ნოველები

სწრაფად, განგაშია! თავი 10. დაკბენილი გვანცი

სწრაფად, განგაშია! თავი 10. დაკბენილი გვანცი

- ჯერ შენ შედი, ნახე, შეიძლება თუ არა ჩემი შემოსვლა... - მითხრა ირაკლიმ, როდესაც მეორე სართულზე ავედით და სწორედ ამ დროს საძინებლის კარიც გაიღო და ნუცა გამოვიდა, რომელიც თმას იწნავდა.
- შენ აქ რა გინდა? მოხდა რამე? - გაუკვირდა ირაკლის დანახვა. ჯანდაბა, რატომ მაინცდამაინც ის? მიდი ახლა და დააჯერე, რომ თაგვის დასაჭერად ამომყვა. კიარადა, მე გამოვყევი თაგვის დასაჭერად. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს...
- ამმ... ჩემი და გვანცას კლასელის დაბადების დღეა დღეს, მე ნომერი წამეშალა და
უნდა ჩამაწერინოს. - პირი დავაღე ირაკლის საქციელით გაკვირვებულმა.
- მეც ოთახში დამრჩა მობილური! - გავიღიმე თვითკმაყოფილი სახით და სწორედ ამ დროს აწრიპინდა ჩემი მოღალატე ქმნილებაც. ნუცას ცერად ჩაეცინა და ისეთი სახით გადმომხედა, მერჩივნა, მიწაში ჩავმძვრალიყავი. რატომ მემართება ასეთი რაღაცები ყოველთვის მე?
- თათა გარეთაა უკვე, შედით. ბავშვებს ვეტყვი, რომ განგაშზე დაგაგვიანდებათ! - გვითხრა სულ ოდნავ ნაწყენი ხმით და სირბილით დაეშვა კიბეებზე. ირაკლიმ მზერით მკითხა, რა მოუვიდაო, მაგრამ პასუხად მხოლოდ მხრები ავიჩეჩე. ნუცას ისედაც გული ვატკინე ჩემი საქციელით და ახლა ვერ გავყიდდი.
- ჯერ შენ შედი, მაინც არავინაა შიგნით... - მავედრებელი სახით გავხედე ჩემს გადამრჩენელს, რომელსაც გაეცინა ჩემს თვალებზე და კარი შეაღო.
- აბა, სად იყო ფხაჭუნი? - მიმოიხედა ოთახში სპეციალისტის მზერით და შემდეგ მანიშნა, რომ მეც შევსულიყავი.
- მეშინია, ირაკლი. ვერ შემოვალ... ფეხებში რომ მომედოს?

- რა უნდა თაგვს შენს ფეხებში? დარწმუნებული ხარ, რომ მამრობითი სქესის თაგვია? - გაეცინა გულიანად და ჩემი დაბღვერილი მზერაც დაიმსახურა. - მოდი, ნუ გეშინია.
- ვერა! - კიდევ ერთხელ გავიქნიე თავი, მაგრამ ამაოდ. ოთახის ცენტრიდან ისევ ჩემთან გადმოინაცვლა და ისეთი სახით შემომხედა, აშკარად მაიძულებდა, რომ შევსულიყავი.
- მოდი! - მანიშნა, რომ ზურგზე შევხტომოდი. ეს ნორმალურია? თუ ჰგონია, რომ რადგან დახმარება ვთხოვე, პარალელურად ყველაფერი ვაპატიე?
- ირაკ...
- არ დაგეხმარები!
- ვერ გიტან! - შევუბღვირე და ოთახში შევედი. - თუ გული გამისკდება, შენი ბრალი იქნება! - ჩემს სიტყვებზე საყვარლად ჩაეცინა და წინ წავიდა. მოიცა, საყვარლად?!
- კარადის შიგნიდან იყო ხმა თუ უკნიდან?
- მგონი, შიგნიდან. მოიცა, არ გააღო! - შევკივლე, როდესაც კარადის გაღება დააპირა და ზურგზე ავეკარი. ღმერთო, გვანცი, სადამდე დაეშვი!
- ნუ გეშინია! - მითხრა თბილად და ხელი სახელურისკენ წაიღო. თვალები დავხუჭე და შუბლი ირაკლის ზურგს მივადე. რას ვაკეთებ! და რატომ?
- რა ხდება? - ვკითხე, როდესაც მისი სხეულის ვიბრაციაზე მივხვდი, რომ ჩაიცინა. თვალების გახელის ჯერ კიდევ მეშინოდა (ან უბრალოდ მომწონდა ეს მდგომარეობა(?)).
- გაახილე თვალები!
- ვერა, მეშინია...
- გვანცი... - სუნთქვა შემეკრა! ძვირფასო ჩემო თავო, სულ გამოშტერდი?! - მიდი, დამიჯერე!
თვალები გავახილე და შემდეგ დიდზე დავაჭყიტე. ირაკლიმ გაღიმებულმა შემომხედა. მეც მოვშორდი მას და კარადისკენ მივიწიე, სადაც სულაც არ იჯდა თაგვი!
- რა უნდა ამას აქ? - გამეცინა და ისევ უსაყვარლეს, უფუმფულეს ციყვუნას გავხედე, რომელიც მიწის თხილის შეფუთვაში იჯდა და შეშინებული გვიყურებდა.
- რა უნდა და ეტყობა ღამე ფანჯარა და კარადის კარი ღია დაგრჩათ!

- აუ, რა საყვარელია! - ავწრიპინდი სასაცილოდ. - შეიძლება ხელში ავიყვანო?
- მოიცა, ფრთხილად! - გაეცინა ირაკლისაც და პირველმა თვითონ აიყვანა. ციყვი მოიბუზა და კუდი კიდევ უფრო გაუფუმფულდა. - გამომართმევ? - გამომიწია, მაგრამ მე რატომღაც ასე მოფერება ვარჩიე. ისეთი საყვარელი იყო, კნუტივით გაინაზა, ხელი რომ გადავუსვი.
- ახლა ჩავყლაპავ! - გამოვართვი და გამეცინა. მე ციყვს ვუყურებდი, ირაკლი - მე. პატარა ბავშვებს ვგავდით, ეზოში ლეკვს რომ იპოვიან და ეფერებიან. ამ წამს ჩვენ შორის არ იყო არანაირი მტრობა, წყენა, გაბუტვა. იყო მხოლოდ ციყვი, რომელმაც ორივე ისე დაგვაახლოვა, როგორც არასდროს ვყოფილვართ. ჩემი გრძნობები ალბათ ძალიან აირეოდა, განგაშის ხმას რომ არ შევეკრთე. ისე შევხტი, ფუმფულა კინაღამ ხელიდან გამივარდა, მაგრამ ირაკლიმ სწრაფად მოახდინა რეაგირება და ჩემი ხელები თავისაში მოიქცია. ღმერთო, ისევ ეს ჟრუანტელი... გაურკვეველი მზერით ავხედე, თვითონ კი ცერად ჩამიღიმა. ისე ვიდექით, თითქოს არც ერთს არ გვეხებოდა განგაშის ზარი. ციყვიც კი მიგვავიწყდა ორივეს.

- ჯანდაბა! - წამოვიყვირე უცბად, როდესაც საჩვენებელ თითზე მწარე ტკივილი ვიგრძენი. ჩემი მზერის ობიექტიც უცბად გამოერკვა და ხელზე დამხედა, ციყვი კი სწრაფად გამომართვა და ისევ კარადაში შეაბრძანა. მიკბინა იმ უნამუსომ! ჩემი თხილი რომ ჭამა, ეგ არაფერია? უმადური!
- სისხლი წამოგივიდა? რა ველურია, რა არის! - ირაკლიმ ხელი ჩამკიდა და ისე ჩამაცუნცულა პირველ სართულზე, როგორც პატარა ბავშვი. საპირფარეშოში შემიყვანა, ონკანი მოუშვა და ჩემი ხელი წყალს შეუშვირა. „ჭრილობა ამეწვა და სახე დამემანჭა, ირაკლიმ კი ფრთხილად შემიბერა სული. ისე ნაზად მისვამდა თითებს... ახლა ალბათ გული წამივა!
- მეწვის! - დავიწუწუნე ისევ და ნატკენი ადგილი ტუჩებს შორის მოვიქციე. ყოველთვის ასე ვიცოდი, როდესაც თითს გავიჭრიდი. შემდეგ კი ჩემი სისხლის გემოს შეგრძნებისას უარესად ვხდებოდი. ახლაც ასე დამემართა, როდესაც ენაზე მომჟავო, ბლანტი სითხე შემეხო. ალბათ იქვე ჩავიკეცებოდი, ირაკლის რომ არ მოესწრო ჩემი დაჭერა. ბუმბულივით ამიტაცა ხელში, სადარბაზოდან გავიდა და ექიმის კოტეჯისკენ დაიძრა. ყველა მაშინვე ჩვენ მოგვაშტერდა. აქედანაც კი დავინახე, როგორ დააღო თათამ პირი, ზურამ კი დათოს ხელი გაჰკრა და ჩვენკენ გამოახედა. ნერვები მომეშალა, რას იყურებიან, ბავშვები არ უნდა ავარჯიშონ?
- დამსვი, ჩემით წამოვალ! - ვთქვი გაბრაზებული ხმით და ირაკლიმ ჩემს მზერას გააყოლა თვალი, შემდეგ კი ჩაეცინა და მომიბრუნდა.
- რისთვის გაქვს მაგსიგრძე ფეხები? დაიკიდე! - შემდეგ კი თვალი ჩამიკრა და კოტეჯის კარი ფეხით შეაღო.
- რა მოგივიდა? - შეშფოთებული სახე ჰქონდა გიას ჩემი ასეთ მდგომარეობაში დანახვისას.
- ციყვმა უკბინა, შემდეგ კი ამ ვამპირმა სისხლის გამოწოვა გადაწყვიტა და კინაღამ გული წაუვიდა! - სიცილით უთხრა ირაკლიმ და იქვე დივანზე დამაწვინა. გიასაც გაეცინა. მხოლოდ მე ვიყურებოდი დაბღვერილი.

- პრაქტიკაში პირველი ხარ! არასდროს მყოლია ციყვის დაკბენილი პაციენტი! - ხარხარებდა გია, მე კი კიდევ უფრო მეშლებოდა ნერვები.
- არც გეყოლება, თუ მასე გააგრძელებ! - ენა გამოვუყავი და ფეხზე წამოვდექი. - და საერთოდაც, არაფერი არ მჭირს, უბრალოდ სისხლის გემოზე ცუდად გავხდი. სახვევს გადავიკრავ და გამივლის, არაფერია აქ დასაპანიკებელი.
- ბევრს ნუ ლაპარაკობ და მაჩვენე ნაკბენი! - ისევ სიცილით მითხრა გიამ და მაგიდასთან დამსვა, შემდეგ კი რეზინის ხელთათმანები მოირგო, ბამბა და სპირტი მოიმარჯვა და ჩემი თითისკენ შემართებით დაიძრა.
ამას მერჩივნა კიდევ ას ციყვს ეკბინა. ისე ამეწვა ბამბის შეხების ადგილი, თვალები მაგრად დავხუჭე, რომ ცრემლები შემეკავებინა, მაგრამ არ გამომივიდა. ჯანდაბა! რა გჭირს, გვანცა?! ვეღარ გცნობ, რაც აქ ჩამოხვედი! საკუთარ თავთანაც კი დაიწყე საუბარი!
- მორჩა? - ვკითხე შეწუხებულმა, როდესაც თითი დამიმუშავა და სახვევი დამადო, დადებითი პასუხის მოსმენისას კი სიხარულით წამოვხტი სკამიდან.
- აბა, თქვენ იცით, ხვალ მაჩვზღარბას ნაკბენის გარეშე არ მომაკითხოთ! - სიცილით გამოგვაცილა გიამ კოტეჯიდან. ირაკლი ჩუმად მომყვებოდა გვერდით. მიკვირს, ნეტავ ამას რაღა ბზიკმა უკბინა დღეს?!
- არ მიყვარს ეს კაცი... - ამოვიბუზღუნე ბოლოს ისევ მე და ვანიშნე, რომ სასადილოსკენ წავსულიყავით, რადგან თითქმის ყველანი უკვე იქ იყვნენ შეკრებილნი.
- რატომ? არ ჩანს ცუდი ტიპი.

- ეგ ჩემი გუნდის გოგონებს ჰკითხე! ლიკას ისეთი დამწვარი აქვს ზურგი, ხახვივით იფცქვნება, მაგრამ ცოცხალი თავით არ მომყვება მაგასთან. საღამოს მაწონს არ ჭამს და ოთახში ააქვს ჭიქით, რომ ზურგზე წაისვას.
- და რატომ ჯიუტობს, რა უქნა მაგისთანა? - სერიოზულად დაიბნა ირაკლი. მეც არ ვიცი, რატომ ვუყვებოდი ამბავს, რომელიც თათას გარდა არავინ იცოდა, მაგრამ რატომღაც მომინდა და თავიც აღარ ვაიძულე, რომ ენისთვის კბილი დამეჭირა.
- საქმეც ისაა, რომ კინაღამ უქნა! გადავედი ჭკუიდან, ლიკამ რომ მომიყვა! საშინელი მექალთანეა. გიოსთვის არც მითქვამს.
- გაგიჟდი? და ვის ელოდები?

- რა აზრი აქვს? ტყუილად უნდა მოეშალოს ნერვები და შარში გაეხვეს. ვერაფერს იზამს.
- ცდები, გვანცი! და დაგიმტკიცებ, რომ ცდები.
- რას აპირებ? - შემაშინა მისმა ტონმა და გამოხედვამ. რა მალაპარაკებდა ზედმეტს?!
- არაფერს განსაკუთრებულს, დაიკიდე! - თვალი ჩამიკრა და ის იყო, უნდა წასულიყო, რომ მკლავით დავიჭირე.
- მოიცა! არ მინდა, რომ რამე სისულელე გააკეთო! - მე თვითონაც ვერ გავიაზრე, ისე დავიწყე ლაპარაკი. და სიმართლე უნდა ითქვას, ზედმეტი ყურადღებაც მივიქციეთ ჩვენი საქციელით, რაც სულაც არ არის კარგი.
- ნუ ღელავ... - თბილად გამიღიმა და მაინც წავიდა. სუნთქვაშეკრული ვუყურებდი, სანამ მიდიოდა და როდესაც მივხვდი, რომ მის შეჩერებას სხვანაირად ვერ შევძლებდი, სასწრაფოდ ბუნგალოსკენ გავიქეცი. ვიცი, რაც უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ ეს თავქარიანი ბიჭი დავიცვა...


გაგრძელება იქნება
ნათია ჯაგოდნიშვილი

წინა თავების სანახავად გადადით ნოველების კატეგორიაში
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93