ნოველები

სწრაფად, განგაშია! თავი 15/16. აღიარება

სწრაფად, განგაშია! თავი 15/16. აღიარება

მალევე მივაღწიე გადასარჩენ ობიექტამდე, მაგრამ ზღვა ისე ღელავდა, ყოველ გადადგმულ ნაბიჯზე ორმაგად მხევდა უკან. წყალიც კარგა ბლომად ვყლაპე, გოგონას კი ვერაფრის დიდებით ვერ ჩავჭიდე ხელი.
- გადი ნაპირზე, მე გამოვიყვან! - მომესმა ირაკლის ღრიალი, რომელმაც უკან მიბიძგა და თვითონ ბავშვს მკლავში სწვდა.
- მარტო ვერ გამოიყვან! - არ ვნებდებოდი არც მე, მიუხედავად იმისა, რომ მუხლებიც მიკანკალებდა და ხელებიც დამეღალა ასეთი წინააღმდეგობისგან.
ისეთი თვალებით შემომხედა, სერიოზულად შემეშინდა, რომ აქვე ჩამახრჩობდა, მაგრამ სიჯიუტეს მაინც ვერაფერი მოვუხერხე და
ვეცადე, დავხმარებოდი. რამდენიმე წამში მაშველებიც ჩვენთან გაჩნდნენ. ერთ-ერთმა ბავშვი ხელში აიტაცა და სწრაფად გავიდა ნაპირზე, მეორე კი ჩემკენ გამოიწია, მაგრამ ირაკლიმ შეუღრინა, მე თვითონ გამოვიყვანო და ისე ძლიერად ჩამეჭიდა, უფრო ზუსტი იქნება, თუ ვიტყვი, რომ სანაპიროზე გამათრია. ყველანი იქ შეკრებილიყვნენ. გიგას ლიდერთა განგაში ჩაერთო, ბავშვები კი სადარბაზოებში შეეკეტათ. უდროო დროს წყალში აღმოჩენილი დაზარალებულისთვის პლედი შემოეხვიათ და თავზე დასტრიალებდნენ, გია კი ჩაის უმზადებდა.
- მეტკინა... - ამოვიკნავლე, როდესაც ფეხქვეშ წყლის ნაცვლად ქვიშა ვიგრძენი და ირაკლის ხელზე ვანიშნე, რომელიც ჩემს მკლავზე ისე ჩაებღუჯა, თითქოს სადმე გაქცევას ვაპირებდი. სწრაფადვე შეამსუბუქა თავისი თითებით გაკეთებული მარწუხი, მაგრამ ბოლომდე მაინც არ გამიშვა.
- გვანცა, როგორ ხარ? რამე გჭირს? როგორ შემაშინე, შენ ნორმალური ხარ? - მომვარდა ისტერიკის პირას მყოფი თათა და ისე შემანჯღრია, გულწრფელად გამიხარდა, რომ ირაკლის მაგრად ვეჭირე.
- კარგად ვარ, დამშვიდდი, არაფერი მომსვლია. წყალი ჩამეყლაპა ცოტა, მაგრამ არა უშავს, მწყუროდა ისედაც!
- თათა, მაპატიე, მაგრამ შენი მეგობარი ჭკუაზე უნდა მოვიყვანო და მერე დაგიბრუნებ! - უემოციოდ უთხრა ირაკლიმ და ისევ განაგრძო ჩემი ფინია ძაღლივით წათრევა.
- ირაკლი, სად მივდივართ? ასე მგონია, პატარა ბავშვი ვარ!
- ახლავე ახვალ ოთახში, გამოიცვლი, მერე ჩამოხვალ და გიასთან წავალთ, რომ გაგსინჯოს! - მამაჩემსაც კი არასდროს ჰქონია ჩემთან ასეთი მკაცრი ხმა. რატომღაც წინააღმდეგობის გაწევა ვერ შევძელი. თითქოს ამის სურვილიც კი არ მქონდა.
- ჩემით ავალ...
- შენ იმის ილუზიას იქმნი, რომ წეღანდელის შემდეგ მარტო დაგტოვებ? - აშკარად სერიოზულადაა ჩემზე გაბრაზებული, მაგრამ ამის მიზეზს ვერ ვხედავ. რამ გააბრაზა, ჩემი მოვალეობის შესრულება რომ გადავწყვიტე? რისთვის ვარ აქ და რისთვის მქვია ლიდერი, მხოლოდ გასარუჯად და ირაკლის შესაყვარებლად ხომ არ ჩამოვსულვარ? მოიცა, რა? რისთვის? საკუთარმა ფიქრებმა ისე შემაშინა, მუცელში მწველი ტკივილი ვიგრძენი.
ოთახამდე უჩუმრად მივაღწიეთ, შემდეგ კი ხელი შემიშვა და მანიშნა, რომ შევსულიყავი. საერთოდ არ იმჩნევდა, რომ თვითონაც სველი ტანსაცმლით იყო, მგონი, არც კი აღელვებდა.
- ირაკ...
- შედი, ახლავე! - ცივად შემაწყვეტინა და კარზე მანიშნა, მაგრამ ჯერ არ იცოდა, რომ აქედან ფეხის მოცვლასაც არ ვაპირებდი.
- ნუ მელაპარაკები მასეთი ტონით! - მინდოდა გაბრაზებული ხმა მქონოდა, მაგრამ რატომღაც ჩემი ნათქვამი კატის კნავილს უფრო ჰგავდა. წარბიც არ შეხრია, მე კი გულის სიღრმეში საშინელი ტკივილი ვიგრძენი.
- გვანცა, შედი და გამოიცვალე!
- არსადაც არ შევალ! დავიღალე უკვე შენი ასეთი საუბრით; დავიღალე, რომ სულ მეჩხუბები; დავიღალე, რომ სულ ნერვებს მაწყვეტ! წადი და შენ გამოიცვალე, ჩემზე უარეს დღეში ხარ. თუ გგონია, რომ მე ფეხებზე მკიდია, რა მოგივა? - მივაყარე ერთიანად და არც ცრემლები დამიკლია, მაინც სველი მქონდა სახე. იმედია, ვერაფერს შეამჩნევს.
- გვანცი... - ოჰ, მოვლბით? აუცილებლად უნდა ავტირდე, მის აღმატებულებას ადამიანური ხმა რომ დაუბრუნდეს?
- არანაირი გვანცი! ძალიან, ძალიან მტკენ გულს შენი უგრძნობლობით! - ვგრძნობდი, რომ საკუთარ თავს ვეღარ ვაკონტროლებდი და მალე ძალიან ცუდ რაღაცას წამოვროშავდი, ამის გაცნობიერებისას კი გული მისკდებოდა და მაქსიმალურად ვცდილობდი თავის ხელში აყვანას. სწორად გამოიცანით - ამაოდ!
- ნუ ამბობ იმას, რაც არ იცი! - ისევ მდუღარე გადამასხეს.
- ძალიან კარგად ვიცი ყველაფერი! ვიცი, რომ ჩემი ჭკუიდან შეშლის მეტი გასართობი არ გაქვს და ჩემი გრძნობებიც ფეხებზე გკიდია!
- რა? - ღმერთო, შენ მიშველე, რომ ამ მზერას გავუძლო და ხმამაღლა არ ავტირდე.
- არაფერი, დაივიწყე! წადი და შენს გრძელფეხებიან მეგობრებს მიხედე, მე შენ გარეშეც მოვუვლი თავს. პირველივე ნაკადის გაშვების შემდეგ დავბრუნდები თბილისში! - მეც არ ვიცოდი, საიდან ვიგონებდი ამდენ სისულელეს, მაგრამ ახლა ოთახში შესვლაზე და გულამომჯდარ ტირილზე მეტად არაფერი მინდოდა. გვანცი, თავს კარგავ, მაგრამ პრინციპებსაც?!
- არსადაც არ წახვალ! ნუ ამბობ სისულელეებს. აშკარად გაგიყინა ტვინი წყალმა! - ამ სიტყვებმა ადგილზე გამაშეშა. ნუთუ ვერაფერი გაიგო? ნუთუ საერთოდ ვერაფერს ხვდება? აკანკალებული ტუჩების დასამალავად ზურგი ვაქციე და ის იყო, სახელური უნდა ჩამომეწია, რომ ვიგრძენი, როგორ ამეკრო სველი, მაგრამ ყველაზე თბილი ფიზიონომია ზურგზე. ხელები მუცელზე შემომხვია, ცხვირი კი კისერში ჩამიყო და გეფიცებით, მას რომ ასე ძლიერად არ ვყოლოდი მიკრული, ნამდვილად ჩავიკეცებოდი.
- ირაკლი... - საბოლოოდ ხმამაც მიმტყუნა და საწყლად ამოვისლუკუნე.
- არ თქვა არაფერი... - დაბალი, ხრინწიანი ხმით მითხრა და ტუჩები სულ ოდნავ შემახო კანზე. - არასდროს არ თქვა არაფერი ისეთი, რაშიც დარწმუნებული არ ხარ. და არასდროს დააბრალო ადამიანს ის, რაც სინამდვილეში გულშიც კი არ გაუვლია არასდროს.
- რატომ მოქმედებ ასე ჩემზე? - ჩურჩულით ვკითხე, მაგრამ ვიცოდი, რომ გაიგებდა. ვერც გავიაზრე, ისე ავხლართე თითები მის ჩემს მუცელზე შემოხვეულ ხელებში.
- მაგას მაშინ გეტყვი, როდესაც მზად იქნები, საკუთარ თავთან რაღაც-რაღაცები აღიარო. უბრალოდ დაიმახსოვრე, რომ არასდროს არაფერს არ ვაკეთებ გაუაზრებლად და მით უმეტეს შენთან მიმართებაში, კარგი?
ვეღარაფრის თქმა ვეღარ მოვახერხე. თითქოს ვიღაცამ მაგრად ამტყორცნა და სულ სხვა რეალობაში გადამაგდო. ყველაფერი სარკისებურად შეიცვალა, ისევე, როგორც ჩემი გრძნობები. თავის მოტყუებას აზრი აღარ ჰქონდა. მეც არ ვიცი, როგორ მოხდა ან როდის მოვასწარი, მაგრამ ფაქტია, რომ ირაკლი შე... არა, არა, ჯერ კიდევ არ ვარ მზად ამის ფიქრებში წარმოთქმისთვისაც კი. ერთადერთი, რაც ახლა სიგიჟემდე მინდა, არის ის, რომ შევბრუნდე და ჩავეხუტო, მაგრამ რაღაც ძალა ამის გაკეთების უფლებას არ მაძლევს. არ ვიცი, ეს იმიტომ ხდება, რომ მდგომარეობის შეცვლა არ მინდა თუ მოსალოდნელი რეაქციის მეშინია, მაგრამ უბრალოდ საკუთარ თავს ვერაფერს ვუხერხებ.
- მარტო დამტოვე, გთხოვ. ფიქრი მჭირდება... - ჩემი ფიქრებისგან რადიკალურად განსხვავებული წინადადება წარმოვთქვი და ვიგრძენი, როგორ შემიშვა ხელები. სანამ იმის გააზრებას მოვასწრებდი, რა გავაკეთე, კიბეებზე ჩარბენის ხმა გავიგე და მივხვდი, რომ ყველაფერი გავაფუჭე. როგორც ყოველთვის! გვანცი, იდიოტი ხარ, ნამდვილი იდიოტი და დარწმუნებული იყავი, რომ პირველ ნაკადთან ერთად დაბრუნდები თბილისში!!!



თავი 16.  პიროვნების გაორება?


ბალიშში რომ ჩავემხე, არც სველ ტანსაცმელზე მიფიქრია, არც შესაძლო გაციებაზე და არც იმაზე, რომ თეთრეული ასე უცბად ვერ გაშრებოდა და ღამით თათასთან მომიწევდა ძილი. თუმცა, როდის ვითარდება მოვლენები ისე, როგორც ჩვენ ვფიქრობთ და გვინდა? საერთოდ, ერთი წამითაც არ დამიშვია ის აზრი, რომ ოდესმე შესაძლებელი იქნებოდა შემყვარებოდა ის ადამიანი, რომელიც ბავშვობიდან მამწარებდა და რომელმაც ჩემი პირველი პაემანი ჩამიშალა. სიმართლე ითქვას და, მგონი ირაკლისადმი ცუდი დამოკიდებულება ხასიათში მქონდა გადასული, თუმცა რაც ლიდერის სტატუსი მოვირგე და აქ ჩამოვედი, ყველაფერი შეიცვალა. ფილმს ჰგავს, არა? ვიცი. არც მე დავიჯერებდი. დავიჯერებდი კი არა, ახლაც არ მჯერა, რომ ასე მოხდა. არც ვიცი, როგორ შევძელი ეს. ჩემთვისაც კი ზედმეტად არაორდინარული და შეუფერებელი იყო. თუმცა, მაინც მოვახერხე. თათასაც ვუთხარი. უნდა ვაღიარო და, გული მისკდებოდა, ნუცის არ გაეღვიძოს ჩვენს ჩურჩულზე ან ჩუმად არ გვისმენდეს-მეთქი, თუმცა გადავრჩი. უფრო ზუსტად კი, ნუცის გადავურჩი, თორემ თათას რისხვა და „ხომ გეუბნებოდი" მაინც ვერ ავიცილე თავიდან. ისიც დაასკვნა, სისულელეა, რომ ნუცის ირაკლი უყვარს, საერთოდაც, ვფიქრობ შენს საეჭვიანებლად დაგეგმა ყველაფერიო, მაგრამ ეს მეტისმეტი იქნებოდა იმისათვის, რომ რეალური ყოფილიყო. მაგრამ ჩემს გადაწყვეტილებაზე მაინც მტკიცედ ვიდექი. მიუხედავად სურვილის დაკარგვისა, თათას ჩხუბისა და შესაძლო რეაქციებისა, მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, პირველივე ნაკადთან ერთად თბილისში დავბრუნდებოდი.

პირველი ნაკადის დასრულების წინა დღეს, როგორც იქნა, მოხდა სასწაული და ჩვენც გვეღირსა აკვაპარკში წასვლა. მიხაროდა თუ არა? წასვლა კი, ირაკლისთან ერთად წასვლა საერთოდ არა. იმ ამბის შემდეგ, შეიძლება ითქვას, არც კი გვილაპარაკია. უხამსადაც კი არ ხუმრობდა, ჩვეულებრივ გამოლაპარაკებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. გეგმაც კი არ მოუმიზეზებია არასოდეს და თითქოს, ნუცი და გიოც მისთვის ხელის შესაწყობად დაახლოვდნენ და აღარ საჭიროებდნენ ჩვენ ჩარევას. ყველაზე შოკისმომგვრელი ამბავი გაინტერესებთ? თურმე ნუცისაც მოსწონდა გიო! და რაოდენ ცუდადაც უნდა ჟღერდეს, სწორედ იმიტომ აპირებდა ირაკლისთან დაახლოებას, რომ შემდეგ მის მეგობარზე გადასულიყო. ეგონა, გიოს მე ვაინტერესებდი და თვითონ შანსები არ ჰქონდა, საბოლოო ჯამში კი ეს ოთხეული ერთმანეთში ისე გადავიხლართეთ, კვანძშიც კი ირაკლის გვერდით აღმოვჩნდი (თუმცა ეს სულაც არ მაწუხებდა).
აკვაპარკში წასვლის დღე რომ დადგა, ბავშვები უკვე გაფრთხილებული გვყავდა, საუზმის შემდეგ ზუსტად თხუთმეტ წუთში ადმინისტრაციის კორპუსთან უნდა შეკრებილიყვნენ სრულიად მობილიზებულნი და მომზადებულნი. თქვენ როგორ მოგატყუოთ? მუცელი მტკიოდა ნერვიულობისგან. რა თქმა უნდა, ისედაც მთელი დილა საცურაო კოსტიუმებში გამოწყობილები დავრბოდით ხოლმე, მაგრამ აკვაპარკი მაინც სხვაა. ბევრი ხალხია, უკეთესი გართობა, ლიდერებისთვის კი, ცივი ლუდი... თითქოს, ყველაფერი ზედმეტად კარგია, მაგრამ ბევრი ხალხის პერსპექტივა მაინც არ მომწონს. არ მინდა ეჭვიანობა, ეს კი, ზუსტად ვიცი, რომ არ ამცდება. და საერთოდაც, ვერ ვიტან შეყვარებულ გვანცის! ნეტავ აუზში ჩავიხრჩო...
- იცოდე, სახე ნუ ჩამოგტირის, თორემ ანას ვეტყვი, რომ ცუდად ხარ - დაისისინა თათამ, როდესაც ოთახში ავედი წინა დღისით გამზადებული ჩანთის წასაღებად.
- არ ჩამომტირის... - ამოვიბუზღუნე და მხრები ავიჩეჩე, თუმცა, მე თვითონაც არ ვიცი, რატომ, მაგრამ ცრემლებს ძლივს ვაკავებდი.
- გვანცა, რა გჭირს? როდიდან გახდი ასეთი? აღარ ხარ ის, ვისაც დავუმეგობრდი! - მისი სიტყვები საბოლოო წვეთი იყო იმისათვის, რომ ისედაც აკანკალებული ნიკაპი კიდევ უფრო ამკანკალებოდა და ცრემლები გადმომეყარა.
- ვერ ვიტან! ვერ ვიტან თუნდაც მხოლოდ იმის გამო, რომ ასე შემცვალა! და აღარ ვარ ისეთი, როგორიც გიყვარდი! - ამოვისლუკუნე პატარა ბავშვივით და ცრემლები ხელის ზურგით მოვიშორე, თუმცა მათი ადგილი წამშივე დაიკავეს ახლებმა. თათა კი მაშინვე ჩემთან გაჩნდა და ხელები მომხვია.
- ღმერთო, რა სულელი ბავშვი ხარ! სულ რომ ჯასტინ ბიბერი შეიყვარო და იმ გოგოსნაირი გახდე, მეოთხე კლასში შეყვარებული რომ წამართვა, ხომ იცი, რომ მაინც მეყვარები? ეგ მაგიტომ არ მითქვამს!
- ვეღარ გცნობო, ხომ მითხარი! - მისი სიტყვებისგან კიდევ უფრო გულაჩუყებული ახლა ხმამაღლა ავღრიალდი.
- სიმართლეა და იმიტომ! აქამდე არ მინახავს შეყვარებული გვანცი. მინახავს, როგორ მოგწონებია ვიღაც და როგორი ძალისხმევით გიცდია რთული სამიზნის ხელში ჩაგდება, მაგრამ ასეთი არასდროს ყოფილხარ. არაფერია ცუდი იმაში, თუ გიყვარს. მით უმეტეს, რომ ირაკლი ძალიან კარგი ბიჭია.
- გეხვეწები, მაგას ნუ ამბობ! ხანდახან მგონია, რომ პიროვნების გაორება სჭირს. იმ ამბის შემდეგ საერთოდ აღარ მიმჩნევს!
- გვანცი, ახლა შემოგარტყამ! - ჩემ ჩახუტებას მორჩა და დოინჯშემორტყმული დამადგა თავზე. - თავზე გევლებოდა და ნერვები გეშლებოდა, არ გიმჩნევს და სათამაშოწართმეულივით ტირი. იმას სჭირს პიროვნების გაორება თუ შენ? რა გაღელვებს, აკვაპარკში რომელიმე გრძელფეხებას არ აეკიდოს? - გახუმრება სცადა ბოლოს, თუმცა ამაზე ჩემი რეაქცია რომ დაინახა, პირი დააღო და თვალები აატრიალა.
- მაინც არ აქვს აზრი ასე ჯდომას... წავედი! - ჩავიბურტყუნე ბოლოს და წამოვდექი, თათა კი ისევ გაოგნებული მიყურებდა.
- იცოდე, შენს თავს ვფიცავარ, შენ რომ იქ ასეთი დაღვენთილი სახით იჯდე და რამე შეამჩნევინო, რომ მოხვალთ, პირდაპირ ირაკლისთან თუ არ მივიდე და ვუთხრა, ნუ მიტანჯავ დაქალს-მეთქი! - აი, ახლა კი საბოლოოდ აფეთქდა და მისი ნათქვამით შეშინებულმა სასწრაფოდ შევიმშრალე ცრემლები.
- არ გაბედო!
- ძალიან კარგად იცი, რომ გავბედავ! ახლა კი წადი და ისე გაერთე, როგორც მე! - გამიცინა საბოლოოდ და თბილი, მეგობრული ჩახუტების ნაცვლად, საჯდომზე მომარტყა ხელი ოთახიდან გასვლისას. ჰმ, იცოდა, რომ კიდევ ავტირდებოდი და მოსალოდნელი შედეგი თავიდან აირიდა.
რა ჯანდაბამ გამხადა ასეთი ემოციური? ემოციური კი არა, მტირალა. აქ წამოსვლამდე ბოლოს ალბათ იმის გამო ვიტირე, რომ კუ მომიკვდა, ეს კი, სადღაც მეცხრე კლასში იყო. გამოცდების პერიოდშიც კი არ ვნერვიულობდი ამდენს, როგორც ახლა. თითქოს რამის შეცვლა შემეძლოს. ირაკლი კი ნამდვილი გაიძვერა მექალთანის წესებით თამაშობდა. ჯერ თავი ქალღმერთად მაგრძნობინა და შემდეგ ისე დამატყეპა მიწაზე, წამოდგომისას რომ წელი მტკენოდა. მიაღწია კიდეც დასახულ მიზანს, მაგრამ ტრიუმფის გადადება მოუწევს. მოვკვდები და არ მივცემ იმის თქმის უფლებას, რომ დამცინა და თავი შემაყვარა!
გარეთ რომ გავედი, უკვე ყველანი მანქანებში მოკალათებულიყვნენ და თითქოს ჩემი ბედის მწერალმა (ღმერთო, რა სისულელეა!) პოპკორნმომარჯვებულმა დამცინაო, ერთადერთი თავისუფალი ადგილი პიკაპის საბარგულში და ისიც ირაკლის გვერდით იყო.
- გვიკადრე? - ჩაეცინა, მანქანას რომ მივუახლოვდი და ხელი გამომიწოდა, რომ ავეყვანე, მაგრამ საერთოდ არ შემიხედავს, ისე მოვებღაუჭე სკამს და მაქსიმალურად ვეცადე, გაჭირვებით ასვლისას არ დამეწკმუტუნა. არ მჭირდება მისი დახმარება, თუ შემდეგ ასე აპირებს მოქცევას!
- შეგვიძლია წავიდეთ! - გავძახე მძღოლს და ჩვენ წინ მჯდარ სანდროს, რომელიც აშკარად რაღაცას ეჭვობდა, თვალი ჩავუკარი. ესეც ასე, ძვირფასო ირაკლი, დროა, ადგილები გავცვალოთ!



* * *

წარმოიდგინეთ ულამაზესი, თითქმის მთლიანად ცისფრად შეღებილი ადგილი, კომფორტული აბაზანებით, ტევადი კარადებით, იდეალური მომსახურებით, მომღიმარი მომსახურე პერსონალით, გამჭვირვალე წყლით, დიდი აუზებით, მაღალი სასრიალოებით და გემოვნებიანი მუსიკით. წარმოიდგინეთ? გრილი სიოც ხომ იგრძენით? ახლა ამ ყველაფერს მომენტალურად დაუმატეთ ათეულობით თინეიჯერი, ცოტათი ნაკლები ბავშვი და ბევრად მეტი ზრდასრული. დიახ, დიახ, თქვენ მოხვდით ჩვენს აკვაპარკში! უფრო ზუსტად კი, განმუხურის აკვაპარკში, რომელშიც ჩვენ მოვხვდით. უნდა ვაღიარო, რომ ნანახმა მოლოდინს ნამდვილად გადააჭარბა! საუკეთესო პირობები იყო, განსაკუთრებით კი, ჩვენი მძიმე გრაფიკისა და ძალიან პატარა საცურაო ზოლის შემდეგ. აუზი ნამდვილი ნეტარება იყო, დიდი, ღრმა, სასიამოვნო ტემპერატურის წყლით და ლამაზი ნახატებით. ბავშვები რომ მკაცრი მშობლებივით დავარიგეთ, ერთმანეთი არ დაკარგოთ, ჭკვიანად იყავით და არაფერი მოიწიოთ, თუ რამე დაგჭირდებათ კიდევ, ბართან მიდით და დაგვიძახეთო, მათთვის მიცემული ყველა გაფრთხილება ჩვენ თვითონვე დავივიწყეთ და გიო აუზში ისეთი ბრუნით ჩახტა, იქვე მდგარი მაშველიც კი გაწუწა, რომელიც აშკარად შენიშვნის მიცემას აპირებდა.
ნუცი ცოტა ხანს შეზლონგზე იყო წამოწოლილი, ცივ ყავას სვამდა და იამაიკისას არა, მაგრამ განმუხურის მზეს ნამდვილად ეფიცხებოდა. შემდეგ კი გიო ჩამოუჯდა ფეხებთან და თვალები ისე აუფახულა, იფიქრებდით, სცხელა და ასე ცდილობს გაგრილებასო. ღმერთო, საიდან მომდის ასეთი აზრები? აშკარად ცხოვრებაზე დაბოღმილი გავხდი და მათი ჟღურტულის ყურებაც კი მაღიზიანებს.
ტერფები აუზის კიდეს მივცხე და ღრმად რომ შევცურე, თვალებგახელილი თავი წყალში ჩავყავი. დაახლოებით ისე ვტივტივებდი, როგორც საშინელებათა ფილმში აჩვენებენ ხოლმე გვამებს. მაგრამ ნამდვილი საშინელებათა ფილმის რეაქცია თქვენ მაშინ უნდა გენახათ, წყალშიც ირაკლის სახე რომ დავინახე და დაფეთებულმა ამოვყვინთე.
- გააფრინე? - წამოვიძახე შეშინებულმა და სახეზე ხელი მოვისვი, ის კი მშვიდად მიცინოდა.
- წამო რა ზემოთ! - თავით მანიშნა ყველაზე მაღალი სასრიალოსაკენ და წარბების აწევაც მიიღო პასუხად.
- აქაც მშვენივრად ვარ!
- რაც მოვედით, სულ აუზში ხარ! - აატრიალა თვალები და ნელა გამოცურა ჩემკენ, მე კი  კედლისკენ. - თან იმ აუზში, რომელშიც მე არ ვარ. შენ გგონია, ვერ ვამჩნევ?
- რა შენი საქმეა, მე სად ვარ! სადაც მომწონს, იქ ვარ, შენ თუ სრიალი გინდა, მე დამანებე თავი!
- კარგი რა, რა გჭირს? ლიდერები რისთვის ვართ, ჩვენ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ერთად გართობა! - თვალი ჩამიკრა და ისე ახლოს მოცურა ჩემთან, ხელები აუზის კიდეს ჩამოადო და კედელსა და მას შორის აღმოვჩნდი მომწყვდეული. ღმერთო, გვანცი, ოღონდ სუნთქვა არ დაგავიწყდეს.
- ირაკლი, დამანებე თავი! - თვალები დავუბრიალე, მაგრამ მაინც არ გაჭრა. ისევ ისეთი გაღიმებული მიყურებდა, როგორც წეღან.
- ნუ ხარ ბუტია. წამომყევი. რატომ გეშინია ჩემთან მარტო დარჩენის? - და აი, ეს იყო ზუსტად ის, რამაც გადაწყვეტილება მიმაღებინა. არ ვიცი, ცუდია თუ კარგი, მაგრამ ირაკლი აშკარად ძალიან კარგად მიცნობს და იცის, როგორ უნდა ითამაშოს ჩემი ხასიათით.
- მე? მე მეშინია? - „გულწრფელი" სიცილით გავიქნია თავი, შემდეგ კი მის ჩემკენ დაძრულ სახეს თავი ავარიდე, ჩაყვინთვით გავცურე „ციხესიმაგრიდან" და აუზის კიდესთან მისულმა სული გაჭირვებით რომ მოვითქვი, მხოლოდ მაშინ გავძახე:-  მალე, დიდხანს ლოდინს არ ვაპირებ!
- აი, ეს უკვე ჩემი გვანცია! - გამიცინა სახეგაბრწყინებულმა, ჩემი გულის მუცელში ჩაგდება გამოიწვია და თვითონ, ვითომც არაფერიაო, წელზე ხელი მომხვია და სასრიალოებისაკენ გამიძღვა. მე კი უკვე ზუსტად ვიცოდი, ან სიმაღლის შიში მომიღებდა ბოლოს, ან ირაკლი. თუმცა, იმედია, მაინცდამაინც მას არ ჩავაკვდები ხელებში...

გაგრძელება იქნება
ნათია ჯაგოდნიშვილი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ლია
მომწონს მომწონს მომწონს
17:47 / 09-09-2020
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93