- გვანცა, უკვე შვიდი საათია! - მომესმა დედას ახლად გაღვიძებული ხმა და ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც დროის ამ მონაკვეთმა სიხარული მომგვარა. ნუ გაგიკვირდებათ, შეშლილი არ ვარ, უბრალოდ... უბრალოდ, დღეს ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება!
- უკვე ვიცვამ! - გავძახე დედას და ისედაც დიდი ხნის გაღვიძებული, საწოლიდან წამოვფრინდი. ამაყად გავხედე კარადის გვერდით მოთავსებულ დიდ, წითელ ჩემოდანს, ზემოდან დადებულ გატენილ ზურგჩანთას და კიდევ ზემოდან დადებულ ლეპტოპის ჩანთას. შემდეგ კი აბაზანაში შევვარდი. დილის პროცედურები, ცხელი აბაზანა, თმის დავარცხნა, თავის მოწესრიგება... ყველაფერი ეს ახლა იმდენად დიდი დროის წამრთმევად მეჩვენა, ლამის გადავიფიქრე და თხელი მაისურისა და შორტის ამარა გავედი საძინებლიდან.
- გვანცა! ათი წუთი დაგრჩა! - რაო? ნუთუ?! ღმერთო ჩემო! მაგრამ... ეს უნდა გამიხარდეს თუ არა? სიხარულით ხტუნვას დავიწყებდი, უკვე ჩაცმული და მომზადებული რომ ვიყო, მაგრამ როგორ შეიძლება რომ ოდესმე, ო - დეს - მე, გვანცა დანელია დათქმულ დროს გავიდეს სახლიდან?
- გვანც, აბა, შენ იცი! - საბოლოოდ, თავი ხელში ავიყვანე, წინა დღისით ჩემოდანს მიღმა დარჩენილი ღია ფერის ჯინსის შორტი, უბრეტელო, თეთრი მაისური, ჯინსის მკლავებმოჭრილი (სხვათა შორის, ჩემივე ხელით) შემოსაცმელი და კედები ჩავიცვი, თმა გავიშალე, მობილური და მუსიკალური ფლეერი ჯიბეებში გადავანაწილე და ჩემოდანს დავწვდი, მაგრამ...
- მამა!!! იქნებ ჩემოდნის გამოტანაში დამეხმარო? - ამოვიკნავლე საცოდავად, როდესაც მესამე ცდაც ჩემოდნის გამარჯვებით დასრულდა, რომელსაც არაფრის დიდებით არ სურდა ბორბლის მოცვლა ადგილიდან.
- და შენ გინდა, რომ ვინმეს მიხედო? საკუთარი ჩემოდნის გაშლაც კი არ შეგიძლია! - დამცინა მამამ, სახელური ამოსწია და ჩემი გიგანტური, წითელი ფერის ქმნილება ისე გაასრიალა საძინებლიდან, თითქოს პატარა ბავშვის ეტლი ყოფილიყოს. ჰმ, რა შედარებებია? აშკარად ვნერვიულობ...
- აბა, დედიკო, ყველაფერი მზად გაქვს? ტანსაცმელი, საცურაო კოსტიუმები, მზისგან დამცავი საშუალებები... - ეს დედაჩემია, ეკა, უკვე გაგაცანით?
- გვანცა, მამა, რაც მთავარია, სასტვენი, შენი სახელმძღვანელო წიგნი და შინაგანაწესის ფურცელი არ დაგავიწყდეს! და კიდევ, კოდექსი! შენიც და ბავშვებისაც! - ეს კი მამაა, დათო...
- ორივე დამშვიდდით! ის ნივთებიც მიდევს, რაც ჩვეულებრივ გოგოს სჭირდება ზღვაზე დასასვენებლად და ისინიც, რაც ლიდერს, საკუთარი გუნდის სამართავად! აბა, წავედით? - გადავხედე მამას, რომელმაც თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია, შემდეგ დედას ვაკოცე და დათოსთან ერთად სახლიდან გავედი.
არ ვიცი, ჩვენი დიალოგიდან რა დასკვნების გამოტანა შეძელით, ამიტომ განვმარტავ: მე, გვანცა დანელია, ცხრამეტი წლის არაჩვეულებრივი გოგონა, კარგი სპორტული მომზადებით და შესანიშნავი ფიგურით, გრძელი, წაბლისფერი თმითა და ცისფერი თვალებით... თუმცა, ეს რა შუაშია?! მოკლედ, მე დღეს მივდივარ საკუთარი თავის ახალ ამპლუაში გამოსაცდელად! უფრო კონკრეტულად კი, როგორც იქნა, გავიარე ყველა მოსამზადებელი ტური და დამსახურებულად დავინიშნე მოსწავლეთა ბანაკის ერთ-ერთი გუნდის ლიდერად! რომელი გუნდის კი, ამას ადგილზე მისვლისას გავიგებ.
სულ თორმეტი გუნდი და ოცდაოთხი ლიდერი ვიქნებით. თორმეტი გოგო, თორმეტი ბიჭი. თითო გუნდს ორი ლიდერი ეყოლება. ჩვენი მოვალეობაა აბსოლუტური პასუხისმგებლობის აღება ჩვენი გუნდის (და არამარტო) ბავშვების უსაფრთხოებაზე, მათ ჩართულობაზე ყველა ღონისძიებაში, გუნდური მუშაობის უნარის შეძენაზე, დამეგობრებაზე... ასევე - გართობაზე, სემინარებისა და ლექციების ჩატარებაზე, კვებაზე და ჯანმრთელობაზეც კი. ანუ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი ის, რასაც ნამდვილი ლიდერები აკეთებენ. მოსამზადებლად მთელი თვე გვქონდა. უბრალო ტესტებით დაწყებული, ფიზიკური მომზადებით დამთავრებული, ყველაფერი გავაკეთეთ. სამ გუნდად ვიყავით დაყოფილები და ყველანი ცალ-ცალკე ვვარჯიშობდით (თუმცა მე ამას წვრთნას უფრო დავარქმევდი), დღეს კი დადგა დღე, როდესაც ყველამ ერთმანეთი უნდა გავიცნოთ და ჩავატაროთ კენჭისყრა, რომლის მიხედვითაც გადაწყდება ჩვენი მეწყვილეების ვინაობა და ის, თუ რომელი გუნდის ხელმძღვანელები ვიქნებით. მოკლედ, როგორც ერთ-ერთი ქართული, იუმორისტული სერიალის პერსონაჟი იტყოდა, - დიდი დღეა!
თავი 1
„სიურპრიზი“
ესეც ასე, უკვე თითქმის ყველა ლიდერი ჩვენს „საწვრთნელ ბაზაში“ ვიმყოფებით. ავტობუსში ჩასხდომამდე უნდა ჩავატაროთ კენჭისყრა. საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები...
- ნეტავ იცოდეთ, როგორ მინდა დათო შემხვდეს მეწყვილედ! - გაიცანით, ეს ქეთია, საოცრად პოზიტიური და მხიარული ადამიანი. ამასთანავე, ჩემი ახლად შეძენილი მეგობარიც, რომელიც ჭკუას კარგავს ერთ-ერთ ლიდერზე.
- ქეთო, ჯერ ხომ მესამე ჯგუფის ყველა ბიჭი არ მოსულა? რა იცი, იქნებ ვინმე უკეთესი გამოჩნდეს! - ეს კი თათაა, რომელთანაც ბავშვობიდან ვმეგობრობ და ერთად გადავაგზავნეთ რეზიუმეები მაშინვე, როდესაც სპეციალურ საიტზე განცხადება დაიდო, ბანაკის ლიდერის პოზიციასთან დაკავშირებით. გაგვიმართლა და ორივე აგვიყვანეს, მოსამზადებლადაც ერთ ჯგუფში მოვხვდით. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი ბავშვობის ოცნება ახდა, რადგან ახლა ერთად მივდიოდით ზღვაზე, მაგრამ თუ ამ წინადადებას სიტყვა „დასვენებას“ დავუმატებთ, რაც სრული აბსურდია ჩვენი პოზიციიდან გამომდინარე, ოცნება ნამდვილად ახდება.
- რატომ აგვიანებენ ასე? ჩვენი კოდექსის პირველივე მუხლში წერია დაგვიანების შესახებ! - გამიცანით, ეს მე ვარ! საშინლად არაპუნქტუალური ადამიანი, რომელიც ამის მიუხედავად, ყოველთვის სხვის დაგვიანებაზე წუწუნებს.
- ნეტავ შენ სხვაზე როგორ... - სიტყვა გაუწყდა თათას და ჩემი ეჭვები, რომ ეს შენობაში ახლად შემოსული ბიჭების გამო მოხდა, გამართლდა. მაგრამ, როდესაც მეგობრის მზერას თვალი გავაყოლე, მისგან განსხვავებით, სიტყვა კი არა, ნერვები „გამიწყდა“. ოღონდ ეს არა! შეუძლებელია!
- აი, ჩვენც მოვედით! - ხმა ჩაიწყვიტე! აქაც! რატომ მაქვს ასეთი ბედი?
- გვანცი, დამშვიდდი და არ შეიმჩნიო... - შეუმჩნევლად მიჩურჩულა თათამ და ქეთის გაუღიმა, რომელიც ვერ ხვდებოდა, რა დამემართა და რატომ დამედო ჭარხლის ფერი.
- როგორც იქნა! მხოლოდ თქვენღა გელოდებოდით! - ხმა ამოიღო ბანაკის ლიდერთა ლიდერმა და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, სულ რაღაც ოცდაათი წლის მშვენიერმა ქალბატონმა, ანამ. მოსამზადებელი კურსის დასაწყისში ანას არც ერთი ბიჭი არ უყურებდა ისე, როგორც უფროსს, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც ტკბილი სიტყვის ნაცვლად, ჯარის პირობები შეექმნათ, ლიდერთა ლიდერს ყველა თვალებში შესციცინებდა. ახლაც, ჩემთვის ტკვილამდე ნაცნობმა ფიგურამ მისი ხმის გაგონებისას თავი ისე ჩახარა, როგორც პატარა ბავშვმა და უნდა ვაღიარო, ეს ყველაფერი გულის სიღრმეში საშინლად მომეწონა!
- აბა, ვიწყებთ კენჭისყრას თუ დარჩა კიდევ ვინმე? - სიტუაცია განმუხტა ბექამ და ყველანი მრგვალ მაგიდასთან მივედით. უფრო სწორად, ყველანი მრგვალ მაგიდასთან მივიდნენ, ჩემი და თათას გარდა, რომელიც ჩემ იქამდე მითრევას ცდილობდა, მაგრამ არ გამოსდიოდა.
- ჯერ იმან იპოვოს თავისი მეწყვილე და მერე მოვალ. საერთოდ გადავიფიქრებ წამოსვლას, მე და მაგ უხსენებელს ერთი გუნდი რომ შეგვხვდეს! - ავწუწუნდი პატარა ბავშვივით და საკუთარ თავზე ნერვები მომეშალა, მაგრამ ნამდვილად ვერ ავიტანდი, ათი დღის განმავლობაში ჩემთვის საძულველ ადამიანთან ერთად მეხელმძღვანელა ბავშვებისთვის და მებრძოლა ბანაკში საუკეთესო გუნდის ლიდერის ტიტულისთვის.
- გვანცა და თათა, თუ შეიძლება შემოგვიერთდით! - ანას ხმაში სულაც არ იგრძნობოდა „თუ შეიძლებას“ ტონი და ჩვენც ყოველგვარი შეწინააღმდეგების გარეშე მივედით დანარჩენებთან.
- გვანც, ნახე, რა საყვარელი ბიჭია! - მხარი გამკრა ჩემ გვერდით სრულიად შემთხვევით აღმოჩენილმა ნუცამ და როდესაც მის მზერას თვალი გავაყოლე, მერჩივნა, ორივე თვალი ამომთხროდა, ვიდრე ისევ „მისი“ ამაყი ფიზიონომია დამენახა. საბედნიეროდ, თვითონ ვერ შემამჩნია და მეც სასწრაფოდ მოვაშორე მზერა.
- ნუცი, მაგ ბიჭზე ტყუილად არ ააგო ოცნების კოშკები. ჩემი კლასელი იყო და მისი ფიგურის შემხედვარეს, რაც უნდა გაგიკვირდეს, სამწუხაროდ, გეია! - ესეც შენი ერთით ნული, ძვირფასო ირაკლი!
- არ არსებობს! - იმხელა ხმაზე გადაიხარხარა ნუცამ, რომ ყველას ყურადღება მაშინვე ჩვენკენ მოექცა. და რა თქმა უნდა, არც ჩემი „გეი“ კლასელი იყო გამონაკლისი. დამინახა თუ არა, მაშინვე სახეზე ამაყი ღიმილი აიკრა და თვალი ჩამიკრა. თავხედი! მაგას მე ვინ ვგონივარ?!
- ბავშვებო, ნუ მაფიქრებინებთ, რომ თქვენთან სამკვირიანმა მუშაობამ ფუჭად ჩაიარა და სისულელე იქნება ოცდაოთხკაციანი გუნდი განდოთ! - ხმა გაიმკაცრა ანამ და მაშინვე ყველა დავსერიოზულდით. - მოკლედ, აღარ გავაგრძელებ ბევრს, როგორც ვხედავ, ზედმეტად ხართ აჟიტირებულები. წასვლამდევე კენჭისყრის გზით იპოვით თქვენს მეწყვილეებს და შემდეგ ერთად დაინაწილებთ გუნდებს, რომლებსაც უხელმძღვანელებთ ათი დღის განმავლობაში. თქვენ ყველაზე საპასუხისმგებლო მისია გხვდათ წილად, რადგან უნდა გახსნათ ჩვენი ბანაკი და მიიღოთ პირველი ნაკადი! ათი დღის გასვლის შემდეგ თქვენც მათთან ერთად დაბრუნდებით სახლებში და ასპარეზს ლიდერთა მეორე ჯგუფს დაუთმობთ. თუ ყველაფერი კარგად წავიდა, მეოთხე ან მეხუთე ნაკადზე ისევ მოგიწევთ დაბრუნება და საერთო ჯამში, ჩვენს არაჩვეულებრივ ბანაკში დაუვიწყარი ოცი დღის გატარება! მინდა, წინასწარ ყველას წარმატება გისურვოთ. ახლა კი, მოდით, ყველაზე საინტერესო ნაწილზე გადავიდეთ! როგორც ხედავთ, მაგიდაზე ამობრუნებულია ფურცლები. თითო გუნდის ნომერი ორ ფურცელზე წერია და სწორედ ასე იპოვით თქვენს მეწყვილესაც. თაკოსგან დავიწყოთ და ყველამ მიყოლებით აიღეთ ფურცლები. ფურცლის შეცვლა აკრძალულია, მაგრამ ეჭვი მეპარება, ვინმეს ეს გინდოდეთ. - გაგვიღიმა ანამ და თაკოს ანიშნა, რომ დაეწყო. ალბათ, სანამ ჩემამდე მოვიდოდნენ, გული წამივიდოდა...
- გვანცა, დამშვიდდი! - ისევ თათა თუ გადამარჩენს. - ირაკლის მეცხრე გუნდი შეხვდა...
- მესამე! - ემოციების დაფარვა ვერ შეძლო და გახარებულმა წამოიკივლა ქეთიმ, რომელსაც მესამე გუნდი და შესაბამისად, დათოს მეწყვილეობა შეხვდა. როდესაც მის საქციელზე ყველას სიცილი აგვიტყდა, გაწითლდა და თვითონაც გაეცინა, შემდეგ კი დათოსთან ერთად დანარჩენი წყვილების მხარეს გადაინაცვლა. მაგიდასთან მხოლოდ თათა, მე, ნუცა, ირაკლი, მიშო და გიო ვიყავით დარჩენილები. ახლა კი თათას ჯერი იყო. ფურცელი რომ გადმოატრიალა, ჯერ შვებით გაეღიმა, შემდეგ მე გადმომხედა შეშინებული მზერით და ბოლოს მშვიდად წარმოთქვა:
- მეშვიდე! ანუ მე და მიშო ერთად ვართ! - თათა, ჩემო ერთადერთო იმედო, რატომ არ შეგხვდა მეცხრე გუნდი? კინაღამ ბაღში პირველად დატოვებული პატარა ბავშვივით გავეტირე მეგობარს, როდესაც მიშოსთან ერთად სხვებს შეუერთდა.
- საინტერესოა, რომელი ლამაზმანი შემხვდება, გვანცა თუ ნუცა? - გაეცინა ირაკლის და მზერით მანიშნა, რომ ჩემი ჯერი იყო, ფურცელი ამეღო. ოღონდ მეცხრე არა, ოღონდ მეცხრე არა... აკანკალებული ხელი, ჩემი აზრით, „იღბლიან“ ფურცელს შევახე და როდესაც ზედ წაწერილი ციფრი დავინახე, თავი ძლივს შევიკავე, რომ იქვე არ ჩავკეცილიყავი.
- რომელი? - მომაჩერდა ანა, რადგან ხმა არ ამოვიღე.
- არ ვიცი... - საცოდავად გავხედე.
- ანუ?
- ეს ცხრიანია თუ ექვსიანი? - ბოლო იმედიღა დამრჩა და ფურცელი „მაყურებლებისკენ“ შევატრიალე. ან ირაკლი, ან გიო... იმედი მაქვს, გიო...
- ცხრიანი! ექვსიანი! - ერთდროულად წამოიძახეს ბიჭებმა და სანამ მოვასწრებდი, ირაკლისთვის განმგმირავი მზერა მეტყორცნა, ანამ გადამარჩინა.
- ექვსიანი. „მუცელთან“ პატარა წერტილია, როგორ მოგივიდა, რომ ვერ შეამჩნიე? - შემდეგ კი გაეცინა და მეც ყურებამდე გაღიმებული გავემართე გიოსკენ.
- ესეც ასე, ყველანი დაწყვილებულები ხართ. მოდით, ყველაფერი გადავამოწმოთ და შემდეგ ყველანი ავტობუსში! - გამოაცხადა ანამ, საწერი კალამი და ის ფურცელი მოიმარჯვა, რომელზეც წყვილების სახელები ჰქონდა ჩამოწერილი და ყველაფრის გადახედვა დაიწყო.
- პირველი გუნდი - დემე და მარი! თქვენი ფერი იქნება ყვითელი. - გადასარევია! არ მიყვარს ყვითელი ფერი. ანუ კიდევ ერთი გუნდი უნდა მოვიშოროთ, რომელსაც ყვითელი ფერის მაისურები ეცმევა და ჩემი და გიოს გუნდს სხვა, ნორმალური ფერი შეგვხვდება. - სამ გუნდს გეცმევათ ერთი ფერის მაისურები! - მაშინვე ჩამიფუშა გეგმები ანამ და მეორე გუნდის შემოწმებაზე გადავიდა.
- მეორე გუნდი - ვახო და მაკო. თქვენ სალათისფერი მაისურები გექნებათ. მესამეებს, დათოს და ქეთის - ცისფერი. მეოთხეებს - ... - თუმცა, ეს რაში გაინტერესებთ? მთავარია, რომ მე და გიოს წითელი მაისურები შეგვხვდა! ჩემი საყვარელი ფერი!
- მეცხრეებს - ირაკლის და ნუცასაც წითელი ფერის მაისურები გეცმევათ! - ღმერთო ჩემო, ანა, მერამდენედ უნდა ჩამიშალო გეგმები?! ესღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის. მხოლოდ ის არ იყო საკმარისი, რომ მე და უხსენებელი ერთ ნაკადში მოვხვდით, ახლა ერთი ფერის მაისურებიც უნდა გვეტარებინა!
- გვანცული, აქაც არ მასვენებ, გოგო? - მაინც მოასწრო ჩემი მოშხამვა ავტობუსში ასვლამდე.
- არანაირი „გვანცული“ და არანაირი კონტაქტი, ძალიან გთხოვ! - ბოროტულად ჩავისისინე ირაკლის მიმართულებით, მხარი გავკარი და ავტობუსში ავაბიჯე, მეგზურად კი მისი სიცილი გავიყოლე. ნეტავ შეიძლება ასე ძალიან ვერ იტანდე ადამიანს?!
ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი
თავები დაიდება ყოველდღე