ნერწყვი გაჭირვებით გადავყლაპე და ვეცადე, როგორმე ხმა დამებრუნებინა, რათა გიოსთვის სიტუაციაში გარკვევა მეთხოვა. როგორც იქნა, მობილიზება მოვახდინე და სამამდე დათვლის შემდეგ,ხმაც ამოვიღე.
- და ვინ არის ის ბედნიერი? - ხელოვნურად აღტაცებული ხმით წამოვიძახე და ლამის ტაშიც შემოვკარი, მაგრამ ზედმეტად თეატრალურად რომ არ გამომსვლოდა, მაინც თავის შეკავება ვამჯობინე.
- რომ გითხრა, არ დამიჯერებ… - ისევ ლეკვის თვალები. უკვე მაბრაზებდა მისი ასეთი მდგომარეობა.
- გიორგი! ჩვენ ხომ მეგობრები ვართ, არა? - განზრახ დავუსვი ასეთი კითხვა და რეაქციას დავაკვირდი, მან კი უბრალოდ თავი დამიქნია. ამ უმნიშვნელო ჟესტმაც კი ისე გამაბედნიერა, მზად ვიყავი, სიხარულისგან ბავშვივით მეხტუნა. ანუ გადავრჩი? ხომ ასეა?!
- გვანცა, ნუცი მიყვარს! - ამოთქვა ბოლოს და მეც მაქსიმალურად ვეცადე, რომ საკუთარი ყბის ძებნა სკამის ქვეშ არ დამეწყო. ნუცი?! გიორგის შეუყვარდა გოგო, რომელსაც მისი ძმაკაცი მოსწონს? გამარჯობა, გვანცა, შენ მოხვდი მექსიკურ ტელენოველაში სიყვარული ანაკლიის სანაპიროზე!
- დარწმუნებული ხარ? - დავსვი ყველაზე სულელური კითხვა და შესაბამისი მზერაც დავიმსახურე. გიომ ჯერ წარბები აზიდა და საეჭვოდ გამომხედა, შემდეგ კი ღრმად ამოიოხრა, ფეხზე წამოდგა და წინ და უკან დაიწყო სიარული.
- გვანცი, მართლა მიყვარს! აღარ შემიძლია უკვე. შენ არ იცი, რამდენი ხანია ასე ვარ…
- ჩვენ ხომ სულ რამდენიმე დღეა აქ ვართ?
- მანამდეც ვიცნობდით ერთმანეთს. უფრო სწორად, მე ვიცნობდი… - დაამატა დარცხვენილმა. - ჩვენ… კხმ, კხმ, უფრო სწორად, მე, მოვდიოდი ხოლმე თქვენს საწვრთნელ ბაზაში და გაკვირდებოდით.
- რა? - თვალები ვჭყიტე. მეჩვენება, თუ უნდა ეთქვა, მე და ირაკლი მოვდიოდითო? ირაკლი მითვალთვალებდა? არ არსებობს! დამშვიდდი გვანცა და იმედი იქონიე, რომ ეს მხოლოდ შენი ავადმყოფური ფანტაზიის ნაყოფია.
- რა მნიშვნელობა აქვს?! მთავარია, რომ მიყვარს და უკვე აღარ ვიცი, თავს რა მოვუხერხო. ის კი, მგონი, საერთოდ ვერ მამჩნევს… - ჰო, რა თქმა უნდა, ის ხომ შენი უსიმპათიურესი ძმაკაცითაა გატაცებული, რომელიც ასევე ურცხვად აბამს.
- იცი, მგონი, ირაკლი… - დავაპირე შური მეძია, მაგრამ ვინ მაცადა?!
- ვიცი, ირაკლი დღეს მთელი დღეა მისი დაკითხვითაა დაკავებული. მე ვთხოვე… - ჰმ, ესეც ასე!!! ანუ რა გამოდის, ტყუილად ვიეჭვიანე? რა ვთქვი? ვიეჭვიანე? გვანცა დანელიამ ვიღაც ირაკლიზე იეჭვიანა? რა სისულელეა!
- და ჩემგან რა სახის დახმარებას ელი, გიო? მე თუ რამე შემეძლება, შენ გვერდით მიგულე!
- შეგიძლია, კი, თან ძალიან მარტივად! მაგრამ არ ვიცი, დამთანხმდები თუ არა.
- რა არის ამისთანა? - ეს ბიჭი ან მეხუმრება, ან შეყვარებული როცაა, ყოველთვის ასე იდიოტივით გამოიყურება. რა სჭირს?
- მოკლედ, ხომ იცი, რომ ბავშვები აკვაპარკში მიგვყავს?
- გიო, ძალიან გთხოვ, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, პირდაპირ მითხარი, რა უნდა გავაკეთო!
- უფლება მომეცი, რომ ჩვენ და ნუცას გუნდი ერთად წავიდეთ აკვაპარკში! - ერთი სიტყვასავით მიაყარა და პასუხის მოლოდინში გაიტრუნა. სიმართლე რომ ითქვას, თავიდან საერთოდ ვერ მივხვდი მის ასეთ შიშს, მაგრამ როდესაც გავიაზრე, რომ მეცხრე გუნდის ორი ლიდერიდან ერთი ჩემი მოსისხლე მტერი იყო (რომელსაც ცოტა ხნის წინ თავდავიწყებით ვკოცნიდი), თავი ძლივს შევიკავე აფეთქებისგან.
- არ არსებობს! შანსი არაა! რა უნდა მოხდეს, რომ მე ირაკლისთან ერთად აკვაპარკში წამოსვლაზე დავთანხმდე? არა, ტყუილად არც კი მთხოვო! - სასწრაფოდ ავქოთქოთდი და ხელებიც გავასავსავე მეტი დამაჯერებლობისთვის, მაგრამ როდესაც გიოს სასოწარკვეთილი მზერა დავინახე, ენა თითქოს მუცელში ჩამივარდა.
- კარგი… - ამოიბურტყუნა და იმედგაცრუებული გამეცალა სწრაფი ნაბიჯებით. ღმერთო, რა დავაშავე? რატომ ვარ ასეთი კეთილი?
- გიო! - დავუძახე და უკან გავყევი, მაგრამ უბრალოდ ხელით მანიშნა, რომ ცოტა ხანს თავი დამენებებინა და სადარბაზოში შევიდა. ჰმ, მშვენიერია!
რა უნდა ვქნა ახლა? გიო ჩემი მეგობარია. მართალია, არც ისეთი ახლო, მაგრამ მაინც მეგობრად ვთვლი. სხვა თუ არაფერი, ჩვენ ერთი გუნდის ლიდერები ვართ. ამასთანავე, ნუციც ჩემი მეგობარია, ნუ მეგობარივითაა. მით უმეტეს, რომ ერთ ოთახში ვცხოვრობთ და ნამდვილად არ მაწყობს მისი განაწყენება, თუ არ მინდა, რომ ერთ დღესაც თმაშეჭრილმა ან სახეზე საღებავწასმულმა გავიღვიძო. მართალია, ეს ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელია, მაგრამ მაინც საჭიროა სავარაუდო შედეგებზე ფიქრი. ერთი მხრივ, გამიხარდა კიდეც, რომ გიორგის ნუცა შეუყვარდა, რადგან ჩემი ეჭვები არ გამართლდა, მაგრამ მეორე მხრივ, საშინლად რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდი. რა უნდა მექნა? მეთქვა საკუთარ პრინციპებზე უარი და დავთანხმებოდი აკვაპარკში ირაკლისთან ერთად წასვლას? თუ ფეხებზე დამეკიდებინა ყველაფერი და კენჭისყრის შედეგებს დავლოდებოდი? მაგრამ იქნებ მაინც მეცხრე გუნდი მოხვდეს ჩვენთან ერთად? არაფერია გამორიცხული. თუმცა, ასეც რომ მოხდეს, მერე რა? ყოველდღე ისედაც მხედავს ვაჟბატონი ზღვაზე, საკმაოდ მიმზიდველ საცურაო კოსტიუმში გამოწყობილს. ჰოდა, არაფერი დაშავდება, თუ აკვაპარკშიც დატკბება ჩემი ცქერით. მორჩა, გადაწყვეტილება მიღებულია! მაგრამ ჯერ მეორე მხარის აზრიც უნდა გავიგო…
- ქავთარაძე, სააქტო დარბაზის უკანა კართან გელოდები, მნიშვნელოვანი საქმე მაქვს! - ჩავძახე რაციაში და დანიშნულების ადგილისაკენ გავემართე. თვითონაც არ ვიცოდი, ეს ადგილი შემთხვევით შევარჩიე თუ მომხდარის გამეორების იმედი მქონდა (რა სისულელეა!), მაგრამ ფაქტია, რომ ახლა იმ ადამიანის შესახვედრად, რომელსაც მეგონა, რომ ვერ ვიტანდი, სიხარულით მივემართებოდი, რაც ძალიან, ძალიან არ მომწონდა!
როცა რამდენიმე წუთი იდიოტივით ვიდექი და ველოდი, როდის ინებებდა ვაჟბატონი მობრძანებას, რამდენჯერმე გიოსაც მოვკარი თვალი, რომელიც აშკარად თავს მარიდებდა. მისი სევდიანი თვალების შემხედვარე, უფრო ვრწმუნდებოდი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. თუ დედა ტერეზას როლი მერგო, ბოლომდე უნდა შევასრულო, მით უმეტეს, რომ გულის სიღრმეში ამის წინააღმდეგი სულაც არ ვარ!
- მოგესალმებით, თქვენო აღმატებულებავ! - მომესმა ზურგსუკან ხმა და სანამ შებრუნებას მოვასწრებდი, ამ იდიოტმა წელზე ისე შემიღიტინა, კინაღამ ცუდად გავხდი. ღმერთმა უწყის, რის ფასად დამიჯდა სიცილის შეკავება და მისკენ სერიოზული სახით შეტრიალება, მაგრამ მთავარია, რომ ეს მოვახერხე. ყოჩაღ, გვანცი, ვამაყობ შენით!
- შენ ტვინი არ მოგემატა, არა? - რაც შემეძლო ირონიული ღიმილი ავიკარი და თვალი თვალში გავუყარე, მაგრამ თვითონ ისე იკრიჭებოდა, მგონი, მართლა ვერ იყო საღ ჭკუაზე.
- აქ ჩემი ტვინის ნაოჭებზე სასაუბროდ თუ მომიყვანე, მოდი, დროს ნუ დავხარჯავთ, კარგი? მაგრამ თუ ისევ ჩემი კოცნა გაქვს გადაწყვეტილი, წინააღმდეგობას არ გაგიწევ! - მისმა ნათქვამმა მაიძულა, თვალები დამეჭყიტა და რამდენჯერმე სწრაფად დამეხამხამებინა, რასაც ჩაბჟირებამდე მისული სიცილი მოჰყვა. ღმერთო, შენ მიშველე!
- ჯობია შენი იდიოტიზმი უპასუხოდ დავტოვო. პირდაპირ გეტყვი, რომ მეც საქმეში ვარ!
- რა საქმეში? - ალილუია, როგორც იქნა, დასერიოზულდა!
- ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანის! რა საქმეში უნდა ვიყო? გიომ ყველაფერი მომიყვა.
- რაო? რა მოგიყვა? - ამ დროის განმავლობაში პირველად დავინახე მის თვალებში გაელვებული შიშის ნაპერწკალი, რომელიც წამშივე დამალა და ცნობისმოყვარეობით ჩაანაცვლა, მე კი მის მიუხვედრელობაზე ისე შემოვირტყი შუბლზე ხელი, ცოტა არ იყოს, მეტკინა კიდეც.
- შენ დებილი ხარ თუ თავს იდებილებ? მითხრა, რომ ნუცი უყვარს და დახმარება მთხოვა. ახლა გასაგებია? თუ ისიც გაგახსენო, ნუცი ვინაა და საერთოდ აქ რას ვაკეთებთ?
- რატომ მოგიყვა?
- ირაკლი! - ამოვიგმინე საბოლოოდ და მანაც დანებების ნიშნად ხელები მაღლა ასწია. მოიცა, აქამდეც ყველაფერს მიხვდა და უბრალოდ დამცინოდა?
- კარგი, გვეყოს. აბა, რა გადაწყვიტე? დაეხმარები გიოს თუ ისევ მე მომიწევს ცრემლმდინარე ტარიელისთვის მხრის შეშვერა, რათა თავი დამადოს და ქვითინით გული მოიოხოს?
- რა საზიზღარი და ბოროტი ხარ! რა თქმა უნდა, დავეხმარები!
- ვა, შენ რა კეთილი ყოფილხარ და არ ვიცოდი! მეც ხომ არ დამეხმარებოდი ერთი თავნება და მეტიჩარა გოგოს მორჯულებაში?
- გთხოვ, ნუ მაიძულებ, შენ გამო უარი ვთქვა ჩემს გადაწყვეტილებაზე!
- კარგი, კარგი! - ისევ საყვარლად გაეცინა და თვალი ჩამიკრა. ჯანდაბა, რა სექსუალურია! გვანცა, მოკეტე! ახლავე!
- მოკლედ, გიომ მთხოვა, რომ თქვენს გუნდთან ერთად წამოვსულიყავით აკვაპარკში…
- ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი ძმაკაცის ტვინი გადასარევად მუშაობდა!
- დამაცადე! მე თავიდან უარი ვუთხარი გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ შემდეგ დავფიქრდი და…
- და მიხვდი, რომ მისი დახმარების სურვილი ჩემს სიძულვილზე მეტია? - ყალბი, თითქოს ტკივილნარევი ღიმილითაც კი მკითხა. ცხოვრებაში ჯერ არასდროს მინახავს ადამიანი, რომელსაც ასე სწრაფად ეცვლება ხასიათი.
- მე შენ არ მძულხარ… - გააზრებაც ვერ მოვასწარი, ისე სწრაფად წამოვაყრანტალე. ჩემმა ნათქვამმა მე თვითონვე ამიწვა ყურები.
- მაგრამ არც გიყვარვარ… - ისევ ის ღიმილი… ჯანდაბა, სურვილი მიჩნდება, ძლიერად ჩავეხუტო და ყველაფერი ვუთხრა. მოიცა, რა ყველაფერი? ის მართლია, მე საერთოდ არ მიყვარს ირაკლი! არა, არ მიყვარს! არ მიყვარს, არ მიყვარს! არც კი მომწონს!
- შენ წინააღმდეგი ხომ არ იქნები, მე რომ თქვენთან ერთად წამოვიდე აკვაპარკში?
- მე რატომ უნდა ვიყო წინააღმდეგი?
- რა ვიცი, იქნებ სხვა ლიდერის თანდასწრებით მაინც მოგერიდოს გრძელფეხება გოგონების დევნა…
- უჰ, შენ მაგაზე არ იდარდო! ხომ იცი, ირაკლი ქავთარაძეს ვერაფერი შეაჩერებს!
- და შტურმით აიღებს ყველას, ხომ? - რატომ ვიგრძენი ამ სიტყვების წარმოთქმისას გულის არეში, ძალიან, ძალიან ღრმად, ტკივილისმაგვარი რაღაც?
- ეგ უკვე ჩვენს საქმეს აღარ ეხება! - ლოყაზე მიჩქმიტა და გაბრუნება დააპირა, მაგრამ უცბად შემოტრიალდა და სწორედ მაშინ, როცა მეგონა, რომ ის იყო, უნდა ეკოცნა, ზღვის სიღრმიდან წამოსული შეშინებული კივილი გავიგონეთ, რამაც თავდაპირველად ორივე ადგილზე გაგვყინა, შემდეგ კი კატასტროფული სიჩქარით აგვიმუშავა გონება. ერთადერთი, რაზეც ვფიქრობდი, როცა კივილის ობიექტს შევხედე, იყო ის, რომ სწორედ ახლა დადგა დრო, როდესაც ნამდვილი ლიდერივით უნდა მოვქცეულიყავი და ზღვის ტალღებისგან მეხსნა გოგონა, რომელიც ღმერთმა უწყოდა, საიდან გაჩნდა წყალში ჩვენ შეუმჩნევლად.
დიდხანს აღარ მიფიქრია, სირბილით გავიქეცი სანაპიროსკენ და რამდენიმე წამში ვიგრძენი, როგორ მეხეთქებოდა ტალღები ფეხებზე. მიუხედავად ყველაფრისა, ახლა მთავარი ბავშვის წყლიდან გამოყვანა იყო…
ნათია ჯაგოდნიშვილი
გაგრძელება იქნება