ქაღალდის რელიკვია (VII ნაწილი)
გაბრუებულმა ყურმილი ფრთხილად დავკიდე.
ჩემი გაცისკროვნებული თვალები სილვა ბებიას არ გამოჰპარვია. კრიტიკულად ამხედ-დამხედა
საღამოს ტელეფონმა დარეკა. გუმანით მივხვდი, ის იქნებოდა. დავაყოვნე ყურმილის აღება. არ იფიქროს, რომ სულმოუთქმელად ველი მის ზარს.
- გისმენთ, - რაც შეიძლებოდა, მშვიდად ვთქვი.
- გამარჯობა, ნატა, - ჟრუანტელმა დამიარა გეგას ხმის გაგონებაზე.
- გაგიმარჯოს.
- დღეს დაგინახე.
- მეც.
- კარგ ფორმაში იყავი...
- და ამან გაგახსენა ჩემი თავი?
- არამარტო...
- აბა, კიდევ რამ?
- შენმა დუმილმა.
- რამ? - კარგად ვერ გავიგონე.
- შენმა დუმილმა-მეთქი. რატომ არ შემომეხმიანე ამ დღეებში?
- შენ? - შევუბრუნე კითხვა.
- მე-ე? ხომ მითხარი, არ დამირეკოო. მეც შენი თხოვნა გავითვალისწინე.
- ყველა ქალის თხოვნას ასე "ითვალისწინებ"?
ბოლო სიტყვა ხაზგასმით წარმოვთქვი.
- ყველასას არა, შენსას კი, - გაიცინა.
- მიზეზი?
- მიზეზი ისაა, რომ შენგან განსხვავებით, მე ძალიან მომწონხარ, - ხმას დაუწია.
- ჩემგან განსხვავებით? მაგით რისი თქმა გინდა?
- იმისი, რომ არ მოგეწონე.
- არა, რას ამბობ, მაგაში არა ხარ მართალი, - ნერვიულობისგან კინაღამ ტუჩი მოვიკვნიტე.
- მართალი ვარ, მართალი. შენ გგონია, არ მახსოვს შენი სახე, ნანამ ჩემი თავი რომ გაგაცნო? ან მერე, ტაროს მანქანაში რომ იჯექი? ისეთი უკმაყოფილო სახე გქონდა, რომ! ძალიან არ მოგეწონე და ნუ დაიწყებ ამის უარყოფას, - კვლავ გაიცინა.
- არა, გეგა. ეგ არც გამივლია გულში, უბრალოდ, უხალისოდ ვიყავი, - ვცადე თავის მართლება.
- ესე იგი, მოგეწონე? - ჩემი გამოჭერა სცადა.
- ...
- როგორ გავიგო შენი დუმილი?
- როგორც.
- ვერ გავიგე.
- მგონი, ეგ არ უნდა იყოს ძნელი მისახვედრი.
- ანუ ანდაზის თანახმად? ასეა?
- ...
- ჰო, მაგრამ დუმილი ყოველთვის თანხმობის ნიშანი არ არის.
- რა შემთხვევაში?
- იმ შემთხვევაში, როცა ადამიანი ძალიან განიხიბლები ხოლმე. იქნებ ვცდები?
- მე გადავიფიქრე, - ვთქვი უცებ.
- რა გადაიფიქრე?
- ასე ხელაღებით არ შეიძლება ადამიანის მოწონება-არმოწონება. ერთი ნახვით კაცს ვერ შეაფასებ, - როგორც იქნა, სათქმელს თავის მოვაბი.
- ჰოო! ეგ კარგის ნიშანია. რას იტყვი, შევხვდეთ?
დავმუნჯდი. ისე ძალიან მინდოდა მისი ნახვა, უარს როგორ ვეტყოდი, მაგრამ "ჰოც" ვერ ვუთხარი.
- ეგეც თანხმობის ნიშანია? - ახლა უკვე ხმამაღლა გაიცინა, - კარგი. მაშინ ასე გავაკეთოთ. ინგლისური როდის გაქვს?
- ზეგ, - ვთქვი და გავწითლდი.
- რომელ საათზე?
- ოთხზე.
- რომელზე გიმთავრდება?
- ექვსის ნახევარზე.
- მაგ დროს ლორას ჭიშკართან დაგელოდები. კარგი?
- კარგი, -ვუპასუხე, თან გულში გამკრა, ლორას სახელი საიდან იცის? ვითომ ტაროსგან?
- ახლა კარგად იყავი. ამაღამ მე შენზე ვიფიქრებ. შეიძლება არც დამეძინოს... არც ისეა საქმე, შენ რომ გგონია, - დაამატა.
- მე რა მგონია? - ვერ მივუხვდი.
- არც ისე გათქვეფილი ვარ ქალებში, როგორც შენ გაწვდიან ინფორმაციას. გამიგე? ეგ ჭორია. ეგ ქალებს სურთ, რომ ასე იყოს, რათა სატანჯველი მოემატოთ. მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს სჩვევიათ თვითგვემა.
- არ ვიცი, მე მსგავსი რამ არ გამომიცდია.
- შენ არ ეკუთვნი ქალების ამ კატეგორიას. შენ სხვა ხარ.
- რატომ ხარ ასე დარწმუნებული?
- არ ვიცი. ალღო მკარნახობს ასე.
- ვაითუ შეცდომაში შეგიყვანოს შენმა ალღომ.
- ვნახოთ, ვნახოთ... შეცდომის გამოსწორება ყოველთვის შეიძლება.
- გამოუსწორებელი შეცდომისაც?
- ასეთი შეცდომა არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში, მე არ მქონია.
- საინტერესოა, როგორ გამოასწორებ შეცდომას ჩემს შემთხვევაში? - კეკლუცად გამომივიდა ნათქვამი.
- შენს შემთხვევაში?
- ჰო, აი, მეც რომ "თვითგვემის ოსტატი" აღმოვჩნდე, რას იზამ?
- ა-ა-ა! ჯერ მაგაზე არ მიფიქრია.
- მაინც, მაინც?
- სიმართლე გითხრა?
- რა თქმა უნდა... - დავიძაბე.
- ადვილად ვერ შეგელევი. ასე რომ, თავს დაგანებებ-მეთქი, რომ გითხრა, ტყუილი გამომივა. ამიტომ ერთადერთი გზაღა მრჩება - როგორც ქირურგი, გაგიკეთებ ოპერაციას და "გადაგაკეთებ" სხვა ქალად - ისეთად, როგორიც მე მსურს. ასე რომ, იმედი ნუ გექნება, ადვილად არ შეგეშვები.
- ძნელად?
- არც ძნელად. შენთვის თავის დანებებას არ ვაპირებ.
- ღმერთო ჩემო, რატომ, რა დავაშავე ასეთი? - გულინად გამეცინა.
- შენ გინდა თქვა, რომ ჩემი შენით დაინტერესება შენთვის სასჯელი იქნება?
- ა-რა, ეგ არც მიფიქრია, - მივხვდი, წეღან სისულელე რომ წამოვროშე, - მაგრამ ვერაფრით მივმხვდარვარ, ასე "მძაფრად" რატომ ამომიჩემე?
- კარგი ხარ და იმიტომ.
- ეგ არ არის სრულყოფილი პასუხი.
- ჩემს პირველ შეყვარებულს მაგონებ, - თქვა. ამას კი ნამდვილად არ ველოდი.
- მართლა?
- მართლა, მართლა.
- მერედა, სად არის ის შენი პირველი შეყვარებული, გაგექცა?
- გათხოვდა, თანაც დიდი ხანია.
- უკაცრავად, ცუდად გამომივიდა...
- არა, რატომ? ჩვეულებრივი შეკითხვა იყო, ნუ დაღონდები, - დამამშვიდა, - აი, ამიტომ არ განებებ თავს. და იცი, კიდევ რატომ?
- არ ვიცი.
- შენც რომ არ გამითხოვდე, იმიტომ.
სიცილი ვერ შევიკავე.
- გეგა, მე მგონი, ნათქვამი მაქვს შენთვის, რომ შეყვარებული უკვე მყავს...
- ვიცი, მაგრამ ეგ არაფერს ცვლის.
- თანაც, არ დაგავიწყდეს, რომ სხვის შეკვეთას ასრულებ.
- ეგეც ვიცი. მოდი, ამ თემაზე როცა შევხვდებით, მაშინ ვილაპარაკოთ. გავერკვეთ რაღაც-რაღაცებში, კარგი?
- კარგი.
- იქამდე, იმედია, არ გათხოვდები...
- ვეცდები, - გულიანად ვკისკისებდი.
- მერე კი დავიწყებ შენს გამოზრდას ჩემს ჭკუაზე და ზუსტად ისეთი ცოლი მეყოლება, როგორსაც ვისურვებდი, - უცებ დაუსერიოზულდა ხმა.
- როგორც ვატყობ, შორს მიმავალი გეგმები გქონია, - გულმა ბაგაბუგი დამიწყო. მსიამოვნებდა მისი ნათქვამი.
- საკმაოდ. ერთი რამ დაიმახსოვრე - რასაც მიზნად დავისახავ, აუცილებლად ავასრულებ ხოლმე. ასე რომ, თუ ძალიან ჭკუაში არ დაგიჯდა ჩემი "შორს მიმავალი გეგმები", ზეგამდე უნდა მოასწრო გათხოვება, თუ არადა, ჩემს გვერდით დაბერება არ აგცდება.
- ვიფიქრებ მაგაზე. წინ ჯერ 48 საათი მაქვს, - სიცილით ვუთხარი, დავემშვიდობე და სიხარულით გაბრუებულმა ყურმილი ფრთხილად დავკიდე.
ჩემი გაცისკროვნებული თვალები სილვა ბებიას არ გამოჰპარვია. კრიტიკულად ამხედ-დამხედა.
- რა გჭირს, ბებო, შენ ამ ბოლო ხანებში. მთლად მიატოვე ჭამა. ლანდი გაგდის უკვე, ვერ ამჩნევ?
- ლანდი არა, კიდევ ის... იცი, როგორ მშია, ბებო? ძალიან, ძალიან. რომ გიყურებ, ხაჭაპური მგონიხარ, - მხიარულად შევძახე და ყელზე ჩამოვეკიდე.
ასე გემრიელად რა ხანია, არ მივახშმია. ასე ბედნიერი, რა ხანია, არ ვყოფილვარ. ნუთუ ასე ცოტაა საჭირო სრული ბედნიერებისათვის? იქნებ არც არის ცოტა?
- კატუშას მაღაზიასთან მოხვალ?
იმდენად გამიკვირდა, ხმის ამოღება ვერ მოვახერხე. რომ ჩამიარა, მოიხედა და წარბებით მანიშნა, ჰო თუ არაო. თავი დავუქნიე ერთ ადგილას გახევებულმა. მერე მექანიკურად გავაგრძელე სვლა და საკლასო ოთახსაც ჩემდა უნებურად გავცდი.
შევკრთი. როგორ შემრცხვა. უკან მოვტრიალდი. ბალერინასავით ნაბიჯებით მომავალი მზია ეშმაკურად მიღიმოდა.
- ბოდიში, მასწ, - ძლივს გასაგონად ჩავიდუდღუნე და ოთახში შევედი.
ავფორიაქდი. კლასში კი ვიყავი, მაგრამ ფიქრებით კატუშას მაღაზიის ირგვლივ ვტრიალებდი. ნეტავ რას მეტყვის? შენც კარგად იყავი და მეცო, რომ გამომიცხადოს, მაშინ? არა, ამის გაფიქრებაც არ მინდა. რატომ უნდა მითხრას? გულახდილად რომ ვთქვა, ვერ ვხვდები. გეგას ამბავი, დარწმუნებული ვარ, არ ეცოდინება, მაგრამ... თუ იცის? მერე რა? ერთადერთხელ მყავს ცხოვრებაში ნანახი. ტელეფონზე თუ ვესაუბრები, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. განა თვითონ არა ჰყავს "ტრუბკით" გაცნობილი "დობილები"? რამდენიც გაგიხარდება! ამას არც თვითონ მალავს. ჰოდა, არც მე ვარ გამონაკლისი. არა, ეგ არ არის მისი გულცივობის მიზეზი. ამ შემთხვევაში ძაღლის თავი სხვაგანაა დამარხული... მაგრამ სად?
- ნატა, იქნებ მოგვხედო ცოტა ხნით? თუ შეიძლება მოგვაქციე ყურადღება, - სანამ მზია მასწავლებლის ხმას გავიგონებდი, ბაჩანას მუჯლუგუნი ვიგრძენი. ისე მწარედ გამკრა იდაყვი, კინაღამ ვიყვირე. ფიქრებიდან გამოვერკვიე.
- ვისი სახლის სახურავზე დაფრინავ, ქალბატონო? - ორაზროვნად ჩამიკრა "ბალერინამ".
ნირი წამიხდა. ქალი კარსმომდგარ გამოცდებზე გვესაუბრება, მე კი რაზე ვფიქრობ. ლალის რომ მოვუყვე ახლა ჩემი განცდების შესახებ ან გულიკოს, მოსაკლავი ხარო, მეტყვიან და ღირსიც ვიქნები...
როგორც იქნა, გაკვეთილიც დამთავრდა. ჩანთა ჩავალაგე და ყველაზე ბოლოს ფეხათრევით გავედი საკლასო ოთახიდან. დერეფანში აქეთ-იქით ვაცეცებდი თვალებს, სადმე ზიზას არ შევეჩეხო-მეთქი. იმას რას გამოაპარებ, მაშინვე მიმიხვდებოდა ყველაფერს. "მშვიდობიანად" მივაღწიე დანიშნულ ადგილამდე. მაღაზიის წინ, ზუსტად შუა ადგილზე, უზარმაზარი თუთის ხე დგას. ბიძინა ამ ხეს მიყრდნობოდა და თვალები დაეხუჭა.
- საქმე გქონდა რამე? - ვკითხე და გვერდზე გავიხედე, აქაოდა, სულაც არ მეპიტნავებოდა მასთან შეხვედრა, თითქოს მოსვლა მაიძულა ვინმემ.
- შენ არ გქონდა? - შეკითხვა შემომიბრუნა და თვალები მერეღა გაახილა.
- რა ვიცი, - მხრები ავიჩეჩე.
- წამო, კლუბის ეზოში შევიდეთ, ჩამოვსხდეთ.
უსიტყვოდ დავუყევით ტროტუარს. ორივე ტაატით მივდიოდით. ვღელავდი. გული ცუდს მიგრძნობდა.
ეზოში შევედით და გრძელ, ფიცრისგან დაჭედილ გრძელ მერხზე ჩამოვსხედით.
- ბოლო ხანებში "ნე ვიჟუს" რატომ მიკეთებ? - თავჩაღუნულმა მითხრა და წინგადახრილმა ხელები ერთმანეთში გადახლართა.
- მე თუ შენ? - გამიკვირდა, აქეთ რომ მომდო შარი.
- მე მქონდა მიზეზი, მაგრამ შენ? - ქვემოდან ამომხედა.
- რა მიზეზი? - დავეკითხე.
- არ იცი, რა მიზეზი?
- აზრზე ვერ მოვდივარ, რას გულისხმობ, - უფრო მოხერხებულად მოვკალათდი გრძელ მერხზე.
- ნანას გარშემო დატრიალებული ამბავი შენი მოფიქრებულია, ხომ ასეა?
უსიტყვოდ დავუქნიე თავი და რაღაც საშინელების მოლოდინში გავირინდე.
- მაშინ შენ ისიც მითხარი, როცა სიმართლის თქმა საჭირო იქნება, თავად მოახსენეო. იყო ასე?
- მერე? რაღა შორიდან უვლი, მითხარი, რისი თქმაც გინდა, - ამრეზით ავხედე.
- მერე ის, რომ ადექი და ჩემ უკითხავად მოახსენე იმ გოგოს ყველაფერი...
- რა მოხდა მერე, დავაშავე რამე?
- როგორ გგონია, არ დააშავე?
- შენი აზრით, როგორღა უნდა მოვქცეულიყავი?
-- ჩემთვის უნდა შეგეთანხმებინა. არა ვარ მართალი?
პასუხი არ გამიცია. ვხვდებოდი, რომ ცუდად მოვიქეცი.
- ახლა რა გამოვიდა? შენ "კაი ბიჭი" გამოხვედი, მე კი... - ხელი ჩაიქნია და გვერდზე გაიხედა.
- მე სხვა გზა არ მქონდა. - ამოვთქვი.
- რატომ... რატომ არ გქონდა სხვა გზა, მითხარი.
- ვერ გეტყვი.
- რას ჰქვია, ვერ მეტყვი. ეგ რანაირი თავის მართლებაა? - შეჭმუხნა წარბები.
- არის ისეთი რამ, რაც არ ითქმება.
ენის წვერზე მადგა სათქმელი, მაგრამ თავს ვიკავებდი. არ მინდოდა ბიძინას გეგას ამბავი გაეგო. ეგ უფრო ჩახლართავდა ისედაც ჩახლართულ სიტუაციას.
- ვინმემ გაიძულა? - ბიძინა არ მეშვებოდა.
- ვინმემ - არა.
- აბა?
- მდგომარეობამ მაიძულა.
- არ მესმის შენი, ნატა. რა საჭიროა ასეთი მიკიბულ-მოკიბული ლაპარაკი. გუშინ ხომ არ გაგვიცნია ერთმანეთი? - უკმაყოფილება მატულობდა მის ხმაში.
გაჩუმება ვარჩიე.
- თქვი რამე, - დუმილი ბიძინამ დაარღვია.
- მე არაფერი მაქვს სათქმელი, - წამოვდექი და წასასვლელად გავემზადე.
- მე - მით უმეტეს, - ცივად თქვა და ისიც წამოდგა.
ერთმანეთის პირისპირ ვიდექით. ბიძინა თვალს არ მაშორებდა. თითქოს პასუხს ელოდა ჩემგან.
- შენ რომ იყო ჩემს ადგილზე, როგორ მოიქცეოდი? - მკითხა მოულოდნელად.
რა უნდა მეთქვა. ვიცოდი, დამნაშავე ვიყავი. ჩემი სულელური გამოხტომების გამო უხერხულ მდგომარეობაში ჩავაგდე. როგორ მოვიქცეოდი? როგორ და...
- არ ვიცი. გულმა როგორც გიკარნახოს, ისე მოიქეცი, - მხრები ავიჩეჩე.
- როგორ ფიქრობ, აზრი აქვს ჩვენი ურთიერთობის გაგრძელებას?
გული შემიტოკდა. ცუდად მენიშნა მისი ნათქვამი.
- შენ რა, მიზეზს ეძებ იმისათვის, რომ ერთმანეთს დავშორდეთ? - გაოცებულმა წარბები ავზიდე.
- ვეძებ? ძებნა რა საჭიროა, როცა მიზეზი სახეზეა, - ირონიულად ჩაიცინა.
ბრაზი თანდათან მერეოდა. ვგრძნობდი, აქ უფრო სერიოზული მიზეზი იმალებოდა, ვიდრე გარედან ჩანდა.
- მე მეგონა, ჩვენ უფრო დიდი შეცდომების პატიება შეგვეძლებოდა ერთმანეთისთვის. როგორც ვხედავ, შევმცდარვარ. ამას ნამდვილად არ ჰქვია სიყვარული. უკაცრავად, მთელი წელი რომ "მოგაცდინე" ჩემი გულისთვის, - ბოლო სიტყვები ხაზგასმით წარმოვთქვი.
- შენ მე არაფრად ჩამაგდე. ნუთუ არ გესმის?
- მესმის, ძალიან კარგადაც მესმის...
- მერე?
- რა მერე? კარგი, ბატონო, დავუშვათ, შემეშალა. შენი აზრით, ჩემი საქციელის პატიება არ შეიძლება? ასეთი საბედისწერო შეცდომა დავუშვი?
- არის შეცდომა, რომელსაც ვერ გამოასწორებ, - თქვა მოულოდნელად.
გავოგნდი. უცებ გეგა ამომიტივტივდა გონებაში. "შეცდომის გამოსწორება ყოველთვის შეიძლება", - თითქოს ყურში ჩამესმოდა გეგას სიტყვები. "ასეთი შეცდომა არ არსებობს", ბიძინა კი საპირისპიროს მიმტკიცებდა.
- როგორც იტყვი. შენი საქმისა შენ იცი. მე ბოდიშს გიხდი, თუკი უნებლიეთ გული გატკინე, - საყვედურით სავსე თვალებით შევხედე, მოვტრიალდი და გზას გავუდექი.
ბიძინა არ განძრეულა. მეგონა, დამიძახებდა, მომაბრუნებდა...მისი ერთი სიტყვა და... ყველაფერს თავიდან დავიწყებდი, პატიებას ვთხოვდი, მაგრამ... არ დამიძახა, არ მომაბრუნა. ალბათ, არ ჰქონდა სურვილი, გაგრძელებულიყო ჩვენი ურთიერთობა, ალბათ, ასე გადაწყვიტა... მივხვდი, მე მისთვის უკვე არაფერს წარმოვადგენდი...
ოთხ საათზე უკვე ლორა მასწავლებელთან ვიყავი. გაკვეთილმა ჩვეულებრივად ჩაიარა. ექვის ნახევარზე მეცადინეობას მოვრჩით. ჩემი წიგნ-რვეული ხელჩანთაში ჩავალაგე, დავემშვიდობე და ჭიშკრისკენ გავწიე.
ქუჩაში გამოსულმა თვალებით გეგას დავუწყე ძებნა. უცებ სტვენის ხმა შემომესმა. უკან მოვიხედე. ლორას სახლის გვერდით მდებარე ეზოს შუაგულში იდგა, ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და ეშმაკურად მიღიმოდა. გულმა უცნაურად დამიწყო ძგერა. გეგა ნელა დაიძრა ჭიშკრისკენ. კარი გამოაღო და თითით მიმიხმო.
- გამარჯობა, - მორცხვად მივესალმე. ახლა უფრო სიმპათიური მეჩვენა. ბიძინასგან გამოყოლილი დილანდელი წყენა ჯერ კიდევ არ გამნელებოდა. ჩემი სევდიანი განწყობა გეგას არ გამოჰპარვია.
- გაგიმარჯოს, ნატალი. რა გჭირს? - თავი გვერდზე გადახარა და ხელი გამომიწოდა.
მეც შევაგებე. ჩემი თითები თავისაში მოიმწყვდია და თავისკენ მომქაჩა. მოულოდნელად მეორე ხელი წელზე მომხვია და მკერდზე მიმიკრა. სასიამოვნო ტალღამ დამიარა სხეულში.
- ვინ გაწყენინა? - ზედ ყურთან მიჩურჩულა.
- არავინ, - მეც ჩურჩულზე გადავედი და მისი მკლავებიდან თავის დაღწევა ვცადე.
ხელი შემიშვა.
- აქ რას აკეთებ? ვისია ეს სახლი? - ვკითხე.
- ჩემი, - ღიმილით მიპასუხა.
- შენი? აქ ცხოვრობ? - გავოცდი.
- ჭეშმარიტად. არ გჯერა?
- რა ვიცი... - დავიბენი.
ბედის ირონიაც ამას ჰქვია. რვა თვეა, ლორასთან დავდივარ სამეცადინოდ და გეგა თურმე აქვე, მის გვერდით ცხოვრობს. რას ვიფიქრებდი.
მალულად გავაპარე მზერა მისი სახლისკენ - ლამაზი, ორსართულიანი წითელი აგურის სახლი იყო, თეთრი ქვით გაწყობილი. ხასხასა ბალახით მოფენილ ეზოში სხვადასხვა ფერის ვარდები ჰყვაოდა. ქალის მზრუნველი ხელი ეტყობოდა აქაურობას.
- რა ლამაზი ვარდები გქონია, - კიდევ ერთხელ მიმოვიხედე.
- დედაჩემის დარგულია. ყვავილებზე გიჟდება. შენც ხომ გიყვარს ვარდები?
- ძალიან. შენ რომ მაშინ გამომიგზავნე, შენი ბაღის იყო? - გავახსენე.
- არა, ის ბაზრის იყო, - ხმამაღლა გაიცინა.
როგორ ლამაზი თვალები ჰქონია - ცისფერი, წყლიანი. აბა, რატომ არ მომეწონა? მშვენიერი ვინმეა, რას ვუწუნებ!
- შემო, ყავაზე დაგპატიჟებ, - ჭიშკარი ფართოდ გააღო და ეზოში შემიპატიჟა.
- არა, გმადლობთ, - შევცბუნდი.
- რატომ, გეშინია? - მოჭუტა თვალები.
- არა, უბრალოდ, უხერხულია... დედაშენი რას იტყვის.
- შინ არავინ არ არის. მარტო ვარ. შემო, შემო, ნე გერიდება. ბოლოს მაინც აქ მოგიწევს მოსვლა. გირჩევ, აქედანვე შეეჩვიო, - კვლავ გაიცინა, მხარზე ხელი გადამხვია და წინ მიბიძგა.
არ მახსოვს, როგორ შევედი ეზოში, როგორ ავიარე კიბის საფეხურები და როგორ აღმოვჩნდი პატარა, მყუდრო, ოდნავ ჩაბნელებულ ოთახში.
- თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ სახლში, - გეგა ფანჯარას მიუახლოვდა და ფარდა გადასწია.
ოთახი უცებ განათდა. თვალი მოვავლე იქაურობას. ყველაფერი გემოვნებით იყო მოწყობილი. ერთი კედელი მთლიანად წიგნის თაროებს ეჭირა. როგორც ჩანს, მდიდარი ბიბლიოთეკა ჰქონდა. აქვე იყო პიანინო, გიტარა, საწერი მაგიდა, ორადგილიანი არაბული ტახტი და ორი რბილი სავარძელი.
- დაჯექი, ალბომი დაათვალიერე. მე მანამ ყავას მოვადუღებ, - სავარძლისკენ მიმითითა გეგამ და გაუჩინარდა.
ალბომი გადავშალე. რამდენი გეგა იყო ერთად - გეგა დედასთან ერთად (ამას ჩემით მივხვდი), გეგა მეგობრების წრეში, გეგა ქალების გარემოცვაში... ესეც ვიღაც გოგოსთან ერთად... ალბათ, "ის" არის, მე რომ მამგვანებს. რა ლამაზია! ჩემთან შედარება როგორ შეიძლება! დიდხანს დავყურებდი ფოტოსურათს. მერე შევატრიალე. "22 სექტემბერი, თბილისი" - წითელი ფანქრით იყო მიწერილი.
ამ დროს გეგაც შემოვიდა. ლანგარზე ორი ფინჯანი ყავა იდო. ალბომი სასწრაფოდ დავხურე.
- ინებე. სანუკვარ სტუმარს სურნელოვანი ყავა ბრაზილიის პლანტაციიდან, - თვალებგაბრწყინებულმა წარმოთქვა და ერთი ფინჯანი გადმომიდგა.
- გმადლობთ, - გავუღიმე.
- ნახე, შაქარი ხომ არ აკლია. მე ჩემი გემოვნებით მოვადუღე.
- მორთმეულ ყავას შაქარი არ გაესინჯება, - კეკლუცად ვთქვი.
ხმამაღლა გაიცინა.
- როგორც ჩანს, ანდაზების დიდოსტატი ხარ, - ხელები გაშალა და სავარძელში მოკალათდა.
- შენ სამაგიეროდ, ყავის მოდუღების დიდოსტატი ყოფილხარ, - დავუბრუნე ხურდა.
- მოგეწონა?
- ძალიან გემრიელია. ზუსტად ასეთი ყავა მიყვარს.
- მე კი ზუსტად შენნაირი ქალი, - მაგიდის უჯრა გამოაღო და სიგარეტის კოლოფი ამოიღო.
- ეწევი? - მკითხა.
- არა.
- რატომ?
- რა ვიცი. აუცილებელია?
- არა, აუცილებელი არ არის, მაგრამ ახლა ქალები აქტიურად ეწევიან, განსაკუთრებით, შენი ტოლები.
- მაგაში არ გეთანხმები. ჩემი კლასელები არ ეწევიან.
- მართლა? არც ერთი?
- არც ერთი.
- უცნაურია. ისე, კარგია, რომ არ ეწევი. ჯანმრთელობისთვის მავნებელია.
- მაშინ რატომღა ეწევი?
- მე არ ვუფრთხილდები ჩემს ჯანმრთელობას, - კვლავ გაიცინა.
- გეგა, შეიძლება რაღაც გკითხო? - მოულოდნელად რაღაც გამახსენდა.
- მკითხე.
- შენსა და ნანას შორის რა გარიგება მოხდა?
თითქოს ნაპერწკალი ჩაუქრა თვალებში. მოიღუშა.
- ღირს ამ თემაზე საუბარი?
- ღირს.
- არ გინდა, ძალიან გთხოვ. თავიდან შეიძლება სხვანაირად დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, მაგრამ მერე ყველაფერი შეიცვალა. რა თქმა უნდა, სასიკეთოდ. დამიჯერე, ჩემი შენდამი დამოკიდებულება ყალბი არ არის, - გულწრფელობა შევატყვე ხმაში.
- ეგ ძნელი დასაჯერებელია, - ჯიუტად გადავაქნიე თავი.
- რატომ?
- იმიტომ, რომ მე არაფერ განსაკუთრებულს არ წარმოვადგენ. ერთი ჩვეულებრივი მოსწავლე გოგონა ვარ. შენ კი - ჩამოყალიბებული პიროვნება, სიმპათიური, ჭკვიანი ექიმი მამაკაცი. შენნაირები სხვა სტილის ქალს ეძებენ.
- ვინ გითხრა ეგ სისულელე?
- არავინ, ჩემით მივხვდი.
- ცუდად მიმხვდარხარ. გინდა გითხრა, შენში რა მომწონს?
- შენს ყოფილ შეყვარებულს რომ ვგავარ, ის.
- არამარტო.
- აბა, რა?
- ბავშვური რომ ხარ და ამასთან, ქალურიც - აი, ის.
არ დამაკმაყოფილა მისმა პასუხმა. იჭვნეულად შევხედე, რაც არ გამოჰპარვია.
- შენში ყველაფერი ერთადაა შერწყმული - ლამაზიც ხარ, მომხიბვლელიც, ჭკვიანიც, მხიარულიც და დინჯიც, ერთდროულად. არ ვიცი, როგორ აგიხსნა. ბევრი რამით ხარ გამორჩეული სხვებისგან. პირველად შენი ცეკვა რომ ვნახე, კინაღამ გავგიჟდი! მაშინვე ვთქვი - ეს ქალი ჩემთვინ მინდა! გჯერა ჩემი?
- არ ვიცი, - ვიგრძენი, როგორ გავწითლდი.
- მერე... შენ გგონია, რომ ნანამ დამირეკა და შენი შებმა დამავალა? გინდა გითხრა, როგორ იყო? ისე ვიყავი შენით აღფრთოვანებული, გადავწყვიტე, ვინმე საერთო ნაცნობი მომენახა. ნანა გამახსენდა. დავუკავშირდი და შენი კოორდინატები ვთხოვე. აი, სწორედ მაშინ დაემთხვა ჩვენი ინტერესები ერთმანეთს. რომ გაიგო, რასაც ვაპირებდი, მერე თვითონაც გამიმხილა თავისი გეგმები. ეგ იყო და ეგ. ასე რომ, ნანა თითქმის არაფერ შუაშია. მე ისედაც ვაპირებდი შენ გაცნობას. შეიძლება თავიდან ასე სერიოზულად არ ვფიქრობდი ამ საკითხზე, მაგრამ ახლა...
- ახლა რა?
- ახლა ბევრი რამ შეიცვალა.
"მითხარი, რისი თქმა გინდა, ბოლომდე მითხარი", - თვალებით გამოვხატე ჩემი სათქმელი.
- ყველაფერი რომ გაიგო, ადრე დაბერდები, - გაიცინა, - შემდეგ შეხვედრებზეც ხომ უნდა გელაპარაკო რაღაცები? ასე არ არის?
- ალბათ, ასეა. კაცებმა უკეთ იცით, რა უნდა თქვათ და რა არა.
- მომწონს შენი ლოგიკა. დღითი დღე ვრწმუნდები, რომ არჩევანში არ შევმცდარვარ.
- მე წავალ. დიდი მადლობა მასპინძლობისთვის.
- მზად ვარ, ღრმა სიბერემდე გიმასპინძლო, - გაიღიმა.
გეგამ გაჩერებამდე გამომაცილა. ავტობუსს აღარ დაელოდა და ტაქსი გამიჩერა.
- იმედია, ჩვენი შეხვედრები გაგრძელდება, - ჩურჩულით მითხრა.
- იმედია, - მეც ჩურჩულით ვუპასუხე.
მოულოდნელად ხელი წამავლო, მიმიზიდა და ტუჩებზე დამაცხრა. ზუსტად ისე, ფილმებში რომ კოცნიან ერთმანეთს. მსგავსი რამ არასდროს განმიცდია. მივხვდი, რომ ჩემი ბავშვობა აქ დამთავრდა და... შემეშინდა...
გაგრძელება იქნება
სვეტა კვარაცხელია