თუ ამერიკულ სკოლაში არ გისწავლიათ, ვერასდროს მიხვდებით, რატომ უხარიათ მოსწავლეებს თუნდაც ყველაზე უმნიშვნელო დღესასწაულის დადგომაც კი შობასავით. მიზეზი მარტივია. ყველაფერს სჭირდება აღნიშვნა და სულ რომ რომელიმე გამოჩენილი მწერლის დაბადების დღე იყოს, ესეც კი საკმარისი იქნება თვითმმართველობის პრეზიდენტისათვის მთელ შტატში ყველაზე გრანდიოზული წვეულების მოსაწყობად. და წარმოგიდგენიათ, როგორი გრანდიოზული წვეულება გაიმართება თოთხმეთ თებერვალს?! ჰოდა, რა თქმა უნდა, არც ნინას სკოლა ყოფილა გამონაკლისი...
ყველაფერი ყველაზე ბანალური ფილმის მსგავსად იყო მოწყობილი. კედლებსა და კარადებზე, ვარდისფერიდან წითლამდე, ყველა ტონალობის გული იყო მიკრობილი. ზოგან ჰელიუმით გაბერილ ბუშტსაც დაინახავდით. უფრო თუ მოინდომებდით, შესაძლოა, შეყვარებული წყვილის გულისამაჩუყებელი შეხვედრის მომსწრეც გამხდარიყავით. მთავარ შესასვლელთან გრანდიოზული მინის აკვარიუმი იდგა, გარედან კი ვარდისფერი, სხვადასხვა ფორმაზე გამოჭრილი ასოებით ეწერა „იდუმალი ვალენტინი“. ყუთში ნებისმიერს შეეძლო ანონიმური წერილის ჩაგდება, საღამოს კი, წვეულებაზე ყველას სათითაოდ წაიკითხავდნენ და სურვილის შემთხვევაში, ადრესატსაც გადასცემდნენ.
- საგიჟეთი ხდება დერეფანში! - თვალები აატრიალა ნინამ, კლასში რომ შევიდა და საკუთარ ადგილას დაენარცხა. ქეითი მერხზე შემოსკუპებულიყო, მია და ლილი კი - ფანჯრის რაფაზე.
- ნუ ხარ შენ სრულიად არარომანტიკული არსება! - გაეცინა ლილის. - ან დროზე იშოვე შეყვარებული!
- თქვენ ორიც მეყოფით, მომსახურების ზონიდან რომ გადიხართ ხოლმე!
- სხვათა შორის, დღეს შეიძლება მეც გავიდე... - ვითომც არაფერიო, ისე წაილაპარაკა მიამ, მაგრამ მისი ნათქვამი არავის გამორჩენია და ყველანი მაშინვე შემოეხვივნენ.
- რა თქვი?
- ვინ გამოჩნდა?
- ამას ახლა რატომ ვიგებთ?!
- ჰეი, ჰეი, დამშვიდდით! - გაეცინა გოგონას. - არაფერი განსაკუთრებული, ლიამმა დამპატიჟა თეატრში და შემდეგ ვახშამზე. კი იბოდიალა, მეგობრული ვახშამიო, მაგრამ ისეთი წითელი იყო, ნინაც არ წითლდება მასე, თავის პრინცს რომ ხედავს!
- ეს ნახეთ რა! - სიცილი აუტყდა ლილის. - ვინ ხარ და რა უქენი ჩვენს მიას?!
- მე ვარ, მე, უბრალოდ, მგონი, ცოტათი დავჭკვიანდი!
- ნუთუ?! ნინა, ანუ შენღა დაგვრჩი? - გაეცინა ქეითსაც, გოგონამ კი თვალები აატრიალა.
- რა გამოდის, დღეს წვეულებაზე არავინ არ იქნებით?
- როგორ არა! - წამოიძახა ლილიმ. - აი მის და მისტერ ვალენტინის გვირგვინებს მე და ადამს რომ დაგვადგამენ, მერე წავალთ!
- აუ, ჰარისაც უნდა მისტერ ვალენტინობა, რა გჭირთ თქვენ? - კვლავ გაეცინა ქეითს. ასეთი რამეები საშინლად არ იზიდავდა.
- დღეს ბევრი ოცნებობს მის ვალენტინის გვირგვინზე, მაგრამ ნუ გავიწყდებათ, გოგონებო, რომ სანამ ამ სკოლაში მე ვარ, სხვა გვირგვინს ვერ დაიდგამს! - სრულიად მოულოდნელად ჩაეჩხირათ მეგანი, შემდეგ კი, „რატომღაც“, ნინას გახედა და ისე დაამატა: - სხვათა შორის, ჩემი ბიჭიც იქნება!
- ნუ ღელავ, მეგან, თუ მის ვალენტინი გახდები, ამ ერთხელ გამონაკლისს დავუშვებ და შენგანაც ავიღებ ინტერვიუს! - თვალები აატრიალა ნინამ.
- როდესაც ჩემს სახელს ახსენებ, „თუ“ წინადადებიდან ამოაგდე. გასაგებია, ძვირფასო? - კიდევ უფრო მიუახლოვდა მეგანი, ქეითი კი უკვე ჩარევას აპირებდა, ნინას რომ გაეცინა.
- წავალ, კამერებს ბანანის კანით გავაწმენდინებ, იქნებ ცოტა დაიბუროს, თორემ შენი ბრწყინვალება თვალს მოგვჭრის! - წარმოთქვა სერიოზული ხმით და სანამ ქერათმიანი გაპროტესტებას მოასწრებდა, აუღელვებლად დატოვა კლასი, ზურგსუკან კი გოგონების სიცილი და სტვენა გაიყოლა.
* * *
ანიკა დილაადრიან მივიდა ოფისში. დღეს ისეთი დღე იყო, სულაც არ გახლდათ მუშაობის ხასიათზე, მაგრამ ერჩივნა, ყველაფერი საღამომდე მოესწრო და შემდეგ... თუმცა ჯერ ზუსტად არც იცოდა, რა იქნებოდა შემდეგ, რადგან ყოველ წელს სანდრო სასწაულ სიურპრიზებს უწყობდა. ერთხელ საერთოდ პარიზშიც კი ამოაყოფინა თავი. არც მაშინ განიცდიდა სიურპრიზების სიმცირეს, ბავშვები რომ ძალიან პატარები იყვნენ. ყოველთვის პოულობდნენ დროს ერთმანეთისთვის და ალბათ, ეს იყო მთავარი მიზეზი იმისა, რომ ცოლ-ქმრობა მხოლოდ მოვალეობაში არ გადაეზარდათ და დროის გასვლასთან ერთად გრძნობა კი არ გაუფერულდა, პირიქით.
დღეს დილითაც რომ გაიღვიძა, სანდრო უკვე წასული დახვდა და არც ბანალურად ერთი ვარდი დაუტოვებია ბალიშზე, მაგრამ მისაღებში რომ გავიდა, თავი ყვავილების მაღაზიაში ეგონა. რა ზომის, რა ფორმის და რა ფერის ყვავილი გინდათ, იქ რომ ვერ გეპოვათ. მართლა არაფრით ჩამოუვარდებოდა გაზაფხულის გამოფენას. პატარა გოგოსავით აჟიტირდა ამ ყველაფრის დანახვისას და ნამდვილი თინეიჯერივით, ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ფოტო, წარწერით „My husband is better than yours”.
სამსახურში წასვლა კი მართლა სიკვდილივით ეზარებოდა, თუმცა იმ ხალხს ვერ გაუცრუებდა იმედებს, მთლიანად მასზე რომ იყვნენ დამოკიდებულნი. ბავშვები სკოლასა და ბაღში დაარიგა და შემდეგ ოფისში რომ მივიდა და კაბინეტში კიდევ ერთი თაიგული დახვდა, ამჯერად წითელი ვარდების, თვალებიც კი აატრიალა, თუმცა, შიგნით ბარათის დანახვისას, ცოტათი დაიძაბა.
„არც შენს ეკლებს და არც მათზე დაღვრილ სისხლს არ შევუშინდები, ჩემო ვარდივით მშვენიერო! იქნები ჩემი ვალენტინი?“
და კვლავ ის უცნობი იყო, ყოველკვირა რომ უგზავნიდა ყვავილებს, განსხვავებული და ცოტა არ იყოს, შემაშფოთებელი ბარათებით. ანიკამ ისეთი სახით ჩააბრუნა უკან პრიალა ქაღალდი, იფიქრებდით, რაღაც საშინელება წაიკითხაო. ემამ, როგორც ყოველთვის, ახლაც არ იცოდა, ვინ იყო გამომგზავნი, იდუმალი თაყვანისმცემელი კი უკვე ზღვარს გადადიოდა...
შებინდებამდე ისე იმუშავა, ლანჩზეც კი არ გასულა. თვითონ ხომ უნდოდა ადრე წასვლა და თან ემაც ეცოდებოდა. რამდენჯერაც მისაღებში გავიდა, იმდენჯერ შეესწრო, როგორ ესაუბრებოდა მობილურით შეყვარებულს. იცნობდა კიდეც ანიკა იმ ბიჭს, რამდენჯერმე მოაკითხა სამსახურში. მალე დაქორწინებასაც აპირებდნენ. ძალიან საყვარელი წყვილი იყო. ბოლოს სინდისმაც შეაწუხა, როგორმე ერთ პაციენტს შენ გარეშეც გავისტუმრებო, ემას უთხრა და წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც გაუშვა. თვითონაც სულ ორი წუთით გავიდა, ქუჩის კუთხეში „დანკინ დონატსის“ ქოქოსიანი ყავის საყიდლად...
თუმცა ორი წუთიც საკმარისი იყო იმისათვის, ის და სანდრო ერთმანეთს რომ ასცდენოდნენ და როდესაც კაცმა ძვირფას მეუღლეს მოაკითხა, ოფისი სრულიად ცარიელი დახვდა. ცოტა არ იყოს, გაკვირვებულმა შეაღო კაბინეტის კარი და ანიკას იქაც რომ ვერ მიაგნო, სავარძელში მოკალათდა, ალბათ, სადმეა გასულიო. უყვარდა ეს დღე, ყოველთვის განსაკუთრებულად ატარებდნენ და იმიტომ. მაგრამ რაც დრო გადიოდა, სიყვარულთან ერთად იმის შიშიც ეპარებოდა, რომ ერთხელაც ნინა გამოუცხადებდა, სკოლის წვეულებაზე კი არა, ბიჭთან შესახვედრად მივდივარო. რა თქმა უნდა, იცოდა, რომ ეს გარდაუვალი იყო, მაგრამ ძალიან ეშინოდა იმის, თუ როგორ მიიღებდა ამ ამბავს. როგორ უნდა აეტანა, მისი ქალიშვილი ვიღაც უცხოსთან რომ ყოფილიყო შუაღამემდე? ათასი საფრთხის ქვეშ სრულიად მარტო! ნინა ჭკვიანი გოგო იყო, ამას აღიარებდა, მაგრამ ისიც კარგად იცოდა, რომ ანიკაც ჭკვიანი იყო, სანამ მას შეხვდებოდა.
საკუთარ ფიქრებზევე ჩაეცინა და მობილური ამოიღო დასარეკად, რომ მოულოდნელად კარი გაიღო და შიგნით შემოსული ადამიანი სულაც არ ჰგავდა მის ცოლს. საშუალო ასაკის, ზომიერად სიმპათიური მამაკაცი, შავ პიჯაკსა და მუქი ფერის ჯინსში გამოწყობილიყო, ხელში კი უზარმაზარი თაიგული ეჭირა. იმდენად დიდი, სახეც კი ძლივს უჩანდა. სანდრომ მის დანახვაზე ჯერ წარბები შეჭმუხნა, შემდეგ ცალი ასწია, ბოლოს მაგიდაზე შემოწყობილი ფეხები ძირს დაუშვა და სავარძლიდანაც წამოდგა.
- ანიკა სად არის? - აგდებულად ჰკითხა კაცმა და თაიგული მაგიდაზე დაუშვა. აშკარა იყო, ზედმეტად ემძიმებოდა.
- უკაცრავად, მაგრამ თქვენ ვინ ბრძანდებით? - საკუთარი ეჭვების გადასამოწმებლად უფრო იკითხა სანდრომ, ვიდრე ინტერესის დასაკმაყოფილებლად. ძლივს ახერხებდა თავის შეკავებას და ზრდილობის შენარჩუნებას.
- მე?! - ჩაეცინა კაცს. - მე ანიკას თაყვანისმცემელი ვარ და გადაჭარბებულად თუ არ ჩამითვლით, მისი პოტენციური მეუღლე! - შემდეგ კი თვითკმაყოფილი ღიმილი აიკრა სახეზე და მისმა სიტყვებმაც სანდროში ჭეშმარიტი ქართველი მამაკაცი გააღვიძა.
- აი, მე კი მისი ნამდვილი მეუღლე ვარ და სანამ ჯერ კიდევ ვინარჩუნებ სიმშვიდეს, გირჩევთ, აქედან აორთქლდეთ! - წარმოთქვა ხელოვნური ღიმილით და დაინახა, როგორ მოექცა კაცს სახე. ჯერ პირი დააღო რაღაცის სათქმელად, შემდეგ ისევ დახურა, შუბლი მოისრისა, ტუჩები აატრიალა, საბოლოოდ კი მაინც კარისკენ გაემართა, თუმცა ისევ სანდროს ხმამ შეაჩერა.
- ეს გაიყოლეთ! - მზერით ანიშნა თაიგულზე და სწორედ ამ დროს შემოვიდა ანიკაც.
- მისტერ კუპერ? - გაიკვირვა გულწრფელად. - თქვენ აქ რას აკეთებთ, დღეს ხომ არ გვქონდა ვიზიტი დაგეგმილი?!
- შენთვის ხელის სათხოვნელად მოვიდა! - ჩაეცინა სანდროს, თუმცა ანიკამ მაშინვე იგრძნო, რომ მისი სიცილის უკან რაღაც სხვა იმალებოდა და გული თითქოს მუცელში ჩაუვარდა. რა ჯანდაბა ხდება აქ?
- ანიკა, მე... - დაიწყო კაცმა, თუმცა ისევ სანდრომ გააწყვეტინა.
- მგონი, ჩვენ უკვე გავერკვიეთ, რა უნდა გააკეთოთ, არა?! - ამჯერად ორივე წარბი აუწია და კაცმაც ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დატოვა კაბინეტი, თავის თაიგულიანად...
- რა მოხდა? - მაინც ვერ გარკვეულიყო ანიკა.
- მე მგონი, ეგ მე უნდა გკითხო, არა?! რას ნიშნავდა ეს ყველაფერი? - მაშინვე შეეცვალა ხმა, კაბინეტში მხოლოდ ორნი რომ დარჩნენ.
- მეც ეგ მაინტერესებს, სანდრო! რა უნდოდა?
- აჰ, ანუ არ იცი? ოფისში თაყვანისმცემლები გაკითხავენ, რომლებიც მიცხადებენ მე, რომ შენი პოტენციური ქმრები არიან! - თვალებიდან ნაპერწკლები გაყარა ამის თქმისას და ცოტა არ იყოს, ხმასაც კი აუწია, თუმცა ანიკას კი არ უყვიროდა, სიბრაზისგან ვეღარ მოთოკა თავი.
- ჯანდაბა, ანუ ეს მიგზავნიდა ყვავილებს? - წამოროშა მანამ, სანამ გააზრებას მოასწრებდა და მაშინვე აიფარა პირზე ხელი, თუმცა ამის გაგონებაც კი საკმარისი გამოდგა სანდროსთვის, კიდევ ერთხელ რომ აფეთქებულიყო.
- რამდენი ხანია?
- რა?
- რამდენი ხანია ყვავილებს გიგზავნის? - ანიკას მთელი სხეული გაეყინა მისი ხმის გაგონებისას.
- სანდრო, კარგი რა! არც კი ვიცოდი, ვინ იყო. არ მითხრა, რომ ეჭვიანობ!
- კი არ ვეჭვიანობ, ვბრაზდები, ანიკა, და თან, ძალიან! ვიღაც იდიოტი ყვავილებს გიგზავნის, არც კი იცის, რომ ქმარი გყავს, მეუბნება რომ შენი პოტენციური მეუღლეა და...
- და ამბობ, რომ არ ეჭვიანობ, არა?! - შეაწყვეტინა ანიკამ, შემდეგ კი მარჯვენა ხელი მიუტანა სახესთან. - ბეჭედს ხედავ?! ჩემი ბრალი არ არის, სხვა თუ ვერ ამჩნევს.
- არც ის არ იყო ჩემი ბრალი, ბარბარა რომ სისულელეებით გიტენიდა ტვინს და შენ ცხრა თვის ორსული მომივარდი სპეცოპერაციაზე!
- რა თქვი?! - ახლა ანიკა წამოენთო. - ეგ ახლა საერთოდ რა შუაში იყო? ანუ სამაგიერო გადამიხადე?
- ანუ ბარი-ბარში ვართ! მაგრამ ამიერიდან თუ კიდევ აპირებ პაციენტებისთვის თავის შეყვარებას, წინასწარ გამაფრთხილე და მეც მოვძებნი ვინმეს! - და ამის წარმოთქმისას ხმა ისეთი სარკასტული გაუხდა, ანიკას ხელიც კი აუკანკალდა, ისე საშინლად მოუნდა გაერტყა. თუმცა მაინც მოახერხა თავის შეკავება. ეს მეტისმეტი იქნებოდა, ორივესთვის...
- ბრავო, აღფრთოვანებული ვარ შენით! - უთხრა მხოლოდ ეს, სამუშაო მაგიდაზე მოთავსებული წითელი ვარდები, ლარნაკიანად ჩაუძახა ურნაში, შემდეგ კი, ისე, რომ ქმარს არც დალოდებია, კაბინეტის კარი გაიჯახუნა და სანამ ლიფტში შევიდოდა, დაცვასაც მიაძახა, ჯერ კიდევ დარჩა ვიღაც და რომ გამოვა, ოფისი თქვენ ჩაკეტეთო...
* * *
ნინამ ანდრია და ლიზიკო მშვიდად რომ ჩააბარა კარგად ნაცნობ ერთდღიან ძიძას, მხოლოდ მაშინ მისცა თავს უფლება, სახლი რომ დაეტოვებინა. კარგად იცოდა, მარტოებიც მშვენივრად გაერთობოდნენ, მით უმეტეს, რომ მისი ძმა უკვე ცამეტი წლის იყო, მაგრამ ასე მაინც ვერ გარისკავდა, ზუსტადაც, ანდრიას გამო. მაშინაც, ნიკამ რომ მიაცილა სახლამდე, ზუსტად იმით გამოძვრა, რომ ანდრიას დაემუქრა, თუ დედას და მამას რამეს ეტყვი, მეც ვეტყვი, ქიმიის კაბინეტი შენ რომ ააფეთქეო. ახლა კი, ნამდვილად ვერ დატოვებდა სახლში მარტო.
თვითონ უკვე დიდი გოგო იყო და ისიც იცოდა, რატომ არასდროს არ იყვნენ ამ დღეს დედა და მამა სახლში, მაგრამ ცოტა ეუცნაურებოდა, წელს თვითონაც რომ სხვაგან უნდა გაეტარებინა ვალენტინობა. შარშან სკოლის წვეულებაზე არ ყოფილა. მაშინ არც ჟურნალისტიკის კლუბს ხელმძღვანელობდა და არჩია სახლში, პლედში გახვეულს ენახა „ვალენტინობის დღე“. აი, წელს კი, მართალია, ზუსტად იცოდა, რომ მარტო იქნებოდა, მაგრამ მაინც განსაკუთრებულად მოემზადა. შეიძლება ეს იმითაც იყო გამოწვეული, მეგანმა რომ ჩაურტყა, ჩემი ბიჭიც იქნებაო. ჰოდა, რატომაც არა? ნიკას გარდა, იქ კიდევ უამრავი ბიჭი იქნება და არც ისაა გამორიცხული, ნინა სწორედ დღეს რომ შეხვდეს თავის პრინცს.
წითელი, ზურგზე სალტეებით დამაგრებული, წელიდან ოდნავ გაშვებული კაბა ჩაიცვა, შავი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ასევე შავი ტყავის ქურთუკი, თმა კი უბრალოდ გაიშალა და ის იყო, სახლიდან უნდა გასულიყო, რომ შებრუნდა, ცოტა ხანს კიდევ იტრიალა სარკის წინ და საბოლოოდ, მაინც ჩაყარა ხელჩანთაში კედები. არასდროს არის ხოლმე ისეთი დაურწმუნებელი საკუთარ თავში, როგორც მაშინ, როცა მაღლები აცვია. არა, სიარული არ უჭირს, მაგრამ მაინც შეუჩვეველია და ურჩევნია, წვეულებაზეც კი კედებით გამოცხადდეს, ვიდრე შეწუხებული სახით იჯდეს მთელი საღამო. თუმცა სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო და როდესაც პირველ სართულზე ჩავიდა, ლიზიკომ თვალები დააჭყიტა, ანდრიამ კი წაუსტვინა, რა მაგრად გამოიყურებიო!
წვეულებაზე მისულმაც დაიმსახურა კომპლიმენტები. ქეითმა საერთოდ ისიც უთხრა, ნეტავ აქამდე გამოჩენილიყო შენი პრინციო. ლილიმ კი კვლავ დასცინა, ასე მგონია, შეგცვალესო. მია საერთოდ არ იყო და ყველას ერთი სული ჰქონდა, როდის გაიგებდნენ საღამოს ამბებს, სრულიად დეტალურად. არც ქეითი და ჰარი და არც ლილი და ადამი არ აპირებდნენ აქ დარჩენას დიდხანს, ნინას კი ერთი სული ჰქონდა, როდის გამოჩნდებოდა მისი ინტერესის მთავარი ობიექტი, თუმცა ბიჭს მაინც ვერსად ხედავდა, მიუხედავად იმისა, რომ მეგანი უკვე ფოტოგრაფის წინ პოზირებდა.
მობილურის ვიბრაცია რომ იგრძნო, კმაყოფილს ჩაეღიმა და სანამ შეტყობინებას გახსნიდა, მანამდევე მოატარა დარბაზს თვალი, თუმცა მაინც ვერსად შენიშნა.
From: Daddy ;)
„ზუსტად ვიცოდი, რომ ამ რომანტიკულ სისულელეს არაფრის დიდებით არ დააკლდებოდი, მაგრამ არავის უთქვამს, რომ ვალენტინობას მარტო ყოფნა არ შეიძლება?“
- მოგწერა? - თვალები აუციმციმდა ქეითს, ნინამ კი გახარებულმა დაუქნია თავი და მიუხედავად იმისა, რომ წამყვანს ახლა უნდა გამოეცხადებინა მის და მისტერ ვალენტინის ვინაობა, მაინც გამოვიდა დარბაზიდან.
- ცხელ კვალს გამოჰყევი, რომ გეპოვნე? - სიცილით წარმოთქმული ეს სიტყვები რომ გაიგონა, მუცელში რაღაც უცნაური შეგრძნება გაუჩნდა და ეცადა, სანამ მისკენ შეტრიალდებოდა, როგორმე სახე დაელაგებინა.
- არ იცი, რომ ამ წუთას შენს შეყვარებულს გვირგვინს ადგამენ? რატომ ხარ გარეთ?
- და შენ არ იცი, რომ აქ ჩემი შეყვარებულის კორონაციის სანახავად არ მოვსულვარ?! - ისე მშვიდად წარმოთქვა და ცალყბად ჩაეცინა, ნინას კინაღამ თვალები მიენაბა.
- ისე, ვფიქრობ, სკოლის დირექტორთან პეტიცია უნდა შევიტანო იმის შესახებ, რომ ადგილობრივ წვეულებებზე უცხო პირები არ დაუშვას!
- ოუ, შენი ძვირფასი ლიამი? - ხელოვნურად დამწუხრებული სახე მიიღო ნიკამ და გოგონამაც თავი ვერ შეიკავა, რომ არ გასცინებოდა.
- რატომ ხარ აქ? ანუ ვგულისხმობ, გარეთ...
- იმიტომ, რომ უნდა წავიდეთ.
- წავიდე-თ?! - განსაკუთრებული ხაზგასმით წარმოთქვა ნინამ და ეცადა, მოულოდნელი სიურპრიზისგან ენა არ არეოდა.
- კარგი რა, არ მოგბეზრდა ეს სისულელე? უაზრო წვეულება, უაზრო თამაშებით და პრიზებით. შენი მეგობრებიც მალე წავლენ, რა უნდა აკეთო მარტომ?
- და რას მთავაზობ?
- გთავაზობ გამოიჩინო სიკეთე და არ გამწირო ამ რომანტიკულ ჭაობში ჩასახრჩობად!
- ნიკოლოზ, მგონი გავიწყდება, რომ აქ მარტო არ მოსულხარ!
- ეგ შენი პრობლემა არაა. წამოხვალ?
- არა, რა თქმა უნდა!
- რატომ არა? - გაიკვირვა ისე, თითქოს მართლა ვერ ხვდებოდა უარის მიზეზს.
- და რატომ კი?
- თუნდაც იმიტომ, რომ აქ მოწყენილობით მოკვდები, მე კი დაუვიწყარ გართობას გპირდები. შენზე ვზრუნავ და არც მიფასებ?
- ნიკა, არ მჭირდება პრობლემები... - დასერიოზულდა ნინა. იმდენად დიდი იყო წაყოლის სურვილი, გამალებული ცდილობდა მიზეზის მოძებნას, საკუთარი თავისთვის საპირისპიროს დასამტკიცებლად.
- ჩემ გვერდით არანაირი პრობლემა არ გექნება, გპირდები. - თვალებში ჩახედა ბიჭმა და შემდეგ ხელი გაუწოდა, ნინამ კი სიცილით აატრიალა თვალები.
- აბა, რომანტიკული სისულელეები არ გვინდაო? - შემდეგ კი პირველი გაემართა ავტოსადგომისკენ...
- სხვათა შორის, წინასწარ ვიყავი შეგუებული, რომ დიდხანს მომიწევდა შენი დარწმუნება! - გაეცინა ნიკას, მანქანა რომ დაძრა, გოგონამ კი ცალწარბაწეულმა გადახედა.
- თვითონაც ხომ იცი, რომ უბრალოდ სოლიდარობის მიზნით გამოგყევი?
- რა თქმა უნდა! - „შეიცხადა“, ეს როგორ მკითხეო. - როგორც ქართველი ქართველს! - შემდეგ კი თავი ვერ შეიკავა და მაინც სიცილი აუტყდა.
- დიახაც! ეჭვიც არ შეგეპაროს! - აჰყვა ნინაც, ფეხები სავარძელზე აიკეცა და კომფორტულად მოკალათდა. - სად მივდივართ?
- რომ გითხრა რესტორანში, ვახშამზე-მეთქი, დამიჯერებ?
- არა! - სიცილით გაიქნია თავი და ფლეერი ჩართო. მოულოდნელობისგან თვალებიც კი ჭყიტა, ტომ იორკის ხმა რომ გაიგონა.
- გიყვარს? - მზერით ანიშნა ბიჭმა, როდესაც მისი სახის ცვლილება შენიშნა და ისეთმა თვალებგაბრწყინებულმა დაუქნია თავი, ჩაეღიმა მის ბავშვურ საქციელზე.
- შენ უნდა ნახო, დედაჩემი როგორ გიჟდება!
- დედას ჰგავხარ? - ჰკითხა მოულოდნელად. თვითონაც ვერ ხვდება, რატომ წამოიწყო ასეთი საუბარი, ნინა კი მისმა შეკითხვამ დააფიქრა და საკმაოდ დიდი პაუზის შემდეგ უპასუხა.
- ვფიქრობ, რომ არა. დედაჩემი სულ სხვანაირია. თამამი, გაბედული, მამაცი, პირდაპირი, ცოტათი მეამბოხეც. არაფერზე დაიხევს უკან, თუ იცის, რომ მართალია. მას მხოლოდ იმაში ვგავარ, რომ უსამართლობას ვერ ვიტან...
- ძალიან ცუდი წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე, ნინა! - სერიოზულად წარმოთქვა ბიჭმა და მანქანა ჩაბნელებულ ადგილას გააჩერა, თუმცა მაშინდელისგან განსხვავებით, გოგონას წამითაც არ დაუფლებია შიშის გრძნობა.
- უკვე მოვედით?
- მესმის, რომ ჩემთან ინტელექტუალური საუბრები ძალიან გსიამოვნებს, მაგრამ რას ვიზამთ, მოვედით! - გაუცინა და პირველი თვითონ გადავიდა მანქანიდან. ნინამ კი, ამასობაში დრო იხელთა და სანამ ნიკა ისევ მანქანაში ჩაკეტვას დაუპირებდა, სასწრაფოდ გამოიცვალა, კედები ჩაიცვა და ის იყო, კარის სახელურს უნდა ჩაბღაუჭებოდა, რომ თავისით გაიღო.
- შენ მგონი, დღეს რაღაც დალიე! - გაეცინა, თუმცა გამოწვდილ ხელში ხელი ჩაუდო და ამჯერად უკვე საკუთარ თავში დარწმუნებული გადავიდა მანქანიდან. მთავარი პრობლემა ხომ მოიშორა, მაღალქუსლიანები აღარ ეცვა!
- მიყვარს წინდახედული გოგონები! - და მისი ცვლილება არც ნიკას გამოჰპარვია. მზერით კედებზე ანიშნა და თვალი ჩაუკრა, შემდეგ კი უცნაურ შენობასთან მიიყვანა.
აქაურობა იმ საიდუმლო თავშესაფარს ჰგავდა, ნინას მეორე მსოფლიო ომზე გადაღებულ ფილმებში რომ ენახა. სქელი ბეტონით ნაგებ უსახურ კედლებში ვიწრო რკინის კარი ჩაეყოლებინათ, თუმცა, როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, არც სახელური ჰქონდა და არც ჭუჭრუტანა. ნიკამ ჯინსის უკანა ჯიბიდან საკრედიტო ბარათის მსგავსი რაღაც ამოიღო და კარი ისე მარტივად გააღო, თითქოს ხუთვარსკვლავიან სასტუმროში იყვნენ და არა სადღაც მიყრუებულ ჯურღმულში.
- მანიაკი ხარ და მოკვლას მიპირებ? - დაეჭვებულმა გახედა ნინამ, თუმცა ბიჭმა წარბი აუწია და შემდეგ პირველი შეატარა შენობაში.
არა, არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, არც ხმაური გაჩენილა არსაიდან და არც ფსიქოპატი გამოჰკიდებიათ ელექტროხერხით. ისეთივე სიჩუმე იყო, როგორც გარეთ, ბეტონის კედლები კი, ცოტა არ იყოს, შემაშინებლად გამოიყურებოდა.
- საბჭოთა „ბუნკერის“ სანახავად მომიყვანე? - კიდევ ერთხელ ჰკითხა, მოთმინება რომ გამოელია.
- ღმერთო, ნინა, საიდან მოგდის ასეთი ფიქრები? - თვალები აატრიალა ნიკამ, რამდენიმე ნაბიჯით გაუსწრო. კართან, რომელიც გოგონამ აქამდე ვერც კი შენიშნა, ჯარის შარვალსა და შავ, მკლავებმოჭრილ მაისურში გამოწყობილ კუნთების გროვას რაღაც გადაულაპარაკა და შემდეგ ხელით ანიშნა, მოდიო.
ნინა უყოყმანოდ მიუახლოვდა და უცნობის მზერით შეშინებულმა, თითებით მისი ხელიც კი მოძებნა, თუმცა, როდესაც „საშიშმა კაცმა“ კარი შეაღო, გაკვირვებულმა დააფახულა თვალები და პირიც კი დააღო.
სრულიად მოულოდნელად, ისეთ კლუბში ამოჰყო თავი, მხოლოდ ფილმებში რომ ენახა. მეგობრებთან ერთად ხშირად სტუმრობდა ნიუ-იორკის საკმაოდ პოპულარულ ადგილებს, მაგრამ ასეთი არსად არაფერი ენახა. მათ პირდაპირ, მაგრამ საკმაოდ მოშორებით დამონტაჟებულ სცენაზე “Fall Out Boy” უკრავდა. გრანდიოზული დარბაზის ყველა წერტილში დამონტაჟებული განათებები არაჩვეულებრივ ეფექტს ქმნიდა, თუმცა საბოლოო და ცოცხალ სანახაობას მაინც სინქრონულად მოხტუნავე ბრბო ავსებდა. ნინამ ლოყებზე აიფარა ხელები და ისეთი აციმციმებული გახედა მის გვერდით მდგარ ბიჭს, ერთი მზერით უთხრა ყველაფერი და ნიკასაც საოცრად კმაყოფილს ჩაეღიმა.
- ბოს, ყველაფერი მომზადებულია! - მოულოდნელად ვიღაც ბიჭი მიუახლოვდათ, რომელიც საშინლად ეცნო საიდანღაც და ნინამ თვალები ჭყიტა, „ბოს“ რომ გაიგონა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც იმავეს მოსმენისას ნიკას რეაქცია დააფიქსირა. კინაღამ მზერით მოკლა ბიჭი და ეს უკანასკნელიც სწრაფადვე გაეცალათ სიტყვის უთქმელად.
- სერიოზულად?! - თავი ვერ შეიკავა, რომ არ ეკითხა, ნიკამ კი არაფერი უპასუხა, ზურგზე ხელი მოხვია და დახვეული, რკინის კიბეებით მეორე სართულზე აიყვანა. აქ უკვე განსხვავებული სიტუაცია იყო. პატარა, დაბალი მაგიდები, გარშემო შემოწყობილი რბილი სავარძლებით, ერთანეთისგან ნეონისგანათებიანი ტიხრებით იყო განცალკევებული, ისე, რომ ყველას თავისი პირადი სივრცე ჰქონდა შექმნილი. საერთო ჯამში კი, პირველი სართული ხელისგულივით მოჩანდა და სწორად შერჩეული მაგიდიდან შოუს ყურებაც გადასარევად შეიძლებოდა. მეტრეველმა ერთ-ერთი ყველაზე მოშორებით მდგარი მაგიდისკენ წაიყვანა და განათებებში რომ შეძვრნენ, ნინამ გაშლილი სუფრის დანახვისას კიდევ ერთხელ დააჭყიტა თვალები.
- მაოცებთ, ბატონო ნიკოლოზ! - კიდევ ერთხელ გაეცინა და სავარძელში ჩაეფლო.
- სხვათა შორის, მეც! - წარბებაწეულმა გაუღიმა ბიჭმა და ვისკის ბოთლი მისი ჭიქისკენ რომ წაიღო, გააჩერა.
- დალევა ცუდად მაქვს დაცდილი! - თვალი თვალში გაუყარა. - და თან, ჯერ ჩემს კითხვაზე არ გიპასუხია.
- რომელ კითხვაზე?
- და კიდევ მე მეტყვი, ნუ თამაშობო! - თვალები აატრიალა.
- კარგი, კარგი, გამოიცანი!
- ანუ აქაურობა შენია? - ვერც ამჯერად შეიკავა თავი პირის დაღებისგან, ბიჭმა კი მშვიდად დაუქნია თავი და მაინც მოახერხა მისთვის ჭიქის შევსება.
- და ის ადგილიც, შენ რომ დალევა ცუდად დასცადე! - თვალი ჩაუკრა და ნინას შოკირებული სახის დანახვისას, კიდევ ერთხელ გაეპარა ღიმილი. - ზედმეტად ბევრი ინფორმაცია ხომ არ მოგაწოდე ერთ ჯერზე?
- რაღა დაგიმალო და, კი! - წარბები შეჭმუხნა. - მით უმეტეს, რომ დღეს სულ სხვანაირი ხარ.
- გთხოვ, მაია ასათიანივით ნუ მელაპარაკები! - სიცილი აუტყდა და მის რეპლიკაზე ნინასაც გაეცინა. ისიც კი სიამოვნებდა, ამ ადგილას მხოლოდ მან და ნიკამ რომ იცოდნენ, ვინ იყო მაია ასათიანი.
- სულაც არა!
- როგორ არა! სულ სხვანაირი ნიკოლოზ მეტრეველი! - ხმა დაიწვრილა და გოგონამ სიცილისგან თავი უკან რომ გადახარა, კმაყოფილი მიაჩერდა. - ასე არ ჯობია?!
- რა? - ვერ მიუხვდა.
- რა კი არა, ვინ! მე მეუბნები, რომ სხვანაირი ვარ, შენ კი, იმის ნაცვლად, რომ ცრემლებს ღვრიდე, იცინი და მხიარულობ.
- მე ტყუილად არასდროს ვღვრი ცრემლებს.
- არც კოცნის გამო ტირი... - დაეჯღანა და ნინამ რომ თვალები დაუბრიალა, ხელები ასწია, მოვრჩიო.
- ესე იგი, ორი ბარი გაქვს? - ისევ ძველ თემას დაუბრუნდა გოგონა.
- არა, ის ამის თავზეა.
- მატყუებ! რანაირადაა ამის თავზე?
- მე ყოველთვის კი არ გატყუებ, ნინა! - გაეცინა და ვისკი მოსვა. - რატომ არაფერს ჭამ? ნუ გეშინია, არაფერი გამირევია! - ჩაიცინა და მის რეპლიკაზე პასუხად ნინას დაჟინებული მზერა მიიღო, რომელმაც მისგან თვალის მოუშორებლად ჩაკბიჩა კანაპე და დამატებითი ეფექტისთვის, წარბებიც აუწია...
მაგიდასთან დიდხანს არ გაჩერებულან. ნინას სულ სცენისკენ ჰქონდა თვალი და მოუსვენრად ცქმუტავდა, ნიკა კი მაშინვე მიხვდა ამის მიზეზს და მალევე ჩავიდნენ ქვემოთ. უპრობლემოდ მიიყვანა სცენასთან და პატრიკმა რომ მეგობრულად აუწია ხელი, გოგონა კინაღამ ადგილზევე მოკვდა. ისეთი ბედნიერი იყო, ადგილზე ვერ ისვენებდა. ძალიან ბევრი იცეკვა და იმდენი იმხიარულა, ნიკას დაჯერებაც კი უჭირდა, რომ ნამდვილად ნინა იყო, თუმცა ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა, ზურგიდან რომ მიეკრა და გოგონა შეშინებული შეხტა.
- უბრალოდ შევამოწმე, ნამდვილად შენ იყავი თუ არა! - თვალი ჩაუკრა და თავისკენ შეატრიალა, ისე, რომ სხეულიდან არ მოუშორებია.
- ჰარი მართალს ამბობს ხოლმე, საშინლად თვალთმაქციაო! - თავი გადაიქნია, ბიჭს კი პასუხად ცალყბად ჩაეცინა.
- ჰოდა, გადაეცი, რომ... - წამით დაფიქრდა, შემდეგ კი ირონიული ღიმილით გააგრძელა. - ანდაც არაფერი, მე თვითონ ვეტყვი რბოლაზე.
- რომელ რბოლაზე?
- ანუ სწორად მივხვდი, - ჩაიცინა კიდევ ერთხელ. - ახლა ვინ არის თვალთმაქცი?
- რას მიხვდი სწორად?
- იმას, რომ თქვენ მისი რბოლის ამბებზე არაფერი იცით! - წარმოთქვა, ვითომც არაფერიაო, შემდეგ კი ნინას ხელები თვითონვე შემოიხვია კისერზე. - ნუ დგახარ, იცეკვე!
- სერიოზულად ამბობ? - ჯერ კიდევ ვერ ხარშავდა ინფორმაციას გოგონას ტვინი.
- აქ მასზე სალაპარაკოდ არ მომიყვანიხარ. უბრალოდ არ მიყვარს, როდესაც უსაფუძვლოდ მაბრალებენ რაღაცებს... - განუმარტა მშვიდად და ასევე აუღელვებლად დაიძრა გოგონას ტუჩებისკენ. - იცი, რომ ძალიან მომწონს ასეთი ნინა?
- გაჩერდი... - თავი ჩახარა გოგონამ.
- რატომ გეშინია ასე ძალიან? - ჩურჩულზე გადავიდა და ტუჩებით ლოყაზე მიეწება.
- შენ...
- შეყვარებული მყავს. - შეაწყვეტინა. - მერე?
- კიდევ არის მეტი მიზეზი საჭირო? - ძლივსღა ამოთქვა მისი სურნელით გაბრუებულმა ნინამ. ბიჭი ურცხვად დაასრიალებდა ცხვირს მის თმაში, თუმცა ამის გაგონებისას, თვალები გაახილა და საეჭვოდ გახედა.
- ანუ მხოლოდ ეს არის? - პასუხი არ მიუღია, ნინამ თვალები დახარა და მის ამ ბავშვურ საქციელზე საყვარლად გაეცინა.
- ამისთვის წვალობ ამდენს? ერთი კოცნისთვის? - ჰკითხა მოულოდნელად და ნიკას თვალებს კიდევ ერთხელ აიძულა, გაფართოებულიყვნენ.
- რატომ ერთისთვის? - ჩაილაპარაკა თავდაჯერებულმა და როდესაც მიხვდა, რომ არანაირ წინააღმდეგობას აღარ მიიღებდა, აუჩქარებლად შეახო ტუჩები ქვედა ტუჩზე.
ნინა კვლავ გველნაკბენივით შეკრთა, მაგრამ შიშისგან აღარ. თვალები დახუჭა და გადაწყვიტა, ემოციებს აჰყოლოდა. იმდენად უთიშავდა ეს ბიჭი გონებას, ამქვეყნად არაფერი აღარ ადარდებდა. დაივიწყა, ვინ იყო, ვისთან ერთად იყო და სად იყო, დაივიწყა ყველანაირი „მაგრამ“, რომელიც აბრკოლებდა; ისიც კი დაივიწყა, სრულიად გამოუცდელი რომ იყო და როდესაც ნიკამ კოცნა გააღრმავა, ღრმად ამოიოხრა და თითის ბალიშები კისერზე დაუსვა. მეტრეველს კი ამ შეგრძნებისგან ისე გააჟრჟოლა, ისე დაეჭიმა კუნთები, ძლივსღა ახერხებდა თავის გაკონტროლებას. ჭკუიდან გადაჰყავდა ამ გოგოს. ისეთი ყინულის დედოფალი იყო სინამდვილეში, მას კი პირდაპირ მკლავებში უდნებოდა. თითქოს დამყოლი კნუტი ხდებოდა ეს შეუვალი გოგო და გრძნობდა, რომ შეეძლო თავის ჭკუაზე ეტარებინა. თუმცა, არ უნდოდა. არ უნდოდა ესარგებლა. თვითონაც ვერ ხვდებოდა, რატომ, მაგრამ შანსს, რომელიც ასე აშკარად ეძლეოდა, არ იყენებდა. ვერ იქნებოდა ნაძირალა. ნინასთან არ შეეძლო...
ძლივს აიძულა საკუთარი თავი, ამ ფუმფულა და რბილ ტუჩებს რომ მოსწყვეტოდა, შუბლზე შუბლით მიეყრდნო და ისე ცდილობდა სუნთქვის დარეგულირებას, თან ნინასაც დროს აძლევდა გონზე მოსასვლელად. ისეთი საყვარელი იყო, თვალები რამდენჯერმე სწრაფად რომ დააფახულა და დაბნეულმა ახედა, თავი ვერ შეიკავა, რომ არ გაღიმებოდა. გოგონას თითები ისევ მის კისერზე დათამაშობდნენ და ეს ყველაფერი იმდენად ურევდა გონებას, კინაღამ პირიც კი დააღო, ნინას ძლივს ნათქვამი სიტყვები რომ გაიგონა:
- ჩათვალე, დაბრუნებულია... - ამოიჩურჩულა გოგონამ და ტუჩის კუთხეებში ღიმილი გაეპარა...
ნათია ჯაგოდნიშვილი