ნოველები

სწრაფად, განგაშია! თავი 7. პირველი პრობლემა

სწრაფად, განგაშია! თავი 7. პირველი პრობლემა
არც ერთი ვარჯიშის და ფსიქოლოგიური მომზადების დროს არ გაგვივლია ისეთი შემთხვევა, როგორიც ახლა გვქონდა. ვერავინ წარმოვიდგენდით, თუ ასეთი რაღაც დაგვჭირდებოდა. რა თქმა უნდა, გამორიცხული არაფერია, მაგრამ ჩვენ მაინც არ ვიყავით მზად ამისათვის. ამას კი ემატებოდა ის ყველაფერიც, რომ ანა მთელი დღით ქალაქში იყო გასული და პრობლემის გადაჭრა ჩვენით მოგვიწევდა.

ნაბიჭვარი ბავშვი! იღრინებოდა ირაკლი, როდესაც ლიდერები სააქტო დარბაზში შევიკეტეთ და დავიწყეთ ფიქრი იმაზე, როგორ მოგვეგვარებინა ეს გაუგებრობა.
- დამშვიდდი... - მასთან მივიდა მაკო და ეცადა, როგორმე
დაემშვიდებინა. ასეთი გაბრაზებული ირაკლი აქამდე არასდროს მყავდა ნანახი, არც რამდენიმე წუთის წინ, როცა ვკამათობდით.
- ღირსი იყო, გვეცემა... - არანაკლებ დღეში იყო ზურაც.
- და მასზე ადრე თქვენ გაგიშვებდნენ აქედან! - ხმა ამოვიღე მეც.
- მკიდია! ჩვიდმეტი წლის ლაწირაკმა ამდენი არ უნდა გაბედოს! - ჩემთვის არც შემოუხედავს, ისე თქვა ირაკლიმ. მართალია, ბავშვს ამდენი არ უნდა გაებედა, მაგრამ ბიჭები მაინც არ იყვნენ მართლები. როდესაც ლიდერი ხარ და ამხელა პასუხისმგებლობა გაკისრია, არ შეიძლება ბავშვის დონეზე დახვიდე და პრობლემა მუშტებით გადაჭრა. მიუხედავად იმისა, რომ ლაშა ამას იმსახურებდა...
- რატომ მოიქცა ასე? - სოფი ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ გაერკვია სიტუაციაში. ყველანი დაბნეულები ვიყავით. სცენის წინ რომ მივედით, ტატოს თავისი გუნდის ერთ-ერთი ბიჭი, ლაშა უკვე სადარბაზოსკენ მიჰყავდა, ირაკლი და ზურა კი საშინლად გაცოფებულები იყვნენ.
როგორც გაირკვა, ლაშა მეცხრე გუნდის გოგონების საძინებელში ყოფილა გადაპარული „ზღვის დროს". კარი დაუკაკუნებლად შეუღია, ამ დროს კი ერთ-ერთი გოგო იცვლიდა. ისტერიკა აუტეხავს და როდესაც ნუცა და ირაკლი ასულან, ყველაფერი მოუყოლია. ნუცა ნატასთან დარჩენილა და დაუმშვიდებია, ირაკლის კი ლაშა ეზოში ჩამოუყვანია და დალაპარაკება და ყველაფრის გარკვევა უცდია, მაგრამ ბიჭს უთავხედია, აგდებულად დალაპარაკებია. ირაკლიც გაბრაზებულა, ხმას აუწია და ბოლოს ლაშამ შეაგინა ირაკლისაც და მათთან მისულ კიდევ რამდენიმე ლიდერსაც. გიგამ სწორედ მაშინ ჩართო ლიდერთა განგაში, როდესაც შეატყო, რომ სიტუაცია იძაბებოდა. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ახლა ყველაფერი შედარებით მშვიდადაა.
- გათამამებული, თავხედი ლაწირაკია და იმიტომ. ძლივს დავამშვიდე ნატა, ისეთი შეშინებული და გაბრაზებული იყო, მშობლებთან დარეკვას და აქედან წასვლასაც აპირებდა. წარმოდგენაც არ მინდა, როგორ „მოგვხვდებოდა, ეს ამბავი რომ გასულიყო აქედან... - ნუცაც ძალიან განერვიულებული იყო. - იმედი მაქვს, სანამ ჩვენ აქ ვართ, ნატა ყველაფერს თავისი გუნდის ბიჭებს არ მოუყვება, თორემ მე და ირაკლის ისეთი გიჟი ბავშვები გვყავს, ნამდვილად რაღაც მოხდება.
- მოკლავენ იმ საცოდავს... არა, რაზე გავბრაზდი ყველაზე მეტად, იცით?! ტიპს ველაპარაკები, ვუხსნი, რომ არასწორად მოიქცა, მაგრამ თუ დამპირდება, რომ ბოდიშს მოუხდის ნატას და ეს აღარ განმეორდება, ტატოს არაფერს ვეტყვი. ეს კიდევ გაღიმებული მიყურებს და ჩემი მონოლოგი რომ დავამთავრე, სრულიად მშვიდად და აუღელვებლად მითხრა, ნუ გამიტრაკე საქმე, თავი დამანებეო. იმდენი ხანი ველაპარაკებოდი, ბიჭებიც მოვიდნენ და ბოლოს რომ ამომასხა და ხმას ავუწიე, ზურაც შეეპასუხა და ახლა იმას ეუბნება, ... ხარო! - ვერ წყნარდებოდა ირაკლი. ბოლოს სიგარეტიც ამოიღო და გაბრაზებულმა გააბოლა, მიუხედავად იმისა, რომ დარბაზში და ზოგადად, ბავშვების დასანახად მოწევა გვეკრძალებოდა.
- ტატო ელაპარაკება ახლა, მაგრამ მეეჭვება, რამე შეაგნებინოს... - ჩაილაპარაკა თაკომ. ისეთი ხმა ჰქონდა, თითქოს თავს დამნაშავედ თვლიდა, ლაშა ხომ მისი და ტატოს გუნდიდან იყო.
- თავიდანვე არ მომწონდა, რამდენჯერმე შენიშვნაც მივეცი და გამიტარა. არ მესმის, ვინ გამოგზავნა ასეთი ბავშვი სკოლიდან! - საუბარში ჩაერთო დათოც.
- და ახლა რა უნდა ვქნათ? ანა დღეს საღამომდე არ დაბრუნდება. მოქმედება მანამდე უნდა მოვასწროთ, სანამ „წყნარი საათია"... - დასკვნა გააკეთა თათამ. მართალი იყო, არ ღირდა ამ ამბის გახმაურება.
- უნდა გავუშვათ! - მტკიცედ წარმოთქვა ვახომ. ლიდერების ყველა მამრობითი სქესის წარმომადგენელი საშინლად იყო გაბრაზებული ლაშაზე, გოგონები კი ვცდილობდით, ეს ამბავი ადეკვატურად გადაგვეწყვიტა. სამწუხაროდ, ვერაფერს ვიფიქრებდით იმის გარდა, რაც ვახომ თქვა.
- ანას რომ დავურეკოთ? - ახალი აზრი წამოჭრა ქეთიმ.
- და რა ვუთხრათ, პირველი პრობლემა შეგვექმნა და შენ გარეშე არაფრის გადაწყვეტა არ შეგვიძლიაო? - გაბრაზდა ირაკლი.
- ნუ ჩხუბობ და დამშვიდდი! - შევეპასუხე, როდესაც ქეთის ნაწყენი სახე დავინახე. - ყველაფერს მოვაგვარებთ. არ არის საჭირო პირველივე პრობლემისას ანას შეწუხება, ქეთ... - გავუღიმე მეგობარს.
- მე მაინც ვფიქრობ, რომ უნდა გავუშვათ! - თუთიყუშივით იმეორებდა ვახო.
- კენჭისყრა რომ ჩავატაროთ? - ჩემი იდეების გენერატორი თათა, როგორც ყოველთვის, ყველაზე კრიტიკული სიტუაციებიდანაც კი პოულობს გამოსავალს.
- ჭკვიანურია! რამდენი ფიქრობთ, რომ ლაშა უნდა გავუშვათ? - ავყევი თათას და როდესაც ბანაკის ოცდაოთხი ლიდერიდან ჩვიდმეტმა ხელი ასწია, მივხვდი, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული გვქონია, უბრალოდ თქმას რატომღაც ვერ ვბედავდით.
- ძალიან კარგი! - კმაყოფილმა ჩაიღიმა ირაკლიმ. - ავალ და შევატყობინებ, რომ ბარგი ჩაალაგოს! - შემდეგ კი სწრაფად გავარდა დარბაზიდან, მაგრამ როდესაც გავაანალიზე, რა მოყვებოდა მის საქციელს, გაფიქრებაც ვერ მოვასწარი, ისე გავყევი და მკლავზე ჩავებღაუჭე.
- მოიცადე!
- რა გინდა? - ცივად გამომხედა.
- არ უნდა ვიჩქაროთ გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ ასე გადავწყვიტეთ, მაგრამ იქნებ ანა წინააღმდეგია? ან იქნებ უკეთესი იდეა მოგვაწოდოს? - ვცდილობდი, რაიმე ჭკვიანური მომეფიქრებინა და ამით ამეხსნა ჩემი საქციელი, მაგრამ ირაკლი მაინც მიმიხვდა.
- და ამის სათქმელად გამომყევი ასე გიჟივით? - სულ ოდნავ, ტუჩის კუთხით ჩაეღიმა.
- უბრალოდ მე ყველაზე სწრაფად გავიაზრე, რა მოყვებოდა ამ ამბავს. - მხრები ავიჩეჩე და ხელი შევუშვი.
- ვერ ვითმენ, იმ ნაბიჭვარს პირში რომ არ მივახალო სიახლე!
- ვიცი, მაგრამ დამშვიდდი და ცოტა მოითმინე. საღამოს ყველაფერი გაირკვევა და მოგვარდება. წამოდი... - მშვიდად ვუპასუხე და მკლავზე მოვქაჩე, რომ ჩემთან ერთად შემოსულიყო დარბაზში. წინააღმდეგობა აღარ გაუწევია...

თავი 8
„შენი გრძნობები სულაც არ არის ცალმხრივი!
საღამოს ანა რომ დაბრუნდა, ყველანი დაძაბულები ვიყავით. ვერავინ ვბედავდით მისთვის ახალი ამბის თქმას და პატარა, დასჯილი ბავშვებივით დავყვებოდით უკან. ბოლოს ისევ ნუცამ დაიწყო ღამის თათბირზე.
- ანა, რაღაც უნდა გითხრათ...
- რამე მოხდა? - გაკვირვებულმა შემოგვხედა „უფროსმა. ამჯერად ირაკლიმ უპასუხა.
- ჩემი და ტატოს გუნდის ბავშვებს პრობლემა შეექმნათ... - შემდეგ კი ყველაფერი დეტალურად მოუყვა. არც თავისი სიტყვები დაუმალავს და არც ლაშასი. პატარა წვრილმანიც კი უთხრა. დილანდელისგან განსხვავებით, ამჯერად მშვიდად საუბრობდა. თაკო ისევ დამნაშავესავით იჯდა.
ანამ უცნაური მზერა მოგვავლო, ღრმად ამოიოხრა და ყველასთვის მოულოდნელად, გამამხნევებლად გაგვიღიმა.
- ვამაყობ თქვენით! - წარმოთქვა ისეთი სახით, როგორც ფრიადოსანი მოსწავლის მშობელმა სკოლის კრებაზე. - სპეციალურად არ განვიხილე ასეთი შემთხვევა სწავლების დროს. მაინტერესებდა, გაართმევდით თუ არა თავს კრიტიკული სიტუაციიდან გამოძრომას. თქვენ კი იმედები გამიმართლეთ! ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ. ახლა მთავარია, როგორ აპირებთ ამის განხორციელებას.
- მე მინდა, რომ დილით, ვარჯიშის განგაშზე შევატყობინოთ ბავშვებს ახალი ამბავი. ყველასთვის მაგალითად უნდა იქცეს ეს შემთხვევა. - ირაკლის იდეა შურისძიებას უფრო ჰგავდა, მაგრამ უნდა ვაღიარო, ამ აზრს ნაწილობრივ მეც ვეთანხმებოდი.
- ამხელა ბიჭს სცენაზე ხომ არ დავაყენებთ და ყველას დასანახად ლექციას წავუკითხავთ? უხერხულია... - ჩაილაპარაკა მარიმ.
- „წყნარი საათის" დროს რომ გავუშვათ? მგონი, ყველაზე ლმობიერი ეს იქნება... - ჩემი აზრი წამოვაყენე მეც და ირაკლის გაბრაზებული მზერაც დავიმსახურე.
- ჭკვიანურია! პატარა ბავშვები არ ხართ, რომ ვინმეზე შური იძიოთ. მართალია, ეს სხვებისთვის მაგალითი იქნებოდა, მაგრამ ძალიან სასტიკადაც ნუ მოვიქცევით. მე მომწონს გვანცას აზრი! - შემაქო ანამ და ძალიან გამიხარდა! რა კარგი შეგრძნებაა, როდესაც შენი აზრი სხვებსაც მოსწონთ...
- ანუ ეს ღამე მაინც აქ უნდა გაათენოს?
- ირაკლი! მშობლებსაც უნდა დავუკავშირდეთ და სიტუაციაში გავარკვიოთ. მესმის, რომ ძალიან გაბრაზებული ხარ, მაგრამ როგორმე მოგიწევს ამ ყველაფერის ატანა. - ისეთი ხმით უპასუხა ანამ, შეწინააღმდეგებას აზრიც არ ჰქონდა. ჰმ, რა საინტერესო სანახაობაა ქალის სიტყვის შემდეგ დადუმებული ირაკლი! მე ვიტყოდი, საინტერესო კი არა, უფრო სასიამოვნოა ამ ყველაფრის ყურება...
- მეც და თაკოც დაველაპარაკეთ და ყველაფერი ავუხსენით, მაგრამ მაინც თავის აზრზეა. არც ბოდიშის მოხდას აპირებს და არც იმის აღიარებას, რომ შეცდა. - მთელი საღამოს განმავლობაში პირველად ამოიღო ხმა ტატომ.
- ეს ყველაფერი უფრო მარწმუნებს, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. არ გვჭირდება ბანაკში ისეთი ბავშვები, რომლებიც წესრიგს დაარღვევენ და სხვებსაც ამისკენ მოუწოდებენ. დღეისთვის მეტი სათქმელი არაფერი მაქვს. ტატო და თაკო, ხვალ დილითვე ჩააყენებთ საქმის კურსში ლაშას და მის მშობლებს, რომ ჩამოაკითხონ და წაიყვანონ. მადლობელი დაგრჩებით, თუ ამ ამბავს ძალიან არ გაახმაურებთ! - საბოლოო დასკვნა გააკეთა ანამ, დაგვემშვიდობა და მარტო დაგვტოვა. ყველანი ისეთი დაღლილები ვიყავით და ისე გვეძინებოდა, იმასაც კი ვერ ვახერხებდით, რომ სადარბაზოებში წავსულიყავით. ბოლოს ისევ ნუცა და თათა წამოდგნენ.
- არ მოდიხარ? ვკვდები, ისე მეძინება... - მთქნარებით მითხრა თათამ.
- მეც, მაგრამ მეზარება ადგომა... - გულწრფელად ვუპასუხე და გამეცინა. ჩემი სიტყვები გიომაც გაიგო და სრულიად მოულოდნელად ხელში ამიტაცა.
- ჩემს ძვირფას მეწყვილეს როგორ ვაწუწუნებ? ახლავე მიგიყვანთ სადარბაზომდე, თქვენო უმაღლესობავ! - მითხრა სიცილით და დარბაზის გასასვლელისკენ დაიძრა ირაკლის მზერის თანხლებით. ჰმ, საინტერესოა... გულში რაღაცამ სასიამოვნოდ გამკრა, მაგრამ არ ვიცი, რა შეიძლება ამას ვუწოდო. უფრო კმაყოფილების შეგრძნება ან რაიმე მსგავსი, მაგრამ ამას რატომ ვგრძნობდი, ნამდვილად არ ვიცოდი!
- საუკეთესო მეწყვილე ხარ! - ლოყაზე ვაკოცე გიოს, როდესაც სადარბაზოს კართან დამსვა, შემდეგ კი დავემშვიდობე და ოთახში ავედი. გოგონები უკვე იქ იყვნენ, გამოეცვალათ და დასაძინებლად ემზადებოდნენ.
- გვანც, მგონი, ირაკლი არ არის გეი... - ისევ ეს საშინელი თემა წამოიწყო ნუცამ. ღმერთო, როდისმე დამანებებს თავს? რატომ უნდა მაინცდამაინც ამის გარკვევა?
- მართალი ხარ! - ჩემ ნაცვლად უპასუხა თათამ. - უბრალოდ გვანცა იმდენად გულნატკენია მისი ცალმხრივი გრძნობის გამო, რომ...
- და საიდან მოიტანეთ, რომ ცალმხრივია? - რაო? პირი დავაღე, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ნუთუ ნუცა ხვდებოდა, რომ ვატყუებდით? და რატომ ამბობს, რომ „ჩემი გრძნობა" არ არის ცალმრივი?
- რა თქვი? - ვერც გავიაზრე, ისე სწრაფად ვკითხე, შემდეგ კი მე და თათამ ერთმანეთს გადავხედეთ გაოგნებული სახეებით.
- ჰო, რა იყო? დღეს ვილაპარაკეთ მე და ირაკლიმ, დილით, სასადილოში. შენ რომ მისთვის სულერთი იყო, არ გაბრაზდებოდა ასე ძალიან.
- ნუცი, ირაკლი მოგწონს? - მოურიდებლად ჰკითხა თათამ და მის ხმაში ისეთი ინტერესი იგრძნობოდა, ნუცამაც სიმართლე გვითხრა.
- მგონი... - კიდევ ერთხელ დავაღე პირი, მაგრამ რატომ? მერე რა, მოსწონდეს თუ უნდა... მე რას მიშლის ეს ყველაფერი? წესით, არც არაფერს, მაგრამ რატომ არ მესიამოვნა მისი პასუხი? ჯანდაბა, გვანცა! მორჩი შენს თავთან ინტრიგნობანას თამაშს!
- შხაპს მივიღებ და ამოვალ! - ვთქვი მოულოდნელად. რა შხაპი ამიტყდა ამ შუაღამისას? ფეხზე ძლივს ვდგავარ, ისე მეძინება. ჰმ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ვიღაც მმართავს და მაიძულებს ასეთი სისულელეების თქმას. რა გემართება, გვანცა?
პირსახოცს და აბაზანის ჩანთას ხელი დავავლე და ქვემოთ ჩავედი. ჩემდა ბედად, მაინცდამაინც იმ საღამოს გაფუჭდა ჩვენი საშხაპეები და ისეთი არანორმალურად ცხელი წყალი მოდიოდა, შებრაწვას ვერ გადავურჩებოდი. არც ის გამოვიდოდა, ოთახში მშრალი თმით რომ დავბრუნებულიყავი. ჰმ, ერთადერთი ალტერნატივა ზღვა იყო, რადგან ონკანის ცივი წყლით თავის დაბანის პერსპექტივა სულაც არ მხიბლავდა. საბედნიეროდ, საცურაო კოსტიუმი ისევ მეცვა. ზოგჯერ როგორი ჭკვიანი ვარ ხოლმე!
რაც შემეძლო ჩუმად გავაღე სადარბაზოს კარი და პარტიზანივით გავირბინე საკმაოდ მოზრდილი ეზო. სანამ ბულვარში გავიდოდი, ყურადღება არ მომიდუნებია. რა საჭირო იყო ყველას სცოდნოდა, რომ შუაღამისას ზღვაში ვბანაობდი? თან მარტო! ჰმ, გვანცა... გამეცინა ჩემივე ფიქრებზე. აშკარად უცნაურად მოქმედებს აქაური ჰაერი. ეს დღეები ისეთი აზრები მიტრიალებს, საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ...
- შენ რაღაც ძალიან შემოეჩვიე ღამით სანაპიროს... - ღმერთო, არ შეიძლება ერთი ღამე მაინც გავიდეს ისე, რომ ირაკლის ხმა არ გავიგო?
- შენ კი ჩემ თვალთვალს! - ისეთი ტონით ვუპასუხე, ენის გამოყოფაღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის, მაგრამ რატომღაც თავი შევიკავე.
- ჰა-ჰა, რა დიდი წარმოდგენა გაქვს შენს თავზე! - რა? ეს მე მითხრა? ამან მითხრა ეს მე? - რატომ უნდა გითვალთვალებდე? შენი აზრით, მეტი საქმე არ მაქვს?
- მე მხოლოდ ფაქტების მიხედვით ვმსჯელობ! - ღმერთო, გთხოვ, რამე ისეთი მომაფიქრებინე, რომ გავამწარო... - ყველგან კუდში დამდევ. ნუცასთანაც გილაპარაკია ჩემზე... - ჯანდაბა! ეს არ მითხოვია!
- ოჰოო, საინტერესოა, რა გითხრა ნუცამ! - ცერად ჩაეცინა და მომიახლოვდა. მეც თითქოს ადგილზე გავიყინე და ფეხი ვერ მოვიცვალე. ან არ მოვიცვალე... - მე რაც მითხრა, ის ნამდვილად საინტერესო და სხვათა შორის, არც ისე მოულოდნელი იყო...
- რა გ-გითხრა?- პირველად დამება ენა და მაინცდამაინც ირაკლისთან! ღმერთო, მე დახმარება გთხოვე და არა პირიქით...
- რა და თურმე, უიმედოდ ყოფილხარ ჩემზე შეყვარებული... - თვითკმაყოფილი ტონით ჩაილაპარაკა და თმა ყურს უკან გადამიწია, შემდეგ კი ხელი კისერზე ჩამომისვა. გვანცა, გაგიჟდი? რატომ დაგიარა ჟრუანტელმა? - და ათას სისულელეს იგონებ იმისთვის, რომ სხვა გოგონები ჩემით არ დაინტერესდნენ.
- რა სისულელეა! - ნერვიულად გადავიხარხარე. - რა კარგი ფანტაზია გქონია, „ძვირფასო"! საიდან მოიტანე ეს ყველაფერი? მე მხოლოდ ის ვუთხარი ნუცას, რაც უკვე შენთვისაც ცნობილია.
- ნუ მატყუებ! აზრი არ აქვს, მაინც ყველაფერი ვიცი. რატომ მოიქეცი ასე? - საუბრის პარალელურად ჩემთვის თავბრუს დახვევასაც განაგრძობდა თავისი მზერით და იდუმალი ღიმილით. ჯანდაბა, რა მჭირს? როდის აქეთ მაქვს ასეთი რეაქცია მაშინ, როდესაც ირაკლის ველაპარაკები? თითქოს... არა, გვანცა! არ თქვა ეგ სიტყვა! შეუძლებელია ირაკლი მოგწონდეს!
- ირაკლი, დამანებე თავი. უბრალოდ მოვატყუე, რომ გეი ხარ, შემდეგ კი თათაც როლში შევიდა და დაამატა, თუ როგორ ვიტანჯები შენი სიყვარულით. შენ თვითონაც იცი, რომ ეს სისულელეა და ჩვენ არასდროს შეგვიყვარდება ერთმანეთი. უბრალოდ ვიხუმრეთ, გაიგე?
- ცდები! - თვალი ჩამიკრა, შემდეგ კი ლოყაზე, ტუჩთან ძალიან ახლოს მაკოცა და წავიდა.
დღეს რეკორდი დავამყარე პირის დაღებაში...

ნათია ჯაგოდნიშვილი
გაგრძელება იქნება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93