ნოველები

სწრაფად, განგაშია! თავი 17/18. ბოლო საღამო

სწრაფად, განგაშია! თავი 17/18. ბოლო საღამო

ოდესმე გიგრძვნიათ თავი გაორებულად? ალბათ, ბევრჯერ. თქვენი ერთი ნაწილი რომ რაღაცას მოითხოვს ფეხების ბაკუნით, მეორე კი ცხვირის აბზუებით ეუბნება უარს. დაახლოებით ასე ვგრძნობდი თავს, ირაკლის რომ სასრიალოზე ავყავდი. გული გამალებით მიცემდა და მუხლები მიკანკალებდა, თუმცა ეს ყველაფერი ჯიუტად დავაბრალე საფეხურების სიმრავლეს. როგორ შეიძლება ასე შევცვლილიყავი სულ რამდენიმე დღეში? და თან ვის გამო?

- რა გჭირს? - სიცილით შემომხედა. რა მჭირს?
- რას გულისხმობ?
- ისეთი სახე გაქვს, თითქოს ძალით მიმყავდე! - ისევ გადმოყარა ოცდათორმეტივე კბილი
(ნეტავ სიბრძნის კბილი თუ აქვს საერთოდ?) და როცა დანიშნულების ადგილს საბოლოოდ მივაღწიეთ, ხელი ჩამკიდა და ისე შევიდა.
- უკაცრავად, მაგრამ უნდა გაგვატაროთ! - ისეთი სერიოზული სახით მიმართა დაცვასა და ხალხს, კინაღამ პირიც კი დავაღე.
- ჩვენ აქ რიგში ვდგავართ! - აჯიჯღინდა ტატუებიანი ბიჭი, რომელიც ლუდის ბოთლით ხელში იდგა და რატომღაც, ილუზიას იქმნიდა, რომ ასე ჩასრიალების ნებას მისცემდნენ.
- ვიცი, მაგრამ ჩვენ ბანაკის ლიდერები ვართ და ჩვენი ვალდებულებაა შევამოწმოთ ყველა სასრიალო, სანამ ბავშვები ისარგებლებენ. ხომ ხვდებით, მათ უსაფრთხოებაზე ვზრუნავთ! - ისეთივე სერიოზული ხმით წარმოთქვა და როდესაც ჩაფხუკუნებას ვაპირებდი, სრულიად შეუმჩნევლად, ჩაკიდებული ხელი ისე მომიჭირა, კინაღამ თითები მიმამტვრია.
ჰმ, რა თქმა უნდა, მისმა ხრიკმა გაჭრა და მიუხედავად იმისა, რომ საოცრად მინდოდა თვალების ატრიალება, მაინც კმაყოფილი ვიყავი, ამხელა რიგს რომ ავცდით. სიმართლე ითქვას, ცოტათი მეშინოდა. ზოგადად, სიმაღლის შიში არ მაქვს, მაგრამ სულ სხვაა, როდესაც სასრიალოთი მიწაზე კი არა, პირდაპირ წყალში ეტყეპები, თან იმ ადამიანთან ერთად, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი. არა, ახლა ნამდვილად ვაჭარბებ, ვიცი, რომ ყველაზე უსაფრთხოდ მასთან ვიქნები, მაგრამ მაინც არ მხიბლავს აქედან დაშვების პერსპექტივა.
- აბა, ხომ არ გეშინია? - მკითხა, როდესაც ერთ-ერთ ბავშვს მოტყუებით გამოართვა გასაბერი ლეიბი.
- არა, რისი უნდა მეშინოდეს?! - შევიცხადე ისე, თითქოს სიმართლე ყოფილიყოს, თუმცა ირაკლის პასუხმა ნამდვილად სახე ჩამომირეცხა.
- ანუ შენ დაჯდები წინ? - გადაჭარბებული ნათქვამი არ იქნება, რომ ყბა გვერდით მომექცა და თვალები მაჩვზღარბასავით დავაჭყიტე, თვითონ კი სიცილით გადაიქნია თავი, ლეიბზე დაჯდა და მანიშნა, რომ უკან მივჯდომოდი.
- გოგონა, ფეხები წელზე შემოხვიეთ და ხელები არ გაუშვათ... - გამაფრთხილებელი ტონით დამარიგა დაცვამ და მიუხედავად მისი ნათქვამის მიმართ ჩემი ცუდი დამოკიდებულებისა, რჩევა მაინც გავითვალისწინე და რამდენიმე წამში, როდესაც დაახლოებით 120 მეტრის სიმაღლიდან დავეშვით, ისეთი გამწარებული ვეხუტებოდი ირაკლის ზურგს და ისე ჩავკიოდი ყურში, მეეჭვება, ამის შემდეგ კიდევ შემომთავაზოს ერთად სრიალი.
საბოლოოდ, აუზში რომ ჩავცვივდით, ახალშობილი ლეკვივით ხელების ტყაპუნით ამოვყვინთე წყლიდან და პირღია სუნთქვით ვეცადე პულსის დარეგულირებას, თუმცა არ გამომივიდა, რადგან წელზე ისევ ირაკლის ხელი ვიგრძენი, რომელიც უკნიდან მომპარვოდა.
- რატომ არ აღიარებ, რომ ჩემთან თავს კარგად გრძნობ? - მკითხა შეცვლილი ხმით და კიდევ უფრო მომიახლოვდა, მე კი დაფეთებულმა ვჭყიტე თვალები და უკან გავიწიე.
- შემდეგ სასრიალოზე არ წავიდეთ? - წამოვიძახე სრულიად შეუფერებლად და მანაც, სიცილით გადაიქნია თავი და ამჯერად თვითონ ამოვიდა აუზიდან პირველი.
გაინტერესებთ, რამდენი სასრიალო მოვიარეთ იმის გამო, რომ მასთან ლაპარაკს გავურბოდი? ყველა! დიახ, ყველა! ბოლოს უკვე მეგონა, რომ მიწაზე ვეღარც გავივლიდი, მაგრამ საბედნიეროდ, გადავრჩი. ბავშვები დავარიგეთ, წესიერად მოქცეულიყვნენ და ჩვენ უარესი ვქენით. თან ირაკლი ყველას ატყუებდა, უნდა შევამოწმოთ, რამდენად უსაფრთხოა სასრიალოებიო და ყველგან ურიგოდ გავედით. ბოლოს უკვე მეც შევეშველე და როდესაც პირის გაღებას აპირებდა დაზეპირებული სიტყვების წარმოსათქმელად, დავასწარი. ამ ყველაფრის გაგონებისას ისე საყვარლად გაეღიმა და ისე ჩაეჩხვლიტა ლოყები, კინაღამ წონასწორობა დავკარგე და სასრიალოს ნაცვლად, თავით გადავეშვი აუზში, რომელიც ჩვენგან საკმაოდ შორს მდებარეობდა.
ყველაფერი იმდენად კარგი იყო, ვფიქრობდი, რაიმე აუცილებლად გააფუჭებდა, თუმცა არა! მოხდა გამონაკლისი და დაბრუნების დრო ისე მოვიდა, რომ ირაკლისთან ლაპარაკსაც გადავურჩი და ბავშვების დაზიანებასაც. ეგ კი არა, ბანაკში რომ ვბრუნდებოდით, ჩემმა აწ უკვე ყოფილმა პირადმა სადისტმა წელზე ხელი მომხვია და ისე შემახტუნა პიკაპში, არც კი მითხოვია.

რა სჭირს? შეიძლება ადამიანი ისეთი მავნე იყოს, რომ ყოველთვის ყველა გეგმას მიშლიდეს? დარწმუნებული ვარ, ანასთვის თვითონაც ნათქვამი ექნება ათდღიან შესვენებაზე და ალბათ, მომყვება. არადა როგორ არ ვაპირებდი წასვლას. ლიდერის სტატუსი მომანიჭეს თუ არა, მაშინვე ვთქვი, ჩემი ნებით პოსტს არ დავტოვებ-მეთქი, მაგრამ ეს გეგმაც ჩამიშალა. თითქოს მეტი საქმე არ აქვს. კუდში დამდევს და ცდილობს, ყველაფერი გააფუჭოს, რაც ჩვენ „დაშორებას" დაუკავშირდება. ვერ ვიგებ, ზოგჯერ ყურადღებიანი, თბილი და საყვარელია, ზოგჯერ კი ისე იქცევა, ჩემს არსებობაშიც კი ეჭვი მეპარება.
ნუთუ აქამდეც ასეთი იყო და უბრალოდ მე ვიყავი ზედმეტად გულგრილი მის მიმართ? თითქოს აღარაფერი დარჩა იმ ირაკლისგან, ადრე რომ ვერ ვიტანდი. ან იქნებ იმ გვანცისგან აღარ დარჩა არაფერი, როგორიც ადრე ვიყავი? რამ შემცვალა? ან კარგია ეს თუ ცუდი?
ბანაკამდე ისე მივედით, არც ერთს ხმა აღარ ამოგვიღია. ბავშვებიც საშინლად დაღლილები იყვნენ, თან ხვალინდელ გამგზავრებაზე ღელავდნენ და თითქოს გაურბოდნენ ერთმანეთს. წინასწარ ემზადებოდნენ დაშორებისა და ცრემლებისათვის. მეც ვყოფილვარ მათ ადგილას და ვიცი, როგორი გრძნობაცაა. თავიდან არის უამრავი ცრემლი და პირობა, რომ სულ ერთად იქნებით, არასდროს დაკარგავთ ერთმანეთს, კონტაქტს გააგრძელებთ, შეიკრიბებით ხოლმე, შემდეგ კი, მხოლოდ მცირე მიმოწერა და ყველაფრის მოგონებების ყუთში ჩაკეტვა. არა, რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არსებობს, მაგრამ ხშირად სწორედ რომ ასე ხდება და თითქოს, გულის სიღრმეში ეს ყველამ ისედაც კარგად იცის...
- საბოლოოდ გადაწყვიტე? - ირაკლის კითხვა ისეთი მოულოდნელი იყო, თავიდან ვერც კი გავიაზრე, რას მეკითხებოდა. ან საიდან გაახსენდა მაინცდამაინც მაშინ, როდესაც ბავშვებიც ოთახებში ავუშვით და ეზოშიც მარტონი დავრჩით?
- რაზე მეკითხები?
- გვანცი, იცი, რაზეც... - აშკარად არ ხუმრობდა. ზედმეტად სერიოზული ხმა ჰქონდა ამისათვის.
- ირაკლი, საკმაოდ დავიღალე, წყნარი საათია და თუ ბავშვებს არ ვჭირდები, მინდა, რომ დავიძინო. იქნებ პატივი დამდო და გამაგებინო, რით დაინტერესდი? - მე თვითონაც არ ვიცოდი, რამ გამაღიზიანა ასე ძალიან.
- ჩემ გამო მიდიხარ? - საბოლოოდ პირდაპირ მკითხა და თვალებიც დამაჭყეტინა. პირი მაშინვე გავაღე გასაპროტესტებლად, თუმცა ვერაფერი მოვიფიქრე და ისევ დავხურე. ზუსტად ვიცოდი, რომ მხოლოდ „რა სისულელეას" არ დასჯერდებოდა.
- საიდან გაიგე?
- ხომ არ დაგავიწყდა, რომ გიორგი ჩემი მეგობარია? ჰოდა, შემომჩივლა, მეწყვილე მტოვებსო! - მიპასუხა წარბის აწევით, თითქოს ნიშნის მოგებითაც, რომ ჩემმა მეწყვილემ „ჩამიშვა".
- და შენც მაშინვე გადაწყვიტე, რომ შენს სულისშემხუთველ პრესს ვერ ვუძლებდი ან გული მიჩქარდებოდა, როცა თვალებში გიყურებდი და ამის გამო მოვალეობასა და პასუხისმგებლობას ვივიწყებდი? - ცოტაც და, ალბათ, ცეცხლების ფრქვევას დავიწყებდი. ყველაზე მეტად კი ის მაბრაზებდა, რომ ირაკლი, რომელიც ჩანაფიქრს წამშივე მიმიხვდა, ასე მშვიდად იდგა.
- ანუ ჩემ დანახვაზე გული გიჩქარდება... - წარმოთქვა თვითკმაყოფილი იდიოტის ღიმილით და ამ სიტყვებზე თვალები ავატრიალე.
- შენი განდიდებისათვის არ მცალია, მე წავედი! - შემდეგ კი გამობრუნება დავაპირე, თუმცა არავინ მაცადა - მკლავში ხელი წამავლო და მისკენ რომ შევტრიალდი, მოულოდნელად დასერიოზულებულმა, მტკიცედ წარმოთქვა:
- თუ აქედან ჩემ გამო გარბიხარ, ეს არ დაგჭირდება, იმიტომ, რომ მე ისედაც მივდივარ! - შემდეგ კი, სანამ ნათქვამის გააზრებასა და რეაგირებას მოვასწრებდი, ხელი გულგრილად შემიშვა და საკუთარ სადარბაზოში შევიდა...



თავი 18.  გამომშვიდობება

ოდესმე გინახავთ, როგორ სინქრონულად ტირის ოთხასამდე ადამიანი საერთო მიზეზის გამო? დარწმუნებული ვარ, ასეთ ხალხმრავალ დაკრძალვაზე ვერ მოხვდებოდით და შესაბამისად, არც ზემოთ ნახსენები სცენა გექნებათ ნანახი. თუმცა ბანაკის ბოლო დღეს ხომ ყველაფრის ნახვაა შესაძლებელი. ყველამ იცოდა, რომ დამშვიდობება ცრემლების გარეშე ვერ ჩაივლიდა, მაგრამ ეს მართლა მეტისმეტი იყო...
დილით თვალები რომ გავახილე, მზე ჯერ კიდევ ცის შუაში იყო გაჭედილი და თითქოს ეზარებაო, ისე ნელა მოცურავდა. მთელი ღამე არ მძინებია. ვიწექი ჩემთვის, თვალებდახუჭული და ვფიქრობდი. თათას დაჩურჩულებაც კი არ შევიმჩნიე, რომ მკითხა, უკვე გძინავს თუ არაო. გადაწყვეტილება მიღებული მქონდა და ამას ვეღარსად გავექცეოდი. ახლა გულითაც რომ მომენდომებინა, ჩემი შემცვლელი ლიდერი უკვე გზაში იყო და რამდენიმე საათში ჩამანაცვლებდა კიდეც. თითქოს წამიერად ეგოისტურმა გრძნობამ გაიღვიძა ჩემში და საშინლად მომინდა უკან დაბრუნება. რის გამო ვკარგავდი ლიდერის სტატუსს? იმიტომ, რომ ბავშვობის მტერი შემიყვარდა? რა სისულელეა! თუმცა ამაზე ზედმეტად დარდიც სისულელეა. მესამე ნაკადზე ისევ დავუბრუნდები ჩემს ადგილს, რა პრობლემაა? უბრალოდ ათი დღით დავისვენებ, ვითომ შვებულებაში ვარ.

მობილურის ზარმა ისე შემაკრთო, სუნთქვა შემეკრა და შემდეგ გული სერიოზულად ამიჩქარდა. ვინ ჯანდაბა მირეკავს გამთენიის ექვს საათზე და საერთოდაც, რა ხდება? ხელის ფათურით ძლივს მოვძებნე მობილური საწოლში. აი, რატომ არის ცუდი, როდესაც ჩაძინებისას ხელში დაჭერილი გრჩება. მერე გიწევს ქვეყნის დასალიერშიც კი ეძებო, ის კი ზუსტად მაშინ იწყებს ბოლო ხმაზე ღრიალს, როცა სხვების გაღვიძება არ გაწყობს.
- რა ხდება? - სენსორს ხელი ისე გადავუსვი, არც დამიხედავს ნომრისათვის, მით უმეტეს, რომ უკვე შორტს ვიცვამდი და პარალელურად, უკანა აივანზე გავრბოდი.
- საკონფერენციოს უკან ჩამოხვალ? - ამ ხმამ ადგილზე გამყინა და კინაღამ მხრით დაჭერილი და ყურზე მიდებული ტელეფონი გამივარდა. ხელებიც ისე ამიკანკალდა, ღილის შეკვრაც ვეღარ მოვახერხე.
- რატომ?
- გთხოვ... - და ისე გამითიშა, მეტი აღარაფერი უთქვამს.
ისეთი გრძნობა გამიჩნდა, თითქოს ყელში ბურთი გამეჩხირა, ოღონდ რატომ, ეს ნამდვილად არ ვიცი. რა არის სატირალი იმაში, რომ საკონფერენციოსთან ჩასვლა მთხოვა? და რატომ ვნერვიულობ ასე ძალიან? იქნებ... იქნებ რამის თქმას აპირებს? მაგრამ რატომ მაინცადამაინც ახლა, წასვლის დღეს? თვითონ რომ აღარ დაბრუნდეს? მე კი მხოლოდ ათდღიანი შვებულება ვთხოვე ანას. რომ ჩამოვალ და თვითონ თბილისში დარჩეს? საერთოდ რომ გადაუაროს აქაურმა განწყობამ და იქ ჩასულს ისე ჩამიაროს გვერდი, როგორც უცხოს?
გეყოს, გვანცი! ნუ ხარ პანიკაში! ეს შენი სტილი ნამდვილად არ არის და არც გიხდება. საერთოდ არ გიხდება. ახლავე დამშვიდდები, თავს ხელში აიყვან, ქვემოთ ჩახვალ, მოუსმენ და იმასაც ეტყვი, რომ მის გამო არ გარბიხარ და არც თვითონაა ვალდებული, სამსახური დაკარგოს. დიახაც, ყველაფერი კარგად და მარტივად ჩაივლის!
ისე არ აგხდენოდეთ არაფერი ცუდი, როგორც ჩემი გეგმა არ შესრულდა. საკონფერენციომდე არ ვიყავი მისული, რომ მუხლები უკვე მიკანკალებდა. სადარბაზოდან გასვლისას კი თავს ვაჯერებდი, რომ არაფერი ხდებოდა განსაკუთრებული და თითის წვერებზეც მხოლოდ იმის გამო მივიპარებოდი, რომ გოგონებს არ გაღვიძებოდათ. მაგრამ გული საბოლოოდ მაშინ ჩამივარდა მუცელში, შეხვედრის ადგილას რომ მივედი და ქვიშაში ჩამჯდარი, მუხლებზე ხელებმოხვეული და შიგ თავჩარგული ირაკლი დავინახე. თავი ძლივს შევიკავე, რომ არ ჩავხუტებოდი. ლოყაზეც კი ვიკბინე გამოსაფხიზლებლად, თუმცა, უნდა ვაღიარო, საკმაოდ მწარედ გამომივიდა.
ბოლოს, ვერაფერი რომ ვეღარ მოვიფიქრე, უბრალოდ ავდექი და გვერდით მივუჯექი. ღმერთო, გული ისე მიცემდა, მეგონა, მთელ სამყაროს ესმოდა. იმედია, გარეგნულად არაფერი მეტყობა და ერთიანად არ ავწითლდი. როდის მერე ხდება, რომ საკუთარ თავს ვეღარ ვაკონტროლებ? ჯანდაბა, ირაკლი!
- ანუ, დღეს... - თავი არც აუწევია, ისე დაიწყო, მე კი მეგონა, რომ საერთოდ ვერ შენიშნა ჩემი მისვლა.
- დღეს... - ჩავიბურტყუნა მეც და თავი მოკეცილ მუხლებზე ჩამოვდე ისე, რომ მისთვის მზერა არ მომეშორებინა.
- ჩემ გამო?
- არა...
- და სინამდვილეში?
- არ ვიცი... - ამოვიოხრე საბოლოოდ და მაინც გამოვაჩინე ჩემი უძლურება მასთან მიმართებაში. შემეძლო დამეფიცა, რომ ამით მასში მცხოვრებ თვითკმაყოფილ მონსტრს ხორცის დიდი ნაჭერი გადავუგდე დასანაყრებლად, მაგრამ როდესაც თავი ასწია, თავხედური ღიმილის ნაცვლად ისეთი თვალებით შემომხედა, ადგილზე მიველურსმე.
- საერთოდ როგორ მოვედით აქამდე? - ჩურჩულზე გადავიდა და შუბლი მხარზე მომადო. ოდნავადაც არ მქონია წინააღმდეგობის გაწევის სურვილი. ყველაფერი ისე ბუნებრივად ხდებოდა...
- არც ეგ ვიცი... - საკუთარ ხმას უკვე ვეღარ ვცნობდი. ასეთი ცრემლებისგან დამძიმებული და გაბზარული ბოლოს როდის მქონდა, ვერც კი ვიხსენებდი.
არ მინდოდა ამ საუბრის გაგრძელება. აღარ მინდოდა საერთოდ არც ერთი სიტყვის გაგონება, რაც ჩვენ შეგვეხებოდა, იმიტომ, რომ მეშინოდა. საშინლად მეშინოდა სიმართლის მოსმენის და იმ ილუზიების დამსხვრევის, რომლებიც ძლივს ავაგე. საერთოდ რატომ დამიბარა აქ? ის კითხვები რომ დაესვა, რომლებზე პასუხებიც თავად მაინტერესებდა? რატომ მაწვალებს ყოველთვის?
- შეიძლება ესეც შენი წამების დაუოკებელ სურვილად ჩამითვალო, მაგრამ საშინლად ლამაზი ხარ, როცა ტირი... - ტუჩის კუთხეებით სულ ოდნავ გაეღიმა და ცერა თითი თვალებზე ისე მომისვა, კინაღამ კნუტივით კრუტუნი დავიწყე. აშკარა იყო, რომ მხოლოდ ცრემლებს არ მწმენდდა (სიმართლე ითქვას და ვერც ვხვდებოდი, როდის ავტირდი. ან სულაც, რატომ...), ისე მეხებოდა, ისეთი მზრუნველი და თბილი იყო... წამიერად უაზრო სურვილმაც კი წამომიარა, მაგრამ სანამ ახდენაზე ვიფიქრებდი, დამასწრო... ისე ნელა და ფრთხილად შემახო ტუჩები, თითქოს ეშინოდა, რომ თვალს გაახელდა და ვეღარ დამინახავდა. შეხება კი მხოლოდ წამიერი იყო. რომ მომშორდა, მაშინვე თვალებში შემომხედა და არ ვიცი, რა დაინახა იქ ასეთი, მაგრამ ღიმილით ჩახარა თავი. არა, ასე არ შემიძლია! არ ვარ ის ჩიტი, რომელიც მხოლოდ ნამცეცებით დაკმაყოფილდება, თუ იქვე მთლიანი პურის ნაჭერი უდევს!
საკუთარი საქციელის შედეგი გააზრებულიც არ მქონდა, ისე გადავიხარე მისკენ და „ვაიძულე", რომ დაწყებული გაეგრძელებინა. მუხლებზე წამოვიწიე, ხელები კი კისერზე მოვხვიე და როდესაც წელზე მისი თითების შეხება ვიგრძენი, მეგონა, გული საერთოდ გამიჩერდებოდა...
- ვერც კი აცნობიერებ, რას აკეთებ... - ჩურჩულებდა კოცნასა და კოცნას შორის, თუმცა თვითონაც ისე იყო ჩემზე მოჯაჭვული, როგორც მე მასზე.
- არა უშავს, ვერც შენ... - ვუპასუხე არეული ხმით და საბოლოოდ, როდესაც ჩემი ტუჩებიდან ყელზე გადმოინაცვლა, ისე შევკრთი, თვალებიც დავაჭყიტე. არა, გვანცი, გეყოს, გამოფხიზლდი!

თუმცა თვითონ ჩემზე ადრე მოეგო გონს, მხოლოდ ერთხელ, მსუბუქად მაკოცა, შემდეგ კი ხელები ძლიერად შემომხვია და ცხვირი ჩემს კისერში ჩარგო. მისი თბილი ამონასუნთქი ისეთ სასიამოვნო ჟრუანტელს მგვრიდა, მინდოდა, ეს წამი სამუდამოდ გაგრძელებულიყო. მუდამ ასე ვყოფილიყავით, ზედმეტი ხალხისა და ზედმეტი სიტყვების გარეშე... კისერზე ხელები მოვხვიე და თმაზე ვაკოცე, თვითონ კი უფრო ძლიერად მიმიხუტა. ისეთი გრძნობა მიჩნდებოდა, თითქოს მემშვიდობებოდა, თითქოს რაღაცის ეშინოდა. თუმცა შესაძლებელია ეს მხოლოდ ჩემი ავადმყოფური ფანტაზიის ბრალი იყო...
- ქავთარაძეს და დადიანს ადმინისტრაციულ შენობაში ველოდებით! - ორივეს რაცია რომ ერთდროულად აჟღრიალდა, ისე შევხტი, ირაკლიც მაშინვე გამოერკვა ტრანსიდან და რამდენიმე წამში ჩემს რეაქციაზე გაეცინა კიდეც. ისეთი საყვარელი იყო! ღმერთო, აქამდე რატომ არასდროს შემიმჩნევია ეს ნაჩხვლეტები მის ლოყებზე?
- ნუ გეშინია, წასვლის გამო გვიბარებენ! - თვალი ჩამიკრა და წამოდგა, შემდეგ კი ხელი გამომიწოდა, რომ მეც ავმდგარიყავი. ისე უცბად გამხიარულდა და გამოცოცხლდა, იფიქრებდით, რომ წეღან სულ სხვა ადამიანი მყავდა გულში ჩაკრული.

- ჰო, თორემ ამჯერად იმას აღარ დაიჯერებენ, რომ უბრალოდ მავარჯიშებდი! - მაინც ვერ შევიკავე თავი, რომ არ „მეკბინა" და წარბების აწევით გავუღიმე, თვითონ კი უბრალოდ თავი გადააქნია და ჯერ კიდევ ჩაკიდებული ხელით ისე უცბად მიმწია თავისკენ, რომ გავიაზრე, უკვე მის მკლავებში ვიყავი მოქცეული.
არ გაგიკვირდებათ, თუ ვაღიარებ, რომ ძალიან, ძალიან ბედნიერი ვიყავი! ყველაფერი ისე მოულოდნელად და კარგად წავიდა, ვერც კი ვიფიქრებდი. ორივეს რომ არ გვეჯიუტა, აქვე გავაგრძელებდით, მაგრამ ახლა ვეღარაფერს შევცვლიდით და მოგვიწევდა, როცა აცრემლებულ ბავშვებს ავტობუსებში დავანაწილებდით, ჩვენც მათ ავყოლოდით. ამას ვერსად გავექცეოდი და სიმართლე ითქვას, ცოტათი მაინტერესებდა კიდეც, რა იქნებოდა თბილისში. იქნებ აქ მხოლოდ იმან იმოქმედა, რომ ერთმანეთის მეტს ვერავის ვხედავდით? არაფერია გამორიცხული...
- იცოდე, როგორც კი ჩახვალ, მაშინვე დამირეკე! - მზრუნველი დედასავით დამარიგა თათამ, ჩემოდანი ავტობუსის საბარგულში რომ შევაგდე და შემდეგ ისე ჩამეხუტა, ქვეცნობიერად ნეკნების ტკაცუნის ხმაც კი გავიგე. - და ყველაფერი დეტალურად მომწერე! - შემდეგ კი დაამატა ჩურჩულით და მზერით ირაკლიზე მანიშნა. კვდებოდა ინტერესით. მხოლოდ გადაკვრით მოვუყევი, მგონი, სხვა საფეხურზე გადავედით-მეთქი და როდესაც გამწარებულმა შემათრია საპირფარეშოში, ყველაფერი დეტალებში მაინტერესებსო, სწორედ მაშინ დაგვიძახა ანამ, ავტობუსები მოვიდაო.
- გვანცი, დროა! - დამიძახა თათას ინტერესის ობიექტმა და როცა იქაურობას თვალი მოვავლე, მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც ათი დღით ვტოვებდი, მაინც ამეცრემლა თვალები და ნიკაპი ამიკანკალდა.
- ჩვენი გულჩვილი ლიდერი! - მაშინვე შემომეხვივნენ ბავშვებიც და საბოლოოდ ყველანი ისე ავტირდით, ეს რომ ვინმეს რამდენიმე დღის წინ ეთქვა, მწარედ დავცინებდი.
ალბათ, ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებდი ბოლომდე, თუ რა ხდებოდა ჩვენს თავს. შეიძლება რატომღაც მეგონა, რომ ხვალაც განგაშის ხმით გავიღვიძებდი ან ბავშვებთან ერთად შევადგენდი დღის გეგმას. ჩემს ტვინს ერთ კარგი ფუნქცია აქვს: ცუდ და არასასურველ ინფორმაციას არ იჯერებს. ჰოდა, აი, ასე არ მეჯერა ახლაც, რომ მე კი დავბრუნდებოდი ბანაკში, მაგრამ სულ სხვა ბავშვებთან...
ბოლო დღე და გაცილება ყოველთვის მძიმეა, მაგრამ ორმაგად მძიმე გამოდგა ჩვენთვის, იმიტომ, რომ ვაცილებდით კიდეც და ჩვენც გვაცილებდნენ. საბოლოოდ, ავტობუსში ისეთი თვალებდასიებული ავედი, ბანაკს რომ გავცდით, თხუთმეტ წუთში ჩამეძინა კიდეც. ისიც კი ვერ მამშვიდებდა, რომ ირაკლის გვერდით ვიჯექი, თუმცა შიგადაშიგ, როცა მეღვიძებოდა და ამჯერად მას ეძინა, ვაფიქსირებდი, როგორ მქონდა მისი მაისური მუჭში მოქცეული, თვითონ კი ჩემს წელზე ჰქონდა შემოხვეული თავისი თბილი ხელი. თითქოს ყველაფერი უსიტყვოდ გავარკვიეთ. სიტუაცია არც კი საჭიროებდა ზედმეტ ლაპარაკს, ისედაც ორივემ კარგად ვიცოდით, რა გვინდოდა.

სწორედ ასეთი დარწმუნებული ვიყავი, ავტობუსი რომ გაჩერდა და დადგა დრო, ყველას ჩვენ თვითონ გაგვეგრძელებინა გზა სახლამდე. ჩემები სპეციალურად არ გავაფრთხილე, მინდოდა სიურპრიზი მომეწყო. ვფიქრობდი, რომელიმე მეგობარს ვთხოვ, რომ დამხვდეს და არანაირი პრობლემა არ შემექმნება-მეთქი, მაგრამ დილანდელის შემდეგ ესეც გადავიფიქრე. ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემ დაბინავებაზე ირაკლი იზრუნებდა.
მერამდენედ შეგახსენოთ, რომ არასდროს არაფერი არ მიდის ისე, როგორც ვგეგმავთ? განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც მე ვგეგმავ რამეს?! კოსმოსში გაფრენა რომ დავგეგმო, ალბათ, მთელი გალაქტიკა გაქრება, ისეთი ბედი მაქვს. თუმცა, ეს უკვე მართლა მეტისმეტი იყო...
ბავშვები რომ ჩავუშვით, ჩვენ მხოლოდ მას შემდეგ ჩავედით ავტობუსიდან. ცალკე ტირილისა და ცალკე ძილისგან ისეთი გაბრუებული ვიყავი, სკამებს შორის გზას რომ მივიკვლევდი, ერთი-ორჯერ ირაკლიმ შემაშველა ხელი, რომ არ წავქცეულიყავი. თუმცა ასეთ მდგომარეობაშიც ვგრძნობდი ბედნიერებას, რომელიც რამდენიმე წუთში ჩამომერეცხა.
ჰმ, დიდად არც გამკვირვებია...
ჯერ მე ჩავედი ავტობუსიდან, შემდეგ ირაკლი მომყვა. საბარგულიდან ჩვენ-ჩვენი ჩემოდნები გამოვიღეთ, ბავშვებს საბოლოოდ დავემშვიდობეთ, ყველა პატრონს ჩავაბარეთ და გავისტუმრეთ, შემდეგ კი... შემდეგ მძღოლის წასვლის დროც დადგა და როდესაც ავტობუსი თვალთახედვის არედან გაქრა, ჩვენ წინ გამოჩნდა ის, რასაც აქამდე კარგად ფარავდა.
ყვითელი ფერის მანქანად წოდებული „ხოჭო" და მასზე მიყუდებული, მოკლე ჯინსის ქვედაბოლოსა და ჭიპთან გამოკვანძულ პერანგში გამოწყობილი ქერათმიანი და თვალებფახულა გოგონა, რომელმაც ჩვენი დანახვისას (მხოლოდ შემდეგ მივხვდი, რომ მე არაფერ შუაში ვიყავი) გახარებულმა წამოიძახა:
- სიურპრიზი!!! - შემდეგ კი გახარებული გამოიქცა, ირაკლის კისერზე ჩამოეკიდა და სანამ აკოცებდა, ხელოვნურად განაზებული ხმით დაამატა - ძალიან მომენატრე, საყვარელო!

გაგრძელება იქნება
ნათია ჯაგოდნიშვილი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
e87a93