სიკვდილმისჯილივით იჯდა სავარძელში. სუნთქვისაც კი ეშინოდა ზედმეტად. ფეხებიც დაუბუჟდა, მაგრამ განძრევაც არ უნდოდა. ხვდებოდა, როგორ ვერ ხვდებოდა, რაც მოხდა. იმას ვერ ხსნიდა უბრალოდ, საიდან გაიგო ყველაფერი. ის ზუსტად იცოდა, ანიკა რომ არ ეტყოდა, არასდროს გაუტეხავს პირობა და არც ახლა მოიქცეოდა ასე. სანდრო კი... მის პირდაპირ, დივანზე მოკალათებულიყო, ფეხი ფეხზე გადაედო, ცალი ხელით კი მობილურს ათამაშებდა. აშკარა იყო, საუბრის დაწყებას აჭიანურებდა. ალბათ, იმიტომ, რომ ცდილობდა, ისეთი სიტყვები მოეძებნა, რომელთა შემდეგაც არაფერს ინანებდა.
- შენ ხომ არ დაიწყებდი, ნინა? - ჰკითხა ბოლოს, ზედმეტად მშვიდად, თუმცა გოგონას მაინც შეაკანკალა მისი ხმის სიცივით. ერთიანად ცახცახებდა, ისე რცხვენოდა, ეს საუბარი ასეთი ფორმით რომ უნდა წარმართულიყო.
თავი გაიქნია მხოლოდ, პასუხის გაცემა რომ ვერ მოახერხა, სანდრომ კი, ამის დანახვისას ჯერ წარბები აზიდა, შემდეგ კი ტუჩებატრიალებულმა ნელა დააქნია თავი, გასაგებიაო. ნინა კარგად ხედავდა, როგორი დაჭიმული იყო მამამისი. ისიც კი შენიშნა, როგორ გადაყლაპა ნერწყვი და კიდევ ერთხელ შეათვალიერა.
- ესე იგი, არა... კარგი, არაა პრობლემა.
- მამა... - ძლივს ამოთქვა და მხოლოდ მაშინ შენიშნა, ხმა რომ ჩახლეჩილი ჰქონდა.
- ვინ არის ნიკოლოზ მეტრეველი? - ეგონა, ხმას მაინც აუწევდა ამის კითხვისას, მაგრამ სწორედ ეს სიმშვიდე იყო, ჭკუიდან რომ გადაჰყავდა. თავი ჩახარა და ვეღარც ცრემლები შეაკავა.
- მა...
- ნინა, მგონი, მითხარი, რომ დაწყება არ გინდოდა. ახლა კი, ძალიან გთხოვ, საყვარელო, მიპასუხე კითხვაზე.
- უკვე ხომ ისედაც ყველაფერი იცი?
- რა თქმა უნდა, ვიცი!
- მამა, მე...
- სად გაიცანი? - შეაწყვეტინა. ნერვები ასკდებოდა, ასეთ მდგომარეობაში რომ ხედავდა, მაგრამ სხვანაირად არ შეეძლო. ახლა რომ რბილად ელაპარაკა, ვერაფერს გახდებოდა. სწორედ ამის გამო სთხოვა ანიკასაც, მირჩევნია, მარტომ ავუხსნა ყველაფერიო. ახლა კი, წამიერად ისიც გაიფიქრა, რომ ერჩივნა, არაფერი გაეგო.
- ბაბუასთან. კონკურსი რომ ჰქონდათ, გახსოვს? მისი მეგობრის შვილიშვილია. - სასწრაფოდ „ჩაყლაპა“ კლუბის ინციდენტი. მოკვდებოდა, მაგრამ ამის შესახებ ვერაფერს ეტყოდა.
- ვიცი, ვინცაა. ანუ, ამდენი ხანია ერთად ხართ და დედაშენსაც კი არ უთხარი არაფერი?
- არა! - ცრემლები შეიმშრალა და ისე წამოსწია თავი. - არასწორად გაიგე. სულ რამდენიმე დღეა, რაც...
- რაც?
- მა, ვიცი, რომ უნდა მეთქვა, მაგრამ... პატარა ხომ აღარ ვარ?
- ხარ! - ძლივს შეიკავა თავი, ხმა რომ დაემორჩილებინა და ფეხზე წამოდგა. უკვე ვეღარ ხვდებოდა, როგორ დაეწყო ყველაფრის ახსნა.
- მაგრამ...
- ნინა, მომისმინე... ვიცი, რომ შენხელა გოგონებს უკვე ჰყავთ შეყვარებულები. ისიც ვიცოდი, რომ ეს დღე დადგებოდა, მაგრამ პრობლემა ამაში არაა. რა იცი მის შესახებ?
- ვერ ვხვდები, რას მეკითხები...
- რა იცი მისი სამეგობრო წრის, მისი ოჯახის შესახებ? ადამიანს ხომ უნდა იცნობდე, რომ შეგიყვარდეს? ხომ უნდა იცოდე, ვინაა და რაზეა წამსვლელი?
- ვიცნობ და ისიც ვიცი, რომ კარგი ადამიანია. ხომ გითხარი, ბაბუას მეგობრის შვილიშვილია.
- კარგი ადამიანია და მორჩა?
- მამა, მიყვარს! - თვითონაც წამოიჭრა ფეხზე, მაგრამ სანდროს მზერა დააფიქსირა თუ არა, მაშინვე საკუთარ ადგილს დაუბრუნდა და ეცადა, ემოციებიც გაეკონტროლებინა.
- მაგრამ ის არ არის შენი შესაფერისი.
- რატომ? ჰარვარდში რომ არ სწავლობს?
- ნინა! - დაიგრგვინა მოულოდნელად და გოგონა ისე შეხტა, ტუჩები დაიჭამა, ხმამაღლა რომ არ ატირებულიყო. - მე არ მომიცია შენთვის იმის უფლება, ასე რომ დამელაპარაკო! რადგან გეუბნები, რომ არ არის შესაფერისი, ესე იგი, არ არის. დამიჯერე, შენზე გაცილებით მეტი ვიცი.
- დედაზეც ასე გაარკვიე ყველაფერი და მერე გადაწყვიტე, რომ შეგყვარებოდა? - თვითონაც ვერ ხვდებოდა, საიდან ჰქონდა ამხელა გამბედაობა. არასდროს ყოფილა სანდრო ზედმეტად მკაცრი მამა, პირიქით, ბავშვებს ყოველთვის მეგობრულად უდგებოდა, მაგრამ ზღვარი მაინც ჰქონდათ. იცოდნენ, რისთვის არ უნდა გადაებიჯებინათ, ნინამ კი ახლა ყველაფერი დაივიწყა.
- დედაშენის მამა ნაძირალა არ ყოფილა! - ვეღარც სანდრომ მოითმინა მეტი და გოგონას წამიერად გააკანკალა ამის გაგონებისას. რა საერთო ჰქონდათ ნიკას მშობლებს სანდროსთან?
- მის მშობლებს იცნობ?
- არ არის ეგ მნიშვნელოვანი.
- თიკას იცნობ? - არ დანებდა ნინა. ზუსტად იცოდა, ახლა თუ არ გაარკვევდა, ვეღარც ვერაფერს გაიგებდა.
- რა? - მაშინვე შეეცვალე სახე. - შენ ეგ რაში გაინტერესებს?
- მამა, მითხარი, საიდან იცნობ?
- ეგ შენი საქმე არ არის, ნინა. და ნუ გადაგაქვს თემა!
- იცი, რა უთხრა თავის ქმარს ჩემზე? შენ რომ არა, ამ გოგოს დედა მე ვიქნებოდიო! - მიაყარა გამწარებულმა და დაინახა, როგორ გახევდა კაცი. ერთიანად გაიყინა ადგილზე. ხმაც კი ვეღარ ამოიღო და ღრმად დაიწყო სუნთქვა. ნინას შეეშინდა კიდეც, მაგრამ ზუსტად ამ მომენტში გამოჩნდა ანიკაც.
- დედიკო, მითხარი, რომ იხუმრე! - თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა. არც კი გაუხედავს სანდროსთვის, თუმცა კაცმა ისე ამოიოხრა, თითქოს მიხვდა, რომ ახლა რაღაც გრანდიოზული დაიწყებოდა...
- ანიკა, არ არის ახლა ამის დრო... - ჩარევა სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა.
- მე ნინას ვეკითხები! ესე იგი, მე ვიქნებოდი დედაო, ხო?
- ამიხსნით რომელიმე, რა ხდება?
- რა ხდება და ეგ ქალბატონი...
- ანიკა! - ისეთი ხმით წარმოთქვა სანდრომ, მაშინვე გააჩუმა. - არ არის-მეთქი ახლა ამის დრო.
- როგორ თუ არ არის?
- მე გავალ... - შეაპარა ნინამ, მაგრამ წამშივე მიაშტერდა ორი წყვილი თვალი და ფეხიც ვეღარ მოიცვალა.
- ნინა, მე ვიცნობ მის ოჯახს. - როგორ იქნა, ამოთქვა სანდრომ.
- და მაშინ მით უმეტეს რა პრობლემაა?
- ზუსტად ეგაა პრობლემა. შეუძლებელია, რომ ჩვენ რამენაირად მაინც დავუკავშირდეთ ერთმანეთს, გასაგებია?
- არა!
- დედა, მისმინე, ხომ არასდროს ჩავრეულვართ შენს გადაწყვეტილებებში? ახლა უბრალოდ დაგვიჯერე, კარგი?
- საყვარელო, არ მინდა, რომ გული გეტკინოს და არც არავის მივცემ ამის უფლებას. სწორედ ამიტომ გეუბნები, რომ შენ და ის ბიჭი ერთად ვერ იქნებით.
- არა, მამა! მე და ნიკამ რატომ უნდა ვაგოთ პასუხი იმაზე, თუ თქვენ არ გაქვთ კარგი ურთიერთობა? - ეგონა, ჭკუიდან გადავიდოდა. რა რომეო და ჯულიეტა მოუნდათ? მერე რა, რომ თვითონვე შესთავაზა ნიკას დაშორება?! ახლა უკვე ზუსტად იცოდა, რომ ამის უფლებას არავის მისცემდა. არავის ჩარევდა ამ ურთიერთობაში.
- ნინა, გეყოფა! რომ გეუბნები, გაიგონე! - საბოლოოდ დაკარგა სანდრომ მოთმინება. - არაა აუცილებელი, ყველაფერი იცოდე. ტყუილად არაფერს გეტყვი და რადგანაც ვამბობ, ესე იგი, ასეა საჭირო.
- არ დავშორდები. - წარმოთქვა გაბუტული ბავშვის ტონით და ფეხების ბაკუნი დააკლდა სრული ეფექტისთვის. მამამისის მზერასაც კი აღარ მოუხდენია ახლა ისეთი ეფექტი, როგორიც წეღან.
- როგორ არ დაშორდები. ახლა ახვალ, ბარგს ჩაალაგებ, ხვალ დილით კი აეროპორტში წავალთ და ბებოსა და ბაბუს სანახავად წახვალ. - გაღიმებულმა დაუქნია თავი. ღმერთო, ჭკუიდან შლიდა ეს ყველაფერი. როგორ შეუძლიათ ასე მოექცნენ?
- ასე ვერ მომექცევი, მამა!
- ნინა, ადი შენს ოთახში.
- დე...
- დედიკო, ახლა ასეა საჭირო... - მეტი ვერაფერი უპასუხა ანიკამ.
ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს სილა გააწნეს. გაყიდეს, უღალატეს. არ ელოდა. ვერც კი წარმოიდგენდა, ოდესმე ასეთი დიალოგი თუ ექნებოდათ. ვერც იმას წარმოიდგენდა, სანდრო ასეთ რაღაცაზე თუ იყო წამსვლელი. რატომ უკეთებენ ასეთ რაღაცას? სად უშვებენ? და ეს უშველის ყველაფერს? ჰგონიათ, ასე თუ მოიქცევიან, დაშორდება? გამორიცხულია!
კიდევ ერთხელ შეხედა ორივეს. ანიკა თავჩახრილი იდგა შეწუხებული სახით, სანდრომ კი წარბიც არ შეიხარა, მზერით რომ გაბურღა. არც ნინას ცრემლებზე ჰქონია რეაგირება, ღაპაღუპით რომ სდიოდა თვალებიდან. თავით ანიშნა კიბისკენ და როდესაც გოგონა ატირებული გაიქცა, არც კი გაჰყოლია. მხოლოდ ოთახში შესვლამდე გაიგონა დედამისის ხმა:
- სანდრო, არ მინდა, ვცდებოდეთ...
- არ ვცდები. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ლაშას ოჯახი ჩვენსას არ დაუკავშირდეს.
* * *
კინაღამ ჭკუიდან გადავიდა, ნიკას მობილური გათიშული რომ დახვდა. ოთახში შევიდა თუ არა, მაშინვე დაურეკა, მაგრამ მისი ხმის გაგონება მხოლოდ ავტომოპასუხეზე მოახერხა. კი დაუტოვა შეტყობინება, როგორც კი ნახავ, მაშინვე დამირეკეო, მაგრამ ეჭვი ეპარებოდა, ამ ღამით ჩაერთო. არა, რატომ გათიშა საერთოდ? გაბრაზდა ბიჭი! ნუ, არც იმას უარყოფს, საშინლად რომ მოექცა და ისედაც გამწარებულს, კიდევ უფრო დაუმატა, მაგრამ იქნებ რა ხდება? უნდა გათიშოს? არანორმალური!
და თვითონ რა უნდა გააკეთოს? არ წავა! დიახაც, არსადაც არ წავა. ასე როგორ წავიდეს? დატოვოს? ყველაფრის აუხსნელად? გამორიცხულია. მით უმეტეს, ამ მდგომარეობაში. წამიერად სახლიდან გაპარვაზეც კი დაფიქრდა. ისეთი გამწარებული იყო, ყველაფერზე წავიდოდა ახლა. ვერ ხვდებოდა რატომ უნდა ეგოთ პასუხი იმაზე, მათ ოჯახებს რომ ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ.
ისეთი შემართებით გააღო აივნის კარი, თითქოს მართლა გადააბიჯებდა საკუთარ თავს და შეძლებდა ასეთი რაღაცის გაკეთებას, მაგრამ თვალები შუბლზე აუვიდა, როცა წეღანდელი გეგმის შეუსრულებლობის კიდევ ერთი მიზეზი აღმოაჩინა. კამერა! კი მაგრამ, როდის მოასწრეს დაყენება? ღმერთო, რა საშინელებაა, როდესაც მამაშენი ფედერალური ბიუროს დეპარტამენტის უფროსია!
კიდევ ერთხელ სცადა დარეკვა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვერ დაუკავშირდა. ახლა მიხვდა, რა საზიზღრად იქცეოდა, გაბრაზებულზე რომ არ პასუხობდა ხოლმე. როგორ მოიქცეს? ზუსტად იცის, მამა არაფრის დიდებით არ გადათქვამს თავის სიტყვას, მოკვდება, მაგრამ არ გადათქვამს! ახლა როგორ წავიდეს?
ატირებული შებრუნდა უკან და პირქვე დაემხო საწოლზე. საერთოდ როგორ მოვიდა აქამდე? ჰმ, არადა, როგორ აპირებდა მეტრეველი სანდროს გაცნობას? გეგმებსაც კი აწყობდა. ზოგი ახლა იოცნებოს! ისეთი სწრაფი რეაქცია ჰქონია ყველაფრის გაგებისას, კამერების დაყენებაც კი არ დაავიწყდა. ჰმ, ისე, როგორ მოასწრო?
კარზე კაკუნის ხმა რომ გაიგო, არც გაჰკვირვებია, თუმცა არც გასაღებად ამდგარა. თვითონვე შემოაღო ანიკამ და როცა დაინახა, როგორ გადატრიალდა ნინა, ხმაურით მიკეტა.
- არ წავალ!
- დე, კარგი, რა, რანაირად იქცევი?
- მე? - წამოჯდა გაბრაზებული. - კიდევ მე ვიქცევი ცუდად? მე რა შუაში ვარ, მამას თუ მის ოჯახთან პრობლემა აქვს? მე ნიკა მიყვარს, მამამისი კი არა.
- ნინა, ყოველგვარ ზღვარს გადადიხარ! - სახე შეეცვალა ანიკასაც. როგორ ეთქვა, რაც ხდებოდა სინამდვილეში?
- დედა, ბაბუას რომ ეთქვა შენთვის, სანდროს უნდა დაშორდეო და მიზეზი არ აეხსნა, დაშორდებოდი?
- თქვენი შემთხვევა განსხვავებულია.
- რატომ? ჩვენც ხომ გვიყვარს ერთმანეთი?
- დე, დამიჯერე, ძალიან გთხოვ. ასე აჯობებს.
- არა!
- ნინა!
- დედა, არა-მეთქი. მიყვარს, რატომ არ გესმით? და სულ არ მაინტერესებს მისი ოჯახი.
- თიკა მამაშენის საცოლე იყო, ნინა! - ხმას აუწია, ვეღარაფერს რომ ვერ გახდა და ისე აენთო თვალები, გოგონას შეეშინდა კიდეც. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს თავში რაღაც საშინლად მძიმე ჩაარტყეს. საცოლე? კი მაგრამ, როგორ?
- აქ რა ხდება? - სანდრომ კარი ისე შემოგლიჯა, სიბნელის მიუხედავად, მაინც შენიშნეს, როგორი აწითლებული იყო. - მე შენ ამისთვის გამოგგზავნე?
- სანდრო...
- არავითარი სანდრო! მე ჩემი სათქმელი ვთქვი და ამით დამთავრდა, გაიგეთ ორივემ!
- მამა, თიკა მართლა...
- ნინა, ნუ ერევი იმაში, რაც შენ არ გეხება. - წარმოთქვა გადაჭრით, შემდეგ კი ანიკას მკლავში ხელი ჩაავლო და ოთახიდან გაიყვანა...
* * *
- ანიკა, ხომ გთხოვე, რომ არ მინდოდა ამ თემის ზედმეტად გაშლა? რა საჭირო იყო? - დაიწყო სანდრომ მაშინვე, ოთახში რომ შევიდნენ.
- ალბათ, იყო! - უპასუხა გაბრაზებულმა. თვალებში ცეცხლი უელავდა, ისეთი გამწარებული იყო.
- რანაირად მელაპარაკები? რა გჭირს?
- კიდევ მე რა მჭირს? - წამოიყვირა, მაგრამ მაშინვე გააჩუმეს.
- ხმას დაუწიე, ბავშვებს სძინავთ... - გასაბრაზებლად აუღელვებელი იყო სანდრო. ისე მშვიდად მიუახლოვდა და წელზე მოხვია ხელი, თითქოს წამის წინ არც კი კამათობდნენ. - ახლა კი მითხარი, რა გჭირს?
- გამწარებული ვარ!
- ვხედავ. - ჩაეცინა.
- როგორ ბედავს ამდენი წლის შემდეგ ისევ შენზე ფიქრს? - ამოიკრუსუნა და ტუჩები დაბრიცა, სანდრომ კი ძლივს შეიკავა თავი, სიცილი რომ არ აეტეხა. გიჟდებოდა მის ეჭვიანობაზე!
- რა ჩემი ბრალია, ასეთი დაუვიწყარი რომ ვარ? - მხრები აიჩეჩა და კიდევ უფრო ახლოს მიიკრა საყვარელი ქალი.
- ჭკუიდან გადავალ, მისი ნახვა რომ მოგიწიოს.
- შენ კი არა, თიკა გადავა ჭკუიდან.
- სანდრო!
- გოგო, რა ვერ ისწავლე შენ ნორმალურად ეჭვიანობა? - თვალები აატრიალა ბოლოს.
- და ნორმალურად ეჭვიანობას რას ეძახი შენ?
- მაგალითად, ჩემს სტაჟიორზე ეჭვიანობა, ნორმალურია... - დაიწყო მშვიდად და ეცადა, არ შეემჩნია, როგორ ჭყიტა ანიკამ თვალები. - შესანიშნავი, ბრწყინვალე, არაჩვეულებრივი, ქერათმიანი, ცისფერთვალება... ბიჭია... - ჩაიფხუკუნა ბოლოს და კიდევ დიდხანს არ შეწყვეტდა სიცილს, მობილური რომ არ ამღერებულიყო თავგანწირულად. ვინ უნდა იყოს ამ დროს?
ანიკას მხოლოდ ცალი ხელი შეუშვა და უკანა ჯიბიდან ტელეფონი ამოაძვრინა, ეკრანზე დახედვისას კი წამშივე შეეცვალა სახე.
- ვინ არის? - ისეთი ხმით იკითხა ანიკამ, თითქოს უკვე იცოდა პასუხი.
- არავინ. - გათიშვას აპირებდა უკვე, ხელიდან რომ ააცალა ძვირფასმა ცოლმა და მანამდე მოასწრო ეპასუხა, სანამ სანდრო ისევ წაართმევდა.
- გისმენთ! - ჩასძახა გაბრაზებულმა, მიუხედავად იმისა, რომ ეკრანზე კონტაქტის სახელის ნაცვლად, მხოლოდ ციფრები ეწერა.
- ამმ, მე... სანდროს ვურეკავდი... - დაბნეული ხმა ჰქონდა ქალს, ანიკა კი ბირთვული აფეთქებისთვის მოემზადა, როცა მოსაუბრე იცნო.
- ჩანაფიქრის შესასრულებლად?
- უკაცრავად? თქვენ ვინ ბრძანდებით?
- იმ კაცის ცოლი, ვისი შვილის დედაც შენ ვერასდროს იქნები! - დაუყვირა და მობილური სანდროს მიუგდო, თვითონ კი სააბაზანოში შევარდა და კარი ისე მიიჯახუნა, კინაღამ ჩამოაგდო.
ჭკუიდან გადავიდა, მისი ხმა რომ გაიგონა. რა ნამუსით ურეკავდა? როგორ ბედავს ამდენი წლის შემდეგ კიდევ მასზე ფიქრს? რა უფლებით? პირსაბანს დაეყრდნო ხელებით და ღრმად დაიწყო სუნთქვა, როგორმე რომ დაემშვიდებინა საკუთარი თავი, მაგრამ არაფრით გამოუვიდა. საფეთქლებში გრძნობდა წვას, ისე გამწარდა. ახლა რომ წინ ჰყოლოდა, ალბათ, მოკლავდა. ბარბარაზეც კი არასდროს ჰქონია ასეთი მძაფრი რეაქცია, თიკა კი... მისი სახელის ხსენებასაც ჭკუიდან გადაჰყავდა. მით უმეტეს, ახლა...
- გამიღე კარი ან გამოდი... - და ჰო, სანდროს სიმშვიდეც აცოფებდა.
- დამანებე თავი!
- ანიკა, გელოდები.
- დამანებე-მეთქი თავი! - კი დაუყვირა, მაგრამ მეორე წამს თვითონვე გააღო კარი. - სანდრო, გეფიცები, არ ვიცი, რას ვიზამ, რომ გნახოს!
- მაშინ დამშვიდდი და მოიფიქრე...
- კარგი... - დაეთანხმა გაუაზრებლად, მაგრამ კიდევ ერთი ჩაფხუკუნება რომ გაიგონა, ხელახლა იფეთქა. - რა თქვი? გაგიჟდი?
- მე არა, მაგრამ მგონი, შენ არ ხარ მთლად კარგად, არა? რა მოგდის?
- მე არაფერი! იმ ქალბატონს მოუვა, თუ არ შეგეშვება!
- ანიკა, ზედმეტი მოგდის და გაჩერდი.
- არასდროს ეღირსება შენი შვილის დედობა, გასაგებია? - მაინც თავის რეპერტუარში იყო. - არც მას და არც არავის!
- აბა, შენ რომ არ მიჩენ? - გაეცინა და მიუახლოვდა, მაგრამ ნათქვამმა ადგილზე გაყინა.
- გიჩენ! - შეუღრინა ისე, თითქოს ემუქრებოდა.
- რა თქვი? - იგრძნო, როგორ შეეკრა სუნთქვა პასუხის მოლოდინში. ექოსავით ჩაესმოდა ანიკას სიტყვები.
- გიჩენ! - ცალი წარბი აწკიპა. - მეოთხეს. - და მეორეც მიაყოლა, შემდეგ კი ტუჩები ააცმაცუნა, რომ არ გაღიმებოდა, თუმცა, რა თქმა უნდა, არ გამოუვიდა და პირზე აიფარა ხელი, ხმამაღლა რომ არ აკისკისებულიყო, როცა რამდენიმე წამში ჰაერში აღმოჩნდა, სანდროს მკლავებში მოქცეული...
* * *
მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა. ან კი, როგორ უნდა დაეძინა ამ ყველაფრის შემდეგ? ბარბარესთან მომხდარი, ნინას გამოხტომა, ბაბუასთან საუბარი... ვერც კი იჯერებდა მოსმენილის რეალურობას. არასდროს ჰქონია იმის პრეტენზია, რომ მამამისი კარგი კაცი იყო. ილუზიასაც კი არ იქმნიდა ამაზე. კარგი კაცები ცოლებს არ ღალატობენ. მაგრამ იმასაც ვერ წარმოიდგენდა, რაც მოისმინა. ძმაკაცის ღალატი, მისი შეყვარებულის ცოლად მოყვანა... ღმერთო, რა გულისამრევია...
ახლაღა მიხვდა დედამისის სიტყვებს, ნინას დანახვისას და მისი გვარის გაგონებისას რომ აღმოხდა. გურამთან სალაპარაკოდ რომ მიდიოდა, ვერც კი გაიფიქრებდა, ყველაფერი ასე თუ დასრულდებოდა. გამხნევება სჭირდებოდა უბრალოდ, რაც ბაბუას ყოველთვის გამოსდიოდა, შედეგად კი, კიდევ ერთი თავის ტკივილი დაიმატა.
როგორ იქნებოდა ახლა მისი და ნინას ამბავი? თვითონ მას რომ მალევე შემოირიგებდა, ეჭვიც არ ეპარებოდა. გუშინ უბრალოდ ორივემ გადააჭარბა, ცხელ გულზე ემოციებს აჰყვნენ, ახლა კი... ახლა ძალიანაც რომ სდომოდათ ერთად ყოფნა, ვინ დაუშვებდა ამას, ნინას მამა? ჰმ, არადა, როგორ გეგმავდა...
უნდა დაელაპარაკოს! აუცილებლად დაელაპარაკება და ყველაფერს აუხსნის. რა მისი ბრალია, მამა რომ ნაძირალა ჰყავს? მან და ნინამ რატომ უნდა აგონ მშობლების წარსულ შეცდომებზე პასუხი? არ შეუძლია, ვერ დაკარგავს, უმისოდ ვერ გაძლებს.
სახლიდან იმ გადაწყვეტილებით გავიდა, რომ ყველაფერს მოაგვარებდა, ნინას სახლთან მისულს კი, წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა უნდა გაეკეთებინა. რა ეთქვა? იცით რა, მე იმ კაცის შვილი ვარ, თქვენი საცოლე რომ მოიყვანა ცოლადო? არა, დედამისი რაღამ გააგიჟა? ჰმ, მშობლებიც ასეთი უნდა...
სწრაფად დააკაკუნა კარზე და ღრმად ჩასუნთქვა-ამოსუნთქვაც მოასწრო, სანამ გაუღებდნენ. ზუსტად იცოდა, ნინა რომ სკოლაში არ იქნებოდა. გამოტოვებული ზარებიც საკმაოდ დახვდა, მაგრამ დარეკვას პირადად ახსნა ერჩივნა და პირიც კი გააღო საუბრის დასაწყებად, როცა კარი გაიღო, თუმცა მის მიღმა ის სულაც არ დახვდა, ვისაც ელოდა. ქალი ძალიან ჰგავდა ნინას, უფრო ზუსტად კი, ნინა ჰგავდა მას. მაშინვე მიხვდა, ვინც იყო.
- მე... ნინასთან მოვედი... - შემპარავად გაუღიმა და როდესაც შეამჩნია, როგორ გაუფართოვდა თვალები, ცოტა არ იყოს, გაუკვირდა.
- ესე იგი, შენ ხარ? ამმ, ნიკა, ხომ?
- დიახ...
- შემოდი, მაგრამ... ნინას არაფერი უთქვამს?
- უკაცრავად?
- წავიდა. - უთხრა ყოველგვარი შესავლის გარეშე და მეტრეველმა იგრძნო, რომ ცოტაც და თვალები ბუდიდან ამოუცვივდებოდა. რას ნიშნავს, წავიდა? სად წავიდა?
- სად?
- საქართველოში... - დაიბნა ანიკაც. როგორ, გუშინ ტირილით იკლავდა თავს და ახლა ისე გაფრინდა, რომ არც კი უთხრა?
- რა თქვით? - ახლა მართლა გადავიდა ჭკუიდან. - როდის წავიდა?
- მეგონა, იცოდი... არ გითხრა? პირველზე მიფრინავს, - წარმოთქვა აღელვებულმა, შემდეგ კი საათს დახედა. - შეიძლება მიასწრო კიდეც...
არც დამშვიდობებია ნიკა, ისე გავარდა. რა ჯანდაბა ხდება მათ თავს? გუშინ დაშორდა, დღეს საქართველოში მიფრინავს. დასცინის? რანაირად იქცევა? კარიც კი არ ჰქონდა წესიერად დახურული, მაშინვე გასაღები გადაატრიალა. ნახევარი საათი კიდევ ჰქონდა, როგორმე უნდა მიესწრო. როგორ გაუშვას? ან... იქნებ უკვე მამამისმაც გაიგო ყველაფერი? გამწარებულმა დასცხო საჭეს ხელი და კიდევ უფრო უმატა სიჩქარეს. ზუსტად იცოდა, სანამ არ დარწმუნდებოდა, რომ ეს იძულებითი და რაც მთავარია, დროებითი წასვლა იყო, არსადაც არ გაუშვებდა...
* * *
- მამა, გთხოვ... - კიდევ ერთხელ სცადა ნიადაგის მოსინჯვა ნინამ, როცა გამოაცხადეს, რომ მის რეისზე ჩასხდომა უკვე სრულდებოდა. მხოლოდ ერთი ჩანთა ჰქონდა, სპეციალურად არ ჩაალაგა ჩემოდანი. ამითაც ანიშნა, დიდხანს გაჩერებას რომ არ აპირებდა.
- საყვარელო, უკვე ხომ ვილაპარაკეთ ამაზე, არა?
- არა, შენ და დედამ გადაწყვიტეთ, ჩემ გარეშე!
- დავიჯერო, ბებო და ბაბუ სულ არ მოგენატრნენ?
- მა, კარგი, რა!
- ცოტა ხნით გიშვებ, ნინა, სულ კი არა, რა გჭირს?
- და რატომ არ მეკითხები, მინდა თუ არა?
- იმიტომ, რომ პასუხი ისედაც ვიცი.
- ნიკა ხომ მამამისის საქციელთან არაფერ შუაშია?
- ამ თემას უკვე მოვრჩით.
- გთხოვ... - ტუჩები აუკანკალდა, ისე არ უნდოდა წასვლა. როგორ წასულიყო ყველაფრის აუხსნელად?
- მამა, მისმინე! სულ რამდენიმე დღით. ის ხომ მაინც უნდა გაიგო, ეს მართლა სიყვარულია თუ უბრალოდ აკვიატება? - სათავისოდ შეუტრიალა საქმე. - დაფიქრდები, გააანალიზებ სიტუაციას და იმასაც მიხვდები, რომ მართალი ვარ. უბრალოდ, თავი ჩვენს ადგილას დააყენე.
- რამდენიმე დღით... - „გატყდა“ ბოლოს, ვერაფერი რომ ვერ გააწყო, სანდრომ კი ღიმილით დაუქნია თავი.
- დიდხანს ვერც მე გავძლებ უშენოდ! - შემდეგ კი თვალი ჩაუკრა, შუბლზე აკოცა და ანიშნა, რომ მისი წასვლის დრო იყო...
* * *
მანქანა რომ აეროპორტის წინ მოასრიალა და გადმოხტა, წამიერად თავი საშინლად ბანალური, რომანტიკული ფილმის პერსონაჟი ეგონა, მაგრამ თუნდაც ყოფილიყო, ესეც არ ადარდებდა ახლა. მთავარი მხოლოდ ის იყო, ნინასთვის რომ მიესწრო. არ უნდა გაეშვა, არ შეეძლო.
რამდენიმე წუთი კიდევ ჰქონდა დარჩენილი, შიგნით რომ შევარდა. ჯანდაბა, როგორ იპოვოს ამხელა აეროპორტში? სასოწარკვეთილმა მოავლო მზერა გრანდიოზულ დარბაზს და კიდევ ერთხელ სცადა დარეკვა, თუმცა ამჯერად ნინას მობილური იყო გამორთული. ნუთუ უკვე გაფრინდა? არა, ასე როგორ შეიძლება?
- საქართველოს რეისზე რომელი გასასვლელიდან მოვხვდე? - მოიფიქრა ბოლოს და ფორმიან გოგონას მიეჭრა.
- ჯორჯიის შტატს გულისხმობთ?
- საქართველო, ქვეყანა! - თვალები აატრიალა გაღიზიანებულმა. ისიც კი ნერვებს უშლიდა, გოგო პასუხის გაცემის ნაცვლად რომ უღიმოდა.
- საქართველოსთან პირდაპირი რეისები არ გვაქვს. შეგვიძლია შემოგთავაზოთ ჩარტერული...
- არ მაინტერესებს! - შეაწყვეტინა სასწრაფოდ. - რომელ გასასვლელთან მივიდე?
- მაგრამ თქვენი ბილეთები...
- რომელ გასასვლელთან მივიდე? - შეუღრინა და კიდევ ერთხელ მიმოიხედა იმედიანად, თუმცა ნინას მსგავსიც კი ვერავინ შენიშნა.
- მესამე... - დაბნეულმა ჩაილაპარაკა გოგონამ და ნიკაც სასწრაფოდ გაეცალა. ღმერთო, რამდენი დრო დაკარგა ამ სისულელეში!
ისეთი გამწარებული მირბოდა, ოლიმპიადაზე რომ ყოფილიყო, აუცილებლად დაიმსახურებდა ოქროს მედალს. ზუსტად ისე იყო ყველაფერი, როგორც მელოდრამების ფინალში. ერთი განსხვავება იყო მხოლოდ... არც ეს იყო ფინალი და ვერც ნიკას ყვირილმა მიაღწია ნინას ყურამდე. მეტიც, გასასვლელთან რომ მივარდა, კარი უკვე დაკეტილი დახვდა და როგორც შემდეგ გაიგო, თვითმფრინავიც - აფრენილი.
რატომ დასცინის ბედი ასე მწარედ? გზაზე ერთი შეფერხება არ შექმნია, შუქნიშანზეც კი არ მოუწია გაჩერება. ყველაფერი ისე მიდიოდა, აუცილებლად უნდა მიესწრო, ახლა კი? იმედგადაწურულმა ამოიოხრა და უკან გამობრუნებისას ვიღაცას რომ შეასკდა, ის იყო, თავი ასწია ბოდიშის მოსახდელად, რომ ადგილზე გაიყინა...
უცნობი, რომელიც სულაც არ გამოიყურებოდა უცხოდ, მზერით ბურღავდა, შემდეგ კი, თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა და ისეთი ხმით წარმოთქვა, აშკარა იყო, პასუხი უკვე იცოდა.
- მეტრეველი?
- დიახ. თქვენ...
- ალექსანდრე ჯაფარიძე. ვფიქრობ, ხვდები, ვინც ვარ.
- რა თქმა უნდა. - გაუღიმა დამნაშავედ, შემდეგ კი, არც დაფიქრებულა, ისევე წარმოთქვა. - და სწორედ ამიტომაც, მინდა, რომ გაგესაუბროთ...
ნათია ჯაგოდნიშვილი