საწოლიდან მუხლებაკანკალებული წამოდგა და სანამ აივნამდე მიაღწევდა, თავში მილიონი აზრის გავლება მოასწრო. როგორ გაბედა და აივანზე ამოძვრა? საერთოდ რა ჯანდაბა უნდა! კიდევ კარგი, ანიკამ ლიზიკოზე ორსულობის დროს მოახსნევინა სანდროს სათვალთვალო კამერები, თორემ აქამდე ცოცხალიც აღარ იქნებოდა უკვე... ფრთხილად გადაატრიალა გასაღები საკეტში და კარი ისე გააღო, მხოლოდ ცხვირი რომ გაეყო გარეთ, მაგრამ ნიკამ მაინც მოასწრო ხელით დაჭერა.
- ნინა, გთხოვ...
- გაგიჟდი? - თვალები დაუბრიალა და მზერა კიდევ უფრო გაუმკაცრდა, ალკოჰოლის სუნი რომ ეცა. - მთვრალი ხარ?
- სულ, სულ ცოტა... - ცერა და საჩვენებელი თითები სასაცილოდ მიიტანა ერთმანეთთან „ცოტას“ საჩვენებლად და თვალებიც მოჭუტა, ნინას კი სახეზე ნაკვთიც არ შერხევია.
- რა გინდა?
- შემომიშვი რა, გავიყინე.
- რა გინდა? - გაუმეორა კიდევ ერთხელ და ნიკამ მისკენ რომ გადმოდგა ნაბიჯი, უკან გახტა, თუმცა მალევე გაიაზრა, რასაც აკეთებდა და ახლა კარს მიაწვა, რომ არ შემოეშვა, მიუხედავად იმისა, რომ მისი წინააღმდეგობა საშინლად სუსტი იყო.
- კარგი რა, გთხოვ.
- ნიკა, მთვრალი აპირებ შუაღამისას საძინებელში შემომივარდე?
- შენს თავს გეფიცები, მხოლოდ შენი ნახვა მინდა.
- ჰოდა, ხომ მნახე, წადი ახლა! - კიდევ ერთხელ დააკვესა თვალები, თუმცა მეტრეველის თითების შეხება რომ იგრძნო საკუთარ ხელზე, ერთიანად გააკანკალა. დილანდელის შემდეგ ფსიქოლოგიურად ისედაც გაუწონასწორებელი იყო და ახლაც, მაშინვე ტუჩები დაებრიცა სატირლად. ბიჭმაც ისარგებლა მომენტით, მარტივად შეაღო კარი და შემდეგ მაშინვე მიხურა, ისევ უკან არ გამაგდოსო.
სიტყვის უთქმელად მოშორდა ნინა და პირზე აიფარა ხელი, ისევ ხმამაღალი ტირილი რომ არ ავარდნოდა. კარგად ამჩნევს, სერიოზულ სტრესში რომ აგდებს ეს ყველაფერი და ასე თუ გააგრძელა, კარგი დღე არ დაადგება, მაგრამ წინააღმდეგობის გაწევაც რომ არ შეუძლია? შეეძლო მხოლოდ ერთი დაეყვირა და ნიკოლოზ მეტრეველის აჩრდილიც კი ვეღარ მიუახლოვდებოდა ვეღარასდროს, მაგრამ არ უნდა...
- რატომ გამექეცი დღეს? - ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ოთახში ექოდ გაისმა ეს დაბალი ბარიტონით ნათქვამი სიტყვები და შემდეგ მთელ ტანზე შემოეხვია. ფეხის ნაბიჯების ხმაც გაიგონა, რომ უახლოვდებოდნენ, თუმცა მაინც ვერ შეძლო ადგილიდან განძრევა.
- არ მინდა შენთან საუბარი... - ძლივს ამოილუღლუღა და ცრემლების კიდევ ერთი ნაკადი გადმოსცვივდა თვალებიდან, კისერში ცხელი სუნთქვა რომ იგრძნო, მუცელზე კი ნაცნობი, ძლიერი ხელი.
- რამდენჯერ გთხოვო, ჩემნაირი ნაბიჭვრების გამო ნუ ტირი-მეთქი? - უთხრა, ვითომც არაფერიაო და მხარზე აკოცა.
- რატომ მოხვედი? - გაპარული ხმით დაიჩურჩულა და წინააღმდეგობა ვერც კი გაუწია, ბიჭმა თავისკენ რომ შეატრიალა.
- როგორ ვერ ვიტან შენს ცრემლებს... - ეჩურჩულებოდა გაბრაზებული, თუმცა მაინც მზრუნველი ხმით და სახეზე ხელებს უსვამდა, ბოლოს კი თვალებზე აკოცა და ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც ნინა ალკოჰოლის სუნს არ შეუწუხებია.
- ნუ მექცე... - სიტყვა გაუწყდა, ტუჩებზე ნიკას ტუჩების შეხება რომ იგრძნო, თუმცა ბიჭს არ უკოცნია. მხოლოდ ეხებოდა, თვალები მიეხუჭა, მძიმედ სუნთქავდა და არაფერს აკეთებდა. სულ ოდნავ მოუჭირა წელზე ხელი და პიჟამის მაისური შემთხვევით რომ აეწია და შიშველ კანს შეახო თითები, ცოტაღა დააკლდა ჭკუიდან გადასვლას...
ვეღარაფრით მოახერხა მეტის მოთმენა, ვერ შეძლო და ისე სწრაფად და ძლიერად აკოცა, თითქოს გოგონას ტუჩები მისი გადარჩენის ერთადერთი გზაღა ყოფილიყო. ნინასაც აღარ შეეძლო მეტი და სწრაფადვე შემოხვია კისერზე ორივე ხელი. ხვდებოდა, რომ რასაც აკეთებდა და მით უმეტეს, სადაც აკეთებდა, საშინლად არასწორი იყო, მაგრამ თავს ვერაფერს უხერხებდა. და ვერც ნიკას თითებს, ასე უსირცხვილოდ რომ დასეირნობდნენ მის წელზე...
- საშინლად გიხდება კაბები, მაგრამ აშკარად ასე უკეთესია... - ამოთქვა ნაწყვეტ-ნაწყვეტ, კოცნაში გართულმა და მის ნებას აყოლილმა ნინამ ვერც შენიშნა, სრულიად მოულოდნელად როგორ გაიშხლართა საწოლზე.
მაშინვე დააჭყიტა მინაბული თვალები და ზემოდან მოქცეულ ბიჭს ააშტერდა, რომელმაც ერთი ამოიხვნეშა და აშკარად საშინლად უკმაყოფილომ ჩარგო თავი ნინას სახის გვერდით, აბურდულ საბანში. გოგონა კი გაუნძრევლად იწვა და სუნთქვასაც ერიდებოდა, ზედმეტად რომ არ შეხებოდა. თითქოს საუკუნე გავიდა, სანამ ნიკა მოშორდებოდა, მაგრამ მისი სხეულის სიმძიმე სინამდვილეში სულაც არ აწუხებდა და არც თვითონ მოუშორებია ხელები მეტრეველის მხრებიდან.
- მაპატიე, ზედმეტი მომივიდა... - ამოიბურდღუნა და ისე წამოჯდა, რომ ზურგით ნინასკენ ყოფილიყო, გოგონას კი საკმაო დრო დასჭირდა ბოლომდე გონზე მოსასვლელად.
- წარმოგიდგენია მაინც, რა მოხდება, ოთახში ვინმე რომ შემოვიდეს? - დაუსვა სრულიად მოულოდნელი შეკითხვა და ბიჭმაც წარბებაწეულმა გახედა, მისი სერიოზული სახის დანახვისას კი ცალყბად ჩაეღიმა.
- ანუ უკვე მხოლოდ ეს გაწუხებს?
- ნუ აბრუნებ ყველაფერს ისე, როგორც გაწყობს! - თვალები აატრიალა, საწოლს მოუარა და წინ დაუდგა დოინჯით. - რატომ მოხვედი?
- ხომ გითხარი, შენი ნახვა მინდოდა. - მხრები აიჩეჩა და საწყალი ლეკვის თვალებით ახედა.
- შენს შეყვარებულსაც ასე უვარდები საძინებელში? - მაინც ვერ შეიკავა თავი, რომ არ „წაეკბინა“ და მეტრეველს კიდევ ერთხელ ჩაეცინა მის საქციელზე.
- ეჰ, სადღა მყავს შეყვარებული... - წარმოთქვა „დადარდიანებულმა“ და ქვედა ტუჩზე იკბინა, ნინას სახის დანახვისას ხმამაღლა რომ არ ახარხარებულიყო. გოგონას ისე გაუფართოვდა თვალები და იმხელა კითხვის ნიშნები აუციმციმდა, ვერაფრით მოახერხა დამალვა. პირიც რამდენჯერმე გააღო და სათქმელი რომ არაფერი ჰქონდა, ისევ დახურა. საოცრად სასაცილო რეაქცია ჰქონდა, თუმცა ნიკოლოზი ვაჟკაცურად ითმენდა ამ ყველაფერს ისე, რომ არც კი გაღიმებია.
- მატყუებ? - ამოთქვა ბოლოს დაეჭვებული ხმით.
- ხომ იცი, ბავშვები და მთვრალები არ იტყუებიან! - თვალი ჩაუკრა, ხელებზე დაქაჩა, თავისკენ რომ მიეწია, შემდეგ კი წელზე შემოეხვია და თავით მუცელზე მიეყრდნო.
დიდხანს იდგა ნინა გაშეშებული. ვერაფრით იაზრებდა და იჯერებდა მოსმენილს; ვერც იმას, ახლა საკუთარ სახლსა და საკუთარ საძინებელში ბიჭთან ერთად რომ იყო შუაღამისას და თან იმ ბიჭთან, რომელიც უკვე თავისუფალი გახლდათ. ეს რომ სულ რაღაც ერთი კვირის წინ მოეყოლა ვინმეს, გაბრაზებისგან თვალები აუელვარდებოდა და შესაძლოა, სილაც გაეწნა, თუმცა ახლა არც დაკვირვებია, ისევე აჰყვა სურვილს და თითები ნიკას თმებში ახლართა. მეტრეველი კი წელზე ისე უჭერდა ხელებს, ისე დაასრიალებდა თითებს მისი პიჟამის შიგნით, თითქოს არასდროს გაუშვებდა და სამუდამოდ შეეძლოთ ასე დარჩენა, გაუნძრევლად...
- ტაქსით მოხვედი? - დაიჩურჩულა უცბად და მისი სიტყვების გაგონებისას, ნიკამ იგრძნო, როგორ დაუარა სხეულში სითბომ. სითბომ, რომელიც ნინასგან მოდიოდა. მის მზრუნველობას ჭკუიდან გადაჰყავდა. როგორ შეუძლია იყოს ასეთი კარგი?
- კი, ოღონდ სასმლის გამო არა.
- აბა?
- შენ მე მართლა სულელი გგონივარ? - ჩაეცინა. - მამაშენის ადგილას, მე ძალიან საეჭვოდ მომეჩვენებოდა უცხო მანქანის დანახვა ჩემი სახლის წინ, მით უმეტეს, თუ ეს მანქანა უკვე შემჩნეული მექნებოდა სკოლის ავტოსადგომზე.
- ჭკვიანი ბიჭი ხარ! - გაუღიმა და სახეზე მოუსვა ხელები. შუბლზე ჩამოყრილი თმა უკან გადაუწია და ცერებით ლოყებზე რომ მოეფერა, ბიჭს თვალები მიეხუჭა. სულ ოდნავ ეღიმებოდა სიამოვნებისგან და ცდილობდა, არც კი განძრეულიყო ზედმეტად, ხელი არ შეეშალა, თუმცა ნინას თითები ლოყებიდან ნიკაპისკენ რომ მისრიალებდნენ, „სრულიად შემთხვევით“ შეეხნენ ტუჩის კუთხეებში და... მეტს ვეღარ გაუძლო.
თავისივე ხელით დაუჭირა თხელი თითები და ყველა სათითაოდ დაუკოცნა, შემდეგ კი, ფეხზე რომ წამოდგა, დააფიქსირა, როგორ შეეცვალა ნინას მზერა.
- უნდა წახვიდე? - ჰკითხა ხმაჩამწყდარმა, ბიჭმა კი ღიმილით გაიქნია თავი და ორივე მკლავი მხრებზე შემოხვია. ხვდებოდა, როგორი რომანტიკოსი იდიოტივით იქცეოდა, ზუსტად ისე, როგორებზეც ადრე იცინოდა, ახლა კი თვითონ გახდა.
- რატომ არ მაცადე სიმღერის დასრულება? - ჰკითხა დაბალი ხმით და მის კისერში ცხვირჩარგულს, თმაზე ნაზად აკოცა.
- მშვენივრად ვიცი ტექსტი და იმიტომ... - ჩაიბურდღუნა თავისთვის, ისე, რომ ლაპარაკისას ტუჩებით ნიკას კისერს ეხებოდა.
- გადაკეთებას ვაპირებდი... - ჩაიფხუკუნა და მუცელზე ჩქმეტა რომ იგრძნო, კიდევ უფრო გაუფართოვდა ღიმილი.
- არ ვიცოდი, თუ მღეროდი...
- შენ ძალიან, ძალიან ბევრი რამ არ იცი ჩემზე.
- მომიყევი.
- გაცივდები!
- რა? - ვერ მიუხვდა და თავი წამოსწია, რომ შეეხედა, თუმცა ბიჭი ისევ ისე თბილად უღიმოდა.
- პიჟამა გაცვია, გაცივდები. დაწექი.
- ამმ, კარგი... ისე, ხომ არ გშია? - ჰკითხა, საკუთარმა მუცელმა რომ შეახსენა თავი და ნიკამ სიცილით ასწია თავი და ხელები მაღლა, მადლიერი ჟესტით.
- როგორც იქნა! მეგონა, საერთოდ დაგავიწყდა მასპინძლობა! - თვალები აატრიალა, ნინამ კი მის რეპლიკაზე ტუჩები დაბრიცა და ცხვირი შეჭმუხნა.
- რა კარგად ხუმრობ! დამელოდე და ამოვიტან რამეს.
- კიდევ კარგი, გამაფრთხილე, სახლში ვაპირებდი სეირნობას. - ჩაიფხუკუნა კიდევ ერთხელ, თუმცა გოგონამ რომ თვალები დაუბრიალა, ხელები აღმართა, ვჩერდებიო და ღიმილით ჩამოჯდა საწოლის კუთხეში. თავს საშინლად უცნაურად გრძნობდა, თუმცა ეს ყველაფერი ძალიან მოსწონდა...
* * *
ანიკა ყველაფერს რომ მორჩა და გონებაგათიშული ავიდა საძინებელში, საწოლი ცალ მხარეს უკვე ამობურცული იყო და კარგად ნაცნობი ზურგი გაბუტული უმზერდა. საშინლად მოქმედებდა ეს ყველაფერი. იმდენად საშინლად, რომ როცა სანდრო და ბავშვები ვერ ხედავდნენ, ცრემლებსაც აღვარღვარებდა პატარა გოგოსავით. თუ ყელში გაჩხერილი ბურთი უკან არაფრის დიდებით არ ჩადიოდა, შეიკეტებოდა ხოლმე საპირფარეშოში და იქ ტიროდა. კი ხშირად ჩხუბობდნენ ხოლმე, მაგრამ პატარა წაკამათებები უფრო იყო, დღის ბოლოს რომ არც ერთს ახსოვდა, საერთოდ რით დაიწყო ყველაფერი. ეს კი ყველაზე ხანგრძლივი გამოდგა. უკვე მეორე დღე მიიწურა, რაც ერთმანეთთან ზურგშექცევით იძინებდნენ. ვერ იტანდა ასეთ სანდროს და სძულდა საკუთარი თავი, ასე რომ სტკიოდა. რატომ მოიქცა სულელურად? რატომ დაუმალა? თავიდანვე რომ ეთქვა, ახლა ხომ ყველაფერი სულ სხვანაირად იქნებოდა. მაგრამ არა, ვერაფრით მოიშალა ეს სიჯიუტე და მიიღო კიდეც პასუხი! სანდრომ ცამეტი წლის წინანდელი ამბავიც კი გაუხსენა, რომელზეც ჯერ ორსულობისა და შემდეგ მშობიარობის გამო ვერაფერი უთხრა თავის დროზე. და მერე ანიკასაც როგორ ეტკინა? მართალი იყო და იმიტომ. სულელური ეჭვიანობის გამო მაშინ საკუთარი თავიც და ბავშვიც საფრთხეში ჩააგდო, ახლა კი იმის გამო გაბრაზდა, სანდრომ საფუძვლიანად რომ იეჭვიანა. სულელი, სულელი ანიკა!
ხალათი სავარძელზე მიჰკიდა და გაყინული ფეხები საწოლში ისე შეაწყო, სანდროს რომ არ შეხებოდა. ისე აწვებოდა ყელში ცრემლები, სულ ცოტაც და ხმამაღლა აღრიალდებოდა, მაგრამ მის გვერდით მისსავე ქმარი რომ შეირხა და მიხვდა, ჯერ კიდევ ეღვიძა, უბრალოდ მის არსებობას არ იმჩნევდა, მეტი ვეღარ მოითმინა. ცხელმა, მლაშე სითხემ დაუსველა ლოყები. ჭერზე ერთ წერტილს გაუშტერა მზერა და ყბებიც კი ეტკინა, იმდენად მაგრად აჭერდა ერთმანეთს, თუმცა არაფერმა გაჭრა და რომ ამოისლუკუნა, სანდრო კიდევ ერთხელ შეირხა, შემდეგ კი, საერთოდ წამოჯდა და ისევ ზურგშექცევით მყოფმა, ძალიან ბევრი წლის განმავლობაში პირველად, ოთახში გააბოლა სიგარეტი.
- ნუ ტირი. - ბრძანებასავით გამოუვიდა, ისეთი გაბრაზებული და გაღიზიანებული ხმა ჰქონდა, ანიკას კი უფრო ამოუჯდა გული და სახეზე აიფარა ხელები, რომ როგორმე დაწყნარებულიყო, თუმცა არ გამოუვიდა. - ანიკა! - კიდევ ერთხელ დაიგრგვინა, სიგარეტი ტუმბოზე შემომდგარ საფერფლეში ჩაკუჭა და ფეხზე წამოდგა.
ვერ იტანდა ანიკას ცრემლებს, განსაკუთრებით კი, თუ მისი მიზეზით იყო გამოწვეული. სძულდა და ჭკუიდან გადაჰყავდა. სრულიად კარგავდა თავზე კონტროლს და შეეძლო ყველა გამომწვევი მიზეზი აღეგავა პირისაგან მიწისა, მაგრამ ამჯერად, ეს რომ გაეკეთებინა, თავის მოკვლა მოუწევდა. როგორ დაემშვიდებინა? ამჯერადაც როგორ გადაებიჯებინა საკუთარ თავზე და ბოდიში მოეხადა მაშინ, როდესაც სინამდვილეში სულაც არ იყო დამნაშავე.
გაბრაზებულმა შემოუარა საწოლს და ანიკას მხარეს ჩამოჯდა, რომელიც კბილებს გამწარებული აჭერდა ქვედა ტუჩს და თვალებს მაგრად ხუჭავდა ცრემლების შესაჩერებლად, ისინი კი მაინც არ ჩერდებოდნენ.
- ანიკა... - შეურბილდა ხმა და მარცხენა ხელის ცერით ტუჩი გაათავისუფლებინა, მარჯვენით კი ცრემლები მოსწმინდა. - ხომ იცი, როგორ მძულს შენი ცრემლები? - ჩურჩულზე გადავიდა და სრულიად დაუგეგმავად, შუბლზეც მიეწება.
- მაპატიე... - ამოისლუკუნა გულამომჯდარმა და სანდრომაც შეატყო, როგორი სისუსტის მომენტი ჰქონდა მის ცოლს. მხოლოდ წლების წინ, ჯერ კიდევ მშობლების სახლში ნახა ანიკა ასეთი გატეხილი. გასამგზავრებელი ბარგი რომ უკვე ჩალაგებული ჰქონდა, აი, მაშინ.
- ნუ ტირი... - კიდევ ერთხელ აკოცა და ძლიერად ჩაიკრა გულში. ანიკამაც ხელები შემოხვია და ფისოსავით გაიტრუნა, მიუხედავად იმისა, რომ ცრემლები ისევ სდიოდა.
- ვიცი, რომ არასწორად მოვიქეცი, ძალიან, ძალიან ცუდად და ისიც ვიცი, რომ სამართლიანად გაბრაზდი, მაგრამ გეფიცები, ჩვე...
- გაჩუმდი! - გააწყვეტინა და მზერით ანიშნა, არ გინდაო, შემდეგ კი სახეზე ჩამოყრილი, ცრემლებით დასველებული თმა უკან გადაუწია და ისე ჩახედა თვალებში. - შეურაცხყოფას მაყენებ, მაგის თქმას რომ ცდილობ. შენ ჩემი ცოლი ხარ, ჩემი ქალი, მხოლოდ ჩემი და არავისი სხვისი. ეს ჩემზე უკეთ არავინ იცის. ასე რომ, უბრალოდ გაჩუმდი და მაკოცე. - ბოლოს მაინც გაეპარა ტუჩის კუთხეებში ღიმილი და ამქვეყნად ყველაზე გემრიელი ტუჩების შეხება რომ იგრძნო, შვებით ამოისუნთქა. ეს იყო ის, რაც აცოცხლებდა...
* * *
- რამდენს ჭამ, ნინა, ასეც არ შეიძლება! - გაეცინა მეტრეველს, გოგონას მუცელზე დადებულ თეფშს რომ გახედა. ფრის ნახევარი ისევ ადგილზე იყო, მაშინ, როცა თვითონ უკვე ბოლომდე შესანსლა.
- მე მალაპარაკე და მომაყოლე ამდენი და როდის მეჭამა? - გაიკვირვა გულწრფელად და თვალები სასაცილოდ დააფახულა. - ახლა შენი ჯერია!
- რა გაინტერესებს?
- ყველაფერი... - აიჩეჩა მხრები და ფრის კიდევ ერთი ღერი გაიქანა პირში. საწოლზე იყვნენ გაშხლართულები, ნინა - საბნის შიგნით, ნიკა - ზემოდან, თუმცა ორივე ერთ პლედში გახვეული და ათას სისულელეზე ლაპარაკობდნენ. გოგონამ თითქმის მთელი თავისი ბავშვობის შესახებ მოუყვა, თუმცა საპასუხოდ ვერაფერი დააცდენინა.
- მყავს დედა, მამა და უფროსი და. ჩემი და გათხოვილია. მეც ცალკე ვცხოვრობ. ასე რომ, ზედმეტად არაჩვეულებრივი ოჯახი გვაქვს. - ჩაეცინა ირონიულად და ნინას თეფშისკენ გააპარა ხელი, თუმცა უჩქმიტეს და უკანვე დააბრუნებინეს.
- სანამ წესიერად არ მომიყვები, არ გაჭმევ. რატომ ცხოვრობ მარტო?
- თვრამეტის რომ გავხდი, ანუ შარშან, ბაბუაჩემმა ბარი მაჩუქა. ბინა მანამდევე ჰქონდა ნაყიდი. ჰოდა, როცა მივხვდი, რომ საკუთარი ფული გამიჩნდებოდა და თავის რჩენას შევძლებდი, ავდექი და ცალკე გადავედი. ასე უფრო კომფორტულია.
- გოგოების ასაყვანად, არა? - წარბაწეულმა გახედა, ნიკამ კი თავი დაუქნია და კიდევ ერთი ჩქმეტა მიიღო საჩუქრად.
- ისე დამალურჯე, აღარავინ გამომყვება... - ჩაილაპარაკა „დანანებით“.
- მეგანზე არ მეტყვი? - წამოიწყო სრულიად მოულოდნელად, სანამ ენაზე კბილის დაჭერას მოასწრებდა.
- რას?
- რატომ დაშორდი.
- თვითონ დამშორდა. - მხრები აიჩეჩა და როგორც იქნა, მოახერხა ფრის მოპარვა. - რომ წახვედი, წამოფრინდა, თუ ამ ბარიდან გახვალ, ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდებაო.
- მერე?
- მერე არაფერი. ვერ ვიტან ბრძანებებს და ულტიმატუმებს, მით უმეტეს, მათგან, ვისთანაც მხოლოდ საწოლი მაკავშირებს.
- ნუ ხარ საზიზღარი!
- არ ვარ. მეგანმა თავიდანვე იცოდა, სერიოზული რომ არაფერი გვექნებოდა. მეც ვიცოდი, თქვენი საფეხბურთო კლუბის კაპიტანთან რომ დადიოდა.
- რა-ა? - გაოგნებული წამოჯდა ნინა და მეტრეველმა ძლივს მოასწრო თეფშის დაჭერა, კარტოფილები კი მშვიდობით რომ დაიგულა, მხოლოდ მას შემდეგ დაუქნია სიცილით თავი.
- ნუ უყურებ ყველაფერს ასე რთულად. რა საჭიროა ამდენი დრამა, უბრალოდ ერთად თავს კარგად ვგრძნობდით და ვერთობოდით, ესაა და ეს!
- დეტალები არ მაინტერესებს! - შეუღრინა გაბრაზებულმა. - და დამიბრუნე ჩემი ფრი!
- აიღე, არ წამირთმევია! - თვალი თვალში გაუყარა და თეფში ძირს ჩადგა, ისე, რომ ნინა თუ მის გამოწვევას მიიღებდა, ზედ მოუწევდა გადაბობღება.
- ვერ გიტან! - შეუღრინა კიდევ ერთხელ და ეცადა, შეუხებლად გადაწეულიყო, მაგრამ არ გამოუვიდა და ნიკას მკლავებში რომ აღმოჩნდა, ბიჭმა სიცილით დაუქნია თავი.
- ვიცი! - შემდეგ კი მშვიდად დაიძრა მისი ტუჩებისკენ და თვალები გაუფართოვდა, სახეზე ხელი რომ ააწებეს.
- ძალიანაც ნუ გაგიტკბა! - გამარჯვებული ხმა ჰქონდა ნინას. - და სხვათა შორის, ჩემი ძილის დროა. ზოგიერთ ჩვენგანს ხვალ სკოლა აქვს!
- დაიძინე მერე, მე გიშლი? - უპასუხა გაბუტულმა და ხელები გულზე გადაიჯვარედინა, გოგონას კი მის ბავშვურ საქციელზე ჩაეცინა, ცოტათი წამოიწია და ლოყაზე სწრაფად აკოცა.
- დილით მამაჩემი შვიდზე დგება და სავარაუდოდ, შემოვა, რომ დამხედოს. ჰოდა, გაითვალისწინე. - თვალი ჩაუკრა, შემდეგ კი კნუტივით შეუძვრა გადაჭდობილ ხელებში და მის მკერდზე კომფორტულად მოკალათდა.
- ამხელა საფრთხეში ვარ და ერთ კოცნასაც არ ვიმსახურებ! - ჩაიბურდღუნა მეტრეველმა, თუმცა გოგონას ჩუმი ხითხითი რომ მოესმა, თვითონაც ჩაეღიმა.
- ბევრს ნუ ლაპარაკობ და მიმღერე, კარგად გამოგდის... - ჩაიბურტყუნა თვალებმიხუჭულმა ნინამ. ისე ძალიან იყო ემოციებით დატვირთული, თავი დადო თუ არა, მაშინვე გაეხვა ძილბურანში.
ბიჭს აღარაფერი უპასუხია, მხოლოდ თმებზე დაუსვა ხელი და შემდეგ დაბალი ხმით დაიწყო ნაცნობი მელოდიის ღიღინი...
„ვიცი, ისევ ვუსწრებ დროს,
მოხვედი, მაგრამ მე ვერ გხედავ,
ამ სიმღერით თუ გაგათბობ,
შენ კი კვლავ დამავიწყებ სევდას,
შენ აქ ხარ, შენ აქ ხარ,
შენ აქ ხარ, ჩემთან.
ეს ხალხი ძველ სიმღერებს მთხოვს,
მე კი მუდამ ვმღერი ახალს,
მე მხოლოდ შენს სიყვარულს ვგრძნობ,
ყველაზე ღვთაებრივს და მართალს...“
თუმცა ბოლო სიტყვები ნინას აღარ გაუგია, რადგან მის მკერდზე თავდადებული და წელზე ხელშემოხვეული მშვიდად გადაეშვა სიზმრების სამყაროში...
ნათია ჯაგოდნიშვილი