ნოველები

წარსულის ანარეკლი. თავი 17

წარსულის ანარეკლი. თავი 17
ნინას ეგონა, ყველაფერი ზღაპარი იყო. ლამაზი სიზმარი, რომელიც თვითონვე გამოიგონა, ქვეცნობიერმა დასცინა და იმიტომ. ისიც ზუსტად იცოდა, თვალების გახელის შემდეგ საწოლში მარტო რომ იქნებოდა, მაგრამ ასეც უნდა ყოფილიყო. თვითონვე არ გააფრთხილა ნიკა? იმიტომაც წავიდოდა და არა იმიტომ, რომ არარეალური იყო. უბრალოდ შეუძლებელია, იმენად ცხადად ახსოვს მისი სურნელი, ალკოჰოლისა და სიგარეტის სუნის მიუხედავად. იმდენად რეალურია გასული ღამის ყოველი მოგონება, თვალწინ უცოცხლდება და თითქოს, შეუძლია კიდეც რომ შეეხოს.

თუმცა მაინც, გაღვიძებიდან რამდენიმე წუთში გაახილა ჯერ ცალი თვალი,
ოთახში მიმოიხედა და არავინ რომ არ დახვდა, მხოლოდ შემდეგ მიაყოლა მეორეც. ცოტა არ იყოს, გულდაწყვეტილი წამოჯდა საწოლში, მაგრამ იმასაც კარგად იაზრებდა, სხვანაირად რომ მომხდარიყო, ეს დილა ასე მშვიდად ვერ გათენდებოდა...
მობილურს დახედა, საათი რომ შეემოწმებინა და... გაშრა. პირველი საერთო ფოტო. მტკიცებულება, წინა ღამის რეალურობისა. როგორც ჩანს, ნიკას გადაეღო ჩაძინებულ ნინასთან ერთად და ეკრანზეც გამოეჭენებინა. ისეთი სასაცილო სახე ჰქონდა. რაღაცნაირად, თვითკმაყოფილი ღიმილი, წარბები აწეული, ნინას კი მის მკერდზე ედო თავი და თმა წყალმცენარეებს მიუგავდა. გაეცინა და დიდი სურვილის მიუხედავად, მაინც გააქრო ეკრანიდან. სულაც არ სჭირდებოდა ნაადრევი პრობლემები. სანდროს რომ ეს ფოტო ენახა... ღმერთო, წარმოდგენისასაც კი გააცია.

ისე კუნტრუშით მოემზადა, ვერც იფიქრებდით სკოლაში თუ მიეჩქარებოდა. ნეტავ, დღეს მოვა? მაგრამ მეგანს ხომ დაშორდა... უფრო სწორად, მეგანი დაშორდა... ნუ, რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია ერთად აღარ არიან. იქნებ, ნინას მოაკითხოს? გაკვეთილების შემდეგ გარეთ რომ გავა და მანქანაზე მიყუდებული დაინახოს, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, მისი დანახვისას ღიმილით ოდნავ რომ აეწევა ტუჩის კუთხეები და მიახლოებულს, ხელს გაუწვდის.
-მამა, ძილში გაიპარე?-დაკაკუნების შემდეგ ფრთხილად შეაღო კარი სანდრომ და ნინას თავის გარშემო მოჟღურტულე ჩიტუნები და კუპიდონიც მაშინვე დააფრთხო. გოგონამ ისეთი სახე მიიღო, თითქოს ვინმეს შეეძლო მისი ფიქრების გაგება.-კიდევ ცუდად ხარ?
-ამმ, არა... გამიარა. ერთდღიანი ვირუსი იყო, ალბათ. დედა როგორაა?
-დედა?-წარბები ასწია კაცმა. გამორიცხულია, ანიკას მათი ჩხუბი ბავშვებთან განეხილა.
-ჰო, დედასაც ვირუსი ჰქონდა, მგონი, მისგან გადამედო.
-იმედი მაქვს, შენ სხვა ვირუსი გქონდა, ნინა,-სწრაფად გაუმკაცრდა სანდროს ხმა, ისე, რომ გოგონა მიზეზს ვერც კი მიხვდა, მხრები აიჩეჩა, შეიძლებაო და შემდეგ ჩანთას დაავლო ხელი.
-მე უკვე მზად ვარ, გამიყვან?
-თქვენი პირადი მძღოლი როგორ დაგაღალეტებთ, მემ!-გაუცინა უმცროს ჯაფარიძეს და თმები აუჩეჩა, თუმცა, მის გონებაში მაინც მოუსვენრად შეიჭრა ის აზრი, რომ ნინას „დედასგან გადაედო ვირუსი“...


* * *
-ქეით, ნუ ბავშვობ, დაჯექი!-უკვე თხუთმეტი წუთია უშედეგოდ მიჰყვებოდა ჰარი მანქანით, გოგონა კი გვერდითაც არ იყურებოდა ისეთი გაბრაზებული იყო.-გთხოვ, რა გჭირს?
-გაიარე!
-ქეით!
-ჩემს სახელს ნუ ახსენებ!-გახედა და თვალებიდან თითქოს ნაპერწკლები გაყარა.
-კარგი რა, რატომ აღიქვამ ასე მძაფრად...
-ჰაროლდ ედვარდ სმიტ, მოკრძალებით მოვითხოვ აორთქლდეთ ჯერ აქედან და შემდეგ ჩემი ცხოვრებიდან!
-რაღაც სულელური რბოლების გამო მშორდები?
-შენ მართლა დებილი ხარ თუ „ამ სულელური რბოლების“ დროს უკვე მოასწარი ავარიაში მოყოლა და თავის დაზიანება? გუშინ არ გითხარი რის გამოც გშორდები?
-არა, გუშინ მხოლოდ ის მითხარი რომ დეგენერატი, თავზეხელაღებული იდიოტი ვარ, არ ვფიქრობ რამე რომ მომივიდეს შენ რა მოგივა და გავეთრიო, შემდეგ კი დაამატე რომ ჩემს სახლში იყავი და შენ თვითონ წახვიდოდი.-მხრები აიჩეჩა, ვითომც არაფერიაო. მაქსიმალურად ცდილობდა, ქეითისთვის ხასიათი გამოესწორებინა და მზად იყო, მისი ნებისმიერი კაპრიზი აეტანა. ვერ გაუძლებდა ასეთ ურთიერთობას. სწორედ ამიტომაც უთხრა.

იცოდა, ნინა დიდხანს არ დამალავდა. ჭორიკანა არ იყო, მაგრამ ასეთ ამბავს არ შეარჩენდა, განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ იცოდა, უკანონო და რაც მთავარია, სიცოცხლისთვის სახიფათო იყო. არც საკუთარი მეგობრის მოტყუებას აპატიებდა და სანამ სიტუაცია კიდევ უფრო გართულდებოდა, არჩია, თვითონვე ეთქვა სიმართლე. ვერც კი წარმოიდგენდა, ქეითს ასეთი რეაქცია თუ ექნებოდა. სილაც კი გააწნა, ჰარიმ რომ უთხრა, დიდი რამე, მაქსიმუმ ავარიაში მოვყვეო. ცდილობდა ეხუმრა, ყველაზე რთული შემთხვევაც კი სასაცილოდ ეთარგმნა, მაგრამ არ გამოსდიოდა.
-ჰარი, მართლა ძალიან გაბრაზებული ვარ და ტყუილად მომყვები, არ ჩავჯდები!
-სკოლის ავტობუსი უკვე წავიდა.
-არ მაინტერესებს!
-პიცას გიყიდი...-შეაპარა, მაგრამ...
-შენ მე ვინ გგონივარ?-ისეთი ხმით იფეთქა გოგონამ, გამვლელები იფიქრებდნენ, რომ სულ სხვა რამეს სთავაზობდა.
-გთხოვ, სცენებს ნუ დგამ...
-ეგ კი არა, ის მთხოვე, პოლიცია რომ არ დაგაყენოთ დღეს საღამოს!
-ქეით, გეყოფა უკვე, აღარაა სასაცილო!
-მე მანამდეც არ მეცინებოდა!-მხრები აიჩეჩა, შემდეგ კი გზაზე ისე გადაუხტა, ჰარიმ ძლივს მოასწრო დამუხრუჭება და სანამ კარს გააღებდა, გოგონა არსაიდან გამოჩენილ ტაქსიში ჯდებოდა... ესეც ასე, ყველაფერი, გარკვევის ნაცვლად, უფრო აირია!


* * *
მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს. რომანტიკულ იდიოტს ემსგავსებოდა, მაგრამ ამაზე მეტად ის აღელვებდა, ძალიან რომ შეტოპა. ხვდებოდა, ნინას თვალებში ხედავდა და აცნობიერებდა, რომ ახლა წასვლა ყველაზე ნაბიჭვრული საქციელი იქნებოდა, რაც კი ოდესმე გაეკეთებინა. იმაზე უფრო მეტად არაკაცური, ვიდრე იმ გოგოს ცხოვრებაში გამოჩენა, ვისაც არ იმსახურებდა. განა ვერ ხვდებოდა, ძალიანაც კარგად იცოდა, მაგრამ ისეც რომ არ შეეძლო? მის გარეშეც რომ ვერ ძლებდა? წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რა გაუკეთა ასეთი ამ თექვსმეტი წლის ბავშვმა, მაგრამ ფაქტი იყო, ვერაფრით შორდებოდა. შეუძლებელია შეყვარებოდა. შეუძლებელია ნიკას ვინმე შეყვარებოდა, მაგრამ... მაგრამ წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა ემართებოდა და ცოტა არ იყოს, აშინებდა კიდეც ეს აქამდე გამოუცდელი მიზიდულობა...
დიდხანს იფიქრა, ბევრი იმსჯელა, აწონა, დაწონა და მაინც ვერ გადაწონა საღმა აზრმა. ნინას სახეს რომ წარმოიდგენდა, სახეზე კმაყოფილი ღიმილი ეკვრებოდა და როგორი დროებითიც არ უნდა ყოფილიყო ეს ყველაფერი, მაინც არ შეეძლო უარის თქმა. სწორედ ამ გადაწყვეტილებით შეუხვია უკვე კარგად ნაცნობ გზაზე, მაგრამ ამჯერად, მეგანის სანახავად აღარ მიდიოდა...

ყოველთვის ებანალურებოდა მსგავსი რაღაცები. მოულოდნელი თავზე დადგომები, ბუშტები, ყვავილები, მიყვარხარ-გიყვარვარ, უშენოდ ვერ გავძლებ და ათასი იდიოტობა, მაგრამ ახლა ისე მოუნდა, სკოლიდან გამოსული ნინა მისკენ წასულიყო და ყველას ენახა, ეს გოგო ვისაც ეკუთვნოდა, სურვილმა სძლია და ისე გააჩერა თეთრი „ლექსუსი“ ავტოსადგომზე, ოდნავადაც არ შეუწუხებია სინდისის ქენჯნას. სინდისის ქენჯნას იმის გამო, რომ ისეთი ბიჭი, როგორიც თვითონ იყო, ნინას ცხოვრებას გაუფუჭებდა, თვითონ ამ გოგოს გააფუჭებდა და იმდენს ვერ მისცემდა, რისი მიღებაც მისგან შეეძლო...
დიდხანს არ მჯდარა გაჩერებულ მანქანაში. ზუსტად იცოდა, რომელზე მთავრდებოდა გაკვეთილები და შესაბამისად, დროულად გადმოვიდა, ნინა კი, რატომღაც, აგვიანებდა. ჰმ, რა თქმა უნდა! მგონი, რაც კი არსებობს, ყველა ღონისძიებაშია ჩართული. ნეტავ, არ ეზარება მაინც? კბილებს შორის მოქცეულ სიგარეტს მშვიდად მოუკიდა, „ლექსუსს“ ცალი მხრით მიეყრდნო და ის იყო კმაყოფილს უნდა ჩაღიმებოდა ნინას დანახვისას, რომ... დაინახა ის, რაც არ უნდა დაენახა...


* * *
-ღმერთო ჩემო, მითხარი, რომ არ მეჩვენები!-წამოიკივლა ნინამ და ისეთი ბედნიერი სახით მიაფრინდა ციდან ჩამოვარდნილ ბიჭს, ცოტა არ იყოს, შეარყია კიდეც.
-მაქვს პატივი მთელი ჩემი ნატურით წარვსდგე თქვენ წინაშე, ნინიკო!-გაეცინა და ლოყებზე ნაჩხვლეტები რომ გაუჩნდა, გოგონამ ცერა და საჩვენებელი თითები მოუჭირა და ორივე დაუკოცნა.

-ხომ იცი, რომ მასე ვერ გამაბრაზებ, რეზიკო?-ისეთი ბედნიერი იყო ნათლიის შვილის დანახვით, რეზიმ ჩვეულეი ხერხითაც ვერ შეძლო მის თვალებში ეშმაკების გაჩენა.-რატომ არ მითხარი ჩამოსვლას თუ აპირებდი?
-დედაჩემმა გითხრათ?-გაეცინა და თმა მოუჩეჩა.
-მერე შენ რაღა ელეს დაემსგავსე, დამსგავსებოდი მამაშენს!-გაეკრიჭა ნინა და კიდევ უფრო აეკრო. რეზი მართლა ძმასავით უყვარდა, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთს ხშირად ვერ ხედავდნენ.

-უყურე, რა! გოგო, სულ ორი დღით ვარ ჩამოსული, ნუ იგესლები!
-მოიცა, რატომ ორი დღით?-მაშინვე მოეღუშა სახე და ტუჩები სასაცილოდ აატრიალა.
-ზოგიერთი ჩვენგანი კემბრიჯში რომ სწავლობს, იმიტომ!
-ოჰ, თავში აუვარდა ბიჭს...-თვალები აატრიალა ნინამ და მოულოდნელი შეღიტინებისგან, ხმამაღლა აკისკისდა.
-სულ არ იცი უფროსებთან საუბარი...-უდარდელად უღიტინებდა რეზი, ნინა კი სულს ვეღარ ითქვამდა სიცილით.
-გთხოვ, გეხვეწები, სირცხვილია! მოგკლავ, იცოდე!
-მომავალ იურისტს რანაირად ემუქრები!-თუმცა, მაინც შეეშვა და ახლა ხელი გადახვია.-წავედით ნიუ-იორკული სიგიჟეების ჩასადენად?-შემდეგ კი, ხელში გასაღები, სახეზე კი წარბები აათამაშა.
-ოჰ, მოგისწრია დაქირავება!
-არა ბიჭო და, ორი დღე ტაქსით ვივლიდი!-გაეცინა რეზის, შემდეგ კი, ნინას ზურგზე ანიშნა, შემახტიო და ასე არაორდინალურად მიიყვანა სკოლის ეზოს გასასვლელთან გაჩერებულ მანქანასთან.


* * *
უნდოდა ადგილზევე მოეკლა. სათითაოდ ყველა თითი გადაემტვრია, რომლითაც ნინას შეეხო, შემდეგ კი კისერი ახალდაკლული ქათამივით წაეწყვიტა. ვინ ჯანდაბაა საერთოდ? და ეს გოგო როგორ ახერხებს ყოველ დღე ახალ-ახალი ბიჭების გამოჩენას? იქნებ სულაც არ არის ისეთი, როგორადაც თავს ასაღებს? არა, ნიკოლოზ, ზედმეტი მოგდის! იქნებ საერთოდაც, ნათესავია? ბიძაშვილი! მაგრამ აქამდე ხომ ერთხელ მაინც გამოჩნდებოდა. თან ნინაც როგორ მონატრებულივით შეხვდა? ერთიანად გაუბრწყინდა სახე, სათითაოდ დაუკოცნა ორივე ლოყა, ზურგზეც კი შეახტა ბოლოს! ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა!
სიგარეტი გამწარებულმა მოისროლა და მანქანაში ჩაჯდომისას კარი ისე მიიჯახუნა, ცოტათი შეეცოდა კიდეც. არა, ნინამ რომ არც კი გამოხედა? საერთოდ დაავიწყდა, ალბათ! ისე წაუჭირა ეჭვიანობამ ყელში ხელი, მოუნდა იმ „ტოიოტას“ დასწეოდა, ის ნაძირალა გადმოეთრია და პირდაპირ საქარე მინაზე მიეჭყლიტა, აბეზარი კოღოსავით. როგორ დიდი სიამოვნებით გაასხმევინებდა ტვინს. ძარღვებიც კი დაეჭიმა და კისერი რომ გაიტკაცუნა, ჯერ კიდევ ფიქრობდა ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანაზე, მაგრამ ბოლოს მაინც გადაიფიქრა, ერთი ღრმად ამოიქშინა და მანქანა ადგილს მოსწყვიტა...


* * *
-შენი სახე უნდა გენახა, რომ დამინახე!-გაეცინა რეზის და შოკოლადის ნაცხვარს მოზრდილი ნაწილი ჩამოათალა ჩანგლით.-მეგონა მკვდრეთით აღვდექი!
-რა უნამუსო ხარ, მომენატრე!-თვალები დაუბრიალა ნინამ.
-აბა, დაიწყებ თუ მოვიტანო მტვერსასრუტი?
-რა?-ვერ მიუხვდა რა იგულისხმა.
-სიტყვები რომ ამოგქაჩო!-მხრები აიჩეჩა უსერიოზულესი სახით.
-ასე გაინტერესებს ჩემი სკოლის ამბები?
-ნინა, რატომ ხარ ასეთი მოსაწყენი?
-რა გინდა, რეზი? გირჩევნია შენი კემბრიჯული თავგადასავლების შესახებ მომიყვე, რას შვები, დაიპყარი მარგოს გული?-და ზუსტად წერტილში მოარტყა. იცოდა, რეზი თუ ამ გოგოზე დაიწყებდა, ვეღარაფერი შეძლებდა მის გაჩერებას, მაგრამ მაინც შეძლო...
-ბოდიში, ერთი წუთით, მეგობარი მირეკავს...-მოუბოდიშა მობილური ქეითის ზარმა რომ აუმღერა და სასწრაფოდ უპასუხა. დილით მისი და ჰარის ამბავი რომ გაიგო, თავი საშინლად დამნაშავედ იგრძნო, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, ჯობდა ეჩხუბათ, მაგრამ მათ ურთიერთობაში ტყუილები არ ყოფილიყო...
-ნინ, ადრე რომ მითხარი, ძალიან მიყვარხარ და ყველაფერში გქონდეს ჩემი იმედიო, გახსოვს?-ყოველგვარი შესავლის გარეშე დაიწყო გოგონამ.
-რა ხდება? რა უნდა გააფუჭო?
-დღეს საღამოს რბოლაზე უნდა წამომყვე!
-ოჰ, მოგისწრიათ შერიგება!-გაეცინა და ყავა მოსვა.
-არა, რა შერიგება! ნიკას ძმაკაცს უნდა შევხვდე.
-ჯეიმის?-ზომაზე მეტად ხმამაღლა მოუვიდა და რეზიმ თვალებით რომ ჰკითხა, რა ხდებაო, თავი გაიქნია დასამშვიდებლად.-გაგიჟდი?
-არა. ბოლო ერთი კვირაა გამუდმებით მწერს, არ ვპასუხობდი, მაგრამ არ შემეშვა. სულაც არ ჩანს ცუდი ტიპი, ჰოდა დღეს შემომთავაზა, რბოლაზე თუ მოხვალ, ნამდვილს ექსტრემს გაჩვენებო და დავთანხმდი. იეჭვიანოს ჰარიმ ცოტა, მოუხდება.
-გოგო, შენ ნორმალური ხარ საერთოდ?
-არა.
-ქეით, არც კი გაბედო.
-ანუ, არ მომყვები?
-შენც არ მიდიხარ!-თვალებს ისე აბრიალებდა, თითქოს დაინახავდა.
-კარგი, ნინა, როგორც გინდა.-შემდეგ კი გაუთიშა და ნინამ გადარეკვა რომ სცადა, აღარ უპასუხა.
-რა ხდება, მშვიდობაა?-დაეჭვდა რეზი.
-არა...-ამოთქვა ნინამ და თითქოს, ყველაფერი ამოაყოლა. წარმოდგენაც კი არ უნდოდა რა მოხდებოდა, ჰარის ქეითი იმ ბიჭთან ერთად რომ ენახა. და ისედაც არ ენდობოდა. საერთოდ არ უნდოდა თავისი მეგობრის იქ წასვლა. ჰარიზე რომ გაიგო, მაშინ გაგიჟდა და ახლა ქეითიც? გამორიცხულია! ყველაფერს გააკეთებს ამის თავიდან ასარიდებლად. რეზი მოკლედ გაარკვია სიტუაციაში, ბოდიში მოუხადა და ისევ მობილური აიღო ხელში, ამჯერად, ნიკასთან დასარეკად...

* * *
ბარში წავიდა. ისე იყო, რომ არ დაელია, ჭკუიდან შეიშლებოდა. თვითონ რომანტიკოსი იდიოტივით მიეტუზა ნინას სკოლასთან, ის კიდევ ვიღაც ნაბიჭვრის ზურგზე იყო შემოსკუპებული. არა, რატომ ფიქრობდა, რომ მართლა უფრთო ანგელოზი იყო?
ბიჭებს ხელის აწევით მიესალმა და შემდეგ სიტყვის უთქმელად შევიდა კაბინეტში. ჯერ სიგარეტს მოუკიდა, შემდეგ ხის კარადიდან „ბურბონი“ გადმოიღო და ის იყო უნდა გაეხსნა, ჯინსის ჯიბეში მობილური რომ აზანზარდა. ჰმ, ნინა ურეკავდა!
-ნიკა, სასწრაფოდ მჭირდება შენი დახმარება!-ხმის ამოღებაც კი არ დააცადა, უპასუხა თუ არა მაშინვე მიაყარა და ამაზე კიდევ უფრო გამწარდა. დილით სხვა ბიჭის ზურგზე ინებივროს და რამე როცა დასჭირდება, დაურეკოს, რა პრობლემაა!
-არ მცალია, ნინა.
-გთხოვ. მართლა ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა.
-მართლა არ მცალია.
-ნიკ...
-ნინა!-შეაწყვეტინა გაღიზიანებულმა, თუმცა შესანიშნავი აზრი მოუვიდა.-მისმინე, თუ ასეთი მნიშვნელოვანია, ჩემთან მოდი და აქ ვილაპარაკოთ. ბარში ვარ.-შემდეგ კი, ისე გაუთიშა, პასუხსაც არ დალოდებია. ახლა ნახოს ამ გოგომ, როგორია მეტრეველთან თამაში, თანაც, წესების გარეშე...


* * *
-ნინელი, გამაგებინებ ბოლოს და ბოლოს, რა ხდება?-დაღლილი სახით გახედა, თუმცა ნინამ ამჯერადაც არ შეიმჩნია სახელის „დამახინჯება“. ისე ნერვიულობდა, ადგილს ვერ პოულობდა, თან იმასაც განიცდიდა, რეზისთან ასე ცუდად რომ გამოუვიდა.
-ჩემთან მოდი, არ მცალიაო...-შეწუხებული მზერა მიაპყრო.
-მერე რას მიზიხარ აქ? ადექი, წავიდეთ!
-მითქვამს, რომ ვგიჟდები შენზე?-თვალები აუციმციმდა, ამხელა მხარდაჭერა რომ იგრძნო და არც ერთი წამით, თავის მობეზრება. ბიჭი დასასვენებლად და ახლობლების სანახავად ჩამოვიდა, ამან კიდევ უკვე მოახერხა უსიამოვნებაში გაეხვია.
-კი, მაგრამ შეგიძლია კიდევ გამიმეორო,-თვალი ჩაუკრა, შემდეგ კი ფული თეფშის ქვეშ ამოდო და ნინას თავით ანიშნა, რომ წასულიყვნენ.
მთელი გზა მოუსვენრად იჯდა. ნიკოლოზს ისეთი ხმა ჰქონდა, ენა ჩააგდებინა. ვერაფრით წარმოიდგენდა ასე უხეშად თუ უპასუხებდა, მით უმეტეს, გუშინდელის შემდეგ. არა, იმას არ უარყოფდა, ხასიათი არანორმალური სისწრაფით რომ ეცვლებოდა, მაგრამ ასე მაინც არასდროს დალაპარაკებია. თითქოს რაღაც მოხდა, რაღაცაზე იყო გაბრაზებული. ვერაფრით უძებნიდა ახსნას.
-გადმოგყვე?-ისე ჰკითხა რეზიმ, პასუხი უკვე იცოდა.
-აჯობებს, თუ მარტო ვნახავ...-გაუღიმა ანერვიულებულმა, ბიჭმა კი სიცილით გაიქნია თავი და რომ გკითხო, არაფერი ხდებაო, წაიბურტყუნა.
ისე ღელავდა ნინა, აქ მოსვლითაც რომ ვერ მიეღწია შედეგისთვის, ჭკუიდან გადავიდოდა. არაფრით არ დაუშვებდა ქეითს ასეთი სულელური რაღაც რომ გაეკეთებინა, მაგრამ გული მაინც ცუდს უგრძნობდა. დრო კი, თითქოს ჯიბრზე, საშინლად სწრაფად გადიოდა. მორიდებით დააკაკუნა რკინის კარზე, შემდეგ უფრო ძლიერად, მაგრამ მაინც არავინ გაუღო. კიდევ ერთხელ დაურეკა ნიკას, ამჯერად, ცოტათი გაღიზიანებულმა.
-რა ხდება?
-კარს არ მიღებენ.
-და ვინ გითხრა რომ უკანა შემოსასვლელით შემოსულიყავი? მაგ კარით მხოლოდ მე ვსარგებლობ, ნინა... ზემოდან შემოდი და უთხარი, რომ გელოდები.-და კვლავ გაუთიშა. რა ჯანდაბა ხდება? დასცინის?
გამწარებული მივიდა მანქანასთან, სხვა კარით უნდა შევიდე, ზემოდან მოვუაროთო, ჩაიდუდღუნა და ჩაჯდომისას კარიც მიაჯახუნა.
-ჰეი, გაქირავებიდან მყავს წამოყვანილი, ხომ არ გავიწყდება!
-მაპატიე, ვერ მოვზომე...
არადა, როგორ სხვანაირად წარმოედგინა ეს დღე. დილით ისიც კი დაგეგმა, როგორ დახვდებოდა სკოლასთან ნიკა. ჰმ, სკოლასთან კი არა, ისეთი ტონი ჰქონდა, შეაჟრიალა...
-უკაცრავად, ნიკა მელოდება...-ღიმილით უთხრა ბარის მაგიდის მიღმა მდგარ ბიჭს, რომელიც, აშკარად შეკვეთას ელოდა და მზერა შეეცვალა კოქტეილის ნაცვლად უფროსი რომ მოითხოვეს.
-კაბინეტშია.-მოკლედ მოუჭრა და ისევ მაგიდის გაპრიალებას მიუბრუნდა. ბარმენები ფილმებშიც სულ მაგიდას აპრიალებენ, საინტერესოა, დღისით მეტი საქმე არ აქვთ?
თუმცა, ამაზე საფიქრელად ნაკლებად ეცალა. რა წესია ასეთი უყურადღებობა? ეუბნება მოდიო და თვითონ გამოსვლასაც არ კადრულობს. რა საქმე გამოუჩნდა იმისთანა, ორი წუთი რომ ვერ გამონახა?! საზიზღარი!

ძლივს მიაგნო კაბინეტს. სულ აერია ერთმანეთში ზემოთა და ქვემოთა ბარები და ორიენტაციაც დაკარგა. თან, აქ მხოლოდ ერთხელ იყო ნამყოფი, ისიც საშინელ ხალხმრავლობაში და ექსტაზით გაბრუებული, არ გაემტყუნება, თითქმის რომ არ ახსოვს აქაურობა.
კარზე ფრთხილად დააკაკუნა და დაელოდა როდის გაიგონება „მობრძანდით“-ს, მაგრამ ამაოდ. გაგიჟდება, აქაც რომ არ დახვდეს. რანაირად იქცევა? კიდევ ერთხელ დააკაკუნა, ამჯერად ძლიერად და ისევ რომ ვერ გაიგონა პასუხი, აღარაფერს დალოდებია, გაბრაზებულმა ჩამოსწია სახელური, კარი შეაღო და... ადგილზევე გაიყინა.
პირველი, რაც თვალში მოხვდა, სწორი, ქერა თმა იყო, შემდეგ_ნიკას წელზე შემოხვეული გრძელი ფეხები. მეგანი მაგიდაზე შემოსკუპებულიყო, მეტრეველი კი გამალებული კოცნიდა. ისე იყვნენ გართულები ერთმანეთის ალერსში, კარის შეღებაც კი არ გაუგიათ. ერთიანად ააკანკალა. იგრძნო, როგორ თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე გააცია და გაეყინა ყველაფერი. კარის სახელურს ისე ჩაებღაუჭა, თითქოს ეს დაიცავდა წაქცევისგან. არა, პირველად არ ხედავდა ამას, მაგრამ ახლა იმდენად გულისამრევი მოეჩვენა ყველაფერი, ლოცულობდა, მართლა პირზე ხელაფარებული რომ არ გაქცეულიყო საპირფარეშოსკენ. ნიკაპი დაეჭიმა და აუკანკალდა, მაგრამ ადგილიდან განძრევას ვერაფრით ახერხებდა. არ შეეძლო წასულიყო, თითქოს ფეხები არ ემორჩილებოდა, ამის ნახვა კი საშინლად მოქმედებდა.
-სტუმარი გვყოლია!-მოულოდნელად შეიცხადა მეგანმა და თითქმის გახდილი მაისური შეისწორა, ნიკამ კი მხოლოდ მისი ხმის გაგონების შემდეგ გაიხედა კარისკენ. ნინას სახე ცისარტყელას ფერებში აჭრელებულიყო.
-დაკაკუნების გარეშე კარის გაღება რომ არ შეიძლება, არ იცი, ნინა?-წარმოთქვა საოცარი ირონიით და გოგონამ მეტს ვეღარ გაუძლო. არაფრით დაუშვებდა მათ წინაშე ეტირა, ამ სიამოვნებასაც არ მიანიჭებდა. ისიც ეყოფოდა, ასე არაადამიანურად რომ თამაშობდა მის ნერვებზე, მის გულზე. ასე რომ დასცინოდა და ამცირებდა. მეტის უფლებას აღარ მისცემდა...
განრისხებული გავარდა და ის იყო გასასვლელად კარს მიაწყდა, რომ გაახსენდა რისთვისაც იყო მოსული. ქეითი ცოცხალი თავით არ გადათქვამდა, ისეთი ჯიუტი იყო, საბოლოო გზა კი ჯეიმისთან მიდიოდა, რომელსაც, მხოლოდ ნიკა იცნობდა. ასე როგორ დაიმციროს თავი? როგორ დარჩეს და დახმარება სთხოვოს იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ნახა?

აკანკალებული მიუახლოვდა ბარის მაგიდას, მაღალ სკამზე ჩამოჯდა და შეკრული მუშტები გამწარებულმა დააჭირა შავ ზედაპირს. ვერაფრით მშვიდდებოდა, გული ისე სწრაფად უცემდა, მისი ხმა მხოლოდ ყურებში კი არ ესმოდა, ასე ეგონა, მთელს ოთახში გუგუნებდა.
-ცუდად ხომ არ ხართ?-შეშფოთებული მიუახლოვდა ბიჭი მისი გადათეთრებული სახის დანახვისას, ნინამ კი უბრალოდ სუსტად გაიქნია თავი. ახლა რომ ხმა ამოეღო, უეჭველად აღრიალდებოდა. მეტს ვეღარ მოითმენდა.
-რამე დამისხი, გთხოვ...-თუმცა მაინც მოახერხა და ისეთი ხმა ჰქონდა, პირსინგებიანმა ჯერ წყლის ბოთლს გახედა, შემდეგ კი, მაინც ვერ უღალატა პროფესიას და რამდენიმე წამში გოგონას წინ „ჯინ ტონიკით“ სავსე ჭიქა დაუდგა, რომელიც ნინამ ერთ ყლუპად გამოცალა.
ემოციები ვულკანივით აწვებოდა ყელში და გულიდან წამოსულ სლუკუნს ძლივს აკავებდა. რეზიმაც გამოუგზავნა შეტყობინება, ხომ არ შემოვიდეო, მაგრამ მაშინვე უპასუხა, არ ინერვიულო, ყველაფერი კარგადაა, ცოტათი მაგვიანდებაო. ახლა არავის ნახვა არ უნდოდა, არც შეეძლო. ბარმენს კიდევ ერთი ჭიქა სთხოვა, თუმცა, სანამ სასმელს დაუსხამდა, შუბლი ცივ ზედაპირზე დადო და ჩუმად ასლუკუნდა. მხრები უკანკალებდა და ტუჩებს იჭამდა, ხმა რომ ჩაეხშო. მეტრეველს ამ სიამოვებასაც ვერ მიანიჭებდა.



* * *
ნიკა კმაყოფილი სახით გავიდა კაბინეტიდან. მეგანი უკანა კარიდან გაუშვა და თან მიაყოლა, არ გეგონოს რამე შეიცვალაო, გოგონამაც, ცივი წყალი რომ გადაასხეს, თავი ამაყად დაუქნია, არც ვაპირებდი შენთან დაბრუნებასო. არანორმალური ურთიერთობა ჰქონდათ, თუმცა, სათავისოდაც გამოიყენა, როცა დასჭირდა. ნინას სახის დანახვისას, რაღაც საშინელმა კი გაჰკრა გულში, სინდისის ქენჯნა რომ ჰქვია, თუმცა მაინც არ შეიმჩნია. რა, რამე ვალდებულებები აქვს? რამეს წარმოადგენენ ერთმანეთისთვის? არც არაფერს!
მთავარ დარბაზში უდარდელად გავიდა, მაგრამ ბარის მაგიდაზე თავჩამოდებული ფიგურის დანახვამ, ადგილზე გააშეშა. პირსინგებიანმა მხრები აიჩეჩა, არაფერი ვიციო და გაეცალა. მიხვდა, რომ ასე აჯობებდა. ნიკა კი გაშრა. არ ელოდა. ვერც კი გაიფიქრებდა, ნინა თუ ელოდებოდა. ეგონა, სიამაყე აღარ მისცემდა აქ გაჩერების უფლებას, ისიც ეგონა, რომ საბოლოოდ გაწყვიტა ყველანაირი კავშირი, რაც კი გააჩნდათ, მაგრამ, როგორც ჩანს, შეცდა.
-მეგონა, წახვედი...-მაქსიმალური გულგრილობით წარმოთქვა და ნინამაც გველნაკბენივით წამოსწია თავი. სწრაფად შეიმშრალა ცრემლები, თუმცა, სუნთქვის დარეგულირება მაინც გაუჭირდა.

-საქმე მქონდა, შენს სანახავად არ მოვსულვარ.-დაგესლა თავისებურად. ასეთ მდგომარებაშიც კი არ კარგავდა თავმოყვარეობას.
-გისმენ.
-მინდა, რომ შენს ძმაკაცს დაურეკო და უთხრა, ქეითს შეეშვას. არ ვიცი, როგორც გინდა მოახერხე! დღეს რბოლაზე აპირებს მის წაყვანას და იმედია, იმდენს მაინც ხვდები, რა მოხდება, ეს რომ მართლა გააკეთოს. თუ ვერ ხვდები, განგიმარტავ და გეტყვი, რომ ქეითი არასრულწლოვანია და თმის ერთი ღერიც რომ ჩამოვარდეს, მე ვიქნები პირველი, ვინც შენს ძვირფას მეგობარს უჩივლებს!-ისეთი გაავებული იყო, ნიკა თავს ძლივს იკავებდა, მის სიკაპასეზე რომ არ გასცინებოდა. ძაფის გორგალთან მოჩხუბარ კნუტს ჰგავდა, პატარას და საყვარელს.
-ამისთვის მოხვედი?
-დიახ, ამისთვის მოვედი და მინდა, რომ გააკეთო რასაც გთხოვ!
-ნინა, რა ვალდებული ვარ? რაც უნდათ ის უქნიათ. არც ჯეიმია პატარა და არც ქეითი. რატომ უნდა ჩავერიო?
-შენ საერთოდ ვერ ხვდები რა მოხდება ქეითი მართლა რომ წავიდეს რბოლაზე? იქ, სადაც ჰარიც იქნება?
-სიმართლე გითხრა, არ მადარდებს. ახლა კი, მაპატიე, მაგრამ უნდა დაგტოვო, საქმეები მაქვს...-გაუღიმა ყველაზე ყალბი ღიმილით, რაც კი არსებობდა და გაეცალა. არ შეეძლო ნინას თვალებში არეკლილი საკუთარი გამოსახულების დანახვა და მიუხედავად ყველაფრისა, იმის გაცნობიერება, როგორი დიდი ნაბიჭვარია, ამ გოგოს ასე ძალიან რომ სტკენს ყოველთვის...


* * *
-ნინა, დამშვიდდი, რა!-თავზე ხელს უსვამდა მის მხარზე ატირებულ მეგობარს რეზი, მაგრამ დაწყნარებას ვერაფრით ახერხებდა. უკვე რამდენიმე საათია ასე იყო. მხოლოდ სახლში მისვლისას შეიმშრალა ცრემლები და შემდეგ, ოთახში რომ ავიდნენ, ისევ აზლუქუნდა. თავიდან, ატირებული რომ დაინახა, რეზის ისეთი სახე ჰქონდა, ადგილზევე მოკლავდა ყველას, მაგრამ არ გაუშვა. შენ რომ ახლა წახვიდე, უფრო ცუდად ვიქნებიო, ამოისლუკუნა და მხარზე ჩაებღაუჭა. მისი ფიცხი ხასიათის ამბავი რომ იცოდა, რაღაც საშინელება დატრიალდებოდა და ვერ დაუშვებდა, მის გამო ეს მომხდარიყო.
-გეფიცები, შუაზე გადავხსნი!-კბილები გააღრჭიალა ბოლოს, ამდენი ცრემლი რომ ვეღარ მოითმინა და ფეხზე წამოიჭრა.
-რეზი, გთხოვ. ისედაც, პირველივე დღეს ასეთ ამბავში გაგრიე და გეხვეწები, კიდევ უფრო საშინლად ნუ მაგრძნობინებ თავს.
-შენ გაგიჟდი, გოგო? ვიღაც იდიოტის გამო ასე ტიროდე და მე აქ ვიჯდე და შენი დაქალებივით თავზე ხელი გისვა? წეღან შევცდი რომ დაგიჯერე და ყურით არ გამოვათრიე იმ თავისი ბარიდან.
-დაივიწყე. ჩათვალე, რომ არაფერი მომხდარა, უბრალოდ დაივიწყე.
-ნინა, ჭკუიან ნუ გადაგყავარ! შენ ჩემი და ხარ, გესმის? ჩემი და! და არავის მივცემ უფლებას, ასე გატკინოს. არაფერს რომ არ მიყვები, დებილი კი არ ვარ, ვერ მივხვდე!
-ნუ გასვანდი...-ეცადა გაეცინა, მაგრამ რეზის წარბიც არ შეხრია. აშკარად ძალიან იყო გაბრაზებული.-მაპატიე, კარგი? უბრალოდ ქეითზეც ძალიან ვნერვიულობ, არც ის მპასუხობს, არც ჰარი და გული მიგრძნობს, რაღაც ცუდი უნდა მოხდეს.
-ბებიაჩემივით ნუ ლაპარაკობ. გული უგრძნობს, გოგოს!-ბოლოს მაინც ჩაეცინა და ისევ გვერდით მიუჯდა.-რა პანიკები აწიე, ისე? დიდი ამბავი, რბოლაზე მიდის!
-უკანონოზე!
-ღმერთო, როგორ გეტყობა მამაშენის შვილი რომ ხარ!-თვალები აატრიალა და თავი ღიმილით გადაიქნია, ნინამ კი ენა გამოუყო, ხელები წელზე შემოხვია და მხარზე მიეკრა.
-გმადლობ, რომ ჩემ გვერდით ხარ...


* * *
ქეითი მაინც წავიდა. მიუხედავად ნინას ხვეწნისა. თვითონაც იცოდა, როგორ დიდ სისულელეს აკეთებდა, მაგრამ რომ არ გაეკეთებინა, ბოღმით გასკდებოდა. როგორ შეერჩინა ჰარისთვის ეს ყველაფერი? საკუთარ სიცოცხლეს ფეხებზე იკიდებდა და თან ეუბნებოდა, დიდი რამე, არაფერია საშიშიო. ეს როგორ გაუკეთა?! ახლაც სიბრაზე ტვინში აწვებოდა ყველაფერი რომ ახსენდებოდა და უნდოდა შუაზე გაეგლიჯა. თუმცა, რადგან ამას ფიზიკურად ვერ ახერხებდა, გადაწყვიტა „ცოტათი სხვანაირად“, მაგრამ ბევრად მზაკვრულად ეძია შური და მოკლე, ტყავის ქვედაბოლოსა და გულამოჭრილ სვიტრში გამოწყობილი რომ მიაბიჯებდა შავ „BMW”-ზე მიყუდებული ჯეიმისკენ, უკვე ხვდებოდა, საშინელ შეცდომას უშვებდა...
-გამიხარდა, რომ როგორც იქნა, მოხვედი!-გაუღიმა ბიჭმა და ძველი მეგობარივით მოეხვია.
-ჰო, მივხვდი, რომ ტყუილად გეუბნებოდი უარს!-თვითონაც ღიმილით უპასუხა და გულში დათვლა დაიწყო. ხვდებოდა, რომ არანორმალური იყო, მაგრამ საოცარ სიამოვნებას ანიჭებდა ეჭვიანი ჰარის დანახვა.

-შენ აქ რას აკეთებ?-და ზუსტად მაშინ გაიგონა ნაცნობი ხმა, „სამზე“ რომ ავიდა. ჰმ, ასეც იცოდა!
ხელოვნური, თეატრალიზებული ღიმილით შებრუნდა შეყვარებულისკენ და ჰარის განრისხებული სახის დანახვისას, თავი ძლივს შეიკავა, რომ არ ჩახუტებოდა. ისეთი საყვარელი იყო როცა ეჭვიანობდა... თუმცა, ასე ადვილად დანებებას და თამაშის შეწყვეტას ნამდვილად არ აპირებდა. იტანჯოს ერთი ღამე, არაფერი უჭირს.
-ჩემ გარეშე დაიწყეთ გართობა?-კიდევ ერთი ნაცნობი ხმა მოესმა, ოღონდ ამჯერად, ნიკასი. აი ეს კი, მართლა წარმოდგენა არ ჰქონდა, აქ რას აკეთებდა. მით უმეტეს, რომ ნინაც არ იყო.
-ოჰ, მეტრეველიც გამოჩენილა!-მუშტზე მუშტი მისცხო ჯეიმიმ.
-წამომყევი!-მკლავში სწვდა ჰარი, გოგონამ კი თვალები დააჭყიტა.
-რას აკეთებ, გაგიჟდი?
-ქეით, ახლავე წამომყევი.-გამოსცრა კბილებს შორის. ასეთი გამწარებული არასოდეს ენახა.
-შენთან არ მოსულა!-ახლა ჯეიმიმ წამოიწყო და დღევანდელი საღამოს „გმირმა“ თავი ნამდვილად იგრძნო ორ ცეცხლს შუა.
-შენ არავინ გეკითხება!
-მომისმინე, ბიჭი!-წარმოთქვა ირონიულად და საყელოში უნდა სწვდენოდა, ნიკამ რომ დაუჭირა ხელი და წამომყევიო, ანიშნა. არც ამან გაჭრა.
-ჰეი, რა დღეში ხართ? რბოლა იწყება!-სრულიად მოულოდნელად კი, შავსათვალიანმა და სქელჯაჭვიანმა კაცმა დაიძახა საიდანღაც.-მიუსხედით საჭეებს, დროზე!
-ქეით, წავედით.-თითები მთელი ძალით შემოეჭდო ჰარის, მაგრამ გოგონა ფეხის მოცვლასაც კი არ აპირებდა.
-ჩემთან მოვიდა და მანქანაშიც ჩემთან ჩაჯდება, გასაგებია?-წაისისინა ჯეიმიმ და ახლა ის ჩააფრინდა მკლავში.
-ახლა რომ ორივე ურევთ, ვერ ხვდებით?-ამოიოხრა ნიკამ.-წადით, მანქანას ნაწილები გააყრევინეთ, საბურავები დაწვით და დაბრუნდით, რა საჭიროა მგზავრიც გაიყოლოთ? მე და ქეითი აქედან გიგულშემატკივრებთ.
-შენ, ბიჭო, როდიდან გახდი მშვიდობის მტრედი?-ახლა ამაზე აყვირდა ჯეიმი.-სულ გამოგაშტერა იმ ბავშვმა?
-გეყოფათ!-საბოლოოდ, ისევ ქეითის ყვირილმა გაჭრა. მიხვდა, სამივე რომ ერთმანეთს დაერეოდა და ნამდვილად არ უნდოდა, ამაშიც გარეულიყო.-ჰაროლდ, მიუჯექი შენს მანქანას, მე ჯეიმის მოვყვები!-მაგრამ მაინც არ დათმო პოზიციები და “BMW”-ში ჩაჯდომისას ჰარის სახე რომ დააფიქსირა, იმ წამსვე ინანა საკუთარი სიტყვები.
თუმცა, რბოლა დაიწყო და მიუხედავად ყველას მცდელობისა, ქეითი მაინც ჯეიმის გვერდით იყო მოკალათებული, არც თუ ისე მშვიდად...


* * *
-და ამ ყველაფერს არ მიყვებოდი?-აღშფოთება ვერ დამალა რეზიმ, მაინც რომ ამოგლიჯა ნინას სიმართლე. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, სრულიად შოკირებული უსმენდა.
-და რა აზრი, რომ მომეყოლა?
-ლიამი რას მიკეთებს აქ? რომ კითხო, მე მივხედავ, შენ მანდ მშვიდად იყავიო!
-კარგი, რა!-გაეცინა. სიტუაციიდან გამომდინარე, ლიამი და რეზი არც ისე ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, მაგრამ როცა იკრიბებოდნენ, ამას ვერავინ ამჩნევდა.-ისე თქვენ როდის მოასწარით ასე დაძმაკაცება?
-ნუ გადაგაქვს თემა!
-რეზი, გეყოფა!-თვალები აატრიალა.-ხომ ხედავ, ყველაფერი ისე მორჩა, არც დაწყებულა.
-შენ და შენი ფრთიანი ფრაზები...-გაეცინა და საწოლზე გადაწოლილმა, ხელები თავქვეშ ამოიდო.
-მართლა არ მინდოდა, პირველივე დღეს ასეთ ამბავში გამეხვიე...
-ნინა, გეხვეწები, რა! უცხოსავით ნუ მელაპარაკები. პირიქით,ხომ იცი როგორ მიყვარს დაძაბულობები.
-ნუ სხვანაირად როგორ, შენ თუ არ გასვანდი!
-ჯაფარიძე, თქვენ საიდან ხართ, გენაცვალე?-სიცილი აუტყდა და ნინაც მიხვდა, დიდი სისულელე რომ გამოუვიდა, მაგრამ რეზის მართლა ჰქონდა ხოლმე ტიპური „გასვანების“ მომენტები.
-კარგი, გვეყო!-ხელები ასწია დანებების ნიშნად და მუცელზე გადააწვა.-ნეტავ ქეითი რას აკეთებს. არა, სახლშიც რომ არ დამხვდა? ისე მემალება, თითქოს ხვალ ვერ ვნახავდე.

-ნინელ, მართლა უაზრო პანიკაში ხარ. შეიძლება მის ადგილას შენც მასე მოქცეულიყავი.
-შენ რომ შენი შეყვარებული მასეთ ადგილას დაგენახა იმ ბიჭთან ერთად, რომელსაც ვერ იტან, რა რეაქცია გექნებოდა?
-იმ ბიჭს გავხსნიდი შუაზე.-მხრები აიჩეჩა, აქ საკითხავი რა არისო.
-ჰოდა, მაგაზე ვნერვიულობ ზუსტად მეც. თერთმეტი ხდება უკვე და ჯერ არც ერთს არ დაურეკავს.-და სიტყვაც არ ჰქონდა დამთავრებული, მისი მობილური უცხო ნომერმა რომ აამღერა. წარბებშეჭმუხნილი წამოჯდა და გაკვირვებულმა გადაუსვა სენსორს ხელი_ქალაქის ნომრიდან ურეკავდნენ.
-ნინა, ჰარი ვარ. არაფერი მკითხო, პოლიციის განყოფილებაში ვარ, რბოლაზე დაგვადგნენ. ქეითი ჯეიმის გაჰყვა, მაგრამ მათი მანქანა გზაზე დავინახე უპატრონოდ, გთხოვ, გადაარჩინე!-ისეთი სასოწარკვეთილი ხმა ჰქონდა, ნინამ პირზე აიფარა ხელი, რომ არ წამოეკივლა. ასე ეგონა, თავში რაღაც მძიმე და თან ბასრი ჩაარტყეს. იმის წარმოდგენისას, რომ ქეითს შეიძლებოდა რამე მოსვლოდა, გული შეეკუმშა.
-სად უნდა მივიდე, ჰარი? სად წავიდოდნენ? შეგიძლია რამე მიმანიშნო მაინც? მამას ხომ არ ვუთხრა?
-არა, ნინა! წარმოდგენაც არ მაქვს. ჩემზე არ ინერვიულო, როგორმე გამოვალ, გთხოვ, ქეითი იპოვე.
-დამშვიდდი, ყველაფერს გავაკეთებ და შენც გამოგიყვან, არ ინერვიულო!
-სმიტ, თქვენი დრო ამოიწურა...-და შორიდან გაგონილი ამ სიტყვების შემდეგ, კავშირიც გაწყდა. ისეთი შოკირებული იყო, სანამ რეზიმ არ შეაჯანჯღარა, ხმა ვერ ამოიღო.
-რა ჯანდაბა გავაკეთო?-ამოისლუკუნა და აკანკალებული ხელებით მობილურში ძლივს მოძებნა ნიკას ნომერი.
-მამაშენს დაურეკე, რას აკეთებ?-ასე თუ ისე, ყველაფერს მიხვდა ბიჭი.
-მამას ჰარიზე დავურეკავ, მაგრამ ახლა რბოლის ადგილი უნდა გავიგო, სხვა გზა არ მაქვს...


* * *
ძარღვებდაბერილი იჯდა საავადმყოფოს პლასტმასის სკამზე და ყველა თეთრხალათიანის დანახვაზე გულში უსიამოვნო შეგრძნება უჩნდებოდა. ასე არ უნდა მოქცეულიყო, თავის დროზევე უნდა ჩარეულიყო. რატომ დაიკიდა ფეხებზე? ახლა რომ რამე მოუვიდეს... მთელი ცხოვრება არ მოასვენებს ეს ცოდვა. მუშტები ძლიერად შეკრა, როცა ის საშინელი სანახაობა კიდევ ერთხელ ამოუტივტივდა გონებაში.
პოლიციის მანქანების ხმა რომ გაიგონეს, ყველა მაშინვე მოსწყდა ადგილს. ჯეიმი და ჰარი ჯერ ისევ სარბოლო ტრასაზე იყვნენ და ალბათ, იქიდანვე გადაუხვევდნენ. თვითონაც, ამის გამო, ბევრი არ უფიქრია, არც არავის დალოდებია და ნაცნობ გზას გაუყვა რომ იქ შეხვედროდა მეგობარს. რას წარმოიდგენდა, ასე ნაბიჭვრულად თუ მოიქცეოდა. როგორ გაბედა?! ჯეიმის “BMW” გზიდან იყო გადასული და განათების ბოძს ჩახუტებული, ქეითს კი საქარე მინაში ჰქონდა თავი გაყოფილი. ეს გოგო თუ გიჟია, ამის ძმაკაცი რაღამ გადარია, უსაფრთხოების ნორმების შესახებ არაფერი სმენია? ან როგორ დატოვა და გაიქცა? ერთი სიკვდილი მაშინ გადაიტანა, ქეითის დასისხლიანებულ კისერს ორი თითი რომ მიადო პულსის გასასინჯად. ჰქონდა, მაგრამ ძალიან სუსტი...
მობილურიც ვიბრაციამაც კი საშინლად შეაკრთო, მაგრამ ეკრანს რომ დახედა, გულისრევის შეგრძნება მიაწვა ყელში. საკუთარ არაკაცობაზე ერეოდა გული.
-ვიცი, რომ არ უნდა გირეკავდე, მაგრამ გთხოვ, რბოლის...
-ნინა, დამშვიდდი, ჩემთანაა.-არ შეეძლო ამ ცრემლებით აკანკალებული ხმის მოსმენა და იმის გაცნობიერება, რომ ყველაფერი მისი ბრალი იყო.
-რა-ა? ქეითი...
-ვიცი, მე წამოვიყვანე, საავადმყოფოში ვართ. მისამართს დაგიმესიჯებ...-და პასუხისთვის აღარ მოუსმენია. შეტყობინება სწრაფად გაუგზავნა და სიკვდილმისჯილივით დაელოდა იმ წამის მოახლოებას, როდესაც დერეფანში ნინას ტირილს გაიგებდა და მის თვალებში არეკლილ საკუთარ არარაობას დაინახავდა...

ნათია ჯაგოდნიშვილი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93