ნინა მოუსვენრად იჯდა პლასტმასის სკამზე და ცდილობდა, უყურადღებობა არ შემჩნეოდა. უკვე კვირაზე მეტი იყო გასული მას შემდეგ, რაც მისი მობილური ყველაზე სასურველი ნომრით აღარ ამღერებულა და თვითონაც ვერაფრით პოულობდა სიმშვიდეს. ყველგან ეძებდა. სკოლიდან გამოსული, ავტოსადგომზე, სახლიდან გამოსული, გზის მოპირდაპირე მხარეს, კლუბშიც კი წავიდა იმის იმედით, რომ იქნებ როგორმე ენახა. არა, რა თქმა უნდა, თავს ამაში არ უტყდებოდა, მაგრამ კარგად ხვდებოდა, რომ ეს სიმართლე იყო. ახლა კი, იჯდა საკუთარი სკოლის სპორტული მოედნის იარუსზე, ქეითის, მიასა და ლილის გვერდით და ცდილობდა, როგორმე მოეკრიბა ყურადღება, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ სხვებთან ერთად წამომხტარიყო ფეხზე, როდესაც „წითელი კატები“ მოწინააღმდეგე გუნდის კარში ბურთს შეაგდებდნენ. ფეხბურთი უყვარდა, თანაც ძალიან, ბავშვობიდანვე შეაყვარა სანდრომ, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი ისე ეჩვენებოდა, როგორც ფუშფუშაკაბიანი სპილოების ფიგურული სრიალი. ან ეს შედარება საიდანღა მოიტანა?
- ნინა, არ მისმენ?! - თვალების წინ ხელი აუქნია ლილიმ და გოგონაც დენდარტყმულივით გამოერკვა.
- რა? რა მითხარი? - ლაპარაკს რომ ახლა სწავლობს, იმ ბავშვივით იკითხა.
- დღევანდელი პარასკევი ჩაგვეშლება, ესენი მაინც ერთნაირად აღნიშნავენ წაგებასაც და მოგებასაც - დალევით! - და მზერით მოედანზე მორბენალი ბიჭებისკენ ანიშნა. - ჰოდა, ჩვენ რომ შევკრებილიყავით? თან რამდენი ხანია საინტერესო ჭორები არ მოგვიყოლია! რას იტყვი?
- რატომაც არა?! კარგი აზრია, მე მომწონს. - მხრები აიჩეჩა და თავი დაუქნია. მართლა კარგი იქნებოდა მათი სტილის საღამოს საუბრები. იქნებ ნიკაზეც მოეყოლა რამე...
- ანუ ვიკრიბებით! - გახარებულმა შემოსცხო ტაში და როდესაც ახლოს მყოფი რამდენიმე ბიჭისგან თვალების ბრიალი მიიღო, მხოლოდ მაშინ გაიხედა მინდორზე - მათი ბიჭებისთვის კიდევ ერთი ყვითელი ბარათი უჩვენებიათ.
ვერაფრით ახერხებდა ნინა კონცენტრირებას. არადა, მატჩი მართლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მხოლოდ ეს თამაში აშორებდათ საერთაშორისო ტურნირს, რომლითაც, შესაძლოა, ამერიკის სკოლების თასიც მოეგოთ. ნინა კი იჯდა სულელი, შეყვარებული გოგოსავით და მემილიონედ კითხულობდა იმ შეტყობინებას, რომლის ავტორიც უკვალოდ გამქრალიყო.
- მე მაქვს ისეთი ამბები მოსაყოლი, შეიძლება ფილმის სცენარის წერა დაგაწყებინოთ! - წარბები აათამაშა ქეითმა, მაგრამ გაგრძელება ვეღარ მოახერხა, რადგან უცბად მია ფეხზე წამოიჭრა და მისთვის შეუფერებელი მონდომებით დაიწყო გუნდის კაპიტნის გვარის ყვირილი. როგორც აღმოჩნდა, შეტევაზე ყოფილა გადასული და გოგონებსაც მოუწიათ მას შეერთებოდნენ. აბა, ტყუილად ხომ არ იყვნენ აქ მოსულები?!
რამდენიმე წამში იარუსების ნახევარზე ისეთი ღრიალი ატყდა, იფიქრებდით, მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდნენო, თუმცა ეს გოლი მათთვის მართლა უდრიდა ჩემპიონატის საგზურს, მსოფლიოსას არა, მაგრამ მაინც... ყველა „მილერს“ გაიძახოდა, ყველა მას ადიდებდა, ყველა გოგოს მისგან უნდოდა მაისურზე წარწერა და ზოგს - ბავშვიც. მია კი იდგა თვალებგაბრწყინებული და საერთოდ არავის ხმა არ ესმოდა. ხედავდა მხოლოდ რიკს, მის აწეწილ თმას, ოფლიან შუბლს, გადაძრობილ მაისურს და ამის გამო მსაჯის აწეულ ყვითელ ბარათს...
- მია! - ყურში ჩაჰყვირა ქეითმა და როგორც იქნა, გამოერკვა. - გამოფხიზლდი, ჰეი, დაჯექი!
- ძალიან ლამაზი გოლი იყო! დაინახეთ? - ისე ლაპარაკობდა, თითქოს ორი წლის ბავშვი ყოფილიყოს, რომელმაც სანტა დაინახა საჩუქრების დატოვებისას.
- ღმერთო, ახლა დაიწყებს... - აღმოხდა ლილის და თვალები აატრიალა, ნინას კი უბრალოდ გაეცინა და მიას ხელზე დაქაჩა, რომ დამჯდარიყო, უკვე ისედაც ყველანი ისხდნენ.
- იცი რა, მე ალბათ ვერ მოვახერხებ და მოდი, შენ ჩაწერე რიკთან ინტერვიუ, რას იტყვი? - შესთავაზა ვითომც არაფერიაო და ეცადა, მიას ანთებული თვალებისთვის არ მიექცია ყურადღება. ხვდებოდა, რომ ლიამთან დამნაშავე გამოდიოდა, მაგრამ ფიქრობდა, რომ ასე ჯობდა. მია ასე უკეთ დაინახავდა, რომ მილერი სულაც არ იყო ის, ვისზეც უნდა გაგიჟებულიყო. ინტერვიუთივე მიხვდებოდა, როგორი უაზრო და არაფრისმომცემი იქნებოდა მასთან ურთიერთობა.
- ვგიჟდები შენზე! - აჭყიპინდა გოგონა და კისერზე ჩამოეკიდა, ნინას კი სიცილი აუტყდა მის საქციელზე, თუმცა ამ დროს ფეხზე ვიბრაცია იგრძნო და ისე სწრაფად ამოაძვრინა მობილური ჯიბიდან, კინაღამ მისი ეკრანისა და ბეტონის შეხვედრასაც გაუწია ორგანიზება.
შეცდა. შეტყობინება იყო ერთ-ერთი პარფიუმერული მაღაზიიდან, ფასდაკლების შესახებ და ამან ისე მოუშალა ნერვები, ემოციების დაფარვა არც უცდია. გაბრაზებულმა გათიშა მობილური და ჯიბის ნაცვლად, პირდაპირ ცალ მხარზე გადაკიდებულ ჩანთაში ჩაუძახა. არა, საინტერესოა, სად გაქრა ეს ბიჭი? ან თუ გაგრძელებას არ აპირებდა, რაღას იწყებდა საერთოდ?
- კიდევ არ გამოჩენილა? - გადაულაპარაკა ქეითმა, რაზეც პასუხად უბრალოდ თავი გაიქნია და მზერა აარიდა...
თამაშში მეტი გოლი აღარ გასულა, მაგრამ ისიც საკმარისი იყო იმისათვის, რომ თვითონ გუნდი გასულიყო იქ, რისთვისაც იბრძოდნენ ამდენს. ყველა ფეხზე იყო და ისეთი აპლოდისმენტებით გააცილეს ბიჭები, ვერ გაარჩევდით, უბრალოდ სკოლის მატჩი იყო თუ რაიმე სერიოზული მოვლენა. ნინა კი თავს დამნაშავედ გრძნობდა, სულ რომ ვერ იზიარებდა იმ ემოციას, რომელიც წესით, მასაც უნდა ჰქონოდა. არადა, მართლა უყვარდა ფეხბურთი! უბრალოდ, ყველაფერში ეს საშინელი ბიჭია დამნაშავე, ასე უნამუსოდ რომ დაეპატრონა მის გონებას და არაფერზე ფიქრის უფლებას აღარ აძლევს.
- პირდაპირ ჩემთან ხომ არ წავსულიყავით? - საღამოს შეკრებით აღტაცებული იყო ლილი.
- საერთოდ არაფერი არ გვაქვს წამოღებული! - გაეცინა ქეითს. თან საუბრობდნენ და თან ცდილობდნენ, ხალხის მასაში არ არეულიყვნენ და ერთმანეთი არ დაეკარგათ. თუმცა, მიამ მაინც მოახერხა გაძრომა და როდესაც დაინახეს, საით მიემართებოდა, ყველამ ერთმანეთს გადახედა.
- უნდა გავაჩეროთ! - აღმოხდა ნინას.
- არა, ჯობს მივიდეს, ვერ მოისვენებს, ახლა რომ არაფერი გააკეთოს... - დაასკვნა ლილიმ.
- არადა, თავს დავდებ, ეს ბიჭი ნარცისიზმის განსახიერებაა! - დანანებით გადააქნია თავი ქეითმაც, თუმცა ნინა მაინც ვერ ისვენებდა ერთ ადგილას, მია კი უკვე გასახდელთან იყო ატუზული.
- არა, არ შემიძლია ასე უმოქმედოდ ყოფნა! - წარმოთქვა საბოლოოდ და თვითონაც მეგობარს მიჰყვა. გული უგრძნობდა, როგორც დამთავრდებოდა მიას მცდელობა, გატანილი გოლი და გამარჯვება მიელოცა გუნდის კაპიტნისთვის. იმას კი ნამდვილად ვერ დაუშვებდა, რომ მისი მეგობარი დაემცირებინათ, მით უმეტეს, საჯაროდ.
ქეითი და ლილიც უკან მიჰყვნენ, მაგრამ საბოლოოდ სამივემ დააგვიანა, რადგან როდესაც ნინამ ბოლო საფეხურიც ჩაირბინა, მია უკვე რიკს ესაუბრებოდა თვალებგაბრწყინებული.
- არაჩვეულებრივი თამაში იყო! გოლი კი - დაუვიწყარი! მართლა არ ვიცი, როგორ ახერხებ ასე თამაშს! - შესციცინებდა, როგორც მასზე დიდ, სათაყვანებელ პიროვნებას და საერთოდ ვერ ამჩნევდა, როგორი ირონიული ღიმილით დაჰყურებდა მილერი.
- ავტოგრაფი გინდა? - ჩაეცინა ცალყბად, წარბებაწეულს. ლილი უკვე გამწარებული ურეკავდა ადამს, რომ დროულად გამოსულიყო გასახდელიდან. ჰარი „გაურკვეველი მიზეზებით“ საერთოდ არ იყო დღეს სკოლაში.
- რა? - ვერ მიუხვდა მია. უფრო სწორად კი, არ უნდოდა, რომ მისი ვარაუდი გამართლებულიყო.
- გგონია, ვერ ვამჩნევ, როგორ დამდევ კუდში? ბიჭებო, ეს ისაა, რომ გეუბნებოდით, წინა მატჩზე სურათებს მიღებდა-მეთქი! - უკვე ხმამაღლა გაიცინა, ნინამ კი მეტი ვეღარ მოითმინა და მიუხედავად იმისა, რომ გაიგო, როგორ ეძახდა ქეითი, მაინც მიასთან მივიდა და მკლავში წაავლო ხელი, რომ გამოეყვანა, თუმცა გოგონა არ დანებდა.
- მე უბრალოდ... უბრალოდ მინდოდა მომელოცა... და ინტერვიუ მეთხოვა... - ბლუყუნებდა ნიკაპაკანკალებული, ცრემლებს კი ჯიუტად არ იწმენდდა, თითქოს ასე უარყოფდა მათ არსებობას. გოგონებმა, როგორც იქნა, მოახერხეს ხალხის გაწევა და მიას გამოყვანა, თუმცა რიკი მაინც თავის რეპერტუარს აგრძელებდა.
- საღამოს ვახშამზეც ხომ არ დაგპატიჟო? - გადაიხარხარა და ეს უკვე საბოლოო წვეთი აღმოჩნდა ნინას მოთმინების ფიალაში. ისე მიეჭრა და სილა გააწნა, რომ ვერავინ მოასწრო გააზრება, მათ შორის, ვერც თვითონ. მხოლოდ მაშინ აღიქვა მომხდარი, ხელი რომ აეწვა. ერთიანად აცახცახებდა გაბრაზებისგან.
- ნამდვილი ნაძირალა ხარ, მილერ! - მაინც მოახერხა ხმაში სიმტკიცის შენარჩუნება და მისი სიტყვები მოსალოდნელზე ხმამაღლა გაჟღერდა, წამისწინანდელის შემდეგ გაყუჩებული მაყურებლების გამო.
- შენ საერთოდ ვისთან ხარ? - თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა რიკი. მისთვის ასეთი რაღაც ბიჭსაც კი არასდროს გაუბედავს, ახლა კი გოგომ გაარტყა ამდენი ხალხის თვალწინ.
- საკუთარ თავზე შეყვარებული, ტვინგამორეცხილი და სტეროიდებით გატენილი ნარცისი ხარ! - ტემბრს უმატა და ეგონა, თავში ურო ჩაარტყეს, როდესაც ნაცნობი ხმით დაძახებული საკუთარი სახელი გაიგონა, მაგრამ იფიქრა, გადამეტებული ემოციის გამო მეჩვენებაო და მონოლოგის გაგრძელებას აპირებდა, როდესაც „ნარცისმა“ მკლავში ხელი წაუჭირა და უნდა ვაღიაროთ, ეს საკმაოდ მტკივნეული გამოდგა.
- აღარ გაბედო ჩემთან ასე ლაპარაკი! გასაგებია? - თითოეული სიტყვა მკაფიოდ გამოკვეთა მილერმა, ნინა კი უკვე ყბების ერთმანეთზე დაჭერით ცდილობდა ტკივილის უგულებელყოფას, როდესაც ის საერთოდ გაქრა, მის წინ კი ნაცნობი ფიგურა აისვეტა.
- შენ კი აღარ გაბედო და შეეხო! - მეხის გავარდნასავით მოესმა ეს ხმა და ერთიანად მოეშვა. იგრძნო, რომ შეეძლო აღარაფერზე ეფიქრა, შეეძლო დაყრდნობოდა, მისი იმედი ჰქონოდა. იგრძნო, როგორი სუსტი იყო მის გვერდით და საკუთარ თავზე გაბრაზებაც კი ვერ მოახერხა ამის გამო. - გა-სა-გე-ბი-ა?! - დამარცვლით გაუმეორა ნინასთვის დასმული კითხვა და რამდენიმე წამში ალბათ გულთბილადაც მოუთათუნებდა ლოყაზე მუშტს, მაგრამ არ დასცალდა, რადგან მწვრთნელი შემოიჭრა სასტვენით და დაიგრგვინა, ჩემი მოთამაშეები ახლავე გასახდელში შედით, უცხოებმა კი აქედან მოუსვითო.
- იცოდე, თითოეული სიტყვისთვის გაგებინებ პასუხს! - მიაძახა მილერმა შიგნით შესვლამდე და ნიკამაც, სანამ გამოტრიალდებოდა, შუათითაღმართული ხელები მაღლა ასწია. უკვე ზუსტად იცოდა, რომ აქედან ფეხსაც არ მოიცვლიდა ისე, სანამ იმ ნაბიჭვარს არ შეხვდებოდა.
ნინამ კი... ნინამ ის იცოდა ზუსტად, რომ ნებისმიერ ფასად უნდა წაეყვანა იქიდან. ვერ მისცემდა უფლებას, მის გამო შარში გახვეულიყო. საკუთარ თავს ვერ აპატიებდა უბრალოდ. შესაძლოა, ეს ნიკასთვის ჩვეულებრივი მდგომარეობა ყოფილიყო, მაგრამ თვითონ ვერ დაუშვებდა, რომ ამაში მონაწილეობა მიეღო, თუნდაც მხოლოდ მის სახელს. ამიტომ, ყველანაირი პრინციპი დროებით პასიურ რეჟიმზე გადაიყვანა და როდესაც შეატყო, რომ წამოსვლას არ აპირებდა, ფრთხილად შეახო ხელი მკლავზე...
- წავიდეთ, რა... - წარმოთქვა ისე, რომ წამითაც არ გაუწყვეტია მზერითი კონტაქტი, მიუხედავად იმისა, რომ ეს მის გულზე აშკარად ცუდად მოქმედებდა.
- ნიკა?! შენ აქ რას აკეთებ? ჩემ საყურებლად მოხვედი? - და უცბად, ყველაფერი ამ ხელოვნურად დაყენებულმა წვრილმა ხმამ გააფუჭა და ბიჭმაც თავი ვერ შეიკავა თვალების ატრიალებისგან.
- წადი და დაგეწევი... - ძლივსშესამჩნევად გაუღიმა ნინას და შემდეგ შეყვარებულთან შესახვედრად გაემართა...
* * *
ნინა რომ გარეთ გავიდა, გოგონების მოძებნა არც დასჭირვებია, იქვე, ტროტუარზე ჩამომსხდარიყვნენ, მიას კი თავი ხელებში ჩაერგო და სლუკუნებდა. ვერაფრით ახერხებდნენ მის დამშვიდებას. ყოველ მცდელობაზე პირიქით, უფრო და უფრო ეტირებოდა.
- ნი, გთხოვ, ინტერვიუს მე აღარ ავიღებ... - ამოისლუკუნა ნაწყვეტ-ნაწყვეტ და გულში ჩაეკრა, გოგონამ კი ძლიერად ჩაიხუტა და თავზე აკოცა.
- საერთოდ აღარ ავიღებთ მისგან ინტერვიუს. ადამთან ჩავწეროთ, ნახევარმცველი კაპიტანზე არანაკლებ მნიშვნელოვანია...
- როგორი სულელი ვარ... როგორ ვიფიქრე, რომ...
- კარგი, რა, გთხოვ! ნუ ტირი, მის გამო როგორ შეიძლება ტიროდე?
- მია, ხომ ხედავ რა დეგენერატია? - გაბრაზებას ვერ მალავდა ლილი. - სხვა სიტყვა არც კი მახსენდება, ჩვეულებრივი დეგენერატია!
- კიდევ კარგი, მწვრთნელი დროზე მოვიდა... - ჩაილაპარაკა ქეითმა და ნინას გადახედა. რამდენიმე წამში კი უკვე სამივე მას უყურებდა.
- ვინ არის? საიდან იცნობ? რატომ არაფერი გვითხარი? დღეს აპირებდი მოყოლას, არა? - დააცხრა ლილი, მიას კი, ტირილის მიუხედავად, მის შეტევაზე მაინც გაეცინა და ცრემლები შეიმშრალა.
- შეიძლება ეს საუბარი ტაქსიში გავაგრძელოთ? საშინლად ამტკივდა თავი...
- ამმ, ისა... - აბურტყუნდა ნინა. როგორ ეთქვა, მე ჯერ ვერ წამოვალ, ველოდებიო? ჰმ...
- აბა, წავედით? - და ახლაც მშველელად მოევლინა მისი მოლოდინის ობიექტი, რომელიც დაჟინებული მზერების სრული უგულებელყოფით მისჩერებოდა ნინას.
- ჩვენ ტაქსის ველოდებით... - ურცხვად იცრუა ქეითმა და თავი ძლივს შეიკავა, ნინასთვის თვალი რომ არ ჩაეკრა.
- ჰოდა, ნუღარ დაელოდებით, მანქანით ვარ.
- არ არის საჭ... - წამოიწყო ნინამ, მაგრამ მაშინვე შეაწყვეტინა.
- ვერ ვიტან ხვეწნას, უბრალოდ ჩასხედით!
არ იცოდა, სიხარულით სად წასულიყო, ნიკამ მანქანის კარი რომ გაუღო ჯერ გოგონებს და შემდეგ თვითონაც. რა თქმა უნდა, ნინა წინ დასვა. გული გამალებით უცემდა, ღვედის გადაჭერისას სარკეში ქეითის წარბების თამაში რომ შენიშნა და თავი ძლივს შეიკავა, კმაყოფილს რომ არ ჩაღიმებოდა. ბიჭი ისე ჯენტლმენურად იქცეოდა, უნდოდა, სიამაყისგან ეყვირა, რომ მასთან ერთად იყო. მაგრამ შემდეგ ახსენდებოდა, რომ სულაც არ იყვნენ ერთად. უფრო მეტიც, ნიკას საერთოდაც შეყვარებული ჰყავდა და ეს მეგანი იყო, გოგო, რომელიც ორგანულად ვერ იტანდა ნინას.
- ჯერ შენს მეგობრებს მივიყვან და შემდეგ შენ, კარგი? - გადაულაპარაკა, ძრავა რომ აამუშავა და ნინამ თავი რომ დაუქნია, ტუჩზე იკბინა ღიმილის შესაკავებლად, თუმცა არ გამოუვიდა და ნიკასაც, ამის დაფიქსირებისას, კმაყოფილს ჩაეცინა.
ყველაფერი იმდენად იდეალურად იყო, დარწმუნებული ვარ, გაგიკვირდებოდათ კიდეც, ასევე რომ გაგრძელებულიყო. თუმცა, ის, რაც მოხდა, ცუდია თუ კარგი, ეს უკვე იმაზეა დამოკიდებული, როგორ და რომელი მხრიდან აღვიქვამთ ყველაფერს. მოკლედ, ჯობს ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ მოვლენების განვითარებას და წინასწარი დასკვნებისგან თავი შევიკავოთ. საერთოდ ყველანაირი დასკვნისგან...
- ნინა, ღამით დაგელოდოთ თუ აღარ მოხვალ? - ჰკითხა ლილიმ, მანქანიდან რომ გადადიოდა. ბოლო სწორედ ის მიიყვანეს სახლში. გოგონამ კი ზუსტად იცოდა, რომ მისი მეგობარი ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებდა და აუცილებლად გააწითლებდა.
- მოვალ! - თვალები დაუბრიალა და მზერით მის გვერდით მჯდარ ბიჭზე ანიშნა, რომელიც აშკარად კარგად ხვდებოდა სიტუაციის კომიკურობას.
- ეცადე, არ დააგვიანო! - თვალი ჩაუკრა ლილიმ, შემდეგ კი ნათქვამით კმაყოფილმა დატოვა მანქანა...
- ანუ... - წამოიწყო ნიკამ.
- ანუ?
- ფიქრობენ, რომ ჩემ გამო დააგვიანებ? - მაინც გაეპარა ღიმილი.
- მე პასუხს არ ვაგებ იმაზე, რასაც სხვები ფიქრობენ! - წარბები აუწია ნინამ და ფანჯრიდან გაიხედა. - ამ ქუჩას გაუყევი და შემდეგ გეტყვი, სადაც უნდა გადაუხვიო.
- ვიცი, ნინა.
- რა?
- ვიცი-მეთქი.
- რა იცი?
- შენი მისამართი! - თვალები აატრიალა, თუმცა ნათქვამის საპირისპიროდ, სრულიად სხვა ქუჩაზე შეუხვია.
- საიდან?
- კარგი, რა! - გაეცინა და სიჩქარეს უკლო. - რატომ გეპარება ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი?
- უბრალოდ მაინტერესებს...
- საბილიარდოდან რომ წამოვედით, ტაქსით გამოგყევი. - წარმოთქვა, ვითომც არაფერიაო და კიდევ ერთ ჩიხში შეუხვია.
- არანორმალური ხარ! - გაეცინა კმაყოფილების ღიმილის დასაფარად და კიდევ ერთხელ გაიხედა ფანჯრიდან. საერთოდ ვერ ცნობდა იქაურობას.
- ნინა, რატომ მეთამაშები? - წარმოთქვა საბოლოოდ და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, სიჩქარე ნულამდე დაიყვანა. ისხდნენ ასე, სრულიად ჩაბნელებულ ქუჩაზე გაჩერებულ მანქანაში და ნინას პულსაცია უკვე მაქსიმუმს აღწევდა.
- ვერ ვხვდები, რას გულისხმობ... - თვითონაც ვერ გაიგო, რატომ დაიწყო ჩურჩული.
- ნინა, ახლაც თამაშობ... - აჰყვა მის ხმის ტემბრს, ღვედი შეიხსნა, მისკენ შეტრიალდა და ხელი ისე თამამად ჩამოადო მუხლზე, თითქოს მისი საკუთრება ყოფილიყოს. საერთოდ არ იმჩნევდა გოგონას თვალებში გაჩენილ კითხვის ნიშნებს.
- გაჩერდი...
- რატომ? თავს ცუდად გრძნობ? - ჩაეცინა ცერად და ყურის უკან ნაზად შეეხო ტუჩებით. ნინას კანზე გაჩენილმა ეკლებმა კი უფრო მეტი სითამამე შემატა და დაარწმუნა, რომ გოგონას ნამდვილად არ აგრძნობინებდა თავს ცუდად.
- ნიკა, გეყოს...
- მომწონს, როგორც წარმოთქვამ ჩემს სახელს... და ისიც მომწონს, რომ ჩვენი „საიდუმლო“ ენა გვაქვს... - ეჩურჩულებოდა საოცარი ხმით და ტუჩებით ყელისკენ მიიწევდა, ნინა კი უკვე საფეთქლებში გრძნობდა პულსაციას.
- გთხოვ...
- შენ თვითონაც იცი, რომ ამით საკუთარ თავს ეწინააღმდეგები...
- გაჩერდი! - უნდოდა მტკიცე და გაბრაზებული ხმა ჰქონოდა, მაგრამ ამოსლუკუნებასავით გამოუვიდა. უკვე ერთიანად აკანკალებდა და ერთადერთი, რაც უნდოდა, აქედან გაქცევა იყო. საკუთარი თავისგან გაქცევა.
- რა გატირებს? - მოშორდა გაკვირვებული, ნინამ კი ამასობაში დრო იხელთა და ისე სწრაფად გადახტა მანქანიდან, ბიჭმა გააზრებაც ვერ მოასწრო.
ნიკა რომ მანქანიდან გადაჰყვა, იდგა ნინა შუა ქუჩაში აკანკალებული და გამწარებული ეძებდა ჩანთაში რაღაცას. ლამის იყო, მთელი ჩანთა ძირს გადმოეპირქვავებინა და ისე მოეძებნა.
- რას აკეთებ? ნინა!
- არ მომეკარო!
- რა დაგემართა? - თავი ვერ შეიკავა, რომ არ გასცინებოდა მის საქციელზე, ნინა კი ამან უფრო გააღიზიანა. როგორც იქნა, მობილურიც იპოვა!
- შენ მე შენი გოგო ხომ არ გგონივარ? - თქვა ყველაზე დიდი სისულელე, რაც შეიძლებოდა ეთქვა და სასწრაფოდ დაიწყო სანდროს ნომრის აკრება, თუმცა მოსმენილმა აიძულა, გაჩერებულიყო.
- მამიკოს ურეკავ? - ისევ ჩაიცინა ბიჭმა. - საერთოდ რატომ გადაწყვიტე, რომ ჩემს გოგონებს ასე ვექცევი?
- სულაც არ ვურეკავ მამაჩემს! - ნიკაპი აუკანკალდა, რომ მიუხვდნენ. აღარც კი ცდილობდა ცრემლების მოწმენდას და შეშინებული უკან გახტა, ბიჭი რომ მიუახლოვდა.
- არაფრისგან ქმნი ტრაგედიას... - წარმოთქვა დაბალი, მშვიდი ხმით და ხელები კედელს მიაყრდნო. ნინა სწორედ ამ ორ „კედელს“ შორის აღმოჩნდა მომწყვდეული.
- არ გინდა, გთხოვ...
- რა არ მინდა, ნინა? - თვალებში უყურებდა და იქ ცდილობდა პასუხის პოვნას, თუმცა მხოლოდ შიში იპოვა და ვერაფრით მოუძებნა ამას ახსნა.
- ნუ მაიძულებ, შეგიძულო... - აღმოხდა საბოლოოდ და კიდევ ერთი შეხების მოლოდინში თვალები მიეხუჭა, თუმცა... არაფერი. საერთოდ არაფერი.
თვალები რომ გაახილა, ნიკა მისგან მოშორებით იდგა მანქანას მიყუდებული და ისე უყურებდა, მის მზერაში ვერაფრის ამოცნობას ვერ ახერხებდა.
- ჩაჯექი, წაგიყვან!
- არა!
- ნინა... - თუმცა გოგონა აღარ უსმენდა. როცა მიხვდა, რომ ყველაფერმა გადაიარა, სასწრაფოდ დარეკა ლიამთან.
- ლიამ! გთხოვ, მომაკითხე, რა! არ ვიცი, სად ვარ... - თვალები მოატარა იქაურობას, რაიმე მინიშნება რომ მაინც ეპოვა, თუმცა არ გამოუვიდა და კინაღამ ყბა დაკარგა, როდესაც ნიკამ მისამართი უკარნახა. სწრაფადვე გაუმეორა ლიამს და გათიშა, შემდეგ კი მოწყვეტით ჩამოჯდა ტროტუარზე. მაქსიმალურად ცდილობდა ცრემლების შეკავებას. თვითონაც არ ესმოდა, რაღატომ ტიროდა ახლა, მაგრამ თავს მაინც ვერ იკავებდა.
ყურადღება კარის მიჯახუნების ხმამ გაუფანტა. თავი რომ ასწია, ბიჭს უკვე ძრავა ჰქონდა ამუშავებული. ზედაც არ შეუხედავს ნინასთვის, ისე მოასრიალა თეთრი „ლექსუსი“ და წამებში გაუჩინარდა. დატოვა ნინა მარტო, გაოგნებული, სურვილებარეული, შეშინებული და ყველაზე მეტად, იმედგაცრუებული. მაგრამ ერთი იყო, გოგონას იმის თქმაც კი არ შეეძლო, ვინ გაუცრუა იმედი, ნიკამ თუ საკუთარმა თავმა...
ნიკა კი შორიდან უყურებდა, როგორ გაჩერდა მანქანა იმ ადგილას, ცოტა ხნის წინ თვითონ რომ იდგა; როგორ გადმოვიდა იქიდან მისთვის უკვე კარგად ნაცნობი ბიჭი და როგორ ჩაიხუტა ნინა. გოგონამ კი ისევე მოხვია ხელები, როგორც ადრე მას.
- ამის დედაც! - გამწარებულმა დაარტყა საჭეს ხელი, თითქმის ბოლომდე ჩამწვარი სიგარეტი ფანჯრიდან მოისროლა და ღვედის გადაჭერის გარეშე მიადგა გაზს ფეხი. სასწრაფოდ უნდა გაშორებოდა აქაურობას და საკუთარი გონებაც ეიძულებინა, რომ ამაზე ფიქრი შეეწყვიტა, თორემ უკვე კარგად ხვდებოდა, რომ ეს გოგო ზედმეტად დაეპატრონა მის გონებას...
გაგრძელება იქნება
ნათია ჯაგოდნიშვილი