ნოველები

წარსულის ანარეკლი. თავი 20

წარსულის ანარეკლი. თავი 20
არასდროს მიეკუთვნებოდა მეტრეველი იმ ბიჭების კატეგორიას, საათობით რომ გეგმავენ სიურპრიზებს შეყვარებულების გასახარებლად. არც რომანტიკა და სასიყვარულო სიტყვები იყო მისი სტილი, თუმცა ეს ხომ ისედაც იცით... საღამოს კი, ამ ყველაფერს რომ ამზადებდა ნინასთვის, სულაც არ ჰქონია ის შეგრძნება, რომ საკუთარ თავს არ ეკუთვნოდა და ამას რაღაცის გამო აკეთებდა. პირიქით, ისეთი მონდომებული იყო, შორიდან რომ შეგეხედათ, იფიქრებდით, მთელი ცხოვრება ბუშტების ბერვაზე ოცნებობდაო.
ტუჩებს თავს ვერ უყრიდა, თავისით ეღიმებოდა, უნებართვოდ. ეღიმებოდა ამ გოგოს საკუთარ სახლში დანახვაზე; ეღიმებოდა, როგორ
წითლდებოდა ნინა, როცა მანტოს ხდიდა;  ეღიმებოდა მის აციმციმებულ თვალებზე, ბუშტებს რომ უყურებდა; ეღიმებოდა მისი არსებობით ბედნიერს და უკვირდა, როგორ ძლებდა აქამდე ამ გოგოს გარეშე.
- ეს ყველაფერი ჩემთვის მოამზადე?
- არა, რა შენთვის! გოგო მყავს საძინებელში და... -თვალები აატრიალა ნინას შეკითხვაზე, შემდეგ კი გაეცინა და კიდევ ერთხელ მიიკრა გულზე.
- იქნებ არ მოვსულიყავი...
- ჰო, კი, როგორ არა! ლამის ბოტანიკური ბაღიდანვე გამომყევი.
- ნუ ხარ შენ საზიზღარი! - თვალები დაუბრიალა ჯაფარიძემ და მუცელზე უჩქმიტა.
- ერთი პირობა მაქვს. - უცბად დასერიოზულდა ნიკა. - მობილური გამორთე.
- იხუმრე, ხო? - გაეცინა გოგონას. - ასე ძალიან გინდა მამაჩემის გაცნობა?
- კარგი, რა. ისე აღწერ, მალე საერთოდ გადამაფიქრებინებ გაცნობას.
- გადაგაფიქრებინებ? ისე რა, აპირებდი?
- ოდესმე ხომ მაინც მომიწევს? ჰოდა, ვიფიქრე, წინასწარ დავათბობ ურთერთობებს-მეთქი. -ისე აიჩეჩა მხრები, თითქოს, რა არის გასაკვირიო, ნინამ კი, თავი ვეღარ შეიკავა, ორივე ხელით დაუჭირა ლოყები და სწრაფად აკოცა.
ზედმეტად არარეალურად ეჩვენებოდა ეს ყველაფერი. არარეალურად კარგად. რას წარმოიდგენდა, ასე თუ წავიდოდა ეს ამბავი? საყვარელი ბიჭის სახლში იყო და იმაზე საუბრობდნენ, როდის უნდა გაეცნო მამამისი... არა, მართლა სუპერარაორდინარული ისტორია გამოუვათ.
- ახლა კი, ქალბატონო, უკაცრავად, საქალბატონევ, პატივი დამდეთ და მომყევით, თუ შეიძლება! - თვალი ჩაუკრა ნიკამ, ხელი ჩაჰკიდა და ოთახის ცენტრისკენ წაიყვანა, სადაც დაბალფეხებიან, შუშის მაგიდაზე, რომანტიკული ვახშამი იყო გაწყობილი ორისთვის.
- გეფიცები, მგონია, რომ შეგცვალეს! - მაინც ვერ შეიკავა სიცილი, მეტრეველმა კი წარბებაწეულმა გადახედა და შემდეგ ფუმფულა პუფზე ანიშნა, დაბრძანდიო.
- რაღა დაგიმალო და, ჩემთვისაც ძალიან უჩვეულოა ეს ყველაფერი. - აღიარა ბოლოს და ჩაიფხუკუნა. - მაგრამ როგორმე გავუძლებ.
- რაო? აჰა, ესე იგი, გაუძლებ, ხო?
- ვიხუმრე! - სასწრაფოდ აღმართა ხელები, მიუხედავად იმისა, რომ ხუმრობა გულშიც კი არ გაუვლია. - მაგრამ ისე, სიმართლე მითხარი, ასე ძალიან რატომ გიჟდებით გოგონები სანთლის შუქზე ვახშამზე?
- ასეთი არარომანტიკული როგორ ხარ? - თვალები აატრიალა ნინამ. - ახლა მაგას კი არ უნდა მეკითხებოდე, ბოკალს უნდა მივსებდე! - თვალებით ანიშნა ღვინოზე და წარბები აუწია.
- როგორც თქვენ იტყვით! - გაეცინა მეტრეველს და მითითებას მიჰყვა. - მე კიდევ ვიფიქრე, ბავშვია, ვერ დავალევინებ-მეთქი.
- ხო, არა? - ჩაიფხუკუნა მაინც. - ანუ, როცა როგორ გვაწყობს?
- რა თქმა უნდა! - კიდევ ერთხელ ჩაუკრა თვალი და სასმისი რომ აიღო, ისევ დააფიქსირა ნინას გაკვირვებული მზერა.
- სადღეგრძელო უნდა თქვა?
- დიახაც!

- არ მჯერა!
- მაცადე, სანამ გადავიფიქრე! - გააფრთხილა თითის ქნევით, შემდეგ კი, ერთი ამოისუნთქა და დაიწყო. - ძალიან, ძალიან დიდი ხანია ეს სიტყვა არავისთვის მითქვამს. არ მრცხვენოდა გრძნობების გამომჟღავნების, უბრალოდ, არ ვთვლიდი საჭიროდ. არ ვგრძნობდი ისე, რომ მეთქვა; არ იმსახურებდნენ ისე, რომ მიეღოთ. შემდეგ, გამოჩნდა ერთი გოგო... - ცალყბად ჩაეღიმა და ქვემოდან ახედა. - ერთი შეხედვით ვიფიქრე, დიდი ვერაფერი, ჩვეულებრივი ბავშვია-მეთქი და... მანდ შევცდი ზუსტად! ბავშვი ეძახე და როგორ გადამიყვანა ჭკუიდან, იცი? ყველაფერზე ტიროდა! პირველად რომ ვაკოცე, ისტერიკა გამიმართა, როგორ გამიბედეო. მგონი, მაშინ მივხვდი, რომ მიყვარდა. შენი გაჩუმება ვერ მოვახერხე სხვანაირად და იმიტომ გაკოცე-მეთქი, კი ვუთხარი, მაგრამ უბრალოდ მომინდა და სურვილს რომ ახსნა ვერ მოვუძებნე, ამის გამო მოვიფიქრე ის სისულელე. იცი, როგორ ვცდილობდი შორს ყოფნას? გეფიცები, ნინა, ასე არასდროს არაფერი გამჭირვებია. და არც მიგრძვნია თავი ასე. არ ვთვლი, რომ საკმარისია ეს სიტყვა, მაგრამ... მიყვარხარ! ისე ძალიან მიყვარხარ, ხანდახან ვფიქრობ, რომ შემჭამს ეს გრძნობა, მაგრამ ამაზეც წავალ. უბრალოდ, მინდა, რომ სულ შენს გვერდით ვიყო. კი არ მინდა, მჭირდება, გესმის? არ შემიძლია სხვანაირად და მინდა ისიც იცოდე, რომ ყველაფერზე წავალ, ყველას წინააღმდეგ. - ბოლო სიტყვები განსაკუთრებით ხაზგასმით წარმოთქვა, ისე, რომ ნინასთვის წამითაც არ მოუშორებია მზერა და შემდეგ სისხლისფერი სითხე ერთი მოსმით გამოცალა.
- არ ვიცი, რა უნდა გითხრა... - ამოილუღლუღა გოგონამ. უჭირდა თვალების გასწორება და თვითონაც ვერ ხვდებოდა, რატომ. - არასდროს მიფიქრია, რომ შენნაირი ბიჭი შემიყვარდებოდა და საერთოდაც, ამ ასაკში შეყვარებას არც ვგეგმავდი... - ჩაეცინა და მაინც გაბედა ახედვა, მეტრეველი კი გაღიმებული უყურებდა. - იცი, როგორ მძულდი თავიდან? კლუბის ღამეს...

- მაგ ღამეს გადავწყვიტე, რომ გიჟი იყავი!
- მე კიდევ გადავწყვიტე, რომ ველური იყავი! - ენა გამოუყო გაბრაზებულმა. - და შემდეგ, ბაბუაჩვენების კონკურსზე რომ შეგხვდი, მეგონა, მითვალთვალებდი!
- მეტი საქმე არ მქონდა! - ახარხარდა ნიკა, თუმცა გოგონას თვალების ბრიალი რომ დააფიქსირა, ერთიღა ჩაიფხუკუნა და ანიშნა, ვჩერდებიო.
- არც საბილიარდოში? - ცალი წარბი აუწია, თუმცა ისევ გადაასხეს მდუღარე.
- რა სისულელეა! შენ აქამდე მასე გეგონა?
- აბა... კარგი, რა, რანაირად ამდენი დამთხვევა?
- შენი ბედი ვარ, ჩემო ნინიკო! - თვალი ჩაუკრა და საჭმელზე ანიშნა. - ჩემი გაკეთებული არ არის, შეგიძლია მიირთვა.
- მე კიდევ, ვიცი, კაცები უკეთესი მზარეულები არიანო... - ჩაეღიმა, თუმცა მაინც გადაიღო მექსიკური კარტოფილის რამდენიმე ნაჭერი.
- არა, ვამზადებ, უბრალოდ, პირველივე ჯერზე ვერ გავრისკე! - გაეცინა.
- წარმოდგენა რომ არ დამკარგვოდა?
- ნინა, როდის გახდი ასეთი მწარე?
- მას შემდეგ, რაც შენ ასეთი საყვარლად მორიდებული გახდი! - მხრები აიჩეჩა და ის იყო, გულუბრყვილო სახით უნდა მოესვა წვენი, რომ ბიჭი წამოდგა.
არ შეიმჩნია, როგორ გაჭირვებით გადაყლაპა ნერწყვი. იცოდა, რომ დიდხანს არ გასტანდა ეს დისტანცია. ფსიქოლოგიურად ემზადებოდა კიდეც ამ ყველაფრისთვის, თუმცა მაინც ფიქრობდა, რომ ჯერ კიდევ ჰქონდა დრო. მეტრეველი კი ისეთი თვითკმაყოფილი სახით უახლოვდებოდა, არამც თუ ფიქრი, სუნთქვაც კი დაავიწყდა წამიერად.
- რა? - ახედა თვალების ფახუნით, როგორმე რომ თავი დაეძვრინა, ბიჭმა კი პასუხად ტუჩები აატრიალა და თავი გაიქნია, არაფერიო, შემდეგ კი მისკენ დაიხარა და ისე, რომ სულ ოდნავ შეეხო ტუჩებით ყურის ბიბილოზე, დაბალი ხმით უჩურჩულა:
- იცეკვე ჩემთან...
მუხლებაკანკალებული წამოდგა. მხრებზე დაეყრდნო, მეტრეველმა კი წელზე მოხვია ხელი და ისე მიიკრა, გულითაც რომ სდომოდა, წაქცევას ვეღარ მოახერხებდა. გრძნობდა, რამხელა ძალას აძლევდა მისი არსებობა; გრძნობდა, რომ შეეძლო დაყრდნობოდა, ყოველთვის ჰქონოდა მისი იმედი, ყველაფერში. ახლაც, არც კი ესმოდა მუსიკა კარგად, ისე ახმაურდა გული, მაგრამ მაინც მიჰყვებოდა. ენდობოდა, თვალდახუჭული.
- ვგიჟდები შენს სურნელზე... - დაიჩურჩულა ნიკამ, მყუდროება რომ არ დაერღვია და მასზე მიკრულ გოგოს საფეთქელზე აკოცა.
- ნინა რიჩის „ნინა“...

- ნინა რიჩის კი არა, ჩემი ნინას სურნელზე, სულელო! - ჩაიფხუკუნა და კიდევ ერთი კოცნა დაუტოვა, ამჯერად ლოყაზე. არ ჩქარობდა, ნინას კი გული უკანკალებდა მოლოდინით.
- შენი სუნამოც ვიცი. - აჰყვა თვითონაც და თვალები მიეხუჭა, წელზე შემოხვეული ხელი უფრო რომ შემჭიდროვდა. - „BVLGARI AQUA”.
- დაკვირვებული გოგო ხარ. - ჩაეცინა. - ჩემი გოგო.
- მომწონს.
- რა? - ვერ მიუხვდა, ან არ მიუხვდა...
- როგორც ჟღერს შენი სიტყვები. - ბოლოს მაინც ვეღარ მოითმინა და ახლა თვითონ შეახო ტუჩები ყელზე, შემდეგ კი იგრძნო, როგორ დაეხორკლა ბიჭს კანი.
- ჯანდაბა, აღარ შემიძლია მეტი! - ამოიგმინა მოთმინებაგამოლეულმა და სწრაფად დააცხრა ტუჩებზე.
მართალია, საკუთარ თავს წინასწარვე ამზადებდა, რომ მაქსიმალურისთვის გაეძლო, მაგრამ ნინას ერთ შეხებასაც ჭკუიდან გადაჰყავდა. ავიწყდებოდა ყველანაირი გადაწყვეტილება, საღი აზრი და უძლური იყო გრძნობების წინაშე. ჰაერივით სჭირდებოდა ეს გოგო...
ვერც ნინასგან გრძნობდა წინააღმდეგობას და ამას უფრო გადაჰყავდა ჭკუიდან. რატომ უნდა გაჩერებულიყვნენ, თუ ამის სურვილი არაც ერთს არ ჰქონდა? უფრო მეტიც, გოგონამ სულ ოდნავ თმაზე რომ მოქაჩა, სრულიად საკმარისი გამოდგა მოთმინების ნაგლეჯების ნაგავში მოსასროლად. ზემოთ ასწია და გოგონაც მიუხვდა მინიშნებას, წელზე შემოხვია ფეხები და ტუჩზე იკბინა, როდესაც ნიკას კოცნებმა ამჯერად ყელზე გადაინაცვლა.
საერთოდ არ გეგმავდა არაფერს მსგავსს. იცოდა, რომ არც ეს იყო გამორიცხული, მაგრამ მაინც არ უნდოდა, ახლა კი... ახლა მხოლოდ ის უნდოდა, ეს ყველაფერი რაც შეიძლება მეტხანს გაგრძელებულიყო. ვერ შორდებოდა. არც დედამისის „ხომ არ გავიწყდება, რამდენი წლის ხარ“ ახსოვდა და არც საკუთარი მტკიცე გადაწყვეტილება, ამ თემასთან დაკავშირებით. ერთიანად აჰყვა სურვილებს და რამდენიმე წამში, სულ სხვა ოთახში რომ აღმოჩნდა და თანაც ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, არც კი გაჰკვირვებია.

ისე უკანკალებდა თითები, ძლივს მოახერხა, ნიკას მაისურის ბოლოს რომ ჩაბღაუჭებოდა, მაგრამ მეტი მაინც არაფერი გამოუვიდა და მეტრეველმაც სიცილით დააწყობინა ორივე ხელი თავზემოთ, მეორით კი თვითონვე დაამთავრა მისი დაწყებული საქმე და შემდეგ გოგონას დაუბრუნდა. ნინა ცოტათი წამოიწია კიდეც, რომ დახმარებოდა და ისე უცბად დარჩა ზედატანის გარეშე, გააზრებაც ვერ მოასწრო. გული ყელში მიებჯინა, შიშველ წელზე რომ შეეხო ცხელი თითები და ყურებში ისე უგუგუნებდა პულსი, ეგონა, მთელ ოთახში ისმოდა. მისი სხეულიც სასწაულად რეაგირებდა. ჯერ ერთიანად გაიყინა, შემდეგ კი ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს ცეცხლი წაუკიდეს. მეტრეველიც, კოცნებით რომ დაუყვა მუცელზე, ეგონა, მეტს ვეღარ გაუძლებდა, ახლა ყველაფერზე თანახმა იყო, საერთოდ ყველაფერზე...
- ნინა, არ მინდა, რომ ინანო... - ძლივს ამოთქვა ნიკამ. გული ისეთი აჩქარებული ჰქონდა, ვერც სუნთქავდა წესიერად. ერთადერთი, რაც ახლა მის გაჩერებას შეძლებდა, ნინას უარი იყო, თუმცა კი, ვერც გარკვეულიყო ბოლომდე, უნდოდა თუ არა ახლა უარყოფითი პასუხის მოსმენა.
- შენთან ერთად, არ ვინანებ... - ნაწყვეტ-ნაწყვეტ უპასუხა ნინამაც და უკვე ბიუსტჰალტერის შესაკრავთან გრძნობდა ბიჭის თითებს, ჯინსის ჯიბეში რაღაც რომ აზანზარდა.
აზანზარდა და აღარ გაჩერდა. ისე თავგამოდებით მღეროდა სტივ ჯობსის ქმნილება, იფიქრებდით, მიზნად განიზრახა ყველაფრის ჩაშლაო. რატომ არ დაუჯერა ნიკას, როცა სთხოვა, მობილური გათიშეო?
- ან უპასუხე, ან გამორთე, თორემ საერთოდ გადაგიგდებ! - ამოიგმინა მეტრეველმა და გოგონამაც სასწრაფოდ რომ ჩაიცურა ჯიბეში ხელი, ის იყო, გასათიშად აპირებდა სენსორისთვის თითის გადასმას, ეკრანს რომ დახედა და... გაიყინა.
- ვერ გავუთიშავ... - ამოილუღლუღა ხმაარეულმა და ახლა მისკენ შეატრიალა ეკრანი.
- ჰმ, იგრძნო ეტყობა! - თვალები აატრიალა ნიკამ და უკმაყოფილო სახით გადაწვა გვერდით, თუმცა ბოლოს მაინც ჩაეცინა. - მიდი, ჰა, რაღას უცდი? - მუცელზე უჩქმიტა და მზერით ტელეფონზე ანიშნა, ნინამ კი თვალები დაუბრიალა და შემდეგ ჩაახველა, რომ როგორმე ხმა დაერეგულირებინა.
- მამა! - უპასუხა ზედმეტად „აღფრთოვანებულმა“ და ბიჭმა პირზე აიფარა ხელები, რომ არ ახარხარებულიყო.
- რას აკეთებ, მა, სად ხარ? - დაღლილი ხმა ჰქონდა სანდროს.
- ბავშვებთან... - მოიტყუა ერთიანად აწითლებულმა და ტუჩზე იკბინა. ახლა მხოლოდ იმასღა ნატრობდა, საკუთარი თავი თვითონვე არ გაეყიდა დაბნეულობით.
- უი, სახლში ხარ?
- არა, ჩემს ბავშვებთან ვარ... რამე მოხდა?
- არა, უბრალოდ დღეს ადრე წამოვედი და მინდა სადმე გაგიყვანოთ, ოღონდ დედაშენს, რა თქმა უნდა, სიურპრიზად ვუტოვებთ, სად მივდივართ! - შეთქმულის ხმა გაუხდა და ნინამ ისეთი საწყალი თვალებით გახედა მეორე მხარეს წამოკოტრიალებულ მეტრეველს, ბიჭი მაშინვე მიხვდა, დაწყებულის გაგრძელება რომ არ ეღირსებოდა.
- თუ გინდა, ლიზიკოს და ანდრიას დავიტოვებ და შენ და დედა მარტო წადით.
- არა, მა, ამჯერად ყველა ერთად მინდა რომ წავიდეთ. „Lakers”-ის თამაშია დღეს და რამდენი ხანია, ტრიბუნებიდან არ გვიგულშემატკივრია? შემდეგ ბურგერები ვჭამოთ! - ისეთი აღფრთოვანებით საუბრობდა, უნამუსო უნდა ყოფილიყო ნინა, უარი რომ ეთქვა. ვერ მოიმიზეზებდა, მეგობრებთან უკეთეს დროს ვატარებო. არასდროს გაუკეთებია ასეთი რაღაც და მიუხედავად იმისა, რომ სურვილი საშინლად დიდი ჰქონდა, ვერც ახლა მოიქცეოდა ასე.
- კარგი, პირდაპირ იქ მოვიდე?
- ასე არ გეთმობიან შენი მეგობრები? - ჩაეცინა სანდროს და გოგონასაც ერთიანად გააცია. ნეტავ, რამეს ხომ არ მიხვდა?
- არა, არა, დრო რომ არ დავკარგოთ, უბრალოდ.
- მდაააჰმ... კარგი, მოდი მაშინ შენით, ოღონდ იცოდე, ზუსტად ერთ საათში შესასვლელთან იყავი!
- კარგი, მა, მიყვარხარ! - წამოიძახა ზედმეტად გახარებულმა იმით, რომ ამჯერადაც გადარჩა. - და ჩემი კეპი წამომიღეთ! - შემდეგ კი შვებით ამოისუნთქა, სიცილი და წყვეტილი ზუმერი რომ გაიგონა და გამოწურულივით დაემხო საწოლზე.
- ტელეპათია თუ სათვალთვალო კამერა დაგიყენა, ასე ზუსტ დროს რომ დარეკა? -ჩაიდუდღუნა ნიკამ, წელზე მოხვია ხელი და მარტივი მოძრაობით დაიწვინა ზემოდან.
- იმედია, ტელეპათია... - ჩაეცინა ნინას და თვალი ჩაუკრა. - მაპატიე, კარგი?
- შემდეგში მობილურს გამორთავ! - უპასუხა სერიოზულად და წამოჯდა, რის შედეგადაც ნინა მის კალთაში აღმოჩნდა. - ჯანდაბა, ასე როგორ გაგიშვა? - სასოწარკვეთილი მზერით შეათვალიერა, განსაკუთრებით დიდხანს კი მაქმანებიან ბიუსტჰალტერზე შეაჩერა მზერა და კიდევ ერთხელ ამოიღმუვლა.
- მამაჩემს მოსთხოვე პასუხი! - გაეცინა გოგონას, მოწყვეტით აკოცა და სწრაფადვე გადაძვრა, რომ სვიტერი მოეძებნა...


* * *
მეორე დილით თავი ძლივს ასწია ბალიშიდან ნინამ, სკოლისთვის რომ მომზადებულიყო. იმდენად დატვირთული და ემოციური იყო წინა საღამო, გადაღლის მიუხედავად, მაინც დიდხანს იწრიალა საწოლში. თან ნიკას ემესიჯებოდა, თამაშის ამბებს უყვებოდა და ცდილობდა, შიგადაშიგ შეპარებული ზედმეტად სასიამოვნო, მაგრამ არც ისე წესიერი შეტყობინებებისათვის ყურადღება არ მიექცია. ყურებამდე იყო გაკრეჭილი და ამასაც მხოლოდ მაშინ მიხვდა, ყბები რომ ეტკინა. მანამ ვერ მორჩნენ საუბარს, სანამ მზემ არ დაიწყო ამოსვლა. მაშინაც ნინას ჩაეძინა, თორემ მეტრეველი კიდევ ვერ ელეოდა, აგანაზღაურებინებ ამ საღამოს, ასე საცოდავად რომ დამტოვეო, „ემუქრებოდა“.
როგორ ძალიან უნდოდა ნინას, სკოლაში რომ მას წაეყვანა... პირდაპირ ჭამდა თვითმაყოფილება, როდესაც მეგანის სახეს წარმოიდგენდა, მაგრამ იცოდა, რომ შეუძლებელი იყო... მაგ ჭკუაზე იყო ზუსტად სანდრო, საკუთარი სახლიდანვე გაეტანებინა შვილი სრულიად უცხო ბიჭისთვის! ეჰ, ნინა, დროა შეეშვა მაგაზე ფიქრს...
- დილა მშვიდობისა! - გაუღიმა დას და დედას, სამზარეულოში რომ შევიდა. - მამიკო წავიდა?
- კი, შეგიძლია დაიწყო მოყოლა! - თვალი ჩაუკრა ანიკამ და ყავა დაუსხა, ლიზიკომ კი სასაცილოდ ააკვარკვალა თვალები. აქამდეც ძლივს უნახავდა საიდუმლოს უფროს დაიკოს, ახლა კი, ძლივს მოახერხა, რომ არ ატლიკინებულიყო.
- მე არაფერს ვიტყვი... - წამოიძახა ბოლოს მაინც და ორივე გააცინა.
- შენ ძალიან კარგი გოგო ხარ, დე, მაგას როგორ ვიფიქრებდით!
- ჰო, აქამდეც ხომ არაფერი მითქვამს!
- აჰა, ანუ მე გავიგე ბოლომ? - თვალები დაქაჩა ანიკამ.
- ნწ, ბოლოსწინამ...
- მოიცა, ანდრიამაც იცის?
- ერთხელ დაგვინახა, სახლამდე მომაცილა და...
- როგორ დააშინე ბავშვები ასე?
- არ დამიშინებია! - სასწრაფოდ გააპროტესტა. - ჩემი მეთოდები გამოვიყენე.
- და მე როდის უნდა გამაცნო, პატარა შანტაჟისტო?
- კარგი, რა, დე! ჯერ ძალიან ადრეა.
- მე წაგიყვან სკოლაში.
- ხომ გითხარი, დიდია, არ სწავლობს ჩვენთან.
- ეგ არაფერი, ხომ შეიძლება გაკვეთილების შემდეგაც მოვხვდე სრულიად შემთხვევით მანდ?
- დედიკო, რა მაგარი მანქანა ჰყავს, იცი? - თვალები აუციმციმდა პატარა ჭორიკანას. - დიდი და თეთრი!
- დე, სახელიც ხომ არ იცი? - მიხვდა ანიკა, საიდანაც უნდა შემოევლო, ნინას კი ცოტაღა უკლდა, ყურებიდან ბოლი რომ არ გაეშვა.
- მე თვითონ გეტყვი! - თვალები აატრიალა ბოლოს. - ოღონდ არ იჩხუბო, აქამდე რატომ არ მითხარიო.
- ნინა, უკვე მაეჭვებ...
- ქართველია. - თქვა სწრაფად და ყავა მოსვა, დრო რომ გაეწელა, ანიკას თვალებმა კი შუბლისკენ გადაინაცვლეს. - ნიკოლოზ მე... - სიტყვა შუაზე გააწყვეტინა დედის ამღერებულმა მობილურმა და ცოტა არ იყოს, შვებითაც ამოისუნთქა, ქალმა კი გაბრაზებულმა უპასუხა, თუმცა მალევე შეეცვალა სახე.
- რა მოხდა, დე? - შეშფოთდა ნინაც.
- სასწრაფოდ უნდა წავიდე. დაგტოვებთ სკოლასა და ბაღში და უნდა გავიქცე! - მიაყარა ანერვიულებულმა.
- დედა, მშვიდობაა?
- ჩემმა პაციენტმა თვითმკვლელობა სცადა. - ამოთქვა აკანკალებულმა და ბავშვებს ანიშნა, რომ დაეჩქარებინათ. ნინამ კი, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც იცოდა, რომ ასე ადვილად ამ საუბარს ვერ გადაურჩებოდა...


* * *
ძლივს გაძლო გაკვეთილების დასრულებამდე. საერთოდ ვერაფერს უდებდა გულს, მასწავლებლებსაც კი ვერ უსმენდა წესიერად, მობილურში უფრო იყო ჩამძვრალი. რამდენჯერმე მიამ მხარიც კი გაჰკრა და ჩუმად გაუმეორა მასწავლებლის შეკითხვა, რომ არ ჩაფლავებულიყო. არა, აშკარად ცუდად მოქმედებს ეს ბიჭი მასზე.
- როდის აპირებ, რომ წესიერად მოგვიყვე, ძალიან მაინტერესებს! - თვალები აატრიალა ლილიმ, სკოლიდან რომ გამოდიოდნენ. მხოლოდ გადაკვრით ახსენა ნინამ, მარტოხელების კლუბს გამოვეთიშეო, შემდეგ კი ისეთი მიამიტი სახით შეატრიალა თავი მასწავლებლისკენ, თითქოს მართლა უსმენდა.
- ამიფეთქა გუშინ ამისმა ბიჭმა მობილური! - აჰყვა ქეითიც. - ვიფიქრე, იჩხუბეს-მეთქი და თურმე რა ამბავი ყოფილა?
- ლიამიც გიჟს ჰგავდა, მოსაკლავი მყავს ნინაო! - სასხვათაშორისოდ წაილაპარაკა მიამ, მაგრამ მაშინვე მისკენ შეტრიალდა ყველა.
- ლიამიო? როგორ, როგორ? - წარბები აათამაშა ლილიმ. - კიდევ შეხვდით იმ ვახშმის შემდეგ?
- კინოში ვიყავით...
- ეს რა საზიზღარია, ნახეთ, რა! აქამდე არ უნდა გეთქვა, გოგო? - წამოენთო ნინაც.
- შენ საერთოდ როგორ იღებ ხმას! - შეუტია ქეითმა.
- კარგი, კარგი, ვნებდები! როდის შევიკრიბოთ?
- ხვალ საღამოს, ჩემთან! - წარბები აათამაშა მიამ და გოგონებსაც მოეწონათ მისი იდეა. იმდენი ჰქონდათ დაგროვილი, ნამდვილად ღამეს გაათენებდნენ ჭორაობაში.
- ოუ, ვიღაცას ელოდებიან... - წაუსტვინა ქეითმა და ნინას მხარი გაჰკრა, გოგონამ კი, მის მზერას თვალი რომ გააყოლა...
ყურებამდე გაეწელა ტუჩები. თავი ისეთი ფილმის გმირი ეგონა, როგორში მონაწილეობაზეც ქვეცნობიერად თითქმის ყველა გოგო ოცნებობს. სკოლის წინ შეყვარებული ელოდა მანქანაზე მიყუდებული. თავი ვერ შეიკავა, რომ არ გასცინებოდა, მაგრამ მალევე დააფიქსირა, როგორ ჩაუფრიალა ცხვირწინ ქერა თმამ. თვალებიდან ნაპერწკლები გაყარა მეგანის დანახვისას. რა უფლებით? ისეთი შემართებით მიდიოდა ნიკასკენ, ეჭვიც კი არ ეპარებოდა იმაში, რომ მას მოაკითხა. ღმერთო, ახლა რომ აკოცოს...
- ნინა, რამე გააკეთე! - შეუბღვირა ლილიმ, რომ გამოეფხიზლებინა, თუმცა მაინც პარალიზებულივით იდგა. რა გაეკეთებინა? წინ გადაესწრო, თავი დაანებე, ჩემთან მოვიდაო?
გონს მხოლოდ მაშინ მოეგო, ნიკა რომ მანქანას მოშორდა. ისეთი სახით უახლოვდებოდა, ქვედა ტუჩზეც კი იკბინა, რომ არ გასცინებოდა, როცა მეგანს ჩაუარა გვერდი. დიახაც! სრული უგულებელყოფით გაუარა, შემდეგ კი, ნინასთან მივიდა, გოგონებს მიესალმა, მისი მზერის მთავარ ობიექტს კი თვალი ჩაუკრა და ისე გადახვია ხელი...




* * *
გამწარებული მართავდა მანქანას. შემთხვევის ადგილის სახელი გაიგო თუ არა, თითქოს დენმა დაარტყა. არა, რა თქმა უნდა, ყველა საქმე მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ამან მაინც განსაკუთრებულად იმოქმედა. მხოლოდ მაშინ დამშვიდდა, ნინას რომ დაურეკა და გაიგო, სკოლაში იყო. ხშირად დადიოდნენ ხოლმე ის და მისი მეგობრები ამ საბილიარდოში. არც თვითონ გასჩენია წინააღმდეგობის სურვილი არასდროს. რეპუტაციაც კარგი ჰქონდა და დაცვაც არ ჰყავდა ურიგო. ბოლოს და ბოლოს, შვილს ყველგან წასვლას ხომ არ აუკრძალავდა იმის შიშით, რამე არ მოუვიდესო? ახლა კი, გაიგო თუ არა, „სოლასში“ გასულ ღამეს საშინელი სისხლიანი გარჩევა მოხდაო, მაშინვე დაავლო საქმის საქაღალდეს ხელი და თვითონ წავიდა ყველაფრის გასარკვევად.
მანქანა პარკინგზე გააჩერა თუ არა, მეორე „აუდიც“ მაშინვე მიუსრიალდა გვერდით. სიმართლე ითქვას, უჭირდა ლოდინი, მაგრამ ბიჭების გარეშე შესვლაც არ გამოდიოდა. ბოლოს და ბოლოს, მარტო თვითონ ხომ არ უნდა გამოეძიებინა.
ადგილობრივი პოლიცია უკვე მუშაობდა და ისეთი დამჟავებული სახეები მიიღეს ფედერალური ბიუროს ჟეტონის დანახვისას, თითქოს საზარდულში ამოარტყეს წიხლიო. მხოლოდ მითი კი ნუ გგონიათ პოლიციისა და „FBI”-ს ფარული მტრობის ამბავი. ძალიანაც მართალია სინამდვილეში. არც გაემტყუნებათ. როგორია, საქმის გამოძიება დაიწყო და ამ დროს დაგაყენონ თავზე სხვა, თქვენ თავისუფლები ხართ, ესენი უკეთ მიხედავენო. ჰოდა, შერიფმაც, შესაბამისად, გაღიზიანებულმა მიაჩეჩა სანდროს საბუთები ხელში.
- იმ ადამიანების სახელები და გვარებია, ვინც გუშინ მოკლეს. არც ერთი არ არის თანამდებობის პირი ან არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი. ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან.
- მეეჭვება, ასე იყოს, მაგრამ მაინც გმადლობთ. - გაუღიმა სანდრომ. - შეგიძლიათ დამშვიდდეთ, ჩვენ ყველაფერს მივხედავთ! - შემდეგ კი ბიჭებს ანიშნა, დაიწყეთო და თვითონ უფროსის კაბინეტის კარი შეაღო.
- როგორც იქნა! კიდევ კარგი, თქვენ მოხვედით! - სავარძლიდან წამოფრინდა ანერვიულებული კაცი და სანდროს ღონივრად ჩამოართვა ხელი.
- არ ინერვიულოთ, ყველაფერი ძალიან მალე მოგვარდება და არც თქვენ დაგემუქრებათ საფრთხე. ჩვენების მიცემა რომ მოგიწევთ, ალბათ, უკვე იცით, ხომ ასეა?
- კი, რა თქმა უნდა. ყველაფრისთვის მზად ვარ. მოვყვები, რა და როგორ იყო, რაც საჭირო იქნება, ყველაფერს გავაკეთებ. თუ გინდათ, საგადასახადოს ქვითრებსაც კი გამოგიტანთ!
- ძალიან კარგი, მაგრამ პირველ რიგში, ერთი პატარა სათხოვარი მექნება... - თვალები ოდნავ დააწვრილა, ნიკაპზე ხელი მოისვა, შემდეგ კი, როდესაც კაცმა თავი დაუქნია, გისმენთო, ისეთი ხმით წარმოთქვა, აშკარად იცოდა, საიდან უნდა დაეწყო საქმის გახსნა. -სათვალთვალო კამერებით გადაღებული ბოლო ერთი თვის ჩანაწერები მჭირდება, როგორც ყველა დარბაზის, ასევე თქვენი კაბინეტის, გარეთა ტერიტორიის და პარკინგის! დარწმუნებული ვარ, აუცილებლად ვიპოვი რაიმე საინტერესოს...

ნათია ჯაგოდნიშვილი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93