რამდენჯერ ყოფილხართ დირექტორის კაბინეტში? ჯილდოს არა, სასჯელის მისაღებად. ნაცნობია გრძნობა, კართან რომ აიტუზებით თავჩახრილი და თან გულში იმ ყველაფერს წყევლით, რამაც აქამდე მოგიყვანათ?
დაახლოებით მასე გრძნობდა თავს ნინა, როდესაც ჯინსის ჯიბიდან ორმოცდაათდოლარიანი ამოაძვრინა და მეპატრონის მაგიდისაკენ გაემართა. დანაშაულის გრძნობა კისერში უჭერდა ხელებს და ეგონა, მიწა გაუსკდებოდა. ღმერთო, რა სირცხვილია!
- რას აკეთებ? - მაჯაში წაავლო ხელი ლიამმა და ისე გამოიყვანა, გაბრაზებული მზერა არ მოუშორებია.
- ფულს ვაძლევ, რა იყო?
- ჩაიდე უკან! და მეორედ მასე აღარ მოიქცე.
- ო, კარგი რა! ყველანი დამნაშავეები ვართ, უადგილოა შენი ჯენტლმენობა.
- ნინა! - აშარად ეტყობოდა, რომ არ ხუმრობდა და გოგონამაც მის სიჯიუტეზე თვალები აატრიალა. იცოდა, რომ მაინც არაფერს ჰქონდა აზრი. როგორი რბილიც იყო ლიამი ძირითადად, იმაზე ასჯერ უფრო შეუვალი ხდებოდა, როცა რაღაცას აიჩემებდა. ასეთ დროს კი, კედლისთვის თავის რახუნს ჰგავდა ნებისმიერი მცდელობა.
არც ერთი წამით არ მოშორებია ნინას ნიკას მზერა. მაშინაც, როცა ლიამმა უკან გამოიყვანა; მაშინაც, როცა თვალებს უბრიალებდა. თითქოს ზურგს უწვავდა მისი თვალები და არ იცოდა იმ უცნაური შეგრძნების არსებობა, მუცელს რომ უწრიალებდა, უნდა გახარებოდა თუ არა. როგორ შეიძლება ასე უცბად გახდეს ადამიანი მნიშვნელოვანი? როგორ შეიძლება ეს ყველაფერი უბრალო აკვიატება იყოს?! მით უმეტეს, რომ ნინა არ მიეკუთვნება მასეთი გოგონების კატეგორიას...
- ნი, ჩვენთან ერთად წამოხვალ? - ფიქრები გაუფანტა ადამის ხმამ. როგორც ჩანს, ის და ლილი პირველები მიდიოდნენ.
- არა, იყოს, მადლობა, ტყუილად უნდა გაგიგრძელოთ გზა. ლიამი მიმიყვანს.
- არაფერს არ გაგვიგრძელებ, მართლა! ბარემ მივდივართ და თუ გინდა, წაგიყვანთ! - ამჯერად ლილიმ გაუღიმა, თუმცა გოგონა მაინც თავის პოზიციაზე დარჩა და მეგობრები თბილი დამშვიდობებით გაისტუმრა.
ასევე განმეორდა ქეითისა და ჰარის შემთხვევაშიც, ოღონდ ამჯერად მხოლოდ ქეითი მიეტუზა, ისიც, ცოტა არ იყოს, შეშინებული სახით.
- გთხოვ, ჩვენთან დარჩი! - შრეკის კატის იმიტირება მოახდინა, თუმცა, უშედეგოდ.
- შანსი არ არის, ქეით, შენც ხომ იცი?
- ნინა, დავხოცავთ ერთმანეთს!
- ნუ ხარ პანიკაში! შენ არაფერი გაგიკეთებია სასაყვედურო. პირიქით, თვითონ მოუწევს აგიხსნას, რატომ აასხა ეჭვიანობამ ტვინში ასე, თუ მისთვის მხოლოდ მეგობარი ხარ! - თვალი ჩაუკრა, მაგრამ მის საწყალ სახეზე ღიმილი ვერ შეიკავა, ორივე ხელი გაიშვირა და გულში ჩაიკრა.
- თუ დილით არ შეგეხმიანე, ჩემს აიპოდს შენ გიტოვებ... - ამოიკრუტუნა ქეითმა, შემდეგ კი მძიმედ გაემართა ჰარისკენ, რომელიც უკვე ისედაც გასავლელთან იდგა და ფილტვებს ნიკოტინით ივსებდა.
თვითონაც არ იცოდა ნინამ, რატომ მოუნდა ასე საოცრად, რომ ლიამი და მიაც მარტო გაეშვა. იმის შანსი, რომ სანდროს დაურეკავდა, მომაკითხეო, ნული იყო. უბრალოდ თავს ვერ შეიკავებდა და თვითონვე მოუყვებოდა ყველაფერს, მამის თვალებში იმედგაცრუების დანახვას კი საერთოდ ყველაფერი ერჩივნა. ისიც, რომ ტაქსით წასულიყო. თუმცა, არსებობდა კიდევ ერთი ვარიანტი, რომელსაც, დიდი ძალდატანების მიუხედავად, მაინც განიხილავდა და ამავდროულად, ისიც იცოდა, რომ სულ ტყუილად. არ იყო ნიკა ის ბიჭი, გოგონებს რომ სახლამდე აცილებენ, ღამე მშვიდობისას სწერენ, დილით თბილი მესიჯით აღვიძებენ, ყვავილებს ჩუქნიან და სერენადებს უმღერიან. არ იყო ისეთი, როგორადაც წარმოედგინა ნინას მისი მეორე ნახევარი და იქნებ... იქნებ სწორედ ამიტომაც მოსწონდა ასე ძალიან...
- წავედით? - მიუახლოვდა კიდევ ერთი ჯერჯერობით ვერშემდგარი წყვილი და ნინამ დიდი ნერწყვი გადაყლაპა იმ გამბედაობის მოსაკრებად, რომლითაც ტყუილი უნდა ეთქვა.
- მამიკო მომაკითხავს.
- ნინა, მატყუებ! - გაუღიმა ლიამმა. ხანდახან რა საშინელებაა, როდესაც ადამიანი საკუთარ ხუთ თითზე უკეთესად გიცნობს...
- არა, მართლა. გვიანობამდე მომიწია დარჩენა და თუ ჯერ ისევ მანდ ხარ, გამოგივლი და ერთად წავიდეთ სახლშიო, - გააგრძელა უტიფრად და თან გულში ლოცულობდა, მაიცდამაინც ახლა არ დაერეკა სანდროს.
- მდაჰმ, კარგი, დაგელოდებით მაშინ...
- ლიამ! - თვალები აატრიალა და პარალელურად მზერით მიაზე ანიშნა.
- კარგი, კარგი! - გაეცინა, ყველაფერს რომ მიუხვდა. უფრო სწორად კი, თითქმის ყველაფერს. - მაშინ ჩვენ წავალთ და თუ რამე შეიცვლება ან სანდროს დააგვიანდება, მომწერე.
საბოლოოდ, როგორც იქნა, ნინამ თავისი გაიტანა და ცხოვრებაში პირველად იყო ბედნიერი იმით, რომ დააშავა და მოიტყუა. თითქოს კუპიდონის როლის მოსარგებად, ისრებიღა აკლდა, მაგრამ თავს სულაც არ თვლიდა ჩადენილის გამო ანგელოზად. დიდი რამე, მეგობრებს თუ დაეხმარა ურთიერთობის გარკვევაში. არც არაფერი. გამოიძახებს ტაქსის და წავა სახლში!
* * *
ქეითი ტაქსის უკანა სავარძელზე ისე იჯდა, ნერწყვის გადაყლაპვასაც კი ერიდებოდა, სუნთქვისაც კი ეშინოდა, ხმაური რომ არ დაერღვია და ჰარის ყურადღება არ მიეპყრო. ბიჭი წინ დაჯდა. ქეითს კარი რომ გაუღო, გოგონა მიიწია მისთვის ადგილის გასათავისუფლებლად, მაგრამ სულ ტყუილად. ხვდებოდა, როგორ ცუდ დღეში იყო და ნერვიულობისგან უკვე მუცელიც სტკიოდა, საკუთარი თავის დამშვიდება კი არაფრით გამოსდიოდა. რაღა დღეს მოუნდა მისი ეჭვიანობა?! ხომ შეიძლებოდა არაფერი გაეკეთებინა ისეთი, რასაც მერე ინანებდა. უბრალოდ, საერთოდ არ შეემჩნია, თუ ნინას სახლის წინ რაიმე მოხდა და მშვიდად, ყველანაირი კითხვის გარეშე დარჩენილიყო ჰარისთან, ისიც იმიტომ, რომ მისმა მშობლებმა სთხოვეს.
ჯანდაბა, როდის მერე აზროვნებს საშუალო სკოლის მოსწავლე გოგოსავით?! ნინამ მართალი უთხრა, თვითონ არაფერიც არ აქვს ასახსნელი, ჰარისგან განსხვავებით. ერთმანეთთან ხომ არანაირი ვალდებულება არ აკავშირებთ? მეგობრები არიან მხოლოდ. ჰოდა, შესაბამისად, ჰარისაც არ აქვს უფლება, ასე მოიქცეს. თუ პასუხს მოსთხოვს, თვითონაც ამას ეტყვის, დიახაც!
ფიქრები კარის გაღების ხმამ შეაწყვეტინა. ისე მივიდნენ, ვერც შენიშნა. თვალები სწრაფად დააფახულა გონზე მოსასვლელად და იმის გასააზრებლად, რომ ჰარი სულაც არ უწვდიდა ხელს, გადმოსვლაში რომ დახმარებოდა. არ შეუმჩნევია. ამაყად და საკუთარ თავში დარწმუნებული სახით გადმოვიდა, თუმცა ეს თავდაჯერებულობა მაშინვე გაქრა, როგორც კი სახლის ზღურბლს გადასცდნენ. აი, ახლა იწყებოდა სინამდვილეში ყველაფერი და მხოლოდ ღმერთმა უწყოდა, დარჩებოდა თუ არა ნინას ქეითის აიპოდი...
* * *
უკანა კარიდან გავიდა და იქვე, ტროტუარზე ჩამოჯდა, რომ ცოტა გამოფხიზლებულიყო. რა დღე იყო?! აქამდე არასდროს მოქცეულა ასე. სასმლის დალევა, მით უმეტეს, სხვისი ჭიქიდან, მამამისის სახელით მანიპულირება, ტყუილები... თავბრუც კი ეხვეოდა ამდენი ფიქრისგან. თუმცა, შეიძლება ეს ალკოჰოლის ბრალიც იყო და უბრალოდ არ აღიარებდა. მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. თავს ისე გრძნობდა, თითქოს ტანკს გადაევლო, თითქოს სახელმწიფო დონის მოღალატე ყოფილიყოს, ყველას ცოდვაში მას მიუძღოდეს წვლილი. იმასაც კარგად ხვდებოდა, რომ ზედმეტი იყო ამდენი თვითგვემა და ისეთ რაღაცებზე დარდობდა, რაც მისი ასაკის სხვა გოგონებისთვის ყოველდღიურობად ქცეულიყო, მაგრამ თვითონ მაინც ვერ ეგუებოდა. აი, ახლაც, ზის შუაღამისას მარტო, სრულიად ცარიელ ქუჩაში და ელოდება ტაქსის, რომელიც ჯერ არც კი გამოუძახებია.
მოკეცილ მუხლებზე თავი რომ დადო და ხელები მჭიდროდ შემოიხვია, არცთუ ისე შორიდან ხმაური მოესმა. ბიჭები იყვნენ აშკარად, ბევრნი არა, მაგრამ საკმარისი იმისათვის, რომ შეშინებოდა. კარგად გამოკვეთილი ამერიკული აქცენტით საუბრობდნენ და რაღაცას არჩევდნენ, ნინა კი მაქსიმალურად ცდილობდა, ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა და არ მოესმინა. ახლა ვერ ადგებოდა, არ აწყობდა ზედმეტი ყურადღების მიქცევა, მაგრამ დაიშლებოდნენ თუ არა, მაშინვე ჩაუხტებოდა პირველივე შემხვედრ ტაქსის და სახლში მისული, საბანში რომ გაეხვეოდა, ეცდებოდა, ეს დღე საერთოდ წაეშალა...
* * *
ნერვები ეშლებოდა, ყველაფერი ასე უაზროდ რომ დამთავრდა. თვითონაც კარგად მოხვდა, მაგრამ ამას იმდენად არ დარდობდა. რა სისულელის გამო დაიწყო ყველაფერი?! გამწარდა თურმე ბიჭი! და მხოლოდ მაშინ გაახსენდა, გოგო რომ მოსწონდა, როდესაც ყველანაირი შანსი ეცლებოდა ხელიდან. იდიოტი.
- ამ ამბავს ასე მაინც არ დავტოვებ! - გაბრაზებისგან ყელზე ძარღვები ჰქონდა დაჭიმული ჯეიმის.
- კარგი, რა, ჩვეულებრივი გოგო იყო! - ხელი ჩაიქნია პოლმა.
- გოგო სულ არ მაინტერესებს, უაზროდ დარტყმულ მუშტს არ შევარჩენ არავის!
- და როგორ უნდა გაიგო, სად ცხოვრობს?
- ნიკა იცნობს... თვითონ იმას არა, მაგრამ იმის გოგოს.
- ნინა იმის გოგო არ არის! - მხოლოდ საკუთარი სახელის გაგონებისას გამოერკვა.
- ფეხზე მკიდია, ვისი გოგოა, მაგრამ ერთადერთია, ვისაც შეუძლია იმ ნაბიჭვართან მიგვიყვანოს!
- გეყოს, უკვე მეტისმეტია! - სასწრაფოდ წამოიწყო ტაილერმა, როგორც კი შეატყო, რომ სიტუაცია აქაც იძაბებოდა.
- ტრაკი დააყენე! - ჯეიმის შეუღრინა ნიკამ.
- რა იყო, რატომ არ გკიდია, რა მოუვა ორი დღის გაცნობილ გოგოს, როდესაც საქმე შენს ძმაკაცს ეხება? - აშკარა იყო, ალკოჰოლი ალაპარაკებდა, თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა სულაც არ ჰქონდა.
- იცოდე, მე გაგაფრთხილე! - ყოველგვარი ყვირილისა და საქმის გარჩევის გარეშე, გაყინულად მშვიდი ხმით წარმოთქვა ნიკამ და ისე წავიდა მეორე მხარეს, არც ერთს არ დამშვიდობებია...
* * *
თავი არც მაშინ აუწევია, ხმაური რომ შედარებით მიწყნარდა. ფეხის ხმა გაიგონა და იმიტომ. გული ისე გამალებით უცემდა, იმასაც კი ფიქრობდა, რომ ამ ხმით მიიპყრობდა ყველას ყურადღებას, მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცოდა, არავის ესმოდა. თუმცა მაინც, ნაბიჯების ხმა რომ გაძლიერდა და საბოლოოდ მასთან გაჩერდა, შეშინებულს ნიკაპიც კი აუკანკალდა.
მხოლოდ მაშინ, როდესაც „ბულგარი აქუას“ სურნელში არეული სიგარეტის სუნი იცნო, მიხვდა, ვინც ჩამოჯდა ტროტუარზე მის გვერდით...
ნიკამ შორიდანვე შენიშნა. უფრო სწორად, შენიშნა ვიღაცის სილუეტი და სავარაუდოდ, უყურადღებოდ ჩაუვლიდა გვერდით, რომ არ ეცნო. არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ შოკი იყო მისი იქ დანახვა, მით უმეტეს, მარტო. რას აკეთებდა? რატომ არ გაჰყვა იმას, მაშინ სახლში რომ მიიყვანა? საერთოდაც რატომ არავის გაჰყვა?
იცოდა, რომ ეს არ უნდა გაეკეთებინა. ისიც იცოდა, რომ არ ჰქონდა არანაირი მიზეზი ყურადღების გამოსაჩენად, საერთოდ არ აინტერესებდა ეს გოგო, მაგრამ მაინც ვერ მოახერხა თავის შეკავება და მხოლოდ მაშინ გააცნობიერა, მის გვერდით რომ იჯდა, როცა გოგონას აკანკალებული მხრები შენიშნა.
თავი მუხლებზე ედო, თმა ჩამოყროდა, მაგრამ შეეძლო ზუსტად ეთქვა, როგორი სახე ექნებოდა ახლა. შეშინებული. აწყლიანებული თვალებით და აკანკალებული ქვედა ტუჩით.
ნინა შეაკრთო მის მუხლებზე თბილი ხელების შეხებამ, მაგრამ არ შეშინებია. უკვე იცოდა, ვინც იყო და იმიტომ. მისი იქ ყოფნის გააზრებისას კი, შიშის ნაცვლად სიმშვიდე რომ იგრძნო, სწორედ ამან გადაუტრიალა მთელი გონება.
- რატომ ხარ აქ, ნინა? - ისეთი ხმით ჰკითხა, ეგონა, ჭინჭრებში ჩავარდა. ერთიანად დაესუსხა მთელი სხეული და სანამ გაიაზრებდა, ნიკაპით უკვე მუხლებს ეყრდნობოდა და პირდაპირ თვალებში უყურებდა.
არაფერი უპასუხია. მხრები აიჩეჩა მხოლოდ და მისმა მზერამ ისე გაათბო, გულაჩუყებულს ნიკაპიც კი აუკანკალდა. სწრაფადვე იგრძნო, როგორ დაქაჩა უკვე ფეხზე წამომდგარმა ბიჭმა ხელზე და ისიც წამოაყენა. თავი დაეხარა, ვეღარ უყურებდა. ტვინს ურევდა მისი მზერა და მეტს ვეღარ უძლებდა. არ უნდოდა ნინას დაკარგვა. მაგრამ მაინც დაკარგა...
რამდენიმე წამში ძლიერ მკლავებში მოქცეული რომ აღმოჩნდა, სუნთქვა შეეკრა, თუმცა მისი ჰაერით სუნთქავდა და ესეც საკმარისი იყო უკვე...
ბიჭი ისე ფრთხილად ეხებოდა, თითქოს ეშინოდა, ისედაც დაუჯერებელი წამი არ გაეფუჭებინა. დაუჯერებელი არა იმიტომ, რომ გოგონამ ხელი არ ჰკრა, არამედ იმის გამო, რომ თვითონ მოიქცა ასე. გრძნობდა, როგორ აკანკალებდა ნინას და ვერაფრით გაეგო, რატომ იყო ასეთი სხვანაირი. თითქოს მისი თმის იასამნის სურნელიც კი განსხვავდებოდა სხვებისგან.
ნინამ კი ფრთხილად გააპარა ხელები მისი ზურგისკენ და როდესაც ბიჭის ქურთუკი მუჭში მოიქცია, იგრძნო, როგორ კიდევ უფრო ძლიერად მიიკრეს გულზე. ვერანაირად ხსნიდა ამ მდგომარეობას და ვერაფერს არქმევდა. იცოდა მხოლოდ ის, რომ მილიმეტრითაც არ სურდა მოშორება. ცხვირი კისერში ჩაუყო და თავბრუსხვევაც კი იგრძნო მისი სურნელის ასე მძაფრად შეგრძნებისგან.
ნიკასთვის არანაირ გეგმაში არ შედიოდა ეს ყველაფერი. საერთოდ არც კი უფიქრია, რომ შეიძლებოდა ოდესმე ასე მოქცეულიყო, მაგრამ ახლა, როდესაც ასე ახლოს ჰყავდა და თითქოს ყველანაირი ბარიერი გაქრა, აღარ სურდა გაშვება. არ იყო ასეთი, არასდროს ყოფილა ამის მსგავსიც კი და არც აპირებდა, რომ გამხდარიყო. თვითონაც ვერ ხვდებოდა, რა შეიცვალა ან რატომ, მაგრამ ფაქტი იყო, ახლა მიზანმიმართულად მიიწევდა მის მკლავებში მოქცეული არსების ტუჩებისკენ და ალბათ, არც გაჩერდებოდა, რომ არა მისი ხმა.
- გთხოვ... - ამოიჩურჩულა ფრთხილად და ეცადა, საკუთარი აფართხალებული გულისათვის ყურადღება არ მიექცია. იცოდა ერთადერთი, ახლა რომ ესეც გაეკეთებინა, საერთოდ ყველაფერს გააფუჭებდა და მეტს ვეღარ გაუძლებდა. უბრალოდ არ შეიძლებოდა. მიუხედავად იმისა, როგორი სასურველიც უნდა ყოფილიყო...
და ნიკაც მიხვდა... მიხვდა, რომ აჩქარებდა. ზედმეტს ითხოვდა. საერთოდ დაანგრევდა, ახლა რომ ეკოცნა. საკუთარ თავს წაართმევდა და არ იყო დარწმუნებული, რომ შემდეგ შეძლებდა თავისთან შეეფარებინა. ვერ იქნებოდა ასეთი ნაძირალა.
თვალებდახუჭულმა მძიმედ გამოუშვა ფილტვებში დაგროვილი ნახშირორჟანგი და შემდეგ ფრთხილად შეეხო ტუჩებით საფეთქელზე. ეს ამჯერად ერთადერთი იყო, რისი უფლების მიცემაც საკუთარი თავისთვის შეეძლო და რისი წართმევაც არაფერს დაუშავებდა იმ გოგონას, ასე აღელვებული რომ ელოდებოდა იმას, რისიც ძალიან, ძალიან ეშინოდა...
* * *
ჰარი გაბრაზებული შევიდა სახლში და მაშინვე საძინებლისკენ გაემართა. არც კი მიუქცევია ქეითისთვის ყურადღება და გოგონაც, საჩხუბრად მომზადებული, თითქოს ერთიანად ჩაიფერფლა. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? რატომ ექცევა ისე, თითქოს არც იყოს? არა, ჰარი, ეს ყველაფერი არ გაგივა!
- რას ნიშნავს შენი საქციელი? - დაუკაკუნებლად შეეჭრა ოთახში. მანამ ვერ მოისვენებდა, სანამ ყველაფერს არ გაარკვევდა.
- ქეით, მეძინება.
- არ მაინტერესებს! - თვალებიდან ცეცხლებს აფრქვევდა.
- რა გინდა?
- ასე რატომ იქცევი?
- ვერ ვხვდები, რას გულისხმობ.
- ჰარი, გეყოს, რა, გეყოს! დავიღალე, ძალიან დამღალა ყველაფერმა. გინდა მითხრა, რომ არაფერი ხდება? სულელი გგონივარ?!
- კი, როგორ არ ხდება. ჩვეულებრივი თინეიჯერივით იქცევი იმის გამო, რომ მაეჭვიანო. აი, რა ხდება! - ახლა ჰარიმაც იფეთქა და ქეითის წინასწარმეტყველების არ იყოს, ძალიან დიდი ალბათობით, ერთმანეთს დახოცავდნენ, ალბათ.
- და რატომ ეჭვიანობ, თუ შენთვის მხოლოდ მეგობარი ვარ? - მკერდში თითი ატაკა. როგორ უნდოდა ყველაფრის გარკვევა! უნდოდა, ჰარისგან მოესმინა ის, რასაც ნინა უმტკიცებდა. უნდოდა გაეგო, რომ მისი ვარაუდი ტყუილი არ იყო. - მეგობრებს არ კოცნიან! - აღმოხდა საბოლოოდ ის, რაც აწვალებდა ამდენ ხანს და ჰარიმაც, მისი სახის დანახვისას, თავი ვეღარ შეიკავა.
ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, ქეითმა გააზრებაც ვერ მოასწრო, რომ უკვე ჰარის ტუჩები ეხებოდა. ცალი ხელი გოგონას წელზე მოხვია და სხეულზე მიიკრა, მეორე კი კისერზე შემოხვია და ტუჩებზე დააცხრა. აღარ შეეძლო ამდენი ტყუილი, აღარ შეეძლო ამდენის მოთმენა და საკუთარი თავის მოტყუება. უყვარდა ეს გოგო, უნდოდა და ყველაფერს გააკეთებდა, რომ მისი ყოფილიყო. საერთოდ ყველაფერს...
- მეგობრებს არც უჩნდებათ სურვილი, რომ ერთმანეთს აკოცონ... - ჩაიჩურჩულა, კოცნა რომ შეწყვიტა, მაგრამ ჯერ კიდევ მის ტუჩებს ეხებოდა. ლოყები დაუსველდა გათხევადებული ქეითის გამო და საკუთარ თავს კიდევ ერთხელ შეუკურთხა, ამ მდგომარეობამდე რომ მიიყვანა.
- რატომ მაწვალებ? - ძლივსგასაგონად წარმოთქვა გოგონამ. ხმის დამორჩილებაც კი არ შეეძლო, იმხელა იყო ემოცია, ასე ერთბაშად რომ დაატყდა თავს და წალეკვას უპირებდა.
- არ შემიძლია და ვერც ვერასდროს შევძლებ ვუყურო, როგორ ხარ სხვასთან.
- არც მე მინდა, რომ სხვისი ვიყო...
- ქეით, ახლა თუ გამომყვები, უკან დასახევი გზა აღარ იქნება. რომც ვინანოთ, სიყვარულს მეგობრობით ვეღარ შევცვლით, ვერ გავაფუჭებთ.
- მე არ ვინანებ... - ამოისლუკუნა, ემოციებს რომ ვეღარ გაუძლო და ისე ძლიერად მიეკრო, თითქოს ვინმე წართმევას უპირებდა.
და ჰარიმაც მოხვია მკლავები. ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს შეივსო. მიიღო ის, რასაც გაურბოდა, მაგრამ სინამდვილეში ყველაზე მეტად უნდოდა. ის, ვის გამოც იმაზეც კი წავიდა, რომ რაღაც უაზრო, უკანონო რბოლებში ჩაერთო. ვერ ხვდებოდა, უფრო სწორად კი, ვერ იჯერებდა, რომ ქეითს ასეთიც უყვარდა. უყვარდა ბიჭი, რომელსაც გარდატეხის ასაკში აკნე ჰქონდა; უყვარდა ბიჭი, რომელიც თავიდან სულაც არ იყო მაგარი ტიპი; უყვარდა ბიჭი, რომელსაც პირველი პაემანი გასულ წელს ჰქონდა; უყვარდა ჰარი, ისეთი ჰარი, როგორსაც ბავშვობიდან იცნობდა. უყვარდა და სულაც არ სჭირდებოდა ისეთი, როგორიც სხვებს.
და სწორედ მაშინ, როდესაც საყვარელი გოგო მკლავებში ჰყავდა მოქცეული და მისი სუნთქვა კისერზე ეხებოდა, მიხვდა, რომ საერთოდ არაფრის შეცვლას არ ჰქონდა აზრი, რადგან არსებობდა ადამიანი, რომელსაც ყველაფრის გარეშე, უპირობოდ უყვარდა და ეს ადამიანი იყო ის, ვის გარეშეც სუნთქვასაც აზრი ეკარგებოდა...
* * *
არ ახსოვს, სახლში როგორ მივიდა. ახსოვს მხოლოდ დამშვიდობების კოცნა შუბლზე, ტაქსის მძღოლისათვის ნათქვამი მისამართი და გადახდილი ფული. ჯერ კიდევ ვერ მოდიოდა გონზე. ყველაფერი ისე სწრაფად, მოულოდნელად და უცნაურად მოხდა... ვერასდროს იფიქრებდა, რომ შეეძლო ყოფილიყო ორი დღის გაცნობილ ბიჭთან ასე ახლოს და ასე მშვიდად. მით უმეტეს, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ეს ბიჭი შეიძლებოდა ნიკა ყოფილიყო. გონებიდან ვერ იშორებდა მის სითბოს და სურნელს. თითქოს მოაჯადოვა და ყველაფერ სხვაზე ფიქრის უნარი წაართვა. ვერც ხვდებოდა, რა სჭირდა, იმიტომ, რომ ერთი ნახვით შეყვარების არ სჯეროდა და არც იყო ეს სიყვარული.
გულში ლოცულობდა, მამას არაფერი ეკითხა. არც ის, თუ ვინ მოიყვანა. არ შეეძლო ტყუილის თქმა. მისთვის და დედასთვის არ შეეძლო. დადგებოდა და ყველაფერს მოუყვებოდა, ეს კი კატასტროფის ტოლფასი იქნებოდა. სანდრო, რა თქმა უნდა, არაფერს ეტყოდა, მაგრამ ასე უთქმელადვე მოაგვარებდა ყველაფერს. მოგვარებაში კი, ძალიან, ძალიან კარგად იცოდა, რაც იგულისხმებოდა...
სახლში რომ შევიდა, ეგონა, სხვაგან მოხვდა. ისეთი ქართული ხმაური გამოდიოდა, როგორიც მხოლოდ მაშინ იყო ხოლმე, ბებია-ბაბუასთან რომ იკრიბებოდნენ ყველანი. ახლა კი, აშკარად არ იყო მათი ხმა და შეეძლო დაეფიცა, რომ ამ ხმის პატრონიც ზუსტად იცოდა, ვინც იყო.
ნელა მიუახლოვდა მისაღებს და სანამ შეაბიჯებდა, ერთი ღრმად ჩაისუნთქა. გინახავთ, როგორ ხვდებიან ხანგრძლივი მოგზაურობიდან ან სულაც ციხიდან დაბრუნებულ ადამიანს სახლში? დაახლოებით მასე მოხდა ყველაფერი. ელენემ იმხელა იკივლა, ლიზიკომ შეშინებული თვალებით გახედა, მაგრამ დედამ დაამშვიდა, ამან ასე იცის ხოლმეო. მუცლის მიუხედავად, მაინც ძალიან სწრაფად გაიქცა ნათლულისკენ და სანამ ნინა გონზე მოსვლას მოასწრებდა, უკვე ეხუტებოდა.
- ასე გვიან უნდა ბრუნდებოდე სახლში, გოგო?! რა მოგივიდა, დაგვემსგავსე მე და დედაშენს?!
- როდის ჩამოხვედით? რამდენი ხნით რჩებით? - გაეცინა ნინას და ნათლიამისისგან რომ დაიღწია თავი, შემდეგ საბაც გადაკოცნა.
- სანამ არ მობეზრდება! - თავით ანიშნა ელეზე და მეუღლისგან თვალების ბრიალიც მიიღო საჩუქრად.
- რეზიც ჩამოვიდა? - თვალები აენთო ნინას. მიუხედავად იმისა, რომ მათთან პირადი კონტაქტი ხშირად არ ჰქონდათ, მაინც ძალიან უყვარდა.
- არა, ლონდონშია ბიჭი, ინტელექტს იმაღლებს! - გაეცინა ელენეს.
- სულ არ ჰგავს დედას... - გაეცინა ანიკასაც.
- ჰოდა, მაგიტომაც ვაჩენ მეორეს!
კიდევ დიდხანს იყვნენ მისაღებში. სახელდახელო, ისეთი სუფრა ჰქონდათ გაშლილი, ნინას საქართველო გაახსენდა. უყვარდა იქაურობა. ყოველ ზამთარსა და ზაფხულს ჩადიოდნენ ხოლმე, თუნდაც სულ რამდენიმე კვირით და ამ დროის განმავლობაში ყველაფრის ნახვას ასწრებდნენ, თუმცა მათი საგურამოს სახლი მაინც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ყოველთვის.
- ახლა მომიყევი შენი შეყვარებულების ამბები... - წამოიწყო ელენემ და ნინას ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს მდუღარე გადაასხეს.
- არ მყავს... - გაუცინა ძალდატანებით და ნათლიამისის თვალების ატრიალებასთან ერთად, ისიც დააფიქსირა, როგორ შვებით ამოისუნთქა სანდრომ.
- არც ანდრიას ჰყავს, მაგრამ მე მყავს! - ატიტინდა ლიზა. - ადრეც მყავდა, მაგრამ ის სხვა ბაღში გადაიყვანეს და ახლა ახალი მყავს!
- მგონი, ნათლული შემიცვალეს! - გაეცინა ელენეს, რადგან უკვე ზუსტად იცოდა, რომ მთელი დარჩენილი დრო ლიზიკოს მოსმენა მოუწევდა...
გვიანობამდე ვერ ავიდა ოთახში ნინა. არც ეძინებოდა დიდად, მაგრამ მაინც უნდოდა მარტო დარჩენა, რომ ეფიქრა. ეფიქრა მომხდარზე, მომავალზე, საკუთარ სურვილებსა და საუკეთესო ალტერნატივებზე. ასე ბრმად ვერაფერს გადაწყვეტდა. არ უნდოდა, ენანა. ვერ გადაიტანდა. ადამიანს თუ შეიყვარებდა, შემდეგ ვეღარასდროს წაშლიდა და დაიტანჯებოდა. სწორედ ამის ეშინოდა. უფრო ზუსტად კი, იმის, რომ ხვდებოდა, ნიკასთან საზღვრების კონტროლი ძალიან უჭირდა, არც გამოსდიოდა თითქმის და ბიჭი ისე თამამად უნგრევდა აქამდე აშენებულ ყველა ბარიერს, წინააღმდეგობის გაწევის სურვილსაც არ უტოვებდა.
სპეციალურად არ ამოწმებდა მობილურს. სახლში მოსვლიდან დაახლოებით ათ წუთში იგრძნო ვიბრაცია, მაგრამ იქ ნახვა არ უნდოდა და ეცადა, უგულებელეყო. არ გამოუვიდა, რა თქმა უნდა. ზუსტად ხომ არ იცოდა, ვისგან იყო შეტყობინება, მაგრამ მაინც ამაზე ფიქრობდა. ახლა კი, საშუალება რომ მიეცა, მაინც არ ნახულობდა. არ უნდოდა, იმედი გაცრუებოდა და სხვისგან ყოფილიყო, ან უბრალოდ არ მოსწონებოდა ის, რაც შიგნით ეწერა. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ნიკა მეგანის შეყვარებული იყო და მორალურადაც არ ჰქონდა უფლება, რამეზე ეფიქრა. თუმცა, მაინც ფიქრობდა და პიჟამა რომ მოირგო, საბანში გახვევისთანავე გახსნა მესიჯი, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში გულს უფართხალებდა და რომელმაც უცნაური სითბო ჩაუღვარა მთელ სხეულში...
From: Daddy ;)
„ვიცი, რომ სახლში უსაფრთხოდ მიხვედი. იფიქრე მოხიტოზე, ვისკიზე, ჩემზე და ტკბილად დაგეძინება ;)
P.S. ნაბახუსევს ლიმონიანი წყალი შველის. თუ არ დაგეხმარება, შემიძლია ლუდზე დაგპატიჟო ;)
P.S.S. ტკბილი ძილი, ნინა.“
ნათია ჯაგოდნიშვილი