და აი, როგორც იქნა! როგორც იქნა, გამიარა აკლიმატიზაციის პროცესმა და ბანაკის პროგრამის მეოთხე (ანუ ჩვენი ჩასვლიდან მეხუთე) დღეს ნამდვილი გვანცა დაბრუნდა! არანაირი მოწყენილობა, არანაირი ცუდი ხასიათი. მხოლოდ ჩემი ჩვეული პოზიტივი და გამარჯვებისათვის ბრძოლა.
თან ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა, ყოველ შემთხვევაში, ჩემი და გიოს გუნდში ნამდვილად ასე იყო. ბავშვები კარგად შეეწყვნენ ერთმანეთს. სანდრო და ანიც კი დამეგობრდნენ (და, მგონი, არამარტო დამეგობრდნენ), მიუხედავად ყველაფრისა. გუნდური მუშაობაც კარგად გამოსდიოდათ, დავალებებსაც მარტივად ართმევდნენ თავს. გაცნობის თამაშების მეორე დღეს გუნდისთვის სახელი, სლოგანი და პრეზენტაცია უნდა მოეფიქრებინათ. მე და გიოც უნდა დავხმარებოდით, მაგრამ არ დასჭირდათ. მინი-ფეხბურთის სტადიონზე დავტოვეთ და ნახევარ საათში რომ დავბრუნდით, უკვე გვახარეს, ჩვენს გუნდს „წითელი ეშმაკები" ერქმევაო. როგორც გაირკვა, მაისურის ფერის მიხედვით უხელმძღვანელიათ. მთელი საღამო ფერადი ფურცლებისგან რქებს და კუდებს ამზადებდნენ, კარგად გაერთნენ. მე და გიოსაც დაგვიმზადეს წითელი რქები და დღის ბოლოს, თათბირზე ყველა ჩვენზე იცინოდა, ყველაზე ბოროტი ლიდერები არიანო. სამაგიეროდ, მათ არ იცოდნენ, წინ რა სიურპრიზი ელოდათ.
მეოთხე დღეს, როდესაც ყველანი განგაშის ხმაზე გამოცვივდნენ და სცენის წინ სავარჯიშოდ მოეწყვნენ, „წითელმა ეშმაკებმა" რქები მოიხსნეს და თერთმეტივე გუნდის ბავშვებს და ლიდერებს პატარა, ვარდისფერი ფურცლები დაურიგეს, რომლებზეც ეწერა: „ეშმაკებსაც უყვარდებათ <3
- ვამაყობ თქვენით, ძალიან კარგები ხართ! - ვარჯიშის შემდეგ ყველას სათითაოდ ჩავეხუტე.
- გვანც, დღეს რისი დღე გვაქვს? - მკითხა სანდრომ, ხელი გადამხვია და ჩემთან ერთად წავიდა სასადილოსკენ, ანიმ კი უცნაური მზერა გამოგვაყოლა.
- წინასწარ ნუ ცდილობ, ინფორმაცია დამტყუო! - გამეცინა და ხუმრობით ფერდში ვუთავაზე. - და სხვათა შორის, შენს თაყვანისმცემლებს ნუ დააფრთხობ! - თვალი ჩავუკარი და მზერით ანიზე ვანიშნე.
- ხომ გაგიგია, ეჭვიანობა რა კარგი ხერხია! - ჩუმად მითხრა და შემდეგ გულიანად გადაიხარხარა. - ცოტას ვაწვალებ.
- საშინელი ბავშვი ხარ!
- ჰმ, ბავშვიო! შენზე მაღალი ვარ, სხვათა შორის, ქალბატონო ლიდერო!
- და ჩემზე ორი წლით პატარა, ბატონო მოსწავლევ! - ენა გამოვუყავი და ამასობაში სასადილოსთანაც მივედით. ნუცას გუნდი უკვე შესული იყო, რიგში კი ჩვენ და თათას „ხვლიკები" (ჩემი ბრალი არ არის, რომ გუნდისთვის უკეთესი სახელი ვერ მოიფიქრეს) ვიდექით. დღეს მორიგეობა ავურიეთ და უკუღმა წამოვყევით, რადგან მეთორმეტე გუნდი ყოველთვის უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ ყველაზე გვიან უწევდა საუზმობა.
- გვანც, ანას არაფერი უთქვამს აკვაპარკზე? - გვერდით გამიყვანა თათამ და ისე მკითხა, რომ ბავშვებს ვერ გაეგოთ. სიურპრიზს ვუწყობდით! დღეიდან დაწყებული, მეცხრე დღის ჩათვლით, ყოველდღე შემთხვევით შერჩეული ორი გუნდი აკვაპარკში წავიდოდა.
- არა. დილით ამბობდა, მგონი, დღეს მესამეებს და მერვეებს უწევთ წასვლაო. რის მიხედვით არჩევენ გუნდებს, მაინც ვერ გავიგე! - გამეცინა თათას უკმაყოფილო სახეზე, ძალიან უნდოდა აკვაპარკში.
- ქეთი რას გაერთობა დათოსთან ერთად აკვაპარკში! - გაეცინა ბოლოს თვითონაც და შემდეგ მანიშნა, რომ სასადილო ნელ-ნელა თავისუფლდებოდა. - წამოდი, შევიყვანოთ ბავშვები, თორემ თავს წაგვაჭამენ!
- მართალი ხარ! - გამეცინა მის სიტყვებზე, რადგან სრულ სიმართლეს შეესაბამებოდა, შემდეგ კი გიოსთან ერთად ბავშვები სასადილოში შევიყვანე, სადაც ირაკლის და ნუცას მეტი არავინ იყო დარჩენილი. ისინიც რაღაცაზე გაცხარებით კამათობდნენ, უფრო სწორად კი, ირაკლი უხსნიდა ნუცას რაღაცას და ამისათვის ხელებსაც იშველიებდა. ისეთი სანახაობა იყო, თითქოს ჩხუბობდნენ.
- რა ხდება, მშვიდობაა? - მათთან მივიდა გიო, მე კი ბავშვები რიგში ჩავაყენე საუზმის ასაღებად. გაუმართლათ, დღეს წიწიბურას, ორ ცალ სოსისსა და კაკაოს მიირთმევდნენ. თან ჩემს „ეშმაკებს" სათითაოდ კაკაოში შაქარს ვუყრიდი და თან ცალი ყური გვერდითა მაგიდისკენ მქონდა. ვკვდებოდი, ისე მაინტერესებდა, რა ხდებოდა ლიდერებთან.
- გვანცა, გაიღვიძე! - თვალების წინ ხელი ამიქნია დიტომ და გაეცინა.
- უი, მაპატიე! - გავუღიმე და სამი კოვზი შაქარი ჩავუყარე.
- შენ, მგონი, მართლა გძინავს! - ჩაეცინა და შემდეგ კიდევ ორი კოვზი თავისით დაიმატა.
- არაფერიც არ მძინავს, უბრალოდ ბევრი შაქარი ჯანმრთელობისთვის საზიანოა! - ვალში არ დავრჩი და როცა მაგიდისკენ გავისტუმრე, მერე მივაძახე. უკვე ნათია მიახლოვდებოდა, გაცხარებული ირაკლი რომ მომეჭრა.
- სალაპარაკო გვაქვს! - ისეთი ტონით მითხრა, კინაღამ საშაქრე ხელიდან გამივარდა.
- რა გინდა? დამაცადე, ბავშვებს უნდა მივხედო! - არ შევიმჩნიე მისი ტონი, მაგრამ არ მომეშვა.
- მე სერიოზულად გეუბნები! - ოჰო, სიტუაცია იძაბება.
- გვანცა, მე ჩავიყრი შაქარს... - შემომთავაზა ნათიამ, რომელიც დააბნია ჩემი და ირაკლის საუბარმა, მაგრამ უარი ვუთხარი, ორი კოვზი ჩავუყარე და ისიც მაგიდისკენ გავისტუმრე.
- გვანცა, დროზე! - აი, აქ კი გავბრაზდი! რა უფლებით მელაპარაკება ირაკლი ასეთი ტონით? გიორგიც მოგვიახლოვდა, როცა მისი ხმა გაიგო.
- გვანცი, გადი, მე მივხედავ ბავშვებს! - შემდეგ კი ირაკლიმ მკლავში ხელი ჩამავლო და შეიძლება ითქვას, სასადილოდან გამათრია. ყველა გაკვირვებული გვიყურებდა. მანამ არ გამიშვა ხელი, სანამ მის სადარბაზოში არ ამოვყავი თავი.
- შენი გააფრინე, ხო? - შევუბღვირე და როგორც იქნა, ხელი გავაშვებინე.
- მე თუ შენ? რას აკეთებ? - ისეთი ხმა ჰქონდა, ცოტა არ იყოს, შემეშინდა კიდეც.
- ირაკლი, იქნებ დამდო პატივი და გამარკვიო, რა ხდება? დიდი ზრდილობიანობით არასდროს გამოირჩეოდი, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია.
- მე უნდა გაგარკვიო, არა? ძალიან გაინტერესებს? მოდი, მინიშნებას მოგცემ... აბა, კარგად გაიხსენე, რა უთხარი ნუცას ჩემზე? - თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა. იმდენი რამ მაქვს ირაკლიზე მოყოლილი, მაგრამ ნუცასთან? ნეტავ რა ვუთხარი... ღმერთო! მაშინვე პირველი დღე გამახსენდა და ვერც გავიაზრე, ისე ვიკბინე ქვედა ტუჩზე. - რაო, გაგახსენდა?
- კარგი რა, უბრალოდ ვიხუმრე... - ვეცადე, თავი გამემართლებინა, მაგრამ როგორც ჩანდა, ირაკლი მართლა ძალიან იყო გაბრაზებული.
- შენ, მგონი, არ ხარ ნორმალური. გოგოს უთხარი, რომ გეი ვარ და ახლა მეუბნები, რომ იხუმრე? მეტი უკეთესი ვერაფერი მოიფიქრე? - ოდნავ ხმასაც კი აუწია, მაგრამ ამ დროს სადარბაზოს კიბეებზე მეორე სართულიდან მომავალი დემე გამოჩნდა.
- რა ხდება? - იკითხა დაბნეულმა, როდესაც მობუზული მე და ჩემკენ გადმოხრილი ირაკლი დაგვინახა, მაგრამ ორივემ ვანიშნეთ, რომ უბრალოდ ვსაუბრობდით და მანაც მხრები აიჩეჩა და დაგვტოვა.
- აღარასდროს გაბედო ჩემთვის ხმის აწევა! - კბილებში გამოვცერი და გასვლა დავაპირე, მაგრამ ირაკლიმ ისევ დამიჭირა და საშუალება არ მომცა.
- ახლავე მიხვალ და ეტყვი, რომ ყველაფერი მოიგონე! და არ მაინტერესებს, ამას როგორ აუხსნი!
- არაფერსაც არ ავუხსნი! და ტონი შეიცვალე, როდესაც მელაპარაკები. არ გაქვს უფლება, რამე მიბრძანო. ეს შენი ბავშვური ხუმრობის სამაგიეროდ ჩათვალე! - თავი ვერ შევიკავე, რომ არ „მეკბინა" და ირაკლიმაც, ამის გაგონებისას, ღრმად ამოიოხრა.
- როდემდე უნდა გამახსენო? რით ვერ დაივიწყე.
- არც დავივიწყებ! არასდროს! შენ ჩემი პირველი პაემანი ჩამიშალე, ირაკლი! პირველი პაემანი ჩემთვის საოცნებო ბიჭთან, რომელსაც რაღაც ისეთი უთხარი, რომ საერთოდ აღარ მეკარებოდა. იცი, როგორ სულელურად გამოვიყურებოდი, როდესაც მთელი ერთი საათი კინოთეატრის წინ ველოდებოდი? შემდეგ კი შენ მოხვედი და მითხარი, რომ ლევანი აღარასდროს მოვიდოდა და ტყუილად ვუცდიდი. და ამას უბრალო, ბავშვურ ხუმრობას ეძახი! თუ ასეა, მაშინ ჩემი ხუმრობაც უწყინარია!
- მაგ შენს ძვირფას ლევანს შენი საწოლში შეთრევის მეტი არაფერი უნდოდა, თუ ეს ასე ძალიან გაინტერესებს! - წეღანდელი გაბრაზება ამასთან შედარებით არაფერი იყო.
- ხმას დაუწიე... - ვუთხარი, რაც შემეძლო მშვიდად და თვითონაც მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა.
- მართალი ხარ, მაპატიე....
- და ლევანზე ცუდად ნუ ლაპარაკობ! მას მე ვუყვარდი!
- კი, როგორ არა! ისე ძალიან უყვარდი, რომ პირველივე პაემანზე შენს „ყავაზე დაპატიჟებას და სახლში აყვანას აპირებდა მუსიკების მოსასმენად.
- სისულელეა! - თავი გავიქნიე. არ მეჯერა, რომ სიმართლეს ამბობდა. ეს არ უნდა ყოფილიყო სიმართლე!
- არ არის. გოგას გამოართვა სახლის გასაღები. შენზე სამი წლით დიდი იყო, გვანცა! და დამერწმუნე, ჩვიდმეტი წლის ბიჭს საერთოდ არ აინტერესებს პლატონური სიყვარული და წმინდა გრძნობები!
- ასეც რომ ყოფილიყო, შენ რა უფლებით ჩაერიე? რა შენი საქმე იყო, მე ვისთან რა მექნებოდა? არც კი იცი, როგორ მიჭირდა სკოლაში მისი დანახვა, როდესაც გვერდით ისე ჩამივლიდა, რომ აღარც კი მესალმებოდა და ეს ყველაფერი შენ გამო! - მივხვდი, რომ სისულელე ვთქვი, მაგრამ ირაკლის არ მივცემდი უფლებას, რომ გაემარჯვა. ეს უბრალოდ არ შემეძლო.
- ჰმ! მართალი ხარ.... რა ჩემი საქმე იყო. რატომ უნდა მეთქვა ლევანისთვის სიმართლე... - მწარედ ჩაეცინა, შემდეგ კი თავი გადააქნია და სადარბაზოდან გავარდა. ვერ მივხვდი, ბოლო სიტყვებში რა იგულისხმა, მაგრამ აშკარად რაღაც რიგზე არ იყო. რა სიმართლეზე საუბრობდა?!
- რა ხდება, თქვენ გაგიჟდით? - ჩემთან შემოვარდა თათა.
- რატომ?
- რა რატომ? ბავშვები გაკვირვებულები გიყურებდნენ. დაგავიწყდათ, რომ სადარბაზოების პირველ სართულებს მინის კედლები აქვს? ვერაფერს იტყვი, ლიდერების ჩხუბი ბავშვებისთვის არაჩვეულებრივი სანახაობაა!
- თათა, ნუ მეჩხუბები!
- არ გეჩხუბები, უბრალოდ ვცდილობ გავარკვიო, რა მოხდა.
- მომთხოვა, რომ ნუცას სიმართლე ვუთხრა. მე ვუთხარი ლევანის გამო სამაგიერო გადაგიხადე-მეთქი და ლევანს შენი საწოლში შეთრევის მეტი არაფერი აინტერესებდაო. ძალიან გაბრაზდა, ამ თემაზე რომ ვსაუბრობდით. მე ვუთხარი, შენი საქმე არ არის, ვისთან რა მექნება-მეთქი და ბოლოს მითხრა, მართალი ხარ, არ უნდა მეთქვა ლევანისთვის სიმართლეო და გიჟივით გამოვარდა.
- რა სიმართლე? - ჩემსავით დაიბნა თათაც ამის გაგონებისას.
- წარმოდგენა არ მაქვს... ვერ მივხვდი, რა იგულისხმა. მაგრამ ყველაზე მეტად მისმა რეაქციამ გამაკვირვა.
- შენც ბავშვივით იქცევი რა... რაღა დროს მერვე კლასში მომხდარი ამბის გახსენებაა? რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ...
- თათა, შენც იცი, ლევანი როგორ მიყვარდა და ამ საძაგელმა არსებამ ჩემი პირველი პაემანი ჩამიშალა! როგორ უნდა ვაპატიო?
- ძალიან დრამატულ ფერებში ხატავ ყველაფერს... უბრალოდ იმიტომ ბრაზდები, რომ მეშვიდე კლასის შემდეგ აიკვიატე ლევანი და როდესაც როგორც იქნა, მანაც შეგამჩნია, ირაკლი გამოჩნდა და ყველაფერი ჩაშალა. იქნებ მართალი გითხრა? დაგავიწყდა, კლასში ყოველთვის რომ გიცავდა?
- მიცავდა კი, როგორ არა! პირველი კლასიდან მოყოლებული ისეთ საზიზღრობებს მიკეთებდა, ყოველდღე მატირებდა.
- სამაგიეროდ, შემთხვევით მინა რომ ჩატეხე, თავის თავზე დაიბრალა! - არ მეშვებოდა თათა. რა უნდა ახლა ამას, ირაკლის ადვოკატი გახდა თუ ჩემი სინდისი?
- თავის ბრალი იყო და იმიტომ! დღიური წამართვა და გაიქცა. რომ ვერ დავეწიე, ქოთანი ვესროლე. რა ვიცოდი, მინას თუ მოხვდებოდა! - სრული სერიოზულობით ვთქვი, თათას კი ისეთი სიცილი აუტყდა, ბოლოს მუხლებზე ხელებდაყრდნობილი ცდილობდა მოსულიერებას.
- არ ხარ ნორმალური! არ მესმის, რატომ ამწარებთ ერთმანეთს, როდესაც სინამდვილეში ყველაფერი სხვანაირადაა.
- არაფერიც არ არის სხვანაირად. და ლევანთან დაკავშირებით სიმართლეც რომ იყოს ყველაფერი, რაც მითხრა, მაინც არ ვაპატიებ.
- რატომ?
- არ ვიცი... - გულწრფელად ვუპასუხე და ამოვიოხრე. ჩემს პრინციპებს ვერ ვუღალატებდი, თუნდაც ისინი სულელური ყოფილიყო. უბრალოდ არ წარმომედგინა ირაკლისთან ჩვეულებრივი, ადამიანური ურთიერთობა. ჯობდა ყველაფერი ისე დარჩენილიყო, როგორც ახლაა.
- ჯანდაბა! - უცბად ამოიგმინა თათამ და რამდენიმე წამში მეც მივხვდი, რა იყო მისი გაბრაზების მიზეზი.
- ისევ განგაშია. თან, ლიდერების! - შეშინებულმა ამოვილაპარაკე და თათასთან ერთად სცენისკენ გავიქეცი. გული მიგრძნობდა, რომ წინ უსიამოვნება გველოდა და სამწუხაროდ, ჩემი წინათგრძნობა, როგორც ყოველთვის, გამართლდა...
ნათია ჯაგოდნიშვილი
გაგრძელება იქნება