–გვანცი, რამე მაინც მითხარი...–ამოიოხრა ბოლოს, სიჩუმე მშვიდიდან, აუტანელში რომ გადაიზარდა, მაგრამ ამჯერადაც ვერ დავეხმარებოდი. სანამ კარგად არ ჩამოვაყალიბებდი საკუთარ გონებაშ რა მინდოდა, რაზე ვიყავი მზად და შევძლებდი თუ არა ირაკლისთან ყოფნას ისე, რომ არც ერთს გვტკენოდა გული, ვერაფერს ვეტყოდი. ჯობდა ახლა გაბრაზებულიყო ჩემზე, ვიდრე ამდენიხნის ნაშენები ოცნება დამენგრია. ნუ, შესაძლოა ზედმეტად ამპარტავნულად ჟღერს, საკუთარ თავს ოცნებას რომ ვუწოდებ, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, თორმეტი წლის განმავლობაში ისე ვუყვარდი, ცალმხრივობის მიუხედავად, გრძნობამ მაინც გაუძლო და ახლა რომ ურთიერთობა წამოგვეწყო, ვერ მოვექცეოდი ისე ცუდად, შემდეგ ყველაფერი ერთი ხელის მოსმით გამენადურებინა. მდაჰმ, მგონი ჩემში ბიჭური გენი უფრო მეტია... ყველა სასიყვარულო წიგნსა თუ ფილმში, ბიჭები უფრო არ ღელავენ, ნაბიჭვრულად არ მოვიქცე და გოგოს გული არ ვატკინოო? აბა მე რატომ ვექცევი ირაკლის სათბურში გაზრდილი ყვავილივით?
–ირაკლი, მე... არც კი ვიცი, რა უნდა გითხრა...–როგორც იქნა, გამბედაობა მოვიკრიბე და ის იყო პირდაპირ უნდა მეთქვა, ჯერ ვერაფერსაც ვერ გიპასუხებ–მეთქი, ტელეფონის ზარი რომ მოგვევლინა მშველელად მეც და მასაც... ოღონდ, მე ჩემი, მას კი თავისი. რა იყო, ახალი წელია, ასე ერთდროულად რომ ატყდა რეკვა?! ლამის წარბიც კი ავწიე, სანამ ეკრანზე გამოსახულ სახელს დავხედავდი, თუმცა შემდეგ, სახე რომ შემეცვალა, ჩემ წინ მჯდომმაც დააფიქსირა და თვითონვე დამასწრო, სანამ ხმას ამოვიღებდი.
–შენც ბანაკიდან გირეკავენ?–გაკვირვებულმა შემომიტრიალა მობილური, რომელსაც ეკრანზე ნუცის სახელი ეწერა. მე გიორგი მირეკავდა... არა, აშკარად რაღაც ხდება.
–ალბათ, რამე სერიოზულია...–მხრები ავიჩეჩე და ორივემ ერთდროულად, საიდუმლო აგენტებივით გადავუსვით სენსორს თითი.
წარმოდგენა არ მაქვს რა უთხრეს ირაკლის ამისთანა, სახეზე ცისარტყელის ყველა ფერმა რომ გადაურბინა და მეტი ეფექტურობისთვის, ჩაიც გადასცდა და ხველა აუტყდა, მაგრამ მე წარმატებით გავიმეორე მისი ყველა მოქმედება, თითქოს საკუთარ ანარეკლს ვაყურებინებდი სარკეში. კი მაგრამ, რა ჯანდაბა მოხდა ამისთანა?
–გიორგი, ან გამაგებინე წესიერად რა მოხდა, ან ახლავე ანასთან ვრეკავ!–წარმოვთქვი გადაჭრით, შემდეგ კი, სიტუაციის კომიკურობა რომ გავიაზრე, ირაკლიც აქაა, ერთად დაგველაპარაკეთ–მეთქი ჩაივუბრტყუნე და მობილური ხმამაღალ რეჟიმზე გადავიყვანე.
–თქვენ გააფრინეთ?–ხმის ამოღებაც აღარ დამაცადა ქავთარაძემ. ოჰ, ამან ჩემზე მეტის გაგება მოასწრო?
–ირუშ, ძმურად, უნდა ჩამოხვიდეთ, რა!–გიორგის კი ისეთი ხმა ჰქონდა, უკანასკნელი ნაძირალა უნდა ყოფილიყავი, უარი რომ გეთქვა.
–გვანცი, ხომ იცი, აქამდე შენთვის არაფერი მითხოვია, მაგრამ...–ჩაერთო ნუციც. ღმერთო, ახლა შეიძლება ინტრიგისგან მოვკვდე!
–მე კი მითხოვია, გვანცი, მაგრამ ჩვენი მეგობრობის ხათრით...
–გიორგი, ამოღერღე!–ნერვებმაც მიმტყუნა საბოლოოდ და ლამის ტელეფონში გავძვერი, არც ერთი რომ არ აპირებდა არაფერი ახლის თქმას.
–მართლა კრიტიკული სიტუაციაა. თქვენ გარდა არავინ გვყავს, ვინც დაგვეხმარება...
–ე ბიჭო, ნარკოტიკის გადატანა გინდა, თუ რა შარში გაეხვია ამისთანაში?
–ირა, შენს ძმობას ვფიცავარ...
–აბა ახლა ორივემ მოიცათ!–კიდევ ერთხელ შევაწყვეტინე.–მე არაფრის გამკეთებელი არ ვარ, სანამ არ მეცოდინება, რა ხდება. რა იყო, შტორმი დაიწყო და გამოცდილი ლიდერების დახმარება გჭირდებათ?
–ჯერ არა, მაგრამ მალე დაიწყება...–ამოიკნავლა ნუციმ. ესენი რა, დაგვცინიან?
–ანა რატომ არ გვირეკავს?–ყველაზე ლოგიკური კითხვა დასვა ირაკლიმ. ყოჩაღ, ბიჭი, შეგძლებია!
–ჯერ არაფერი იცის და იმიტომ...–ამოიოხრა ჩემმა იმედგადაწურულმა მეწყვილემ. არა, ეს ბიჭი სულ ხათაბალაში როგორ უნდა ეხვეოდეს?
–მართლა ძალიან გვჭირდება თქვენი დახმარება...–მისი შეყვარებული კი ისეთ დღეში იყო, ცოტაც და, ტირილს დაიწყებდა.
–გვანცი, გეფიცები, ამის მეტს აღარაფერს გთხოვ...
–ჯანდაბას, გაჩუმდით ორივე!–საბოლოოდ შემევსო მოთმინების ფიალა. ყველაზე მეტად გაურკვევლობას ვერ ვიტანდი და კიდევ იმას, სისულელეში რომ მთხოვდნენ დახმარებას. ახლა კი, ბედის ირონიით, ორივე ერთდროულად დამატყდა თავს და ყველაფერს ბონუსად ისიც დაემატა, საერთოდ რომ არ ვიცოდი რაზე მივდიოდი.
–წავიდეთ?–ირაკლი კი, ისეთი სახით მომიბრუნდა, აშკარა იყო, გადაწყვეტილება ჩემს თანხმობამდე მიიღო. მიდი და უთხარი ახლა უარი, თუ მაგარი ხარ! არა, რა, გვანცა დანელია, თავის დროზე უნდა გეფიქრა, ასეთ არანორმალურებს რომ ირჩევდი სამეგობროდ.
ვეღარაფერი ვუპასუხე. მხოლოდ მხრები ავიჩეჩე და ტუჩები ავატრიალე. როგორ მეთქვა უარი? ადამიანები ასეთ დროს რომ გირეკავენ, მით უმეტეს, თქვენს იქეთ გზა არ გვაქვსო, გეუბნებიან... ან რაღაცას უნდა გიწყობდნენ, ან მართლა სერიოზული საქმე ჰქონდეთ. ნუ, მართალია პირველი ვარიანტი უფრო მარტივად დასაჯერებელია, მაგრამ არამგონია ისეთი რისკიანები იყვნენ, ჩვენთან ხუმრობა რომ გაბედონ. არა, რვა საათი რომ ტყუილად გვამგზავრონ, ირაკლი არ ვიცი, მაგრამ მე ნამდვილად თავებს წავაცლი და ირმის რქების დიზაინივით ჩამოვიკიდებ კედელზე!
–ან რაღაცას გვიწყობენ, ან რაღაცაში გაეხვნენ!–ჩაფიქრებულმა წარმოთქვა ირაკლიმ. რა გონიერია, ხვდებით?! ფაქტობრივად, ახალი პლანეტა აღმოაჩინა!
–დიდხანს ფიქრობდი?–მაინც ვერ შევიკავე თავი და ვერც ენის მოქცევა მოვასწარი კბილებს შორის. ობიექტურად, ეს პრობლემა ბავშვობიდან მქონდა...
–ჰმ, ეს უკვე მომწონს!–ცალყბად ჩაეცინა და მიმტანს უხმო, ანგარიში რომ გაესწორებინა. ნეტავ ოდესმე თუ ისწავლის გასაგებად ენაზე საუბარს.
–რა მოგწონს?
–ისევ იკბინები, ანუ, გაბრაზებული აღარ ხარ!–მხიარულად აიჩეჩა მხრები, კვლავ ახალი პლანეტის აღმომჩენის სახით და შემდეგ, სანამ გარეთ გავიდოდით ისეთი სახით გამიღიმა, თითქოს წუთის წინ კანფეტის მიცემას დავპირდი.
ზედმეტად უცნაურად წავიდა ყველაფერი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მელოდრამიდან სიტუაციურ კომედიაში გადავინაცვლეთ და სადაცაა, ჩვენს მოქმედებებს ფონად ხელოვნური სიცილი და ტაშის ხმა დაედებოდა. სახელგანთქმული, „ფილარმონიის ტაშის... ღმერთო, გვანცი, ეს რა საშინელ დღეში ხარ!
–ისე, იმას თუ ამჩნევ, აზროვნების უნარსაც რომ გაკარგვინებ?–გამიცინა კვლავ უცნაური მზერით. არა, რა, უარი უნდა მეთქვა რომ ცოტახნით მაინც ყოფილიყო სერიოზული!
–და შენ თუ ამჩნევ, ზედმეტად კარგ ხასიათზე რომ ხარ, უპასუხოდ დარჩენილის კვალობაზე?
–მეტყობა მე რამე უპასუხოდ დარჩენილის?!–ისე შეიცხადა, ლამის საკუთარ მახსოვრობაში შემეპარა ეჭვი. იქნებ, უკვე დავქორწინდით კიდეც და ესეც დამავიწყდა?
–ირაკლი, იმ ჩაიში მართლა არაფერი გაურევიათ?
–ყველაზე უჟმური ადამიანი ხარ მათ შორის, ვისაც ვიცნობ და ალბათ, მათ შორისაც, ვისაც არ ვიცნობ!
–მსოფლიოს დონის ვყოფილვარ, რაღა მიჭირს!
–მსოფლიოს დონის უჟმური, უგრძნობი და უგულო!–ვალში არ დამრჩა და ისეთმა გაკრეჭილმა გამომლანძღა, მართლა დავფიქრდი იმაზე, რომ რამე გამომრჩა, ანდაც, ჩაიში თუ არა, ნამცხვარში მაინც ერია, როგორც მცირე, ჰაშიში მაინც...
–ჰოდა ელოდე მაშინ ჩემს შეყვარებას!–წავისისინე ბატივით და კიდევ უფრო მომეშალა ნერვები, ხმამაღლა რომ გაიცინა.
–სხვა რა საქმე მაქვს? რვა საათში, როგორმე მოასწრებ, ეჭვი არ მეპარება შენს შესაძლებლობებში!–თვალი ჩამიკრა და ლოყაზე რომ მიჩქმიტა პატარა ბავშვივით, იმაშიც კი დამაეჭვა, იქნებ, საერთოდაც პიროვნების გაორება, ანდაც, მეტი დრამატულობისთვის, ბიპოლარული აშლილობა ჰქონდა?!
–მაგ იმედად იყავი შენ!–მაინც არ დავნებდი და საბოლოოდ, მანქანა ჩემი კორპუსის წინ რომ გააჩერა, გადაცუნცულდი და მალე ჩაალაგე ბარგი, კიდევ თორმეტი წელი ნუ მალოდინებო, შოკისგან პასუხის გაცემაც ვერ მოვასწარი, რამდენიმე წამში ეზოში გაოგნებული, პირდაღებული და სრულიად გონებაარეული, ისე დავრჩი.
არა, აშკარაა, რომ ჩვენ ორს შორის აქამდეც იყო რაღაც და დღეის შემდეგ, უფრო იქნება, მაგრამ... რას წარმოვიდგენდი, ერთად მგზავრობის პერსპექტივა ასეთ ხასიათზე თუ დააყენებდა? დღეს ან მაგნიტური დღეა, როგორც ჩემი ძვირფასი ბებია იტყოდა, ანდაც, ჩემ გარშემო, მართლა ყველა გაგიჟდა!
–გაუძელი, გვანცი, შენც ამათ ნუ დაემსგავსები!–ჩავიბურდღუნე, სანამ კიბეს ავუყვებოდი და ის იყო გავაცნობიერე, სიგიჟის პირველ სტადიაზე მყოფმა, საკუთარ თავთან რომ დავიწყე საუბარი, მობილურის ხმამაც არ დააყოვნა და მესიჯი რომ გავხსენი, ამჯერად, მე გამებადრა სახე ღიმილისგან:
From: პირადი სადისტი
„აზროვნების უნარსაც გაკარგვინებ–მეთქი რომ გითხარი, არ დამიჯერე, არადა, აქამდე არც კი გაგხსენებია, თათასთვის რომ დაგერეკა და გეკითხა მაინც, რა ხდებოდა ბანაკში...
P.S. მე კი გამახსენდა და დავურეკე, მაგრამ პასუხად ვერაფერი მივიღე და შენ მაინც ნუ დახარჯავ ანგარიშს.
P.P.S. ერთ საათში შენს სადარბაზოსთან ვიქნები. არ მალოდინო, ისედაც, თორმეტი წელი გაქვს ჩემი ვალი!
P.P.P.S. ჩვენს საუბარს რაც შეეხება... ვიცი, რომ შენც!
გაგრძელება იქნება
ნათია ჯაგოდნიშვილი