- თავი მომაჭერით, თუ ეგ ბიჭი შენზე სერიოზულად არ ფიქრობდეს! - აღმოხდა ლილის, როდესაც ნინამ ყველაფრის მოყოლა დაასრულა. საერთოდ არ იყო ამის ხასიათზე. ამის კი არა, არაფრის განწყობა არ ჰქონდა, ბევრიც იტირა გზაში, ლიამის მხარზე თავჩამოდებულმა, მაგრამ ზუსტად იცოდა, ახლა რომ არ მოსულიყო, უარესი იქნებოდა, ასე კი, ეჭვების არსებოსასაც ჩანასახშივე მოსპობდა, გულსაც გადააყოლებდა და მასზე ასჯერ უფრო გამოცდილი მეგობრების რჩევაც დაეხმარებოდა სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.
- ყველაზე ნაკლებად მაგის გაგონებას ველოდებოდი! - გაეცინა გოგონას. - მით უმეტეს, რომ შეყვარებული ჰყავს. და თან უბრალოდ შეუძლებელია, სერიოზულად ფიქრობდეს და ასე მექცეოდეს.
- შეყვარებული, რომელიც იმის გამო დატოვა, რომ შენ წაეყვანე? - წარბები ასწია ქეითმა. აშკარად ყველამ მის წინააღმდეგ შეკრა პირი.
- თან მეგანის არსებობა დიდად მნიშვნელოვანი ფაქტორი მაინც არ არის. დარწმუნებული ვარ, უბრალოდ ერთობიან, - დაამატა მიამაც. - აბა წარმოიგიდგენია, რომ ვინმეს, თუნდაც ისეთ ვინმეს, როგორიც შენი ბიჭია, სერიოზული ურთიერთობა შეიძლება ჰქონდეს მეგანთან?
- ჩემი ბიჭი არ არის! - სასწრაფოდ გააპროტესტა და წვენი მოსვა. - და რაც არ უნდა იყოს, მაინც არ მივცემ უფლებას ასე მომექცეს.
- ნინა, დროს დაეწიე! არაფერი განსაკუთრებული არ გაუკეთებია, რატომ ტეხ პანიკას? - თვალები აატრიალა ლილიმ.
- რატომ უნდა მაკოცოს, როდესაც წესიერად არც ვიცნობთ ერთმანეთს?
- მე და ჩემმა პირველმა შეყვარებულმა მხოლოდ კოცნის შემდეგ გავიგეთ ერთანეთის სახელები! - გამოაცხადა გოგონამ და მის სიტყვებზე ყველას, მათ შორის ნინასაც, სიცილი აუტყდა. ლილი ყოველთვის ახერხებდა ყველაზე სერიოზული სიტუაციიდანაც მარტივად გამოსვლას.
- მე მაინც არ მომწონს ეს ყველაფერი... - თუმცა, მაინც არ ნებდებოდა ნინა.
- ჰო, აბა შენ იცი, შენც ქეითივით იტანჯე! ამდენი წელია ამ სულელს და ჰარის ერთმანეთი უყვართ და სანამ ერთმანეთი არ გამოლანძღეს, მანამ არ აღიარა არც ერთმა!
- ჩვენი შემთხვევა სულ სხვაა! - საკუთარი სახელის გაგონებისას, სასწრაფოდ ჩაეჭრა ქეითი.
- ჰო, რა თქმა უნდა, თქვენი შემთხვევა განსაკუთრებული დრამატიზმით გამოირჩევა! „როგორ გავასაღოთ მეგობრად ადამიანი, რომელიც გვიყვარს“... წიგნი უნდა დაიწეროს!
- ლილი, დიდი ხანია გამოტყდი, რომ ადამს მხოლოდ მეგობრულად არ უყურებ?
- ყოველ შემთხვევაში, მე გოგოებთან დაკავშირებულ რჩევებს მაინ არ ვაძლევდი! - თვალი ჩაუკრა და სანამ ისევ ქეითი გააღებდა პირს პასუხის გასაცემად, მია ჩაერია.
- არც ერთს არ გაქვთ საქმე ისე ცუდად, როგორც მე... - ამოიოხრა და ნიკაპი მოკეცილ მუხლებს ჩამოადო. - სკოლაში მისვლაც კი აღარ მინდა.
- ეგ მეორედ აღარ თქვა! - თვალები დაქაჩა ნინამ. - ვიღაც იდიოტის გამო სკოლაზე უარი როგორ უნდა თქვა?
- და როგორ უნდა აფიქრებინო, რომ მისი სიტყვები მართალი იყო? - აჰყვა ქეითიც.
- მე საერთოდაც, ვფიქრობ, რომ ახალ ბიჭთან ერთად უნდა გამოჩნდე.
- რა სისულელეა! - გაეცინა მიას. - რაც უნდა ის იფიქროს, პირველივე შემხვედრს კისერზე ვერ ჩამოვეკიდები.
- და რატომ პირველივე შემხვედრს? ჩვენი მეგობრებიდან ერთ - ერთი ხომ თავისუფალია... - და ლილის სიტყვების გაგონებისას, ნინას წვენი გადასცდა და ხველება აუტყდა. ოღონდ ლიამი არა!
- და ამ დროს რიკიც ჰარის მსგავსად რომ გაგიჟდეს და დარჩეს ჩვენი ლიამი ნაცემი... - ჩაიფხუკუნა ქეითმა და დანარჩენებიც აყვნენ. საბედნიეროდ, არავის აღუქვამს ლილის წინადადება სერიოზულად და ნინამაც, შვებით ამოისუნთქა, როდესაც დარწმუნდა, რომ მისი მეგობრის რეალური გრძნობების სხვის მასტიმულირებლად გამოყენებას არავინ აპირებდა...
* * *
ანიკა ჯერ კიდევ ცოტახნის წინ გასული კლიენტის პირად საქმეს კითხულობდა, კაბინეტის კარზე კაკუნი რომ გაისმა და თავი ემამ შემოყო.
- ანიკა, მისტერ კუპერი ჩაწერის გარეშე მოვიდა. ერთი საათი თავისუფალი გაქვს. შემოვუშვა?
- რაშია საქმე? რამე ხომ არ უთქვამს? - გაკრივებულმა ახედა. ეს კაცი განსაკუთრებული მოწესრიგებულობითა და პუნქტუალურობით გამოირჩეოდა და მისგან ასეთი საქციელი ნამდვილად უჩვეულო იყო.
- არაფერი, მაგრამ ძალიან შეწუხებულია. ვუთხარი, რომ ჩაწერის გარეშე ვერ მიიღებდი, მაგრამ არ იშლის, სასწრაფოდ მინდა შეხვედრაო...
- კარგი, შემოუშვი, ალბათ მართლა რაღაც გადაუდებელია, ისე არ მოვიდოდა... - ჩაილაპარაკა ჩაფიქრებულმა, საქაღალდე დახურა და ერთგული კლიენტის მისაღებად მოემზადა...
ეს კაცი უკვე ერთი წელია დადიოდა. თავიდან განქორწინების შემდგომი დეპრესია ჰქონდა, შემდეგ არასრულფასოვნების კომპლექსი, მოგვიანებით, წონაში მოიმატა და ყველანაირ უიღბლობას ამას უკავშირებდა, საკუთარ თავში იკეტებოდა და ეგონა, რომ გარშემომყოფებიც რიყავდნენ. ყოველთვის, როდესაც ერთ პრობლემას დაძლევდნენ, აუცილებლად ჩნდებოდა რაიმე ახალი და თითქოს განგება არ აძლევდა უფლებას, ანიკასგან შორს ყოფილიყო. წონაშიც დაიკლო, ახალი სამსახურიც დაიწყო, შეყვარებულიც გაიჩინა და საბოლოოდ, ზუსტად ბოლო ვიზიტის წინა დღეს დაშორდა. და კვლავ გაჩნდა ფსიქოლოგის ჩარევის საჭიროება...
- შეიძლება? - დაკაკუნების შემდეგ კაბინეტში შუახნის, კარგად გამოწყობილი, სიმპატიური მამაკაცი შემოვიდა. ანიკა ღიმილითა და თავის დაკვრით მიესალმა და სავარძლისკენ ანიშნა.
- რეი, მოხდა რამე? თქვენგან ასეთი მოულოდნელი ვიზიტი გამიკვირდა...
- ანიკა, ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს, საშინლად! თითქოს სული მეხუთება... - აშკარად შეწუხებული ჩანდა კაცი. პიჯაკის ღილი შეიხსნა, სანამ სავარძელში ჩაეფლობოდა, შემდეგ კი მარჯვენა ხელით მოისრისა შუბლი, ეს მისი ნერვული ჟესტი იყო.
- თუ არ მეტყვით რა გაწუხებთ, თქვენს დახმარებას ვერ შევძლებ...
- მგონი, ჭკუიდან ვიშლები. ყველა ქალში, ვინც მომეწონება, მარტას ვხედავ. ახლაც, პირდაპირ ლანჩიდან მოვდივარ. წარმოგიდგენიათ? ქალბატონი მოვატყუე, რომ საპირფარეშოში გავდიოდი და გამოვიქეცი... - რეი ძალიან, ძალიან აღელვებული იყო. ხმაც კი უკანკალებდა, ხელებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ანიკას კი მისმა მონაყოლმა თვალები დააჭყეტინა. ეს უკვე ახალი იყო!
- რეი, მარტასთან განქორწინების შემდეგ ექვსთვიანი კურსი გავიარეთ. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი მოვაგვარეთ, ბოლო დროსაც, თქვენი მდგომარეობა საგრძნობლად გამოსწორდა. რა მოხდა დღეს ასეთი? შეგიძლიათ მომიყვეთ, ვის ხვდებოდით?
- ანიკა, მეც არ ვიცი, რა დამემართა! ლაილა არც ისე დიდი ხნის წინ გავიცანი. ყვავილების გამყიდველია. ჩემს სახლთან ახლოს აქვს თავისი მაღაზია გახსნილი. ხომ იცით, როგორ მიყვარს მცენარეები. ხშირად შევდიოდი ხოლმე მასთან, ხან რაიმეს ვყიდულობდი, ხანაც უბრალოდ ვსაუბრობდით. ძალიან კარგი ქალია, საერთოდ არ ჰგავს ჩემს ყოფილ ცოლს. დღესაც, როგორც იქნა, ლანჩზე დავპატიჟე და ასეთი სამარცხვინო რამ დამემართა! არც კი ვიცი, როგორ ავუხსნა ყველაფერი...
- დამშვიდდით, ძალიან გთხოვთ, ასე ნუ ღელავთ. წყალს ხომ არ ინებებთ?
- არა, არა, დიდი მადლობა. თქვენი ნახვა ჰაერივით მჭირდებოდა! მაპატიეთ, რომ თქვენი დრო ასე თავხედურად მივისაკუთრე. უბრალოდ უკვე, როგორც მეგობარს, ისე გიყურებთ.
- ასეც უნდა იყოს, ძვირფასო... - გაუღიმა მის წინ მჯდარ კაცს, რომელიც შეშინებული ბავშვივით გამოიყურებოდა და მიხვდა, რომ კიდევ ერთი ხანგრძლივი კურსი ელოდათ წინ. როგორც ჩანს, მისმა გულმოდგინე მუშაობამ მხოლოდ დროებით გამოიღო შედეგი და საჭირო იყო, რაღაც სხვა ეცადა. მნიშვნელობა არ ჰქონდა, კიდევ რამდენ ხანს მოუწევდათ ერთი და იგივე ადგილის ტკეპნა, მთავარი ის იყო, რომ ადამიანი, რომელიც იმედის თვალით შეჰყურებდა, როგორმე ამ ყველაფრიდან ამოეთრია და დაებრუნებინა მისთვის ის, რაც დიდი ხნის წინ დაკარგა_საკუთარი თავის რწმენა...
* * *
ნერვები ეშლებოდა საკუთარ თავზე. რა დაემართა? რაღა მაინც და მაინც ეს გოგო ამოიჩემა? საერთოდ რატომ მიაქცია ყურადღება?! თითქოს არაფერი განსაკუთრებული. ბევრი ჰყოლია მისნაირი. თავიდან რომ ანგელოზები არიან და შემდეგ გამოავლენენ ხოლმე ნამდვილ სახეს და ღრმად მიძინებულ ფანტაზიებს. მაგრამ როდის დადგებოდა ნინასთან ეს „შემდეგ“? თითქოს არც თამაშობდა. მაგრამ როგორ იყო ასეთი? ასეთი... ბავშვი. უბრალო კოცნის მცდელობის გამოც კი ისეთი ამბავი აუტეხა, წარმოდგენაც არ უნდა რას იზამდა, მართლა რომ ეკოცნა. არადა როგორ უნდოდა... ჰმ, ასეთი რამ აქამდე არ მოსვლია. მეგანიც კი, სკოლის ყველაზე პოპულარული გოგოს სტატუსით რომ სარგებლობდა და თვით ფეხბურთის გუნდის კაპიტანსაც კი უარს ეუბნებოდა, ისე მარტივად ჩაიგდო ხელში(და არამარტო), რას წარმოიდგენდა ნინა თუ ასე გააწვალებდა?! სიმართლე ითქვას, თავიდან დიდად არც აინტერესებდა. არაფრით გამორჩეული გოგო იყო, რომელმაც უბრალოდ ზედმეტად მიიქცია მისი ყურადღება. შემდეგ კი... შეიძლება იმანაც იქონია გავლენა, ქართველი რომ აღმოჩნდა. ან უბრალოდ, ჩვეულებრივი ჟინი იყო, სპორტული ინტერესი, რომელიც აუცილებლად უნდა დაეკმაყოფილებინა, მიუხედავად იმისა, როგორც არ უნდა გასჭირვებოდა...
სახლში ახალი მისული იყო, ფეხზე ვიბრაცია რომ იგრძნო და ცოტა არ იყოს, გაკვირვებულმა ამოაძვრინა მობილური ჯიბიდან. ვის გაახსენდა ამ შუაღამისას?
- დედა? - კიდევ უფრო დაიბნა, ეკრანს რომ დახედა და არც დააცადა ისე ჰკითხა. - მოხდა რამე?
- მამაშენი... - ამოისლუკუნა ქალმა და... არა, ძარღვებში სისხლი არ გაყინვია. არც სუნთქვა შეკვრია, არც მამასთან გატარებულ ბედნიერ წამებს გაურბენია თვალწინ. არ ჰქონდა.
- ამჯერად რა მოხდა?
- დათვრა, რესტორანში ვიღაცას აუშარდა, იჩხუბა და დააკავეს. წინასწარი დაკავების საკანშია, ბაბუაშენს ვერ დავურეკე, შემეცოდა. გულს გაუხეთქავს იმ კაცს მალე!
- ფული სჭირდება? - ჰკითხა გულგრილად და ჩაეცინა. არ შეეძლო. ვერაფრით ახერხებდა შეწუხებული შვილის როლის მორგებას. არ გამოსდიოდა მსახიობობა.
- ნიკოლოზ, შენ მაინც რა გჭირს?! - ხმას აუწია თიკამ. - გეუბნები რომ დაიჭირეს და საერთოდ არ გაღელვებს? ის მაინც არ გაინტერესებს, რას იტყვიან შენი მეგობრები, თუ გაიგებენ, რომ მამაშენი დააპატიმრეს?
- არა.
- ნიკოლოზ! - ბიჭმა სახეც კი შეჭმუხნა მობილურიდან გამომავალი ხმის სიძლიერის გამო. ძალიან კარგად ხვდებოდა, რომ დედამისი განიცდიდა, მაგრამ ამის გამოც კი ვერ ახერხებდა არსებული რეალობის ნაგავში მოსროლას.
- მისამართი მომწერე, გადავუხდი და სახლში მოგიყვან შენს ძვირფას მეუღლეს.
- ნუ გავიწყდება, რომ ჩემი მეუღლე მამაშენია!
- არა, დედა, მე ყველაფერი ძალიან კარგად მახსოვს.
- ნიკა, ახლა ამის დრო არ არის...
- სხვათა შორის, ცხრამეტი წლის ბიჭებს მამები უხდიან გირაოს და არა, პირიქით. ჩვენ ამაშიც არაორდინალურები ვართ.
- გეყოფა!
- კარგი, როგორც იტყვი. ისედაც იცი ჩემი დამოკიდებულება.
- შვილო, გთხოვ, ცოტახნით მაინც დაივიწყე შენი პრინციპები.
- კარგი, დედა, ცოტახნით როგორმე შევძლებ, ხომ იცი, შვილები მშობლებს ემსგავსებიან... - მწარედ ჩაეცინა და პასუხს არც დალოდებია ისე გათიშა. აღარ უნდოდა მეტის მოსმენა, უფრო ზუსტად კი, დედამისის ნაწყენი ხმის გაგონება. იცოდა, რომ ამ სიტყვებით ატკენდა, მაგრამ მაინც ვერ შეიკავა თავი.
სასაცილო იყო, ნეტავ ლაშა მივიდოდა მის გამოსაყვანად, რომ დასჭირვებოდა? მაგრამ იმ ერთ ზარს, რომლის უფლებასაც მისცემდნენ, ნამდვილად არ დახარჯავდა მასზე. ახლა კი, თვითონ მიდიოდა, რომ წინასწარი დაკავების საკნიდან გამოეყვანა კაცი, მამად წოდებული, მაგრამ მხოლოდ სტატუსის მქონე მის ცხოვრებაში...
* * *
- იცოდე, ხმა არ ამოიღო და არაფერი თქვა! - უთხრა კაცმა მაშინვე, პოლიციის შენობიდან რომ გამოვიდნენ, ნიკას კი მის სიტყვებზე ჩაეცინა.
- შენთვის რამის თქმას არც ვაპირებდი!
- ნუ გავიწყდება, ვის ელაპარაკები! და ისიც ნუ დაგავიწყდება, რომ რაც გაქვს, ჩემი წყალობით გაქვს!
- სერიოზულად? - წარბები ასწია გაკვირვებისგან და საჭეს მიუჯდა. ერთი სული ჰქონდა როდის მორჩებოდა ამ ყველაფერს. - შენი წყალობით? საიდან, ამხელა წარმოდგენა?
- ნიკოლოზ, ჩემი წყალობით დადიხარ დედამიწაზე და ჩემი გვარი გაქვს!
- ჰო, სპერმატოზოიდი და გვარი შენი მაქვს, ამას ნამდვილად ვერ დაგიკარგავ! - გაეცინა. როგორ უნდოდა ლაშას ერთხელ და სამუდამოდ შეეგნო, რომ მათ შორის ვერანაირი სახის ურთიერთობა ვერ იარსებებდა.
- რისთვის მოხვედი საერთოდ? დედაშენი ვერ გადამიხდიდა გირაოს?
- ხომ არ შეგახსენო, საკრედიტო ბარათები რომ გადაუჭერი წინა კვირას? - ისე ჰკითხა, საქარე მინისთვის მზერაც არ მოუშორებია. მაქსიმალურად ცდილობდა საკუთარ თავზე კონტროლი არ დაეკარგა.
- ქუჩის ქალივით ჩაცმაში ხარჯავდა ფულს და იმიტომ! - ჩაიბურდღუნა და სიგარეტი ამოიღო, მაგრამ სანამ მოუკიდებდა ნიკამ დაასწრო.
- მანქანაში არ ვეწევი. - წარბშეუხრელად იცრუა.
- ნიკოლოზ, საზღვარს ნუ გადახვალ, გაფრთხილებ.
- ჩვენ შორის საზღვარი დიდი ხანია წაიშალა.
- მე მამაშენი ვარ და ეს ნუ გავიწყდება!
- მე, არა... შენ დაგავიწყდა შვილები რომ გყავს.
- ბარბარე არასდროს დამლაპარაკებია ასე!
- ჰო, დედაჩემიც არ გშორდება, უამრავი საყვარლის მიუხედავად, მაგრამ ეს ნიშნავს რომ კარგი ქმარი ხარ? - საბოლოოდ, მაინც შეხედა თვალებში და მის მზერაში ამდენი წლის ნაგროვები ყველა წყენა, იმედგაცრუება, ტკივილი და უმამობა ერთიანად იკითხებოდა.
- შენ არ გაქვს ჩემი განსჯის უფლება, შვილო!
- არც შენ გაქვს იმის უფლება შვილო დამიძახო. მოვედით, შეგიძლია გადახვიდე.
- დაიმახსოვრე, შენ ჩემი გვარის გამგრძელებელი ხარ, ნიკოლოზ მეტრეველი. ჩემი სისხლი გაქვს. ამას ვერსად გაექცევი... - ჩაილაპარაკა ლაშამ, შემდეგ კი მანქანიდან გადავიდა და არეული ნაბიჯებით დაფარა სახლამდე მისასვლელი მცირე მანძილი. ნიკოლოზ მეტრეველი კი წამითაც არ დალოდებია, როგორ შევიდოდა მამამისი სახლში...
* * *
ნინა სკოლის შენობიდან დაგვიანებით რომ გამოვიდა, დირექტორთან ვიზიტის გამო, ავტოსადგომზე ისეთი აურზაური დახვდა, გონებაში დღის გეგმას კარგად გადახედა, რამე ხომ არ გამომრჩაო. მაგრამ ვერაფრით გაიხსენებდა იმას, რაც დაგეგმილი არ ჰქონდა, მისი მეგობრები კი კლასელებში ათქვეფილიყვნენ და რაღაცაზე გამწარებულები კამათობდნენ.
- რა ხდება? - როგორღაც მოახერხა მათ შორის შეძრომა და რადგან ლილი ამოსუნთქვის გარეშე ლაპარაკობდა და კითხვის დასმას აზრიც არ ჰქონდა, ქეითს გადაუჩურჩულა.
- გაგიჟდა! - გაეცინა და მზერით მეგობარზე ანიშნა.
- ეგ ახალი ამბავი არ არის! - გაეღიმა ნინასაც. - მაგრამ ახლა რა ხდება?
- არ დავუშვებ კლასის ცხოვრება ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში ასეთი უინტერესო იყოსო!
- და როგორ მოახერხა ბავშვების გაჩერება გაკვეთილების შემდეგ?
- დაცვას შეთანხმებია დილითვე, სანამ მე არ გეტყვით, შლაგბაუმი არ გაუხსნათ ჩვენი კლასის ბავშვებს, ნებართვა მაქვს აღებული ადმინისტრაციისგან, დირექტორის სათქმელი უნდა გადავცეო. ისიც, ხომ იცი, როგორი კეთილი კაცია და დაუჯერა. ეს კიდევ უკვე თხუთმეტი წუთია ჩხუბობს, რამე მოვიფიქროთო!
- წარმოდგენაც არ მინდა რა მოხდება, ეს რომ ქვეყნის პრეზიდენტად აირჩიონ! - ჩაიფხუკუნა და ლილის თვალების ბრიალი რომ დაიმსახურა, საბოლოოდ დარწმუნდა_ეს გოგო სუპერ - ბუპერ შესაძლებლობებით გამოირჩეოდა თან ესაუბრა, თან ესმინა, არაფერი გამორჩენოდა და ყველაფერი უმაღლეს დონეზე გაეკეთებინა.
- მოკლედ, გადაწყვეტილია! შაბათს ექსკურსიაზე მივდივართ!
- სულაც არ არის ტალახში და ხე - ტყეში სიარული იმისთვის აუცილებელი, რომ, როგორც შენ ამბობ, კლასი დაახლოვდეს! - თვალები აატრიალა მეგანმა და თავი გაიქნია. - მე პირადად, არ ვაპირებ ჩემი დროის თქვენთვის დათმობას.
- აზრი არავის უკითხავს! - ისევ დასჭექა ლილიმ და მის გვერდით მდგარი მია მოულოდნელობისგან შეხტა კიდეც.
- არ გაქვს უფლება დაგვაძალო!
- მაქვს! ეს არის ჩემი მოვალეობა, დავალება, რომელიც კლასის ხელმძღვანელისგან მივიღე და აუცილებლად შევასრულებ. მგონი ყველას გინდათ, რომ გაზაფხულის ცეკვები ჩვენმა კლასმა მოაწყოს, თუ ვცდები?
- და ეგ ამ ყველაფერთან რა კავშირშია? - ისევ ჩოჩქოლი ატყდა.
- რომელი კლასის პრეზიდენტიც ყველაზე უკეთ შეასრულებს მოვალეობას, იმ კლასს გადაეცემა უფლება, მომავალი ღონისძიება ჩაატაროს. აბა, ისევ უარზე ხართ? - წარბები ასწია და ბავშვებს, რომლებიც მოულოდნელად მიჩუმებულიყვნენ, თვალი მოავლო. ისეთი სახე ჰქონდა, წინასწარ ზეიმობდა გამარჯვებას.
და, რა თქმა უნდა, შეთანხმდნენ! გაზაფხულის ცეკვები ერთ - ერთი ყველაზე პრესტიჟული და სასურველი ღონისძიება იყო, ორგანიზატორები კი ყოველთვის განსაკუთრებული უფლებებით სარგებლობდნენ და ამ შანსს ხელიდან არავინ გაუშვებდა, მით უმეტეს, ლილი. ყველამ იცოდა, რომ მოწოდებით ლიდერი იყო და რადაც არ უნდა დასჯდომოდა, ნებისმიერ ფასად მიაღწევდა, რომ კონკურსის დასრულებამდე მათი კლასი გარედან მაინც გამოჩენილიყო იდეალური, რათა პრიზი მიეღოთ.
- ნამდვილი გიჟი ხარ! - გაეცინა ნინას, როდესაც დაიშალნენ და როგორც იქნა, ლილისთან მიახლოვებაც მოახერხა.
- ექსკურსია საიდანღა მოგაფიქრდა? - აჰყვა ქეითიც.
- და სად უნდა წავიდეთ? - ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა დასვა მიამ. კითხვა, რომელმაც ლილი გააჩუმა...
- არ ვიცი. სინამდვილეში, არაფერიც არ მაქვს მოფიქრებული და მინდა გახაროთ და გითხრათ, რომ ჩემი დახმარების პატივი, თქვენ გხვდათ წილად! - ხელოვნური აღტაცებით შემოკრა ტაში და გოგონებს თვალი ჩაუკრა, შემდეგ კი, სანამ გადაეხვეოდა, უცბად თვალები დააჭყიტა, ქვედა ტუჩზე იკბინა და აღმოხდა:
- ნინა, უკან არ გაიხედო!
ნათია ჯაგოდნიშვილი