ჩვენი მგზავრობის აღსაწერად, ალბათ, ისიც საკმარისი იქნება, რომ გითხრათ, მცხეთაშიც კი არ გაუჩერებია, ღვეზელები რომ გვეჭამა. ისე სწრაფად მომადგა, დედაჩემისთვის ბოლომდე დასრულებულიც არ მქონდა მოყოლა. არადა, რა ამბები იყო?! სერიალს არ დაუინტრიგებია ეკა ისე ძალიან, როგორც ჩემმა მონაყოლმა შეძლო და სიამაყით გაბღენძილი დავდიოდი, ჩვენი კორპუსის წინ გაჩერებულმა მანქანამ რომ არ შემარგო და იმდენ ხანს იხმაურა, სანამ გარეთ არ გამიყვანა.
გზაშიც არანორმალურივით იარა. რვა საათის გზა ხუთში გაიარა და მიუხედავად იმისა, შუაღამე რომ იყო, მუსიკებს ისეთ ხმაზე აღრიალებდა, კორპუსში რომ ვყოფილიყავით, მეზობლები გვიჩივლებდნენ!
საუბარს რაც შეეხება, გზაში აღარ გვისაუბრია, თუმცა ამასაც ჰქონდა თავისი მიზეზი და თანაც, უმარტივესი.
უბრალოდ, დიალოგისათვის, სულ მცირე, ორი კაცია საჭირო, მე კიდევ, ისე მეძინებოდა, ნახევარი გზა გათიშული ვიყავი, მეორე ნახევარი კი ისეთ მდგომარეობაში, მაქსიმუმი, რაც შეიძლებოდა მეპასუხა, ზმუილი იყო.
საშინლად მეძინებოდა. ისე საშინლად, ლამის ქვედა ყბაც დავიზიანე მთქნარებით. ნუ, ამ მხრივ უნიკალური კი ვარ! თუ მეძინება, მთავარია, თავის დასადები ადგილი ვიპოვო და შემდეგ აღარაფერი მაღელვებს, თუნდაც ქვეყანა დამქცევია თავზე. დამჯდარიც კოხტად ვახერხებ ძილს და არც ის მაკავებს, გაღვიძებისას კისრის გამოძრავებასაც რომ ვერ შევძლებ, დიდი ალბათობით.
გამომდინარე ამ ყველაფრიდან, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ისე გამოვიდა, გასაუბრება რომ ვერ მოვახერხეთ. თუმცა, მე თუ მკითხავთ, აღარც არაფერი გვქონდა გასარკვევი.
ნუ, სინამდვილეში არც არაფერზე გვისაუბრია და ისიც კი არ ვიცოდი ბოლომდე, რას წარმოვადგენდით ერთმანეთისთვის. არც პასუხი მითქვამს და არც მომიფიქრებია, რა უნდა მეთქვა, მაგრამ თავს რაღაცნაირად ისე მშვიდად და კომფორტულად ვგრძნობდი, თითქოს, ამის აუცილებლობა არც კი არსებობდა.
აღარც ირაკლის შეუხსენებია. პირიქით, ისეთ კარგ ხასიათზე იყო, ლამის იმაშიც კი შემპარვოდა ეჭვი, რომ ყველაფერი იცოდა და გიორგისთან და ნუცისთან შეთანხმებით მოქმედებდა! მაგრამ თავს იმით ვიიმედებდი, რომ იცოდა, ასეთ შემთხვევაში რაზეც ვიყავი წამსვლელი და ფიზიკურად ვერ გარისკავდა!
თან, იმის მომსწრეც ვიყავი, როგორ გაუკვირდა ნუცის ზარი. ვერ დავაბრალებდი კოალიციის წევრობას, მაგრამ მაინც საეჭვო ვითარება იყო და უნდა ვაღიარო, ბოლომდე ვერ ვენდობოდი. საუკეთესო იყო ასეთი შეთქმულებების მოფიქრებაში და ალბათ, სადღაც გამიკვირდებოდა კიდეც, ამ საქმეში მთლად „სუფთად რომ გამოსულიყო".
– გაიღვიძე, სანამ ხვრინვა დაგიწყია! – ჩაიფხუკუნა და ისე შემიღიტინა კისერში, ჩემი მცდელობა, სულ სხვანაირად რომ გავეღვიძებინე, წამებში ჩამომეფშვნა თავზე. რანაირი ბიჭია?! აი, როგორ შეუძლია თან ისეთი რომანტიკული იყოს, იმის მსგავსი სიტყვები რომ მითხრას, როგორც საჩაიეში და თან, ამ ყველაფრის ფონზე, ასე მოქცევაც გამოუვიდეს? დღემდე ვერ ვხვდები, როგორ ახერხებს!
– ასეთი ცუდი გამოცდილება გაქვს, იკაკო? – სპეციალურად, ხელოვნურად დამწუხრებული სახე მივიღე და ლოყაზეც ვუჩქმიტე მეტი დრამატულობისათვის, თუმცა, ეს სახელი რომ მოისმინა, ლამის თვალის ბადურა დაიზიანა.
ბავშვობაში, ბებია რომ სკოლაში აკითხავდა ხოლმე ნიშნების და იმის გასაგებად, იმ თვეში რამდენჯერ და რისთვის ბრძანდებოდა მისი შვილიშვილი დირექტორის კაბინეტში, სულ ასე მოიხსენიებდა. შემდეგ მე მეორე თვის მოსვლამდე დავცინოდი. ისე ბრაზდებოდა მაშინაც! ერთიანად ჭარხლდებოდა სახეზე, ცხვირის ნესტოები ებერებოდა და შეეძლო იმდენ ხანს ედევნა ჩემთვის, სანამ ისევ მას არ გამოვიყვანდი დამნაშავეს და დამრიგებელთან არ ვატლიკინებდი ორმეტრიან ენას იმასთან დაკავშირებით, რომ ქავთარაძე მაწვალებდა! არა, რაც მართალია, მართალია, მეც საშინელი ბავშვი ვიყავი!
– შენ ჩემს გამოცდილებაზე ნუ იდარდებ, გვანცულიკა, ამტანი ბიჭი ვარ, მასე ადვილად ვერ შემაშინებ! – არც თვითონ დამრჩა ვალში და თავიც ჩვენი დირექტორივით გამკიცხავად გადაიქნია, სანამ მანქანიდან გადავიდოდა.
არც ერთს გვიფიქრია ბარგის ამოლაგებაზე. პირდაპირ ადმინისტრაციული კორპუსისკენ გავემართეთ, იმის მიუხედავად, ჯერ ბოლომდე გათენებულიც რომ არ იყო. წამითაც არ დაგვიშვია ის ფაქტი, ჩვენი სუპერორიგინალური და, უფრო მართებული იქნება ვთქვათ, ტვინნაღრძობი მეგობრები რომ გვატყუებდნენ.
– მეჩვენება, თუ დაცვასაც კი სძინავს? – გადმომხედა დაეჭვებულმა, კართან ჭიდილი მარცხით რომ დაასრულა და კვლავ დასჯილი ბავშვებივით გარეთ ვიყავით ატუზულები.
– არ მითხრა, რომ გაგიკვირდა! მაინც არ დავიჯერებ! – გამეცინა და მობილური ამოვაძვრინე, საქმის მთავარი გმირებისთვის რომ დამერეკა.
– მოიცა! ესენი, მგონი, რაღაცას გვატყუებენ. – ოჰ, დიდხანს ვიფიქრეთ?!
– ნუ გიხარია, აღმოჩენა არ გაგიკეთებია! – მაინც ვერ შევიკავე თავი, მაგრამ სანამ დარეკვას მოვასწრებდი, ისეთი იდეა მომაწოდა, ჩემს გონებაში ჩაბუდებულმა, რქებიანმა და კუდიანმა არსებამ ბოროტად გადაიხარხარა.
– მასე მარტივად გავაღვიძოთ? საერთოდ არ გინდა შურისძიება?
– რას მთავაზობ?!
– ამ შემთხვევაში თუ ზოგადად?
– ზოგადად რა შუაშია, ირაკლი? – ამოვიოხრე, პასუხი რომ ვერ მივიღე. ისე, ამდენ ხანს მართა მანქანა, საერთოდ არ უძინია, ისევ ასე მხიარულად როგორ არის, ვამპირია?!
– რა ვიცი, იქნებ ჩემი გული და ხელი გაინტერესებს?! – შეიცხადა „შეურაცხყოფილმა", აქამდე რომ ვერ მივუხვდი, რასაც გულისხმობდა.
– აი, ბეჭედი არ წამომიღია, თორემ აქვე დავდგებოდი ცალ მუხლზე!
– ხომ იცი, ძვირფასო, მე შენი ქონება არ მაინტერესებს! – თვალი ჩამიკრა და რომ შეატყო, უკვე ნერვები მეშლებოდა, საქმეზე გადავიდა. – მოკლედ, შურისძიებას გთავაზობ!
– უფრო კონკრეტულად?
– არა, რა, უკვე გეტყობა ასაკი! ბავშვობაში გაცილებით უკეთ გიმუშავებდა ტვინი!
– ქავთარაძე, იცოდე, ახლა ბავშვობას მართლა გავიხსენებ და ქოთანს გესვრი, ოღონდ ამჯერად აღარ აგაცილებ! თქვი დროზე, რა გინდა!
– ნერვებიც სამკურნალო გაქვს! – ამოიოხრა, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამნებდა. – მე ერთი აზრი მიტრიალებს, მაგრამ ამის გამო შეიძლება მწარედ მოგვხვდეს.
– წეღან არ ამბობდი, ამტანი ბიჭი ვარო?
– მე კი ვარ, მაგრამ შენ რამდენად აიტან, აი, ეგ არ ვიცი. – ჩაიფხუკუნა და ისეთი სახით მანიშნა ბუნგალოსკენ, თითქოს მზერაში შევძლებდი ამომეკითხა, რა ეშმაკური ჩანაფიქრი მოუმწიფდა გადატრიალებულ გონებაში.
– ან იტყვი, ან მკითხავთან წავალ, იმან მაინც რომ მითხრას შენი სათქმელი!
– მაგდენი თუ შეგეძლო, აქამდე სად იყავი? – კიდევ ერთხელ გაეცინა და ბოლოს, ალბათ, სახეზეც კი დამეწერა გაბრაზება, ორივე ხელი რომ აღმართა იმის ნიშნად, გნებდებიო. – ჩემი ვარიანტია განგაში!
– ანუ?
– ანუ განგაშის ჩართვა, გვანცი!
– გაგიჟდი? გაგვყრიან!
– საიდან? – წარბები აათამაშა. – ახლა არც ლიდერების სტატუსით ჩამოვსულვართ, ოფიციალურადაც შვებულებაში ვართ. საერთოდ ვერ დაგვადანაშაულებენ ვერაფერში, უფრო პირიქით, თვითონ არიან დამნაშავეები, ასე მარტივად რომ შემოვაღწიეთ შიგნით.
– აბა, ციხის დაცვას ელოდი თუ როგორაა შენი საქმე? – გამეცინა, მაგრამ გონებაში ისე გამიჯდა მისი შემოთავაზება, უკვე ძალიან მიჭირდა სხვა რამეზე ფიქრი.
– არ ხარ თანახმა? ასე გეშინია?!
– მაგით ვერ „ამაგდებ"! უბრალოდ ვიცი, რაც მოყვება ამ ყველაფერს და არ მინდა, ჩვენ გამო სხვა დაისაჯოს.
– როდის გავხდით უფრთო ანგელოზი?
– მოიცა, რა უფრთო, შრიალი არ გესმის?! – ამჯერად მე შევიცხადე და ალბათ, არც არასდროს დავასრულებდით ასე კინკლაობას, ჩვენდა ბედად, სამწუხაროდ თუ საუბედუროდ, დაწყობილი გეგმა წამებში რომ არ ჩაგვშლოდა და საბოლოოდ, ჯერ კიდევ გარეთ მყოფებს, ანა რომ არ გამოგვცხადებოდა, ჩვენი დანახვით ზედმეტად გაკვირვებული.
– თქვენ ორი აქ რას აკეთებთ?! – და შემდეგ შეკითხვაც ისეთი ტონით გააჟღერა, იმ მომენტში უკვე ნათელი გახდა, გიორგისა და ნუცის გეგმა ან საერთოდ რომ არ ჰქონდათ შედგენილი, ან იმდენად ცუდად შეადგინეს, დეტალების გათვალისწინება რომ დაავიწყდათ და ყველაზე მთავარი, ანას გაფრთხილება გამორჩათ...
გაგრძელება იქნება
ნათია ჯაგოდნიშვილი