- ნინა, დამშვიდდი და ნუ ხარ პანიკაში! - ქეითმა მეგობრის სახე ხელებში მოიქცია და ეცადა, როგორმე დაემშვიდებინა, თუმცა ეს აშკარად არ გამოსდიოდა.
- ნამდვილი სულელივით გამომივიდა! ჰგონია, რომ მასზე ჭკუას ვკარგავ. ვერ ვიტან, როცა ისე მიყურებს, როგორ ნებისმიერ გოგოს კლუბიდან.
- ჰეი, თავი ხელში აიყვანე! რა გჭირს? „სოლასი“ ნებისმიერისათვის ღიაა და არც ეს დამთხვევა ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად რაღაც არსებობს. საერთოდ ნუ შეიმჩნევ მის არსებობას. რაც უფრო მეტად გაამახვილებ ყურადღებას, მით უფრო მიახვედრებ, როგორ გაღელვებს.
- არ მაღელვებს! - წამოძახა სასწრაფოდ, თუმცა პასუხად მხოლოდ სიცილი მიიღო.
- მიდი, სახეზე წყალი შეისხი და გარეთ გავიდეთ, თორემ უჩვენოდ დაიწყებენ თამაშს.
- ხომ არ მივწერო, არ ვიცოდი, აქ თუ იქნებოდით-მეთქი? ყოველი შემთხვევისთვის...
- ნინა! - ქეითმა საბოლოოდ დაუბრიალა თვალები და გოგონამაც თავის დაქნევით ანიშნა, გნებდებიო, შემდეგ კი მისი რჩევა გაითვალისწინა და ხელები ცივ წყალს შეუშვირა. ახლა გამოფხიზლება მართლაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა...
* * *
- ჰეი, არ შემოგვიერთდებით? - თვითკმაყოფილი ღიმილით სახედამშვენებული მიუახლოვდა ტაილერი მოპირდაპირე მაგიდას და კიი ხელში შეათამაშა.
- მოგვბეზრდა უკონკურენტოდ თამაში... - ჩაეცინა ჯეიმისაც, ჰარიმ კი ადამსა და ლიამს გადახედა, სანამ პასუხს გასცემდა.
- საპრიზო ფონდის გარეშე თამაშსაც არ აქვს დიდი ინტერესი... - დაასწრო ლიამმა, ნიკამ კი მასში ის ბიჭი იცნო, ვის სახლამდეც სდია ნინას.
- თითო გუნდი დასაწყისისთვის ოც დოლარს ჩამოვიდეს! - გადაწყვიტა პოლმა და საბოლოოდ შეთანხმდნენ კიდეც. ის და ტაილერი ერთად იქნებოდნენ, ისევე, როგორც ნიკა და ჯეიმი. ლიამმა მია აიყვანა, რა თქმა უნდა, ლილიმ გამოაცხადა, მე ასე არ მინდა, მაინც წავაგებო და შესაბამისად, ჰარი და ადამიც წყვილში დარჩნენ.
- მგონი, კიდევ გვაკლია ვიღაც, არა? -„გულწრფელი ცნობისმოყვარეობით“ იკითხა ნიკამ და ამასობაში ქეითი და ნინაც დაბრუნდნენ საპირფარეშოდან. - აი, სწორედ ამას ვგულისხმობდი.
- შენ აქ რას აკეთებ? - მაინც ვერ შეიკავა თავი ნინამ, ყველაზე საინტერესო კითხვა რომ არ დაესვა, თუმცა სცენების მოწყობას არ აპირებდა და ძალად გაღიმებული სახით უჩურჩულა ქართულად.
- მომენატრე! - გაეცინა ბიჭს, შემდეგ კი კიი მოიმარჯვა, როგორც ჩანს, სამკუთხედის დაშლის პატივი მე მხვდა წილადო და პირველივე ცდაზე მოათავსა მწვანე ბურთი ბადეში.
ნინამაც უარი თქვა თამაშზე და ლილის მიუჯდა ბარის მაგიდასთან, ქეითი კი ჰარისა და ადამს დასტრიალებდა, გამხნევება სჭირდებათო. ისეთი საყვარელი იყო. ცდილობდა, არაფერი შეემჩნია, თითქოს წეღანდელი კოცნა არც ყოფილა, მაგრამ ჰარის უახლოვდებოდა თუ არა, მაშინვე წითლდებოდა.
- წააგებენ ჩვენები... - ამოიოხრა ლილიმ და მოხიტო მოწრუპა, ნინამ კი გაკვირვებულმა გადახედა. როდის მერე გახდა ეს გოგო ასეთი პესიმისტი? და თან მაშინ, როცა საქმე მის შეყვარებულს ეხება.
- რატომ უნდა წააგონ. მია კარგად კი ვერ თამაშობს, მაგრამ ლიამი ეხმარება და ბიჭებმა ხომ ისედაც იციან!
- ლიამმა, ისე თამაშს აზრი არ აქვსო და ფულზე დანაძლევდნენ... - კიდევ ერთხელ ამოიოხრა გოგონამ.
რაო? რას ნიშნავს ფულზე? როდის მერე თამაშობდნენ ბიჭები ასე? ლიამი რაღამ გადარია? ჯანდაბა, ნუთუ ასე იდიოტურად ცდილობს მიაზე შთაბეჭდილების მოხდენას? ხომ იცის, რომ ჯასტინი უყვარს?
- ლიამ, ერთი წუთით! - მაშინვე მიეჭრა მაგიდასთან და უნდოდა გაეყვანა, რომ დალაპარაკებოდა, მაგრამ ნიკამ ამჯერადაც მოახერხა ხელის შეშლა.
- ჰეი, ვთამაშობთ და თუ არ გინდა, რომ შენმა ბიჭმა მეორე შანსიც გაუშვას და საბოლოოდ გამოგვეთიშოს, ცოტა ხანს მოითმინე! - წამოიძახა ვითომ აღშფოთებულმა, მაგრამ სინამდვილეში ღიმილს ძლივს იკავებდა. აი, ადამმა და ჰარიმ კი კარგად ჩაიფხუკუნეს ამის გაგონებისას, მაგრამ მალევე გაჩერდნენ, რადგან ნინა უკვე თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა.
- რამე სასწრაფოა? - მაინც ჰკითხა ლიამმა, მიუხედავად იმისა, რომ იდაყვით უკვე მწვანეხავერდიან მაგიდას ეყრდნობოდა. ამაზე კიდევ უფრო მოეშალა ნერვები, ბურთებს მიხედეო, შეუღრინა და გაბრაზებული დაუბრუნდა ბარის მაგიდას. არა, სულ გააგიჟა ეს ბიჭი სიყვარულმა!
From: Daddy ;)
„კარგი გოგონები კოქტეილს სვამენ. ცუდები „სექსს პლაჟზე“, ჭკვიანები კი ვისკის...
P.S. ბავშვები - წვენს“
ნინა საერთოდ გააცოფა ამ შეტყობინებამ. კინაღამ ანანასის წვენიც კი გადასცდა და როდესაც პოსტ-სკრიპტუმის შინაარსი გაიაზრა, ჭიქა სასწრაფოდ დააბრუნა ბარის მაგიდაზე და ლილის გახედა:
- რას სვამ?
- მოხიტოს. ყველაზე კარგად აქ ამზადებენ, მაგრამ უკვე ვიცი, რომ არ უნდა შემოგთავაზო! - გაეცინა გოგონას და ცერა და შუათითების დახმარებით ხმამაღლა წაუსტვინა - ადამმა კიდევ ერთი ბურთი ჩააგდო.
- მოდი, ტრადიცია დავარღვიოთ! - სპეციალურად ხმამაღლა გაიცინა ნინამ, მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო, ბარმენისკენ გადაიხარა და თვალების ფახულით შეუკვეთა კიდევ ერთი მოხიტო. მიუხედავად იმისა, რომ ამის გაკეთებისას გული და მუხლები ერთნაირად უკანკალებდა, მაინც არ შეიმჩნია და როდესაც ნიკას გაოგნებული მზერა დააფიქსირა, კმაყოფილმა მოწრუპა სასმელი.
საღამო სულაც არ წარიმართა ისე, როგორც გეგმავდნენ. ქეითს აქ მოსვლამდე გული უსკდებოდა, ეგონა, რომ ჰარი რამეს ეტყოდა ან შეიმჩნევდა, მაგრამ არა. მხოლოდ შიგადაშიგ გახედავდა ხოლმე, ბურთის ჩაგდებისა და ყელის ალკოჰოლით ჩაწვის პარალელურად. თითქოს საერთოდ არ მომხდარიყოს ის, რაც მოხდა... მაგრამ იქნებ ასე ჯობდა? ჯობდა, არც ერთს არ შეემჩნია და გაეგრძელებინათ ურთიერთობა ისე, როგორც მეგობრებს. ბავშვობიდან ხომ ამ სტატუსით მოდიოდნენ ყოველთვის...
- მე და ლიზიკომ დაგინახეთ... - გვერდით ამოუდგა ნინა და ღიმილით უჩურჩულა, ქეითმა კი ამის გაგონებისას თვალები ჭყიტა და შეშინებულმა გახედა.
- ეს...
- ის არ იყო, რაც ჩვენ გვეგონა? - გაეცინა და შეუმჩნევლად გააპარა თვალი ჰარისკენ. -უყვარხარ, ქეით, დამიჯერე.
- რა სისულელეა! ვერ ხედავ, როგორ იქცევა? თითქოს არც კი ვარ აქ.
- შემახსენე, გასულ პარასკევს რომელ ფილმს ვუყურეთ?
- რა შუაშია?
- შემახსენე! - თვალები დაუბრიალა და ქეითმაც თავის გადაქნევით ამოიბუზღუნა:
- „სიყვარულით, როუზი“. მერე?
- მერე არაფერს გეუბნება ის, ჰარიმ რომ გითხრა, ყოველთვის მესმოდა ამ ბიჭისო? ბიჭის, რომელსაც ბავშვობის მეგობარი უყვარდება და ამის დასაფარად ყველაზე მაგარ გოგონებს აბამს. კიდევ როგორღა უნდა მიგანიშნოს?
- ნინა, არ მჭირდება მინიშნებები. მინდა, რომ მოვიდეს და მითხრას. მძულს, როდესაც აღფრთოვანებული მიყვება ხოლმე, როგორი მაგარი გოგო გაიცნო გუშინ და რა მალე მოახერხა მისი სასტუმროს ნომერში შეტყუება... - ისე დაიჯღანა, თითქოს საკანალიზაციო მილში ჩააგდესო, ნინას კი ამაზე კიდევ უფრო გაეცინა და მეგობარი ცალი მხრით მიიხუტა.
- სხვათა შორის, ეჭვიანობა რომ ერთ-ერთი საუკეთესო ხერხია, ჩემზე კარგად ეგ შენ იცი.
- და რა გავაკეთო?
- ამჯერად დადგა დრო, რომ მე გავაკეთო შენთვის რაღაც! - თვალი ჩაუკრა და ცხოვრებაში პირველად გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომელსაც იცოდა, რომ ინანებდა. მაგრამ ეს მეგობრისთვის უნდა გაეკეთებინა. ქეითი ხომ ყოველთვის მის გვერდით იყო, როცა დახმარება სჭირდებოდა...
- ჩვენც გვინდა თამაში, მოდით, წყვილები ავრიოთ!
- ოუ, ნინა! მოხიტო ბევრი ხომ არ მოგივიდა? - გაეცინა ნიკას და ლიამის მზერაც მაშინვე მიიპყრო, მაგრამ ყურადღება არ მიაქცია და ისე გააგრძელა. - თქვენ ჩვენს თამაშს აკვირდებოდით, ასე რომ, თუ შემოსვლა გინდათ, მათ წყვილში ვერ იქნებით! - შემდეგ კი თავით კონკურენტებისკენ ანიშნა და ნინა მიხვდა, რომ მისი ანკესზე წამოცმა გაცილებით ადვილი იყო, ვიდრე ეგონა. ზუსტად ეს სჭირდებოდა ახლა - ჰარის ეჭვიანობა ამ თვითკმაყოფილი ხეპრეს რომელიმე სიმპათიური ძმაკაცის დახმარებით.
- ქეითი, ხომ? - ოდნავ თვალებმოხუჭული ღიმილით მიუახლოვდა ნიკას მეწყვილე და გოგონამაც ამაყად დაუქნია თავი. ჯერ სად ხარ, ჰაროლდ, ახლა ნახე, როგორ უნდა დაიგნორება!
- ჩემმა მეწყვილემ მიმატოვა, მე კი თამაშის გაგრძელება მინდა. ასე რომ, უნდა შემომიერთდე! - და აი, ნინამაც მოისმინა ის, რისი გაგონებაც ძალიან, ძალიან არ უნდოდა, სინამდვილეში კი, ერთი სული ჰქონდა, როდის ეტყოდა ნიკა ამას.
- წინასწარ გაფრთხილებ, კარგად ვერ ვთამაშობ... - ამასობაში ქეითიც აჰყვა ნინას გეგმას და თქვა ისეთი ტყუილი, რომლის გაგონებისასაც ჰარიმ გაკვირვებულმა ასწია თავი და ცოტა არ იყოს, შოკირებულმა გახედა.
- არა უშავს, ყველაფერს გასწავლი... - კმაყოფილს ჩაეღიმა ჯეიმის, გოგონას წელზე ხელი მოხვია და ისე მიიყვანა ბილიარდის მაგიდასთან.
- რა ჩაიფიქრე? - ნინას ჟრუანტელმა დაუარა, როცა ხითხითით წარმოთქმული ეს ფრაზა გაიგონა. ეს ხმა ისეთი, ისეთი საყვარელი იყო... პირველად იგრძნო მუცელში ავიაციური ძალების ნაცვლად, პეპლების აფრენა.
- ვერ ვხვდები, რას გულისხმობ... - მხრები აიჩეჩა, ვითომც არაფერიაო, შემდეგ კი ბარმენს გახედა და ჭიქა აუწია, იმის ნიშნად, რომ კიდევ შეევსოთ. ცოტა არ იყოს, უცნაურად გრძნობდა თავს ამ ამპლუაში, მაგრამ საჭირო იყო, მოერგო.
- ჩემს შეტყობინებაში მოხიტო არ იყო ნახსენები.
- მეგონა, უკვე მიხვდი, რომ შენი შეტყობინებების მიხედვით სულაც არ ვმოქმედებ! - თვალი ჩაუკრა ნინამ და საპასუხო ღიმილის დანახვისას მუხლებში ისეთი სისუსტე იგრძნო, სასწრაფოდ მაგიდას რომ არ დაყრდნობოდა, ალბათ თავსაც გაყიდდა.
- მგონი, დროა, თამაში გავაგრძელოთ! - ამოიღრინა ჰარიმ, ჯეიმიმ კი, რატომაც არაო და კიი ქეითს გაუწოდა.
- რისთვის გჭირდება ეს ყველაფერი? - მაინც არ მოეშვა ნიკა. ხვდებოდა, რომ ასე უბრალოდ ნინა არ მოინდომებდა თამაშს და თანაც - მის მეწყვილედ ყოფნას.
- შენ გგონია, სპექტაკლებს ვდგამ, რომ შენ გვერდით ვიყო? რატომ გაქვს საკუთარ თავზე ამხელა წარმოდგენა? - გაუმეორა ადრე ნათქვამი თავისივე სიტყვები და გაუცინა, ბიჭმა კი უბრალოდ სიცილით თავი გადაიქნია, შემდეგ ჭიქა გამოართვა, ერთ ყლუპად გამოცალა და თავისი გაუწოდა.
- დროა, ვისკი გასინჯო!
* * *
ანიკა მისაღებში წინ და უკან მოუთმენლად დადიოდა და თან ელეს უყურებდა გამკიცხავი სახით, რომ მის პროვოკაციას აჰყვა და ახლა სანდროსთვის ასეთი რამის მოწყობას აპირებდა. არა, უნდა ვაღიაროთ, თვითონაც უნდოდა სანახაობის ნახვა, მაგრამ მოსალოდნელი რეაქცია ცოტათი მაინც აშინებდა.
- ანიკა, თავბრუ დამეხვა! - თვალები აატრიალა ელემ. - და სად არის შენი კაცი ამდენ ხანს!
- სად არის, არ ვიცი, მაგრამ რომ გაიგებს, რის გამო გამოვაქციე თათბირიდან, ჯერ მე მომკლავს და მერე შენ!
- ნუ ხარ პანიკიორი! - გაეცინა და გამობზეკილ მუცელზე ხელი მოისვა, შემდეგ კი მეგობარს გახედა. - პოპკორნი არ გინდა?
- გეფიცები, ერთხელაც იქნება, შემომაკვდები! - თავი გადაიქნია ანიკამ და სამზარეულოსკენ გაემართა, თუმცა დერეფანი არ ჰქონდა გავლილი, რომ საკეტში გასაღების გადატრიალების ხმა მოესმა და სასწრაფოდ კართან აისვეტა.
- კიდევ კარგი, მოხვედი! - აღმოხდა მაშინვე, როგორც კი სანდრომ სახლში ფეხი შემოდგა.
- რა ხდება? გული გამისკდა, ისეთი ხმა გქონდა!
- სან, რაღაც უნდა გითხრა... - თავი დახარა და მაქსიმალურად ეცადა, არ გასცინებოდა. თუ კარგი შოუ უნდოდათ, შესრულებაც უმაღლესი დონის უნდა ყოფილიყო...
- ანიკა, მაშინებ...
- ვიცი, მაგრამ... უბრალოდ არ ვიცი, როგორ გითხრა. ეს ამბავი ჩემთვისაც შოკი იყო, მაგრამ გადავწყვიტე, რომ პირველ რიგში მაინც შენთვის მეთქვა.
- გთხოვ, ჯერ თქვი და ახსნები მერე იყოს.
- მოკლედ, სანამ დაგირეკავდი, ვიღაც ქალი მოვიდა. ორსული...
- ამჯერადაც გიას ხომ არ ეძებდნენ? - ნერვიულობის დასაფარად გაიცინა სანდრომ, თუმცა აშკარად ხვდებოდა, რომ საქმე გაცილებით სერიოზულად იყო. ჰმ, როგორ არა!
- არა, გიას არა... დენიელს...
- რა? დენიელს? და ჩვენთან რატომ?
- ვიცი, რომ ცოლი ჰყავს და ამხელა მუცლით სახლში ვერ მივადგებოდიო, - სიცილს ძლივს იკავებდა ანიკა. - არ მინდა ოჯახი დავუნგრიო, მაგრამ ბავშვსაც ვერ გავზრდი მარტოო.
- შანსი არ არის! - თავი გადაიქნია სანდრომ. თავის სიტყვებში ისეთივე დარწმუნებული იყო, როგორც საკუთარ თავში.
- ის გოგო ახლაც ჩვენთან არის, მისაღებში... - და აი, დადგა კულმინაციის მომენტიც.
ანიკამ მისაღების კარი შეაღო და პირველი თვითონ შევიდა. ელე ფანჯარასთან იდგა, გაბერილი მუცელი კარგად უჩანდა, სახე - ნაკლებად. თავი ჩაეხარა და ცხვირსახოცს ხელში ისე ათამაშებდა, აშკარად „ნერვიულობდა“. შემდეგ კი... შემდეგ თავი სიცილით ასწია და გამხიარულებულმა წამოიყვირა:
- სიურპრიზი!!!
დამერწმუნეთ, ყველაფერს გასცემდით, თუნდაც მხოლოდ ერთი წუთით რომ დაგენახათ იმ მომენტში სანდროს სახე. თან ეცინებოდა, თან ცდილობდა, გაბრაზებული მზერა შეენარჩუნებინა, მაგრამ ტუჩის კუთხეებში მაინც ეპარებოდა ღიმილი და საბოლოოდ, რომ ვეღარ მოითმინა, ხმამაღლა ახარხარდა.
- სულ გამიგიჟე ცოლი! - თავი გადაიქნია და ელეს ფრთხილად ჩაეხუტა - საკმაოდ დიდი მუცელი ჰქონდა.
- არც მანამდე გყავდა ჭკვიანი! - თვალი ჩაუკრა ამ უკანასკნელმაც და შემდეგ ჩანთიდან მობილური ამოაძვრინა. - საბას ვეტყვი, რომ უკვე შეუძლია მოვიდეს, თორემ ცოდოა, გარეთ იცდის მანქანაში.
- ღმერთო, შენ მომეცი გაძლება ამ ორის ხელში! - ამოიოხრა სანდრომ და სიცილით ჩაენარცხა სავარძელში. უკვე ხვდებოდა, რომ მანამ, სანამ ელე და ანიკა ერთად იქნებოდნენ, კიდევ უამრავი ასეთი ან უფრო უარესი რამის ატანა მოუწევდა და ხშირად გახდებოდა მათი მსხვერპლი...
* * *
- ანუ ბავშვობიდან თამაშობ... - ცერად გაუღიმა ნიკამ და კიი მიაწოდა, როცა მათი წყვილის ჯერი დადგა. აქამდე სულ საკუთარ თავზე იღებდა ამ მისიას და ნინას დიდად წინააღმდეგობის სურვილი არც უჩნდებოდა, მაგრამ ახლა გადაწყვიტა, მისი ნათქვამი შეემოწმებინა და გოგონამაც უპრობლემოდ გამოართვა.
- და თან ძალიან კარგად ვთამაშობ... - თვალი ჩაუკრა და გულში ლოცვა დაიწყო, რომ დენიელისგან ნასწავლი ყველაზე მეტიჩრული „ილეთი“ კარგად შეესრულებინა. მაგიდასთან ზურგით დადგა, მარცხენი ხელით დაეყრდნო, მარჯვენათი კი კიი ზურგსა და იდაყვს შორის გააძვრინა და როდესაც ნიკას პირდაღებული სახე დაინახა, ამაყად დაარტყა მიზანში ამოღებულ ბურთს. რა თქმა უნდა, ჩააგდო! ქეითს მაშინვე დაავიწყდა, რომ მოწინააღმდეგე გუნდში იყო და სტვენა ატეხა, ნინას კი გაეცინა და მეწყვილეს გადახედა, რომელმაც მოწონების ნიშნად ტუჩები აატრიალა და წარბები ასწია.
- შენგან ამას არ ველოდი! - გულწრფელად აღიარა, მაგრამ ეცადა, აღფრთოვანება დიდად არ შესტყობოდა. ეს სულაც არ შედიოდა მის გეგმებში. დიდი ამბავი, ბევრი გოგო თამაშობს ბილიარდს კარგად!
- შენ არც იმას ელოდი, რომ სასმელში შეგეცილებოდი! - გაეცინა გოგონას და კიდევ ერთი ყლუპი მოსვა მისი ჭიქიდან. თვითონაც ვერ ხვდებოდა, საიდან მოდიოდა ასეთი სითამამე. აშკარად ალკოჰოლის ბრალი იყო და დიდი იმედი ჰქონდა, რომ მეტისმეტი არ მოუვიდოდა. ნამდვილად არ უნდოდა მეორე დღით საკუთარი საქციელის გამო შერცხვენოდა.
- ჰეი, თქვენი ჯერია! - კიდევ ერთხელ ამოიღრინა ჰარიმ და ჯეიმის გახედა.
- ქეითს მიეცი, ჩვენგან გოგომ დაარტყა!
- მე... არ ვიცი, გამომივა თუ არა... - დაიმორცხვა ქეითმაც. სინამდვილეში გადასარევად თამაშობდა ბილიარდს, მაგრამ ნინას ნათქვამს თუ გაითვალისწინებდა, მსუბუქი ფლირტი ჰარის გამოფხიზლების იდეალური საშუალება იყო. ჰოდა, რატომაც არ უნდა ეცადა? ამით არაფერს აშავებდა. საერთოდ არაფერს.
- მოდი, გასწავლი... - თვალი ჩაუკრა ჯეიმიმ, კიი მიაწოდა, წელზე ხელი მოხვია და როდესაც გოგონა მაგიდისკენ გადაიხარა, შეიძლება ითქვას, ზურგზე აეკრო.
საბავშვო მულტიპლიკაციურ ფილმებში ხომ გინახავთ, გაბრაზებისას მთავარი პერსონაჟი როგორ უშვებს ყურებიდან ბოლს? ხანდახან ჩაიდანივით წუის კიდეც და თავის ქალაც ეხდება. მის სახეზე ცისარტყელის ფერები ერთმანეთს ენაცვლებიან და საბოლოოდ არაადამიანურად ღრიალებს. ახლა წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა ჰარის სახე, როდესაც ამ ყველა ემოციის ჩახშობას ცდილობდა, რომ არაფერი შეემჩნია? გამოუვიდა? არა, რა თქმა უნდა! წამშივე დაეჭიმა ხელზე ძარღვები, ყბები ერთმანეთს ძლიერად დააჭირა, კიი იქვე მიაგდო და ისეთი ნაბიჯებით მიუახლოვდა „წყვილს“, წამშივე მიიპყრო ყველას მზერა. ქეითს მკლავში ხელი წაავლო და ზურგსუკან ამოიყენა, ჯეიმის კი საყელოში სწვდა.
- არ იცი, როგორ უნდა მოიქცე სხვის გოგოსთან? - გამოსცრა კბილებს შორის და დაუფიქრებლად ჩაარტყა შუბლი ცხვირში.
ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, ვერავინ მოასწრო რეაგირება, სანამ ჯეიმი ძირს არ დაეცა და ცხვირგასისხლიანებული არ წამოდგა. შემდეგ კი ყველაფერი ისე აირია, თავი ბლოკბასტერში გეგონებოდათ. „დაზარალებულმა“ იქვე მდგარი სასმელების მაგიდა ააყირავა გამწარებულზე, შემდეგ კი ჰარის მუშტი გაუქანა, რომელიც მათ გასაშველებლად მისულ ლიამს მოხვდა და ჩხუბში ისიც ჩაითრიეს. ქეითი მაშინვე ზურგზე აეკრა ჰარის და ცდილობდა, როგორმე გამოეყვანა, მაგრამ ვერაფერს გახდა. ნინაც ლიამისკენ გაიქცა, მაგრამ წამშივე იგრძნო მუცელზე შემოხვეული ძლიერი მკლავები, რომლებმაც ჰაერში ასწიეს და უკან „გადმოდგეს“.
- შენს მეგობარს ხელი მოჰკიდე და აქედან გადით. ახლავე! - მკაცრად უთხრა ნიკამ, სანამ თვითონაც ბიჭებს შეერეოდა.
საბოლოოდ კი, ნინა, ქეითი და ლილი ბილიარდის მაგიდის ქვეშ აღმოჩნდნენ შეყუჟულები, თუმცა ქეითმა მაინც ვერ მოითმინა, შეუმჩნევლად გაძვრა, კედელზე ჩამოკიდებული ცეცხლმაქრი ჩამოხსნა და რამდენიმე წამში ყველანი თეთრ ქაფში გაახვია. მხოლოდ ამან შეძლო ატეხილი ამბის შეჩერება. ასევე მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვა, რომ დაცვაც ჩარეული იყო მათ გაშველებაში, მაგრამ, როგორც წესია, მათ უფრო მეტი მოხვდათ. აშკარა იყო, პოლიციას ვერ გადაურჩებოდნენ და შესაბამისად, ვერც წინასწარი დაკავების საკანს. ეს კი არც ერთს არ აწყობდა. ნინას მუცელში ტკივილმაც კი დაუარა იმის წარმოდგენისას, როგორ შეხედავდა სანდრო, ეს ამბავი რომ გაეგო. არა, არაფერს არ ეტყოდა, სანამ სახლში არ მივიდოდნენ, მაგრამ მხოლოდ მზერაც საკმარისი იქნებოდა იმისათვის, რომ ადგილზევე გაეცამტვერებინა.
- ლიამ, დენიელს დაურეკე, გთხოვ! - მივარდა სასწრაფოდ, როდესაც დააფიქსირა, რომ მეპატრონემ მობილური მოიმარჯვა. მის მზერას კი ნიკამ გააყოლა თვალი და მაშინვე გამოფხიზლდა.
- ჰეი, ჰეი, ყველაფერი არც ისე ცუდადაა, არაა საჭირო პოლიციის ჩარევა! - მიუახლოვდა მაშინვე და ეცადა, მობილური გამოერთმია, მაგრამ ამან კიდევ უფრო უარესი შედეგი გამოიღო.
- აქედან ვერც ერთი თქვენგანი ვერ გაადგამს ფეხს, სანამ სამართალდამცველები არ მოვლენ! და ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ ზარალს ბოლო ცენტამდე ამინაზღაურებთ!
- მოიცადეთ, ერთი წუთით, მართლა არაა საჭირო პოლიციის ჩარევა. ხომ ხვდებით, ეს თქვენც არ გაწყობთ... - ამჯერად ლიამმა დაიწყო და როდესაც გაოგნებულ-შეურაცხყოფილი სახე მიიღო პასუხად, უფრო თამამად გააგრძელა. - სასმელი ისე მოგვყიდეთ, ასაკიც არ შეგიმოწმებიათ, ჩვენგან უმეტესობა კი არასრულწლოვანია...
- აქეთ მემუქრებით?
- არა, სულაც არ გემუქრებათ. უბრალოდ უნდა გითხრათ, თუ რამხელა ჯარიმა მოჰყვება თქვენი მხრიდან ამ უპასუხისმგებლო საქციელს, რომელმაც, როგორც ხედავთ, ჩხუბი გამოიწვია... - აჰყვა ნიკაც, ბიჭმა კი ისეთი სახით გადახედა, მზერითვე ამბობდა, რომ მისი ჩარევა არ სჭირდებოდა.
- მამას ხომ არ დავურეკო, რომ ზუსტად გვითხრას, რამდენი იქნება ჯარიმა? მგონი, ზარალზე მეტი... - და აი, ნინამაც გადააბიჯა საკუთარ პრინციპებს და ცხოვრებაში პირველად გამოიყენა მამამისის თანამდებობა. ყველაზე მეტად ამას ვერ იტანდა, მაგრამ ხვდებოდა, რომ ახლა სხვა გზა უბრალოდ არ იყო. წამშივე მიიპყრო ყველას მზერა, შემდეგ კი მეპატრონემ, ამის დედაცო, ჩაიბურტყუნა და ტელეფონი გადადო.
- ჩათვალეთ, რომ დღევანდელის შემდეგ ვერც ერთი თქვენგანი ორასი მეტრის რადიუსითაც კი ვერ მოუახლოვდება „სოლასს“, ახლა კი ბოლომდე ამოიცარიელეთ ჯიბეები და აქედან აორთქლდით, სამუდამოდ!
ნათია ჯაგოდნიშვილი