სანდრო ისეთი გამწარებული შევიდა სახლში, ზუსტად რომ არ სცოდნოდა, ბავშვებს უკვე ეძინათ, კარსაც დიდი სიამოვნებით მიიჯახუნებდა. რა საინტერესოა, ბოდიშს უნდა უხდიდეს ანიკა და ის კიდევ აქეთ უბრაზდება? რამდენი წელი გავიდა უკვე, რაც ერთად არიან, მაგრამ მის სიჯიუტეს მაინც ვერაფერი მოუხერხა. ყოველთვის ისე იქცეოდა, დამნაშავეც რომ ყოფილიყო, მაინც პირიქით აგრძნობინებდა სანდროს თავს. ეს უკანასკნელიც სულაც არ იყო ისეთი რბილი ხასიათის, უდანაშაულოს ბოდიში რომ მოეხადა. ჰოდა, მართალია, ძალიან იშვიათად ჩხუბობდნენ, მაგრამ როდესაც ეს გარდაუვალი იყო, სრულ პროგრამას ასრულებდნენ.
ახლაც, საძინებელში რომ შევიდა, ანიკა პიჟამაში გამოწყობილი მისჯდომოდა ტუალეტის მაგიდას და ღამის კრემს ისეთი სახით ისვამდა, თითქოს ამქვეყნად ყველაზე საინტერესო საქმეს აკეთებდა. არც კი შეიმჩნია სანდროს შესვლა, წარბიც არ შეხარა საერთოდ და კაცმაც, იგნორირება მასე არ უნდაო, პიჯაკი აუღელვებლად შეკიდა გარდერობში და შემდეგ ისევ უსიტყვოდ გავიდა საძინებლიდან.
ჩვევაში ჰქონდა, ვერაფრით დაიძინებდა, სანამ ბავშვებს არ ნახავდა. კი იცოდა, უკვე რომ ეძინებოდათ, მაგრამ დახედავდა, ერთს აკოცებდა და შემდეგ ისევ უჩუმრად გამოვიდოდა. სათითაოდ დაიარა ყველას საძინებელი, უმცროსიდან უფროსისაკენ და ბოლოს ნინას ოთახის კარიც რომ შეაღო და საწოლი ისევ იდეალურად გადასწორებული დახვდა, ცალი წარბი ასწია. უკვე საკმაოდ გვიანი იყო. ანიკასთვისაც არ გაუვლია ძალიან ადრე, მას შემდეგ კი, ისევ ოფისში მიბრუნდა და იქამდე იმუშავა, სანამ ზედმეტად არ იგრძნო დაღლა. ახლა კი, პირველი სრულდებოდა და მისი შვილი სახლში არ იყო, რაც ძალიან, ძალიან არ მოეწონა და შესაბამისად, დაუყოვნებლივ ამოიღო მობილური ტელეფონი ჯიბიდან...
* * *
- ვერ დავლევ, არ შემიძლია! -თავს იქნევდა ნინა, მეტრეველმა ბართან რომ მიიყვანა და ორი ტეკილა შეუკვეთა. თან დალევაზე მეტად იმის ეშინოდა, რაც შემდეგ შეიძლებოდა მომხდარიყო. სწორედ ამიტომაც იდგა ასეთ სასტიკ უარზე.
- ნუ გეშინია! - ლოყებზე ხელები მოკიდა და ისე ჩახედა თვალებში. აშკარად მიუხვდა, რაც ანერვიულებდა.
- არ მინდა, თან შენც ვერ დალევ, საჭესთან ხარ! - წარბები აუწია იმის ნიშნად, გავიმარჯვეო, თუმცა ნიკას მხოლოდ ჩაეცინა მის შენიშვნაზე და ბარმენმა შავი გრანიტის ზედაპირზე ორი პატარა, ლიმონჩამოცმული ჭიქა რომ დადგა, ერთი თვითონ აიღო და მეორე ნინას მიაწოდა.
- არაფერი მოგივა. მიდი, სამ თვლაზე! - გაუცინა და ის იყო, ნინამ დაჯღანული სახით დააბრუნა ჭიქა მაგიდაზე და ლიმონი გაწუწნა, რომ ხელში ჩაბღუჯული მობილური აუმღერდა და სახეზე ცისარტყელას ფერებმა გადაურბინეს კონტაქტის დანახვისას.
- აბა, ხომ არ იყო ისეთი ცუდი, როგორიც გეგონა?! - კიდევ ერთხელ გაუცინა ბიჭმა და წელზე მოხვია ხელები, თუმცა მისი სახე რომ დააფიქსირა, თვითონაც შეეცვალა მზერა. - რა მოხდა?
ნინამ უსიტყვოდ შეუტრიალა მობილურის ეკრანი და წარბებიც შეჭმუხნა, ბიჭს კი თვალები გაუფართოვდა.
- ჩემგან გირეკავენ? აქაა ჩემი მობილური! - და სწრაფადვე ამოაძვრინა ჯინსის ჯიბიდან.
- მართლა მამაჩემი მირეკავს! - თვალები აატრიალა ნინამ.
- ოუ, არ უპასუხებ?
- თუ გინდა, რომ ფედერალური ბიუროს კბილებამდე შეიარაღებული საიდუმლო ქვედანაყოფი აქ შემოიჭრას, მაშინ, არ ვუპასუხებ... - წარმოთქვა ნერვიული სიცილით, შემდეგ კი ერთი ღრმად ჩაისუნთქა და სენსორს თითი გადაუსვა. - მამა? დიდი ხანია მირეკავდი?!
- სად ხარ, ნინა? - საეჭვოდ გაისმა სანდროს ხმა და გოგონამაც ძლივს გადააგორა დიდი ნერწყვი, შემდეგ კი ნიკას ახედა საწყალი თვალებით და ტუჩების მოძრაობით გაუმეორა მამამისის შეკითხვა.
- უთხარი, რომ სკოლის წვეულებაზე ხარ... - უპასუხა ასევე, შემდეგ კი ხელი ჩაკიდა და ეცადა, გასასვლელისკენ წაეყვანა.
- სკოლაში, მა. რატომ მირეკავ ამ დროს, რამე მოხდა?
- იმიტომ, რომ ამ დროს ისევ სკოლაში ხარ! ლიამი მანდ არის?
- არა, მიასთან ერთადაა... ახლავე წავალ სახლში, მა, ტაქსის გამოვიძახებ... - ტუჩები აუკანკალდა, ტყუილის თქმა რომ მოუწია და დაუკითხავად გადმოგორებული ცრემლიც სწრაფად შეიმშრალა და ის იყო, კლუბიდან აპირებდა გასვლას, ნიკამ რომ დაქაჩა ხელზე და უკან შეაბრუნა.
- წვეულებაზე მუსიკის ხმა უნდა იყოს... - უჩურჩულა და გოგონამაც თავი დაუქნია, გავიგეო.
- დამელოდე, ნინა, მე თვითონ მოგაკითხავ. - საშინლად მკაცრი ხმა ჰქონდა სანდროს.
- მამა...
- და-მე-ლო-დე! - შემდეგ კი წყვეტილი ზუმერის ხმა გაიგონა და კიდევ ერთხელ შეეკუმშა გული...
- მომკლავს! - ამოიტირა და სახეზე აიფარა ხელები, ნიკამ კი სწრაფადვე გაიყვანა გარეთ.
- ნუ ღელავ, მივასწრებთ! - მხოლოდ ეს უთხრა, სანამ მანქანაში ჩასვამდა და შემდეგ თეთრი „ლექსუსი“ ისე მოსწყვიტა ადგილს, ღვედის გაკეთება არც კი გახსენებია.
- ალბათ რაღაც მოხდა, თორემ არ დამირეკავდა... - თითებს იმტვრევდა ნინა.
- გთხოვ, ნუ ხარ პანიკაში! - თვალები აატრიალა მეტრეველმა და კიდევ უფრო უმატა სიჩქარეს.
- ნუ მამშვიდებ! და ღვედი შეიკარი! - შეუღრინა გოგონამ და მიუხედავად დაძაბული სიტუაციისა, მის სიტყვებზე მაინც გაეცინა, თუმცა დაემორჩილა.
- რატომ გეშინია ასე მამაშენის?
- მეშინია?! რა სისულელეა! არ მეშინია.
- ერთიანად გადაფითრდი, რომ დაგირეკა.
- ჰო, იმიტომ, რომ უნდა მომეტყუებინა.
- პირველად? - ჩაეცინა და ისე გახედა, ნინასგან კი თვალების ბრიალი მიიღო პასუხად.
- დიახაც! და ამის გამო თავს საშინლად დამნაშავედ ვგრძნობ. წარმოდგენაც არ მინდა, რა მოხდება, თუ გაიგებს, რომ მოვატყუე.
- დაგსჯის?
- ღმერთო, ნიკა! არა, რა თქმა უნდა! - გულწრფელად გაეცინა მის სიტყვებზე. ვერც კი წარმოედგინა, ეს რეალობა როგორ უნდა ყოფილიყო. - მაგრამ ნდობას დაკარგავს და ეს არის ის, რისიც ყველაზე მეტად მეშინია, არა მარტო მამაჩემთან, არამედ ყველა ურთიერთობაში. -ისე თქვა, წამითაც არ მოუშორებია მზერა, მეტრეველმა კი საქარე მინას გაუსწორა თვალები, რამდენიმეწუთიანი სიჩუმის შემდეგ კი შეცვლილი ხმით გამოაცხადა, მოვედითო.
ავტოსადგომზე ნინამ მამამისის „აუდის“ კვალი ვერსად შენიშნა და შვებითაც ამოისუნთქა. ალბათ, ეს იყო, რამაც გააბედინა, რომ კიდევ ცოტა ხნით დარჩენილიყო მანქანაში.
- რა ხდება, ნინა? - მისკენ შებრუნდა ნიკა და ეცადა, კმაყოფილს არ ჩაღიმებოდა, თუმცა, არ გამოუვიდა.
- მასე ნუ მიღიმი! - ჩაეცინა გოგონასაც. ფეხები სავარძელზე აეკეცა და ლოყით მუხლებს ეყრდნობოდა.
- გაბნევ? - კვლავ საკუთარ თავში დარწმუნებული ხმით ჩაილაპარაკა და სახეზე ჩამოყრილი კულულები ყურსუკან გადაუწია, თუმცა ხელი უკან აღარ წამოუღია, მშვიდად ჩამოადო კისერზე და ნინაც ახალშობილი კნუტივით გაიტრუნა.
- ხვალ ისევ მეგანთან ერთად უნდა გნახო? - არც დაფიქრებულა, ისევე ამოთქვა, მეტრეველმა კი მის სიტყვებზე ერთი ღრმად ამოიოხრა და შემდეგ თავი მხარზე ჩამოადო.
არაფერი უთქვამს, თვალები დახუჭა და უფლება მისცა ამ გოგოს სურნელს, ბოლომდე დაპატრონებოდა მის გონებას. ისეთი ნაზი კანი ჰქონდა, ისეთი რბილი თმა და ისეთი სასიამოვნო სურნელი. თვითონაც ვერ ხვდებოდა, ისე ექცეოდა მისი გავლენის ქვეშ. გარედან კი ყველაფერი პირიქით ჩანდა, მაგრამ სინამდვილეში, თვითონ კი არა, ნინა ზემოქმედებდა მასზე. ახლაც, თითქოს არაფერი უკითხავს განსაკუთრებული, მაგრამ მაინც არ შეეძლო ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. მეგანი ერთადერთი დაბრკოლება იყო და ამასაც ვერ გააქრობდა. ნინას იმას ვერ მისცემდა, რასაც ეს გოგო იმსახურებდა. მათი ცხოვრება რადიკალურად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, სხვანაირად იყო გაზრდილი და დიდხანს ვერ გაძლებდა ნიკასთან, მის ტემპს ფეხს ვერ აუწყობდა და დაიტანჯებოდა, ამის უფლებას კი საკუთარ თავს ვერ მისცემდა...
- გასაგებია... - ჩაიბურტყუნა ნინამ და მის მხარზე თავჩამოდებულ ბიჭს თმაზე გადაუსვა ხელი. ხვდებოდა, რომ ერთი კოცნის გამო არ ჰქონდა უფლება, ნიკასთვის შეყვარებულთან დაშორება მოეთხოვა, მაგრამ საკუთარ თავსაც ვერ მისცემდა იმის უფლებას, რომ ასე გაეგრძელებინა ყველაფერი.
- ნუ მისვამ ისეთ კითხვებს, რაზეც ვერ გიპასუხებ... - მშვიდად უთხრა და ტუჩები კისერზე შეახო, იმის დანახვისას კი, როგორ შეაჟრჟოლა ნინას, თვითონაც დაუარა რაღაც უცნაურმა, სრულიად უცხო შეგრძნებამ.
- უნდა წავიდე, გაგიმართლა, რომ ჩემი სახლი შენი კლუბივით ახლოს არ არის, თორემ მამაჩემიც არანაკლებ მანიაკივით მართავს, - ჩაეცინა და გახედა, რომ თავი აეღო, თუმცა ისე კარგად იყო მოკალათებული, განძრევასაც არ აპირებდა.
- რომ მოგწერ, შეტყობინებებზე მიპასუხე ხოლმე. - ჩაეცინა და გაიმართა, ნინამ კი წარბები აუწია.
- ეგ ჩემი გადასაწყვეტია! - თვალი ჩაუკრა და კარის გაღებას შეეცადა, თუმცა მკლავზე შემოხვეულმა ნიკას თითებმა მაშინვე აიძულა, შებრუნებულიყო.
- რაღაც დაგავიწყდა. - მომთხოვნი ხმა ჰქონდა მეტრეველს, შემდეგ კი ისე დაიხარა და ისე შეეხო ნინას ტუჩებს, გააზრებაც არ დააცადა... ამჯერად აღარ შემოხვევია კისერზე მისი ხელები, მაგრამ იგრძნო, როგორ ჩაეღიმა და ესეც საკმარისი გამოდგა იმისთვის, წელზე ხელი რომ მოეხვია და თავისკენ მოეწია, თუმცა ნინამ მკერდზე ხელის მიწოლით მიიშორა და სანამ კიდევ გამოიჩენდა სისუსტეს, სწრაფადვე გადახტა მანქანიდან.
- მაგვიანდება! - თვალები დაუბრიალა ღიმილით და რამდენიმე წამში სკოლის შენობაშიც შეაბიჯა...
* * *
- შენ რატომ მომაკითხე? - მაშინვე ჰკითხა ნინამ მამამისს, როგორც კი მანქანაში ჩაუჯდა. ცდილობდა თვითონ ელაპარაკა, კითხვები რომ არ მიეღო სანაცვლოდ. ზუსტად იცოდა, როგორ ძალიანაც უნდა მოენდომებინა, სანდროს მაინც ვერაფრით მოატყუებდა.
- შენი აზრით, ამ დროს უფლებას მოგცემდი, რომ ტაქსიში ჩამჯდარიყავი და შენი სიცოცხლე გენდო სრულიად უცხო, ღმერთმა უწყის, როგორი მძღოლისთვის?
- არა, მაგრამ მეგონა, შენ და დედა სადმე იქნებოდით. - მხრები აიჩეჩა და მამამ რომ აღარაფერი უპასუხა, ცოტა არ იყოს, გაუკვირდა.
- ნინა, მესმის, რომ უკვე დიდი გგონია საკუთარი თავი, მაგრამ გთხოვ, როდესაც წვეულებებზე ასე გვიანობამდე დარჩენას გადაწყვეტ, ან დამირეკე, ან კიდევ ისე ნუ იზამ, სრულიად მარტო იყო, შენი მეგობრების გარეშე.
- კი მაგრამ, მა...
- აქ არც ერთი არ ყოფილა! - შეაწყვეტინა სანდრომ და ისეთი სახით გამოხედა, სალონში სიბნელე რომ არ ყოფილიყო, დაინახავდა, როგორ იცვალა ნინამ ფერი. - შენ მოძებნას საკმაო დრო მოვანდომე.
- იმიტომ არ ყოფილან, რომ ყველას ჰყავს შეყვარებული, - მხრები აიჩეჩა და ფანჯრიდან გაიხედა, თუმცა შემდეგ შეკითხვამ გაყინული წყლის შეხებასავით იმოქმედა.
- და შენ?
- რა, მამა? გაინტერესებს, შეყვარებული მყავს თუ არა? - გაიცინა ნერვიულობის გადასაფარად, სანდროს კი, არც გაღიმებია.
- რომ არ გყავს, ეგ ისედაც ვიცი. მე ის მაინტერესებს, რამდენ ხანში უნდა ველოდო შენგან იმის აღიარებას, რომ ვიღაც მოგწონს. ხომ იცი, ძვირფასო, ყველაზე მეტად ის მეწყინება, რომ არ მენდო და მომატყუო...
- ვიცი... - ჩაიბურტყუნა ნინამ და სანდროც მეტს აღარ ჩაძიებია. გრნობდა, რომ ამაზე საუბარი უკვე დროული იყო, მაგრამ ნინა არ იყო მომზადებული სათანადოდ. აზრი არ ჰქონდა, ასე მაინც ვერაფერს გაიგებდა...
* * *
ნინამ, როგორც ყოველთვის, იმ ღამითაც მიიღო შეტყობინება, რომლითაც ტკბილ ძილს უსურვებდნენ, მეორე დღისით კი ისე წამოფრინდა საწოლიდან, იფიქრებდით, მთელი ცხოვრებაა ნახევრად დაბნელებულზე გაღვიძებაზე ოცნებობსო. არადა, სინამდვილეში, ვერ იტანდა ზამთრის დილებს, ჯერ კიდევ რომ არ ამოსულიყო მზე, თვითონ კი უწევდა სკოლისთვის მომზადებულიყო. ისე საშინლად ეზარებოდა ხოლმე წასვლა, ზოგჯერ სიზარმაცეც შემოუტევდა, მაგრამ მაინც არასდროს გაუცდენია სკოლა უმიზეზოდ. დღეს კი ყველაფერი პირიქით იყო. მაღვიძარამ რომ დაურეკა, უკვე ეღვიძა და საწოლში ნებივრობდა. არც მომზადება დაზარებია და ქვემოთ ჩასულიც უკვე სრულიად გამოფხიზლებული იყო, ყავის დახმარების გარეშე. ლიზიკო და ანდრია მაგიდას მისხდომოდნენ დედასთან ერთად, რომელსაც რატომღაც ჯერ ისევ ხალათი ეცვა, სანდრო კი არ ჩანდა.
- დილა მშვიდობისა! - მიესალმა ყველას და ოთახს მოავლო თვალები. - მამა სად არის?
- სამსახურში. - მოკლედ მოუჭრა ანიკამ. არა, მათ შორის აშკარად რაღაც მოხდა. - არ ისაუზმებ?
- არ მინდა, დე. შენ არ მიდიხარ? თვალებზე რა გჭირს?
- მოგვიანებით წავალ, თავს შეუძლოდ ვგრძნობ. მგონი, გავცივდი და ესეც მაგის ბრალია. -ჩაწითლებული თვალები ხელით მოისრისა და ლიზიკოს პურის კიდევ ერთ ნაჭერზე წაუსვა „ნუტელა“.
- წამლები დალიე? გინდა მოგიტანო?
- არა, საყვარელო, გვაქვს, ნუ ღელავ. ტაქსი უკვე გამოგიძახე სკოლისთვის, წუთი-წუთზე მოვა. - დასრულებული არ ჰქონდა ანიკას, მათი სახლის წინ ყვითელი ავტომობილი რომ გაჩერდა და მობილურის ეკრანიც გაანათა მოსულმა შეტყობინებამ. - აი, უკვე მოვიდა!
- კარგი, გავიქეცი და თავს გაუფრთხილდი. ანდრია, არ მოდიხარ?
- არა, ხვალ თამაში გვაქვს და დღეს ვაცდენ სკოლას, მთელი დღე ვარჯიშზე უნდა ვიყო! -წარბები აათამაშა კმაყოფილმა, ნინამ კი თავი გადაიქნია, ზარმაცოო, მიაძახა და სახლიდან გავარდა.
მთელი დღე ელოდა ნიკას გამოჩენას, მაგრამ არც ტელეფონით და არც ფიზიკურად, არსად ჩანდა. მეგანი კი ისეთი ამჟავებული სახით დადიოდა, ნინა იმასაც კი ფიქრობდა, კარგიცაა, რომ არ მოდისო. გუშინ გვირგვინები ლილიმ და ჰარიმ დაინაწილეს და შესაბამისად, ქეითი და ადამიც კმაყოფილები დარჩნენ. როგორ მოხდა ისე, რომ მეგანი თამაშგარე აღმოჩნდა, ამაზე წარმოდგენაც არ ჰქონდა, მაგრამ ყველაფერი ლილის აქტიურობას და საკმაოდ კარგ ექსკურსიას დააბრალა.
გუშინდელი საღამოს პრინცს რაც შეეხება, შეამჩნია თუ არა, ცალკე ლაპარაკი რომ შესაძლებელი იყო, მაშინვე მკლავში ჩაავლო ხელი და ერთი წუთით გამომყევიო, ისეთი ხმით უთხრა, ჰარიმ, ცოტა არ იყოს, გაკვირვებულმა გახედა.
- რა მოხდა, ნინ?
- მაგას მე უნდა გეკითხებოდე, ჰარი! - თვალები დაუბრიალა, გაბრაზებას ვერც კი მალავდა.-იცოდე, არ გაპატიებ, რომ მომატყუო!
- მაშინებ!
- სიმართლე მითხარი, ქუჩის რბოლებზე რამე გსმენია? - მაინც უნდოდა მიღებული ინფორმაციის გადამოწმება, რადგან ნიკას ნათქვამი იმდენად არარეალურად ეჩვენებოდა, რომ ასე დაუზუსტებლად ბრალს ვერ დასდებდა.
- შენ რატომ დაინტერესდი ამით?
- როგორც მითხრეს, ჩემი ერთი კარგი მეგობარი იღებს მონაწილეობას და მაინტერესებს, მართალია თუ არა!
- ვინ გითხრა?
- ანუ მართალია? ჰარი, გაგიჟდი?! - მოულოდნელობისგან იმხელაზე შეყვირა, ქეითიც კი მიუახლოვდათ.
- რა გჭირთ? მშვიდობა გაქვთ? - გაეცინა და ნინას ჰარის მკლავზე ჩაბღუჯულ ხელს მიაშტერდა.
- მთხოვა, ბიოლოგიის მასწავლებელს ჰკითხე, იქნებ ტესტების პასუხები როგორმე წინასწარ გაგვიმხილოსო... - სახელდახელოდ მოიფიქრა გოგონამ და მეგობარს ისეთი სახით გადახედა, ჰარიმ იცოდა, ეს საუბარი ასე არ დასრულდებოდა. ქეითმა კი, თავი გადაიქნია, როდემდე უნდა იკამათოთ ამ თემაზეო, შემდეგ კი ორივეს ხელკავი გამოსდო.
- კაფეტერიაში მივდივართ ყველანი, ქიმია გვიცდება!
ნინა დამნაშავედ გრძნობდა თავს ქეითის წინაშე. როგორ უნდა დაემალა ეს ამბავი? მისი შეყვარებული უკანონო რბოლებში იღებდა მონაწილეობას, მაგრამ ამ ამბავში „უკანონო“ ერთადერთი საშიში სიტყვა სულაც არ იყო. ჰარიმ რამდენიმე თვის წინ აიღო მართვის მოწმობა, რა ჯანდაბად სჭირდებოდა ეს რბოლები? რამე რომ მოსვლოდა, შემდეგ რა უნდა ეთქვა ქეითისთვის, ვიცოდი და დაგიმალე, რომ საფრთხეში იყოო? არა, ასე არ შეეძლო. ჰარისთვის უნდა ეთქვა, რომ ან თვითონ გაუმხელდა სიმართლეს, ან ამის გაკეთება ნინას მოუწევდა...
კაფეტერიის კარი რომ შეაღეს, ისევ ამ ფიქრებში იყო გართული, მაგრამ წამებში გამოფხიზლდა, ნაცნობი ხმა რომ მოესმა. დენის დარტყმასავით იყო თითქოს, მინის კედელთან რომ გიტარიანი ნიკა დაინახა, მეგანისა და მისი მეგობრების გვერდით. ისე არხეინად უკრავდა და მღეროდა, არც კი შეუნიშნავს, ვინმე თუ შევიდა. ნინამ კი შენიშნა, როგორი თავმომწონე მზერით გადმოხედა ქერათმიანმა და შემდეგ ისე, რომ მისთვის თვალი არ მოუშორებია, საკუთარ შეყვარებულს მხარზე ჩამოადო თავი. სწორედ ეს სიტყვა ეტკინა ნინას ყველაზე მეტად. „საკუთარ შეყვარებულს“.
- გთხოვ, ნუ მიაქცევ ყურადღებას! - გვერდით ამოუდგა ქეითი და ერთადერთი თავისუფალი მაგიდისკენ წაიყვანა, რომელიც ზუსტად მოპირდაპირედ იდგა.
- მე წავალ... - ჩაილუღლუღა, მაგრამ არ დაანებეს.
- მიაც მოვა, ყველაფერი უნდა მოგვიყვეს, არ გაინტერესებს? ამის გამო უნდა გაიფუჭო გუნება?
- ქეით, გთხოვ...
- და-ჯე-ქი! კოლას ვიყიდი, შენ რა წამოგიღო?
- მხოლოდ წყალი... - ამოილუღლუღა და თვალები ვეღარსად წაიღო, ნიკას მზერა რომ შენიშნა. მეტრეველი ისეთი თვალებით უყურებდა, ვერ გაეგო, რისი თქმა უნდოდა. პირველად იყო, ვერაფრის ამოკითხვა რომ ვერ მოახერხა და აღარ იცოდა, ეს იმ დაძაბულობისთვის დაებრალებინა თუ გუშინდელი ღამისთვის, როცა, შესაძლოა, ზედმეტადაც კი გათამამდა.
- ნინა, გმადლობ, რომ არ უთხარი... - სადღაც შორიდან ჩაესმა ჰარის ხმა, მიუხედავად იმისა, რომ გვერდით ეჯდა. ვერც კი ხვდებოდა, რა მოსდიოდა, მაგრამ როდესაც ნიკამ თვალი თვალში გაუყარა და გიტარაზე ტკივილამდე ნაცნობი აკორდები აიღო, ცხადად იგრძნო, როგორ შეეკრა სუნთქვა.
„ვიცი ისევ ვუსწრებ დროს,
მოხვედი, მაგრამ მე ვერ გხედავ,
ამ სიმღერით თუ გაგათბობ,
შენ კი კვლავ დამავიწყებ სევდას,
შენ აქ ხარ, შენ აქ ხარ,
შენ აქ ხარ, ჩემთან.“
ნიკაპი აუკანკალდა და გადმოგორებული ცრემლები სწრაფად მოიწმინდა. გრძნობდა, რომ სულ ცოტაც და, ხმამაღალი ტირილი აუვარდებოდა. ვერც კი ხვდებოდა, რატომ იმოქმედა ამ სიმღერამ ასე ძალიან, მაგრამ სინამდვილეში, ის უფრო ახდენდა გავლენას, ნიკა ყველა მოქმედებით ხაზს რომ უსვამდა, აქ მხოლოდ მათ ჰქონდათ რაღაც საერთო და თანაც ისეთი, რაც მხოლოდ მათი იყო, მათთვის გასაგები და ძვირფასი. მეტრეველი დაკვრას განაგრძობდა, დანარჩენები კი ისე უყურებდნენ, ვერავის გაეგო, რა ხდებოდა ან რას მღეროდა საერთოდ.
„ეს ხალხი ძველ სიმღერებს მთხოვს,
მე კი მუდამ ვმღერი ახალს“.
ნინა სასწრაფოდ წამოხტა, როდესაც გაიაზრა, რა მოსდიოდა ამ ტექსტის შემდეგ. ამას ვერ აიტანდა, არ შეეძლო. არც აქ გაჩერება და მისკენ მიშტერებული მზერების ატანა შეეძლო. ყველა მას უყურებდა, მეგანიც კი, რომელიც თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა, თუმცა ნიკას არავინ ადარდებდა. მხოლოდ მას უყურებდა, ნინამ კი ვეღარ გაუძლო. ტუჩები სატირლად რომ დაებრიცა, სასწრაფოდ დაავლო ჩანთას ხელი და კაფეტერიიდან უკანმოუხედავად გავარდა...
* * *
სახლში რომ შევიდა, არავინ დახვდა. როგორც ჩანს, ან ბაღში იყო, ან ანიკამ ისიც წაიყვანა ანდრიას ვარჯიშის საყურებლად. ყოველი შემთხვევისთვის, მაინც თავი დაიზღვია და დედას შეტყობინება გაუგზავნა, მგონი, მეც შენი ვირუსი გადმომედო, სახლში ადრე მოვედი და ვიძინებო. ანიკამ კი მაშინვე დაურეკა, მაგრამ არ უპასუხია. ზუსტად იცოდა, ხმაზე რომ შეატყობდა ცრემლებს და ამას გრიპს ვერ დააბრალებდა. ისე გულამოსკვნით ტიროდა, ვინმე იფიქრებდა, რაღაც საშინელება დაემართაო. არადა, ბიჭმა როგორი სიმღერა უმღერა?! ჯანდაბა, რატომაა ყველაფერი ასე რთულად?!
პიჟამაში გამოეწყო, საწოლში შეძვრა და საბანი თავზე გადაიფარა. იქნებ დროებით მაინც გამქრალიყო აქედან...
- ნინა, დე, გაიღვიძე... - შუბლზე თბილი ხელების შეხებამ გამოაფხიზლა. თავი ისე სტკიოდა, თვალების გახელაც კი გაუჭირდა.
- რა ხდება? - ამოიხავლა ხმაწართმეულმა, ცალი თვალი გაჭირვებით გაახილა და ჩაბნელებულ ოთახში მიმოიხედა.
- უკვე ათი საათია გძინავს, არ გინდა ექიმს დავურეკოთ? სად მოასწარი ასე უცბად გაციება?
- არა, დე, არ მინდა... - იდაყვებზე დაყრდნობილი წამოიწია საწოლში. როგორ აუხსნას, რომ სინამდვილეში არაფერიც არ სჭირს?
- გაგირთულდება, ნინა!
- დე, გთხოვ... ცოტას კიდევ დავიძინებ და ხვალ უკვე კარგად ვიქნები. ნუ ნერვიულობ.
- უკვე თერთმეტი საათია! არ გშია მაინც?
- არა, მართლა არ მინდა არაფერი... - ჩაეხუტა და ლოყაზე აკოცა, შემდეგ კი თვალები ისე მოისრისა, თითქოს მართლა ეძინებოდა.
ანიკაც, რისი ფსიქოლოგი იყო, რომ დაეჯერებინა მისი ტყუილები, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ქეითმა დაურეკა, ნინა ადრე წამოვიდა, მობილურზეც ვერაფრით ვუკავშირდები და ვნერვიულობ, ხომ კარგად არისო. აქამდეც ეჭვობდა, მისი გოგონას გონებაგაფანტულობა გადაღლილობით რომ არ იყო გამოწვეული, ახლა კი უფრო საეჭვო გახდა ეს ყველაფერი... თუმცა, ისიც კარგად იცოდა, რომ ძალდატანებით ვერაფერსაც ვერ გაარკვევდა და აჯობებდა, მარტო დაეტოვებინა. ნინა თავისითვე მოუყვებოდა ყველაფერს, უბრალოდ, ჯერ დრო სჭირდებოდა, თვითონვე რომ გადაეხარშა...
შუბლზე აკოცა და ოთახიდან გასვლის წინ უთხრა, რამე თუ დაგჭირდება, ნუ ადგები, დამიძახე და მოგიტანო, შემდეგ კი, კარი გაიხურა თუ არა, ნინა მაშინვე მობილურს ეცა. თექვსმეტი გამოტოვებული ზარი ქეითისგან, ოცი დედასგან, სამი სანდროსგან და ერთიც ნიკასგან. ჰმ, პირველივე ცდაზე დანებებულა, საზიზღარი!
მოულოდნელობია და შიშისგან ადგილზე შეხტა, აივნის კარზე ფხაჭუნი რომ გაიგონა. იგრძნო, თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე როგორ დაუარა სიცივემ და გულიც საშინლად აუჩქარდა. მაშინვე გადასწვდა ტუმბოზე დადებულ ღამის სანათს და ოთახი შეძლებისდაგვარად გაანათა, თუმცა ფხაჭუნი ისევ განმეორდა და ამჯერად პირზე აიფარა ხელი, რომ არ ეკივლა.
ქარიც არ იყო, მის აივანთან საკმაოდ ახლოს მდგარი ხის ტოტებისთვის რომ დაებრალებინა ხმაური და კიდევ ერთხელ, ამჯერად კარის სახელური რომ გახმაურდა და ამავდროულად, მისი მობილურიც ნიკას წყალობით ამღერდა, შიშისგან ყველანაირი საღი აზრი უკუაგდო და საპასუხოდ სენსორს ხელი გადაუსვა...
- ნინა, კარი გამიღე, გავიყინე!
ნათია ჯაგოდნიშვილი