ნოველები

სწრაფად, განგაშია! თავი 13. შეყვარებული ვარ, გვანცი!..

სწრაფად, განგაშია! თავი 13. შეყვარებული ვარ, გვანცი!..
ანა წარბის შეუხრელად უყურებდა, როგორი ვქოშინებდით და მუხლებზე ხელებდაყრდნობილნი ვცდილობდით სუნთქვის დარეგულირებას. ხელები მკერდზე გადაეჯვარედინებინა და უემოციო სახით გვიყურებდა. ვერ გაიგებდით, რას გამოხატავდა მისი ასეთი მზერა. ვერც იმას გაიგებდით, ბანაკის დატოვება მომიწევდა თუ არა. როგორ ვერ ვიტან მოლოდინს!

- რით ვერ უნდა შეეჩვიოთ განგაშს? - გაბრაზებული ხმით დაიწყო ბოლოს. ჰმ, საინტერესოა, რატომ აპირებს თათბირის ჩატარებას ბუნგალოში და არა საკონფერენციო დარბაზში? ეტყობა, არც ისეთი მნიშვნელოვანი საქმეა...
- თავს ნუ იმშვიდებ, შეიძლება აქედან ძალიან მალე გაგაბუნძულონ -
ყურში ჩამყვიროდა ჩემი შინაგანი ხმა და ისედაც შეშინებულს მეტი რა მინდოდა?
- რამე მოხდა, ანა? - ვეღარ მოვითმინე და მაშინვე ვიკითხე, როგორც კი სული მოვითქვი.
- კი, მოხდა. - თვალი თვალში გამიყარა, რითაც მაგრძნობინა, რომ ჯობდა, ენა კბილებს შორის მომექცია. - მაგრამ ახლა მომხდარის განსახილველად არ შემიკრებიხართ. - შვებით ამოვისუნთქე. თითქოს გულიდან ტონიანი ტვირთი მომხსნეს. - არ დავიწყებ ბევრ ლაპარაკს და ახსნა-განმარტებებს. ჩვენი დილანდელი შეხვედრა კარგად გათვლილი სპექტაკლი იყო, რომელიც ძალიან, ძალიან ადრე მომზადდა სპეციალურად თქვენთვის. სინამდვილეში არანაირი სექსუალურად მოძალადე ექიმი არ არსებობს. გიასთანაც და ლიკასთანაც წინასწარ ვიყავით შეთანხმებულნი. ეს, შეიძლება ითქვას, კიდევ ერთი გამოცდა იყო თქვენთვის, რომელიც წარმატებით ჩააბარეთ. ამით უბრალოდ თქვენი რეაქცია და ბავშვებისათვის „თავგანწირვა" შევამოწმეთ. იმედია, არ გვიწყენთ ამ მცირედ ტყუილს. გვანცა, შენ კი საღამოსათვის „ვარჯიში" აღარ დაგჭირდება. - ტუჩის კუთხეებში ღიმილი გაეპარა ქალს და ირაკლის უცნაური მზერით გახედა. საბედნიეროდ, ეს არავის შეუმჩნევია, მაგრამ იცოცხლეთ, მე კი შემიფრთხიალდა გული.

რას ნიშნავდა ეს ყველაფერი? როდის მერე ხდება სხვისი გრძნობებით გამოცდის ჩატარება? ჰმ, ლიკაც რა კარგი მატყუარა ყოფილა, როგორ მარტივად გამაცურა. ძალიან, ძალიან გავბრაზდი.
„საღამოსთვის ვარჯიში აღარ დაგჭირდება" - გონებაში მიკაკუნებდა ანას სიტყვები და კიდევ უფრო მეშლებოდა ნერვები ჯერ საკუთარ თავზე და შემდეგ ირაკლიზე. არა, როგორ გაბედა და მაკოცა? და მე როგორ გავბედე და ავყევი? იდიოტი, სულელი გვანცა...
- ახლა კი შეგიძლიათ დაიშალოთ. ხვალ, საუზმის შემდეგ მეთორმეტე და მეოთხე გუნდები წავლენ აკვაპარკში, - ისეთი ტონით დაამთავრა, ვითომც აქ არაფერიაო და პირველმა თვითონ დატოვა ბუნგალო.
ადგილზე მიყინული ვიდექი. შეიძლება ჩემს მდგომარეობას გაწბილებულიც ეწოდოს. რანაირი დღეა დღეს? ჯერ იმ უკანონოდ შემოჭრილი ციყვის კბენა, შემდეგ ექიმთან ვიზიტი, ირაკლის კოცნა, ახლა ეს... არა, ნამდვილად ვერ გადავრჩები. რაშია საქმე?
- რა გჭირს? - შეშფოთებული ხმით მკითხა თათამ. მისმა ხმამ თითქოს ტრანსიდან გამომიყვანაო, თვალები რამდენჯერმე სწრაფად დავახამხამე და თავი გავიქნიე.
- დღეს ირაკლის ვაკოცე... - ვუთხარი, რაც შემეძლო ჩუმად და თან ისე, ნერვიც რომ არ შემტოკებია. ყოჩაღ, გვანცი! უკვე ახალ ეტაპზე გადავედით...
თათას კი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ყბა ჩამოუვარდა. რამდენიმე წამი გაშტერებულმა მიყურა, შემდეგ კი ხელი ჩამავლო და სასწრაფოდ სადარბაზოსკენ წამათრია. ოთახში რომ ამოვყავით თავი, მხოლოდ მაშინ ამოისუნთქა, საწოლზე მოწყვეტით დაეცა და გაოგნებული ხმით მკითხა.
- რა ქენი? როდის? სად? რატომ?

- ჰეი, ამოისუნთქე! - მშვიდად გავუცინე. მაგიჟებს ეს გოგო, ყოველთვის შეუძლია ჩემი ხასიათზე მოყვანა, თუნდაც თავისი მიამიტობით. - ირაკლის ვაკოცე. უფრო სწორად, პირველმა თვითონ მაკოცა. პირველი განგაშის დროს, გიაზე რომ გაგაგებინეთ. გახსოვს, უკანა კარიდან რომ გამიყვანა? შევკამათდით. ამას არ გააკეთებო, შენ ვინ გეკითხება, რა უფლებით-მეთქი და ადგა და მაკოცა. - ისე უემოციოდ ვყვებოდი, თითქოს მერე რა მოხდა, ყოველდღე არ ვკოცნი ირაკლის?! მე თვითონაც მიკვირს, სად გაქრნენ ის ჭიანჭველები, ამ გრძნობის გახსენებისას რომ დამირბოდნენ სხეულში.
- ასეც ვიცოდი, რა! აი, გეფიცები, მეექვსე კლასიდან მოყოლებული ვიცოდი, რომ ირაკლის უყვარდი! - შესძახა თათამ თავისი ახალი აღმოჩენით გამხიარულებულმა, მაგრამ მომიწევდა მისთვის „მდუღარეს" გადასხმა.
- ჯერ ყველაფერი არ მითქვამს... ანამ დაგვინახა.
- რაო? - აქ კი დააჭყიტა თვალები. საინტერესოა, ირაკლის სიტყვებს რომ ვეტყვი, რა რეაქცია ექნება.
- ჰო, რა, დაგვინახა და წაგვიყვანა თავის კაბინეტში. ასე მაშინ არ მინერვიულია, მინის ჩამტვრევის გამო გიგაურთან რომ ამოვყავით თავი.
- გოგო, რაში მაინტერესებს გიგაური და ანა. მოყევი ახლა დროზე, რა მოხდა! - იფეთქა თათამ და სიცილი ამიტყდა. კვდებოდა ინტერესით! - გამაგიჟებ შენ მე, რა გაცინებს? მომიყევი! - თვალები დამიბრიალა და მივხვდი, კიდევ ცოტაც რომ გამეწელა, აუცილებლად ადგილზევე მიმახრჩობდა.
- გვანცი, სად ხარ, ჩემო ანგელოზო? - გაისმა ჩემს რაციაში გიოს ხმა. თითქოს მშველელად მომევლინა და თათას კლანჭებისგან უნდა ვეხსენი, მაგრამ ნურას უკაცრავად!

- შენს ანგელოზს ფრთებს ვაჭრი და დაგიბრუნებ ცოტა ხანში! - ჩასძახა ჩემმა უკიდეგანოდ დაინტრიგებულმა მეგობარმა, ჩემი რაცია გამორთო, თავისიც მიაყოლა ყოველი შემთხვევისთვის, შემდეგ კი საწოლზე თავის გვერდით ჩამომსვა და ისეთი სახით შემომხედა, თითქოს თვითონ ფსიქოლოგი ყოფილიყოს, მე კი მასთან ვიზიტზე მისული კლიენტი (საინტერესოა, კლიენტი ეწოდება ასეთ ადამიანს?).
- კარგი, კარგი, გიყვები! - დანებების ნიშნად ხელები ავწიე და ყველაფერი დეტალურად მოვუყევი. წერტილ-მძიმეც კი არ გამომიტოვებია.
- ეგ ბიჭი მართლა იდიოტია! - აღმოხდა ბოლოს და თავი დანანებით გადააქნია. - არა, აი, რისი ეშინია, ვერ გამიგია.
- ეშინია? - ახლა მე ვჭყიტე თვალები. - რისი უნდა ეშინოდეს თავად ირაკლი ქავთარაძეს? კარგი რა, არ იცნობდე მაინც. გაერთო, თავისი მიიღო, დამცინა და დამტოვა ასე.
- შენც კარგი დებილი ხარ! - ახლა ჩემზე გადმოვიდა იერიშით. რა მინდოდა, რატომ ვერ გავაჩერე ენა?
- მე რაღას მერჩი?
- კარგი რა, გვანცი, ვითომ ვერ ხვდებოდე. გეუბნები, უყვარხარ მაგას კარგა ხანია და ვერ გეუბნება. შენ ვერ ამჩნევ, როგორ გიყურებს ხოლმე.
- კი, როგორ ვერ ვამჩნევ. როგორც მორიგ საწოლში შესათრევ გოგოს.
- მე მოვკვდე, არ ხართ თქვენ დალაგებულები! - წამოხტა თათა და ოთახში წინ და უკან სიარულს მოჰყვა. ამას კოცნაზე რომ ასეთი რეაქცია აქვს, საინტერესოა... გვანცა! ახლავე გეყოს, რაზე ფიქრობ?!
- გვეყოს ამაზე, თათ. უბრალოდ, მეც არ ვიცი, რატომ მივანიჭე ამას ამხელა მნიშვნელობა. ეს არც პირველი კოცნა ყოფილა და მით უმეტეს, არც უკანასკნელი, ნუ, რა თქმა უნდა, ირაკლის თუ არ ჩავთვლით.

- აი, ვნახავ, ცოტა ხანში როგორ აჭიკჭიკდები! მერე მე არ მომადგე იცოდე საწუწუნოდ. შენს თავს მაინც რატომ არ უტყდები?
- თათა, გეყოფა-მეთქი! არც ირაკლი კვდება ჩემი სიყვარულით და მით უმეტეს, არც მე მომწონს. მორჩა ეს ამბავი. აგერ, ნახავ, როგორ დაიწყებს ცოტა ხანში სხვებზე ნადირობას, - ბოლო წინადადება რატომღაც ისეთი ხმით ვთქვი, რომელიც სულაც არ გამოხატავდა „სულერთიას". არადა, მართლა სულერთი იყო, რას იზამდა ირაკლი და ვის შეითრევდა ბანაკის ხმელ, რკინის საწოლში. საერთოდაც, რატომ ვფიქრობ ამ ადამიანზე ასე განუწყვეტლივ? დიდი ამბავი, მაკოცა და მორჩა!
თათას ხმა აღარ გაუცია, ისე გავიდა ოთახიდან. ისე გაბრაზდა, თითქოს გამოვუცხადე, ხვალვე ვთხოვდები და შენ არ მიმყავხარ მეჯვარედ-მეთქი. ჰმ, ეს რა კარგი შედარება მოვიფიქრე! გენიოსი ხარ, გვანცი! შენ არ იცი, როგორ მიყვარხარ!
- გვანცი, გეხვეწები, მითხარი, რომ შენ და ირაკლის მართლა არ გიყვართ ერთმანეთი! - ოთახში ქარიშხალივით შემოიჭრა ნუცა და მავედრებელი თვალებით წინ ამესვეტა.
- მე და ირაკლის არ გვიყვარს ერთმანეთი. მაგრამ რატომ მკითხე? - სერიოზულად დავიბენი. ვეღარ გავიგე, რა ხდება, ნუთუ „ნადირობის სეზონი" გაიხსნა?
- არ ვიცი! დღეს მთელი დღეა, ხან რას მეკითხება, ხან რას. რა საჭმელი გიყვარსო, რომელი სუნამო მოგწონსო, დასასვენებლად რომელ ადგილს ანიჭებ უპირატესობასო, შენი საყვარელი ფერიო, ისაო, ესაო. დავიღალე, ვეღარ გავიგე, რა უნდა. მერე უცებ გაჩერდება და გვანცის ხომ არაფერი უთქვამს ჩემზეო.
- რაო? გადაეცი მაგას, რომ ჭორიკნები თავისკენ მოიკითხოს, თავხედი! - ისე გავბრაზდი, ალბათ, სახეზეც ერთიანად ავწითლდი. „ჰმ, გაბრაზდი კი, როგორ არა. ისე გესიამოვნა ეს სიტყვები, როგორც პურზე გადასმული „ნუტელას" გასინჯვა გაგახარებდა ახლა - წაუგენიოსა ჩემმა შინაგანმა გვანციმ. ნუთუ მართალს მეუბნება?
- არა, არა, ცუდად არაფერი უგულისხმია. მაგრამ მე მართლა ვერ ვხვდები, რა ხდება. თუ შენ უყვარხარ, ნუ მოსწონხარ მაინც, მე რაღატომ შემჭამა შეკითხვებით?
- ნუცი, ირაკლის მე არც ვუყვარვარ და არც არასდროს შევუყვარდები. მართლა არ ვიცი, რა უნდა. ეგ ისეთი მექალთანეა, გამორიცხული არ არის, თავისი კოლექციის გამდიდრება ჰქონდეს დასახული მიზნად. შეიძლება მართლა დაინტერესებულია შენით, არ ვიცი.
- და შენ რას გრძნობ მის მიმართ? - მკითხა სრულიად მოულოდნელად და პირი დამაღებინა. მართლაცდა, მე რას ვგრძნობ მის მიმართ? აშკარაა, რომ მისი დანახვა და მით უმეტეს, შეხება ისე აღარ მაღიზიანებს, როგორც ადრე. პირიქით, თითქოს უხილავი წყურვილიც კი მაქვს მისი ნახვის. ჰმ, თან წეღან როგორ ვაკოცე? ცუღლუტი გვანცი!
- არაფერს! საერთოდ...
- აბა, რატომ მომატყუე, გეიაო? - წარბები აათამაშა გოგონამ. დღეს დაკითხვის დღე მაქვს?
- კარგი ახლა, მეც სახელმწიფო საიდუმლოება ხომ არ დაგიმალე. ვიხუმრე უბრალოდ, ირაკლიზე შური ვიძიე ძველი წყენის გამო.
- ანუ? - ეს გოგო მეხუმრება თუ მართლა ვერ ხვდება? რაღა ანუ?
- ანუ შეგიძლია დატკბე მისი ყურადღებით და შენც ისე მოიქცე, როგორც გაგიხარდება, ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე. მე გავდივარ თამაშიდან, აქ სასიყვარულო ურთიერთობების საძიებლად არ ჩამოვსულვარ! - ბოლოს ცოტა უხეშად კი გამომივიდა, მაგრამ თავი ვეღარ შევიკავე. მეტი უკვე აღარ შემეძლო. რით ვერ გაიგო ამ გოგომ, რომ არანაირი გრძნობა არ არსებობს? შეიძლება სულ ერთი და იგივე მკითხოს? და - ვი - ღა - ლე!
კიბეები ისე სწრაფად ჩავირბინე, ბეწვზე გადავრჩი, ფეხები რომ არ ამებლანდა და არ გავიშხლართე. სამაგიეროდ, ჩვენს სადარბაზოში შემომავალ გიოს შევასკდი და ლამის ისიც ავაყირავე.
- სად მიფრინავ, გოგონი? - მკითხა სიცილით, როდესაც „საშიშროებამ" ჩაიარა და შედარებით მშვიდად გავედით ორივენი გარეთ.
- შენკენ მოვიჩქაროდი! - ვუპასუხე სიცილით და ისე ურცხვად მოვატყუე, წარბიც არ შემიხრია.
- რა ქნა თათამ, შეგაჭრა ფრთები?
- ჰმ, მასე მიცნობ? - ამაყი სახით გავხედე, მაგრამ მისგან სიცილი ვერ მივიღე. საინტერესოა, რა ხდება? რაღაც დაძაბული მეჩვენება.
- გვანცი... - დაიწყო ისეთი ხმით, თითქოს ჯერ კიდევ არ ჰქონდა გადაწყვეტილი, ღირდა თუ არა ამის თქმა.
- გისმენ, გიო... - გავამხნევე მეწყვილე და მოზრდილი ნერწყვი გაჭირვებით გადავაგორე. რა უნდა მითხრას ასეთი? ღმერთო, შენ მიშველე...
- რაღაც მინდა გითხრა, - ამოსუნთქვას ამოაყოლა. თვალს არ მაშორებდა, ჩემს რეაქციას აკვირდებოდა. აი, მე კი უკვე სერიოზულად შემეშინდა. მგონი, მუხლებიც კი ამიკანკალდა...

- გიო, უკვე მაშინებ. რამე ხდება? - უსიტყვოდ დამიქნია თავი. გარეთ გაგდებული ლეკვის თვალებით მიყურებდა და დახმარებას მთხოვდა. არა რა, დღეს აშკარად მაგნიტური დღეა. რა სჭირს ამ ხალხს? ან იქნებ მე დავემსგავსე დედა ტერეზას?
- არ ვიცი, ამ ამბავს როგორ მიიღებ... - უკვე ნერვები მეშლებოდა. რატომ უყვარს ამ ხალხს ყველაფრის გაწელვა? თქვი რა, თუ სათქმელია!
- მითხარი და ვნახოთ, როგორ მივიღებ, - გავუღიმე მობეზრებული სახით და იქვე, ეზოში დადგმულ სკვერის სკამზე ჩამოვსვი. ბიჭმა ერთი ღრმად ამოიოხრა, შემდეგ იდაყვებით მუხლებს დაეყრდო და თავი ხელებში ჩარგო. რამდენიმე წამი ასე იჯდა, ბოლოს კი, როცა უკვე მოთმინება დამეკარგა და კინაღამ ვკითხე, ხომ არ ჩეგეძინა-მეთქი, როგორც იქნა, გამომხედა. და მისმა მზერამ გამანადგურა... თვალები აწყლიანებოდა და ისე მიყურებდა, აშკარად მეუბნებოდა, ჩემი ერთადერთი გადამრჩენელი ხარო.
- შეყვარებული ვარ, გვანცი! - ამოთქვა ბოლოს და კიდევ ერთხელ გამაქვავა. ღმერთო, ოღონდ ის არ იყოს, რასაც ახლა ვფიქრობ და თანახმა ვარ, ირაკლის ცოლადაც კი გავყვე. და ჯანდაბა, საიდან მოვიტანე ახლა მაინც ირაკლი?! შენი საქმე ცუდადაა, ჩემო ძვირფასო თავო. და მგონი, გიორგი სულაც არ არის აქ ერთადერთი შეყვარებული ადამიანი...

გაგრძელება იქნება

ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93