ძნელია, როდესაც ცხოვრების უმეტესი ნაწილის გატარება იმ ადამიანის გარეშე გიწევს, რომელიც შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არავინ მოგატყუოთ და გითხრათ, რომ გათხოვებისა და ბავშვების გაჩენის შემდეგ მეგობრებისათვის დრო ნაკლებად დაგრჩებათ და თქვენი ურთიერთობა მხოლოდ სატელეფონო ზარებით შემოიფარგლება, ისიც ძალზე იშვიათად და მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით.
ჩემი თქმის გარეშეც გეცოდინებათ, რომ თუ მეგობრობა ნამდვილია, მას ვერც მანძილი შეუშლის ხელს და ვერც დრო. ყოველთვის შეიძლება გამოსავლის გამონახვა, თუ ადამიანი შენთვის ძვირფასია. აუცილებლად იპოვი გზას, რომ არ დაკარგო და როდესაც ასე დაუღალავად იბრძვი, თითქოს განგებაც შენს მხარეზე გადმოდის და მთელი სამყარო გეხმარება სასურველი მიზნის მიღწევაში...
სწორედ ასე იყო ელეს შეთხვევაშიც. ანიკასთან ბავშვობიდან მეგობრობდა, მაგრამ ყველაფერი ისე წარიმართა, რომ გაცილებით მეტ დროს ატარებდნენ ერთმანეთის გარეშე, ვიდრე ერთად. თუმცა ამ ყველაფერს ერთი წამითაც არ შეუშლია ხელი და საბოლოოდ, ნიუ-იორკშიც ამოყო თავი. პირველი რეაქცია, როდესაც ამის შესახებ გაიგო, ის კი არ იყო, რომ პროფესიულად საკმაოდ წინ მიიწევდა; არა, პირველად სწორედ ის წამოიკივლა, როგორც იქნა, ანიკას გვერდით ვიქნებიო. როგორ შეიძლებოდა, ეს ორი ადამიანი ამდენი ხნის განმავლობაში ერთად არ ყოფილიყო?..
- კიდევ ვერ გადაწყვიტე, რას არქმევ? - წვენი მოსვა ანიკამ და მეგობარს გაბზეკილ მუცელზე ხელი მოუთათუნა, ელემ კი მხრები აიჩეჩა.
- წარმოდგენა არ მაქვს. ასე მგონია, რომ დავინახავ, თვითონ მიკარნახებს, რა უნდა დავარქვა.
- ელე, გეხვეწები, შენი ექსპრომტულობის იმედადაც ნუ იქნები, ცოდოა ბავშვი! - თვალი ჩაუკრა და ენის გამოყოფაც მიიღო პასუხად. თავს ისე გრძნობდა, თითქოს ისევ თინეიჯერი იყო და თბილისის რომელიმე კაფეში იჯდა მეგობართან ერთად.
- სანდროს ისეთი შოკი უნდა მოვუწყო, ჩემი ჩამოსვლა არასდროს დაავიწყდეს! - ეშმაკურად გაეცინა, თუმცა ანიკა, შეიძლება ითქვას, მაშინვე მიუხვდა ჩანაფიქრს.
- ახლა იმას ნუ მათქმევინებ, ვიღაც ორსული ქალი შემოგვეჭრა და შენს ნახვას მოითხოვს-მეთქი.
- ო, კარგი რა, ანიკა! რატომ არ მაცდი არაფერს?
- მოიცა, სერიოზულად მაგას აპირებდი?
- რატომაც არა? რით ვარ ბარბარაზე ნაკლები! - გაეცინა ელეს, ანიკამ კი, უსიამოვნო მოგონებების გახსენებაზე, თვალები აატრიალა.
უკვე ანდრიაზე იყო მეცხრე თვეში, მაგრამ ბარბარა პერიოდულად მაინც ჩნდებოდა ხოლმე მათ ცხოვრებაში. ხან "სრულიად შემთხვევით" გადაეყრებოდა ხოლმე სადმე, ხანაც "ნომერი ეშლებოდა" და მათთან რეკავდა. ანიკასაც, როგორც ორსულს, ემოციები განსაკუთრებით გამძაფრებული ჰქონდა და ერთხელაც, როდესაც სანდროც გვიანობამდე არ დაბრუნდა და ყურმილის აღებისასაც კიდევ ერთხელ გაიგონა ბარბარას ხმა, ის იყო, გემრიელად გამოლანძღვას აპირებდა, რომ გოგონამ დაასწრო.
- ანიკა, არ გამითიშო! ვიცი, რომ არ მენდობი; ისიც ვიცი, რომ საერთოდაც, ვერ მიტან, მაგრამ მინდა დანაშაული გამოვისყიდო და რაღაც გითხრა...
- ბარბარა, ხომ იცი, რომ შენი სისულელეების არ მჯერა? ტყუილად რატომ იღლი თავს? -ამოიოხრა ანიკამ, თუმცა მოსმენილმა საკმაოდ დააინტრიგა.
- ვიცი, მაგრამ გთხოვ, უბრალოდ მომისმინე... სანდროს ახალი თანამშრომელი, სტეისი, რომ ჩემი მეგობარია, ხომ იცი? ჰოდა, მართალია, ვმეგობრობთ, მაგრამ ვერ მივცემ უფლებას, რომ ბავშვებს მამა წაართვას...
- რას იგონებ? - ეცადა, გულგრილი ხმა ჰქონოდა, მაგრამ სინამდვილეში, ერთი სული ჰქონდა, როდის გაუთიშავდა, რომ სანდროსთან გადაერეკა.
- არაფერს. შენი აზრით, რატომ არ არის ახლა სანდრო სახლში? სტეისისთან ერთადაა... არ ვიცი, რა დაემართა, ჩემს მეგობარსაც ვერაფერს ვაგნებინებ და ჩავთვალე, რომ ყველაფერი უნდა გცოდნოდა. თუ ჩემი არ გჯერა, შეგიძლია ამ მისამართზე მიხვიდე და ყველაფერი შენი თვალით ნახო. გპირდები, თქვენს ცხოვრებაში მეტჯერ აღარ გამოვჩნდები... - შემდეგ კი, მისამართი ნელა უკარნახა და გათიშა.
დაიჯერებთ, რომ გითხრათ, ანიკამ ხელი ჩაიქნია და მშვიდად გააგრძელა სანდროს ლოდინი-მეთქი? რა თქმა უნდა, არ დაიჯერებთ, იმიტომ, რომ კარგად იცნობთ! ზოგადად, არ იყო ეჭვიანი, მაგრამ ორსულობის დროს საკუთარი თავის ცნობაც კი უჭირდა.
- სან, სად ხარ? - გადაურეკა მაშინვე იმ იმედით, რომ პასუხი მოეწონებოდა, თუმცა შეცდა.
- პატარავ, ახლა არ მცალია, მოგვიანებით დაგირეკავ! - და შემდეგ ძვირფასმა მეუღლემ ისე გაუთიშა, რომ კითხვის დასმაც არ აცადა.
აი, აქ კი, ისედაც საკმაოდ გაბერილი ანიკა, კიდევ უფრო გაიბერა და გადაწყვეტილება მაშინვე მიიღო. ემას დაურეკა, სასწრაფო საქმე გამომიჩნდა და თუ შეგიძლია, მოდი, რომ ნინა დაიტოვოო, თვითონ კი, მისი სახლში მოსვლისთანავე გავარდა. იცოდა, რომ ცუდად იქცეოდა და თან ძალიან, მაგრამ ინტერესს მაინც ვერაფერს უხერხებდა. ისედაც არ მოსწონდა ეს სტეისი და ამის მიზეზი მხოლოდ ის არ ყოფილა, რომ ბარბარას მეგობარი იყო. აშკარად ამჩნევდა, როგორ ზედმეტად ეფლირტავებოდა ხოლმე სანდროს და გეფიცებით, სურვილი უჩნდებოდა, მაშინვე თმაში სწვდენოდა.
საკმაოდ ბევრი და უცნაური გზა გაიარა, სანამ დანიშნულების ადგილს მიაღწევდა, მისულმა კი, გაკვირვებულმა მოატარა თვალები. რა უნდოდა სანდროს იმ ალქაჯთან ერთად მოკლული სენატორის საიდუმლო თავშესაფარში? უკან ხომ არ მიბრუნდეს? მაგრამ არა, ისეა დაინტრიგებული, რომ არ შეამოწმოს, აქედან ფეხს ვერ მოიცვლის.
მაქსიმალურად ფრთხილად და უჩუმრად შეიპარა ჩაბნელებულ პირველ სართულზე. მისი ფორმების გამო შეუმჩნევლად დარჩენა, ცოტა არ იყოს, კი გაუჭირდებოდა, მაგრამ სიბნელე ხელს უწყობდა. თითქმის მთელი პირველი სართული მოიარა და რაც უნდა გასაკვირად ჟღერდეს, ინტერიერის შეთვალიერება და შეფასებაც კი მოახერხა. თუმცა, ადამიანის კვალიც კი არსად ჩანდა და ის იყო, ბარბარას გულში ლანძღვით უკან გაბრუნებას აპირებდა, რომ მოესმა ის, რამაც ადგილზე მიყინა.
- სანდრო, ვნერვიულობ! - სტეისის ხელოვნურად დაწვრილებულ ხმას მილიონში გამოარჩევდა.
- დამშვიდდი, ამას პირველად ხომ არ ვაკეთებთ? - რაო? აქ კი ჭყიტა თვალები ანიკამ. რას არ აკეთებენ პირველად?
მეტი ვეღარ მოითმინა და ამორძალივით შეგლიჯა ის კარი, საიდანაც ხმა გამოდიოდა. უკვე ემზადებოდა სკანდალის მოსაწყობად, მაგრამ გაოცებისაგან პირი დააღო, ტყვიაგაუმტარ ჟილეტში გამოწყობილი, იარაღმომარჯვებული სანდრო და ასეთივე ფორმაში, მის უკან მდგარი სტეისი რომ დაინახა.
- შენ აქ რას აკეთებ? - აღმოხდა სანდროს და მაშინვე მიეჭრა. - გაგიჟდი? რა მოხდა?
- ამმ, მე... ბარბარამ დამირეკა... - დამნაშავედ ჩაიბურტყუნა და თავი ჩახარა ანიკამ. ხვდებოდა, რომ კარგი დღე არ დაადგებოდა, მაგრამ იმასაც აცნობიერებდა, რომ სანდროს რისხვისაგან გამობურცული მუცელიც იცავდა, რომლისთვისაც თავისუფლად შეეძლო დაებრალებინა ყველანაირი სულელური საქციელი.
- სანდრო, გამოჩნდა! - გაისმა რაციაში ჯარედის ხმა და ანიკამ კიდევ ერთხელ იკბინა ტუჩზე იმის გააზრებისას, რომ სპეცოპერაციაზე ამოყო თავი.
- იცოდე, ფეხიც არ მოიცვალო აქედან! - თვალები დაუბრიალა ბიჭმა, შემდეგ სტეისის თავით ანიშნა, გავედითო, იარაღი გადატენა და წიხლით გაგლიჯა მთავარ დარბაზში გასასვლელი კარი.
ყველაფერი ისე განვითარდა, როგორც მძაფრსიუჟეტიან დეტექტივებში ხდება ხოლმე. სროლა, ყვირილი, კოდური შეძახილები, დამნაშავის აყვანა, ერთი-ორი უწმაწური წამოძახილიც. ოღონდ ფილმებში ასეთ დროს არასდროს ეწყება ხოლმე ქალს მშობიარობა, განსაკუთრბით კი მაშინ, როდესაც მისი ქმარი სენატორის მკვლელს ხელბორკილს ადებს.
ანიკა მაქსიმალურად ცდილობდა, რომ არაფერი შეემჩნია და მშვიდად დარჩენილიყო, მით უმეტეს, რომ მშობიარობამდე კიდევ ორი კვირა ჰქონდა დარჩენილი, მაგრამ ტკივილი კიდევ უფრო ემატებოდა და როდესაც ყველაფერი დასრულდა და სანდრო უკან დაბრუნდა წეღანდელის გასარკვევად, დაინახა, როგორი გადაფითრებული და შეწუხებული სახით იდგა გოგონა.
- სანდრო, დაიწყო! - ანიკამ, მისი დანახვით დაიმედებულმა, ხმამაღლა წამოიძახა და რამდენიმე წამში უკვე მეუღლის მკლავებში მოთავსებული მიემართებოდა მანქანისაკენ. სწორედ ასე დაიბადა ანდრია...
- ანიკა, არ მისმენ? - თვალები აატრიალა ელემ და ისიც მაშინვე გამოერკვა მოგონებებიდან.
- მაპატიე, ანდრიას დაბადება გამახსენდა, ბარბარა რომ ახსენე...
- ჰმ, რა გინდა, ეგ გოგო ნამდვილად დაგეხმარა იმაში, რომ ყველაზე ექსტრემალურ გარემოში დაგწყებოდა მშობიარობა! - გაეცინა ქერათმიანს და შემდეგ ისევ თავის გეგმას მიუბრუნდა. - მოკლედ, სანდროს უნდა უთხრა, რომ გამოჩნდა ადამიანი, რომელიც დენიელის ბავშვს ელოდება და შენ გადაწყვიტე ამ "პრობლემის" ისე მოგვარება, რომ ლუსი არ ანერვიულო.
- გოგო, შენ სულ გაგიჟდი? - სიცილით გადაიქნია თავი ანიკამ, თუმცა კარგად იცოდა, რომ ელეს გადარწმუნებას ვერაფრის დიდებით ვერ მოახერხებდა.
უყვარდა ეს გოგო, თან ძალიან და მზად იყო, მასთან ერთად ნებისმიერი სიგიჟე გაეკეთებინა...
* * *
ქეითი ნერვიულობისაგან ტუჩებს იჭამდა, ჰარის მესიჯი რომ მიუვიდა, ჩამოდი, გელოდებიო. ნინას სახლი შორს არ იყო, მაგრამ მანქანაში ჰარისთან მარტო ჯდომა, თუნდაც მცირე მანძილზე, მაინც არ ესახებოდა სასიამოვნო პერსპექტივად. თუმცა, დროს დიდხანს მაინც ვერ გაწელავდა და ამიტომ გრძელჯაჭვიანი ჩანთა ცალ მხარზე გადაიკიდა და სწრაფადვე ჩაირბინა. უკვე ელოდებოდა, როგორ დაინახავდა მანქანაზე მიყუდებულ, ჯიბეებში ხელებჩაწყობილ, თმააწეწილ ჰაროლდს, თუმცა ბიჭი მანქანის ნაცვლად გარე განათების ბოძს ეყუდებოდა და ისე უღიმოდა.
- რა უყავი შენი აუდი?
- გმადლობ, ქეით, მეც კარგად ვარ! - გაეცინა ჰარის, შემდეგ კი გადაკოცნა.
- მოიცა, ფეხით მივდივართ? მართლა?
- ნინას სახლამდე კი და მერე ტაქსით. აბა, დალევას ვაპირებ მე! - გაეცინა ბიჭს და ქეითის გულმა ორმაგი სალტოთი მოადინა მუცელში ზღართანი. ჰარისთან სახლში მარტო დარჩენა არ ეყოფოდა და ახლა ამას მთვრალი ჰარიც დაემატა? ღმერთო, შენ უშველე!
გზა ისეთი ჩუმი გამოდგა, იფიქრებდით, ბავშვობის მეგობრები კი არა, ორი, სრულიად უცხო ადამიანი მოუყვება ქუჩასო. არადა, არც ერთი არ იყო ასეთი ტიპი და ვერ გაეგოთ, ერთად ყოფნისას რა ემართებოდათ. ქეითსაც ჰყოლია შეყვარებული და ჰარი ხომ საერთოდ, ყოველ კვირას ახალ გოგოსთან ერთად ჩნდებოდა. თითქოს, ზედმეტად მექალთანე იყო, მაგრამ ვერც გაიგო, ისე შეუყვარდა ქეითი. თავიდან ფიქრობდა, რომ უბრალოდ აჭარბებდა, იგონებდა, მაგრამ შემდეგ, როდესაც მის გვერდით სხვა ბიჭის დანახვისასაც კი ხელები ემუშტებოდა, მიხვდა, რომ ეს მეგობრული ეჭვიანობა არ იყო და აღარც ქეითს თვლიდა მხოლოდ მეგობრად.
- რა ძალიან ცივა... - ჩაიბურტყუნა გოგონამ, ნინას სახლთან რომ მივიდნენ და შეტყობინება გაუგზავნეს. ვერ იტანდა დაძაბულ სიჩუმეს, მით უმეტეს, ჰარისთან.
- მოდი! - გაუცინა ბიჭმა, ქურთუკი ჩაიხსნა და ანიშნა, რომ ჩახუტებოდა. მოიცათ, სერიოზულად ამბობს? ნეტავ პიროვნების გაორება ხომ არ აქვს?
ქეითმა მხრები აიჩეჩა, რატომაც არაო, ქვეცნობიერი დაარწმუნა, რომ ამას მხოლოდ აუტანელი სიცივის გამო აკეთებდა და შემდეგ ჰარის ქურთუკის შიგნიდან, წელზე შემოხვია ხელები და მთელი ტანით აეკრა. გააზრებაც ვერ მოსწრო, გული ისე აუჩქარდა და ეს არც ჰარის გამოჰპარვია, თუმცა თვითონაც იგივე დღეში იყო. შეიძლება ითქვას, უარესშიც. ქეითს თავი მის მხარზე ედო და სულ ოდნავ ეხებოდა ტუჩებით კისერზე, ჰარი კი მაქსიმალურად ცდილობდა თვითკონტროლის აღდგენას, თუმცა სურვილი ისეთი დიდი იყო, საკუთარ თავთან წინააღმდეგობის გაწევა ძალიან უჭირდა. მკლავებში ჰყავდა მოქცეული გოგო, რომელიც სიგიჟემდე უყვარდა და ვერაფერს აკეთებდა! არა, ჰაროლდ, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.
აუჩქარებლად დახარა თავი, ქეითს კი ნიკაპში წაავლო ხელი და სახე ოდნავ ააწევინა. იგრძნო, როგორ გააკანკალა გოგონას, თუმცა გაჩერებას აღარ აპირებდა. მაქსიმალური თავდაჭერილობით მიუახლოვდა სანატრელ ტუჩებს და ისე ფრთხილად შეეხო, იფიქრებდით, ეშინია, არაფერი ატკინოსო. თითქოს ფაიფურის იყო და ოდნავი ზედმეტი შეხებაც კი რამეს დაუზიანებდა.
გქონიათ ისეთი შეგრძნება, დიდი ხნის ნანატრი რომ აგისრულდებათ და ემოციისაგან გული ყელში გებჯინებათ? თითქოს პატარა ჩიტი გაგეჩხირათ და ამოსაფრენად ფართხალებს. სწორედ ასე გრძნობდა თავს ქეითიც და უკვე ზუსტად იცოდა, ვეღარასოდეს შეძლებდა თავი დაერწმუნებინა და შეეხედა ჰარისათვის, როგორც მხოლოდ მეგობრისთვის...
* * *
- აკოცეს! - აჭყლოპინდა გახარებული ლიზა და ნინას დროზე რომ არ დაებრიალებინა თვალები, ტაშსაც დიდი სიამოვნებით შემოჰკრავდა. უფროს დაიკოსთან ერთად მიეჭყლიტა ცხვირი მინაზე და ისეთი ინტერესით იყურებოდა, თითქოს სიკვდილ-სიცოცხლის ამბავი წყდებოდა. ბოლოს, აღფრთოვანებულმა, ნინას ხელიც კი გაუშვირა, დაარტყიო და როდესაც სურვილი შეუსრულდა, თავი უკვე ყველაზე დიდი გოგო ეგონა.
- გეხვეწები, იქიდანაც მომწერე, თუ რამეს გაიგებ, რა! - ცერი და საჩვენებელი თითებით გამოიწია კისერი და ნინამ თავი ვერ შეიკავა, რომ არ ეკოცნა. ამ ბავშვს ჭკუიდან გადაჰყავდა!
- იცოდე, ჭკვიანად იყავი და ჩემი ქუსლიანებით იმდენსაც ნუ ივლი, რომ ძირი გააგდებინო! -თვალის ჩაკვრითა და თითის ქნევით დაარიგა, შემდეგ მისაღებში შეიხედა, მამას დაუბარა, მივდივარო და გავიდა. უკვე კი იცოდა, რომ მისი ჰარისთან დარჩენის საჭიროება აღარ არსებობდა, მაგრამ მხოლოდ ამისთვის ხომ არ მიდიოდა? თვითონაც გაერთობოდა, გულს გადააყოლებდა და ეცდებოდა, ყოველ წამს მობილურის ეკრანის აციმციმებას არ დალოდებოდა...
ნინა რომ გარეთ გავიდა, ჰარი და ქეითი დენდარტყმულებივით მოშორდნენ ერთმანეთს და თავი ძლივს შეიკავა, რომ არ გასცინებოდა. კარგადაც გამოუვიდა და ისე მშვიდად გადაკოცნა, არც ერთს ეჭვიც არ შეჰპარვია, რომ წუთის წინ თითქმის პოპკორნმომარჯვებული აკვირდებოდა მოვლენების განვითარებას.
- უმანქანოდ რატომ ხარ?
- შენ და ქეითს მგონი ჩემი გამოვლა მხოლოდ მანქანის გამო გინდოდათ! - თვალები აატრიალა ჰარიმ და მისდა ბედად გამოჩენილი ტაქსი გააჩერა. - დაბრძანდით, ქალბატონებო! - შემდეგ კი უკანა კარი გამოხსნა და რევერანსით ანიშნა, რომ ადგილები დაეკავებინათ. აშკარად ზედმეტად იყო გამხიარულებული. ჰმ, ნეტავ რატომ?!
- "სოლასში", პირდაპირი მიმართულებით! - მძღოლსაც კი გაეკრიჭა, მისამართი რომ უკარნახა და შემდეგ კმაყოფილი სახით გადაიჭირა ღვედი...
* * *
სიმართლე ითქვას, ასეთ გართობაზე არ გიჟდებოდა, მაგრამ მეგობრებთან ერთად ბილიარდის თამაშიც შეიძლებოდა ხანდახან. მართალია, კლუბებსა და კარტინგებს ვერ შეედრებოდა, მაგრამ ამასაც არა უშავდა. თან „სოლასი“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საბილიარდო იყო ნიუ-იორკში და არც გოგონების ნაკლებობას უჩიოდა. თუ თამაშით ვერ გაერთობოდა, შემდეგ უკვე სხვა, მისთვის უფრო საინტერესო და მიმზიდველ სათამაშოებზე გადავიდოდა.
- ჰეი, შენი ჯერია! - თვალები აატრიალა პოლმა და კიი მიაწოდა, თვითონ კი უბრალოდ ახალგამოღვიძებულივით ჭყიტა თვალები, მაგიდას ცალი იდაყვით დაეყრდნო, შავი ბურთი მიზანში ამოიღო და რამდენიმე წამში ბადეშიც ამოაყოფინა თავი. ვერაფერს ვიტყვით, მიზანი მართლაც ზუსტი ჰქონდა და თან, ყველაფერში...
- ესეც ჩვენი კიდევ ერთი ქულა! - თვითკმაყოფილმა ჩაიცინა ჯეიმიმ და მეგობარს ხელი გაუწოდა დასარტყმელად.
- კიდევ რამეს ხომ არ დაამატებთ? - ამასობაში მოკლე ქვედაბოლოსა და გამომწვევ მაისურში გამოწყობილი გოგონაც მიუახლოვდათ და იქვე, პატარა მაგიდაზე დახვავებულ სასმელსა და მისაყოლებელზე ანიშნა. უნდა ვაღიაროთ, სულაც არ ახარებდა ნახევრად შიშველს სიარული და ისედაც მთვრალი კაცებისათვის კიდევ უფრო მეტი სასმლის შეთავაზება, მაგრამ სწორედ ეს იყო მისი სამსახური და ხელფასზე ბონუსებიც გაყიდული პროდუქციის ხარჯზე ერიცხებოდა...
- ერთი ჯეკი! - ცარიელ ბოთლზე ანიშნა პოლმა. ტაილერმა თვალი ჩაუკრა, ნიკამ კი თავი გადააქნია, ტეკილის ცარიელი ჭიქა ასწია და იგივეო, ღიმილით სთხოვა. ყოველთვის ეხერხებოდა ქალებთან ურთიერთობა.
- ოჰო, ჩვენი მოპირდაპირე მაგიდაც დაიკავეს! - წაუსტვინა ტაილერმა ახლად შემოსული გოგონების დანახვაზე და მათი თანმხლებები არც კი შეიმჩნია.
- მგონი, ცოტა ხანში თამაში უფრო აზარტული გახდება! - გაეცინა პოლსაც და ბურთი ბადეში ისე მოათავსა, გრძელი, წაბლისფერთმიანი გოგონასათვის თვალი არ მოუშორებია.
- ბიჭებთან ერთად არიან! - სასხვათაშორისოდ შენიშნა ჯეიმიმ და ახლა მან მოიმარჯვა კიი, ნიკამ კი, ის იყო, იმის სათქმელად შეტრიალებულმა, ეგ როდის მერე წარმოადგენს პრობლემასო, ისეთი ვიღაც დაინახა, წარბები თავისდაუნებურად აეზიდა და ტუჩებიც კმაყოფილმა ღიმილმა გაუწელა. საინტერესოა, რა ესაქმება ამ პატარა წმინდანს აქ?
To: Nina
„კიის ჭერა იცი თუ მასტერკლასი გჭირდება ჩემნაირი ყოვლისმცოდნე ადამიანისგან? ;)
P.S. არც ისეთი უჟმური ყოფილხარ, მე რომ მეგონე...“
გააგზავნა და აუღელვებლად მოსვა აწ უკვე შევსებული ტეკილა, შემდეგ კი ღიმილი ვერ შეიკავა, როდესაც გოგონას გაფართოებული თვალები დაინახა. ისე სასაცილოდ მოატარა მთელ დარბაზს მზერა, იფიქრებდით, რომ ვიღაც მანიაკმა მისწერა. შემდეგ კი, როდესაც „თვითკმაყოფილი იდიოტი“ დაინახა, წამიერად, თითქოს სუნთქვაც შეეკრა. ნიკას გაეცინა მის სახეზე, თვალი ჩაუკრა და ჭიქა შემართა, შემდეგ კი მშვიდად გაემართა მისკენ.
- და კიდევ უარყოფ, რომ მითვალთვალებ? - თვალებს აკვესებდა ნინა. ბიჭი მიუახლოვდა თუ არა, მაშინვე მკლავში ხელი ჩაავლო და მოშორებით გაიყვანა, რომ მის მეგობრებს არ დაენახათ.
- შენ მოხვედი იქ, სადაც მე უკვე ორი საათია ვარ და კიდევ მე გითვალთვალებ? -გულწრფელად გაოცდა. - რატომ ფიქრობ, რომ შენს მეტი საქმე არ მაქვს? - და აი, ზუსტად მიზანში მოარტყა... გოგონამ მაშინვე გააღო პირი რაღაცის სათქმელად, მაგრამ შემდეგ ნაპირზე ამომხტარ თევზს დაემსგავსა და ისევ დახურა. რა უნდა ეთქვა? პარანოია მჭირს და ყველაფერი ამის ბრალიაო?
- მესიჯი რაღატომ გამომიგზავნე? - ჩაეჭიდა საბოლოო არგუმენტს.
- ხომ იცი, როგორი კეთილი გული მაქვს, ვიფიქრე, დავეხმარები-მეთქი! - ცალყბად გაუღიმა და ნინას ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ნაწლავები რაღაცამ ჩაუწყვიტა. ჰმ, არადა, ამბობენ, ასეთ დროს პეპლების ფრენას გრძნობენო, მაგრამ პეპლები კი არა, მგონი, ეს მთელი საბრძოლო არტილერია უფრო იყო.
- სხვათა შორის, ბიჭებიც გვახლავს და შენი დახმარება სულაც არ მჭირდება, ბავშვობიდან ვთამაშობ ბილიარდს! - ნიშნისმოგებით აუწია წარბი ნინამ, თუმცა ნიკას პასუხმა ისევ მდუღარე გადაასხა.
- თუ ბავშვობიდან თამაშობ, იმის ხაზგასმა რაღა საჭირო იყო, რომ ბიჭები გახლავთ? თუ ფიქრობ, რომ ვერ შევნიშნე?
- მე, უბრალოდ... - აი, აქ კი საბოლოოდ დაიბნა და სახეზეც ისე აწითლდა, ბიჭს წამიერად შეეცოდა კიდეც, მაგრამ ამ შანსს ხელიდან ვერ გაუშვებდა. ნინას წვალება აშკარად მის საყვარელ საქმიანობად ქცეულიყო.
- შენ უბრალოდ გადაწყვიტე, რომ გეეჭვიანებინე, მაგრამ იმედი უნდა გაგიცრუო... ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს! - ლოყაზე უჩქმიტა, ღიმილით გაეცალა და მიუხედავად იმისა, რომ ვერ ხედავდა, მაინც ზუსტად იცოდა, როგორი აწითლებული, თვალებგაფართოებული და გულაჩქარებული იდგა გოგონა იმავე ადგილას, სადაც დატოვა...
- ეს არის... - შეუმჩნევლად გადაულაპარაკა ჯეიმის, სათამაშო მაგიდასთან რომ დაბრუნდა და მზერით ნინაზე ანიშნა, ბიჭმა კი ცერად გახედა და მოწონების ნიშნად, ტუჩები აატრიალა.
- როდის აქეთ გადახვედი ბავშვებზე?
- არც გადავსულვარ, უბრალოდ ვერთობი, ასეთები ჩემს გემოვნებაში არ ჯდებიან! - უპასუხა უდარდელად, შემდეგ კი ტაილერს გახედა. - არ გინდა, იმათ ვეთამაშოთ? - და მათ მოპირდაპირე მაგიდაზე ანიშნა, რომელთანაც ნინა და კიდევ ერთი გოგო, რომელიც სკოლიდან ახსოვდა, უკვე აღარ იდგნენ...
ნათია ჯაგოდნიშვილი
გაგრძელება იქნება