- აბა, მომიყევი ყველაფერი! - უთხრა ლიამმა, სახლში რომ შევიდნენ და ნინა ფუმფულა სავარძელში ჩაენარცხა.
- რა ყველაფერი? სულ ერთი კვირაა, არ გვინახავს ერთმანეთი და ამასობაში საინტერესო არაფერი მომხდარა. როგორც ყოველთვის, სკოლა, მეცადინეობა, პროექტები...
- კლუბები, გართობა და ბიჭები? - გაეცინა ლიამს. იცოდა, მისი მეგობარი ასეთი არ იყო, მიუხედავად იმ წრისა, რომელშიც ტრიალებდა. მაგრამ ასე პირდაპირ ვერ ჰკითხავდა, ვინ არის ის ბიჭი, უკან რომ მოგვყვებოდაო.
- მაგეებში, როგორც ყოველთვის, იდეალურად ვარ! - გაეცინა ნინასაც. - უკვე ვეღარ ვარჩევ, რომელ კლუბში წავიდე, რომ ჩემს ყოფილ ბოიფრენდებს არ გადავეყარო შემთხვევით.
- ნინა, მე სერიოზულად გეუბნები. უკვე თექვსმეტის ხარ!
- და ამ ასაკში ჩვენთან არც ერთი ნორმალური გოგო აღარ არის ქალიშვილი, ვიცი! - თვალები აატრიალა გოგონამ. - მაგრამ შენც იცი ჩემი დამოკიდებულება ამ თემასთან დაკავშირებით. და საერთოდაც, მოხდა რამე თუ რატომ ვუბრუნდებით თემას, რომელზეც დაგპირდი, რომ ყველაფერს ჩემით მოგიყვებოდი?
- არაფერი, უბრალოდ შეცვლილი მეჩვენები... - ურცხვად იცრუა ლიამმა. - შეხედე შენს თავს! ასეთ ამინდში, როგორც მინიმუმ, მანტოსა და თბილი ქუდის გარეშე არ გამოხვიდოდი სახლიდან, ახლა კი მოდური ჟურნალების ყდიდან გადმოსულ ლამაზმანს ჰგავხარ! - კიდევ ერთხელ აათვალიერა ბიჭმა და საბოლოოდ მოწონების ნიშნად ცერი აღმართა, ნინას კი მის საქციელზე სიცილი აუტყდა.
- აჭარბებ. ჩვეულებრივად მაცვია. უბრალოდ, ასე მომინდა და იმიტომ. შენთან რა ხდება? ამჯერად რომელი გოგო გყავს მიზანში ამოღებული?
- მე? მე და მიზნები? რა სისულელეა! ხომ იცი, ასკეტი ბერივით ვცხოვრობ! - ლიამმა ისე სერიოზულად შეიცხადა, ნინას, მისი ხასიათი საკუთარივით რომ არ სცოდნოდა, შეიძლებოდა დაეჯერებინა კიდეც, მაგრამ ახლა უბრალოდ სიცილით გადაიქნია თავი. იცოდა, მისი მეგობარი როგორი მექალთანეც იყო.
- სხვათა შორის, დედაშენი ძალიან ღელავს, ამხელა, ცხრამეტი წლის ბიჭი, ისევ მარტო რომ ხარ! - თვალი ჩაუკრა და ანიშნა, ახლა მართვის სადავეები ჩემს ხელში გადმოვიდაო, ლიამმა კი უბრალოდ მხრები აიჩეჩა და სამზარეულოსკენ გაემართა.
- არ გშია? მთელი დღეა არაფერი მიჭამია! -წარმოთქვა არადამაჯერებელი მონდომებით და მაცივარში შეყო თავი, ნინა კი მიხვდა, რომ მიზანში მოარტყა და გულზე ხელებგადაჯვარედინებული მიუდგა გვერდით.
- რა ჰქვია?
- რას, საჭმელს?
- ლიამ! შენ გგონია, რამეს გამომაპარებ? მომიყევი! - თვალები დაუბრიალა და ეცადა, მკაცრად ეთქვა, თუმცა ბიჭი პოზიციების დათმობას არ აპირებდა. მით უმეტეს კი, სიმართლის თქმას.
- რა მოგიყვე? შენგან განსხვავებით, ჩემთან არაფერი ხდება! - აი, ამის გაგონებისას კი, ნინას მშვიდად მოყუდებული ფორთოხლის წვენი გადასცდა და კინაღამ ხველებით დაიხრჩო.
- რაო? რას ნიშნავს ჩემგან განსხვავებით?
- ნინა, ყველაფერი ვიცი! - აი, ეს კი კარგად ნაცადი მეთოდი იყო. ბავშვობიდან მოყოლებული, ლიამი ყოველთვის ახერხებდა ამ ფრაზით ნინას გამოტეხვას და ეს უკანასკნელიც ვერასდროს ხვდებოდა, მართლა იცოდა ყველაფერი თუ უბრალოდ მის მოსატყუებლად ამბობდა. მაგრამ ახლა გადაწყვიტა, სიმტკიცე შეენარჩუნებინა და მაინც არაფერი ეთქვა. ყოველ შემთხვევაში, მანამდე მაინც, სანამ ჯერ თვითონ არ გაარკვევდა, რა ხდებოდა მის თავს.
- ამჯერად არ გაგივა! შენ თუ არ მიყვები, არც მე მოგიყვები.
- ნინა, ძალიან მაბრაზებ! თუ რამე ხდება, აუცილებლად უნდა ვიცოდე. ხომ უნდა გავიგო, ვინ არის? იქნებ არ არის სანდო და შენთვის შესაფერისი?!
- პირდაპირ სისხლში გაქვს გამჯდარი მამაჩვენების თვისებები. ნაბიჯი ვერ გადამიდგამს ისე, თქვენ რომ ვერ გაიგოთ. შენ კი იმის აღიარებაც არ გინდა, რომ მია მოგწონს. თუ გგონია, რომ ვერ ვხვდები? არც გაბედო იმის მტკიცება, რომ სკოლის მოსწავლეების ჯგუფთან ერთად მხოლოდ იმიტომ დადიხარ ყველგან, რომ ჩემ შესახებ არაფერი გამოგეპაროს! - ნინამ ვერაფერი რომ ვერ გააწყო, საბოლოოდ ისევ შეტევაზე გადასვლა ამჯობინა და მისმა მეგობარმა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, პირი დააღო.
- საიდან იცი?!
- აჰა, ესეც ასე! ანუ არც უარყოფ, მშვენიერია...
- იცოდე, ერთი სიტყვაც რომ წამოგცდეს... - გოგონა პირველად ხედავდა დაბნეულ და შეშინებულ ლიამს. არა, რა კარგად გამოუვიდა? არც იყო თავის სიტყვებში ბოლომდე დარწმუნებული, ისე დასდო ბრალი, მაგრამ ინტუიციამ გაუმართლა და სიმართლეც შეიტყო. ახლა კი მის მხარეს აშკარა უპირატესობა იყო.
- მე არაფერს ვიტყვი, მაგრამ მაშინ შენც შეწყვიტე ჩემს ცხოვრებაში არარსებული თაყვანისმცემლის ძებნა.
- ნინა, სკოლიდან რომ წამოვედით, შევამჩნიე, როგორ წამოგვყვა თეთრი ”ლექსუსი” და თითქმის სახლის კარამდე მოგვაცილა. სულელი გგონივარ? არაფრის მოყოლას არ ვაპირებ არც დენიელისთვის და მით უმეტეს, არც სანდროსთვის. შენ თვითონაც კარგად იცი, როგორ არ მომწონს ეს ზედმეტი კონტროლი. უბრალოდ, მინდა ვიცოდე, ვინ არის და რატომ ასაიდუმლოებ ამას ასე ძალიან.
რა ქნას? მოუყვეს? მაგრამ როგორ? ხომ არ ეტყვის, თავიდან როგორც გაიცნო? უფრო სწორად, გაცნობა არც ერქვა ამას. ექსტაზის ზემოქმედების ქვეშ იყო და იმ თვითკმაყოფილმა მაჩომაც ისარგებლა სიტუაციით. თუმცა არა, ეს ზედმეტად გადაჭარბებული ნათქვამია. და საერთოდაც, ნინა ზედმეტად მძაფრად აღიქვამს ყველაფერს. იმ გოგოსავით აზროვნებს, ბიჭი უბრალოდ რომ გაუღიმებს და ის უკვე პირველი ბავშვის სახელზე ფიქრობს. არადა, ხომ არ იყო ასეთი? მსგავსიც კი არასდროს ყოფილა... მაშინ ახლა რაშია საქმე? თითქოს ეს ბიჭი თავში შეუძვრა და აიძულებს, რომ გამუდმებით მასზე იფიქროს. არადა, ალბათ, სინამდვილეში სულაც არ არის ისეთი, ნინას რომ წარმოუდგენია. და იქნებ კარგიც იყოს, ლიამს რომ მოუყვეს მის შესახებ. ბოლოს და ბოლოს, რა აქვს დასამალი? არც არაფერი...
- ქართველია. - დაიწყო პირდაპირ შოკური ინფორმაციით და ამჯერად ლიამს გადასცდა წვენი. - ბაბუაჩემის მეგობრის შვილიშვილი. და ამ ყველაფერთან ერთად, მეგანის შეყვარებული.
- იმ ქერათმიანი, გრძელფეხება მეგანის? - თვალები ჭყიტა ბიჭმა, თუმცა ნინას სახე რომ დაინახა, გრძნობები დაიოკა.
- პირველად სკოლის ავტოსადგომზე დავინახე... - და დაიწყო ყველაფრის მოყოლა დეტალურად. მართალია, ჭარხალივით აწითლდა, მაგრამ ერჩივნა, მაინც ეთქვა. ქეითი გოგოა და მასთან ერთად ოცნებებში თუ გადაეშვებოდა და ტიპური ჰოლივუდური ფილმის სცენარს შექმნიდა თემაზე, თუ როგორ უყვარდება ცუდ ბიჭს კარგი გოგო, გამორიცხული არ იქნებოდა, მიწაზე დანარცხება მწარე აღმოჩენილიყო. აი, ლიამი კი დაახლოებით მაინც მიხვდებოდა, რა მიზნით უგზავნიდა ნიკა მესიჯებს და საერთოდაც, რატომ არ ეშვებოდა. სხვა თუ არაფერი, საკმარისი გამოცდილება მაინც ჰქონდა.
და მიხვდა კიდეც. შენ აზვიადებ ყველაფერს და იმიტომაც დაგყვება უკანო. ნინა კი გაბრაზდა მის სიტყვებზე, მაგრამ სადღაც, გულის სიღრმეში, ხვდებოდა, რომ მართალი იყო. ისე იქცეოდა, როგორც წმინდანი და უბრალოდ რომ ეთქვა, ის საღამო დაივიწყე, არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარაო, შეიძლება ბიჭი საერთოდ არც კი დაინტერესებულიყო მისით. მაგრამ, ამის ნაცვლად, ისეთი სიტუაცია შექმნა, კინაღამ სექსუალური ძალადობის ბრალდებით უჩივლა. ნამდვილად მეტისმეტი იყო. როგორმე უნდა მოეხერხებინა და შემდეგში, როდესაც ნიკა მისწერდა ან ნახავდა, ჩვეულებრივი, ამერიკელი გოგოსავით მოქცეულიყო.
ჰმ, თეორიულად და ცივ გონებაზე დაგეგმილი, ყველაფერი მარტივია, მაგრამ არც ერთმა ჩვენგანმა არ იცის, როგორ იმოქმედებს მოცემულ მომენტში. და ამაში არც ნინა იყო გამონაკლისი. ლიამის სახლიდან რომ წავიდა, სპეციალურად აიჩემა, გაცილება არ მინდა, ფეხით გავივლიო. ქვეცნობიერად სჯეროდა, რომ გზაზე აუცილებლად შეხვდებოდა მისი ბნელი პრინცი. მანქანით გაჰყვებოდა ან სახიფათო მოსახვევიდან გამოჩენილ ”ბოროტ ბიძიებს” გაყრიდა და ნინას გადაარჩენდა. ბოლოს და ბოლოს, გვერდით რომ ჩაუვლიდა, მანქანას მაინც შეანელებდა და გაყვანას შესთავაზებდა.
თქვენი აზრით, ნიკოლოზ მეტრეველი, სახელგანთქმული მექალთანე და ბიჭი, რომელიც ყოველთვის ”მე ვარ ყველაზე სიმპათიური და სამყარო ჩემია” სახით მოძრაობდა, ასეთი პროგნოზირებადი იქნებოდა?! არა, რა თქმა უნდა! საერთოდ არ დალოდებია ნინას. კი მისწერა, შენთვის აღარ მცალიაო, მაგრამ იმის შემდეგ მაინც გაჰყვა ბოლომდე. ის უბანი კარგად იცოდა და ისიც მოახერხა, ეს შეუმჩნევლად რომ გაეკეთებინა, შემდეგ კი, როდესაც დაინახა, ბიჭთან ერთად როგორი სიცილითა და ბედნიერი სახით გადმოვიდა მანქანიდან და სახლში შევიდა, ყბები გაბრაზებულს დაეჭიმა. არა, არ უეჭვიანია. უბრალოდ, ჩვეულებრივი კონკურენციის ამბავი იყო. სიმართლე ითქვას, ამ გოგოში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავდა, ჩვეულებრივი, მიამიტი ბავშვი იყო, მაგრამ მაინც არ ესიამოვნა ის ფაქტი, რომ ვიღაცამ დაასწრო. და რაც არ სიამოვნებდა, იმას აუცილებლად ცვლიდა. შესაბამისად, არც ეს შემთხვევა იქნებოდა გამონაკლისი. სხვა თუ არაფერი, ნინა ერთადერთი იყო, რომელიც არ იმჩნევდა, რომ მოსწონდა. ცდილობდა მაინც, რომ თავი არ გაეყიდა და არ ეჩვენებინა, თუ როგორი გავლენა ჰქონდა მასზე. იმას საერთოდ არც კი უშვებდა, რომ შეიძლებოდა ეს ასე არ ყოფილიყო. მისი თავდაჯერებულობაც რომ გვერდზე გადავდოთ, ბრმა არ იყო და კარგად ხედავდა როგორ იცვლებოდა გოგონა, როდესაც ახლოს ჰყავდა. და ჯანდაბას, აღიარებს იმასაც, რომ მიუხედავად წეღან ნათქვამი ”არაფერია განსაკუთრებული”-სა, მაინც გემრიელ ლუკმად თვლიდა, რომლის ხელში ჩაგდებაც საკმაოდ საინტერესო, გასართობი და რაც მთავარია, მადისაღმძვრელი პერსპექტივა იყო. ამ შანსს კი ხელიდან არ გაუშვებდა, რამდენი კონკურენტიც უნდა შეხვედროდა გზაზე...
* * *
ანიკა ჯერ კიდევ სამსახურში იყო, ლიამმა რომ დაურეკა, ნინას ველაპარაკე და არაფერია საგანგაშოო. თუ რამე იქნება, მე თვითონ შეგეხმიანები, შენ არ იდარდოო. ისე შვებით ამოისუნთქა ამის გაგონებისას, თითქოს გულიდან მძიმე ლოდი მოეხსნა. არა, არაფერი ჰქონდა ნინას პოტენციური შეყვარებულის საწინააღმდეგო, უბრალოდ იცოდა, სანდრო როგორ სერიოზულადაც შეხვდებოდა ამ ამბავს და ამიტომ, თვითონაც აწყობდა, თუ ეს საქმე გადაიდებოდა. ცალკე სამსახური, ცალკე ეს იდუმალი თაყვანისმცემელი, ბავშვები და პლუს ამას, ნამდვილად აღარ სჭირდებოდა ახალი საფიქრალის დამატება.
- ანიკა, ერთი ქალი გელოდებათ. არ ყოფილა ვიზიტზე ჩაწერილი, მაგრამ არ იშლის. არ წავალ, სანამ არ შემიშვებთო! - შეწუხებული სახით შემოვიდა ემა და ანიკას ისეთი თვალებით შეხედა, თითქოს მისი ბრალი ყოფილიყოს რამე.
- ღმერთო, რაღა დღეს მოუნდა ყველას ფსიქოლოგთან ვიზიტი? მგონი, მალე მე თვითონ დამჭირდება ფსიქოლოგი! - სასოწარკვეთილმა ამოიოხრა და სახე მაგიდაზე დაყრდნობილ ხელებში ჩარგო. ისეთი დაღლილი იყო, ნამდვილად არ ჰქონდა ახლა ვინმეს მიღების თავი, მაგრამ ემას სახეზე აშკარად კითხულობდა, რომ სხვა გზა არ იყო...
- გავალ ორი წუთით, სახეზე წყალს შევისხამ და შემოვიდეს მანამდე... - ამოიოხრა ბოლოს და პატარა, დასჯილი ბავშვივით დატოვა კაბინეტი. მას ხომ წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა ხდებოდა სინამდვილეში მის თავს...
* * *
ნინა სახლში იმედგაცრუებული დაბრუნდა. როგორ ელოდებოდა, რომ რამე მოხდებოდა, რამე საინტერესო, მაგრამ არაფერი! საერთოდ არაფერი. როგორ შეიძლება ასე? თუ არ აინტერესებს, სხვანაირად რატომ იქცევა? და თუ აინტერესებს, სად ჯანდაბაშია ამდენ ხანს... ხომ შეიძლება, თუ არ ნახა, მისწეროს მაინც? მართლია, ეს უშედეგო იქნება და პასუხს ვერ მიიღებს, მაგრამ უნდა მისწეროს! მართალია, ნინა ახლა იმ გოგოსავით აზროვნებს, რომელიც ბიჭის ზარს მხოლოდ იმისთვის ელოდება, რომ არ უპასუხოს, მაგრამ ახლა ისე ძალიან უნდა, ლიამის სიტყვები არ გამართლდეს იმასთან დაკავშირებით, რომ ნიკას მალე მობეზრდებოდა, რომ შეიძლება უპასუხოს კიდეც. ღმერთო, სად წავიდა ძველი ნინა? სამეცადინოსთვისაც კი არ მოუკიდია ხელი მთელი დღეა. არა, თავს რამე უნდა მოუხერხოს, თორემ ეს ამბავი ნამდვილად ძალიან ცუდად დამთავრდება...
მობილურის ზარის ხმაზე ისე შეკრთა, სანამ ეკრანს დახედავდა, იგრძნო, როგორ გადაფითრდა და გულიც საგრძნობლად აუჩქარდა, მაგრამ შეცდა. ქეითი ურეკავდა.
- ნინა, მიშველე! - წამოიყვირა ყოველგვარი შესავლის გარეშე და სანამ მისი მეგობარი პანიკის ატეხვას მოასწრებდა, გააგრძელა. - პარასკევის გეგმებმა დღეისთვის გადმოიწია. ჯერ საბილიარდოში მივდივართ, შემდეგ კი მე ჰარისთან ვრჩები!
- მოიცა, მოიცა, დამშვიდდი და დალაგებულად მითხარი, რა ხდება!
- ჩემი და ჰარის მშობლები დაგეგმილზე ადრე გაფრინდნენ და მე მასთან უნდა დავრჩე, როგორც აქამდე ვიყავით შეთანხმებულები! - იმხელა ხმით ლაპარაკობდა და ისე სწრაფად, ნინას ყურიც კი ეტკინა.
- და რა შუაშია ამასთან საბილიარდო?
- ვიღაც იდიოტების ჯგუფმა ჩვენს სკოლაში შეღწევა მოახერხა და იქაურობა დაარბია. კედლები, კარადები, კაბინეტები, ყველაფერი მოხატულია, სკოლის თასები გატეხილი. ყველა ფიქრობს, რომ ჩვენი საფეხბურთო გუნდის კონკურენტების გაკეთებულია.
- და გვასვენებენ?
- კი, მაგრამ მგონი, ვერ გაიგე, რა გითხარი. მე ვრჩები ჰარისთან, მარტო! - ისევ დაიკივლა ქეითმა.
- ჩემთან რომ დარჩე? ან მე დავრჩები შენთან. დავურეკოთ შენებს და ვუთხრათ.
- ჩემები არაფერ შუაში არიან. ენმა მთხოვა, ჰარის ამბავი რომ ვიცი, წვეულებას მოაწყობს და სახლს თავდაყირა დამახვედრებს, ამიტომ მასთან დარჩიო... - აი, ამაზე კი ნინას უკვე სიცილი აუტყდა.
- მაპატიე, მაპატიე. უბრალოდ მართლა სასაცილოა ის, რომ თითქოს შენ დაუშლი ჰარის წვეულების მოწყობას.
- წვეულებას კი არა, სიკვდილის ინსცენირებას მოვუწყობ, თუ სრულიად მარტონი დავრჩებით. გთხოვ, ჩვენთან დარჩი, გეხვეწები!
- როგორ? ჰარის არაფერი უთქვამს...
- ნინა, გთხოვ... საბილიარდოში წამოდი და იქ რამე მოვაწყოთ, რომ შემოგთავაზოს. ან წვეულებაზე დავთანხმდეთ. მიშველე, თორემ ხომ იცი, რაც მოხდება...
- არაფერიც არ მოხდება. ბოლოს და ბოლოს, ერთმანეთს გრძნობებში გამოუტყდებით და ეგ იქნება. და სხვათა შორის, უკვე მართლაა ამის დრო!
- ენას მოგაჭრი ან ქიმიის საკონტროლოს აღარ გადაგაწერინებ!
- კარგი ხო, კარგი, ნუ ხარ პანიკაში! რომელზე გამომივლით? - ბოლოს მაინც დანებდა, შედეგად კი ქეითის კიდევ ერთი, ოღონდ ამჯერად გახარებული წამოკივლება მიიღო.
- ვგიჟდები შენზე! რვისთვის გამოგივლით და იცოდე, მზად იყავი!
* * *
ანიკა კაბინეტში რომ შევიდა, დივანზე უკვე წამოწოლილი დახვდა ქერათმიანი, სახეზე ხელებაფარებული ორსული ქალი. წარბები კი შეეჭმუხნა მისი დანახვისას, რაშია საქმეო, მაგრამ მაინც მშვიდად მიუჯდა გვერდით და ანკეტა მოიმარჯვა.
- გამარჯობა. თავს ცუდად გრძნობთ? - დაიწყო დაზეპირებული ფრაზით, მაგრამ არა გულგრილად. მიუხედავად იმისა, რომ დაღლილობისგან თვალებს ვეღარ ახელდა, ეს მაინც მისი პროფესია იყო, რომელიც ძალიან უყვარდა.
ქალი კი, რატომღაც, სიჩუმეს ინარჩუნებდა, მაგრამ მხრები აუკანკალდა. ტიროდა? რაშია საქმე?
- ძალიან გთხოვთ, დამშვიდდით. რა ხდება? მე დაგეხმარებით, ნუ ტირით... - ანიკამ შეშფოთებულმა წაიღო ხელი, რომ დაემშვიდებინა, მაგრამ სანამ შეეხებოდა, ქერათმიანმა თავი ვეღარ შეიკავა და ისეთი სიცილი ატეხა, იფიქრებდით, გაგიჟდაო. თუმცა ყველაფერი ნათელი გახდა, როდესაც სახიდან ხელები ჩამოიღო და...
- ელე? - წამოიყვირა ანიკამ. - ღმერთო ჩემო, ელენე! - შემდეგ კი ბოლო ხმაზე ახარხარებულ მეგობარს გადაეხვია.
- უნდა მოგესმინა შენი ხმა... -სიცილისგან სულს ძლივს ითქვამდა. - ისეთი შეწუხებული იყავი...
- შენ ხარ გიჟი! ნამდვილი გიჟი! არა, აქ საიდან გაჩნდი, ან რატომ არ მითხარი, ან ეს რამ მოგაფიქრა! ღმერთო, მუცელიც როგორ გაგზრდია. გოგო, შვიდი თვის ორსული ამერიკაში ან როგორ, ან რისთვის ჩამოფრინდი?
- რას ჰქვია, რატომ არ გითხარი! შენი აზრით, ამ შანსს ხელიდან გავუშვებდი?! არა, რა თქმა უნდა! ჩამოსვლას კი რაც შეეხება, ჩემი კოლექცია საკმაოდ პოპულარული გახდა და ერთ-ერთმა სერიოზულმა სააგენტომ შემომთავაზა თანამშრომლობა. ჰოდა, ჩამოვედი! აწი აქაც აღარ მოგეშვები.
- არანორმალური ხარ! საბა? რეზი?
- საბაც ჩემთან ერთად ჩამოვიდა და რეზი ლონდონშია ისევ, სწავლობს.
- არა, ვინ იფიქრებდა, რომ შენი შვილი ასე სერიოზულად მიუდგებოდა სწავლას? - გაეცინა ანიკას. - ვაიმე, ვერ ვიჯერებ, რომ ახლა ჩემ წინ ზიხარ.
- ჰოდა, რომ დაიჯერო, ადექი ახლა, აიღე ნივთები და წავედით! იცოდე, სანდროსთან სიტყვა არ დაგცდეს, რომ ჩამოვედი. საბაც გავაფრთხილე უკვე. საღამოს რომ მოვა, სიურპრიზად უნდა დავხვდე.
- და რამდენი ხნით ჩამოხვედით? - თან ნივთებს აგროვებდა და თან ენას ვერ აჩერებდა. ისეთი გახარებული იყო, სიტყვებით ვერც კი გადმოსცემდა.
- იმდენით, სანამ ნიუ-იორკი არ მომბეზრდება! - თვალი ჩაუკრა ელემ, შემდეგ კი ხელი მოხვია და მასთან ერთად დატოვა ოფისი...
ნათია ჯაგოდნიშვილი
გაგრძელება იქნება