ყველა ისტორიას აქვს დასასრული, მაგრამ ყველა კარგად, რა თქმა უნდა, არ სრულდება. სინამდვილეში კი, მე თუ მკითხავთ, მაინც ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ ფინალს ავირჩევთ. როგორ მოვიქცევით და რა გადაწყვეტილებას მივიღებთ. რამდენად ძლიერად ვიბრძოლებთ და რაზე წავალთ იმისთვის, რომ სასურველს მივაღწიოთ.
არსებობენ ადამიანები, რომელთაც ბედის არსებობის სჯერათ. სჯერათ, რომ რაც უნდა გააკეთონ, საბოლოოდ ყველაფერი მაინც ისე იქნება, როგორც ზეცაში გადაწყდა. რაღა დაგიმალოთ, მეც მჯერა, რომ რაღაც არსებობს, მაგრამ შეგვიძლია ნებისმიერ წამს შევცვალოთ სცენარი, რომლითაც ვცხოვრობთ, მეორეხარისხოვანი როლიდან მთავარზე გადავინაცვლოთ და ფარდებიც მაშინ დავუშვათ, როცა მივხვდებით, რომ ამის დროა.
შესაძლოა, ჩვენი მცდელობის მიუხედავად, მაინც ყველაფერი აირიოს? თავდაყირა დადგეს, სხვების ჩარევით და არც ბრძოლამ გაამართლოს? ვფიქრობ, რომ არა. და საერთოდაც, მიმაჩნია, რომ როდესაც რაღაც მთელი გულით გვინდა, აუცილებლად ვაღწევთ მიზანს. არ შეიძლება ყველაფერი ფუჭი იყოს. არ შეიძლება, ყველამ ჩვენ გვაქციოს ზურგი და ცხოვრებამაც მხოლოდ ცრემლები გამოიმეტოს. მთავარია, არასდროს დავნებდეთ და გვჯეროდეს, რომ შევძლებთ. შევძლებთ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას და იმ დასასრულის ნახვას, რომელიც სინამდვილეში, მხოლოდ დასაწყისი იქნება...
* * *
მეტრეველი მაქსიმალურად ცდილობდა სიმშვიდის შენარჩუნებას და ამისათვის საჭეს იმდენად ძლიერად უჭერდა თითებს, შესაძლებელი რომ ყოფილიყო, შემოატყდებოდა. საქარე მინასაც არ აშორებდა მზერას, წინ მიმავალი „აუდი“ რომ არ დაეკარგა მხედველობის არიდან. სანდრომ მხოლოდ თავი დაუქნია, მისი წინადადება რომ მოისმინა, შემდეგ კი გამომყევიო, ჩაილაპარაკა და მანქანაში ჩაჯდა. თვითონაც ხვდებოდა, ეს თემა ქუჩაში გასარჩევი რომ არ იყო, მაგრამ მაინც ნერვები აწყდებოდა მოლოდინით. თითქოს ის არ ჰყოფნიდა, ნინას რომ ვერ მიუსწრო, ახლა ამაზე ნერვიულობაც ემატებოდა. ღელვის მიზეზი კი, ზუსტად იცოდა, რომ ჰქონდა და წამიერად, როდესაც საკუთარ თავს ჯაფარიძის ადგილას აყენებდა, იმასაც კი უშვებდა, რომ ალბათ, თვითონაც ასე მოიქცეოდა.
როგორც იქნა, „აუდის“ ჯიპი ერთ-ერთი კაფეს პარკინგზე გაჩერდა და თვითონაც მაშინვე მიჰყვა. არ უნდოდა ზედმეტად შემჩნეოდა ემოციები და უნდა ვაღიაროთ, თვითკონტროლიც კარგად გამოსდიოდა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, წინ საშინლად მძიმე საუბარი ელოდა.
სანდრომ კუთხის მაგიდა აირჩია და პირველი თვითონ მოკალათდა. ისე გამოიყურებოდა, თითქოს საქმიან შეხვედრაზე იყო. ნაკვთიც კი არ უტოკდებოდა. საინტერესოა, როგორ ახერხებს ეს კაცი სიმშვიდის ასე კარგად შენარჩუნებას?
- შეგიძლია დაიწყო. - ცალი წარბი აუწია, როდესაც ნიკამაც დაიკავა ადგილი და მიმტანი რომ მიუახლოვდათ, ზრდილობის გამო შეუკვეთა ყავა.
- მე თქვენი შვილი მიყვარს. - და მეტრეველმაც, ყოველგვარი წინასიტყვაობის და შესავლის გარეშე, პირდაპირ მთავარი სათქმელი თქვა. ან კი რა საჭირო იყო ზედმეტი? რადგან ახლა ნინა აქ კი არა, თვითმფრინავში იჯდა, შესაბამისად, უკვე ყველამ ყველაფერი იცოდა.
- მაგრამ ეს არ შეიძლება.
- და მე ყველაფერი ვიცი.
- რა იცი? - ჩაეცინა სანდროს. ვერც კი წარმოიდგენდა, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ეს „ყველაფერი“.
- თქვენი და ჩემი ოჯახის წარსული. მაგრამ...
- და ამ ყველაფრის შემდეგ კიდევ ბედავ მითხრა, რომ ნინა გიყვარს? ადრე გაცილებით ჭკვიანი იყო ლაშა, რატომ ვერ დაგეგმა ეს საქმე სათანადოდ?
- მამაჩემი აქ არაფერ შუაშია.
- გეყოფა, რა! - და როგორც იქნა, ჩამოიხსნა გულცივობის ნიღაბი და ემოციებმაც ამოფეთქეს. სისხლი ეყინებოდა, როდესაც წარმოიდგენდა, რომ ის, რასაც ლაშასთან დაკავშირებით ფიქრობდა, შეიძლებოდა სიმართლე ყოფილიყო.
- ბაბუაჩემმა მომიყვა ყველაფერს გუშინ. - ნიკა კი შესაშურ სიმშვიდეს ინარჩუნებდა. თითქოს ადგილები გაცვალეს. - მაგრამ ვერ მოგატყუებთ, რომ ამან ჩემს გადაწყვეტილებაზე რამე გავლენა იქონია.
- და საინტერესოა, რა გაქვს გადაწყვეტილი?
- ის, რომ ნებისმიერი წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც ნინასთან ვიქნები. - ძლივს შეიკავა თავი, წარბი რომ არ აეწია. კარგად აცნობიერებდა, რომ მოპირდაპირე მხარეს ვიღაც პატარა ბიჭი სულაც არ იჯდა და ერთ ზედმეტ სიტყვასაც კი არ შეარჩენდა. მასთან არ გაუვიდოდა თამაში, ტყუილები და ახლაც, სანდროს სახემ რომ დააფიქსირა, კარგად მიხვდა, იმ მომენტში მხოლოდ იმან იხსნა, მიმტანი რომ მიუახლოვდათ შეკვეთის მისატანად.
- მოკლედ, ნიკოლოზ, ნინას უკვე ველაპარაკე და ავუხსენი, რომ აჯობებს, ყველაფერი დაივიწყოს.
- მაგრამ ეს შეუძლებელია!
- ნუ მაწყვეტინებ! ვიცი, რომ უყვარხარ, ისიც ვიცი, რომ ჩემი გადაწყვეტილება გულს ატკენს, მაგრამ მირჩევნია ახლა იტიროს, ვიდრე შემდეგ მომადგეს აცრემლებული და მითხრას, მართალი იყავიო.
- დამერწმუნეთ, ეს არ გემუქრებათ.
- ვიცი, იმიტომ, რომ დაშორდებით.
- არა!
- როგორ არა. შენ გგონია, ვერაფერს ვხვდები?
- სიმართლე გითხრათ, წარმოდგენაც კი არ მაქვს, რას ფიქრობთ და რა გგონიათ. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ არ ვაპირებ ჩემი მშობლების შეცდომების გამო ვაგო პასუხი. მე მართლა მიყვარს თქვენი შვილი და ეს სიყვარული იმხელაა, თქვენც რომ გაგიძლებთ.
- თავადაც ხომ ხვდები, რომ ერთად ვერ იქნებით? - თვალები აატრიალა სანდრომ. ნერვები ეშლებოდა უკვე მის სიჯიუტეზე. - ამას არც მე დავუშვებ და არც მამაშენი.
- სულ არ მაინტერესებს რას დაუშვებს ის, რადგან ჩემს ცხოვრებაში ჩარევის არანაირი უფლება არ აქვს, თუმცა ამის თქვენთან გარჩევას არ ვაპირებ. და ნუ გეწყინებათ, მაგრამ არც თქვენ გაქვთ იმის უფლება, ჩემსა და ნინას ნაცვლად რომ დაგეგმოთ ჩვენი ცხოვრება.
- ის ჩემი შვილია, გესმის თუ არა, ეს რას ნიშნავს?!
- რა თქმა უნდა, მესმის. მაგრამ თქვენც უნდა გაიგოთ, როდესაც ვამბობ, რომ მიყვარს, ესე იგი, ეს მართლა ასეა. სიტყვებს ჰაერზე არ ვისვრი!
- არ დავუშვებ, რომ ჩემი ოჯახი რამენაირად დაუკავშირდეს მეტრეველების გვარს.
- მე კი იმას არ დავუშვებ, რომ ჩემსა და ნინას შორის ჩადგეს ვინმე. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ. თქვენ ფიქრობთ, საქართველოში თუ გაუშვებთ, ამით დაგვაშორებთ? მე არა, მაგრამ შეიძლება თქვენ თვითონვე დაკარგოთ საკუთარი ქალიშვილი.
- მემუქრები, ნიკოლოზ? - ჩაეცინა სანდროს, მიუხედავად იმისა, რომ სულ არ იყო სიცილის ხასიათზე. ხედავდა ამ ბიჭში რაღაც ისეთს, რითაც რადიკალურად განსხვავდებოდა მამამისისგან. არ უნდოდა, მაგრამ მაინც ხედავდა.
- არა, ეს არც მიფიქრია. უბრალოდ, ვცდილობ, სიტუაცია ჩემი თვალით დაგანახოთ. მე პასუხს იმაზე ვერ ვაგებ, რაც არ გამიკეთებია. თუ რამის გამო ჩემი დასჯა გინდათ, მაშინ სხვებს ნუ ჩარევთ, ეძებეთ დანაშაული ჩემში.
- დარწმუნებული ვარ, მისი პოვნა ნამდვილად არ გამიჭირდება.
- არ გეწინააღმდეგებით. ანგელოზი ნამდვილად არ ვარ. არც იმას გეტყვით, რომ საუკეთესო ვარიანტი ვარ ნინასთვის და ამას მეც კარგად ვაცნობიერებ, მაგრამ მე ის მიყვარს!
- რატომ არც ერთს არ გესმით, რომ ეს შეუძლებელია? როგორ წარმოგიდგენია ჩემი და მამაშენის შეხვედრა? გგონია, ყველაფერზე თვალს დავხუჭავთ და დაგლოცავთ? ვერ ხვდები, რომ ეს სისულელეა?
- მაპატიეთ, მაგრამ ჩემთვის მთავარი ისაა, რომ ღმერთმა დაგვლოცოს. მის წინაშე კი მეც მართალი ვარ და ნინაც.
- ანუ ფეხებზე გკიდიათ ყველაფერი დანარჩენი, არა?
- ანუ არავის და არაფერს მივცემ უფლებას, სიყვარული წამართვას. წაგვართვას. მინდოდა, რომ ჩემი პოზიცია გცოდნოდათ. - დაასრულა საკუთარი სათქმელი, შემდეგ კი, როდესაც უკვე იქაურობა გუდავდა და იგრძნო, როგორ ეფლითებოდა მოთმინების შემორჩენილი ნაგლეჯები, სწრაფად წამოდგა ფეხზე, კუპიურა ხელშეუხებელი ყავის ფინჯნის ქვეშ ამოდო და კაფე ისე დატოვა, უკანაც აღარ მოუხედავს.
* * *
კაფედან რომ გამოვიდა, თავში ყველაფერი არეული ჰქონდა. დარწმუნებული იყო, მეტრეველში ნაძირალას რომ დაინახავდა და მიღებული გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნდებოდა, მაგრამ ყველაფერი ისე შემოტრიალდა, ვერც იფიქრებდა. ეს ბიჭი ისე ჯიუტად იდგა თავისაზე, ძალიან გაუჭირდებოდა გადარწმუნება. იმაშიც კი ეპარებოდა უკვე ეჭვი, სწორად იქცეოდა თუ არა. იქნებ წარსულმა ისე დააბრმავა, რომ შეცდომას უშვებს და ნინას ცხოვრებას უფუჭებს? საკუთარი ისტორიის გამო არ აძლევს უფლებას, ბედნიერი იყოს. მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ მეტრეველი პროფესიონალი აფერისტია და იმიტომაც იმოქმედა ასე კარგად.
ჩაეცინა და თავი გააქნია სულელური აზრების გასაფანტად. სხვა რომ არაფერი, იმდენი წელია უკვე ფედერალური ბიუროს აგენტი იყო, რომ ადამიანების ცნობა მაინც ისწავლა. უშეცდომოდ ხვდებოდა, როდის ატყუებდნენ, ამ ბიჭში კი სიცრუის კვალიც ვერ შენიშნა. მაგრამ მაინც, როგორ უნდა დაეშვა საკუთარი ოჯახის დაკავშირება ლაშასთან?
აღარ იცოდა, რა გაეკეთებინა. უსიამოვნო ფიქრები უჭამდნენ ტვინს და თან ანიკას ხმა ჩაესმოდა, რომ უმეორებდა, არ მინდა ვინანოთო. მართლა რომ ენანათ? რომ ვეღარ ენახა ისეთი ნინა, როგორსაც აქამდე ხედავდა და შემდეგ მთელი ცხოვრება ეს ყველაფერი საკუთარი თავისთვის დაებრალებინა? ცხოვრება რომ დაენგრია შვილისთვის?
პირდაპირ სამსახურში წავიდა. საქმეზეც კი ვეღარ ახდენდა კონცეტრირებას. კიდევ კარგი, დენიელი ეხმარებოდა, თორემ ნამდვილად ჩააგდებდა საბილიარდოს შემთხვევას. ძლივს ახერხებდა დასკვნების გაკეთებას ჩვენებების კითხვისას. არადა, სულაც არ იყო ძნელი გამოსაცნობი, რაც მოხდა სინამდვილეში. პირიქით, იმდენად მარტივი საქმე იყო, უკვირდა კიდეც, საერთოდ რატომ მოითხოვეს ბიუროში გადამისამართება.
- ესე იგი, მაინც შენსას აწვები, ხო? - თვალები აატრიალა დენმა, სანდრომ ყველაფერი რომ მოუყვა. მანქანაში ისხდნენ უკვე და დასალევად მიდიოდნენ. დღევანდელი დღის სხვანაირად დასრულება არც წარმოედგინათ.
- დენიელ, ნუ გამაგიჟე ახლა! რა ვქნა აბა, მიდით, შვილებო, ერთად იყავით და მე თქვენ მხარეს ვიქნები-მეთქი, ვუთხრა?
- თავი დაანებე! ნუ ერევი.
- სად ნუ ვერევი, სად ნუ ვერევი, ჩემი შვილის საქმეში? - აჯაჯღანდა ნერვებმოშლილი და საჭეს დაარტყა ხელი, მეგობარმა კი ისეთი სახით გახედა, აშკარა იყო, თავს მხოლოდ იმიტომ იკავებდა, კიდევ უფრო რომ არ გაეღიზიანებინა.
- არ ხარ მართალი, სანდრო. შენ თვითონაც ხომ ხვდები ამას?
- ლიამმა რომ ლუსის ყოფილი საქმროს შვილი მოგიყვანოს ცოლად, მოგეწონება?
- არ მომეწონება, რა თქმა უნდა, მაგრამ არც ჩავერევი.
- ჩაერევი, დამიჯერე. არაა მასე მარტივი, როგორც ჩანს.
- ხომ იცი, რომ ნინაც შვილივითაა ჩემთვის? ისიც მესმის, რატომ გაგიჟდი ასე, მაგრამ ხომ გელაპარაკა ის ბიჭი?
- ის იმას იმეორებს მარტო, მიყვარს და არავის მივცემ უფლებას, ჩაერიოს ჩვენს ურთიერთობაშიო. წარმოგიდგენია მაინც, როგორ შეიძლება მე და ლაშა რომ ერთ მაგიდას მივუსხდეთ და ერთ სუფრასთან ავწიოთ ჭიქა?
- ნუ აჭარბებ.
- ბიჭო, ნუ გამაგიჟე, რას ნუ ვაჭარბებ? რა გგონია, შეყვარებულები იქნებიან და მორჩა? დაშორდებიან? ისე იგიჟებს ორივე თავს, არ იქნება ეს დროებითი ურთიერთობა.
- და რას გააკეთებ? რამდენი ხნით ამყოფებ ბავშვს საქართველოში? ან რა, იქ ვერ ჩააკითხავს?
- ნუ მიმატებ! - შეუღრინა და ის იყო, გზიდან უნდა გადაეხვია, რომ წითელმა და ლურჯმა განათებებმა მოსჭრა თვალი, შემდეგ კი იმ ადგილსაც შეხედა და სწრაფადვე დაამუხრუჭა.
- რა მოხდა? - გაიკვირვა დენმაც, მაგრამ სახე მაშინვე შეეცვალა, კლუბის სახელი რომ შენიშნა. - ეს იმის არ არის?
- კი... - თავი დაუქნია სანდრომ და სანამ გადაწყვეტდა, როგორ მოქცეულიყო, მანამდევე გადააყენა მანქანა პარკინგზე. ისე ვერ წავიდოდა, სანამ არ გაარკვევდა, რა ჯანდაბა მოხდა კლუბში, რომელიც ნიკოლოზ მეტრეველის სახელზე იყო რეგისტრირებული...
* * *
ერთიანად დაეჭიმა ყბები, კლუბში ფორმიანები რომ დაინახა. იცოდა, ყოველთვის რომ ატარებდნენ ასეთ ადგილებში გეგმიურ შემოწმებებს, მაგრამ დღეს ეს ნამდვილად არ იყო გეგმიური. მაშინვე აერია თავში ყველაფერი. ვერც კი წარმოიდგენდა, რა რეაქცია ექნებოდა, ის, რასაც ამ წამს ფიქრობდა, სიმართლე რომ გამომდგარიყო. საკუთარ თავსაც კი ადანაშაულებდა, ეს რომ დაუშვა, მაგრამ სხვა მართლა არაფერი მოსდიოდა აზრად. ნუთუ სანდრო ისეთი არამზადა იყო, პოლიცია რომ დაეყენებინა თავზე?
- რა ხდება? - თვითონვე მიუახლოვდა სამართალდამცველებს.
- ნიკოლოზ მეტრეველს და როი ატკინსს ვეძებთ. - წარმოთქვა ერთ-ერთმა და ჯიბიდან ოთხად გაკეცილი ფურცელი ამოიღო. - საჩივარი შემოვიდა და უნდა შეგამოწმოთ.
- მობრძანდით, არაა პრობლემა. მეტრეველი მე ვარ, ატკინსიც ახლავე მოვა. - სიმშვიდეს ინარჩუნებდა ნიკა. იცოდა, არაფერი ჰქონდა სანერვიულო. ყველაფერს სუფთად და კანონიერად აკეთებდა და არც იმის ეშინოდა, რომ რამეს აღმოუჩენდნენ.
პირსინგიანი ბარმენი გაკვირვებული მიუახლოვდათ, მაგრამ ფორმიანები შენიშნა თუ არა, მაშინვე შეეცვალა სახე.
- როი, უნდა გაგვჩხრიკონ. - ჩაეცინა ნიკას. - კაბინეტში გავიდეთ, კარგი? - შემდეგ კი პოლიციელებს მიუბრუნდა და ისინიც თავის ქნევით გაჰყვნენ.
არავის აწყობდა კლუბში სკანდალის ატეხვა, მით უმეტეს, ამდენი ხალხის თვალწინ. მეტრეველს ისიც კი არ ესმოდა, ვისგან უნდა შესულიყო საჩივარი, ან რა თემაზე. დიდი ხანია, რაც გეგმიური შემოწმებები ყოველთვის მშვიდად მიდიოდა, ოღონდ არასდროს გაუჩხრეკიათ კონკრეტულად რომელიმე პიროვნება. მათ სამიზნეს, ძირითადად, კლუბის სტუმრები უფრო წარმოადგენდნენ, ვიდრე მომსახურე პერსონალი.
- სახით კედლისკენ და ხელები კეფაზე. - მობეზრებული, მოვალეობის შესრულებით დაღლილი ხმა ჰქონდა ერთ-ერთ პოლიციელს, რომელსაც სამკერდეზე მენდესი ეწერა.
- მოიცა, მოიცა, თქვენ მხოლოდ საჩივრის ბრძანება მაჩვენეთ, ჩხრეკის ორდერი სადაა? -გააპროტესტა ნიკამ, მაგრამ კიდევ ერთი ფურცელი აუფრიალეს ცხვირწინ და კედელთანაც მიაყენეს გასაჩხრეკად.
ისე მშვიდად იყო, მხოლოდ ის აინტერესებდა, ვინ მოუწყო ეს ყველაფერი. ან რისთვის იწვალა? მაინც ვერაფერს აღმოაჩენდნენ. ჩხრეკის დროს რამდენჯერმე ისიც კი უთხრა ფორმიანებს, ცოტათი ფრთხილად, მეღიტინებაო. თითქოს სიტუაციით ერთობოდა კიდეც, მაგრამ მაშინვე შეეცვალა სახე, როდესაც როის ჯინსის უკანა ჯიბიდან თეთრფვხნილიანი პაკეტი ამოაძვრინეს.
- სწორედ ის ვიპოვეთ, რასაც ვეძებდით. - ჩაეცინა მენდესს, მეორემ კი გამკიცხავად გაიქნია თავი და შემდეგ ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, ნიკა მხოლოდ მაშინ მოეგო გონს, ბორკილებდადებული რომ გაჰყავდათ კლუბიდან.
- აქ რა ხდება? - მოესმა ნაცნობი ხმა, სანამ მანქანაში ჩასვამდნენ და ეგონა, სისხლი გაეყინებოდა ძარღვებში. ასეთი რაღაც იკადრა და კიდევ კითხვებს სვამდა?
- თქვენი საქმე არ არის, გაიარეთ! - უკმეხად მიუგდო პოლიციელმა და ის იყო, როი უნდა ჩაესვათ მანქანაში, სანდრომ მხარზე რომ დაადო ხელი და წარბებაწეულმა გახედა.
- თქვენ ორს საქმე არ გაქვთ? ნუ ერევით იქ, სადაც არაფერი გესაქმებათ! - ახლა მენდესი ჩაერია, მაგრამ კაცმა, რომელსაც ნიკა არ იცნობდა, თვალები აატრიალა და პიჯაკის ჯიბიდან რაღაც ამოიღო. როგორც შემდეგ გაირკვა, ეს „რაღაც“ FBI-ს ჟეტონი იყო.
- დენიელ გეითსი და ალექსანდრე ჯაფარიძე, ფედერალური ბიურო.
- ხომ შეიძლებოდა, თავიდანვე ასე დაგეწყოთ?
- დიდხანს ვაპირებთ აქ დგომას? - კბილებს შორის გამოსცრა ნიკამ. ერჩივნა, პოლიციის მანქანაში ჩაეტენათ, ვიდრე ბორკილებდადებული მდგარიყო სანდროს წინ.
- რისთვის იჭერთ?
- ბატონებო, ჩვენ მოვალეობას ვასრულებთ, ნარკოტიკების გამო ბიუროს შეწუხება არ ღირს. ახლა კი, მომიტევეთ! - ღიმილით განუმარტეს და როდესაც მეტრეველს თავდახრილს სვამდნენ მანქანაში, იგრძნო, როგორ აუწვა სახე იმ კაცის მზერამ, რომელსაც დილით იმას სთავაზობდა, დანაშაული ჩემში ეძებეთ, მხოლოდ საკუთარ შეცდომებზე ვაგებ პასუხსო...
* * *
ცოცხალ-მკვდარივით დადიოდა ნინა. ისეთი დაცლილი იყო ემოციებისგან, საყვარელი ბებია-ბაბუის ნახვისას ძლივს გაიღიმა. გიჟდებოდა მათზე, მართლა ძალიან უყვარდა, მაგრამ ახლა ისეთ გარემოებაში მოუწია საქართველოში ჩასვლა, სულაც არ ეცეკვებოდა სიხარულისგან. ჩასვლის მომენტიდან იმას ფიქრობდა, როდის დაურეკავდა მამა და ეტყოდა, მოგვენატრე და დაბრუნდიო. ჩანთაც კი არ ამოალაგა. მუდმივად მზადყოფნაში იყო წასასვლელად.
- ნინა, სად ხარ? - სახის წინ ხელი აუქნია ირაკლიმ, როდესაც შეატყო, რომ მისი ნათქვამიდან სიტყვაც არ ჰქონდა გაგონილი.
- ისევ იგივე მეორდება... - ამოიოხრა ლიკამ და შვილიშვილს თვითონვე გადაუღო შემწვარი კარტოფილი. უკვე თხუთმეტი წუთია მაგიდასთან ისხდნენ, გოგონას თეფში კი ისევ ისე გამოიყურებოდა, როგორც დადების მომენტში.
- რა იგივე? - ყურები ცქვიტა სასწრაფოდ, ირაკლის კი გაეცინა მის რეაქციაზე.
- ხანდახან როგორ ჰგავხარ დედაშენს...
- გეხვეწებით, არ იფიქროთ, რომ თქვენი ნახვა არ მიხარია... - ჩუმად დაიწყო ნინამ. -უბრალოდ... - ნიკაპი უკანკალებდა უკვე, ისე უნდოდა ტირილი. სამი დღე გავიდა, რაც აქ ჩამოვიდა და ნიკასგან შეტყობინებაც კი არ მიუღია, არც მის გაგზავნილებს ნახულობდა და ინტერნეტშიც არ გამოჩენილა. ნეტავ, კარგად თუ არის საერთოდ?
- უბრალოდ შენი შეყვარებული გენატრება, - თვალი ჩაუკრა ლიკამ.
- მოგიყვათ დედამ?
- რა მიხვედრა უნდა მაგას? რაო, არ მოსწონს სანდროს სასიძო? - აროხროხდა ირაკლი, ქალმა კი ხელი გაჰკრა და თვალები დაუბრიალა.
- გრძელი ამბავია, უბრალოდ ჩვენი ოჯახი მისას ვერ დაუკავშირდებაო... - ამოიოხრა და კიდევ ერთხელ შეიხედა „ფეისბუქში“ იმის იმედით, რომ ნიკას სახელის გვერდით მწვანე ბურთულას დაინახავდა. არც ამჯერად გაუმართლა.
- გადაიფიქრებს. ცოტა ხანი გასვანდება და მერე მოლბება. ისე, საყვარელო, შენ ვის ჰგავხარ ამისთანა? დედა მთიული, მამა სვანი, შვილი კიდევ, ზის აქ და იცრემლება!
- ირაკლი, დაანებე ბავშვს თავი! წამოდი, ბებო, სურათები დამათვალიერებინე, აბა, ვნახოთ, როგორი ბიჭია... - გაუღიმა ლიკამ, შემდეგ კი ხელი მოხვია და საძინებელში გაიყვანა...
* * *
- სანდრო, გეხვეწები, არ გინდა, რა! - უკვე აღარ იცოდა ანიკამ, როგორ მოეხერხებინა მისი გადარწმუნება. - ხომ იცი, რომ ჩემი ნერვიულობა არ შეიძლება?
- შენ ასეთ სისულელეზე ისედაც არ უნდა გენერვიულა. - მოუჭრა მოკლედ, ზურგიდან იარაღის შესანახი ქამარი მოიხსნა, პისტოლეტს ტყვიები ამოაცალა და ორივე ცალ-ცალკე შეინახა კარადის ყველაზე მაღალ თაროზე, ტანსაცმელების შიგნით.
- გთხოვ...
- ანიკა, რადგან ვამბობ, რომ საჭიროა, ესე იგი, საჭიროა და ძალიან გთხოვ, ნუ ერევი.
- რას ნიშნავს, ნუ ვერევი?
- და ორსულობის წიკებს ნუ გაუშვებ.
- სანდრო! - თვალები დაუბრიალა და წინ აესვეტა. - მეშინია... - ამოიოხრა ბოლოს და ტუჩი მოიკვნიტა.
- პატარავ, მისმინე... - წარმოთქვა ზუსტად ისე, როგორც წლების წინ და ანიკას სიამოვნებისგან შეაჟრჟოლა. უკვე ოცი წელია ერთად იყვნენ, მაგრამ სანდრო მაინც არ გადაეჩვია „პატარას“ დაძახებას, რაც ძალიან, ძალიან სიამოვნებდა. - არაფერი არ მოხდება. უბრალოდ დავილაპარაკებთ, ამასაც ნინას გამო ვაკეთებ.
- ფრთხილად იყავი... - დანებდა ბოლოს და წელზე შემოხვია ხელები, შემდეგ კი, როცა თავზე კოცნა იგრძნო, კმაყოფილმა ამოიკრუსუნა.
- ნუ დაივიწყებ, რომ ფედერალური...
- ო, გეყოფა თავის ქება, ვიცი, ვინც ხარ! - ჩაეცინა. - ახლა კი წადი და მალე დაბრუნდი, შეიძლება რამე მომინდეს...
ღიმილით დატოვა სანდრომ სახლი. სულაც არ ეხალისებოდა ამ შეხვედრაზე წასვლა, მაგრამ ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა, რომ სხვა გზა არ იყო. ვერ გარევდა უდანაშაულო წყვილს იმ ამბავში, რომელიც მხოლოდ მას და ლაშას ეხებოდათ. პირადად უნდა გაერკვიათ და არა ასე, პატარა ბავშვებივით ეჯიუტათ. მართლა ძალიან დიდხანს ფიქრობდა, ღირდა თუ არა ამის გაკეთება. როცა დაინახა, ნიკოლოზს როგორ სვამდნენ პოლიციის მანქანაში, ისიც კი გაიფიქრა, კიდევ კარგი, რომ ჩაერიეო, მაგრამ სანდო წყაროებით გაარკვია, რაც ხდებოდა სინამდვილეში. სწორედ მაშინ აკრიფა ლაშას ნომერიც, როცა სიმართლე გაიგო. ახლა კი იმ ადამიანთან შესახვედრად მიდიოდა, ვისაც ამდენი წლის მანძილზე ყველანაირი გზით არიდებდა თავს...
ყველაზე მეტად იმას ნატრობდა, კონტროლი რომ არ დაეკარგა. იცოდა, როგორი ნაბიჭვარიც იყო უფროსი მეტრეველი და არც იმაში ეპარებოდა ეჭვი, რომ აუცილებლად ეტყოდა რაღაც ისეთს, რაც ჭკუიდან გადაიყვანდა.
- ასე უნდა ძველი მეგობრების დავიწყება? - მოესმა ზურგიდან, მისთვის გაურკვეველი მიზეზით დანიშნულ შეხვედრის ადგილას - ცენტრალ პარკში რომ მივიდა.
- და ისე მოგენატრე, პირისპირ შეხვედრაც რომ ვერ გაბედე, არა? - ცალყბად ჩაეცინა, მისკენ რომ შეტრიალდა და ჩამოსართმევად გამოწეული ხელი დაინახა. - მე აქ საქმეზე ვარ.
- გაგიკვირდება და, მეც. - დასერიოზულდა ლაშაც. - მაგრამ ვიფიქრე, მოკითხვით არაფერი დაშავდებოდა.
- ამდენი წელი იცხოვრე ჩემი მოკითხვის გარეშე და ახლაც გაძლებ როგორმე. მოკლედ, მგონი იცი, რატომაც დაგირეკე.
- ვიცი და მეც შენს აზრზე ვარ.
- შენ ჩემს აზრზე ვერ იქნები.
- ალექს, გეყოფა, რა! - თვალები აატრიალა, სანდრომ კი ისეთი თვალებით გახედა, ძველი მეტსახელი რომ მოესმა, მზერით სიკვდილი რომ შესაძლებელი ყოფილიყო, ადგილზევე გაყინავდა.
- მე ნიკას ველაპარაკე.
- რაო, არ გესიამოვნა, გეგმას რომ მიგიხვდი? - ჩაეცინა ირონიულად. - ჰო, რა იყო, მასეთი იდიოტი გეგონე? მე უკვე ჩამოვაშორე ჩემი შვილი შენს გოგოს.
- ჩამოაშორე?
- ჰო, ცოტა ხნით საკნის ხეხვა გამოაფხიზლებს და მიხვდება, რომ ასე მარტივად არ უნდა გაებას ვიღაც-ვიღაცების დაგებულ მახეში.
- ლაშა, ფხიზელი ხარ? რას ბოდავ? - იმის დაჯერებაც კი არ უნდოდა, რომ ამ იდიოტმა საკუთარი შვილი დააჭერინა.
- სანდრო, მომისმინე! - წარმოთქვა ღვარძლიანად. - ვიცი, რომ შენთან შემეშალა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი ოჯახის არევის უფლებას მოგცემ! თუ კაცი ხარ, მე გამისწორდი და ბავშვებს ნუ გარევ!
- რა თქვი? - აი, ახლა კი აასხა სიბრაზემ ტვინში და საყელოში ისე სწვდა, რამდენიმე გამვლელმა ეჭვის თვალითაც გახედა.
- რა და ჩემზე შურის საძიებლად არაა საჭირო, საკუთარ გოგოს კახპასავით მოქცევა სთხოვო! - ამოანთხია ბოლომდე ამდენი ხნის ნაგროვები და სანდროს რეაქციის დანახვაც ვერ მოასწრო, ისე დაასკდა მიწას.
- შე ნაბიჭვარო! - დაუღრიალა ჯაფარიძემ, ქურთუკზე დაქაჩა, რომ წამოეყენებინა და შემდეგ ისევ გაუქანა შეკრული მარჯვენა. - ნინას სახელის ხსენებაც კი არ გაბედო არასდროს!
- ჰმ, როგოც იქნა, ემოციებსაც ვხედავ! სიმართლე მწარეა, არა, ალექს? - კიდევ ერთხელ ჩაიცინა და ტუჩის კუთხიდან სისხლის მოწმენდაც ვერ მოასწრო, რომ კიდევ ერთი დარტყმა მიიღო.
- არაკაცი ხარ! იმასაც არ იმსახურებ, შენმა შვილმა შენი გვარი რომ ატაროს! იმას ვერ ვხვდები უბრალოდ, ახლა გახდი ასეთი ნაბიჭვარი თუ აქამდეც იყავი და ვერ ვამჩნევდი.
- ჩემი ოჯახის საქმეებში შენ ნუ ჩაერევი და შენი გოგოც...
- მოკეტე! - დაუღრიალა გაცოფებულმა. ერთიანად უცახცახებდა სხეული, მაქსიმალურად იკავებდა თავს, ადგილზევე რომ არ მოეკლა. არც კი ინანებდა, იმდენად გულს ურევდა. უბრალოდ არ უნდოდა, მის სისხლში გაესვარა ხელები. - და ერთი წამითაც არ იფიქრო, რომ დაგემსგავსები და შენნაირი არაკაცი გავხდები!
- საკუთარ გოგოს რომ შურისძიებისთვის გამოიყენებ, მეტი არც ხარ!
- მე შენ რა გითხარი? - ამჯერად აღარ დაურტყამს, მაგრამ ცალი ხელი წაუჭირა ყელში ისე, თვალიც რომ არ მოუშორებია. - აღარ გაბედო შენი ბინძური პირით ჩემი შვილის სახელის წარმოთქმა! და ისიც იცოდე, რომ მე აღარაფერში ჩავერევი. ჩემგან ბავშვებს არანაირი წინააღმდეგობა აღარ ელოდებათ და გაფრთხილებ, თითიც რომ გაანძრიო მათთვის ხელის შესაშლელად...
- მომკლავ? - შეაწყვეტინა სიცილით, სანდრომ კი, თავიდან ბოლომდე შეათვალიერა, ერთი ჩაიცინა, ხელი შეუშვა და მოკლედ მოუჭრა.
- სიკვდილს განატრებ! - შემდეგ კი გამობრუნდა და უკანმოუხედავად დატოვა იქაურობა. უკვე ზუსტად იცოდა, როგორც უნდა მოქცეულიყო...
* * *
გამწარებული სცემდა საკანში ბოლთას და ყბებს ერთმანეთზე ძლიერად აჭერდა, ხმამაღლა რომ არ ეღრიალა. ლამის იყო, კედლებზე დაეწყო სიარული. რა ჯანდაბის გამო მოხვდა აქ? ვიღაც ნაბიჭვრის ანონიმური ზარის გამო? ჰმ, აქედან გავიდეს და... არა, პირველი, რასაც აქედან გასვლისას გააკეთებს, ნინასთან დარეკვა იქნება. საკუთარ პრობლემებს მერეც მოაგვარებს. მხოლოდ ის იცის ზუსტად, სანდრო რომ არაფერ შუაში არაა. კინაღამ ყბა ჩამოვარდა, ბადრაგმა რომ უთხრა, მნახველი გყავსო და ჯაფარიძე დაინახა. ისეთი თვალებით უყურებდა, უსიტყვოდ ეუბნებოდა ყველაფერს, კაცმა კი გაუღიმა და არ მეგონა, ჩვენი მეორე შეხვედრაც ასეთი უცნაური თუ იქნებოდაო. ისე ელაპარაკა, ნიკა გაოგნებული უსმენდა. არა, როგორ იფიქრა, რომ სანდრო ასე ბინძურად ითამაშებდა? შერცხვა კიდეც, მაგრამ არაფერი უღიარებია. არც ის უკითხავს, ასე უცბად რამ შეაცვლევინა დამოკიდებულება, მიუხედავად იმისა, რომ კარგად მიხვდა, აშკრად რაღაცაში იყო საქმე. სიმართლე ითქვას და, არც ჰქონდა ამ ამბების გარკვევის თავი. მხოლოდ ის ადარდებდა, ნინასთვის ასე ყველაფრის ახსნის გარეშე რომ გაქრა. ღმერთმა უწყის, რას იფიქრებს.
- მეტრეველი! - ფიქრებიდან საკუთარი გვარის გაგონებამ გამოარკვია და ბადრაგს უსიტყვოდ ახედა. - მნახველი გყავს. - და შემდეგ...
ეგონა, ესიზმრებოდა. არა, უფრო ზუსტად, ისიც კი არ იცოდა, რა ეგონა. როგორ? რანაირად? თვალები ეტკინა კიდეც, ისე გაუფართოვდა, დაბჟუტულგანათებიან დერეფანში ნაცნობ სილუეტს რომ მოჰკრა თვალი. ფორმიანმა კი, მისი სახის დანახვისას, ჩაიცინა და თავის ქნევით გაეცალა.
- ანუ რამდენიმე დღითაც არ შეიძლება შენი დატოვება, არა? - გოგონა ეცადა, მშვიდი ხმა ჰქონოდა, მაგრამ მაშინვე ტუჩები დაებრიცა და ცრემლები წასკდა, როდესაც გისოსებზე მაგრად შემოხვეული ნიკას თითები დაინახა.
- ნინა... - აღმოხდა ისე, თვითონაც არ სჯეროდა ამ ყველაფრის რეალურობის.
- უჩემობა შენზე ცუდად მოქმედებს... - გაუღიმა ნაძალადევად და მის თითებს საკუთარი შეახო.
- ძალიან, ძალიან ცუდად...
- მამამ დამირეკა... - ტირილს არ წყვეტდა, ისე საუბრობდა. - კინაღამ ჭკუიდან გადავედი, ვერანაირად რომ ვერ დაგიკავშირდი. შემდეგ კი, დამირეკა და მითხრა, ერთ საათში აეროპორტში იყავი, ბილეთი უკვე გიყიდე, საშინლად გვენატრები და თან ერთი იდიოტი შენ გარეშე სისულელეების კეთებითაა დაკავებული; ჰოდა, ჩამოდი და მიხედეო.
- კაი რა, დამცინი? - ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, შოკში იყო.
- მართლა არ ვიცი, რა უთხარი ასეთი... - ჩაეცინა და გისოსებში გაყო ხელები, სახეზე რომ შეხებოდა.
სუნთქვაც კი უჭირდა, ისე სტკენდა გულს საყვარელი ბიჭის აქ დანახვა. მამამ კი გააფრთხილა, შენზე ნერვიულობის დამატება არ უნდა, წესიერად მოიქეციო, მაგრამ მაინც ვერ იკავებდა ცრემლებს. ერთიანად უკანკალებდა თითები, ლოყაზე რომ ჩამოუსვა, მეტრეველმა კი სასწრაფოდ დაიჭირა და თვალებმიხუჭულმა, ბედნიერად ამოიოხრა, როდესაც ასე მონატრებულს აკოცა. უნდოდა, ეს რკინები ძირიანად ამოეგლიჯა და წესიერად შეხებოდა, მაგრამ მაინც არ იმჩნევდა და მხოლოდ ცრემლების შეშრობით კმაყოფილდებოდა. კარგად ხედავდა, როგორ ცუდად იყო ნინა და კიდევ უფრო ვერ დაამძიმებდა.
- როი თუ აღიარებს, რომ მე არაფერ შუაში ვიყავი, მხოლოდ ჯარიმას დამაკისრებენ... -წარმოთქვა მოულოდნელად.
- აღიარებს.
- ამდენი ოპტიმიზმიც არ გინდა, ნი. - ჩაეცინა და ლოყაზე უჩქმიტა, გოგონამ კი წარბები სასაცილოდ აწკიპა.
- რას ვიზამთ, ძნელია, არ იყო ოპტიმისტი, როდესაც გვერდით ოთახში მამაშენი, უფრო დავკონკრეტდები და, ფედერალური ბიუროს დეპარტამენტის უფროსი, შენი შეყვარებულის საქმეში მთავარ ეჭვმიტანილს ჰკითხავს. - მხრები აიჩეჩა, ვითომც არაფერიაო, ნიკას თვალებმა კი ამჯერად შუბლზე გადაინაცვლა.
- რა თქვი? რა საჭირო იყო?
- მას ჰკითხე, მე არაფერ შუაში ვარ.
- ნი...
- გეფიცები!
- მეტრეველი... - კიდევ ერთხელ გაისმა ბადრაგის ხმა.
- ორი წუთიც... - შეაწყვეტინა სასწრაფოდ. ასე უცბად ვერ გაუშვებდა ნინას.
- ასე მოგწონს ჩვენთან?
- რა?
- რა და გამოდი!
- სერიოზულად? რატომ?
- შენმა პრინცესამ გიხსნა ცეცხლისმფრქვეველი დრაკონის ტყვეობისაგან და იმიტომ! -თვალები აატრიალა კაცმა და გასაღები საკეტში მოათავსა.
- გირაო გადაიხადეს?
- არა, ატკინსმა ყველაფერი თავის თავზე აიღო და თან, ზემოდან ჩაერივნენ, დროზე ადრე რომ გამოსულიყავი! - ჩაიცინა, შემდეგ კი თავისთვის, უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა: -მომკლა ამ ნაცნობობით საქმის კეთებამ!
* * *
- სანდრო, ვერ ვიჯერებ... - ყურებამდე გაღიმებული იყო ანიკა, ყველაფერი რომ მოისმინა.
- ვერც ნინა იჯერებდა... - ჩაეცინა და საყვარელი ქალი გულზე მიიკრა.
- ისე, რომ სცოდნოდა, აქამდეც ხომ გეტყოდა...
- აქამდე რომ ეთქვა, ყველაფერი ასე არ იქნებოდა.
- იცი, როგორ შემეცოდა ნიკა, ჩვენთან რომ მოვიდა? არაფერი არ იცოდა საერთოდ.
- მე იმიტომ შემეცოდა, ასეთი მამა რომ ჰყავს.
- არც დედა აკლებს. - წაისისინა ანიკამ. - მაგრამ ლაშამ ეგ როგორ გაუკეთა?
- კარგი, გეხვეწები, აღარ გვინდა ამაზე, რა. ერთი კვირაა მეტრეველის მეტი არაფერი მესმის.
- ოჰ, დაიღალა ბიჭი! აბა, რა გეგონა, ქალიშვილი რომ გინდოდა?
- ნეტა ეს ვინ იქნება... - ჩაეცინა სანდროს და მუცელზე დაუკაკუნა საჩვენებელი თითი. -წესით, ბიჭი უნდა იყოს.
- რატომ ვითომ?
- ჩვენ ხომ გენდერულ ბალანსს ვიცავთ! - თვალი ჩაუკრა და ჩაეცინა, შემდეგ კი, ანიკას პატარა ბავშვის სახით ახედა და ისე წარმოთქვა: - გახსოვს, ძალიან, ძალიან ადრე რომ გითხარი, მხოლოდ ერთ რაღაცას ვნანობ-მეთქი?
- კი, ლაშას რომ არ დავარტყიო. - დაიბნა ანიკა. საერთოდ ვერ მიხვდა, რა შუაში იყო ეს გადახვევა.
- ჰოდა, აღარ ვნანობ... - ჩაილაპარაკა და მომუშტულ მარჯვენაზე კმაყოფილმა მოისვა ხელი...
* * *
ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. ნინა თავს ისე გრძნობდა, იმდენად სავსე იყო, უნდოდა ერბინა, ეყვირა, ეცეკვა. როგორმე ეს ყველაფერი გარეთ გამოეშვა, თორემ ცოტაც და, ამდენი სიხარულით გული გაუსკდებოდა! რას წარმოიდგენდა, ყველაფერი ასე თუ შემოტრიალდებოდა? საკუთარმა მამამ ის ბიჭი გამოაშვებინა ციხიდან, რომლის გამოც ნინა საქართველოში გაუშვა. ვერ ხვდებოდა, რა მოხდა ასეთი, მაგრამ არც ამაზე ფიქრი უნდოდა დიდად. მთავარი მხოლოდ შედეგი იყო, შედეგად კი ის მიიღო, რომ ყოველგვარი სინდისის ქენჯნისა და შიშის გარეშე შეეძლო ყოფილიყო საყვარელი ადამიანის გვერდით.
მობილური რომ აუწკრიალდა, გული ისე აუჩქარდა, თითქოს არ იცოდა, ვინ ურეკავდა შუაღამისას. მართალია, აივნის კარზე დაკაკუნებას უფრო იყო შეჩვეული, მაგრამ ეს სიტუაციაც საშინლად მოსწონდა. ნამდვილი შეყვარებულობა. კმაყოფილმა ამოიკრუტუნა და სენსორს თითი გადაუსვა.
- ნი, სასწრაფოდ დაბლა ჩამოდი. - აღელვებული ხმა ჰქონდა ნიკას და თვითონაც შეშინებულმა დახედა საათს. თორმეტის შესრულებამდე ხუთი წუთიღა იყო დარჩენილი.
- რა ხდება, მშვიდობაა?
- მალე! შენს სახლთან ვარ...- შემდეგ კი, წყვეტილი ზუმერის ხმა რომ გაიგონა, ისე სწრაფად წამოხტა საწოლიდან, ფეხები ერთმანეთში აეხლართა და იატაკსაც ჩაეხუტა. რა მოხდა ამისთანა?
არც უფიქრია გამოცვლა, პიჟამით და ფუმფულა, სპლიყვის ფორმის ჩუსტებითვე გავარდა ოთახიდან, მაგრამ კარი გააღო თუ არა, მაშინვე მამას შეასკდა.
- რა ხდება, მა, საწოლიდან გადმოვარდი? - სიცილს ძლივს იკავებდა სანდრო. - მიწისძვრა მეგონა...
- მამა, კარგი, რა! - გაეცინა ნინასაც.
- მოიცა, მოიცა, საით გაგიწევია? - მხოლოდ გვიანღა შენიშნა, როგორ ცქმუტავდა.
- ამმ...
- მე რომ აღარ ვერევი, იმას არ ნიშნავს, რომ ამ დროს შეხვედრის ნებას მოგცემთ.
- არც ვაპირებდი, უბრალოდ ახლა დამირეკა, სასწრაფოდ ჩამოდი, შენს სახლთან ვარო.
- ცეცხლი მიკიდია შენი სიყვარულით და ჩამაქრეო?
- ნუ დამცინი! ისეთი ხმა ჰქონდა, შემეშინდა.
- კარგი ახლა, ნუ აჭარბებ.
- გთხოვ... - ლიზიკოსავით ცერა და საჩვენებელი თითებით გამოიწია ყელი და ისე შეეხვეწა, სანდრომ კი თვალები აატრიალა. არ შეეძლო უარის თქმა ასეთი ნინასთვის.
- შემოიცვი და ისე გადი! - ამოიოხრა ბოლოს და საკუთარი მოსაცმელი მიაწოდა. - და გახსოვდეს, ეზოშიც მაქვს თვალები... - შემდეგ კი, სასხვათაშორისოდ წაილაპარაკა და ნება მისცა, წასულიყო...
ოლიმპიური მორბენლის სიჩქარით ჩაიარა ნინამ კიბე და გარეთ გულაჩქარებული გავარდა, მაგრამ როდესაც ნიკა საღსალამათი დაინახა, შვებით ამოისუნთქა. ისე ნერვიულობდა, მუხლებში სისუსტეც კი იგრძნო მისი დანახვისას.
- ნორმალური ხარ? გამისკდა გული! - ამოიოხრა და წარბები აწკიპა ბიჭის ღიმილის დანახვისას. - თქვი ახლა, რა ხდება?
- რატომ ხარ ასეთი მოუთმენელი, ნი? - ტუჩის კუთხეებში ეპარებოდა სიცილი. - ზუსტად ნახევარი წუთიც... - თვალები დააწვრილა და წარბები აათამაშა, გოგონა კი, მაინც ვერაფერს მიხვდა.
- არა, ალკოჰოლის სუნი ნამდვილად არ გაქვს... - წარმოთქვა დაფიქრებულმა და შუბლზე ააწება ხელი. - ჰმმ, არც სიცხე...
- სუნი და სიცხე არა, მაგრამ... - ხელოვნურად გაწელა დარჩენილი წამები. - დაბადების დღე მაქვს! უკვე!
- რა? - გაეცინა ნინას. - მართლა?
- დიახ! და მინდოდა, ჩემი მეცხრამეტე წლის ბოლო და მეოცე წლის პირველი წუთები შენთან ერთად გამეტარებინა... - ჩაიღიმა ცალყბად.
- არანორმალური ხარ, ნიკა!
- და კიდევ ერთი... - გააგრძელა შემპარავად და გოგონამ მხოლოდ ახლა შენიშნა პატარა ყუთი, მიწაზე რომ იდო.
- აქეთ მჩუქნი საჩუქარს?
- მე რომ გყავარ, ეგ უკვე საჩუქარია! - თვალი ჩაუკრა და ყუთი ხელში აიღო. - მაგრამ მინდა, რაღაც გკითხო...
- არა...
- როგორ არა, დამაცადე!
- ნიკ...
- მაცადე! - თვალები დაუბრიალა და ყოველგვარი მუხლზე დაშვების გარეშე ახადა კვადრატული ფორმის ყუთს თავი, ნინამ კი პირზე აიფარა ხელები, ხმამაღლა რომ არ ეკივლა.
- ღმერთო, რა ფუმფულაა! - აჭყლოპინდა პატარა ბავშვივით და ჰასკის ლეკვი გულზე მიიხუტა. - რა ლამაზია, ბეწვის გორგალი! - ემოციებს ვერ მალავდა, ისე აჟიტირდა.
- დამაცდი თუ არა? - გაეცინა ნიკასაც, მისი ანთებული თვალების დანახვისას, შემდეგ კი, სერიოზული ხმით გააგრძელა. - ნინა ჯაფარიძე, თანახმა ხართ თუ არა, გახდეთ, როგორც თქვენ უწოდეთ, ამ ბეწვის გორგლის დედიკო და ჩემთან ერთად იკისროთ ეს საპასუხისმგებლო მოვალეობა?
ყველაფერი დაავიწყდა ნინას. ისიც, მამამისი უეჭველად რომ უყურებდა ფანჯრიდან; ისიც, მთელი ეზო კამერებით რომ იყო აღჭურვილი; ისიც, როგორ ფორმაში იყო და სად იყო. იმ მომენტში მხოლოდ სამნი არსებობდნენ, ნიკა, თვითონ და ეს პატარა, მათი პირველი შვილი. ცრემლები წამოუვიდა, ოღონდ ამჯერად სიხარულის და ისე სწრაფად შემოხვია ხელები, კინაღამ წააქცია.
- თანახმა ვარ, რა თქმა უნდა, თანახმა ვარ! - წამოიყვირა და სწრაფად აკოცა, ბიჭმა კი თვალებდაჭყეტილმა გახედა.
- ნი, მამაშენი...
- ნიკოლოზ, გაჩუმდი და მაკოცე! - თვალები დაუბრიალა, მეტრეველს კი, მის სიტყვებზე, თვითკმაყოფილად ჩაეღიმა, საყვარელ გოგოს ძლიერად მოხვია მკლავები და ცისფერთვალა, ფუმფულა არსებასთან ერთად დაატრიალა ჰაერში...
და მართლაც, უკვე აღარაფერი იყო მნიშვნელოვანი. იყვნენ მხოლოდ ისინი, ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებულები, რომლებიც ახლა იწყებდნენ ყველაფერს და იცოდნენ მხოლოდ ერთი - არ არსებობდა ამქვეყნად დაბრკოლება, რომელსაც მათი სიყვარული ვერ გაუძლებდა და ვერ გადალახავდა...
დასასრული!
ნათია ჯაგოდნიშვილი