საღამოს რვა საათამდე დარჩენილი დრო ძილითადად ორ საქმიანობაში გავაიანიავე. პირველ ხუთ წუთს თუ იმაზე ფიქრში ვკარგავდი, რა ჩამეცვა შეხვედრაზე, მეორე ხუთი წუთის მანძილზე საკუთარი თავის დაყოლიებას ვცდილობდი, რაიმე არარელური მიზეზით შეხვედრისგან თავი რომ არ დაემღწია. როგორი რთული და აუტიანელიც არ უნდა იყოს, სხვა გზა მაინც არ მაქვს. რადგან დავთანხმდი, უნდა შევხვდე! და შევხვდები კიდეც, თანაც ისე, მეორედ ჩემი ნახვა საერთოდ რომ აღარ მოუნდეს.
გამწარებული ვალაგებდი გონებაში ისეთ სიტყვებს, ერთიანად რომ უნდა მიმეხალა და სრული ეფექტისათვის, თმაც მომექნია, სანამ წამოვიდოდი, თუმცა, ამ მონოლოგის შეთხზვის პარალელურად, ისიც ვიცოდი, ენა რომ მუცელში ჩამივარდებოდა და ორ სიტყვას ძლივს გადავაბამდი ერთმანეთს, როცა მის პირისპირ ვიჯდებოდი. რა ჯანდაბას მიკეთებ, ირაკლი ქავთარაძე?!
მთელი გარდერობი გადმოვყარე. სიტყვებთან ერთად, ტანსაცმელიც უნდა დამელაგებინა და ისე შემერჩია, სერიოზულად შეპარვოდა ეჭვი იმაში, ბანაკში და აქ ერთსა და იმავე ადამიანს ეკონტაქტებოდა, თუ არა. ნუ, მართალია არც ანაკლიაში ვყოფილვარ მოუწესრიგებლად, მაგრამ სხვადასხვა საცურაო კოსტიუმებსა და ბანაკის მაისურის მეტში საერთოდ არ ვყავდი ნანახი და ნამდვილად დრო იყო, ჭეშმარიტი გვანცა დანელია გაეცნო, თავისი შესანიშნავი გარდერობით!
–დედა, შენ შემთხვევით მისაღებ გამოცდებზე ხომ არ ჩაიჭერი და ისევ სკოლაში ხარ ახლა?!–ცოტა არ იყოს, დაბნეულმა შემომიღო ეკამ საძინებლის კარი.
–რა მოხდა, დამრიგებელმა ხომ არ დაგირეკა და კრებაზე დაგიბარა?–გამეცინა, სანამ მისი შემოსვლის მიზეზს გავიგებდი.
–დამრიგებელმა არა, მაგრამ შენი კლასელი ამჯერად ჩვენი სადარბაზოს წინ დგას საწყლად აყუდებული. არ მეტყვი, რა ხდება?!–გულმა რამდენჯერმე გაიბრაგუნა და ნეკნებს მიაწყდა, ირაკლის მოსვლის შესახებ რომ შევიტყვე. ასე უცბად როგორ გამეპარა დრო?! მაკიაჟის გაკეთებაც კი ვერ მოვასწარი! ყოჩაღ, გვანცი, ყველაზე ბოდიალა გოგო ხარ მთელს დედამიწაზე!
–აუ, ცოტახანს ვერ გაართობ?–მანამ ვკითხე, სანამ გავიაზრებდი და საპასუხო მზერა რომ მივიღე, ხმის ამოღების სურვილიც კი გამიქრა.
–გავძახებ, რომ უკვე გადიხარ და იცოდე, საღამოს ვერც ვახშამს ეღირსები და არც დაძინების უფლებას მოგცემ, სანამ ყველაფერს არ მომიყვები!–თვალები დამიბრიალა დედამ და ისე გავიდა, პასუხის გაცემაც კი არ დამაცადა. ყოჩაღ, ეკა, მე რატომ ვერ ვსწავლობ შენგან?!
ისე სწრაფად გავაკეთე დარჩენილი საქმე, ღმერთს მადლობასაც კი ვწირავდი, ცალ თვალზე ლაინერწასმულმა, მეორეზეც ისეთივე კონტური რომ მოვინდომე და გამომივიდა! აშკარაა, ექსტრემალურ სიტუაციებში რომ ბევრად უკეთ ვფუნქციონირებთ!
მართლია, წარმოდგენა არ მაქვს რისი წყალობით ხდება ეს, მაგრამ სიტუაციის ექტრემალურობამაც კი ვერ მიშველა, გარეთ რომ გავედი. თითქოს, პირველ წამებში ბრაზიც სადღაც გამიქრა, ის მიზეზიც კი დამავიწყდა, საერთოდ რის გამო ვიყავი გაბრაზებული, მაგრამ შემდეგ, გადასაკოცნად რომ გადმოიხარა, წამებში გააფუჭა ყველაფერი.
–ბევრი დრო არ მქვს.–მოვუჭერი სწრაფად და გვერდი ავუარე.–სად მივდივართ?–შემდეგ კი, მანქანა შევათვალიერე და, ცოტა არ იყოს, გამიკვირდა. როდის მოასწრო?!
–დაჯექი!–და, აღარც თვითონ გამოუდია დიდად თავი. ეტყობოდა, სიბრაზე რომ ერეოდა ნელ–ნელა ხმაში და კიდევ ცოტახანს რომ გამეჭიანურებინა, მშვიდი საუბრის ნაცვლად, სერიოზული ჩხუბი გამოგვივიდოდა. ვიცოდე მაინც, რა ნამუსით ბრაზობს! უნამუსო!
ისე ძლიერად მივიჯახუნე კარი ჩაჯდომისას, ლამის სახელური ხელში შემრჩა და ირაკლის მზერამაც ამიწვა სახე, თუმცა, ეს ვერ შემაშინებდა. სწორედ ამის გამო მოვიქეცი ასე და არაუშავს, როგორმე თვითონაც აიტანოს ჩემი ცუდი საქციელი. თვითონ ხომ ყველა შესაძლებლობისას ნერვებს მიშლიდა?! ჰოდა, ადგილების გაცვლის დრო დადგა!
მთელი გზა ისე ვიმგზავრეთ, არც მე ამომიღია ხმა და არც მას ვაცადე რაიმეს თქმა. გულზე დავიკრიფე ხელები და მაშინაც კი არ გამღიმებია, რადიოში ჩემი საყვარელი მელოდია რომ გაჟღერდა. ამხელა კაცია და ისიც ვერ უზრუნველყო, მანქანაში წესიერი მაგნიტოფონი რომ ჰქონდეს და რადიოს იმედზე არ უნდა იყოს. ახლა ეს რომ არ გაეჟღერებინათ, რას აპირებდა, მამა–პაპური ფანოღების ფონზე უნდა გვემგზავრა?!
კიდევ უფრო მომეშალა ნერვები. ვატყობდი, როგორ ემატებოდა გაბრაზებას გაბრაზება და ალბათ, უკვე ისიც კი აღარ გამაკვირვებდა, ყავა რომ შეეკვეთა და ისე შეეხვრიპა, როგორც ნაბახუსევზე მყოფს ხაშის პირველი კოვზი... ღმერთო, რა საშინელი შედარებაა. ხერხემალში დამიარა ჟრუანტელმა, იმ საშინელი საკვების გახსენებისას, არც ერთ ნაბახუსევზე რომ არ დამხმარებია, თავისივე შემადგენლობის გამო. არა, მაგას საერთოდ რატომ ჭამენ?!
–გვანცი...–ფიქრებიდან ირაკლის ხმამ გამომიყვანა. ჰმ, ვერაფერს იტყვით, იდეალურად შემიძლია სხვა თემაზე ყურადღების გადატანა, როცა წინ სერიოზული საუბარი მაქვს.
–მაცადე, უნდა ავარჩიო!–შევუღრინე ისე, არც მიმტანის მომრიდებია და შემდეგ, მენიუ რომ ავიფარე სახეზე, ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელოვით, მხოლოდ მაშინ გავიაზრე, შუა ზაფხულში ჩაის სახლში რომ მომიყვანა... სერიოზულად?!
არა, აი მართლა ვერასდროს წარმოვიდგენდი! შეუძლია, მასტერკლასებიც კი ჩაატაროს თემაზე, „როგორ არ უნდა მოვიქცეთ გოგოსთან! ნუთუ, საერთოდ ვერ აზროვნებს? ეს იგივეა, ზამთარში აკვაპარკში რომ წავეყვანე... არა, ნუ მართალია, კარგად კი გავერთობოდი, მაგრამ...
–მეკაიფები?!–აღმომხდა ბოლოს გაბრაზებულს, პარალელურად კი, მიმტანი ღიმილით ვიხმე და ისეთი სახით შევუკვეთე კარკადეს ჩაი, ვიღაც იფიქრებდა, რომ პიროვნების გაორება მქონდა.
–რატომ?–და ვერც ირაკლი მიმიხვდა გაბრაზების მიზეზს.
–ბარემ, საუნაში წავსულიყავით, არა?! ზაფხლს ეგ უფრო მოუხდებოდა, ცხელ ჩაის შესაძლოა მთლად კარგი ეფექტი არ ჰქონდეს!–მივაყარე ნერვებმოშლილმა. ვატყობდი, ისტერიკიანივით ყველა უაზრო მიზეზს რომ ვეკიდებოდი, მაგრამ მერჩივნა კვლავ გაბრაზებული ვყოფილიყავი, ვიდრე სერიოზული ჩხუბის მიზეზზე მეფიქრა.
–შენ ჩემან ჩხუბი ხასიათში გადაგივიდა?
–ჰო, ის დღე დღედ არ მიმაჩნია, შენთან თუ არ ვიჩხუბებ!–ხელოვნური ღიმილი ავიკარი სახეზე, შემდეგ კი, სკამის საზურგეს ისე მივეყუდე, კარგად რომ მოვკალათებულიყავი.–აბა, გისმენ!
–ასე ნუ იქცევი, გვანცი!
–როგორ ვიქცევი?–„შევიცხადე გულწრფელად.–გისმენ–მეთქი, მეტი რა გავაკეთო? თუ გინდა, შემიძლია რჩევებიც მოგცე შენს ახალ შეყვარებულთან დაკავშირებით, არაა პრობლემა...
–გეყოფა!–აშარად ეტყობოდა, ცოტაც და, მეტს ვეღარ მოითმენდა. ისედაც ცუდად ვცდიდი მისი მოთმინებას ფიალას, თუმცა, მეტს არც იმსახურებდა. მოღალატე ვირი!
–რა? არ თქვა, რომ შეყვარებული არაა! შეიძლება მე მომატყუო, მაგრამ მარკს და სოციალურ სივრცეს ვერ მოატყუებ!–მიტინგზე შეკრებილი ხალხისთვის სათქმელი ლოზუნგივით გამომივიდა, თუმცა ესეც აღარ მადარდებდა უკვე. ვატყობდი როგორ მემატებოდა გაბრაზება და იმასაც ვგრძნობდი, ეს საუბარი რაც შეიძლება მალე უნდა დამესრულებინა. ფიზიკურად, მე მეტს ვეღარ გავუძლებდი მასთან ასე ახლოს ყოფნას, მით უმეტეს კი, ამ თემაზე საუბარს, თუმცა... თუმცა თვითონვე იზრუნა ჩემს გამოფხიზლებაზე და ისე წარმოთქვა, წამითაც არ შეხრია წარბი:
–არც შენ გატყუებ და არც სხვას. ნამდვილად შეყვარებულია, უბრალოდ...
–რა უბრალოდ, ირაკლი?–აღმომხდა შოკირებულს. არც კი უარყოფს?!
–უბრალოდ მინდა დამაცადო, რომ ყველაფერი აგიხსნა!
–გისმენ...–ამოვიოხრე ბოლოს. აღარც შეწინააღმდეგების თავი მქონდა და, უნდა ვაღიარო, მაინტერესებდა კიდეც, რას მეტყოდა.–ოღონდ, რომ მივხვდე, თუნდაც ერთ სიტყვას მატყუებ...
–გვანცი, აქ სამაგისოდ არ მომიყვანიხარ!–შემაწყვეტინა და ისეთი ტონით წარმოთქვა, შემრცხვა კიდეც, ეს რომ გავიფიქრე... არა, მთიულ კაცს ტყუილი როგორ დავწამე?! არსად გაიშვას ამის სიმართლე!
–დაიწყე, ბევრი დრო არ მაქვს...–კვლავ ვერ ვიშორებდი სარკასტულ ნიღაბს. თუმცა, არც შემეძლო სხვანაირად. გრძნობებგაშიშვლებული ვერ დავრჩებოდი იმ კაცის წინაშე, რომელსაც, თურმე, შეყვარებული ჰყავდა!
–არ მინდა გეგონოს, რომ გატყუებდი,–მდაჰმ, სერიოზული შესავალია! ბრავო, ირაკლი, დიდხანს წერდი სიტყვას?!–და არც იმის თქმას ვაპირებ, რომ დამნაშავე არ ვარ.
–მაგის თქმას არც დაგაცდი!
–ნუ მაწყვეტინებ!
–ნუ მაიძულებ, შეგაწყვეტინო!–არ დავაცადე. კიდევ აქეთ რომ არის დიდ გულზე! თავხედი!
–გვანცი, მე თუ რამე შემეშალა და ვაღიარებ, რომ შემეშალა, ეს მხოლოდ იმ გოგოს წინაშე, რომელსაც დავპირდი, რომ ვცდიდით...
–ირაკლი, ძალიან გთხოვ, თქვენს ურთიერთობაში მე ნუ გამრევ!–უკვე სერიოზულად ვბრაზდებოდი. ყველაზე მეტად იმას ვერ ვიტანდი, მესამე პირი რომ ერეოდა და ამას უნდა, მე გამომიყვანოს დამნაშავე?!
–ნეტავ შემეძლოს, გვანცი...–ისე ჩაეღიმა, აშკარა იყო, რეალურად, სულაც არ ეღიმებოდა. ჯანდაბა, უწესოდ თამაშობს! არა, როგორ ახერხებს, რომ გაბრაზებულსაც კი თავს მაკარგვინებს ასეთი ღიმილით?!
–გააგრძელე...
–ვერ უარვყოფ, რომ ეკას ვხვდებოდი, მაგრამ წარმოდგენაც არ მქონდა, იქ თუ დაგვხვდებოდა... ბანაკში წამოსვლამდე ავიღეთ „შესვენება.
–არ მაინტერესებს იმ ამბის დეტალები, რომელიც მე არ მეხება!
–შენ გეხება!–უკვე მასაც უმტყუნა ნერვებმა.–ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შენ გეხება და შეიგნე ეს ერთხელ და სამუდამოდ!–და ფაქტობრივად, ჩხუბით მითხრა ისეთი სიტყვები, ადგილზე რომ მიმყინა...
–ირაკლი...
–მე მისთვის არასდროს მითქვამს რომ მიყვარდა, გვანცი! და იცოდა კიდეც, რომ არ მიყვარდა. მეც ვიცოდი. მაგრამ აღარ შემეძლო ასე უაზროდ გაგრძელება და იმის ლოდინი, რომ თორმეტი წლის შემდეგ მაინც შევუყვარდებოდი გოგოს, რომელიც ამდენიხნის განმავლობაში ვერ მიტანდა! აღარ შემეძლო, გესმის? ყველგან შენ იყავი! და ყველგან შენ ხარ, ახლაც! რამდენჯერ არ ვცადე, როგორ არ მოვინდომე შენგან გაქცევა. არასდროს მყავდი გვერდით, მაგრამ მაინც ყოველთვის ჩემთან იყავი! დავიღალე! იმის უფლებასაც კი არ მაძლევდი, საკუთარი ცხოვრებით რომ მეცხოვრა. შენ გარშემო ბრუნავდა ყველაფერი და მაშინაც კი, როცა რაღაც ახლის დაწყება ვცადე, როცა ვიფიქრე, რომ შეიძლებოდა შენი ტყვეობიდან როგორმე მაინც დამეღწია თავი, მაშინაც შენ გამოჩნდი! თითქოს, შენ კი არა, ბედმა დამცინა. თავზე ჩამომენგრა ამდენიხნის ნაშენები სიმტკიცეც, მონდომებაც, თავმოყვარეობაც სადღაც გაქრა და ისევ შენ გარშემო დავაწყებინე ჩემს სამყაროს ტრიალი. ისევ შენ გახდი მთავარი ისე, რომ არც კი გიცდია, არც კი მოგინდომებია. ეს არასდროს მოგინდომებია, მთელი თორმეტი წლის მანძილზე!–მეუბნებოდა ისე, წამითაც არ მაშორებდა მზერას და ხმის ტემბრი ნელ–ნელა ისეთ ტონალობაში გადასდიოდა, ჩხუბს უფრო ჰგავდა, ვიდრე იმის თქმას, რომ ვუყვარდი. და ჰო, ზუსტად ასე მითხრა პირველად, რომ ვუყვარდი...
მე? მე პირზეხელებაფარებული ვიჯექი და ცრემლებად ვიღვრებოდი. მართლა ვერ ვხვდებოდი, რა უნდა გამეკეთებინა სხვა, ან რა მეთქვა, რა მეპასუხა, როცა ასე მარტივად, ერთდროულად, თან მიწასთან გამასწორა ჩემი უსაქციელობის გამო და თან მითხრა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მე ვუყვარდი. ყველაზე ეგოისტი სადისტივით მესიამოვნა მისი სიტყვები. მეუბნებოდა, როგორი რთული იყო მისი ცხოვრება ამდენიხნის განმავლობაში ჩემ გამო და მე მაინც ის მიტრიალებდა გონებაში, რომ ვუყვარდი...
არაფერი ეკარებოდა ჩემს გონებას, ამ სიტყვის მეტი. თუმცა, პასუხის გაცემას მაინც ვერ ვახერხებდი. არც ის ვიცოდი, რა უნდა მეპასუხა, რადგან, საკუთარ გრძნობებში ბოლომდე მაინც ვერ გავერკვიე. ირაკლის სიტყვების შემდეგ კი, გამორიცხულია, რაიმეს იმედი ისე მიმეცა, მე თვითონაც რომ არ მცოდნოდა, შემეძლო საკუთარ თავს ვნდობოდი, თუ არა. მეტად ვეღარ ვატკენდი. ისედაც, ასე დაიტანჯა ჩემ გამო...
–მითხარი რამე!–ამოიოხრა ბოლოს და თვითონაც სახეზე მოისვა ხელი. ვეღარც კი მალავდა ემოციებს. ისეთი აღელვებული იყო... არასდროს მინახავს ასეთი ირაკლი. და ალბათ, ყოველ ჯერზე შემეძლება ამის თქმა, იმდენად ცვალებადია ეს ბიჭი. მინახავს მხიარული, მოწყენილი, ჩაფიქრებული, გაბრაზებული, გაცეცხლებული, განერვიულებული. ისეთიც კი მინახავს, სხვებს რომ ანგელოზი ჰგონებიათ და მხოლოდ მე დამინახავს მის თვალებში აციმციმებული ნაპერწკალი, აშკარად, რაღაც ეშმაკურის ჩადენას რომ აპირებდა. ისეთიც მინახავს, სანაპიროზე რომ მეხვეოდა და ბოლომდე ვერ ვარკვევდი, რას ნიშნავდა მისი მზერა. თუმცა ახლა... ახლა ყველასგან განსხვავებულად მიმზერდნენ ეს თვალები, მე რომ ასე ძალიან მიყვარდა და მათში უიმედობის მეტს, ვერაფერს ვკითხულობდი. თითქოს, დარწმუნებული იყო, რომ ისევ უარს ვიტყოდი მასზე. არც კი უშვებდა სხვა ვარიანტს და ეს კიდევ უფრო მარწმუნებდა იმაში, ზედმეტი ერთი სიტყვაც რომ არ მეთქვა მანამ, სანამ თავად არ დავრწმუნდებოდი, რა მინდოდა და რისთვის ვიყავი მზად სინამდვილეში.
გაგრძელება იქნება
ნათია ჯაგოდნიშვილი