ნოველები

სწრაფად, განგაშია! თავი 11. სასიამოვნო მოულოდნელობა

სწრაფად, განგაშია! თავი 11. სასიამოვნო მოულოდნელობა
- ლიდერების განგაში ჩართე, სწრაფად! - აქოშინებულმა ძლივს ვუთხარი გიგას და ბარის მაგიდას დავეყრდენი, რომ ამომესუნთქა. გაოგნებული მიყურებდა.
- რა ხდება?
- სწრაფად! - ლამის დავიკივლე და ისიც მაშინვე დამემორჩილა. რამდენიმე წამში გამყინავი ხმაც გაისმა, მაგრამ თავიდან ვერავინ მიხვდა, რა ხდებოდა. ექიმის კოტეჯისკენ მიმავალი ირაკლიც გზაზე გაიყინა. ალბათ, ვერ გადაეწყვიტა, რა უნდა ექნა. ბოლოს მაინც მოვალეობის გრძნობამ აჯობა და უკვე გამოფხიზლებულ
დანარჩენ ლიდერებთან ერთად გამოიქცა ბუნგალოსკენ.
- რა მოხდა? - ინტერესიანი სახით მომაჩერდა ანა. მიდი და უთხარი, რა მოხდა! ოხხ, გვანცა!
- რაღაც მაქვს სათქმელი. თუ შეიძლება სააქტო დარბაზში გადავინაცვლოთ. - ვუთხარი „მშვიდად" და ირაკლის გავხედე, რომელიც ცალწარბაწეული მიყურებდა. გიორგიც მე მიყურებდა, მაგრამ ირაკლისგან განსხვავებით, დაბნეული მზერა ჰქონდა.
- მშვიდობაა? - ჩურჩულით მკითხა თათამ, როდესაც ყველანი სააქტო დარბაზისკენ დავიძარით.

- ჩვენთვის კი. - თვალი ჩავუკარი და ნაძალადევად გავუღიმე. ძალიან ვნერვიულობდი! ტყუილი საქმე ხომ არ არის ამხელა ამბის გახეთქვა? და თან ისე გახეთქვა, რომ მეწყვილესთანაც კი არ ხარ შეთანხმებული. გიო ალბათ სერიოზულად გამინაწყენდება და ღირსიც ვიქნები, მაგრამ არა უშავს...
- არასდროს მაცდი საქმის ჩემით გაკეთებას! - თავი გადაიქნია ირაკლიმ და სააქტო დარბაზში მე და თათა შეგვატარა. ეს უკანასკნელი, ცოტა არ იყოს, შოკირებული იყო მომხდარით. დარწმუნებული ვარ, საღამოს დეტალურ დაკითხვას ვერ გადავურჩები!
- შეგიძლია დაიწყო! - მანიშნა ანამ, როდესაც ყველანი სააქტო დარბაზში შევიკრიბეთ და ჩვენი ადგილები დავიკავეთ. პირი გამიშრა, საშინლად ავნერვიულდი.
- ის, რაც ახლა უნდა გითხრათ, არავინ იცის ჩემი და ჩემი გუნდის გოგოს გარდა. გიოსთვისაც კი არ მითქვამს და იმედია, არ გამიბრაზდება... - საწყალი სახით გადავხედე ჩემს მეწყვილეს, რომელიც თევზის თვალებით მომჩერებოდა. - საქმე ჩვენს ექიმს ეხება...
- გვანცა, ნუ ნერვიულობ და თქვი, რაშია საქმე! - გამამხნევა ანამ.
klayley GIF | Gfycat
- ლიკას ზურგი დაეწვა და წამალზე გავაგზავნე გიას კოტეჯში. აზრადაც არ მომსვლია, რომ გავყოლოდი, საჭიროდ არ ჩავთვალე. ცოტა ხანში კი ბავშვი ისეთი განერვიულებული მოვარდა ჩემთან, გული გამისკდა. და საერთოდ, ბევრმა მითხრა, რომ მათაც აქვთ ეს პრობლემა. საშინელი მექალთანეა და შანსს არ უშვებს ხელიდან. იმედია, ხვდებით, რასაც ვგულისხმობ... - ქვედა ტუჩი მოვიკვნიტე და უნებურად ირაკლის გავხედე. თვალი ჩამიკრა და დასამშვიდებლად გამიღიმა.
რამდენიმე წამი დარბაზში სრული სიჩუმე იდგა. ალბათ, ჯერ კიდევ იაზრებდნენ ჩემს ნათქვამს. ჩემი გული კი ისეთი სიძლიერით გუგუნებდა, ასე მეგონა, ყველას ესმოდა მისი ხმა.
- დარწმუნებული ხარ, რომ ეს ყველაფერი სიმართლეს შეესაბამება? - მძიმედ მკითხა ანამ. მოიცა, ანუ რა გამოდის, ჰგონია, რომ ვატყუებ? - ცუდად არ გამიგო, მაგრამ ბავშვის ნათქვამზე ამხელა კაცს ასე უბრალოდ ვერ გავუშვებთ.
- რას გვირჩევ, დაველოდოთ, „ბავშვის" სიტყვა რეალურად როდის განხორციელდება? - ცოტა არ იყოს, უხეშად იკითხა გიომ. საშინლად იყო გაბრაზებული და იმედი მაქვს, ამის მიზეზი მე არ ვარ.
- არა, გირჩევთ, შევამოწმოთ ეს ყველაფერი, - მისი ტონი არ შეიმჩნია ანამ. - უსაფუძვლო ბრალდების გამო გამოცდილ სპეციალისტს სამსახურიდან ვერ გავუშვებთ.
- კი მაგრამ, როგორ უნდა შევამოწმოთ? - შეშინებული ხმა ჰქონდა ქეთის.
- ჩვენს თავზე...

- ანა, მაპატიე, მაგრამ ამას სერიოზულად ამბობ? - წამოენთო თათა. - შენ გინდა, რომ რომელიმე მასთან შევიდეთ და გადავამოწმოთ, რამდენად შეესაბამება ლიკას სიტყვები სიმართლეს?
- ზუსტად მიმიხვდი! - ვითომც არაფერი ხდებაო, ისე გაუღიმა ანამ. ეს მგონი მართლა დაგვცინის. რატომაა ასე მშვიდად?
- და შენ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, გარედან დააკვირდები, არა? - არ ეშვებოდა თათაც. სასწრაფოდ რამე უნდა მეღონა, სანამ ჩემი ფეთქებადი მეგობარი კიდევ რაიმეს წამოროშავდა და საქმეს გაიფუჭებდა. და საერთოდაც, რატომ ვარ დღეს დედა ტერეზა?
- მე შემიძლია ამ ყველაფრის შემოწმება... - და ამ სიტყვების შემდეგ ოცდაოთხი წყვილი თვალი მომაშტერდა. თავი პოდიუმზე მეგონა. - სხვა თუ არაფერი, საქმე ჩემს გუნდს ეხება და რადგან გია გეი არ არის, გიორგი ვერ შეამოწმებს ამ ყველაფერს! - ნაძალადევად გავიცინე, მაგრამ დარბაზში ისევ დაძაბული სიჩუმე იდგა.
- იმედია, ხვდები, რომ ეს ყველაფერი ძალიან სარისკოა. - ანა მაინც ინარჩუნებდა სიმშვიდეს. ჰმ, „რკინის ლედი"...
- ვხვდები, ანა, მაგრამ სხვა გზას გვიტოვებ? ან უნდა შევამოწმოთ, ან უბრალოდ თვალები დავხუჭოთ ამ ყველაფერზე. მე პირველს ვირჩევ!
- ნება შენია... როდესაც შენი ბრალდების, უფრო სწორად კი, შენი გუნდის წევრის ბრალდების დამამტკიცებელი სამხილი გექნება, მაშინვე გავუშვებთ გიას აქედან. და კიდევ ერთი, ასეთი საქმეები შეგვიძლია საღამოს თათბირზე განვიხილოთ ხოლმე, არაა საჭირო ზედმეტად მიიქციოთ ბავშვების ყურადღება ლიდერთა განგაშის ჩართვით! - ბოლო ფრაზა მკაცრად თქვა და დარბაზიდან გავიდა.
სკამზე მოწყვეტით დავეხეთქე. იმედები გამიცრუვდა. მისის სამართლიანობა რატომღაც უსამართლოდ მოიქცა.
- შენ გაგიჟდი, ხო? - მომეჭრა თათა და სახესთან ხელები ამიქნია. უაზრო სახით ავხედე.

- სხვა გზა მქონდა?
- არ ხარ ნორმალური! - მაინც არ ცხრებოდა. - რამე რომ გიქნას?
- რა უნდა მიქნას! - სიცილი ამიტყდა მის სიტყვებზე. ისეთი სახით მიყურებდა, თითქოს მის წინ იაპონურად მოლაპარაკე მაიმუნი იჯდა.
- რატომ გააკეთე ეს? - ახლა ირაკლი წამოგვადგა თავზე. - თათა, მაპატიე, დროებით დაგტოვებთ! - შემდეგ კი მკლავში ხელი წამავლო და დარბაზიდან გამიტანა. - შენ საერთოდ გადაირიე? რის გამო იგდებ თავს საფრთხეში? - სერიოზულად დამიცაცხანა, როდესაც დარბაზის უკანა კარიდან პირდაპირ სანაპიროზე აღმოვჩნდით.
- და ამას მეუბნები შენ?! ადამიანი, რომელიც დაუფიქრებლად მიდიოდა მის კოტეჯში და მუშტებით აპირებდა პრობლემის გადაჭრას! - რაც შემეძლო ირონიული ხმა მქონდა, მაგრამ „მოწინააღმდეგეს' ძლიერი დარტყმა მაინც ვერ მივაყენე.
- მე რას ვაპირებდი, ეგ ჩემი საქმეა! მაგრამ შენ იქ არ წახვალ!

- რა? - პირი დავაღე. - დაიცა, შენ უნდა გკითხო, სად წავალ და სად არა?
- გვანცა, გიმეორებ, შენ გიას კოტეჯში არ წახვალ და მორჩა! არ მოგცემ უფლებას, თავი საფრთხეში ჩაიგდო!
- რა უფლებ... - სიტყვა გამიწყდა. და ღმერთო, ეს იმიტომ მოხდა, რომ ირაკლიმ მაკოცა! თვალები გამიფართოვდა და რამდენჯერმე სწრაფად დავახამხამე, მაგრამ ჰალუცინაცია არსად გამქრალა. ეს რა, სულ გამოშტერდა? ხელი, რომლითაც თავი დამიჭირა, ნაზად შემიცურა თმაში, მეორე კი წელზე მომხვია. ჩემკენ იყო დახრილი და მთელი გრძნობით მკოცნიდა, მე კი ეს ყველაფერი აშკარად არ მელანდებოდა, რადგან ვიგრძენი, წამის წინ როგორ მიკბინა კოღომ. მოიცა, რა დროს კოღოა? რატომ ვუპასუხე კოცნაზე კოცნით?

ვიგრძენი, როგორ დაეჭიმა კუნთები, როდესაც თმაზე მოვქაჩე და ქვედა ტუჩზე ოდნავ ვუკბინე. გვანცა, გადაირიე? რას აკეთებ, რატომ აკეთებ და რაც მთავარია, სად აკეთებ? ჯანდაბა, ამაზე არც მიფიქრია! მაგრამ ვინ გაცადა ფიქრი... ჰმ, ჩამეღიმა ჩემივე ფიქრებზე, ეს კი ირაკლიმ სათავისოდ გაიგო და ხელი უფრო ძლიერად მომხვია. რამდენიმე წამში კი ზურგსუკან ისეთი ჩახველებაც გავიგეთ, რომლის ავტორსაც სინამდვილეში სულაც არ ახველებდა. დენდარტყმულივით მოვშორდი ირაკლის და დენის დარტყმის შედეგად არა, მაგრამ ანას მზერის დანახვის შედეგად კი ნამდვილად დამიდგა თმები ყალყზე.

- ორივენი ჩემს კაბინეტში, სასწრაფოდ! - ეს სიტყვები ერთხელ უკვე მოსმენილი მქონდა ირაკლისთან ერთად, მაგრამ ანასგან კი არა, სკოლის დირექტორისგან. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ირაკლისთვის ნასროლი ქოთნით მინა ჩავამტვრიე და მართლა დამნაშავე ვიყავი, მაინც არ შემშინებია ისე, როგორც ახლა. ახლა ვერანაირად გამოვძვრები და ვეღარც ირაკლი დაიბრალებს თავის თავზე ჩადენილ „დანაშაულს". ვაი, საცოდავო გვანცა! გიას კი არა, შეიძლება შენ აგაკრან მოძალადის სტატუსი და ჩემოდნებზე დამჯდარი გაგაბუნძულონ ბანაკიდან. აი, უკვე ბოდვაც დაიწყე! გადასარევია პირდაპირ, ასეთი მაგარი დღე ჯერ არ გქონია და ჯერ არავის უკოცნია ასე გასაგიჟებლად. და ეს საერთოდ რა შუაში იყო ახლა? ირაკლიმ ისეთი სახით გადმომხედა, აშკარა იყო, სიცილს ძლივს იკავებდა. მე კი ტუჩების კვნეტით მივყვებოდი ანას კაბინეტისკენ. საშინელი გრძნობაა, როდესაც იცი, რომ დამნაშავე ხარ, თავის დასაძვრენ გზას კი ვერაფრით ვერ იფიქრებ.
- რა ხდება თქვენ ორს შორის? - დაიგრგვინა ანამ მაშინვე, როგორც კი მის კაბინეტში შევედით და კარი საიმედოდ დახურა.

- ყველაფერს აგიხსნით! - საოცრად მშვიდი ხმა ჰქონდა ირაკლის. სიანტერესოა, რა უნდა აუხსნას, ან როგორ უნდა აუხსნას?
- მეც მაგის იმედი მაქვს! - თვალებიდან ნაპერწკლები გაყარა ჩვენმა უფროსმა, მაგრამ ბოლოს მაინც მოერია თავს და გვანიშნა, რომ დავმსხდარიყავით. გული გამალებით მიცემდა და მუცელში ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს წიხლი ჩამაზილესო, რეალურად კი, იმ მომენტში მხოლოდ ერთადერთი რამ მიტრიალებდა გონებაში: როგორ გადავრჩენილიყავი ისე, ბანაკი სამარცხვინოდ რომ არ დამეტოვებინა...

გაგრძელება იქნება
ნათია ჯაგოდნიშვილი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93