ ისე სწრაფად გააჩერა მანქანა, კინაღამ საკუთარი შუბლისა და საქარე მინის შეხვედრა მოაწყო.
- მოდი ჩემთან! - ამოიჩურჩულა და ქეითი გულში ჩაიკრა. ისე ძლიერად ეხუტებოდა, თითქოს ეშინოდა, რომ ვინმე მის წართმევას უპირებდა. თითქოს უნდოდა, უთქმელი სიტყვები ასე ეგრძნობინებინა და ქეითმაც ზუსტად გაიაზრა სიტუაცია. ხელები წელზე შემოხვია, ცხვირი კი კისერში ჩაუყო და ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს სახლში იყო.
- აღარ ავირიოთ, რა... ხომ იცი, რომ მიყვარხარ? - ჰარის რომ სცოდნოდა, როგორი მნიშვნელობით უთხრა ეს მრავალჯერ ნათქვამი სიტყვა, მასზე ბედნიერი არავინ იქნებოდა, მაგრამ ფიქრადაც კი ვერ გაივლებდა, რომ შეიძლებოდა მათი ურთიერთობა მეგობრობას გასცდენოდა.
- მეც მიყვარხარ, ც-ს გარეშე... - ჩაიბურტყუნა და საფეთქელზე აკოცა. ერთადერთი, რაც ახლა ორივეს ყველაფერზე მეტად უნდოდა, ამ მდგომარეობის სამუდამოდ შენარჩუნება იყო, მაგრამ ჯერ არ იცოდნენ, რომ წინ გაცილებით საინტერესო რაღაც ელოდათ...
* * *
ნინამ მთელი დღე სახლში გაატარა. მხოლოდ ლიზიკოს ბაღიდან გამოსაყვანად გავიდა გარეთ, მაგრამ ხასიათი მაინც ვერ გამოიკეთა. როდემდე უნდა ყოფილიყო ასეთი? როდემდე უნდა დაეხუჭა თვალი ყველაფერზე? დაიღალა ამდენი დამცირებით, მუდამ ჩუმად ყოფნით, თავის ჩახრით და სილის გაწნისას მეორე ლოყის მიშვერით. აღარ შეიძლებოდა ასე გაგრძელება, მაგრამ სხვანაირად როგორ ეცხოვრა, არ იცოდა. ელე სულ ეჩხუბებოდა, ჩემი ნათლული და დედაშენის შვილი ასეთი როგორ ხარო, ნინა კი უბრალოდ მხრებს აიჩეჩავდა ხოლმე და არაფრის შეცვლას არ აპირებდა. დღეს კი რატომღაც ისე აივსო სიბრაზით, ცოტაღა დააკლდა ამოხეთქვამდე. არ იცოდა, რისი ბრალი იყო, მეგანს აქამდეც ხშირად დაუცინია უკბილოდ, აბა, დღეს რაღა მოხდა? უცნობის თვალწინ დამცირება ვერ აიტანა? შესწორება! სიმპათიური უცნობის... ნინა, გეყოფა! რა დროს ამაზე ფიქრია...
მისი მობილური ტომ იორკის ხმით რომ ამღერდა, ეკრანისთვის დახედვა აღარც დასჭირვებია, ისევე გამოიცნო, რომ დედა ურეკავდა. ანიკამ თვითონ დააყენა თავის ნომერზე ეს მელოდია.
- გისმენ, დე!
- დედიკო, როგორ ხარ? სახლში ხარ? - აღელვებული ხმა ჰქონდა ქალს.
- კი, სახლში ვარ. ანდრია და ლიზიკოც. რა ხდება?
- დედა, გეხვეწები, ჩემს ოთახში შედი და ჩემი ”ელი სააბის” წითელი კაბა გამიმზადე რა. მამიკომ დამირეკა, საღამოს რაღაც ოფიციალური მიღებააო და უნდა წავიდეთ. მე ვერ ვასწრებ სამსახურიდან გამოსვლას. ჰოდა, მართლა, კლუბისთვის ჩემი შავი კაბა ჩაიცვი, მოგიხდება ძალიან.
- რა კლუბისთვის? არ მივდივარ საერთოდ...
- რას ჰქვია, არ მიდიხარ?! - ისე შეიცხადა ანიკამ, თითქოს ვინმეს სიკვდილის შესახებ შეიტყობინეს. - ძალიან კარგად მიდიხარ! არ გამაგონო ახლა ”არ ვარ ხასიათზე” და ასე შემდეგ. შენ კაბები გაამზადე და რომ მოვალ, მაკიაჟსაც გაგიკეთებ.
- მე რომ წავიდე, ბავშვებს მარტო ხომ ვერ დატოვებთ? - ბოლო შანსს ჩაებღაუჭა ნინა, მაგრამ ისევ მდუღარე გადაასხეს.
- მამიდასთან დარჩებიან, მაგაზე არ იდარდო. წავედი ახლა და ჭკუით იყავით, დე! - მობილურში წყვეტილი ზუმერის ხმა მანამ გაისმა, სანამ გოგონა შეწინააღმდეგებას მოასწრებდა. ჩაეღიმა, დედამისი ახლაც კი მასზე მხიარული და გართობის მოყვარული იყო. მართლა ვის დაემსგავსა ასეთი უჟმური...
სულაც არ არის უჟმური! ადგება და წავა კლუბში. ბევრსაც იცეკვებს და კარგადაც გაერთობა. ისევე მოიქცევა, როგორც მისი ტოლი თინეიჯერები იქცევიან. მხოლოდ ერთი შესწორებით: ალკოჰოლისა და ნარკოტიკის მიღებას არ აპირებს, არც პირველივე შემხვედრის კისერზე ჩამოკიდებას. საერთოდაც, დღეს ქეითთან დარჩება და სახლში დაგვიანებაზეც არ ინერვიულებს! საოცრად მოტივირებულმა აკრიფა მეგობრის ნომერი, მაგრამ იქიდან სრულიად შეუფერებელმა ხმამ უპასუხა.
- ჰაროლდ? - თავი ძლივს შეიკავა, სიხარულისგან რომ არ აწკმუტუნებულიყო, მაგრამ ჯერ მაინც ყველაფრის გადამოწმება არჩია.
- ნუ მეძახი მასე-მეთქი, რამდენჯერ უნდა გითხრა?! - გაეცინა ბიჭს. - ქეითი იცვლის.
- რას აკეთებს? - აი, აქ კი დააღო პირი.
- კაბას იცვამს, რა ხდება?
- ჰარი... სად ხართ ახლა?
- მეხუთე ავენიუზე, “H&M”-ის ბუტიკში. საღამოსთვის ვარჩევინებ კაბას. რა გჭირს, ნინა? - ჰარიც არანაკლებ დაბნეული ჩანდა, მაგრამ აშკარა იყო, ის არც კი გაუფიქრია, რაც ნინამ მისი პასუხებიდან გამომდინარე ივარაუდა.
- ამმ, გასაგებია. მინდოდა მეთქვა, რომ საღამოს მეც წამოვალ...
- როგორც იქნა! - ბიჭმა იმხელაზე შესძახა, კინაღამ მობილური ხელიდან გააგდებინა. - ეს დღე უნდა აღვნიშნოთ. გვეღირსა, ნინა ჯაფარიძემ გამოიღვიძა!
- ნუ ხარ ცანცარა, გამომიარეთ მოკლედ საღამოს. წავედი ახლა, ლიზას უნდა მივხედო.
- ვაჰ, ჩემს შეყვარებულს? მიმიხედე და აკოცე! - გაეცინა ჰარის, შემდეგ კი შეთანხმდნენ, რომ საღამოს ათი საათისთვის გაუვლიდნენ და დაემშვიდობა. ნინა ვერც კი წარმოიდგენდა, როგორ შეიცვლებოდა მისი ცხოვრება ამ დღის შემდეგ...
* * *
ანიკას სახლში შევლა ისეთი ხანმოკლე გამოდგა, ძლივს მოასწრო ნინასთვის მაკიაჟის გაკეთება. უნდოდა გამოწყობაც საკუთარ თავზე აეღო, მაგრამ დაჰპირდა, ყველაფერს შენი მითითებებით გავაკეთებ, მამიკო არ ალოდინოო და ქალმაც ბავშვებთან ერთად სახლი სწრაფადვე დატოვა.
აი, აქ კი ანერვიულდა ნინა! არა, მარტო ყოფნის არ ეშინოდა, უბრალოდ უნდოდა, ამ საღამოს კარგად ჩაევლო. გადაწყვიტა, ერთხელ მაინც მოქცეულიყო ნამდვილი თინეიჯერივით. ანიკას კაბა ძალიან უხდებოდა, ტანზე ზუსტად ჰქონდა მომდგარი, ფეხებსაც ლამაზად უჩენდა. სიმართლეს ითქვას, გაუკვირდა კიდეც, საიდან მოხვდა დედამისის გარდერობში ასეთი კაბა, მაგრამ შემდეგ ელეს საჩუქრები გაახსენდა და გაეცინა.
დიდხანს იტრიალა სარკის წინ. კაბა მოკლე იყო და ლამაზად გულამოჭრილი. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელიც უხდებოდა, მაგრამ ზუსტად იცოდა, რომ გაიყინებოდა. მხოლოდ მოკლე ტყავის ქურთუკი ეცვა, მეტი არაფერი. მაგრამ არა უშავს, როგორც ლილი იტყოდა, უნდა მიეჩვიოს სიცივის ატანას სილამაზის გამო!
ბოლოჯერ დატრიალდა სარკის წინ და სანამ ოთახიდან გავიდოდა, ქეითის მესიჯი მიუვიდა. ის და ჰარი უკვე ქვემოთ ელოდებოდნენ, ამიტომ სწრაფადვე აიღო პატარა ჩანთა და მათ სანახავად გაემართა.
- ვაუ, ნინა! - თვალებგაფართოებულმა წამოიძახა ქეითმა. - შოკი ხარ!
- დედას კაბაა! - გაეკრიჭა მეგობარს და მანქანაში ჩახტა. უფრო და უფრო რწმუნდებოდა, რომ იანვრის ბოლოს ასე თხლად ჩაცმა აშკარად არ იყო კარგი იდეა.
- ნამდვილად არაჩვეულებრივი გემოვნება აქვს ანიკას! - საუბარში ჩაერთო ჰარიც. - მე მითხრა, მშურს შენი თვალის ფერისო.
- თვითკმაყოფილო იდიოტო! - გაეცინა ქეითს და მხარში მუშტი უთავაზა. ნინას ეღიმებოდა მათი ყურებისას. მიხვდა, რომ საბოლოოდ შერიგდნენ...
* * *
ანიკას მანქანა რესტორნის ავტოსადგომზე რომ შესრიალდა, სანდრო უკვე თავის Audi Q7-ზე მიყუდებული ელოდა. ღიმილით გაუღო კარი და რევერანსიც კი გააკეთა, სანამ ხელს გაუწოდებდა, რომ გადმოსვლაში დახმარებოდა.
- მგონი, ვერასდროს შევეჩვევი შენს სილამაზეს... - ჩაილაპარაკა დაბალი, ოდნავ ჩახლეჩილი ხმით და წელზე ხელი მოხვია. - დამიჯერებ, რომ გითხრა, მომენატრე-მეთქი? - ნელ-ნელა უახლოვდებოდა მის ტუჩებს, მაგრამ მაინც განაგრძობდა წვალებას. ეს ჩვევა კიდევ შემორჩა!
- სანდრო! - ჩაეცინა ანიკას და მკერდზე ხელი მიჰკრა. - მეც მომენატრე, მაგრამ აქ ვაპირებთ დგომას? უხერხულია, ხომ არ ვალოდინებთ იმ ხალხს...
- რომელ ხალხს?
- ვისაც ვხვდებით!
- აა, ეგ... - ისე უცნაურად ჩაეღიმა, ანიკა მაშინვე მიხვდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. - ჯერ ის მითხარი, ბავშვები სად დატოვე?
- ანდრია და ლიზიკო ნინისთან. ნინა კლუბში წავიდა და შეიძლება ქეითთან დარჩეს. სანდრო, რა ჩაიფიქრე?
- არაფერი საერთოდ! უბრალოდ ძალიან დიდი ხანია სიგიჟე აღარ გაგვიკეთებია. ამიტომ ცოტა ვიმაიმუნე. რადგან ბავშვების საკითხიც მოგვარებულია, შეგვიძლია ისე მოვიქცეთ, როგორც მათ გაჩენამდე. წამოდი! - ხელი ჩაჰკიდა და ცოტა არ იყოს დაბნეული მეუღლე რესტორნის შესასვლელისკენ წააცუნცულა.
არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ არანაირი საქმიანი შეხვედრა რეალობას არ შეესაბამებოდა, რესტორანი კი მთლიანად ცარიელი იყო. მხოლოდ ცენტრში იდგა ერთი მრგვალი მაგიდა, რომელიც აბაჟურის შუქით გაენათებინათ, მასთან ახლოს კი ძველი ფირსაკრავი საოცარ ხმებს გამოსცემდა.
- არანორმალური ხარ! - წამოიკივლა ანიკამ და სანდროს ისეთი ძალით შეახტა, მაგრად რომ არ მდგარიყო, აუცილებლად წააქცევდა. - ეს საიდანღა იშოვე?
- ცოტა უხერხულია ხომ არაა, ასეთი კითხვები დაუსვათ FBI-ს დეპარტამენტის მთავარ უფროსს, რომელსაც კავშირები ყველგან აქვს? - თვალი ჩაუკრა, შემდეგ კი სკამი გამოუწია და ანიშნა, რომ დამჯდარიყო.
ლამაზი საღამო იყო. მშვიდი და სიყვარულით სავსე. ისეთი, როგორიც ხშირად ჰქონდათ. სანდროს ყოველთვის უყვარდა სიურპრიზები და რა თქმა უნდა, არც მას შემდეგ შეცვლილა, რაც ოჯახი შექმნეს. ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ, სანდრო მაგიდაზე დადებულ ხელზე ცერით ეფერებოდა, ანიკა კი ისევ ხრიდა თავს და წითლდებოდა. არასდროს მომბეზრდება გამეორება - ნამდვილი სიყვარული არ კვდება!
* * *
კლუბში მალევე მივიდნენ. წვეულება უკვე კარგად იყო გახურებული და ლილი, მია და ადამი ძლივს იპოვეს. ჯერჯერობით ბარის მაგიდასთან იდგნენ ფერადი ჭიქებით ხელში.
- როგორც იქნა! - წამოიძახა ადამმა ახალმისულების დანახვისას. - მეგონა, აღარ მოხვიდოდით. ვაუ, ნინა?! ქეითმა გაიძულა ასე ჩაცმა? - დასცინა და თმა მოუჩეჩა, გოგონამ კი ენა გამოუყო და სკამზე შესკუპდა.
- ძალიან მაგარი დიჯეია, რაც მოვედით, სულ ვცკევავ! - გაიცინა ლილიმ. - ერთი ჭიქა დალიეთ და წამოდით თქვენც.
- მე არ მინდა დალევა... - ჩაიბურტყუნა ნინამ, ჰარიმ და ქეითმა კი ტეკილა გადაჰკრეს და ლიმონის ნაჭერი დააყოლეს.
- მე კიდევ რაღაც ვიშოვე! - უცნაურად გაიღიმა ადამმა, მაგრად მომუშტული ხელი გახსნა და ვარდისფერი აბები გამოაჩინა.
- შენ დრო არ დაგიკარგავს! - გაეცინა ჰარის. - ყოჩაღი ბიჭი ხარ! - შემდეგ კი აბს ხელი დაავლო და პირში გაიქანა. დანარჩენებიც ასევე მოიქცნენ და საბოლოოდ ადამის ხელისგულზე ერთადერთი პაწაწუნა ვარდისფერიღა დარჩა - ნინას წილი.
- ნინა, ამაზე უარის თქმა არ შეიძლება! - თვალი ჩაუკრა ლილიმ.
- ძალიან კარგადაც შეიძლება, არ მინდა მე!
- გინდა, გინდა, შენ არ იცი უბრალოდ! - ახლა მიაც შეუჩნდა, მაგრამ მაინც უარზე იყო.
- აბა, გააღე პირი და თქვი ააა! - გაიცინა ქეითმა, ცხვირზე თითი მოუჭირა და ისე სწრაფად ჩასტენა ვარდისფერი აბი, გააზრებაც ვერ მოასწრო.
- ბოროტები ხართ თქვენ! - წამოიძახა გაბრაზებულმა და წამოხტომა დააპირა, მაგრამ ისევ სკამზე დაებერტყა და თვალები სწრაფად დაახამხამა.
- რაო, უკვე იმოქმედა? - სიცილი აუტყდა ადამს და ტუჩებთან ტეკილას ჭიქა მიუტანა. - აბა, მიაყოლე ესეც, ჩაიტანს! - ნინამ უარის სათქმელად პირი გააღო, მაგრამ სწრაფადვე ჩაუწვა ყელი ალკოჰოლმა.
- წავედით ახლა საცეკვაოდ! - ნინას უკვე არეულად ესმოდა მათი ხმები და გამოსახულებაც ითხაპნებოდა. გაბრუებული წამოდგა სკამიდან. დარწმუნებული იყო, რომ დაეცემოდა, მაგრამ უცბად ისეთი მოზღვავებული ენერგია იგრძნო, ერთი სული ჰქონდა, როდის აცეკვდებოდა.
ბავშვები ვეღარ იპოვა და მარტო გაემართა საცეკვაოდ. მალევე აირია ხალხის მასაში. წეღანდელმა წამიერმა აღფრთოვანებამ გადაუარა და ახლა თვალები აუჭრელდა. ქუთუთოები ერთმანეთს მაგრად დააჭირა და მუსიკას აჰყვა. ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს უწონო იყო. მუსიკის ჰანგები სხეულზე ეხვეოდა და თავის ნებაზე ატრიალებდა. პირველად იყო ასეთ მდგომარეობაში. აქამდე არც ექსტაზი გაესინჯა და არც ასეთი ძლიერი სასმელი, მით უმეტეს, ერთად. გულის ცემის ტემპმა უმატა და ახლა ყელში გრძნობდა მის ფეთქვას. მოულოდნელად მუცელზე თბილი, ძლიერი ხელი შემოეხვია და ვიღაცის ნავარჯიშებ პრესს მიეკრა. ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებდა, რა ხდებოდა, შესაბამისად, არც წინააღმდეგობის გაწევა ჩათვალა საჭიროდ. Awolnation-ის Sail-ის რიტმების თანხლებით ცხელი სუნთქვა კისერში უღიტინებდა, მუცელზე შემოხვეული ხელი კი ნელ-ნელა ქვემოთ მიიწევდა. ინსტინქტურად გადახარა თავი უკან და ვერც გაიაზრა, ისე ჩამოადო მხარზე. მოულოდნელობისგან შეკრთა, როდესაც ნაცნობი თბილი ხელი ფეხზე იგრძნო, უფრო ზუსტად კი - თეძოზე, კიდევ უფრო ზუსტად - კაბის მატერიაზე ჩაბღაუჭებული. ის იყო, ნაჭერი სრიალით დაიძრა ზემოთ, რომ სასწრაფოდ ხელში სწვდა, თავი აიღო და ეცადა, მოშორებოდა, მაგრამ ისევ სხეულზე მიიკრეს. სისხლი ისეთი სისწრაფით მიაწვა ვენებში, ეგონა, მალე გასკდებოდა. დაძაბულობისგან გააკანკალა და უცნობის სველი ტუჩების შეგრძნება მოშიშვლებულ კისერზე უკვე ბოლო წვეთი გამოდგა მოთმინების ფიალაში. ჭიაყელასავით დაიკლაკნა ბიჭის მკლავებში. მარწუხებისგან რომ გაათავისუფლეს, სწრაფად შეტრიალდა, ისე, რომ ზედაც არ შეუხედავს, საშინლად მწარე სილა გააწნა ჯერ მარცხენა, შემდეგ კი მარჯვენა ლოყაზე და იქაურობას გაეცალა. ნერვიულობისგან ერთიანად გაეყინა სხეული. ბარის მაგიდას დაეყრდნო, რომ არ წაქცეულიყო. ნაცნობი ვერავინ დაინახა, თავბრუსხვევა კი თანდათან უმატებდა. შენელებულ, ერთმანეთში არეულ კადრებად ხედავდა ყველაფერს და გრძნობდა, როგორ ეცლებოდა მუხლებში ძალა. თვალები მიეხუჭა და წასაქცევად მოემზადა, მაგრამ იატაკის ნაცვლად, ვიღაცის მკლავებში ჩაესვენა.
- ჯანდაბა! - ქართულად ჩაიბურტყუნა მისმა მხსნელმა და ნინას ამის თავი რომ ჰქონოდა, აუცილებლად დააჭყიტავდა თვალებს. - ჯეკ, ეს იმათთან ერთად იყო, დაუძახე, რომ მოხედონ! - გააგრძელა ინგლისურად და სკამზე ჩამოსვა.
- რა მოუვიდა? ცუდადაა?
- გადაყლაპავდა რამეს და გაითიშა. ვერ ხედავ, რა ბავშვია?! - აშკარა ირონია გაისმა ხმაში. - წავედი მე და მიხედონ ამას, შარი არ აიკიდოთ ახლა... - და თბილი ხელები სკამის ცივმა საზურგემ ჩაანაცვლა. ცვლილება კი მოულოდნელად უსიამოვნო გამოდგა...
* * *
- მგონი, აზრზე მოდის...
- არა, ექსტაზმა ასეთი რაღაც როგორ დამართა?
- ექსტაზმა და იმ ტეკილამ, რომელიც ძალით ჩაასხი, იდიოტო!
- კარგი, ნუ ატეხეთ პანიკა! და გაიწიეთ ცოტა, თორემ ისე შემოეხვიეთ, რომ გამოფხიზლდება, თავიდან წაუვა გული.
ნინამ თვალები ნელა და წვალებით გაახილა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ქუთუთოებზე ასტონიანი გირები ეკიდა. ყელი უცნაურად ეწვოდა, პირი კი უშრებოდა.
- ნინ, როგორ ხარ? - ქეითმა მსუბუქად შემოულაწუნა და თითებით თვალები დიდზე გაახელინა. დამერწმუნეთ, გვერდიდან ეს ყველაფერი ძალიან სასაცილო დასანახი იყო!
- წყალი მინდა... - ამოიხავლა და გარშემო მიმოიხედა. გარეთ იყვნენ, სავარაუდოდ, კლუბის უკან, რადგან მუსიკა ცოტათი მაინც აღწევდა. ზურგით კედელს ეყრდნობოდა და მინიმალური სიგრძის კაბაში გამოწყობილი იჯდა ასფალტზე. ჯანდაბა, ნინა, შეგიძლია რომ ერთი დღე მაინც გაატარო უსიამოვნების გარეშე? რა თქმა უნდა, არა!
- გამომართვი, ”კოლაა”, - წითელი ქილა გაუწოდა მიამ და ისე მოწყურებულად დაეწაფა, გეგონებოდათ, უდაბნო ჰქონდა გამოვლილი.
- მეორედ გაბედავთ ასეთი რაღაცის გაკეთებას და თქვენთან ერთად აღარსად აღარ წამოვალ! - უნდოდა მკაცრად გამოსვლოდა, მაგრამ მისი ხმა ისევ კნავილს ჰგავდა და სასაცილოდ უფრო გაიჟღერა, ვიდრე საშიშად.
- კარგი რა, ნინა! - თვალები აატრიალა ადამმა. - პირველად რომ გასინჯე, იმიტომაც გქონდა ასეთი რეაქცია. შემდეგ ჯერზე აღარ გაგიჭირდება...
- შემდეგი ჯერი არ იქნება! - მოკლედ მოუჭრა ჰარიმ და გოგონას წამოდგომაში დაეხმარა. - წამოხვალთ ვინმე?
- ჰარი, ლიამს დავურეკავ და ის წამიყვანს, დარჩით თქვენ! - ნინამ ამის საპასუხოდ ისეთი მზერა დაიმსახურა, ხმა ვეღარ ამოიღო. უპრეტენზიოდ გაჰყვა ჰარის მანქანისკენ. ქეითიც მათთან ერთად წავიდა, დანარჩენები კი წვეულებაზე მიბრუნდნენ.
- ჰარი, ჩემთან წავიყვანოთ...
- ქეით, შენ თუ ფიქრობ, რომ მე მის სახლში წაყვანას ვაპირებდი, ძალიან ცდები. სიცოცხლე ნამდვილად არ მომბეზრებია ჯერ!
- მამიკო არ მოგკლავდა... - ჩაეცინა ნინას და ქეითის მხარზე თავჩამოდებულს, თვალები მიელულა. დღევანდელი ემოცია მისთვის მეტისმეტი გამოდგა. ერთადერთი, რაზეც განუწყვეტლივ ეფიქრებოდა, უცნობის თბილი ხელები და ქართულად ნათქვამი ”ჯანდაბა” იყო...
გაგრძელება იქნება
ნათია ჯაგოდნიშვილი