ადგილზე მოუსვენრად ვიჯექი და ტუჩებს ვიკვნეტდი, ირაკლი კი საოცარი სიმშვიდით გამოირჩეოდა. თამამად დაიწყო საუბარი, როდესაც ანამ ანიშნა.
- ჩვენს შორის, რა თქმა უნდა, არაფერი არ ხდება! - ჭკვიანი ბიჭია. - და არც ვაპირებ სამსახურის არევას პირად ურთიერთობებში. - როდის მერე ლაპარაკობს ასე მაღალფარდოვნად? - მე უბრალოდ შევამოწმე… - თქვა და ისე გაიკრიჭა, რომ ოცდათორმეტივე კბილი გამოაჩინა. რა შეამოწმა?
- რა შეამოწმე? - ანას ნამდვილად არ შეეძლო ფიქრების კითხვა, მაგრამ ახლა რატომღაც ზუსტად იგივე კითხვა დასვა, რაც მე მაინტერესებდა.
- შევამოწმე რამდენად მზად იყო გვანცა დავალებისთვის. ანუ, უფრო გასაგებად რომ ავხსნა, მაინტერესებდა რამდენად შეძლებდა წინააღმდეგობის გაწევას, თუ მისი სურვილის საწინააღმდეგოდ აკოცებდნენ. - ეს რა, დაბოლილია? როგორ მოიფიქრა ასე სწრაფად ასეთი მაგარი ტყუილი? მაგრამ... იქნებ სულაც არ არის ტყუილი?
- რა? - ჩაეცინა ანას და თვალები გაუფართოვდა. ჰმმ, საინტერესოა, დღეს რატომღაც ჩემსავით იქცევა. - გვანცა, მართალს მეუბნება?
- რა თქმა უნდა! - „შევიცხადე, ეს როგორ მაკადრეთ - თქო". ოხ, რა მსახიობი დაკარგა საქართველომ ჩემი სახით!
- და თუ შენ გიასთანაც ასე აპირებ მოქცევას, ნამდვილად არ გველის კარგი დღე...
- როგორ თუ ასე? - ახლა მართლა შევიცხადე. ვერ მივხვდი რას გულისხმობდა.
- როგორ და როცა ირაკლის კოცნიდი, სულაც არ გეტყობოდა, რომ ეს შენი ნების საწინააღმდეგოდ ხდებოდა. - ოჰ, პომიდვრად გადაქეცავ გისწავლია, ძვირფასო გვანცა. და ამ ნაძირალას, გვერდს რომ მიმშვენებს, რა აცინებს?
- ანა, დამიჯერე, ჩემთვის წინააღმდეგობის გაწევა რთულია! - ისეთი თვითკმაყოფილი სახე და ხმა ჰქონდა, მინდოდა ადგილზევე მომეკლა. - და ძალიან გთხოვ, გიას არც კი შემადარო!
- თქვენ მე ჭკუიდან გადამიყვანთ! ლიდერები კი არა, ბავშვებზე უარესები ხართ! - თავის ქნევით, ვითომ გამკიცხველი ტონით გვითხრა ანამ. ჰმ, წეღან სულაც არ გამოიყურებოდა ასე კეთილი ფერიასავით. ნეტავ, პიროვნების გაორება ხომ არ სჭირს?
- შეიძლება წავიდეთ? - აქ უკვე ვეღარ ვძლებდი, თითქოს ჰაერიც კი დამძიმდა.
- კი, თავისუფლები ხართ. მაგრამ, ძალიან გთხოვთ, თუ კიდევ გადაწყვეტთ რაიმეში წავარჯიშებას, ამას მაინცდამაინც ბავშვების თვალწინ ნუ გააკეთებთ! - ანამ თვალი ჩაგვიკრა და გვანიშნა, რომ შეგვეძლო ოთახი დაგვეტოვებინა. რას ნიშნავს ეს ყველაფერი, ირაკლის ტყუილი არ დაიჯერა?
- იდიოტი ხარ! - მაშინვე ჩემს გადამრჩენელს ვეცი, როგორც კი კოტეჯიდან გავედით.
- რა? - პირი დააღო. აშკარად არ ელოდა ასეთ რეაქციას. არაუშავს, არც მე ველოდი მის კოცნას!
- რაც გაიგე! მეტი უარესი ვერაფერი მოიფიქრე? სულაც არ დაიჯერა ანამ შენი სისულელე.
- და რატომ სისულელე? - ისეთი გულწრფელი ხმით მკითხა, კინაღამ თვალები ბუდიდან ამომივარდა. ეს რა, დამცინის?
- მოიცა, შენ... - ენა ამება და წინადადებას დამთავრება ვეღარ შევძელი. რა იდიოტი ხარ, გვანცა!
- არა!!! - ბოლო ხმაზე გადაიხარხარა. - შენ რა, გეგონა რომ მართლა გაკოცე? - უკვე მუცელზე ხელს იჭერდა და ისე იცინოდა. - კაი რა, გვანცი, მართლა მასე იფიქრე? - ოღონდ ახლა არ იტირო, ოღონდ ახლა არ იტირო!
- ჰაჰაა, რა თქმა უნდა, არა! - აკანკალებული ნიკაპი ძლივს „გავაკავე და ნაძალადევად გავუცინე, შემდეგ კი შევტრიალდი და ის იყო უნდა წავსულიყავი, რომ თავში ჩემმა ჭკვიანმა მეორე მემ გაიღვიძა. - და დიდი მადლობა დახმარებისთვის, პრაქტიკულ სამუშაოს დღეს საღამოსვე აუცილებლად გამოვიყენებ! - ახლა კი ამაყად გავუღიმე, თვალი ჩავუკარი და სანაპიროსკენ გავემართე. შემიძლია დავიფიცო, რომ ირაკლი საკუთარ ყბას გაზონზე ეძებდა!
* * *
მთელი დღე ჩემს გუნდთან და გიოსთან ერთად გავატარე. მომხდარზე არაფერი უთქვამს, როგორც ჩანს გამიგო და არ ჩათვალა საჭიროდ, უკვე განვლილ ამბავზე კამათი. ან უბრალოდ არ სურდა ამ თემაზე ბავშვებთან ერთად საუბარი.
- ჩვენ მექსიკა შეგვხვდა! - გახარებული სახით შემოვიდა ბიჭების სადარბაზოში. ყველანი პირველი სართულის იატაკზე ვისხედით და დღევანდელი საღამოს დაგეგმვას ვცდილობდით.
- ანუ მექსიკურად უნდა გადავაკეთოთ წითელქუდა? - სიცილი აუტყდა ნიკას.
- დიახ! - ეცინებოდა გიოსაც. - მე მაქვს იდეები, მაგრამ სანამ თქვენსას არ მოვისმენ, არ გეტყვით!
- არც გვჭირდება! - ენა გამოუყო ანიმ. - ისედაც ვიცით რომ წითელქუდაზე სერიალი უნდა დავდგათ.
- ჩემი ჭკვიანი გოგო! - გაეცინა სანდროს და მის გვერდით მჯდარ ანის ლოყაზე უჩქმიტა. ამათ როდის მოასწრეს ასე დამეგობრება? ჰმმ, როგორც მახსოვს ურთიერთობა სამკვდრო - სასიცოცხლო ბრძოლით დაიწყეს...
- ხელი ჩემს საცოლეს! - სანდროს ფლომასტერების ყუთი ესროლა და მუცელზე ხელმოკიდებული, გადაბჟირებული ილია ცივ მეტლახზე გაწვა.
- თქვენ ჩემს შვილზე რეებს ამბობთ! - „აღშფოთდა ვაკოც. ღმერთო, ეს რა გადარეულები არიან!"
- ჩვენი შვილი კი არა, ნაშვილებია, რამდენჯერ უნდა გითხრა? - „დაუცაცხანა ანანომ.
- დიახაც, მე გავაშვილე. ანა, სინამდვილეში მე დედაშენი ვარ, შვილო! - „სასოწარკვეთილი ხმით ამოისლუკუნა ტატომ და ეს ბოლო წვეთი იყო, თავი ვეღარ შევიკავე და ყველანი გადავბჟირდით.
- არ ხართ თქვენ კარგად! - სულს ძლივს ვითქვამდი სიცილისგან. - და საერთოდ არ გჭირდებათ დახმარება სერიალის დადგმაში, მგონი უკვე სცენარიც გაქვთ!
- ჰმმ, აბა რა! - წარბები აათამაშა სანდრომ. - მე მგელი ვარ, დაგასწარით! - დაიყვირა, წამოხტა და თეთრ დაფაზე წითელი მარკერით დაიწყო წერა. უფრო სწორად კი_მგლის ხატვა.
- მოკლედ, ანა ყველა ვარიანტში წითელქუდა უნდა იყოს, ყველაზე პატარაა! - დაასკვნა დიტომ. - მე კი მონადირე, ყველაზე დიდი ვარ!
- მე ბებიობა მინდა! - წამოიძახა თვალებგაბრწინებულმა ნათიამ. - ძალიან მაგრად გამომდის მოხუცი ქალის ვარცხნილობის გაკეთება და თმის გათეთრება ცარცით. გვანცი, ცარცს ხომ გვიშოვი?
- აბა რას ვიზამ, თქვენ ოღონდ მაგარი სერიალი მოიფიქრეთ და.
- აუ, ფარული ვნება რომ იყო სერიალი, გახსოვთ? - წარბები აზიდა მართამ. - ხუანი, ნორმა...
- კი! - უპასუხეს ყველამ ერთხმად. ეჰ, რატომ უნდა ახსოვდეთ თექვსმეტი - ჩვიდმეტი წლის ბავშვებს ეს სერიალი?!
- მაგის მუსიკა გამოვიყენოთ ფონად, ძალიან მაგარი იქნება!
- ჰმმ, ჯერ სცენარიც არ გვაქვს! - შეახსენა გიომ და კიბეზე ჩამოჯდა. - აბა, რა ვერსიები გაქვთ?
- დავიწყებ! - იდეების გენერატორი, საბაც ჩაერთო საუბარში. - პირველ რიგში დაგვჭირდება საყვარელი! ვინმესთვის, სულერთია ვისთვის!
- მე ვფიქრობ წითელქუდას დედას უნდა ჰყავდეს საყვარელი! - იდეა აიტაცა მარიამმა.
- და ბებიასაც! - გაიკრიჭა ირაკლი. ნუთუ ყველა ირაკლი ასეთი შებერტყილია?
- ყველაზე მაგარი იქნება, წითელქუდას დედას და ბებიას ერთი და იგივე საყვარელი რომ ჰყავდეთ! - უკიდეგანო იდიოტობა დააბრეხვა სანდრომ, მაგრამ მისი აზრი ყველას ძალიან მოეწონა!
- საყვარელი ვარ, დაგასწარით! - წამოხტა ირაკლი და ახლა სანდროს ნაცვლად თვითონ დაწერა თავისი სახელის გასწვრივ „საყვარელი.
- აი მე ისეთი რაღაც მოვიფიქრე, წარმოდგენაც რომ არ გაქვთ! - გადაბჟირდა ნათია და სული რომ მოითქვა მერეღა გააგრძელა. - წითელქუდას დედა, სინამდვილეში დედამისი არ არის. ნაშვილები ყავს. და აბა თუ გამოიცნობთ ვინ არის სინამდვილეში წითელქუდას დედა? - წარბები აათამაშა და როდესაც პასუხი ვერ მიიღო, კმაყოფილმა გაიცინა და თქვა: - წითელქუდას დედის და ბებიის საყვარელი, სახელიც კი მოვუფიქრე, ოსკარ ამადეო!
- ტვინნაღრძობები ხართ! - თავის ქნევით თქვა გიომ, მაგრამ მათი აზრი მაინც მოიწონა.
- გეხვეწებით მგელი იაღოველი იყოს რა! - თვალების ფახულით გვთხოვა საბამ. ღმერთო ჩემო, ესენი მექსიკურ სერიალს კი არა, მგონი საშინელებათა ჟანრის ფილმს იღებენ.
- იყოს, ძალიან მაგარი იქნება! და ბებიას შეუსწროს საყვარელთან!
- ბებია მოასწრებს საყვარლის კარადაში შეტენვას! - ენა გამოუყო ნათიამ სანდროს.
- სამაგიეროდ მგელი მოატყუებს, ეტყვის იმ ადგილზე უნდა გელაპარაკო, სადაც მგელი და კრავი ერთად ძოვენ ბალახსო და შემდეგ გადასანსლავს.
- სამაგიეროდ მონადირე მგელს გაამათრახებს! - გაიბღინძა დიტო. გეფიცებით, მათთვის კიდევ ცოტა ხანს რომ მესმინა, ფსიქოტროპულ აფთიაქში სტუმრობას ვერ გადავურჩებოდი.
- როგორც ვატყობ ჩვენი დახმარება არაფერში გჭირდებათ, ამიტომ მე და გიო დაგტოვებთ, ერთ საათში დაგხედავთ და თუ სცენარს მზად დაგვახვედრებთ...
- საღამოს ფუნთუშებს პირველებს თქვენ დაგირიგებთ! - შემომეშველა გიოც და სანამ ბავშვები ყყვირილით სადარბაზოს ჩამოანგრევდნენ, სასწრაფოდ გარეთ გამოვცვივდით.
- არანორმალურები არიან! - ვთქვი სიცილით.
- არ შემიძლია შეგეწინააღდეგო. თავიანთ ლიდერებს ჰგვანან! - იცინოდა გიოც. - მაგრამ მათსავით რისკზე არ მიდიან, საბედნიეროდ! - ბოლო ფრაზა კი სერიოზულად თქვა და გადმომხედა.
- არანაირ რისკზე არ მივდივარ, გიო. დამიჯერე, არაფერი მოხდება საშიში და სანერვიულო.
- გვანცი, შენ წინასწარ არაფერი იცი!
- როგორ არ ვიცი, არ ვარ პატარა გოგო თავის დაცვა რომ არ შემეძლოს. საღამოს ივენთის შემდეგ, ბავშვებს დისკოტეკაზე რომ შევუშვებთ დარბაზში, მაშინ შევალ გიასთან რომ ვერაფერი იეჭვოს.
- იქნებ კიდევ ერთხელ დავლაპარაკებოდით ანას? - მკითხა აშკარად შეშფოთებული ხმით და როდესაც უარყოფითი პასუხი უნდა გამეცა, სიტყვა ლიდერთა განგაშის ხმამ გამაწყვეტინა. რაშია საქმე? ერთ დღეში ლიდერთა განგაშის ორჯერ ჩართვა, ჯერ არასდროს მომხდარა. და მითუმეტეს, ახლა კარგად დავინახე გიგას გვერდით მდგარი ანა, რომელმაც ჩაართვევინა ჩვენი განგაში. აშკარად სერიოზული საქმეა და დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ეს საქმე ჩემი და ირაკლის „ვარჯიშს არ ეხება. ნამდვილად არ მინდა აქედან წასვლა, რასაც ვერ გადავურჩები, თუ ანამ ირაკლის ნაბოდვარი არ დაიჯერა.
- წავედით! - მითხრა გიომ და ფიქრებიდან გამომარკვია. მეც მას მივყევი სიმართლის და უფრო მეტად, საკუთარი ბედის გასაგებად...
გაგრძელება იქნება
ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი