სანამ დიეტას დაიწყებდეთ...
სანამ დიეტას დავიწყებთ, იქამდე სულში არსებული დიეტა უნდა დავამთავროთ. "ის სულის დიეტა, ყველაფერი ადამიანურის მოკლებას რომ გულისხმობს. როცა სული მარწუხებში გყავს მოქცეული, დაცარიელებული, ცდილობ შეივსო ის დანაკლისი და შევსების გზად კი საკვები გაგიხდია".
თუ მიწას წყალს არ დავუსხამთ, ხომ გაშრება. ასევე ხასიათს სჭირდება გაფხვიერება, წყლის დასხმა. განწყობას სჭირდება შექმნა. თუ არ იქმნი განწყობას თავად, მაშინ განწყობა შეგქმნის შენ.
როდის უკიდებს თამბაქოს ადამიანი? როდის ეძალება ზედმეტად საჭმელს? როდის სვამს სასმელს? როცა ტკივილი გადმოსვლას ლამობს, როცა ემოცია რღვევას ითხოვს. იქნებ ემოციების გამოხატვა უფრო უკეთ უნდა ვისწავლოთ? რამდენ რამეს ვსწავლობთ ცხოვრებაში და ემოციების გამოხატვის სწავლა გვავიწყდება. ხან თუ პირში ჩაიგუბებ წყალს, არც დალევ, არც გადმოაასხამ, ხომ დაიხრჩობი? ასევეა ჩაჭედილი ემოციები, რომ ვერც რჩება და ვერც გადმოდის. თუ გადმოდის და არასწორი ხერხებით, სიგარეტში ჩაკლული ემოცია, სასმელში ან საჭმელში...
საერთოდ, რაც უფრო ავუკრძალავთ თავს რაღაცას, უფრო ვილტვით მისკენ. პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა შევხედოთ უფრო მსუბუქად პრობლემას. რაც უფრო დიდ მნიშვნელობას მივანიჭებთ საკითხს, უფრო მოგვიმატებს შფოთვას და უფრო ვერ გავაკონტროლებთ ვერაფერს. სიმშვიდე უნდა ვიგრძნოთ, რათა კონტროლიც გაგვიმარტივდეს. კარგი, ვთქვათ წონა გაწუხებს. - რა მერე?! დადებითს ვერაფერს პოულობ საკუთარ თავში?! ხორცის გარდა, სულიც გაგაჩნია და ის სულია მსუბუქი!
მკაცრი დიეტები?! და მერე უცებ ანაზღაურებული წონა. ადამიანი რას აიტანს მუდმივ შიმშილს..
აბა, რაშია გამოსავალი? ჯერ ის უნდა გაიგო, რა დანაკარგის, დანაკლისის შევსებას ცდილობ საკვებით? იქნებ უბრალოდ ერთფეროვანი ცხოვრება მოგწყინდა? იქნებ მალავ ემოციების ნაკადს და ამ ნაკადის შეჩერება საჭმლით გადაწყვიტე? დამუხტვა გინდა საკვებიდან, არადა, დასამუხტად რამდენი რამ არსებობს, შენ კი ისიც კი აღარ გახსოვს, ბოლოს როდის იგრძენი თავი ადამიანად. როგორ ექცევი საკუთარ მეს? უარს ეუბნები ყველაფერზე... აღარც მეგობრები, აღარც ჰობი, არც იმ საქმის კეთება, რაც მოგწონს. მუდმივი თვითგვემა, წარსულის დაბრუნების მცდელობა, ყოველთვის „იქ“ვართ და არა „აქ“.
აწმყოში ცხოვრება, წარსულის ხელის გაშვება და მომავალზე ნაკლები ფიქრი სჯობს, ჩვენ კი ვებღაუჭებით უკვე გარდასულს, რათა აწმყოს ვერ ვხედავთ. ვერ ვივსებთ, გარდასულს კი როცა ვეჯახებით, ვერ ვუძლებთ ამ ტკივილს და ვცდილობთ, ჩავახშოთ.
გამოდის, რომ სანამ სხეულზე ვიფიქრებთ, წონის მატებაზე, ჯერ დარდით დასიებულ სულზე ვიფიქროთ. თუ ხელი გაიჭერი, დაგიჩირქდა, ინფექცია შეაღწევს ყველგან და მოგწამლავს, ჩაითრევს ყველაფერს. ასევეა გასიებული, დაჩირქებული სული. ლივლივებს და ჩათრევას ცდილობს ყველაფრის. ანთება უნდა სულშიც ჩაიცხრო. ამის შემდეგ ადვილი იქნება აკონტროლო და არ გახდე დამოკიდებული დიდწილად რაიმეზე.
სასმელი, სიგარეტი თუ გადაჭარბებული საჭმელი დროებითი გამაყუჩებელია. უფრო მძაფრი ტკივილის წარმომქმნელი.
მაშინ რა სჯობს? იქნებ გამოსავალი სულის კვებაშია? სული კი გთხოვს იმ სიცარიელის, ორმოს ამოვსებას, რაც შექმენი. უნდა დაუბრუნდე ცხოვრებას. დაუბრუნდე!
ლანა ბიბილურიძე