საღამოს ექვს საათზე უკვე ბანაკი სრული შემადგენლობით შეიკრიბა. ყველაზე გვიან ბავშვები კახეთიდან ჩამოვიდნენ. ისეთი დაღლილები იყვნენ ხანგრძლივი მგზავრობით, ფეხზე ძლივს იდგნენ. თან ცოტათი შებოჭილებიც ჩანდნენ. ალბათ თავისებურად ნერვიულობენ კიდეც, რაც სულაც არაა გასაკვირი. ლიდერები ვნერვიულობთ და წარმომიდგენია მათი განცდები. იმედია, მათ მოლოდინს გავამართლებთ.
- აი, ესეც თქვენი საძინებელი! მეშვიდე სადარბაზოს თქვენ და მეხუთე გუნდის გოგონები გაიყოფთ. თქვენ მეორე სართულზე იქნებით. მერვე სადარბაზოში მე ვარ, მეცხრეში კი თქვენი გუნდელი ბიჭები იქნებიან! - ავუხსენი ყველაზე ბოლოს ჩამოსულ ორ გოგოს და დაბინავებაში დავეხმარე. - ერთ ოთახში თორმეტ გოგოს მოგიწევთ ცხოვრება და იმედია, ერთმანეთს კარგად შეეწყობით და დაუმეგობრდებით! ახლა დროებით დაგტოვებთ, მოეწყვეთ, დაახლოებით ნახევარ საათში კი მეორე ლიდერთან ერთად დავბრუნდები. ცოტა ხანში თქვენს გუნდელ ბიჭებსაც გაგაცნობთ! - დავამთავრე მონოლოგი და ჩემი გუნდის გოგონების საძინებლიდან გამოვედი. ყველანი ყურადღებით მისმენდნენ. ოთხი თბილისიდან იყო, ერთი კახეთიდან, სამი გურიიდან, ერთი სამეგრელოდან, ორი იმერეთიდან და ერთიც ქართლიდან. ყველანი უცნობები იყვნენ ერთმანეთისთვის, ამიტომ ალბათ პირველი ორი დღე მაინც გაუჭირდებოდათ, შემდეგ კი იმედია კარგად შეეწყობოდნენ ერთმანეთს, რაშიც რა თქმა უნდა, მე და გიორგი დავეხმარებოდით.
- გიო! სად ხარ? ბიჭებთან უნდა ავიდეთ! - შევიხედე გიორგის სადარბაზოში, როდესაც ეზოში ვერ დავინახე.
- მგონი უკვე გადავიდა ბიჭებთან! - კიბეებზე ჩამოირბინა ირაკლიმ, რომელიც თან მაისურს იცვამდა.
- შენ რატომ არ გაცვია ფორმის მაისური?
- მეცვა და გავიხადე! - ისეთი სახით მითხრა, თითქოს დებილი ბავშვი ვყოფილიყავი და ცდილობდა ჩემთვის რაღაც ძალიან მარტივი გაეგებინებინა.
- მაგას როგორღაც მივხვდი... - ჩავილაპარაკე, მაგრამ უკვე სადარბაზოდან იყო გასული. ჰმ, თავხედი! ან გიორგი რაღატომ წავიდა ჩემ გარეშე? ხომ შემპირდა დაგიძახებო...
- გვანცი, მეცხრე სადარბაზოში ამოდი რა! - გავიგე რაციაში ჩემი მეწყვილის ხმა. აქამდე მისი გამოყენება რატომ ვერ მოვიფიქრე?
- მოვდივარ! - ვუპასუხე „ახალი ტექნიკით“ აღფრთოვანებულმა და „ჩემი ბიჭების“ გასაცნობად გავემართე.
- ესეც თქვენი მეორე ლიდერი! - წამოიძახა გიომ მაშინვე, როგორც კი ოთახში შევედი და შემდეგ დამაბზრიალა. - ხომ გეუბნებოდით, საუკეთესო ლიდერები შეგხვდით! - გაიცინა და საწოლზე ჩამოჯდა.
- აბა, როგორ ხართ? უკვე მოეწყვეთ? ძალიან კარგი. თქვენი გოგონები ჯერ ისევ ლაგდებიან! - გამეცინა და მეც გიოს მივუჯექი გვერდით.
- თუ არ ჩავთვლით, რომ მგზავრობამ კენჭმორტყმულ ქათმებად გვაქცია, მაშინ კარგად ვართ! - გაეცინა მაღალ, ყავისფერთმიან ბიჭს, რომელიც მეორე სართულის საწოლზე იჯდა და გიტარას უჩხიკინებდა.
- სანდრო უკვე აფრქვევს იუმორს! - როგორც ჩანს გიორგის მოუსწრია ბავშვების გაცნობა.
- ჩვენს გოგონებს როდის გაგვაცნობთ? - დაინტერესდა სანდროდ წოდებული და თვალი ჩამიკრა. მის საქციელზე გამეცინა და გიორგის გადავხედე, რომელიც უდარდელად გაწოლილიყო და სიტუაციით ერთობოდა.
- ჯერ თქვენ გაგიცნობთ მე, შემდეგ გოგონებს გიორგი და ბოლოს ერთმანეთსაც გაგაცნობთ. აბა, დავიწყოთ! - ვუპასუხე და ვანიშნე რომ დაეწყო.
- სანდრო, ჩვიდმეტი წლის პერსპექტიული გიტარისტი! - მითხრა ღიმილით.
- ინფორმაცია თქვენი გოგონებისთვის შემოინახეთ! - გაეცინა გიოს. - ჯერ მხოლოდ სახელები გვჭირდება რომ როცა ერთმანეთს გაგაცნობთ, სულელურად არ გამოვიყურებოდეთ.
- გასაგებია! მე ნიკა მქვია. - იდეას მიგვიხვდა ქერათმიანი და თავი წარგვიდგინა, მის შემდეგ კი წრეზე წავედით და ყველა გავიცანით: ბექა, საბა, დიტო, ვაკო, ირაკლი, მამუკა, ალექსი, ტატო, დაჩი და ილია.
- ახლა თქვენს გოგონებს გავიცნობ და მათთან ერთად დაგიბრუნდებით! - აშკარად კარგ ხასიათზე იყო გიო, რომელიც ჩემთან ერთად წამოვიდა მეშვიდე სადარბაზოში.
- კარგი ბავშვები არიან... - მეც გამომიკეთდა გუნება და სანამ გოგონების საძინებელში შევიდოდით, გადავულაპარაკე გიოს. შემდეგ კი კარზე დავაკაკუნეთ და ნებართვის აღებისას შიგნით შევედით.
- მოგესალმებით, ბაჭიებო! - გაიცინა გიომ და რამდენიმე გოგოს თვალებგაფართოებული მზერა მიიღო საჩუქრად. - მე გიორგი ვარ, თქვენი მეორე ლიდერი და უბრალოდ არაჩვეულებრივი ადამიანი. როგორ მოეწყვეთ?
- ყველაფერი არაჩვეულებრივია! - ანანო მგონი ერთადერთი ბავშვი იყო, რომელიც ექვსსაათიანი მგზავრობის მიუხედავადაც კი კარგად გრძნობდა თავს.
- ძალიან კარგი, მოხარული ვარ!
- ბავშვებო, გიორგის თქვენი სახელები უთხარით და შემდეგ ბიჭების სადარბაზოში გადაგიყვანთ რომ ერთმანეთი გაგაცნოთ! - ვითარება ავუხსენი გოგონებს და ლელას ვანიშნე, რომ დაეწყო.
- ესე იგი, ანანო, ლელა, ანი, მარიამი, მართა, ნათია, მეორე ნათია, ნანა, ხატია, ელენე და ლიკა, ხომ ყველაფერი სწორად დავიმახსოვრე? - უშეცდომოდ გაიმეორა გიომ და გოგონების ტაში დაიმსახურა. მგონი, ყველაფერი კარგად წავიდა.
- ახლა კი, სრული სვლით ბიჭების სადარბაზოსკენ! - შევძახე მხიარულად და პირველი გავედი ოთახიდან.
გაცნობამ შესანიშნავად ჩაიარა. ბავშვებს რამდენიმე თამაში ვათამაშეთ, რომ ერთმანეთის სახელები ადვილად დაემახსოვრებინათ და ძირითადი ინფორმაციაც გაეგოთ. ყველაზე სასაცილო იყო, როდესაც სანდრო გატაცებით საუბრობდა „ბარსელონაზე“, თუ როგორ კარგ ფეხბურთს თამაშობენ ისინი და ასე შემდეგ, ანიმ კი გაღიმებულმა უთხრა, „ბარსელონას“ ფეხბურთელებიდან ყველაზე სიმპატიური რონალდო არისო. მე და გიორგის სწორედ მაშინ შეგვექმნა პირველი კრიტიკული სიტუაცია და მოგვიწია ყველაფერი ხუმრობაში გაგვეტარებინა. საბედნიეროდ გამოგვივიდა, მაგრამ ამიერიდან უნდა ვიზრუნოთ, რომ სანდრო ანისთან მარტო აღარ დავტოვოთ, ნამდვილად რაიმე საშინელებას მოუწყობს ისე გაბრაზდა მის სიტყვებზე.
- რა საყვარელი ბავშვები არიან. თან ყველანი თექვსმეტი და ჩვიდმეტი წლისები. მხოლოდ ანი არის თხუთმეტის, არა? - მკითხა გიორგიმ, როდესაც საქმეს მოვრჩით, ჩვენს გუნდს ყველაფერი დეტალურად ავუხსენით და ბოლოს საძინებლებში ავუშვით_უკვე ძილის დრო იყო.
- კი და მგონი ყველაზე ხშირად მისი და სანდროს გაშველება მოგვიწევს. თავი ძლივს შევიკავე რომ არ გამცინებოდა.
- სანდროს სახე იყო სასწაული! - ამყვა გიოც. - დაახლოებით ისე გამოიყურებოდა, თითქოს საზარდულში წიხლი ჩააზილესო.
- რა საძაგელი ხარ! - თავი გავაქნიე ვითომ გამკიცხავად, მაგრამ იმ სიტუაციის გახსენებისას მეც ძალიან მეცინებოდა.
- ბავშვებო, თათბირი იწყება, დარბაზში წამოდით! - დაგვიძახა დათომ, მაგრამ როდესაც ნაბიჯს არ ავუჩქარეთ, ხელი დამავლო, ზურგზე მომიკიდა და ყვირილით: „გიო, გადაარჩინე შენი მეწყვილე, დაამტკიცე რომ კარგი ლიდერი ხარ!“ დარბაზში შევარდა.
- არ ხარ შენ ნორმალური! - სიცილი ამიტყდა როდესაც როგორც იქნა ძირს დამსვა, დათომ კი უბრალოდ თავი დამიქნია და ისე შემომხედა, თითქოს მეკითხებოდა, აქამდე ამას როგორ ვერ მიხვდიო.
- აბა, როგორ ჩაიარა პირველმა სამუშაო დღემ? - დაიწყო ანამ, როდესაც ყველანი მოვეწყვეთ და მოსასმენად მოვემზადეთ.
- ძალიან საყვარელი ბავშვები არიან! და იმედია ერთმანეთსაც კარგად გაუგებენ! - პირველად ლიკუნამ დაიწყო თავის გუნდზე საუბარი, შემდეგ მარი და ნიაც აყვნენ.
- ყველაზე მაგარი ბავშვები მე და ნუცას გვყავს! უკვე გეგმავენ როგორ მოიპოვონ საუკეთესო გუნდის ტიტული! - გაეცინა ირაკლის და ნუცას თვალი ჩაუკრა.
- ჰო, გუნდის სახელზეც კი დაიწყეს ფიქრი! - აჰყვა ნუცაც.
- ჩვენებმა კი უკვე ჩხუბიც მოასწრეს! - მოღალატე გიორგი! არ ისწავლა რომ თავისი გუნდის მინუსები სხვებს არ უნდა უთხრას?
- როგორ მოახერხეს? - გაეცინა ირაკლის. ის და გიორგი ერთ გუნდში ემზადებოდნენ ლიდერობისთვის და როგორც დავასკვენი, დამეგობრებაც მოასწრეს. ანუ არ უნდა მქონოდა იმედი, რომ ირაკლის ჩვენს გუნდზე არაფერი ეცოდინებოდა.
- უბრალო წვრილმანი იყო, საინტერესო არაფერი! - დავასწარი სანამ ჩემი მოღალატე მეწყვილე ხმის ამოღებას მოასწრებდა, შემდეგ კი თემა შევცვალე. - ფორმებს ხვალ დავურიგებთ?
- კი, ხვალ. დილით განგაშით უნდა გამოვიყვანოთ გარეთ. იმედია არ გაგიფრთხილებიათ რა დროს ჩამოკრავს უბედურების ზარი! - გაეცინა ანას.
- ჩვენ... - დაიწყო გიომ და სანამ სიტყვის დამთავრებას მოახერხებდა, მოვასწარი და მხარზე შეუმჩნევლად, მაგრამ მწარედ ვუჩქმიტე.
- არ გაგვიფრთხილებია! მხოლოდ ის ვუთხარით, რომ დილით რვიდან ყველაფრისთვის მზად უნდა იყვნენ! - უცოდველი ბავშვის სახით გავიღიმე.
- ბინძური თამაშის სუნი მცემს! - ჩაეცინა დემეს და თითი გამაფრთხილებლად დამიქნია, რაზეც საპასუხოდ ენა გამოვუყავი.
- არავის უთქვამს, რომ გაფრთილების უფლება არ გვქონდა! - მგონი გიოც მიხვდა როგორ უნდა მოქცეულიყო. როგორც იქნა!
- ანა, თათბირი ყოველ ღამე გვექნება? - ჰკითხა თაკომ, რომელსაც ნახევრად ეძინა. დღეს ყველაზე მეტად მგონი სწორედ ის დაიღალა.
- უნდა გაწყენინო და გითხრა რომ კი. დილით კი თქვენ რვაზე მოგიწევთ გაღვიძება და გარეთ გამოსვლა, იმიტომ რომ განგაში ცხრაზე დაირეკება. მანამდე კი უკვე მომზადებულები უნდა იყოთ რომ ბავშვები ავარჯიშოთ და კარგი განწყობა შუექმნათ. ახლა კი, შეგვიძლია დავიშალოთ. დღეს ყველას მძიმე დღე გვქონდა! - თქვა ანამ და პირველი თვითონ გავიდა დარბაზიდან. ყველანი მას მიჰყვნენ, მე კი თათას და ნუცას ვუთხარი, რომ მალე ავიდოდი და უკანა კარიდან პლაჟზე გავედი. იმედია ცოტა ხნით მაინც მეღისებოდა სიმშვიდე.
გავედი თუ არა, მაშინვე გრილ ქვიშაზე გავწექი და ფეხები ისე მოვათავსე, რომ წყალი შემხებოდა. ასე მეგონა ჩამეძინებოდა, იმდენად კარგად ვგრძნობდი თავს. ცაც უამრავი ვარსკვლავით იყო მოჭედილი და ეს ყველაფერი სრულ იდილიას ქმნიდა ჩემთვის. რასაც ვერ ვიტყვით რამდენიმე წამის შემდეგ მომხდარზე, როცა ირაკლის გამოჩენამ მყუდროება დამირღვია.
უჩუმრად მომიახლოვდა და გვერდით მომიჯდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა და ვერ გადაეწყვიტა. მის გვერდით ასეთ გარემოში ყოფნას ნამდვილად არ ვაპირებდი, ამიტომ მოვიდა თუ არა, მაშინვე წამოვჯექი და წასვლა დავაპირე, მაგრამ ხელზე მისი ხელი ვიგრძენი, რომელმაც დაბლა დამქაჩა და ისევ უკან დამსვა.
- მაინც არ მაპატიე, არა? - ჩაეცინა და თავი გადააქნია.
- რაზე მეუბნები? - ვერ მივუხვდი უცბად, რას გულისხმობდა, მან კი გაოცების ნიშნად წარბები აზიდა.
- იმაზე, რასაც მე ბავშვურ ხუმრობას ვეძახი, შენ კი მერვე კლასიდან მოყოლებული მაგის გამო ვეღარ მიტან.
- მე ვერც მანამდე გიტანდი. პირველი კლასიდან მოყოლებული ჩემს პირად სადისტად იქეცი. ფანქრებს მიმტვრევდი, კიკინებს მქაჩავდი, გაკვეთილის მოყოლის დროს მაცინებდი, რვეულებს მპარავდი და შემდეგ სანამ ტირილს არ დავიწყებდი, არ მაძლევდი. კიდევ გავაგრძელო?
- გვანცი, პირველ კლასში ვიყავით! ყველანი ვცელქობდით!
- მაგრამ შენ მხოლოდ ჩემს ფანქრებს ამტვრევდი.
- კარგი რა! მართლა ბავშვივით იქცევი! და გინდა მითხრა, რომ ეს არის ყველაფრის მიზეზი?
- არა, რა თქმა უნდა! ყველაფრის მიზეზი შენ თვითონაც არაჩვეულებრივად მოგეხსენება.
- ანუ, არ მაპატიე... - ეს უკვე კითხვა აღარ ყოფილა.
- არა, არ გაპატიე და არც გქონდეს იმის იმედი, რომ გაპატიებ! - საუბარი დავასრულე, წამოვდექი და კოტეჯებისკენ გავემართე. აღარავის შევუჩერებივარ...
გაგრძელება იქნება
ნათია ჯაგოდნიშვილი