ძლივს ჩაიძინა ნინამ. პატარა ბავშვივით გულამომჯდარი სლუკუნებდა და ძილშიც შეიშმუშნა რამდენჯერმე, თუმცა, ერთი კი იყო, ისე ებღაუჭებოდა ნიკას მაისურს, როგორც წყალწაღებული ხავსს. ვერც გააცნობიერა, როდის მოიქცია მუჭში, ჩაძინებამდე ხომ მხოლოდ იმას ლუღლუღებდა, რომ წასულიყო. მეტრეველი კი, ღირსეულად უძლებდა მის სიტყვებს. არსადაც არ აპირებდა ფეხის მოცვლას. ვერავინ აიძულებდა, ახლა ამ გოგოს რომ მოშორებოდა. ვერ დატოვებდა, სანამ არ დარწმუნდებოდა, რომ გული დაუმშვიდდა. თავს ისე გრძნობდა, თითქოს ძალიან ბევრი ღამის უძინარმა რაღაც ნარკოტიკული საშუალება მიიღო. ცხოვრებაში პირველად ესმოდა საკუთარი პულსაცია ხმამაღლა ისე, რომ გაბრაზებული არ იყო. უფრო პირიქით. თითქოს იმდენად მოადუნა წეღან მოსმენილმა სიტყვებმა, თვალები რომ დაეხუჭა, იქვე ჩაეძინებოდა. მაგრამ მაინც ძლიერად ხვევდა მკლავებს მის მკერდზე მიკრულ გოგონას, რომელიც თავდაპირველად ფართხალით უწევდა სუსტ წინააღმდეგობას, შემდეგ კი, მალევე დანებდა.
არც ერთს არ ამოუღია ხმა. თითქოს, თუ არ ილაპარაკებდნენ, ყველაფერი შეიცვლებოდა და დროს უკან დააბრუნებდნენ. ყოველ შემთხვევაში, ნინას ამის იმედი ჰქონდა, ის კი არ იცოდა, ნიკოლოზი საშინლად წინააღმდეგი რომ იყო მიღებული სიტყვების უკან დაბრუნებაზე. უფრო მეტიც, სამუდამოდ შეინახავდა ნინას პირველ „მიყვარხარ“-ს. ჰმ, ისე, კი უნდა აღიაროს, ვერაფრით წარმოიდგენდა, ყველაფერი ასე თუ წავიდოდა, მით უმეტეს, ამ ჯიუტ და შეუვალ გოგოსთან. ხვდებოდა, როგორ ვერ ხვდებოდა, გრძნობები რომ გაუჩნდა, მაგრამ... თავს უფრო მშვიდად გრძნობდა, როცა ამის შესახებ არ იცოდა. ნინასგან შორს ყოფნის გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ დაივიწყა. ვერ ძლებდა სხვანაირად. რამდენად ცუდიც უნდა ყოფილიყო, მაინც არ შეეძლო უარი ეთქვა მის სიახლოვეზე. ახლა კი... ტვინი გაუბურღა ახლად გაჟღერებულმა ძველმა ამბავმა...
მზრუნველად დახედა დიდი შუალედებით მფშვინავ გოგონას, თმა ფრთხილად გადაუწია სახიდან და თვალები მიეხუჭა, შუბლზე რომ დაუტოვა კოცნის კვალი. არც კი იცოდა, როდის მოახერხა მისი გულის ასე დასაკუთრება, მაგრამ ერთი რამ იცოდა ზუსტად -ყველაფერს გაწირავდა ამქვეყნად, ნინას გარდა.
* * *
თვალების გახელა არ უნდოდა, როცა საბოლოოდ გამოუტყდა საკუთარ თავს, რომ გაეღვიძა. ვეღარ გრძნობდა მასზე შემოხვეულ მკლავებს, მაგრამ მაინც ეშინოდა, ოთახში არ დახვედროდა ის, ვისთანაც წინა ღამით ძალიან ზედმეტი წამოაყრანტალა. არა, რა ჯანდაბამ ათქმევინა?! ესღა უნდოდა ნიკას თავმოყვარეობას ზუსტად! ისედაც ისე თავდაჯერებული ესაუბრებოდა ხოლმე. ნინა საკუთარ თავს იმაზეც კი უბრაზდებოდა, ასე ადვილად რომ პატიობდა ყველაფერს და ახლა საერთოდ... მეგანის ამბავი არც კი გაურკვევიათ. ერთი სიტყვაც კი არ უთქვამთ ამ თემასთან დაკავშირებით. თითქოს, თავისით მოგვარდა. მიხვდა, რომ ეჭვიანობით იყო გამოწვეული და ისე ჩაყლაპა, როგორც აქამდე არსებული ბევრი წყენა. ეს კი ძალიან არ მოსწონდა. ზედმეტად ამჟღავნებდა გრძნობებს. ჰმ, თუმცა პირდაპირ უთხრა გუშინ და მეტი რაღა უნდა გაეკეთებინა...
თითქოს, ზუსტად იცოდა, ნიკა რომ წავიდოდა. ხვდებოდა, რომ მასთან სერიოზული ურთიერთობა ვერ ექნებოდა. არ იყო იმ ტიპის ბიჭი, სახელდარქმეული ურთიერთობები და რომანტიკა რომ ხიბლავთ. გუშინ უკვე დარწმუნდა ამაში. და მაინც ვერ დააჭირა ენას კბილი!
ბალიშში მაგრად ჩარგო თავი და ისე ამოიყმუვლა. არ იყო დაზღვეული, რომ სახლში მის გარდა სხვებიც ყოფილიყვნენ, ამ უჩვეულო გამოხდომას კი ვერაფრით ახსნიდა. არ სჩვეოდა ასეთები. ყოველთვის გაწონასწორებული, მშვიდი და აუღელვებელი გოგონა გახლდათ.
გაბრაზებული წამოდგა საწოლიდან. საკუთარ თავზე ეშლებოდა ნერვები, ასეთი სულელი რომ იყო. როგორ უნდოდა ახლა დედასთან საუბარი, დაცლა. მგონი, ცხოვრებაში პირველად იეჭვიანა ლიზიკოზე. არა, ნამდვილად ჭკუიდან გადავიდოდა, ახლა ეს ემოცია შიგნით რომ ჩაეტოვებინა. ყველაზე უკეთ კი, ზუსტად იცოდა, რომ ლიამი დაარიგებდა. ბიჭის რჩევა სჭირდებოდა ახლა და იმიტომ. მიუხედავად იმისა, რომ ხასიათებით ნიკას სულაც არ ჰგავდა, მაინც შეეძლო ეთქვა, რამდენად გაუმართლებელი იყო ნინას საქციელი...
* * *
დილიდან დაიწყო ნინასთან რეკვა, მაგრამ ამაოდ. გოგონა ჯიუტად არც პასუხობდა, არც უთიშავდა. იმის შანსი, რომ ჯერ კიდევ ეძინა, მინიმალური იყო. ალბათ, იმდენად ბრაზობდა საკუთარ თავზე, რომ გაურბოდა. ჰმ, ჯერ კი არ იცის, რომ ვერსადაც ვერ წაუვა. მაგრამ მაინც საშინლად ეშლებოდა ნერვები მის საქციელზე. იმ ქმედებებში, რომელთაც ვერ იტანდა, იგნორირება მოწინავე ადგილს იკავებდა. თან სახლშიც რომ ვერ მიადგება? შეიძლება კარი დედამისმა გაუღოს... აივნიდანაც შებინდებამდე ვერ შევა. ოხ, ნინა!
სკოლასთანაც საკმაო ხანს ელოდა. მისი მეგობრები კი არა, ბოლოს დირექტორიც წავიდა, ნინა კი, რა თქმა უნდა, არ ჩანდა. ან კი როგორ გამოჩნდებოდა, როცა საერთოდ არ ყოფილა სკოლაში?!
გაბრაზებულმა გასრისა წამის წინ მოსროლილი სიგარეტის ნარჩენი და საჭეს ისე მიუჯდა, წარმოდგენაც არ ჰქონდა, სად უნდა წასულიყო. საინტერესოა, როდემდე აპირებს ეს გოგო დამალობანას თამაშს? ბოლოს ხომ მაინც ნახავს?! და თან როგორ მოემზადა?!
ბოლოს ისევ ქეითის ნომერი აკრიფა. სხვა გზა არ ჰქონდა, ნებისმიერ ფასად უნდა ეპოვა ნინა.
- ნიკა? რამე ხდება? - პირველივე ზარის შემდეგ უპასუხა გოგონამ და ყოველგვარი მისალმების გარეშე დაიწყო.
- შენს მეგობარს ვერ ვპოულობ! - საქმეზე გადავიდა ნიკაც და გაღიზიანებულმა ამოიბურდღუნა.
- კიდევ იჩხუბეთ?
- უფრო, პირიქით. - ჩაეცინა გუშინდელის გახსენებისას. - გთხოვ, რამენაირად მიმანიშნე, თუ შენთან არის.
- არა, აქ არაა, არც სკოლაში ყოფილა დღეს. რა აწყენინე ასეთი? - გაბრაზება შეერია ხმაში.
- ხომ გითხარი, არ გვიჩხუბია-მეთქი!
- კი, დაგიჯერე! - მაინც არ მოეშვა და მეტრეველსაც, მოთმინების ფიალა რომ აევსო, ერთი კი გაიფიქრა, გავუთიშავ საერთოდო, მაგრამ საბოლოოდ, მაინც დანებდა.
- მართლა არ იცი, სად შეიძლება რომ იყოს?
- ცოდნით როგორ არ ვიცი, მაგრამ შენ რამდენად იმსახურებ ამის გაგებას?
- ქეით, კარგი, რა! არ გინდა, შენი მეგობარი ბედნიერი რომ იყოს?
- მაგას მე მეუბნები?! - წამოენთო გოგონა. - იცი რა, ვხვდები, რომ შენთან ვალში ვარ, მაგრამ... - და სიტყვა გაუწყდა, როდესაც ჯერ გაბრაზებული ამოგმინვა, შემდეგი კი წყვეტილი ზუმერი მიიღო პასუხად. რა თქვა ამისთანა?
ნიკამ კი, აღარ იცოდა, რა გაეკეთებინა. არა, ხომ შეიძლება, უპასუხოს მაინც? თუნდაც უთხრას, შენი ნახვა არ მინდაო, მაგრამ უპასუხოს! ასე, გაურკვევლობაში მყოფი, შეიძლება ჭკუიდან გადავიდეს!
და სწორედ ჭკუიდან გადასვლა იყო ის საკვანძო ფრაზა, რომელსაც ჰაერში გაქცეულს ჩაეჭიდა! გაახსენდა, პირველად როდის გადავიდა ნინას მიზეზით ჭკუიდან და იმასაც მიხვდა, სად უნდა წასულიყო, შემდეგ კი, საკუთარი აღმოჩენით თვითკმაყოფილად გაღიმებულმა, ლიამის სახლისკენ აიღო გეზი...
* * *
- არასწორად იქცევი, ნინა... - კიდევ ერთხელ, ჩაფიქრებულმა წარმოთქვა ლიამმა. - როდემდე უნდა იმალო? რა, ამით ასცდები საუბარს?
- შენ ჩემი მეგობარი ხარ თუ იმის? - თვალები დაქაჩა გოგონამ და უკვე ვინ იცის მერამდენედ აზანზარებული მობილური ჯერ დივანზე მოისროლა, შემდეგ კი ბალიში დააფარა.
- რა შუაშია? რჩევა ხომ გინდოდა? ჰოდა, გეუბნები, რომ უნდა ილაპარაკოთ!
- და რისთვის, ლიამ? რომ მითხრას, იცი რა, შენ კარგი გოგო ხარ, მაგრამ მეტს იმსახურებ და მოდი, აქ დავამთავროთ ყველაფერიო? - ტუჩები აუკანკალდა ამის წარმოთქმისას და სანამ კიდევ ატირდებოდა, სამზარეულოში გავიდა, რომ წყალი დაელია.
- იცი რა? ძალიან რთულად უყურებ ყველაფერს. მერე რა, რომ შენ უთხარი პირველმა? კარგი, რა, რომელი საუკუნეა! - ეცადა, ხუმრობაში გაეტარებინა, როგორმე რომ გამოესწორებინა მისთვის ხასიათი, თუმცა გოგონას ზედმეტად კარგად იცნობდა იმისათვის, რომ საკუთარი მცდელობის შედეგიანობა დაეჯერებინა.
- შენთვის რომ მიას იგივე ეთქვა, რა რეაქცია გექნებოდა?
- გამიხარდებოდა, რა თქმა უნდა! რა კითხვაა.
- და რას უპასუხებდი?
- იმას, რომ მეც მიყვარს. - მხრები აიჩეჩა, აქ საკითხავი რა არისო.
- აი, ზუსტად მაგაშია საქმე! ნიკამ კი მითხრა, დაიძინე, სიცხემ აგიწიაო.
- ეგ მას შემდეგ გითხრა, რაც წასვლა მოსთხოვე! - ცალი წარბი აუწია ლიამმა და ვაშლი ჩაკბიჩა.
- ვერ ვხვდები, რატომ იცავ! - კიდევ ერთხელ გაყარა თვალებიდან ნაპერწკლები. - დილით არც კი დამხვდა!
- ნინა, ნუ მაცინებ, ძალიან გთხოვ! ლიზიკოც კი არ იტყოდა იმხელა სისულელეს, რაც ახლა შენ თქვი. სერიოზულად გქონდა იმის იმედი, რომ დილით მასთან ერთად გაიღვიძებდი? ხომ იცი, რომ ყველანაირად გამორიცხულია? ნიკასაც რომ უნდოდეს, მაინც გამორიცხულია. ნუ, კი შეიძლება გაღვიძებისას დაინახო, მაგრამ მხოლოდ მისი გვამი. - შემდეგ კი, საკუთარი ხუმრობით გამხიარულებულმა გადაიხარხარა. - და საერთოდაც, როდიდან დაიწყე ბიჭებთან ერთად ძილი?
- საერთოდ არ უნდა მოვსულიყავი შენთან! - ჩაიბურტყუნა ნერვებმოშლილმა. - ხომ შეეძლო, დამმშვიდობებოდა მაინც?
- კი, როგორ არა, გაგაღვიძებდა, მივდივარ და აბა, შენ იცი, ტკბილი ძილიო!
- ღმერთო, ეს მობილური აღარასდროს გაჩერდება?! - სხვა თემაზე გადავიდა, წაგების სუნი რომ ეცა და გაბრაზებული დასწვდა უდანაშაულო ტექნიკას. - უი, შეტყობინებებიც ყოფილა!
- არ გახსნა, იმისგან არ იყოს! - კიდევ ერთხელ დასცინა ლიამმა და მისი გაკაპასებული მზერა რომ შენიშნა, სიცილით ასწია ხელები, გნებდებიო.
და მართლაც, გამოტოვებული ზარების გარდა, მეტრეველს მისი მობილურისთვის შეტყობინებაც შეუმატებია.
from: Daddy ;)
„არ მეგონა, წასვლა ასე თუ გამიჭირდებოდა. იმედია, ხვდები, რატომაც ვერ გხვდები ;)
პ.ს. ჩვენ საუბარი ჯერ არ დაგვიმთავრებია, ნინა!“
* * *
მანქანა ლიამის სახლის წინ რომ გააჩერა, ზუსტად იცოდა, აქედან ნინას მარტივად ვერ წამოიყვანდა, მაგრამ ისიც იცოდა, რომ მის გარეშე არ წამოვიდოდა. გაეცინა, ისეთი შემართებით იყო, თითქოს გატაცებული ტყვე უნდა დაებრუნებინა სამშობლოში. არადა, უბრალოდ საუბარი უნდოდა, მეტი კი არაფერი. ნუ, პრინციპში, არც მეტზე იტყოდა უარს, მაგრამ ეს მოგვიანებით...
ზარის ღილაკისთვის არც შეუხედავს, სწრაფადვე დააკაკუნა კარზე და სუნთქვაშეკრული დაელოდა, როდის გაუღებდნენ, თუმცა ზღურბლს მიღმა ჩქამიც არ ისმოდა. კიდევ ერთხელ შეახო მომუშტული ხელი კარს, შემდეგ კი, მოთმინებამ რომ უმტყუნა, უკვე ბრახუნზე გადავიდა. არა, ნინა, შენ ჯერ კიდევ არ იცი, ვისთან დაიჭირე საქმე!
საბოლოოდ, კარი რომ გაიღო და მის მიღმა ასვეტილი ლიამი დაინახა, ერთი პირი ისიც იფიქრა, პირდაპირ შევაჭრიო, მაგრამ ბოლოს ისევ ნიადაგის მოსინჯვა ამჯობინა.
- ნინას დაუძახე.
- გამარჯობა! - თვალები აატრიალა ბიჭმა.
- გაგიმარჯოს, ახლა დაუძახე.
- და რატომ გგონია, რომ აქ არის? - ცალი ხელით კარის ჩარჩოს მიეყრდნო, მეორით კი - სახელურს და ნახევრად გარეთ გამოვიდა. აშკარად არ უნდოდა სტუმრის მიღება.
- კი არ მგონია, ვიცი. და ძალიან გთხოვ, დიდხანს ნუ მალოდინებ.
- მოდი, წადი რა, ნიკოლოზ. არაა აქ ნინა.
- უნდა ველაპარაკო. ვიცი, რომ აქაა.
- თუ ამდენი იცი, ცოტა რომ დაფიქრდე, იქნებ იმასაც მიხვდე, შენთან საუბარი რომ უნდოდეს, მობილურს უპასუხებდა.
- შენს ხასიათზე არ ვარ, ლიამ. ან დაუძახე, ან მე თვითონ შემოვალ შიგნით.
- წადი-მეთქი, გითხარი უკვე და მეორედ ასე მშვიდად აღარ გაგიმეორებ, გასაგებია? - ხმა გაუმკაცრდა და ყბებიც დაეჭიმა, ნიკამ კი თვალები აატრიალა მის „ვითომ გაბრაზებაზე“.
- მოდი, თვითონ გადაწყვიტოს ნინამ, უნდა თუ არა ჩემთან საუბარი, კარგი? - მაქსიმალურად ეცადა, კონტროლი რომ არ დაეკარგა. ეს ახლა ნამდვილად არ აწყობდა.
- დამიჯერე, რომ უნდოდეს, ნამდვილად გამოვიდოდა... - საკუთარ ნათქვამში დარწმუნებული ხმით წარმოთქვა, ნიკას კი...
წამებში აუპრიხა ტუჩის კუთხეები კმაყოფილმა ღიმილმა. მართალია, სულ ოდნავ, მაგრამ მაინც შენიშნა უკნიდან მოთვალთვალე ნინას სილუეტი. სულელი ბავშვი.
- მართალი ხარ და ალბათ, ახლა ამიტომაც დგას შენ უკან! - შემდეგ კი, მოთვალთვალეს თვალი ჩაუკრა და ლიამი, ცოტა არ იყოს, გაოგნებული შეტრიალდა უკან.
- უბრალოდ მაინტერესებდა, ვინ იყო... - სახელდახელო ტყუილი დააბრეხვა გოგონამ.
- ნინა, წამოდი, რა...
- არ მინდა შენთან საუბარი.
- სამაგიეროდ, მე მინდა! - უკვე იმდენად უჭირდა მოთმინების შენარჩუნება, ყბებს ერთმანეთზე აჭერდა გამწარებული.
- გთხოვ, წადი. - კიდევ ერთხელ დაიკრუსუნა და მეტრეველმაც მეტი ვეღარ შეძლო. ერთი ამოიხვნეშა, შემდეგ კი მკლავში ჩაავლო ხელი და ის იყო, გარეთ უნდა გაეყვანა, რომ ლიამი ჩაერია.
- ჰეი, წესიერად! - თვალებიდან ნაპერწკლები გაყარა და ნინას მკლავზე შემოჭდობილ მის ხელს დაეჯაჯგურა. - გაუშვი! - კბილებს შორის გამოსცრა, გოგონამ კი მაშინვე იყნოსა სიტუაციის სულ სხვა მხარეს შეტრიალება.
- ლიამ, მოიცა! დამშვიდდი! - ჩაერია ბოლოს, როცა მიხვდა, რომ სხვა გზა აღარ იყო. - მგონი, მართლა აჯობებს, რომ ვილაპარაკოთ. წავალ, კარგი? - და ლიამს წამში ისეთი სახე გაუხდა, თითქოს უღალატეს. ამდენი ხანი ამას ეჩიჩინებოდა, ვერაფრით დაარწმუნა, კინაღამ აჩხუბა კიდეც და ახლა! არანორმალურია ეს გოგო!
- თუ რამე, დამირეკე. - მოუჭრა მოკლედ. - შენ კიდევ, წესიერად მოიქეცი! - შემდეგ კი ნიკას მიუბრუნდა და „მოხსენება“ რომ დაამთავრა, გაბრაზებულმა დახურა კარი.
* * *
დასჯილი ბავშვივით მიჰყვებოდა ნინა. ისე უხერხულად გრძნობდა თავს მის გვერდით, წამიერად, ლიფტში მოულოდნელი შეხვედრა გაახსენდა, კლუბის ინციდენტის შემდეგ რომ გადააწყდნენ ერთმანეთს. უნდოდა, სადმე შემძვრალიყო, დამალულიყო და სოროდან მაშინ გამოეყო ცხვირი, როდესაც ნიკას ყველაფერი დაავიწყდებოდა, მაგრამ წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ფაქტობრივად, სრულ უაზრობაზე ფიქრობდა...
- რატომ მაიძულე შენს ავტომოპასუხესთან რომანის გაბმა? - ისეთი სერიოზული ხმით უსაყვედურა ნიკამ, მანქანაში რომ ჩასხდნენ, წამიერად დაიჯერა კიდეც, შემდეგ კი, ჩაეღიმა.
- რატომ მოხვედი?
- რა ვიცი, შემთხვევით სალაპარაკო ხომ არ გვაქვს? - მხრები აიჩეჩა და სრულიად უცხო ქუჩაზე გადაუხვია.
- არა.
- როგორ არა.
- უკვე ისედაც საკმარისზე მეტი გითხარი.
- მე კიდევ, ცოტა არ იყოს, კიდევ მინდა! - ისე გულწრფელად გაუცინა, ნინას წამშივე დაუარა ჟრუანტელმა მისი ხმის გაგონებისას.
- ნიკა, გთხოვ. არ გვინდა ამ თემაზე, რა. ისედაც საშინლად მრცხვენია. - ამოთქვა ბოლოს, რაც აწუხებდა და ბიჭმაც, ამის გაგონებისას, მაშინვე დაამუხრუჭა. კიდევ კარგი, ცენტრალურ გზაზე აღარ იყვნენ. ჯერ გაოგნებულმა გახედა, შემდეგ მანქანა ისევ დაძრა, ნაპირზე რომ გადაეყვანა და მხოლოდ მაშინ მიუბრუნდა.
- რა თქვი? - დაუჯერებლობა იკითხებოდა მის ტემბრში.
- რაც გაიგე. - ჩაიდუდღუნა და მზერა აარიდა.
- რისი გრცხვენია, ნინა? - იმდენად გაოგნებული იყო, ეგონა, მოესმა. - ამიტომ გამირბოდი მთელი დღე?
- ჰო...
- ახლა გავგიჟდები! ნი, მომისმინე...
- გეხვეწები, არ გვინდა, რა. მოდი, უბრალოდ დავივიწყოთ, რაც მოხდა. ჩათვალე, რომ არაფერი გაგიგია.
- ეგ არ გამოვა. - დაუსერიოზულდა ხმა.
- რატომ?
- არ მინდა! - მხრები აიჩეჩა, შემდეგ კი მისკენ გადაიხარა. - მოდი, ახლა წავიდეთ, დავსხდეთ და ადამიანურად დავილაპარაკოთ, კარგი? ნუ გამარჩევინებ მანქანაში! - ბოლოს მაინც გაეცინა. მისთვისაც კი ზედმეტად არარომანტიკული იყო ეს ყველაფერი.
* * *
ნინამ თვალებს ვერ დაუჯერა, ბრუკლინის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან რომ აღმოჩნდა. იმდენად არ ელოდა ასეთ რამეს, მით უმეტეს კი, ნიკასგან, შეუმჩნევლად ფეხზეც კი იჩქმიტა, მაგრამ ტკივილის მეტი ვერაფერი იგრძნო. ნუთუ არ ესიზმრება?
- აბა, შევედით? - გაუღიმა და ხელი მოხვია, გოგონამ კი გაკვირვებულმა დაუქნია თავი.
გიჟდებოდა აქაურობაზე. წელი ისე არ გავიდოდა, ერთხელ მაინც რომ არ წამოსულიყო მთელი ოჯახი, მაგრამ ახლა მაინც განსაკუთრებულად გრძნობდა თავს. დიდად. თითქმის შეყვარებულიან გოგოდ. საკუთარ მხარზე მოთავსებულ ნიკას ხელს კი რამდენჯერმე გახედა, მაგრამ ბიჭი აშკარად არ აპირებდა მოშორებას.
უსიტყვოდ სეირნობდნენ, ორივე აჭიანურებდა საუბრის დაწყებას. იმდენად ლამაზი იყო გარშემო ყველაფერი, მეტრეველს ცოტათი ეშინოდა კიდეც, თავისი სიტყვებით არ გაეფუჭებინა სიტუაცია. რამე რომ არასწორად ეთქვა...
- ვიცი, რომ შენთვის გუშინდელი ძალიან დიდი მოულოდნელობა არ ყოფილა, მაგრამ მაინც, მინდა შენც იცოდე, რომ ჩემი სიტყვებით არანაირი... - საბოლოოდ ისევ ნინამ წამოიწყო, მაგრამ შუა გზაში გააწყვეტინეს სიტყვა. როცა ბიჭი მიხვდა, რის თქმასაც აპირებდა, მაშინვე მისკენ შეტრიალდა და პირზე ააფარა ხელისგული.
- გაჩუმდი! - წარბებაწეულმა, გამაფრთხილებლად გაიქნია თავი, შემდეგ კი ხელი მოჰკიდა, ტბასთან ახლოს, ხის გრძელ სკამზე ჩამოსვა და თვითონ მის წინ ჩაიმუხლა.
ყურებში პულსი რომ აუგუგუნდა, ნინამ მაშინ აღიქვა ბოლომდე სიტუაციის სიმძაფრე. ასე არც ერთ გამოცდაზე არ უნერვიულია. მუცელში ტკივილიც კი იგრძნო და გული თითქოს მუჭში მოიქციეს, ისე უჭერდა რაღაც. ეცადა, ღრმად ესუნთქა და როგორმე ეს ნიკასთვის შეუმჩნეველი დაეტოვებინა, მაგრამ არ გამოუვიდა.
- შენი სიტყვების არ უნდა გრცხვენოდეს, ნინა. - და საბოლოოდ, მაინც დაიწყო მეტრეველმა. - არც შენი გრძნობის. მით უმეტეს კი, ჩემი არ უნდა გრცხვენოდეს. ვიცი, ახლა რასაც ფიქრობ, მაგრამ გთხოვ, ამოიგდე ყველანაირი სულელური აზრი მაგ თავიდან. ის, რაც მითხარი, ყველაზე კარგი რამ იყო ჩემს ცხოვრებაში და მაშინვე რომ არ გიპასუხე, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მეც იმავეს არ ვგრძნობ. არა, უფრო სწორად, არც ვგრძნობ. - სწრაფად გაიქნია თავი. - არ მგონია, "მიყვარხარში" ჩავატიო ეს ყველაფერი. ჯანდაბა, სიტყვებს თავს ვერ ვუყრი! - ჩაეცინა ანერვიულებულს, თუმცა მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ ბოლომდე უნდა მიეყვანა დაწყებული. - პირველი გოგო ხარ, რომელიც აქეთ მიბნევს თავგზას! მართლა არ ვიცი, რა უნდა გითხრა, ან როგორ. ვიცი, რომ არ გიმსახურებ. გეფიცები, მართლა ვცდილობდი, რომ თავი შორს დამეჭირა, მაგრამ არ გამომივიდა. ისიც ვიცი, საზიზღრად რომ ვიქცეოდი, მაგრამ... სხვანაირად მართლა არ შემიძლია, ნინა, ვერ ვძლებ შენ გარეშე და რაც უნდა ეგოისტურად ჟღერდეს, არ ვაპირებ შენ მიტოვებას. თუ, რა თქმა უნდა, შენც გინდა ჩემ გვერდით ყოფნა. - ღრმად ამოისუნთქა და მხოლოდ მას შემდეგ ახედა გოგონას, რომელსაც ღაწვები კი სველი ჰქონდა, მაგრამ მაინც უღიმოდა.
ისეთი თვალებით უყურებდა, ნიკამ მაშინვე ამოიკითხა პასუხი, თუმცა მაინც არ უნდოდა მოვლენებისთვის გაესწრო.
- რაღაც მინდა გთხოვო... - განაახლა ისევ. - ახლა ნურაფერს მეტყვი, კარგი? დაფიქრდი, შენს თავში გაერკვიე, გიღირს თუ არა ეს ყველაფერი.
- რას სულელობ? - შეაწყვეტინა ნინამ. - ადგილი გამიცვალე?
- არა, მაცადე! - გაეცინა და ხელებზე აკოცა. - უბრალოდ, მინდა, რომ დაფიქრდე და კარგად აწონ-დაწონო ყველაფერი. თუ უარს მეტყვი, გაგიგებ, მართლა.
- მე ასეთი ბიჭი არ შემყვარებია! - თვალები აატრიალა.
- თავს ვიზღვევ, თუ ერთხელ დამთანხმდები, შემდეგ აღარსად გაგიშვებ და იმიტომ! - თვალი ჩაუკრა, შემდეგ კი წამოდგა, სკამის საზურგეს ორივე ხელით დაეყრდნო და სახე ისე ახლოს მიუტანა, მის სუნთქვასაც კი გრძნობდა.
- ნუ მანიპულირებ! - ამოილუღლუღა ნინამ და თვალები რომ მიეხუჭა, სწორედ მაშინ იგრძნო ტუჩების შეხება, ოღონდ... ლოყაზე! გაოგნებულმა ახედა, რა ჯანდაბას აკეთებდა?
- სანამ პასუხს არ მეტყვი, არ შეიძლება. - მხრები აიჩეჩა უდარდელად და გვერდით მიუჯდა.
- ანუ საღამოს...
- საღამოს. და თან, ჩემთან.
- ოუ, ბარში? - სიცილით აათამაშა წარბები, მაგრამ ნიკას პასუხმა მაშინვე გააჩუმა.
- არა, სახლში. - თვალი ჩაუკრა და მისი რეაქციის დანახვისას, კმაყოფილს ჩაეღიმა... რა თქმა უნდა, კარგად იცოდა, რა პასუხსაც მიიღებდა, მაგრამ იმ სიურპრიზის ჩაშლას, რომელიც მოწყობილი ჰქონდა, არაფრის დიდებით არ დაუშვებდა...
- მაგრამ...
- შენი გადასაწყვეტია, ნინა. თუ არ მოხვალ, გაგიგებ, მაგრამ თუ მოხვალ, მეცოდინება, რომ ბოლომდე მენდობი. - ამჯერად სერიოზულად ჟღერდა მისი ხმა და გოგონაც მიხვდა, რატომ დაუწესა დრო საღამომდე...
* * *
მოგატყუებთ, რომ გითხრათ, დიდხანს იფიქრა-მეთქი. ერთადერთი, რაზეც ფიქრობდა, ის იყო, როგორ განვითარდებოდა საღამო. არ იყო ჯერ მზად სხვა რამისთვის, მაგრამ ისიც იცოდა, თავს რომ ვერ გააკონტროლებდა ნიკას სურვილის შემთხვევაში. სწორედ ამიტომ ყოყმანობდა ამდენს. არასდროს უგრძნია თავი ასე სუსტად.
რა ემართება? როდის დაკარგა ის სიმტკიცე? პირველ კოცნაზე რა ამბავი დააწია და ახლა... არა, ნინა, შეცდომით ხარ თხის რქა!
- დე, რას აკეთებ? - ანიკამ შეუღო საძინებლის კარი და ნინას გულმაც მუცელში მოადინა ზღართანი. უნდა უთხრას? რომ უთხრას და არ გაუშვას? არა, გამორიცხულია!
- ბავშვებთან მინდა გასვლა... - დააბრეხვა, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდა. ჯანდაბა! ყველაზე მეტად ტყუილი სძულდა და ახლა საკუთარ დედას ატყუებდა, მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცოდა, ერთ ზედმეტ სიტყვასაც კი არ ეტყოდა.
- მოდი, დამიჯექი აქ... - საწოლზე ჩამოჯდა ანიკა და შვილს ხელის დატყაპუნებით უხმო.
- რა ხდება?
- ეგ მე უნდა მეკითხა, ნინა. რაღაცებს მიმალავ, დე.
- გიმალავ? - ნერწყვი გაჭირვებით გადაყლაპა და ეცადა, ბუნებრივად გაკვირვებული სახე მიეღო, თუმცა არ გამოუვიდა.
- ჰო, მიმალავ, მე კი ეს ძალიან არ მომწონს. - თავი გაიქნია და თმაზე გადაუსვა ხელი შვილს. - ხომ იცი, როგორი თანამედროვე დედა გყავს? - შემდეგ კი გაუცინა, გამბედაობა რომ შეემატებინა.
- ვიცი. - ჩაიდუდღუნა. სულ ცოტაც და, ყველაფერს დაფქვავდა.
- მერე? რა ჰქვია?
- ვის?
- იცი შენ, ვისაც!
- ქეითთან მივდივარ, დე. შეიძლება დარჩენაც მომიწიოს...
- ნინა! - წარბები აუწია. - მეც ვრჩებოდი ხოლმე მასე ხან ჯესიკასთან და ხანაც მეგისთან!
- კარგი, რა, დედა! - გაეცინა ბოლოს, როცა მიხვდა, რომ დანებების გარდა, სხვა გზა აღარ ჰქონდა. - მამა გაგიჟდება.
- თუ არ გაიგებს, არ გაგიჟდება! - თვალი ჩაუკრა და მზერით ანიშნა, მომიყევიო.
- არ გაიგებს?
- ნწ. რა საჭიროა, თორემ მერე პაემნებზე ფედერალური ბიუროს თანხლებით მოგიწევს სიარული! - გაეცინა და ნინაც აჰყვა. ყველაზე მაგარი დედა ჰყავს მსოფლიოში!
- ჯერ ისეთი არაფერი არ ხდება...
- ისეთი ჯერ არც უნდა მოხდეს, ნინა! - სწრაფად გადაერთო მეგობრიდან დედის იმიჯზე. - ხომ არ დაგავიწყდა, რამდენი წლის ხარ?
- ეგ არც მიგულისხმია. - ერთიანად აწითლდა და თვალი აარიდა შერცხვენილმა. - უბრალოდ, ჯერ შეყვარებულებიც არ ვართ. დღეს მითხარი პასუხი, გინდა თუ არა ჩემთან ყოფნაო.
- აჰა, ანუ იქ მიგეჩქარება... მაგრამ არავითარი დარჩენა!
- არაფერი არ მოხდება.
- ეჭვიც არ მეპარება, იმიტომ, რომ არ დარჩები.
- დე...
- ტყუილად მთხოვ.
- იცი, რა კარგი ბიჭია?
- რამდენი წლისაა?
- ცხრამეტის.
- ჰოდა, მით უმეტეს, არ დარჩები! - წარმოთქვა გადაჭრით, შემდეგ კი ფეხზე წამოდგა, რითაც ანიშნა, რომ საუბარი დამთავრებული იყო და დარჩენა-არდარჩენის თემა განხილვას აღარ ექვემდებარებოდა.
* * *
მუხლები უკანკალებდა, ლიფტში რომ შევიდა. რაღაცნაირად, გულზე კი მოეშვა, დედას სიმართლე რომ უთხრა, მაგრამ მაინც ღელავდა და თან - საშინლად. ერთადერთი ის ამშვიდებდა, ანიკამ დარჩენა რომ აუკრძალა. თუ რამე, მიზეზიც ექნებოდა უარის სათქმელად.
ერთი ღრმად ჩაისუნთ-ამოისუნთქა, ლიფტი ოცდამესამე სართულზე რომ გაჩერდა და... არა, ქუსლების კაკუნით არ გაუბიჯებია გარეთ! გავიდა, რა თქმა უნდა, ოღონდ მაღალყელიანი, თასმებიანი ფეხსაცმლით და მუხლამდე სიგრძის წითელი მანტოთი. ნიუიორკული ზამთარი სულაც არ არის სახუმარო თემა...
საკუთარ თავზე ეცინებოდა, ამინდის პროგნოზიც კი საინტერესო გახდა იმ მომენტში, იმდენად ღელავდა. არადა, ხომ იცოდა, რომ არაფერი ემუქრებოდა? ბოლომდე ენდობოდა, ყველაფერში. სწორედ ამიტომაც იყო ახლა აქ და მისი სახლის კარზე აკაკუნებდა...
დიდხანს ლოდინი არ დასჭირვებია. კარი მალევე გაიღო, ოღონდ მის მიღმა არავინ გამოჩენილა და საერთოდაც, უკუნ სიბნელეს მხოლოდ ოდნავ მბჟუტავი წერტილები ანეიტრალებდნენ. ძლივს შეაბიჯა შიგნით. მთელ იატაკზე ბუშტები ეყარა, ალაგ-ალაგ კი სურნელოვანი სანთლებიც იყო დანთებული. სიცილი აუტყდა იმის წარმოდგენისას, როგორ ამზადებდა ნიკა ამ ყველაფერს. გული ყელში მიებჯინა და პირზე რომ აიფარა ხელი, სწორედ მაშინ იგრძნო, როგორ შემოეხვია უკნიდან ნაცნობი, ძლიერი მკლავები. ამ სურნელს ათასში გამოარჩევდა, ამ ხელების სითბოსაც. არასდროს უგრძნია თავი ასე კარგად და ასე სასურველად. მეტრეველის სუნთქვა უღიტინებდა და ისედაც, სიხარულისგან მეცხრე ცაზე მყოფს, საერთოდ უბინდავდა გონებას.
- მაინც მოხვედი... - დაიჩურჩულა დაბალმა ბარიტონმა და მკლავებში მოქცეულ გოგონას ხანგრძლივი და ვნებიანი კოცნა დაუტოვა კისერში...
ნათია ჯაგოდნიშვილი