- სად მივდივართ, მაინც არ მეტყვი? - პატარა ბავშვივით წუწუნებდა ნინა, უკვე, დაახლოებით, თხუთმეტი წუთია, მაგრამ მაინც ვერაფრით დასტყუა ინფორმაცია.
- რომ შემოგხედავს ადამიანი, იფიქრებს, ჭკვიანი გოგოაო და სიურპრიზის მნიშვნელობა რატომ არ გესმის? - ჩაეცინა ცალყბად და არც მაშინ დანებებულა, მხარზე ჩქმეტა რომ იგრძნო.
- შენ როდის მერე ხარ ასეთი საზიზღარი?
- როდის არ ვიყავი? - ისე გულწრფელად შეიცხადა, გოგონას სიცილი აუტყდა. რას ამბობდა ტყუილს? არც არაფერს! პირიქით, ზედმეტად რეალური თვითშეფასება ჰქონდა.
- მითქვამს, რომ ვერ გიტან?
- კი, ბევრჯერ!
- ნიკა, გთხოვ... - კიდევ ერთხელ სცადა და ამჯერად თვალების ფახულიც მოიშველია, მაგრამ მაინც არაფერი გამოუვიდა. ბიჭს მანამდე ვერ დააცდენინა სიტყვა, სანამ დანიშნულების ადგილას არ მივიდნენ. ეს დანიშნულების ადგილი კი, ცოტა არ იყოს, ეუცნაურა.
ბოლომდე ეგონა, რომ უბრალოდ აქ დააპარკინგეს მანქანა და სხვაგან აპირებდნენ წასვლას. ეგონა კიდეც და თან ძალიან უნდოდა. არა, ეს როგორ? ხომ იცის მისი დამოკიდებულების შესახებ?
- გთხოვთ, მილედი! - ნიკამ კარი რომ გაუღო და რევერანსი გაუკეთა, სანამ ხელს გაიწვდიდა, ძლივს აიძულა საკუთარი თავი, აბრისთვის რომ მოეშორებინა მზერა.
- ნიკა, დამცინი? - მაინც ვერ შეიკავა თავი.
- არა, უბრალოდ მინდა, რომ დამიჯერო.
- და რა საჭირო იყო აქ მოსვლა? - ამოიკნავლა საწყლად, თუმცა მაინც გადავიდა.
- შენი შიშების გასაქრობად.
- შიგნით ვერ შემოვალ!
- შემოხვალ, როგორ ვერა! - გაუცინა და ხელი მოხვია, მაგრამ ჯაფარიძე მაინც არ აპირებდა დანებებას.
- მართლა არ შემიძლია. ხომ იცი, როგორ მეშინია, არა? რატომ მაძალებ?
- ზუსტად მაგიტომ, ნი. თან, რისი გეშინია? მე აქ ვარ, ისინი კი საერთოდ არ არიან საშიშები.
- ეგ შენთვის! აბა, მე მკითხე...
- უბრალოდ მენდე, კარგი? ხომ იცი, ისეთს არაფერს გაგაკეთებინებ, რაც ოდნავ მაინც შეგიქმნის საფრთხეს. - დამაჯერებლად ჟღერდა ნიკას ტონი და მის თვალებშიც იმხელა მონდომება იკითხებოდა, უნამუსო უნდა ყოფილიყო ნინა, უარი რომ ეთქვა.
პრინციპში, არც არაფერი დაშავდება, რომ დაუჯეროს და სცადოს. აბა, როდემდე უნდა ეშინოდეს? შიში ყოველთვის მართავს ადამიანს, მას კი სულაც არ სურს, რაღაცამ ისე შეუბოჭოს ხელ-ფეხი, განძრევაც რომ ვერ შეძლოს.
- მზად ხარ? - მაინც ჰკითხა მეტრეველმა, გოგონამ კი, საბოლოოდ, გაუბედავად რომ დაუქნია თავი, მხოლოდ მას შემდეგ შეაღო ძაღლების თავშესაფრის ჭიშკარი.
ისე ეშინოდა ნინას, პატარა, დაუცველი ბავშვივით ებღაუჭებოდა ბიჭს ხელზე. მაშინ საერთოდ გული გაუჩერდა, რამდენიმე ძაღლი ერთდროულად რომ გამოვარდა ყეფით და გარშემო შემოეხვივნენ. ნიკას დანახვისას მაშინვე შეწყვიტეს ყეფა და წკმუტუნსა და კუდის ქნევაზე გადავიდნენ. წინა ორი ფეხით შეახტნენ და ისე შესციცინებდნენ, როგორც ძველ მეგობარს.
- ეს ვინ მოსულა! - გახარებულმა შესძახა შენობიდან გამოსულმა კომბინეზონიანმა უცნობმა და ხელი ასწია მისალმების ნიშნად.
- როგორ ხარ, ჯეფ? - დაუძახა ბიჭმაც, შემდეგ კი, ნინას ანიშნა, წამომყევიო.
- ჩვენ რა გვიჭირს, შენ დაგვეკარგე!
- ჰო, ვეღარ მოვიცალე, საქმეები მქონდა... გაიცანი, ეს ნინაა, ჩემი შეყვარებული. - და გოგონას თითქოს გული დაუდნა და ერთიანად ჩაეღვარა სხეულში ამ სიტყვების მოსმენისას. პირველად ირგებდა ამ სტატუსს და მით უმეტეს, პირველად აცნობდნენ ვიღაცას ასე, ეს ყველაფერი კი ისეთი სასიამოვნო იყო, კინაღამ თვალებიც კი მიეხუჭა ნეტარებისგან. - ნინა, ეს ჯეფია, ამ თავშესაფრის მეპატრონე.
- სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, - გაუღიმა თბილად, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ მოეშვა. ცხოვრებაში პირველად იყო ამდენი ძაღლის გარემოცვაში.
- ძაღლების ეშინია... - სასხვათაშორისოდ წაილაპარაკა მეტრეველმა, კომბინეზონიანს კი წარბები შუბლზე აუვიდა.
- ბავშვობაში გიკბინეს?
- არა... უბრალოდ მეშინია...
- ჰოდა, მინდა, რომ შიგნით შევიყვანო. პრობლემა ხომ არ იქნება?
- შენთვის არა, - გაუღიმა კაცმა, შემდეგ კი ხელით ანიშნა, მიბრძანდითო და მიუხედავად იმისა, რომ ნინას ფეხები უკან რჩებოდა, მაინც დაატანა თავს ძალა, გაჰყოლოდა.
არასდროს ჰქონია ძაღლებთან კონტაქტი. ისიც არ იცოდა, რატომ ეშინოდა. უბრალოდ ეშინოდა და მორჩა! რომ გეკითხათ, რა დაგიშავესო, ვერაფერს გიპასუხებდათ. ახლა კი, ისე უკანკალებდა მუხლები, ნიკას ასე ძლიერად რომ არ ჰყოლოდა მიკრული, ალბათ, ადგილზევე ჩაიკეცებოდა. შენობაში კედლის გაყოლებაზე უამრავი ვოლიერი იყო ჩამწკრივებული, შიგნით ხის სახლებით და რკინის ჯამებით, საკვებისა და წყლისათვის, მაგრამ ბედად, არც ერთი ძაღლი არ იყო შიგნით! თითქოს განგება დასცინოდა ნინას. მაინცდამაინც მაშინ იყვნენ გამოშვებულები, როცა მივიდა. თუმცა, ალბათ, ესეც მეტრეველის გეგმის ნაწილს წარმოადგენდა.
- ნიკა, გეფიცები, ცოტაც და გული გამისკდება... - ამოიკნავლა ბოლოს.
- დამიჯერე, ნი, არაფერს დაგიშავებენ. ადრენალინს რომ გამოყოფ, იმიტომ დაგეხვივნენ.
- შენ საიდან იცი ამდენი?
- მოხალისედ ვმუშაობ. - მხრები აიჩეჩა, ვითომც არაფერიო და შემდეგ დარბაზის ბოლოში გაწოლილ გერმანულ ნაგაზს დაუძახა. - ლედი, მოდი ჩემთან, ჩემო გოგო!
ნინას მაშინაც კი არ განუცდია იმხელა შიში, ტყეში რომ აღმოჩნდა ძაღლების წინაშე პირისპირ. ახლა კი, საკუთარი ნებით შეყო თავი ხაფანგში. გულისცემას უკვე მხოლოდ საფეთქლებში კი არა, მთელი სხეულით გრძნობდა, ძაღლი რომ მიუახლოვდათ და წინა თათები ძმაკაცივით დააწყო ნიკას მხრებზე. ღმერთო, რამხელაა!
- ათი წლისაა და აქედან რვა წელია თავშესაფარში ცხოვრობს...
- რატომ?
- პატრონებს შვილი გაუჩნდათ და გამოუშვეს, - გაღიზიანება შეერია ხმაში, შემდეგ კი ჩაიმუხლა და ისე დაუწყო მოფერება ჭკვიან ცხოველს. - არ გინდა შენც სცადო?
- მეშინია...
- ნი, გეფიცები, მართლა არაფერს დაგიშავებს, უბრალოდ თვალებში არ შეხედო, ეგონება, რომ რამეს უბრძანებ და გაბრაზდება. ჯერ არ გიცნობს... - წარმოთქვა პროფესიონალივით და გოგონაც საბოლოოდ დაჰყვა მის ნებას. გულში ლოცულობდა, ლედის წინ რომ ჩაიმუხლა. ისე ეშინოდა, ეგონა, სულ ოდნავადაც რომ შეხებოდა, უხელოდ დარჩებოდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, შეცდა. ძლივს გაიწვდინა ხელი, თუმცა თავზე შეხება მაინც ვერ გაბედა და ბეწვიან ზურგზე მიეფერა. ისეთი თბილი იყო! წინა ფეხებით კიდევ უფრო ახლოს მიიჩოჩა და თვალებიც მილულა.
- რა საყვარელია! - გულწრფელად აღმოხდა ნინას და ახლა თავზეც გადაუსვა ხელი. ისე გათამამდა, თვითონაც ვერ იჯერებდა. ჰმ, დაწყებაც ასე უნდა, გერმანული ნაგაზით!
საათზე მეტით დარჩნენ თავშესაფარში. გოგონას ისე მოეწონა იქაურობა, წამოსვლაც აღარ უნდოდა. იმდენი ეფერა ძაღლებს, მათი ისტორიების მოსმენისას კი ისე აუჩუყდა გული, ერთი-ორჯერ წაუტირა კიდეც. ვერ იჯერებდა, რომ ადამიანს შეეძლო ქუჩაში გაეგდო ძაღლი, რომელთანაც ათი წელი გაატარა, მხოლოდ იმის გამო, რომ დაბერდა ან დაბრმავდა. ისეთებიც ჰყავდათ, ქუჩაში რომ იპოვეს და მოიყვანეს, მაგრამ ძირითადად, მაინც პატრონებისგან მიტოვებულები იყვნენ.
- ღამით ვოლიერებში არიან?
- კი, ასე უფრო უსაფრთხოა. ზოგს საერთოდაც არ უნდა გამოსვლა.
- ყოველთვის მეგონა, რომ აჭარბებდნენ, მაგრამ მართლა ძალიან სევდიანი თვალები აქვთ... - ჩურჩულით წარმოთქვა, როცა მიხვდა, რომ ხმას ვერ დაიმორჩილებდა, შემდეგ კი ცივ მინას მიაყრდნო თავი.
ისე გაუჭირდა ძაღლებთან დამშვიდობება, წამოსვლის მომენტიდან ეტირებოდა, მაგრამ ცდილობდა, არ შეემჩნია. ახლა კი, მაინც ვერ მოითმინა და ლოყებზე ცრემლები რომ ჩამოუვიდა, იგრძნო, როგორ ახლართა ნიკამ მის თითებში საკუთარი.
არაფერი უთქვამს, არც ცრემლები მოუწმენდია, იცოდა, რომ ნინას ახლა ეს სჭირდებოდა. ემოციებისგან დაცლა, გათავისუფლება. მხოლოდ მაშინ ვერ იტანდა მის ტირილს, როცა რაღაც აწუხებდა, ახლა კი ის უფრო გაუკვირდებოდა, რომ არ ეტირა. კარგად იცოდა, როგორი სუსტი გულიც ჰქონდა ასეთ ამბებში.
- სიმართლე გითხრა, არ მეგონა, აქ თუ მუშაობდი. - აღიარა ბოლოს.
- არ მიკვირს, შენს ადგილას მეც ვიფიქრებდი, რომ ისეთ ზესიმპათიურ და სექსუალურ ბიჭს, როგორიც მე ვარ, მხოლოდ მოდელად ან სტრიპტიზის მოცეკვავედ შეუძლია მუშაობა.
- მე უფრო კაცი გამოძახებით მეგონე! - ჩაიფხუკუნა ნინამ.
- ჰო არა? და რატომ არ გამომიძახე?
- მე კაცებში ფულს არ ვიხდი, ძვირფასო... - თვალი ჩაუკრა და ტუჩი მოიკვნიტა, კიდევ რომ არ გასცინებოდა, თუმცა მეტრეველმა ისე ამოიოხრა, მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა.
- საშინლად ბოროტი ბავშვი ხარ!
- რა ჩემი ბრალია, შენ ნებისყოფა არ გივარგოდეს.
- ნინა, გეყოფა!
- რა ვქნა, ძნელია, როდესაც გვერდით ასეთი ზესიმპათიური და სექსუალური ბიჭი მიზის! - საკუთარი სიტყვები გაუმეორა და ნიკას გაფართოებული თვალების დანახვისას, ხმამაღლა აკისკისდა. საოცარი თვითკმაყოფილების შეგრძნება ეუფლებოდა, როცა მასზე ასე მოქმედებდა...
* * *
ძლივს მოახერხა, მეგობრის სახელი რომ მოეძებნა კონტაქტებში. ისეთი გაცოფებული, უფრო მეტად კი, შოკირებული იყო, აზროვნებაც უჭირდა. ვერ იჯერებდა, ასე რომ გაიგო ყველაფერი.
- დენ, გთხოვ, ჩემთან შემოდი... - მიაყარა ყოველგვარი შესავლის გარეშე და მობილური ისევ მაგიდაზე დააბრუნა. არა, ეს როგორ დაუმალა?
- რა მოხდა, მშვიდობაა? - ნახევარი წუთიც არ იყო გასული, დენიელმა კაბინეტის კარი რომ შეუღო.
- რაღაც უნდა გაჩვენო.
- ფერი არ გადევს, სანდრო, რა ხდება? - შეშფოთდა დენიც.
- ამას შეხედე და მითხარი, რომ დავბერდი, სათვალე მჭირდება და მოჩვენებები დამეწყო, გთხოვ. - ამოიოხრა და კიდევ ერთხელ ჩართო ჩანაწერი, რომელსაც უკვე ერთი საათია გადაბმულად ატრიალებდა...
- შანსი არ არის... - აღმოხდა დენს. - კიდევ ერთხელ ჩართე! - და სანდროც უსიტყვოდ დამორჩილდა.
- მეორე ჩანაწერსაც გაჩვენებ... - წარმოთქვა ჩამწყდარი ხმით და გარეთა კამერის გადაღებული ვიდეო ჩართო, თვითონ კი ფეხზე წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა.
- სანდრო, ვინ არის?
- ახლა ვარკვევ.
- ჯერ რომ ნინას დალაპარაკებოდი?
- ნინას მხოლოდ მას შემდეგ დაველაპარაკები, რაც იმ ტიპის სრული დოსიე მედება მაგიდაზე! არა, ეს როგორ გამიკეთა?
- კარგი, რა! პატარა ხომ აღარ არის? თექვსმეტი წლისაა, მაგის ტოლ გოგოებს...
- დენიელ, ნუღა მიმატებ! - იფეთქა, როდესაც მიხვდა, რის თქმასაც აპირებდა მეგობარი. ამის გაფიქრებისასაც კი ძარღვები ასკდებოდა.
- ისე, როგორ მოგივიდა, რომ ვერაფერი შეამჩნიე?
- არა, კი ვხვდებოდი, ამ ბოლო დროს რომ უცნაურად იქცეოდა, მაგრამ... შეყვარებულს ამ ასაკში ნამდვილად არ ველოდი...
- სანდრო, აჭარბებ! ანიკა ჩვიდმეტის იყო, რომ გაიცანი.
- ეგ სხვა ამბავია! - წარმოთქვა გადაჭრით და ტელეფონი რომ აზანზარდა, ისე სწრაფად დასწვდა, დენიელმა მის რეაქციაზე თვალებიც კი აატრიალა.
- გამირკვიე? - ისეთი ხმა ჰქონდა, იფიქრებდით, სახელმწიფო საიდუმლოებაზეა საუბარიო, მაგრამ ნინა მისთვის უფრო მეტსაც წარმოადგენდა... - სახელი და გვარი ჩამაწერინე, დანარჩენი ინფორმაცია მეილზე გადმომიგზავნე.
- ამუშავდა სააგენტო? - ჩაეცინა დენს, მაგრამ ღიმილი მაშინვე გაუქრა სახიდან, სანდრო კიდევ ერთხელ რომ გადათეთრდა და თან ამჯერად ისე, რომ ჯერ მაგიდას დაეყრდნო, შემდეგ კი, საერთოდაც, სავარძელში ჩაესვენა.
- დარწმუნებული ხარ, რომ ეგ გვარია? კარგი, კარგი, გმადლობ, შენთან ვალში ვარ! - და მობილური გათიშა თუ არა, ჯერ ჰალსტუხი მოიგლიჯა, შემდეგ კი პერანგის ღილებიც შეიხსნა.
- რა ჯანდაბა ხდება?
- წყალი დამისხი...
- სანდრო, მაშინებ! - დასერიოზულდა თვითონაც და ჭიქა მიაწოდა, კაცმა კი ერთ ყლუპად ჩაცალა და ისე გადაწვა სავარძელში, ცოტაც და, გადაყირავდებოდა.
- მეტრეველია... - აღმოხდა ბოლოს და რამდენიმე წამში წყლის ჭიქა გამეტებით შეასკდა მოპირდაპირე კედელს...
* * *
- გმადლობ, რომ წამიყვანე... - გადაუჩურჩულა ნინამ მის წინ მჯდარ ბიჭს და ხელზე ხელი დაადო. იმდენი ისეირნეს, ბოლოს მუცლები რომ აუწრიალდათ, მხოლოდ მაშინ მიხვდნენ, რომ შიოდათ, ახლა კი „ბენისა და ჯერის“ სანაყინეში იყვნენ შესულები.
- ხანდახან უნდა დამიჯერო ხოლმე! - თვალი ჩაუკრა ბიჭმა და ნაყინს ორეო ააცალა. - რა გემრიელია!
- ისეთი თვალებით დაჰყურებ, ლამისაა ვიეჭვიანო. - გაეცინა გოგონას, ნიკამ კი წარბები აზიდა, შემდეგ კი ხელზე დაქაჩა და თავით ანიშნა, აქეთ გადმოდიო.
- ისე, ცოტა არ იყოს, მომენატრა შენი ეჭვიანობა, - თვალები დააწვრილა და აწ უკვე მის კალთაში მოკალათებულს, ცხვირზე აკოცა.
- ასე, ჰო? არც შენ აკლებდი, მინდა გითხრა!
- ეგ აღარ გამახსენო! - გაეცინა თვითონაც, რეზისთან მომხდარი რომ გაახსენდა.
- ისე, მგონი, ხვალ მე გავხდები ერთი ადამიანის ეჭვიანობის მსხვერპლი...
- მეგანზე ამბობ?
- მოიცა, სხვა შეყვარებულიც გყავდა ჩვენი სკოლიდან? - სწრაფად დაუბრიალა თვალები, ნიკას კი კიდევ ერთხელ აუტყდა სიცილი.
- სკოლიდან არა... - წარბები აათამაშა, მაგრამ დაწყებული საუბარი მობილურის ზარმა შეაწყვეტინა. - ოუ, ჩემი და მირეკავს, ერთი წუთით...
ისეთი სახით გადაუსვა სენსორს თითი, ვერ გაიგებდით, გაუხარდა თუ ეწყინა. თითქოს საუკუნეში ერთხელ ესაუბრებოდნენ ერთმანეთს და გაუკვირდა კიდეც, ახლა რომ გაახსენდა.
- დაო ჩემო და დედაო ჩემო, გისმენთ თქვენი მონა-მორჩილი! - დაიწყო სიცილით და ნინასაც მაშინვე გაუქრა ეჭვები. - ოჰ, რამე ხდება? როდის? კარგი, ბატონო, გეახლებით მთელი ჩემი სიდიადით! - მალევე გაუთიშა გამხიარულებულმა და მობილური ჯიბეში ჩაიცურა, შემდეგ კი ნინას გახედა.
- რამე მოხდა?
- ჯერ არა, მაგრამ... მოკლედ, რაღაც უნდა გითხრა. - მაქსიმალურად ცდილობდა, სერიოზული სახე მიეღო, გოგონა კი, ცოტა არ იყოს, შეაშფოთა მისმა გამომეტყველებამ.
- დროზე თქვი!
- ჩემმა დამ დამპატიჟა ვახშამზე. ჰოდა, მინდა, რომ შენც წამოხვიდე. - ისე უთხრა, ვითომც არაფერიაო, ნინას კი მაშინვე გაუფართოვდა თვალები. ეცადა, ძალიან არ შეემჩნია, მაგრამ ვერაფრით გამოუვიდა ემოციების დაფარვა.
- ანუ...
- ანუ მინდა, რომ ჩემი და გაიცნო. - თავი დაუქნია გაღიმებულმა, სწორად მიხვდიო და შემდეგ კმაყოფილს ჩაეცინა, გოგონას ხელები კისერზე რომ შემოეხვია.
- მაგრამ უხერხული არ იქნება?
- რა იქნება უხერხული?
- თუ ოჯახური ვახშამია...
- ნი, გეხვეწები, ახლა არ დაიწყო!
- თან ასე ჩაცმული...
- გოგო, ჯვრის დასაწერად კი არ მიმყავხარ!
- აჰა, ანუ არა?
- ჯერ, არა! ახლა კი, დაამთავრე ეგ ნაყინი, სანამ შეგიჭამე და წავიდეთ.
- ნიკ... - ვერაფრით შეიკავა თავი, რომ არ ეთქვა. ისე ავსებდა ეს გრძნობა, ისე აბედნიერებდა, უნდოდა, ყოველ წუთას გაემეორებინა.
- გისმენ.
- მიყვარხარ! - წამოიყვირა ყურებამდე გაღიმებულმა და კიდევ ერთხელ შემოეხვია, მეტრეველმა კი კმაყოფილმა დახუჭა თვალები, ძლიერად მოხვია მკლავები და თვითონაც გაიმეორა, ოღონდ ჩურჩულით.
- მიყვარხარ, ნინა.
* * *
- ყველაფერი უნდა გავარკვიო. სად დადის, ვის ხვდება, ვისთან მეგობრობს. საჭმელს სად ჭამს, ისიც კი უნდა ვიცოდე! - გადაჭრით ლაპარაკობდა სანდრო და კაბინეტში ბოლთას სცემდა, დენიელი კი შეწუხებული სახით აყოლებდა თვალს.
- უნდა შეხვდე?
- ჯერ ნინას დაველაპარაკები და იმედია, არ დამჭირდება შეხვედრა.
- იქნებ არაა ლაშას შვილი?
- არის, გავარკვიე უკვე. - ამოიგმინა და კიდევ ერთხელ გახსნა კომპიუტერში ჩაკეცილი ფანჯარა. - რაღაც კლუბი ჰქონია, „Playroom”. მოუნდა ბიჭს თამაში! ბიჭებს გავუშვებ.
- სანდრო, მეტისმეტი მოგდის! ლაშას შვილი რომ არის, სულაც არ ნიშნავს...
- არ მაინტერესებს! - შეაწყვეტინა. - საერთოდ არაფერი არ მაინტერესებს. არ მინდა, რომ მათ ოჯახს ჩემსასთან რამენაირი კავშირი ჰქონდეს და მორჩა.
- მთელი ცხოვრება შენ ხომ არ აურჩევ ბავშვებს მეგობრებს?
- ავურჩევ! - გაჯიუტებული ბავშვივით საუბრობდა. - არაა ნინა პატარა გოგო, დაველაპარაკები და გაიგებს.
- ჰო, კი, როგორ არა! თუ უყვარს, ძალიან გაიგებს!
- მაგ სიტყვას ნუ ახსენებ, გთხოვ. ისედაც საფეთქლებში მიჭერს, რომ წარმოვიდგენ, რომ შეიძლება... ჯანდაბა, არა! - თავი გაიქნია, თითქოს ასე შეძლებდა აბეზარი ფიქრების გაქრობას, შემდეგ კი ისევ მობილურს დასწვდა.
- ნინას ურეკავ?
- ამჯერად, ანიკას... ისევ უნდა დავაყენებინო კამერები სახლში და გავაფრთხილებ მაინც...
- არანორმალური ხარ! - თვალები აატრიალა დენმა.
დიდხანს არ ულაპარაკია. მოკლედ აუხსნა ანიკას, რომ გადაფიქრებას არ აპირებდა და ნებართვას კი არ სთხოვდა, უბრალოდ აფრთხილებდა, შემდეგ კი ისიც დააყოლა, საღამოს მნიშვნელოვანი სალაპარაკო გვექნებაო. დიდი იმედი ჰქონდა, რომ თვითონ გაიგო პირველმა ნინას შეყვარებულის ამბავი, ნუ, სულ მცირე, ის მაინც, ვინ იყო სინამდვილეში.
- იქნებ ნინამაც არ იცის, ვინაა?
- და რა მნიშვნელობა აქვს?
- ის მნიშვნელობა აქვს, სანდრო, რომ თუ ერთმანეთი უყვართ, საერთოდ არ დააინტერესებთ საკუთარი მშობლების წარსული მტრობა. რით ვერ დაივიწყე?
- დენ, მისმინე, გარდა იმისა, რომ ლაშა ნაბიჭვრულად მოიქცა, იმდენად არაკაცია, რომ ვერც კი ხვდება, რა გააფუჭა. წარმოგიდგენია, როგორი იქნება ბიჭი, რომელიც მან და თიკამ გაზარდეს? ნაძირალა! და მირჩევნია, ახლა დაიტანჯოს ნინა და ცოტა იტიროს, ვიდრე მთელი ცხოვრება სინანულში გაატაროს.
- შენ ნიკოლასსაც ვერ იტანდი, მაგრამ ხომ აქვს ახლა ნინის შესანიშნავი ოჯახი? - მაინც არ ნებდებოდა და ნათლულის დაცვას ცდილობდა კაცი.
- მეტრეველი ჩემს ოჯახს ვერ გაეკარება! და ძალიან გთხოვ, ამოვწუროთ ეს თემა. ახლა ის უნდა გავარკვიო, როდის უწევს კლუბებს გეგმიური შემოწმება. დარწმუნებული ვარ, რაღაც მაინც ექნება არასწორად გაკეთებული...
* * *
- ნიკა, ძალიან ვნერვიულობ... - მაინც გამოტყდა ნინა, სანამ კარზე ზარს დარეკავდნენ. უბრალო ამბავი ხომ არ არის, შეყვარებულის და უნდა გაეცნო! რომ არ მოეწონოს ბარბარეს? თუმცა, არაა მეტრეველი ის ტიპი, სხვის ჭკუაზე იაროს, მაგრამ ალბათ, მაინც გაითვალისწინებს ოჯახის წევრების აზრს.
- იმაზე იფიქრე, რომ მამაშენის გაცნობა მაქვს წინ და გადაგივლის ნერვიულობა. - თვალი ჩაუკრა და ცალი ხელი მოხვია, მეორით კი ზარის ღილაკს შეეხო.
კარი უცნობმა მამაკაცმა გააღო. ოცდაათ წლამდე იქნებოდა, საკმაოდ სიმპათიური და მოწესრიგებული, მოკლედ შეჭრილი შავი თმით და ნავარჯიშები სხეულით. ნიკოლოზის დანახვისას, სახე გაუნათდა, შემდეგ კი, როცა გოგონაც შენიშნა, ღიმილი კიდევ უფრო გაეზარდა.
- მოვიდნენ? - მალევე გამოჩნდა დერეფანში ბარბარეც და... ნინა გაოცდა! საოცრად ჰგავდა ძმას. ზუსტად მისნაირი ლურჯი თვალები და ლამაზი ფორმის ტუჩები ჰქონდა, თმა კი - ღია წაბლისფერი და ოდნავ დატალღული, თითქმის წელამდე.
- გვიკადრა ვაჟბატონმა! - ქართულად გადაულაპარაკა ნიკას და უცნობს გაუღიმა, შემდეგ კი ჩუმად დაამატა. - როგორ მოგივიდა, გოგოსთან ერთად რომ მოხვედი?
- ქართველია, საყვარელო! - თვალი ჩაუკრა მეტრეველმა, ნინამ კი მორიდებულად გაუღიმა აჭარხლებულს.
- საზიზღარო! - შეუღრინა ძმას და შემდეგ ნინას გადაეხვია. - შენ ვერ წარმოიდგენ, როგორ მიხარია შენი გაცნობა! თორემ უკვე ჩემი ძმის ინტერესებში ეჭვი მეპარებოდა...
- ჰეი, აქ აპირებთ დგომას? - ჩაერთო კაციც, რომელსაც აშკარად არაფერი ესმოდა საუბრიდან და უხერხულად იდგა. - შენი დისშვილი გელოდება, სხვათა შორის.
- ჰო, შემოდით და გაგვაცანი ეს მშვენიერი არსება!
- მაშ ასე, როგორც იქნა, მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ, ჩემი შეყვარებული! - ჩაიცინა ნიკამ და ინგლისურზე გადავიდა. - გაიცანით, ნინა! ნი, ბარბარეს შორიდან იცნობ, ეს კი მისი მეუღლეა, ლუკასი!
- ნამდვილად მერვე საოცრება ხარ ჩვენთვის! - გულწრფელად გაუღიმა კაცმა, შემდეგ კი სტუმრები მისაღებში შეიპატიჟეს, სადაც მაგიდა იყო გაშლილი.
- ჩემი გოგო სად არის? - ოთახს რომ თვალები მოატარა და პატარა კიკინებიანი ვერსად შენიშნა, გაკვირვებულმა იკითხა, მაგრამ დამთავრებულიც არ ჰქონდა, სამზარეულოდან პირმოთხუპნული სამიოდე წლის გოგო რომ გამოვიდა, „ნუტელას“ ქილით ხელში.
- დედიკო, პურს ვერ მივწვდი და ასევე ვჭამე... - ტიტინებდა თავისთვის და არც იყურებოდა, მაგრამ ნიკოლოზი შენიშნა თუ არა, შოკოლადით მოთხვრილი ხელები მაშინვე ლოყებზე აიფარა და კივილით გაიქცა.
- ნიკაკო!
- პატარა ქალი! - გაეცინა ბიჭსაც. - სულ დედაშენის გაფუჭებული ხარ, მასე რომ მეძახი...
- დედა, რას ჰგავხარ? წამოდი, ხელები დავიბანოთ, არ დასვარო ბიძაშენი... - თავი გადაიქნია ბარბარემ და ძლივს გამოგლიჯა ტკიპასავით მიკრული ლილუ.
ნინას საერთოდ გაუქრა ნერვიულობა. ისეთი მეგობრული ოჯახი იყო, ვერც კი გრძნობდა, პირველად თუ ვახშმობდა მათთან. ბარბარეც ისე თავისუფლად ესაუბრებოდა, თითქოს ბავშვობის დაქალები ყოფილიყვნენ. ნიკას ბავშვობის ისტორიებიც მოუყვა და ბევრიც იცინა იმის გახსენებისას, როგორ ცდილობდა პატარა მაწაკი კატისთვის ასაფეთქებელი შეება.
- სიკეთეს ვუკეთებდი, მინდოდა კოსმოსში გამეფრინა! - მხრები აიჩეჩა, თავი რომ ემართლებინა, შემდეგ კი საკუთარ კალთაში მოთავსებულ ლილუს გადახედა. - არ გამომივიდა, ამიტომ შენ იგივე არ გაიმეორო, კარგი?
- მე ხომ შენზე ნიჭიერი ვარ? - თავდაჯერებული ხმით იკითხა და თვალები აუციმციმდა, ახალი, მზაკვრული იდეა რომ მიაწოდეს, ლუკასმა კი შუბლში შემოირტყა ხელი.
- ვერ ვისწავლეთ, რომ ამასთან ასეთი ამბები არ უნდა მოვყვეთ... - თავი გადაიქნია სასოწარკვეთილმა და ის იყო, კიდევ ერთხელ აპირებდა ჭიქების შევსებას, რომ კარზე საშინელი ბრახუნი ატყდა...
* * *
- ანიკა, არ გამაგიჟო, იმის თქმა გინდა, რომ იცოდი? - კიდევ ერთი შოკი მიიღო სახლში დაბრუნებულმა სანდრომ. კიდევ კარგი, ანდრია რომ საერთოდ არ იყო სახლში, ლიზიკოს კი უკვე ეძინა.
- გუშინ გავიგე მეც, რომ ჩავაცივდი და აღარ მოვეშვი, მაშინ აღიარა. აქამდე არაფერი არ ხდებოდაო...
- რას ჰქვია, არაფერი არ ხდებოდა, მე ვეხუტებოდი აბა იმ ბიჭს? - კიდევ ერთხელ წამოიჭრა ფეხზე გამწარებული. - არა, როგორ არ მითხარი?
- სანდრო, პატარა ხომ აღარ არის?
- გოგო, ვერ გაიგე, რა გითხარი? მხოლოდ შეყვარებული რომ ჰყავდეს, რა უჭირს, ლაშას ბიჭია ის...
- გაჩერდი! - შეაწყვეტინა სასწრაფოდ. - დაჯექი და დამშვიდდი. ნუ იცი ხოლმე აფეთქებები, ჯერ ხომ არაფერი არ გარკვეულა?
- მეტი რაღა უნდა გაირკვეს? შენ გგონია, საერთოდ დავუშვებ, რომ კიდევ მოხდეს რამე?
- სანდრო, დამერწმუნე, არც მე მახარებს ის ფაქტი, რომ შენი ყოფილი საცოლის შვილი უყვარს ნინას!
- აუ, გეხვეწები, ახლა ეჭვიანობის რეჟიმი არ ჩართო!
- დამასრულებინე! ჯერ დაველაპარაკოთ ბავშვს, იქნებ ყველაფერი სულაც არაა ისე რთულად? ხომ არ ვიცით, საერთოდაც როგორია ის ნიკოლოზი!
- არ მაინტერესებს. და სადაა ნინა ამდენ ხანს?
- ქეითთან. - მხრები აიჩეჩა, სანდრომ კი ერთი ამოიქშინა და მობილური მოიმარჯვა.
- ამის ტყუილებიღა გვაკლდა! - გამოსცრა კბილებს შორის და ის იყო, ქეითთან უნდა დაერეკა, ანიკამ რომ გაათიშინა, მაგიდაზე დადო და კალთაში ჩაუჯდა.
- არ გინდა. დაველოდოთ და როცა მოვა, მაშინ დაველაპარაკოთ. შენ ხომ იცი, რომ ჩვენი შვილი ჭკვიანია? არაფერს გააკეთებს ისეთს, რაც გულს გვატკენს. დამშვიდდი, კარგი? - შემდეგ კი, ოდნავ შეეხო ტუჩებზე და ხელები რომ კისერზე მოხვია, მხოლოდ მას შემდეგ ჩაიხუტა სანდრომაც. ამ ქალს ყოველთვის შეეძლო მასზე ზემოქმედება!
* * *
ლუკასმა კარი რომ გააღო, სახლში ქარბორბალასავით შეიჭრა სახეაწითლებული, ქერათმიანი ქალი და რამდენიმე წამში გაცეცხლებული მამაკაციც მიჰყვა უკან. ბარბარე მაშინვე გადაფითრდა, ნიკას კი ისე აენთო თვალები და ისე გამწარებულმა დააჭირა ყბები ერთმანეთს, ნინას შეეშინდა კიდეც.
- აღარ შემიძლია ამდენის ატანა! - ქართულად იყვირა ქალმა, ლილუ კი შეშინებული შეხტა.
- რა მოხდა, დედა? - ძლივს მოახერხა ბარბარემ შეკითხვის დასმა, ნიკამ კი ბავშვი ნინას მიუყვანა და ფეხზე წამოდგა.
- ვშორდები! გშორდები, ლაშა, გესმის? აღარ მოვითმენ ამდენს, - გამწარებული ყვიროდა ქალი, ლაშად წოდებულმა კი, მკლავში ხელი რომ წაუჭირა, მაშინვე მიეჭრა მეტრეველი.
- ხელი გაუშვი! - გამოსცრა მაქსიმალური თავშეკავებით. - იმდენს ვერ ხვდებით, რომ ოჯახური პრობლემები ასე საჯაროდ არ უნდა არჩიოთ?
- გიჟია დედათქვენი! - ახლა კაცი აყვირდა. - დაჰკრა ფეხი და გამოიქცა. ვერ გავიგე, რა უნდა!
- რა მინდა და მომბეზრდა შენი საყვარლები!
- თიკა, გეყოფა-მეთქი!
- თავი დამანებე, ასე რთულია? აღარ მინდა, ჩემი ქმარი გერქვას, მომშორდი!
- დედა, გეხვეწები, დამშვიდდი! - მიუახლოვდათ თიკაც, ნინა და ლუკასი კი დაბნეულები იყურებოდნენ. - სტუმარი გვყავს, უხერხულია! - მხოლოდ მას შემდეგ გამოერკვა თიკა, თვალები რამდენჯერმე სწრაფად დაახამხამა და მზერა ოთახს მოატარა.
- ლილუ, არ გინდა, ნინას შენი სათამაშოები დაათვალიერებინო? - დისშვილს მიუბრუნდა ნიკა, მაგრამ ლაშას ხმამ შეაწყვეტინა.
- მოიცადეთ, ერთი წუთით! - ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს საფლავიდან წამოყენებული ბაბუამისი ედგა წინ. - არ გამაცნობთ თქვენს სტუმარს?
- რა გინდა, ლაშა? - თვალები აატრიალა ბიჭმა. ისეთი გაბრაზებული იყო... რაღა ახლა მოუნდათ ჩხუბი? ხომ შეიძლებოდა დღევანდელ საღამოს მშვიდად ჩაევლო?
- დამშვიდდი... - ზურგსუკან ამოუდგა ნინა და გამამხნევებლად უჩურჩულა, შემდეგ კი, ნიკას მშობლებს გაუღიმა და თვითონვე გაეცნო. - ნინა ჯაფარიძე!
კინაღამ გული გაუსკდა, თიკას სახე რომ დააფიქსირა. ქალს ყველა ფერმა ერთდროულად გადაურბინა სახეზე და სკამის ზურგს დაეყრდნო, რომ არ წაქცეულიყო.
- ბაბუას მეგობრის, გიას შვილიშვილია... - დაამატა ნიკამ და ვერაფრით მოუძებნა ახსნა იმას, დედამისი სრულიად მოულოდნელად რომ ატირდა.
- შენი ბრალია ყველაფერი! - კიდევ ერთხელ დაუყვირა ქმარს, მაგრამ ახლა, გაბრაზებულის ნაცვლად, გატეხილი ხმა უფრო ჰქონდა. - შენ დამინგრიე ცხოვრება!
- თიკა, გაჩუმდი! - გაოგნებული იყო ლაშაც. ნინა კიდევ უფრო დააბნია ამ ყველაფერმა, რა ჯანდაბა ხდება?
- ხედავ, რამხელა შვილი ჰყავს? და ჩვენ? რას ჰგავს ჩვენი ცხოვრება? - აცრემლებული ყვიროდა თიკა. - შენ რომ არა, ამ გოგოს დედა ახლა მე ვიქნებოდი! - და ჯაფარიძეს საბოლოოდ შეეკრა სუნთქვა. რა უნდა ამ ქალს? რას ლაპარაკობენ საერთოდ?
- ესე იგი, სანდროს შვილი ხარ? - თმის ღერიდან ფეხებამდე შეათვალიერა ლაშამ, შემდეგ კი ირონიულად ჩაეცინა.
- დიახ. იცნობთ მამას?
- ნიკოლოზ, ამის შემდეგაც მე მამტყუნებ? - ახლა შვილს მიუბრუნდა, რომელიც თავდასხმისთვის მზადმყოფი პანტერასავით იყო დაჭიმული. - შენგან განსხვავებით, მე ასეთი ქალები სახლში არ მომყავს! - და ჩაცინებაც ვერ მოასწრო, ისეთი რეაქცია ჰქონდა ნიკას. ვერც ნინამ მოახერხა რეაგირება, ვერც კი გააცნობიერა, ისე სწრაფად ეცა მეტრეველი მამამისს. თითქოს საერთოდ დაკარგა კონტროლი, ერთიანად გაწითლდა, კორიდაზე გავარდნილ ხარს ჰგავდა. ძლივს მოახერხა ლუკასმა, მათ შორის რომ ჩამდგარიყო.
- ნიკა, გთხოვ! - ზურგზე აეკრა ნინა. ისე შეეშინდა... არასდროს უნახავს ასეთი გამწარებული, თვალები ისე უელავდა, ლუკასი რომ არ ჩარეულიყო, ალბათ, მოკლავდა კიდეც.
- წამოდი! - ძლივს სუნთქავდა მეტრეველი. ისე ძლიერად ჩაავლო ხელი, ეტკინა კიდეც, მაგრამ არაფერი შეიმჩნია.
- ნიკა, მოიცადე! - გაეკიდა ბარბარე.
- შიგნით შედი!
- ნიკოლოზ...
- შიგნით შედი, გთხოვ. და ლილუს მიხედე, ნუ აყურებინებ, რა ნაძირალა ბაბუა ჰყავს.
- ნინა, დიდი ბოდიში, არ მინდოდა, ყველაფერი ასე გამოსულიყო... - ისეთი შეწუხებული სახე ჰქონდა ბარბარეს, შეეცოდა კიდეც. მართლა საშინლად განიცდიდა, ასე რომ წარიმართა საღამო, მით უმეტეს კი, სულაც არ უნდოდა, ოჯახის პრობლემები უცხოს განსახილველი გამხდარიყო.
- არაფერია, დამშვიდდი. - ძლივს მოასწრო ეთქვა, რამდენიმე წამში კი, ნიკას კვერდით აღმოჩნდა მანქანაში, რომელიც ტყვიასავით მოსწყვიტა ადგილს...
* * *
მთელი სიჩქარით მიჰყავდა მანქანა. ისეთი გამწარებული იყო, უნდოდა ეყვირა, ყველაფერი დაელეწა, საერთოდ გამქრალიყო აქედან. არა, როგორ გაბედა? ის არ იკმარა, ბარბარეს საღამო რომ ჩაუშალა, ნინაზეც გადავიდა! თავის კახპებს რა უფლებით შეადარა? როგორ იკადრა! ნიკა უკვე დიდი ხანია შეგუებული იყო მამამისის საყვარლების ამბავს. პატარაობიდანვე ახსოვდა, როგორ ჩხუბობდნენ ის და დედა ყოველღამე. სძულდა ის ღამეები, ლაშა როცა მთვრალი ბრუნდებოდა და ვერაფრით გაეგო, რატომ ითმენდა თიკა ყველაფერს. რატომ არ შორდებოდა, რატომ ყლაპავდა ამდენ შეურაცხყოფას. რაში სჭირდებოდა ასეთი ოჯახი?
დღეს კი საერთოდ ვერ გაიგო, რა მოხდა. რაზე ლაპარაკობდნენ? რა უნდოდათ ნინას მამისგან? ნერვები დაწყვეტას ჰქონდა.
- ნიკა... - ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს შორიდან ჩაესმა ნინას ხმა. ღმერთო, როგორ არ უნდოდა ეს ყველაფერი ენახა...
- ნი, მართლა ძალიან ვწუხვარ...
- არა, მომისმინე.
- რა მოხდა?
- გთხოვ, სწორად გამიგე, რასაც გეტყვი, კარგი?
- ნინა, თქვი! - ისეთი სახით გახედა, ლამის გადააფიქრებინა.
არც უნდოდა ნინას ამის თქმა. სიკვდილი ერჩივნა, მაგრამ იმასაც ხვდებოდა, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ ეტყოდა. ვერ აიტანდა მის გამო ვინმეს პრობლემა რომ ჰქონოდა, განსაკუთრებით კი, თუ ეს ვინმე ნიკა იქნებოდა.
- არ მინდა, პრობლემები შეგიქმნა... - ამოილუღლუღა და ნიკაპიც აუკანკალდა, მეტრეველი კი ბოლომდე დააბნია მისმა სიტყვებმა.
- რა?
- არ მინდა, ჩემ გამო შენს მშობლებთან ცუდი ურთიერთობა გქონდეს.
- შენ რა შუაში ხარ?
- ვარ. კარგად დავინახე, რა რეაქციაც ჰქონდათ...
- ნინა, გეხვეწები, არ გვინდა ამ თემაზე, რა. ეგ კაცი...
- მაცადე! - შეაწყვეტინა. - და მასე ნუ ლაპარაკობ, რაც უნდა იყოს, მაინც მამაშენია...
- არ მინდა ამ თემაზე-მეთქი.
- ვფიქრობ, რომ უნდა დავშორდეთ... - ერთი სიტყვასავით მიაყარა და ტუჩზე მაგრად იკბინა, ხმამაღლა რომ არ აღრიალებულიყო, ნიკას კი ჯერ გაეცინა, შემდეგ უცბად დასერიოზულდა და ისეთი სახით გახედა, თითქოს მის ჭკუათმყოფელობაში ეჭვი ეპარებოდა.
- რა თქვი? - აშკარად იმიტომ უფრო ეკითხებოდა, რომ ვერ იჯერებდა.
- არ მინდა, რომ პრობლემები შეგიქმნა და ვფიქრობ, აჯობებს დავშორდეთ... - კიდევ ერთხელ ამოისლუკუნა და მეტრეველმა ამის გაგონებისას ისე დაამუხრუჭა, ღვედი რომ არ ჰკეთებოდა, ალბათ საქარე მინასთან მოუწევდა ჩახუტება.
- გადადი მანქანიდან! - გამოსცრა კბილებ შორის, გოგონას კი თვალები გაუფართოვდა ამის გაგონებისას.
- რა?
- გადადი-მეთქი! - საგრძნობლად აუწია ხმას. ისეთი თვალები ჰქონდა, მის წინ ნინას ნაცვლად სხვა რომ მჯდარიყო, არც დაფიქრდებოდა, ისევე მოკლავდა.
- ნიკ...
- ნინა, გადადი მანქანიდან! - შეაწყვეტინა, შემდეგ კი წინ გადაიწია და თვითონვე გაუღო კარი.
ამას ნამდვილად არ ელოდა. იცოდა, რომ ცუდი რეაქცია ექნებოდა, მაგრამ ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა, თუ... ღმერთო, ოღონდ ხმამაღლა არ ატირდეს, ოღონდ როგორმე გაძლოს. დასჯილი ბავშვივით გადავიდა და კარი მიხურულიც არ ჰქონდა ბოლომდე, ნიკაც რომ მიჰყვა, ოღონდ მასთან არ მისულა. პირველივე შემხვედრი ტაქსი გააჩერა, შემდეგ ნინას ჩაავლო მკლავში ხელი, დაუკითხავად ჩასვა უკან, მძღოლს მისამართი უკარნახა და თანხაც გადაუხადა, თვითონ კი საკუთარ მანქანაში დაბრუნდა.
ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი, გოგონამ გააზრებაც ვერ მოასწრო. ასე შორდება? ასე უსიტყვოდ? თუმცა თვითონვე არ შესთავაზა ურთიერთობის შეწყვეტა? ღმერთო, რა სულელი იყო! ისედაც ცუდად გრძნობდა თავს და კიდევ დაუმატა. რატომ ხვდება ყველაფერს დაგვიანებით?
თავი მუხლებზე დაყრდნობილ ხელებში ჩარგო და მთელი გზა ჩუმად სრუტუნებდა. ისიც შეამჩნია უკანა ხედვის სარკეში, თეთრი „ლექსუსი“ რომ მიჰყვებოდათ. არადა, ზუსტად იცოდა, ნიკას სახლი სულაც არ მდებარეობდა ამ გზაზე. ერთი პირი ისიც იფიქრა, იქნებ დამშვიდდა და დალაპარაკება უნდაო, მაგრამ მაშინვე დარწმუნდა საკუთარი აზრის აბსურდულობაში, როგორც კი ტაქსი სახლთან გაჩერდა, მეტრეველმა კი მშვიდად ჩაუარა გვერდი. რა გააკეთე, ნინა?
ძლივს იკავებდა ცრემლებს. საერთოდ არ აწყობდა სახლში ატირებული დაბრუნება. უკვე საკმაოდ გვიანიც იყო და ნამდვილად ვერ ასცდებოდა დაკითხვას. ან კი რა უნდა ეთქვა? ისიც ვერ გაეგო ბოლომდე, რატომ ახსენეს ნიკას მშობლებმა მამამისი.
ფრთხილად გადაატრიალა გასაღები საკეტში. ფეხსაცმელიც გარეთვე გაიხადა, შიგნით რომ უხმაუროდ გაევლო. სინათლე არ გამოდიოდა და დიდი იმედი ჰქონდა, რომ უკვე ეძინათ, მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცოდა, პრაქტიკულად ეს შეუძლებელი იყო. მაინც გამოუსწორებელი ოპტიმისტივით შეაბიჯა მისაღებში. სუნთქვასაც კი ერიდებოდა, ზედმეტად რომ არ ეხმაურა და ის იყო, იფიქრა, გავედი სამშვიდობოსო, რომ მოულოდნელად, სინათლე აინთო და გულზე ხელებგადაჯვარედინებული სანდრო დაინახა, რომელმაც ჯერ მის შიშველ ფეხებს დახედა, შემდეგ - ხელში დაჭერილ ფეხსაცმელებს, ბოლოს კი მძიმედ ამოიოხრა, სავარძელში ჩაჯდა და წარმოთქვა ის, რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა ნინას...
- ვფიქრობ, რომ სალაპარაკო გვაქვს.
ნათია ჯაგოდნიშვილი