ნინა უხმოდ ტიროდა და კარვების გაშლის ადგილს რომ უახლოვდებოდა, მაქსიმალურად ცდილობდა, როგორმე მოეხერხებინა თავი ხელში აეყვანა. არაფრით გამოსდიოდა. გული ამოუჯდა და ყოველი მომდევნო მცდელობა უფრო მეტად ატირებით სრულდებოდა. ხვდებოდა, რომ ბანალური საპნის ოპერის გმირს ემსგავსებოდა, მაგრამ ყველაფერი ერთიანად დაატყდა თავზე. ამდენი ხნის ნაგროვები ბრაზი, შიში, პირველი კოცნა და კოცნის შემდეგ გაგონილი სიტყვებით გადასხმული მდუღარე თავზე. თუმცა ყველაზე მეტად მაინც სირცხვილს გრძნობდა. რომ შეძლებოდა, დაუფიქრებლად, უყოყმანოდ წავიდოდა აქედან, თუნდაც სრულიად მარტო. ერჩივნა, შუაღამისას ებოდიალა, ვიდრე ამ ყველაფრის შემდეგ კიდევ შეხვედროდა ნიკას. ალბათ, ფეხქვეშ მიწის შერყევასაც კი იგრძნობდა, მის მზერას რომ გადააწყდებოდა. რატომ დაემართა ეს ყველაფერი? ხომ შეიძლებოდა თვითონაც ჩვეულებრივი თინეიჯერი ყოფილიყო?..
- როგორც იქნა! - აღმოხდა ქეითს, რომელიც მოულოდნელად გადააწყდა და სიბნელის გამო ვერაფერი შენიშნა, სანამ ნინამ არ ამოისლუკუნა და სწრაფად არ ჩაეხუტა.
თვალები ჭყიტა მოულოდნელობისგან. შეშინებულმა შემოხვია მკლავები მეგობარს და იმ რამდენიმე წამის განმავლობაში, სანამ ნინა უსიტყვოდ უსველებდა მხარს, ყველაზე საშინელი ვარიანტები უტრიალებდა გონებაში და ლოცულობდა, რომ მისი არც ერთი ვარაუდი არ გამართლებულიყო.
- ნინა, გულს ნუ მიხეთქავ, გთხოვ... - დაიჩურჩულა ბოლოს, მეტს რომ ვეღარ გაუძლო და პასუხის მოლოდინში თითქმის სუნთქვა შეეკრა.
- ნიკამ მაკოცა... - ძლივს წარმოთქვა და უხეშად მოიწმინდა ცრემლები. ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს ეს-ესაა ქვეყანა ჩამოექცა თავზე. თვით მისთვისაც კი მეტისმეტი იყო ამდენი ტრაგიზმი და ქეითმაც კიდევ ერთხელ ჭყიტა თვალები, ამჯერად, გაბრაზებისგან.
- გოგო, შენ ნორმალური ხარ საერთოდ?! გამისკდა გული! კინაღამ მოვკვდი, შენ საძებნელად რომ წამოვედი და ატირებული დაგინახე. და ქალბატონი თურმე იმიტომ ტირის, რომ აკოცეს! - ხელები აიქნია და თვალებიდან ნაპერწკლები გაყარა, თუმცა ნინას არც კი გაღიმებია.
- სხვანაირად შენი გაჩუმება ვერ მოვახერხეო... - დაიჩურჩულა და სანამ ცრემლების ახალ ნაკადს გადმოუშვებდა, ლოყაზე შიგნიდან იკბინა, რომ როგორმე გაჩერებულიყო. ზუსტად იცოდა, კიდევ ცოტაც და ქეითი ასე „მშვიდად“ აღარ დაელაპარაკებოდა.
- ნინა, გეფიცები, კიდევ დავინახავ, რომ ასეთი სისულელის გამო ტირი და არც შენი თხოვნა გაჭრის, არც მუდარა, დაუფიქრებლად მივალ იმ იდიოტთან და ვეტყვი, რომ თუ ასე გაორებულივით აპირებს მოქცევას, ურჩევნია, ერთი ადგილის თამაშს თავი დაანებოს. და ისიც ზუსტად იცოდე, რომ ამის შემდეგ, სულ რომ უკანასკნელი რომანტიკოსი სულელივით მოიქცეს, არანაირი მორალური უფლება აღარ გექნება, მასთან იყო!
- მე არც ვაპირებ მასთან ყოფნას!
- დაგიჯერე, როგორ არა! ერთი სული გაქვს, მეგანის ადგილს როდის დაიკავებ. მე მაინც რატომ მატყუებ?
- მისი გოგო არ ვიქნები, ქეით!
- არადა, ახლა რომ მოვიდეს, პატიება გთხოვოს და გითხრას, ყველაფერი ტყუილი იყო, რაც გითხარი და სინამდვილეში შენთან ყოფნა მინდაო, იმასაც კი გადააბიჯებ, რომ შეყვარებული ჰყავს! ყურებამდე ხარ შეყვარებული, ნინა!
და ზუსტად ეს იყო ის სიტყვები, რისი არამც თუ აღიარების, მოსმენისაც კი ეშინოდა. მართალი იყო და იმიტომ. ქეითის ნათქვამი თითოეული სიტყვა სრული ჭეშმარიტება იყო. საკუთარი თავივით იცნობდა მეგობარს და მანამდევე ხვდებოდა ყველაფერს, სანამ ნინა ჯერ კიდევ არ აღიარებდა. ამასაც მიხვდა. და თან, ზუსტად...
- არ ვიცი, ამის შემდეგ როგორ უნდა მოვიქცე...
- ჩვეულებრივად! შენ არაფერი გაგიკეთებია ცუდი. არც კარგი. შენ საერთოდ არაფერი გაგიკეთებია, რომ ფიქრობდე, როგორ უნდა მოიქცე. გაკოცა, მერე? წყვილები არიან, ერთად ცხოვრობენ და შემდეგ „მეგობრებად რჩებიან“. შენ გგონია, ერთმანეთს აღარ ხვდებიან? ან შეხვედრებს გაურბიან? არა!
- ჰო, მაგრამ, ამის შემდეგ როგორ უნდა შევხვდე?
- ნინა, ჰარიმ რომ მაკოცა, მთელი საღამო არ მიმჩნევდა, გახსოვს?
- თქვენ ახლა ერთად ხართ!
- ერთმანეთი გვიყვარს და იმიტომ ვართ ერთად! ტყუილად არც იმას უკოცნია და არც მე მომიწყვია სცენები!
- არა, ქეით, არა, ჩვენთან არაფერი ხდება და ვერც მოხდება... - ამოიკნავლა გულდაწყვეტილმა, შემდეგ კი, კიდევ ერთხელ ჩაეხუტა, მაგრად აკოცა, მადლობაო, უთხრა და ბავშვებთან დაბრუნდა თუ არა, მაშინვე კარავში შეძვრა და ელვაც საგულდაგულოდ შეკრა...
* * *
- ვერ წარმოიდგენ, რამდენი ხანი ველოდი, რომ ასე ვყოფილიყავით... - დაბალი, ოდნავ ხრინწიანი ხმით უჩურჩულა ჰარიმ მის მკერდზე მიხუტებულ გოგონას, თმა გადაუწია და ზურგზე, კისერთან ნაზად შეეხო ტუჩებით.
შუაღამე იყო უკვე და ყველანი კარვებში შეყუჟულიყვნენ. იყვნენ მხოლოდ ქეითი, ჰარი, მათ წინ ტკაცუნა კოცონი და ვარსკვლავები, რომლებიც არასდროს ჩანდნენ ნიუ-იორკიდან. ისეთი მშვიდი და ისეთი თბილი ღამე იყო, თითქოს უსასრულობამდე აპირებდა გაგრძელებას. თითქოს არ დასრულდებოდა არასდროს და შეძლებდნენ ყოფილიყვნენ მუდამ ასე, ქეითი ჰარის მკერდს ზურგით მიყრდნობილი, ბიჭი კი მის მხარზე ნიკაპდაყრდნობილი და წელზე ხელებშემოხვეული. შეძლებდნენ ესუნთქათ ერთმანეთის სურნელით და ეს ყოფილიყო საკმარისი არამხოლოდ საარსებოდ, ბედნიერებისთვისაც. ერთმანეთით გაბედნიერებისთვის.
- ყოველდღე მგონია, რომ გუშინდელზე უფრო მეტად მიყვარხარ, ხვალ კიდევ უფრო მეყვარები და საბოლოოდ, მეშინია, რომ ვეღარ დაგიტევ... - ძლივს გაბედა ქეითმა იმის თქმა, ამდენი ხანი რომ უნდოდა და ეშინოდა. რცხვენოდა. ვერ უტყდებოდა. ეუხერხულებოდა გრძნობების ასეთი გაშიშვლება იმ ადამიანთანაც კი, ვისითაც სუნთქავდა. თუმცა ბოლოს, გრძნობები ყელში რომ მიაწვა და მთელი სხეული ჭიანჭველებმა დაუფარეს, მეტი ვეღარ გაძლო.
- ვერაფრით ვხვდები, რა გავაკეთე ისეთი კარგი, შენ რომ დაგიმსახურე... - ჩაეღიმა გულწრფელად გაკვირვებულს და კიდევ უფრო მჭიდროდ შემოხვია ხელები. უჭირდა დაჯერება, ეს გოგო მართლა მისი რომ იყო. - და არავის მივცემ ამის გაფუჭების უფლებას. - შემდეგ კი, დააყოლა შეცვლილი ხმით და ქეითიც მაშინვე მიხვდა, საითაც მიჰყავდა საუბარი.
- ჰარი, გთხოვ...
- იცი, რომ არ მოვუთმენ.
- რომ ვიცი, ზუსტად მაგიტომ გთხოვ. გასული ამბავია უკვე, არ ღირს...
- პატარავ, მისმინე, სულ არ მსიამოვნებს, შენ სიახლოვეს იმ ნაბიჭვრის ძმაკაცი რომ ტრიალებს და მხოლოდ ერთი პატარა საბაბი მჭირდება იმისათვის, ეს რომ გამოვასწორო.
- ჩემ გამო კი არა, ნინას გამოა აქ.
- შენ გამო აქ ვერც იქნებოდა! - წარმოთქვა მკაცრად. - და არც იმის უფლებას მივცემ, ნინას რომ ასე მოექცეს. რაც გამოჩნდა, ვეღარ ვცნობ.
ლაპარაკი უცნაური ტკაცანის ხმამ შეაწყვეტინათ და ჰარიმ უკან რომ მიიხედა, გამოსახულების გარჩევისთანავე დაემუშტა ხელები, ქეითი კი მაშინვე მკლავზე ჩააფრინდა, თუმცა აზრი აღარ ჰქონდა.
- ჰარი... - ამოიკნავლა შეწუხებული სახით, ბიჭმა კი თავი გააქნია და სწრაფადვე გაემართა ღამეული სტუმრისაკენ, რომელიც ნინას კარვისკენ მიემართებოდა...
- გამოდი! - წარმოთქვა იმდენად მტკიცე და გაყინული ხმით, ნიკამ ცოტა არ იყოს, გაოგნებული სახით გამოხედა.
- რა გინდა?
- ნუ ცდილობ იქ ყოფნას, სადაც შენი ადგილი არაა. დაანებე ნინას თავი.
- შენ ცხვირს ნუ ყოფ იქ, სადაც არაფერი გესაქმება! - დასერიოზულდა თვითონაც. ვერასდროს იტანდა ჭკუის დარიგებას, მით უმეტეს, იმისგან, ვინც მისთვის არაფერს წარმოადგენდა.
- მომისმინე, - წარბები ასწია ბიჭმა. - ნინა ჩემი მეგობარია და შენ ჩემს მეგობარს აწუხებ. არ დავუშვებ, ვიღაც ნაბიჭვრის გამო თავი ცუდად იგრძნოს!
- ჰაროლდ, მოდი, ერთი ადგილი დააყენე. არ სჭირდება ნინას შენი დაცვა, მით უმეტეს, ჩემგან.
- არ ვარ დარწმუნებული. განსაკუთრებით, შენი სამეგობრო წრის გათვალისწინებით! - ცალი წარბი აუწია, როცა ყველაზე მნიშვნელოვან თემას მიადგა და სწორედ ამ დროს მიუახლოვდათ ქეითიც. მაშინვე მიხვდა, ბიჭებს შორის მანძილი საეჭვოდ რომ შემცირდა და მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, ჰარი გაბრაზდებოდა, მაინც გადაწყვიტა ჩარევა.
- ჰეი, თქვენ გარდა აქ სხვებიც არიან და ნუ გააღვიძებთ!
- ქეით, გასარკვევი გვაქვს რაღაც! - წარმოთქვა ჰარიმ ისე, ნიკასთან მზერითი კონტაქტი არ გაუწყვეტია. ისიც ჯიუტად არ აშორებდა თვალს.
- შენ ჩემს სამეგობრო წრეზე არაფრის თქმის უფლება არ გაქვს და არც მაშინ გქონდა ხელის აწევის უფლება. აი, - თავით ქეითზე ანიშნა. - მან იცის, რატომაც. იმედი მაქვს, შენც ხვდები. - იმდენად მშვიდად და მტკიცედ ლაპარაკობდა, სახეზე ემოციაც კი არ ეტყობოდა.
- ქეით, დაგვტოვე, რა... - გახედა და ისე წარმოთქვა, სულაც არ ჰქონდა თხოვნის ტონი, თუმცა გოგონა მაინც არ აპირებდა ადგილიდან ფეხის მოცვლას. არც ერთ შემთხვევაში.
- გეყოფათ ორივეს! - წარმოთქვა მკაცრად. - აქ ამის ადგილი არ არის, მით უმეტეს, რომ უკვე გავლილი ამბავია. შენ კიდევ, - მკერდზე ატაკა ნიკას თითი. - ნინას თავი დაანებე და შენს შეყვარებულს მიხედე!
- რა ხდება? - და ზუსტად ამ დროს გამოყო თვალებდასიებულმა ნინამაც კარვიდან თავი, თუმცა სტუმარი იცნო თუ არა, მაშინვე ელვის შესაკრავს ეცა.
- ნინა, მოიცადე! - მაინც მოასწრო დაჭერა ბიჭმა. - საქმე მაქვს.
- შენ რატომ არ გესმის, რასაც გეუბნები? - ქურთუკით გამოსწია ჰარიმ და ხმასაც საგრძნობლად უმატა. მხოლოდ ქეითი უკვე ვეღარაფერს გახდებოდა და ეს ნინამაც შენიშნა. სხვა გზა მართლა არ იყო, ზუსტად იცოდა, რომ ჰარი ამდენ ცინიზმს არ მოუთმენდა, დაარტყამდა და ისევ მთელი ამბავი ატყდებოდა, ეს კი არ უნდოდა. ვერ დაუშვებდა, მის გამო ეჩხუბათ.
- ჰარი, შეეშვი! - გამოძვრა პიჟამიანი.
- ნინა, შედი შიგნით და დაიძინე. ქეით... - მზერით ანიშნა, მიხედეო, თუმცა, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა, რომ მისი შეყვარებული ჩვეულებრივი გოგო არ იყო.
- უბრალოდ დავილაპარაკებთ, არ გინდა, გთხოვ...
- ნინა, თუ არ გინდა, არაა საჭირო დაელაპარაკო, ამათ ისედაც გავაჩერებთ! - დარწმუნებით უთხრა ქეითმა, მისი დასიებული თვალები და ჩახლეჩილი ხმა რომ შენიშნა, თუმცა გოგონამ თავი გაიქნია და ჰარიმაც ერთი ამოიოხრა და ბოლოს მაინც შეუშვა ხელი. ნინას თუ არ უნდოდა, ისე ვერ ჩაერეოდა.
- აქვე ვიქნებით! - დააყოლა ბოლოს, შემდეგ კი ქეითს ხელი მოხვია და ისევ კოცონისკენ გაემართა...
* * *
წარმოდგენაც არ ჰქონდა ნინას, რა უნდა ეთქვა ან საერთოდ რატომ მოაკითხა. ფიქრის თავიც კი აღარ ჰქონდა, ისე დაიღალა ტირილით. თავი სტკიოდა საშინლად და თვალებიც ისე ეწვოდა, ძლივს იყურებოდა.
- აქ ვიდგეთ? - ჰკითხა ნიკამ და მხოლოდ მაშინ გამოერკვა. კარვიდან პლედი გამოათრია, შეიფუთა და ეცადა, არ შეემჩნია, როგორ საყვარლად ჩაეღიმა მის საქციელზე ბიჭს.
- ძალიან მეძინება, სწრაფად მითხარი, რა საქმე გაქვს... - ამოილუღლუღა და კარვებს რომ გასცდნენ და ცოტა თვალს მოეფარნენ, იქვე, გადაჭრილი ხის კუნძზე ჩამოჯდა.
- ნინა, წეღანდელზე მინდა რომ ვილაპარაკოთ... - მის წინ ჩაიმუხლა ნიკამ.
- მე არ მინდა.
- შეიძლება არ დამიჯერო, მაგრამ სულაც არ მინდა, რომ ჩემ გამო თავი ცუდად იგრძნო.
- ნიკა, არ მინდა ამაზე საუბარი.
- უბრალოდ მომისმინე. ნამდვილად არ წარმოადგენს ჩემს მიზანს შენი გულის ტკენა, ახლა კი ისე მიყურებ, თავს უკანასკნელ ნაძირლად მაგრძნობინებ... - გაეღიმა და ნინასაც ჩაეცინა მის სიტყვებზე.
- ხარ კიდეც... - ამოიბურტყუნა გაბუტული ბავშვის ხმით.
- რატომ აღიქვამ ყველაფერს ასე მძაფრად? - ჰკითხა გულწრფელად და სახეზე ჩამოყრილი თმა ყურსუკან გადაუწია. ისეთი ლამაზი იყო, ასეთი თვალებჩაწითლებულიც კი, თავი ძლივს შეიკავა, რომ არ ეთქვა.
- შენმა შეყვარებულმა იცის, რომ აქ ხარ? არ მინდა პრობლემები.
- ჩემ გამო შენ პრობლემები არ შეგექმნება, დამიჯერე.
- რატომ მიხსნი ამ ყველაფერს? შენთვის ხომ სულერთია?
- რა არის სულერთი, ნინა? ჩემ გამო იტირებ თუ არა?
- ჰო.
- ასე გგონია?
- ასეა. - ჩახარა თავი, ისევ რომ არ ატირებულიყო, თუმცა, როცა იგრძნო, როგორ შეძვრა ბიჭის მოხერხებული ხელები მისი პლედის შიგნით და როგორ ჩაეჭიდა თითებზე, თავი ვეღარ შეიკავა.
- იცი, როგორ არ გიხდება ცრემლები? - წარმოთქვა ჩუმად და ცერებით მოეფერა. - შენნაირი გოგონები საერთოდ არ უნდა ტიროდნენ. არ გინდა, რა, გთხოვ, ნინა. რა მოხდა მერე? გაკოცე უბრალოდ.
- გაჩერდი...
- საიდან უნდა მცოდნოდა, პირველი თუ იყო? მაპატიე, კარგი?
გოგონამ აღარაფერი უპასუხა. თავიც კი არ დაუქნევია, თუმცა დიდად არც იყო საჭირო. ნიკამ მისი ორივე ხელი მარჯვენაში მოიქცია, მარცხენით კი ცრემლები მოსწმინდა და ძალიან, ძალიან გაუჭირდა, მოშორებოდა.
- ასე ნუ იქცევი... - საბოლოოდ მაინც უთხრა ნინამ და ბიჭი არც დაფიქრებულა, მაშინვე აჰყვა სურვილს. ფრთხილად მოხვია კისერზე ხელი და ტუჩებით შუბლზე მიეწება.
* * *
სახლში მეორე დილითვე დაბრუნდნენ. აღარ ყოფილა აღარანაირი გულახდილი საუბარი, გადაკვრით ნათქვამი სიტყვები და დაძაბულობა, თუმცა, საერთოდ არაფერი აღარ ყოფილა. იჯდა ნინა თავისთვის, ბოლო სავარძელზე, ყურსასმენებითა და კაპიუშონით შეიარაღებული, თუმცა ეს არც სჭირდებოდა, რადგან ისედაც არ აქცევდა ყურადღებას ის, ვისაც გაურბოდა. თითქოს გუშინ არც ესაუბრათ. ქეითი კი გვერდიდან არ შორდებოდა, თუმცა თავს მაინც ვერაფერს უხერხებდა. ვერც ხასიათს...
- ნინა, ფანჯრიდან გაიხედე! - სიცილით მიუახლოვდა ჰარი, ავტობუსი სკოლის წინ რომ გაჩერდა, გოგონამ კი წარბებაწეულმა წამოსწია თავი და წამებში თვითონაც სიცილი აუტყდა.
ეზოში სანდროს ჯიპი იყო გაჩერებული, ლიზიკო კი ზედ შემოსკუპებულიყო და ხელში დიდი პლაკატი ეჭირა, ქართული წარწერით: „დაგვიბრუნდი ჩიტო!“
- რა წერია?
- სახლში დაბრუნებას მილოცავენ! - თვალები აატრიალა სიცილით.
- ვგიჟდები ამ ბავშვზე! - ჩაიფხუკუნა ადამმაც.
- წამოსვლა უნდოდა, მძინარე მზეთუნახავს ვნახავო.
- საიდან იცის ამდენი? - გაეცინა ლილის.
- გოგო, მულტფილმის პერსონაჟს გულისხმობდა!
- უნდა წამოგეყვანა, დაგეხმარებოდა და მეგანს გაართობდა! - გაეცინა ქეითსაც.
- ქეით! - თვალები დაუბრიალა ნინამ და საბოლოოდ, ჩასასვლელად რომ მოემზადნენ, კიბეებთან ნიკას გადააწყდა. ეგონა, ისევ მოუწევდა უსიამოვნო საუბრის თავიდან აცილება, თუმცა ბიჭმა არაფერი უთხრა. მხოლოდ სწრაფად ჩაუკრა თვალი, „ჩიტოო“, ქართულად უჩურჩულა და სწრაფადვე გაშორდა, შედეგად კი ნინა ყურაბამდე გაკრეჭილი ჩავიდა დაბლა...
- როგორ მომენატრე! - კივილით შეაფრინდა ლიზი და იმდენი კოცნა, იფიქრებდით, თვეებია ერთმანეთი არ უნახავთო. - რამე ჩამომიტანე?
- მამიკო, ლაშქრობაზე იყვნენ! - გაეცინა სანდროს. - რა სასაცილო გოგო ხარ!
- მამა, რა საჭირო იყო ეს? - მზერით პლაკატზე ანიშნა ნინამ. ლიზიკო ისე მაიმუნივით ჰყავდა შემოხვეული, ხელსაც ვერ უშვებდა.
- ცოტა გავერთეთ! - თვალი ჩაუკრა სანდრომ და შემდეგ მათთან მიახლოებულ ბავშვებსაც მიესალმა. ჰარის და ადამს ხელი ჩამოართვა, ლილის, მიასა და ქეითს კი მოეხვია. ძალიან უყვარდა ყველა.
- ისევ ისეთს გაბარებთ თქვენს ქალიშვილს! - გაეკრიჭა ჰარი და სანდროსაც გაეცინა. თვითონ არაფერი უთხოვია, იცოდა, არც იყო საჭირო.
- ახალი კლასელი გყავთ? - აღნიშნა წარბებაწეულმა და ნინამ მის მზერას რომ თვალი გააყოლა და ნიკა შენიშნა, კინაღამ ნერწყვი გადასცდა და ხველება აუტყდა.
- არა, ჩვენი კლასელის...
- მეგობარია! - ადამს დაასწრო ქეითმა.
- არ მეგონა, სხვებიც თუ დაიშვებოდნენ, თორემ მეც წამოგყვებოდით!
- მამა...
- რა? მიყვარს ლაშქრობები! - „გაიკვირვა“ გულწრფელად, შემდეგ კი, წასვლის დროაო, გამოაცხადა და მანქანაში რომ ჩასხდნენ, ნინას ეგონა, უკვე ყველაფერმა გადაიარა. სწორედაც, მხოლოდ ეგონა...
- საიდანაა ის ბიჭი? - შუა გზაში, სრულიად მოულოდნელად იკითხა ისე, გზისთვის თვალიც არ მოუშორებია.
- ვინ ბიჭი, მამა?
- ახალი.
- ამმ, ჩვენი კლასელის...
- შეყვარებული! - შეაწყვეტინა და მხოლოდ მაშინ გახედა. ჯანდაბა, საიდან ხვდება ყველაფერს? - ნუ გავიწყდება, ძვირფასო, მამაშენი რომ ფედერალური ბიუროს აგენტია. თქვენნაირები ვერ მატყუებენ. - დააყოლა შემდეგ და ნინას გაუჟღერებელ შეკითხვასაც თავისივე სურვილით გასცა პასუხი.
- მეგანთან ერთად იყო. არც ვიცოდი, თუ წამოვიდოდა.
- ეგ მე არ მაინტერესებს, ნინა. ჩემს შეკითხვაზე არ მიპასუხებ?
- საიდანაა? არ ვიცი, სად ცხოვრობს.
- ნინა! - თვალები აატრიალა სანდრომ. ვერ იტანდა, როცა მოსაუბრე თავს ისულელებდა. მით უმეტეს, თუ ეს მოსაუბრე საკუთარი შვილი იყო.
- კარგი, რა, მამა, რატომ დაგაინტერესა ვიღაც უცხომ ასე?
- ანუ არ მეუბნები.
- ანუ შენით გაარკვევ?
- მაგას უკვე შენ ვეღარ გაიგებ, საყვარელო.
- იმას მაინც არ მეტყვი, რაში გაინტერესებს? საქმესთან ხომ არაა დაკავშირებული?
- სამსახურებრივთან არა. უბრალოდ, არ ვიცი საიდან, მაგრამ ძალიან მეცნობა.
- იქნებ ვინმეს მიამსგავსე? - სერიოზულად დაინტერესდა ნინაც. საიდან უნდა სცოდნოდა სანდროს, ვინ იყო ნიკა? იქნებ მართლა რამე უკანონოში იყო გარეული და რომ არ ენერვიულა, იმიტომ უთხრა, სამსახურთან კავშირში არააო?
- ზუსტადაც რომ ვიღაცას მივამსგავსე, მაგრამ იმედი მაქვს, ჩემი ვარაუდი არ გამართლდება... - წარმოთქვა სანდრომ სერიოზული ხმით და მანქანა სახლის წინ გააჩერა...
ნათია ჯაგოდნიშვილი
წინა თავების სანახავად გადადით ნოველების კატეგორიაში