ნოველები

თეთრი მთვარე III ნაწილი

თეთრი მთვარე III ნაწილი
ნეტავ რას მებოდიშება, ვერ ნახა, როგორ მსიამოვნებდა ეს ყველაფერი? კოცნაზე კოცნით ხომ ვპასუხობდი?


არც ამჯერად გამიღიმა ბედმა. რა ვქნა, უნდა შევეგუო. ისე, სიყვარულში არც არასდროს მიმართლებდა. პირველად რომ შემიყვარდა, სკოლა ახალი დამთავრებული მქონდა. მისაღები გამოცდებისთვის ვემზადებოდი. დედაჩემმა გამოძებნა ლექტორი, ქალბატონი ლიანა, რომელიც სამედიცინო ინსტიტუტში ლექციებს კითხულობდა. გამოცდების დაწყებამდე ის მიტარებდა კონსულტაციებს ფიზიკაში. იქ მისვლა, სიმართლე გითხრათ, ძალიან მსიამოვნებდა. არა იმიტომ, რომ ფიზიკა მიყვარდა და საგნის სიყვარული მეწეოდა მისკენ. არამედ იმიტომ, რომ იქ "ის" ცხოვრობდა -
პროფესორ ლიანას ერთადერთი ვაჟი ლუკა - დედის სიამაყე და საფიცარი. ლიანას მეტი სალაპარაკო არაფერი ჰქონდა, გამუდმებით საკუთარ "გენიოს" შვილზე ლაპარაკობდა. მან ინგლისში მიიღო სწავლა-განათლება და ახლა წუთი წუთზე ელოდებოდა დედამისი, როდის ჩამოვიდოდა საქართველოში. ლიანა ქმარს გახლდათ გაცილებული და ვაჟთან ერთად მარტო ცხოვრობდა.

გარდა ამისა, ქალბატონი ლიანა შეჰპირდა დედას, მაგდას მოწყობაში დაგეხმარები, კომისიაში ჩემი ახლობლები არიან და საქმეს ადვილად მოვაგვარებო. მას პირველი შეხვედრისთანავე მოვეწონე, საზრიანი გოგო ჩანსო. ისეთი მუშტრის თვალით მიყურებდა, თითქოს გასაყიდი საქონელი ვყოფილიყავი. მივხვდი, საითაც უმიზნებდა - სარძლოდ შემიგულა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მოვეწყობოდი. ასე რომ, გამოცდებზე დახმარება პირველ რიგში მის ინტერესებში შედიოდა.
გულდასმით ვემზადებოდი კარს მომდგარი გამოცდებისთვის, წიგნებს "თავს ვახლიდი". მართლა ძალიან მინდოდა, პირველსავე წელს ჩავრიცხულიყავი, ამიტომ არ ვზარმაცობდი, არც საკუთარ თავს ვატყუებდი და არც ჩემს მშობლებს, მონდომება ნამდვილად არ მაკლდა.
ერთ საღამოსაც, მორიგ მეცადინეობაზე წავედი. ჩემი რეპეტიტორის სახლს რომ მივუახლოვდი, ჩვეულებისამებრ, მაღლა ავიხედე, ლიანას ფანჯრებისკენ და... ვიღაცის დაჟინებულ მზერას წავაწყდი. ის "ვიღაცა" მამაკაცი იყო - ახალგაზრდა, სიმპათიური, არა, სიმპათიური კი არა, ლამაზი, ხორბლისფერი, დიდრონი შავი თვალებით. ყოველ იქ მისვლაზე მაღლა ახედვა ჩვეულებად მექცა. რა ვქნა, როგორც ყველა კეკლუც გოგოს, მეც მოლოდინში ვიყავი, როდის გამოჩნდებოდა ჩემი "ოცნების იდუმალი პრინცი", რომელიც სწორედ იქ, მეორე სართულზე მეგულებოდა და რომელიც თვალითაც არ მენახა არასდროს.

ჩამოსულა! გამიელვა გონებაში და აჭარხლებულმა თავი მორცხვად დავხარე, ნაბიჯს ავუჩქარე. ვგრძნობდი, რომ ისევ მიყურებდა, ამიტომ ფეხი ამერია და კინაღამ წავიქეცი, კონსპექტები ძირს დამიცვივდა. რა ჯანდაბა მემართება! დავტუქსე საკუთარი თავი და მექანიკურად კვლავ ზევით ავიხედე. გული გამალებით მიცემდა, თუმცა იქ უკვე არავინ იყო. მგონი მეწყინა. ვაითუ არ მოვეწონე? ყველას მოვწონვარ და ეგ ვიღაა? დავიჯერო, განსხვავებული გემოვნება აქვს? ჩემს დანახვაზე კაცები ჭკუას კარგავენ, ასეთი ჩამოსხმული ტან-ფეხის და ასეთი დახვეწილი ნაკვთების მქონე გოგო ჯერ არ გვინახავსო. მაგის დასაწუნი გავხდი? მეეჭვება, ასე იყოს. ალბათ ახლახან ჩამოვიდა და დაღლილია, დავიმშვიდე თავი, ავკრიფე ჩემი კონსპექტები და სადარბაზოში შევედი. რა მანერვიულებდა? ვიცოდი, რაც. ლუკა უნდა გამეცნო და ვგრძნობდი, ამ გაცნობას რაც მოჰყვებოდა. ინტუიცია მკარნახობდა, რომ მისი შეყვარებოდა არ ამცდებოდა.

ხვეული კიბით მეორე სართულს ავუყევი. ზარი დავრეკე, ხელები მიკანკალებდა. კარი ისე უცებ გაიღო, თითქოს მის უკან ვიღაც იყო ჩასაფრებული და ჩემს თითის მიჭერასღა ელოდებოდაო. ის იყო - მაღალი, გარუჯული, გრუზათმიანი ლუკა, რომელსაც "წუნს ვერ დაუდებდი", იმდენად კარგი ვინმე ჩანდა.
გაღიმებულმა მამაკაცმა საჩვენებელი თითი ჩემკენ გამოიშვირა და თქვა.
- მაგდა, არა? ხომ სწორად მივხვდი?
- დიახ... გამარჯობა, - უფრო გავწითლდი.
- მე ლუკა ვარ, დაუსწრებლად გიცნობ. დედამ მიამბო შენ შესახებ, - ისე შინაურულად მომმართა, თითქოს ბავშვობიდან ერთად ვიზრდებოდით, - შემოდი, ნუ გერიდება.
თავი უხერხულად ვიგრძენი. დავიძაბე. ლუკამ წინ გამატარა. ვგრძნობდი მის მზერას, ზურგი ამეწვა. ჩემდა უნებურად მოვტრიალდი და ახალგაცნობილს "დანაშაულზე" წავასწარი - იგი ჩემს ფეხებს ათვალიერებდა.
- დედა კაბინეტშია, გელოდება, - თვითონაც უხერხულად იგრძნო თავი, შეიშმუშნა.
- გმადლობთ, - მორცხვად ვუპასუხე და კაბინეტისკენ გავემართე.
ლიანამ სათვალის ზემოდან გამომხედა და ჩემს დანახვაზე ხმამაღალი ქოთქოთი დაიწყო.
- ო-ო-ო! ჩვენი მზეთუნახავი მოსულა, ჭკვიანი მზეთუნახავი. როგორ ხარ, გოგონი? - თბილად გამიღიმა და სათვალე მოიხსნა.
- გმადლობთ, არა მიშავს, თავად როგორ ბრძანდებით?
- ახლა რა მიჭირს, ჩემი ლუკა ჩამოვიდა, ჩემი სიამაყე, ენაცვალოს დედა. ნახე ხომ? გაიცანით ერთმანეთი?
- დიახ, რა თქმა უნდა.
- ხომ კარგი ბიჭი მყავს?
- დიახ...
- როგორც იქნა, დაამთავრა. ახლა მუშაობასაც დაიწყებს და... ისეთი პრაქტიკა აქვს გავლილი, საუკეთესო ქირურგი დადგება. შენც უნდა ისწავლო, ჩემო კარგო, სწავლაზე კარგი არაფერია. მერე შენც იშოვი სამსახურს და შენც გაითქვამ სახელს. ხომ ასეა?
- რა ვიცი, ვნახოთ, - ცივი ოფლი მასხამდა მის სიტყვებზე.
ამ დროს ლუკაც შემოვიდა.
- დედა, ჩემი ბარგი შენ ამოალაგე?
- აბა ვინ ამოალაგებდა, შვილო, ამოვალაგე და გავამზეურე კიდეც.
- სპორტულებს ვეძებ.
- ისიც გარეთააა გაფენილი, აცალე ცოტა ხანს, მზე მოხვდეს, განიავდეს.
- ო-ო-ოჰ! - უკმაყოფილოდ ჩაიბუზღუნა "დედის სიამაყემ" და ოთახიდან გავიდა...

***
მეცადინეობა, როგორც ყოველთვის, ორ საათს გაგრძელდა. ყურადღება გამეფანტა, ნახევარს ვერ ვიგებდი, რას მიხსნიდა ქალბატონი ლიანა. ჩემი გონება ლუკასთან იყო, ფიქრები მის გარშემო ტრიალებდა. "მოვეწონე თუ არ მოვეწონე? ნეტავ შევუყვარდე. რა ბედნიერი ვიქნები, ამისთანა ოჯახში თუ მოვხვდები. მართალია, დედამისი ცოტა ხმაურიანი ქალია და თავისი შვილის ქება უყვარს, მაგრამ რა უჭირს მერე? ავიტან. ისეთი კარგი რძალი და ცოლი ვიქნები... შესაშური. ოღონდ კი შემიყვაროს". აი ასეთი აზრები უფრო მნიშვნელოვანი იყო ახლა ჩემთვის, ვიდრე ნიუტონის კანონები და ბლეზ პასკალის თეორიები.
- მაგდა, მგონი არ მისმენ, - ჩამესმა ქალის ხმა, - ცუდად ხომ არ ხარ? რაღაც არ მომეწონე, რომ მოხვედი, აფორიაქებული ჩანდი. ხომ ყველაფერი რიგზეა?
- არა, არა, ყველაფერი კარგადაა, ქალბატონო ლიანა, მაპატიეთ... - ისე დავიბენი, ხელები სად წამეღო, არ ვიცოდი - ხან მუხლებზე დავიწყობდი, ხან კისერზე გადავისვამდი, ხანაც თმაზე.

- კარგი, დღეს მოვრჩეთ. შენ ალბათ გადაიღალე. თან, როგორც ვატყობ, ნერვიულობ. გამოცდამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა. ნუ გეშინია, სანერვიულო არაფერია. მე ყველაფერს მოვაგვარებ. შენ წელს აუცილებლად ჩაირიცხები. მთავარია, წერაში არ მიმტყუნო. გასაგებია?
თავი დავუქნიე, კონსპექტები დავკეცე და ფეხზე წამოვხტი. ახლა ოღონდ დროზე გავსულიყავი აქედან და არც ჩაჭრა მანაღვლებდა დიდად და არც ჩარიცხვა. ამწუთას ჩემთვის ორივე სულერთი იყო.
- მაგდა, დარჩი ცოტა ხანს, ვივახშმოთ, ჩაი დავლიოთ, - ოთახიდან გასულს ლიანას ხმა დამეწია.
- არა, ქალბატონო ლიანა, გმადლობთ, უკვე გვიანაა, მეჩქარება, - ხმააკანკალებულმა ძლივს ვუპასუხე.
- ძალიან გთხოვ, დეიდა ლიანა დამიძახე, ჩვენ ახლა შინაურები ვართ, - დამრიგებლური ტონით მითხრა მომავალმა სადედამთილომ და შემოსასვლელამდე გამომაცილა.
- ლუკა, სადა ხარ, შვილო? - გასძახა ვაჟს.
- აქ ვარ, რა იყო? - სააბაზანოდან გამოყო ლუკამ თავი.
- ჩააცილე მაგდა, რა, ვინმემ არ შეაშინოს, დაღამდა უკვე.
- ახლავე, ერთი წუთით დამელოდეთ, სულ ერთი წუთით, - თქვა მან და თავის ოთახში შევარდა.
- იყოს, არ მინდა გაცილება. სულ ასეთ დროს არ მივდივარ ხოლმე? ნუ შეწუხდებით, - დიპლომატიურად "გავაპროტესტე" ოჯახის დიასახლისის თავგამოდება, მაგრამ ვინ მომისმინა.
რამდენიმე წუთის შემდეგ ლუკა სპორტულებში გამოწკეპილი გამოვიდა და გასაცილებლად "მზადყოფნა" გამოაცხადა.
დავემშვიდობე ჩემს რეპეტიტორს და სადარბაზოს ჩაბნელებულ კიბეს ფრთხილად დავუყევი. მოულოდნელად წელზე ლუკას ხელის შეხება ვიგრძენი.
- ნელა იარე, ფეხი არაფერს წამოკრა, - ტუჩები ყურთან მომიტანა და ისე ჩამჩურჩულა.
ჟრჟოლამ ამიტანა. თან მესიამოვნა მისი შეხება, თან შემეშინდა, კოცნაც არ დამიპიროს-მეთქი. მსგავსი არაფერი მომხდარა.
გარეთ რომ გამოვედით, ხელი შემიშვა და ნელა დავუყევით ქუჩას. კარგა ხანს ხმას არც ერთი არ ვიღებდით. რაზე უნდა მესაუბრა? წარმოდგენა არ მქონდა.
- მაგდა, - ისევ ლუკამ სცადა საუბრის დაწყება.
- ბატონო.
- ვიცი, მაგარი გაცვეთილი ფრაზა გამომივა, მაგრამ ძალიან ლამაზი ხარ, არ გეშინია ღამით მარტო სიარულის? შენნაირ გოგოებზე ნადირობენ ბიჭები.
- არ ვიცი, მე ასეთი ბიჭები არ შემხვედრია, - გაცვეთილი კი იყო მისი კომპლიმენტი, მაგრამ მაინც მესიამოვნა, როგორც ჩანს, გულგრილი ვერ დარჩა ჩემ მიმართ. ესეც "მოვაჯადოვე".
- ასეთი ბიჭი ახლა შენ წინაშე დგას, - თქვა და შეჩერდა.
მეც გავჩერდი და შევხედე. საოცრად დიდრონი თვალები ჰქონდა.
- შენი არ მეშინია, - გავუღიმე.
- რატომ? შენ ხომ არ მიცნობ. რა იცი, ნადირობის როგორი წესები მაქვს? - თვალები მოჭუტა და ღიმილზე ღიმილით მიპასუხა.
- გული მიგრძნობს. კეთილი მონადირეებიც ხომ არსებობენ? - ფლირტაობის აზარტში შევედი.
- მგლებს რომ მუცლებს ფატრავენ და წითელქუდას რომ გადაარჩენენ, არა? - ხმამაღლა გაიცინა. სასიამოვნო სიცილი ჰქონდა.
- თუნდაც, - დავეთანხმე და გზა გავაგრძელე.
- შენნაირ გოგოს "პაკლონიკებიც" არ დაელევა. ხომ არ ვცდები?
- არა, არ ცდები. გმადლობთ, მათ ნაკლებობას ნამდვილად არ ვუჩივი.
- ალბათ მეგობარიც გეყოლება...
- კი, ბევრი დაქალი მყავს.
- არა, დაქალებს არ ვგულისხმობ. ეგ ისედაც გასაგებია. მე მეგობარ მამაკაცზე გეკითხები, - შემაპარა.
- არა, არავინ მიყვარს და არც არასდროს მყვარებია.
- ჰო-ო? - იჭვნეულად იკითხა და კვლავ შეჩერდა, - ახლა არ მითხრა, რომ...
- რა რომ? - ისევ შევხედე, მინდოდა გამეგო, რას გულისხმობდა.
- ქალიშვილი ხარ?
იმდენად გამაოგნებელი შეკითხვა იყო, გავფითრდი, თუმცა ღამის სიბნელეში ლუკას ეს არ შეუმჩნევია. შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი.
- მე ჯერ თვრამეტი წლისაც არა ვარ, იცი? - რატომღაც თავი ვიმართლე.
- მერე რა, აი, ინგლისში, მაგალითად, სადაც მე ვსწავლობდი, გოგონებს თხუთმეტი წლის ასაკიდან ჰყავთ ბოიფრენდები.
- ეს ინგლისი არ არის, ეს საქართველოა, - ხმა გამიმკაცრდა.
- და შენი პირველი მამაკაცი შენი ქმარი იქნება, არა? - ირონიულად მეჩვენა მისი ტონი.
- ეს სამარცხვინოა? - ადგილიდან არ ვიძროდი, თან გამანადგურებელ მზერას არ ვაშორებდი გაევროპელებულ "დედის სიამაყეს".
- არა, რატომ, ნუ მიბრაზდები, შენი წყენინება არ მინდოდა. უბრალოდ, ვინმე ძალიან რომ შეგიყვარდეს, წინასწარ არ...
- შენ შეირთავდი ასეთ გოგოს ცოლად?
ჩემმა შეკითხვამ აშკარად დააბნია.
- გააჩნია, რა შემთხვევაში.
- რა შემთხვევაში? - არ მოვასვენე.
- მთავარია, თუ ვეყვარები...
- მხოლოდ ეს არის მთავარი? შენამდე თუ ცხრა კაცი ეყოლება გამოცვლილი, არც ეს იქნება "მთავარი"? - მრისხანედ შევძახე, თავი ვერ შევიკავე.
- შენისთანა თუ იქნება, არა, - ლუკამ უკან არ დაიხია და ჯიქურ ჩამაჩერდა თვალებში, - ახლა გაკოცებ, - თქვა და მხრებში ჩამჭიდა ხელები.
- ვერ მაკოცებ, ჩემი კოცნა ასე ადვილი არ არის, - მისი მკლავებიდან თავის დახსნა ვცადე, რაც ადვილი არ აღმოჩნდა.
- შენ ჩემი პირველი მამაკაცი ვერ იქნები!
- ძალიან რომ ვეცადო? - ლუკას მკლავებმა მხრებიდან წელზე გადაინაცვლა და, ასე ვთქვათ, ხელში მომიგდო. სუნთქვა შემეკრა.
- გამიშვი! - ჩურჩულით ვთქვი.
- არ გაგიშვებ, არ შემიძლია.
- გამიშვი, გთხოვ, - უკვე ხვეწნაზე გადავედი და სატირლად გავემზადე.
- ერთხელ გაკოცებ და გაგიშვებ, კარგი? - თვითონაც ჩურჩულზე გადავიდა და ზედ ყვრიმალთან ძალიან ნაზად მაკოცა.
ერთი კი შევფართხალდი, მაგრამ სიამოვნებისაგან ისე მოვდუნდი, კვნესა აღმომხდა. მისმა ერთმა ამბორმა მთლიანად "დამშალა".
- ერთხელ, მხოლოდ ერთხელ... - ჩურჩულებდა ვნებამორეული და ცხელი ტუჩებით "მოგზაურობდა" ჩემს ყელზე, ღაწვებზე, თვალებზე...
- არ გინდა, გემუდარები, ვინმე დაგვინახავს, - ვლუღლუღებდი ჩემთვის და ტუჩებს შეძლებისდაგვარად ვარიდებდი, თუმცა ამის დიდი სურვილი არ მქონია.
- მერე რა, დაგვინახონ, ცუდს რას ვაკეთებთ? - მან ხელები კიდევ უფრო მჭიდროდ მომხვია.
ბოლოს მაინც თავისი გაიტანა. როგორც კი ჩემს ბაგეებს შეეხო, თრთოლამ ამიტანა. ვერ აგიწერთ, რა იყო ეს - სიამოვნების რა სიმაღლის მწვერვალი. არაფერი მესმოდა, ვერაფერს ვხედავდი, ვგრძნობდი მხოლოდ მისი მხურვალე ტუჩების შეხებას. ქუჩა ჩაბნელებული იყო, ხალხიც კანტი-კუნტად დადიოდა, თუმცა ახლა ეს ნაკლებად მადარდებდა. რა კარგი ყოფილა, როცა საყვარელი მამაკაცი გეფერება, რა სასიამოვნო რამ ყოფილა კოცნა... მსგავსი რამ არასდროს განმიცდია. თავს ვერ ვერეოდი. მინდოდა ამ ტკბილი ბურანიდან გამოვსულიყავი, მაგრამ არც მინდოდა. მისი ხშირი სუნთქვა თავგზას მიბნევდა, ხოლო ცალი ხელი მკერდში რომ ჩამიცურა და ძუძუსთავზე შემეხო, ლამის იყო, გული წამივიდა. ღმერთო, რას ვაკეთებ, რა მემართება. ჯერ წესიერად არც ვიცნობ, დღეს პირველად ვნახე და რის უფლებას ვაძლევ? ნორმალური ვარ ახლა მე? თან ამაზე ვფიქრობდი, თან ტუჩებს არ ვაშორებდი მის ტუჩებს.
- მოდი, იმ ხის ძირში გადავინაცვლოთ, - მითხრა უცებ და იქვე მდგარი ხისკენ გაიხედა.
ახლა კი მოვეგე გონს. ხელიდან დავუსხლტი, კაბა და გაწეწილი თმა გავისწორე და უკან დავიხიე.
- საკმარისია, ისედაც ბევრი მოგვივიდა, - აღელვებულმა წარმოვთქვი და მკერდზე დავიდე ხელი, თითქოს საკუთარი გულის ბაგაბუგის შეჩერებას ვცდილობდი.
ლუკას ახლაღა შევხედე. სახე არეული ჰქონდა, თვალები ამღვრეოდა. მიუხედავად სიბნელისა, ეს ადვილი შესამჩნევი იყო.
- ცოტა ხანს კიდევ ვიყოთ, - კვლავ წამეტანა, მაგრამ არ დავანებე.
- არა, უკვე გვიანაა, შინ მელოდებიან, ნუ გამაცილებ, მარტო წავალ, - მკაცრად ვთქვი და ქუჩა გადავჭერი.
ლუკა გამომეკიდა. სანამ გაჩერებამდე მივიდოდით, ათასი ბოდიში მომიხადა, არ გეწყინოს, მართლა მაგარი გოგო ხარ, ძალიან მომეწონე, ძნელი იყო თავის შეკავებაო. პასუხი არ გამიცია. ნეტავ რას მებოდიშება, ვერ ნახა, როგორ მსიამოვნებდა ეს ყველაფერი? კოცნაზე კოცნით ხომ ვპასუხობდი? ლამის იყო, სიამოვნებისაგან დავილიე ქალი, ეს კი ბოდიშებს მიხდის. ეს ასწავლეს ინგლისში? საოცარია!
დამშვიდობების წინ ტელეფონის ნომერი მთხოვა, მაგრამ არ მივეცი. გამოცდები კარს არის მომდგარი, ახლა ტელეფონზე სალაპარაკოდ არ მცალია-მეთქი. ხშირად არ შეგაწუხებ, ხანდახან დაგირეკავო. მაინც უარი ვუთხარი. ასე უცებ არ მინდოდა ჩვენი დაახლოება მომხდარიყო. ჯერ კარგად უნდა გამეცნო. ტაქსი გამიჩერა, ფული გადამიხადა და გამომიშვა. ეს მომეწონა.

იმ ღამეს თვალი არ მომიხუჭავს, მხოლოდ ლუკაზე ვფიქრობდი. პირველი შემთხვევა იყო ჩემს ცხოვრებაში, როცა ბიჭი ერთი ნახვით მომეწონა. მომეწონა კი არა, მგონი შემიყვარდა კიდეც. რა მარტივი რამე ყოფილა კოცნა. მეგონა, ამას სწავლა სჭირდებოდა, მე კი რა ადვილად გამომივიდა. ნუთუ ყველა ქალი განიცდის იმავეს, რაც მე განვიცადე? ღმერთო, რა ღვთაებრივი რამ იყო...
მესამე დღეს კვლავ ვესტუმრე ჩემს რეპეტიტორს. სადარბაზოსთან ლუკას მოვკარი თვალი, ხელში ჩვრებში გახვეული თოთო ბავშვი ეჭირა. მეუცნაურა. რაც მათთან დავდივარ, ჩვილბავშვიანი არავინ მინახავს. გულისცემა გამიხშირდა. მივუახლოვდი და მორცხვად მივესალმე.
- ვისია? - ვცადე, მშვიდად მეკითხა, აღელვება არ დამტყობოდა და ბავშვს ლოყაზე მოვუსვი თითი, - რა პაწუკაა.
- ჩემი ნათლულია, ჩემპიონი ბიჭია, არა? შეხედე, რამსიგრძეა, - მაღლა ასწია ბავშვი, რომელსაც ტკბილად ეძინა.
- რა ხნისაა?
- ორმოცი დღისაა, გუშინ მოვნათლე. ჩემი სეხნიაა.
- კარგია, გილოცავ.
- შენ როგორ ხარ?
- არა მიშავს, ვმეცადინეობ, ზეგ პირველი გამოცდა მაქვს.
- ვიცი. ხომ არ გეშინია?
- ცოტათი.
- ნუ გეშინია, მთავარია, არ დაიბნე, საკუთარი გამოცდილებიდან გეუბნები.
- ყველანაირად ვეცდები.
- რას აკეთებდი ეს დღეები?
- კონსპექტებს ჩავკირკიტებდი, სხვა რა უნდა მეკეთებინა.
- ეგ თავისთავად, მაგრამ... კიდევ?
- კიდევ... რა ვიცი, ისეთ მნიშვნელოვანს არაფერს.
- მე კი შენზე ვფიქრობდი.
სასიამოვნო სითბომ დამიარა სხეულში, ავილეწე.
- შენ? შენ არ ფიქრობდი ჩემზე? თუ ისევ გაბრაზებული ხარ?
- რამე მეტყობა გაბრაზებულის? რატომ ფიქრობ ასე?
- რა ვიცი, მგონია, რომ გაწყენინე. ისე უცებ გაიქეცი იმ ღამეს, რომ...
- არა, უბრალოდ, მართლა გვიან იყო, თანაც...
- რა?
- ჩემთვის ცოტა უჩვეულო რამ მოხდა, ამიტომ...
- რა იყო უჩვეულო, კაცს შენთვის არასდროს უკოცნია?
- არა, არასდროს.
- მატყუებ თუ მართლა მეუბნები? - ისე გაუკვირდა, თითქოს ასეთი რამ პირველად გაიგო.
- მართლა გეუბნები. ეს პირველი შემთხვევა იყო.
- ჰო-ო-ო. მერე? რას იტყვი, როგორი იყო? - ეშმაკურად მოხუჭა თვალები.
სახეზე სიწითლემ ისევ გადამიარა.
- მაგარი, - არ დავუმალე და მეც ეშმაკურად გავხედე. ორივეს სიცილი აგვიტყდა.
ამ დროს ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი მოგვიახლოვდა.
- ბარო, ლუკა, როგორ ხარ, ძმაო, ჩამოხვედი? - უცნობი ცხვირისმიერი ხმით ლაპარაკობდა, როგორც ჩანდა, უბნის ნარკომანი იყო.
- ვა, პაატას გაუმარჯოს. შენ როგორ ხარ?
მათ ერთმანეთი გადაკოცნეს, მერე უცნობი მე მომესალმა.
- ვარ, რა. ვსიო უჟე? სწავლობანას მორჩი?
- კი, მოვრჩი, ახლა სახლობანას ვთამაშობ. აი რა ბიჭი მყავს, - თქვა ლუკამ და ბავშვს დახედა.
- ვახ! შენია, ტო?! როდის მოასწარი, ძმა, შენ რა შუსტრი ყოფილხარ, - გაუკვირდა პაატას.
- მოვასწარი, მოვასწარი, უჟე მალადოი ატეც, - გაიცინა ლუკამ.
- ეს შენი მეუღლეა? - ახლა მე შემომხედა უცნობმა.
- ჰო, გაიცანი, მაგდა, მალადაია მამა, - ამის თქმა და ლუკამ ბავშვი მე მომაჩეჩა.
- გაგიმარჯოს, დაიკო, გილოცავთ, გილოცავთ. მაგარი ამბავია, ამას დასველება უნდა, ლუკაჯან, ხომ იცი.
- ხუმრობს, არ დაუჯეროთ, - გავეცი ლუკას საიდუმლო ჭარხალივით აწითლებულმა და ბავშვი მოხერხებულად დავიკავე ხელში. უჩვეულო გრძნობა დამეუფლა.
- შენი შუბა დავხიე, ტრუხა ბაზარი შეუშვი, არა? - გაიცინა პაატამ, დაგვემშვიდობა და გაგვეცალა.
- ისე, არ ვიქნებით ცუდი წყვილი, შენ რას იტყვი? - შემომხედა ლუკამ, - გიხდება პატარა. შენც მალე გეყოლება, პირობას გაძლევ.
კვლავ დამიარა სითბომ, სხეული გამიხურდა. როგორ ჩავეხუტებოდი ახლა, რომ იცოდეს, როგორ მოვეფერებოდი.
- ვნახოთ, - კეკლუცად გავუღიმე მამაკაცს და ბავშვი გულზე მივიკარი, - რა კარგი სუნი აქვს.
- მაგდა, მომენატრე, იცი? მართლა შენზე ვფიქრობდი ეს დღეები. შენ? არ დამიმალო, გთხოვ.
- მეც, - არ დავუმალე და თვალები მორცხვად დავხარე...

***
ასე დაიწყო ჩვენი რომანი. მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ ქალად ვგრძნობდი თავს. ყველაფერი მიხაროდა. ლუკა საოცარი პიროვნება აღმოჩნდა. იცოდა, როგორ მოქცეულიყო ქალთან, არაფერი ეშლებოდა. გამოცდები ჩავაბარე და ჩავირიცხე კიდეც. ქალბატონმა ლიანამ დიდი წვლილი შეიტანა ჩემს ჩარიცხვაში. მგონი დედაჩემზე მეტად ის იყო გახარებული. თან ყველანაირად მიწყობდა ხელს, ლუკას შევხვედროდი. მათთან სახლში ვიზიტს ჩვეულებრივად ვაგრძელებდი. ხშირ შემთხვევაში მარტონი ვრჩებოდით, ლიანა დროის უმეტეს ნაწილს სამსახურში ატარებდა. ჩვენც მეტი რა გვინდოდა, ერთმანეთის მოსიყვარულებაში გაგვყავდა დრო. ლუკამ რამდენჯერმე მომისინჯა ნიადაგი, რომ ჩვენი ურთიერთობა ლოგინამდე მისულიყო, მაგრამ ვერ დამითანხმა, მისი "ევროპული სიყვარულის" თანამოაზრე ვერ გამხადა.
ერთმანეთის გარეშე წუთითაც ვერ ვძლებდით. კრისტიც სწორედ მაშინ გავიცანი, პირველკურსელებს საერთო ლექციები გვიტარდებოდა. პირველსავე შეხვედრაზე მოგვეწონა ერთმანეთი, დავახლოვდით. მერე ლუკაც გავაცანი. ხანდახან სამივე ერთად დავდიოდით ხან კინოში, ხან ბარში, ხანაც მეგობრებთან.
წელიწადნახევარი გაგრძელდა ჩვენი ურთიერთობა. ლუკა დაქორწინებაზე სიტყვას არ ძრავდა, მიუხედავად იმისა, რომ დედამისი თავს იკლავდა, დროზე დაიწერეთ ჯვარი, შვილიშვილს მინდა მოვესწროო. თავდაპირველად ლუკა სამსახურის უქონლობას იმიზეზებდა. მალე ეს საქმეც მოგვარდა. ქალბატონმა ლიანამ შვილს საავადმყოფოში ქირურგად დააწყებინა მუშაობა, თუმცა ლუკას არც ამის შემდეგ ჩამოუგდია ამ თემაზე საუბარი. რას ვიზამდი, მე უძლური ვიყავი, ვერაფერს შევცვლიდი, თუმცა ჩემი აქტიურობის გარეშეც მალე გაირკვა მისი დუმილის მიზეზი...

* * *

ხუთშაბათი დღე იყო. ლექციების შემდეგ ლუკას უნდა შევხვედროდი "რუსთაველის" მეტროსთან. თითქმის ერთი საათი ვუცადე, არ მოვიდა. ბოლოს სამსახურში დავრეკე, ერთი საათის წინ გავიდაო, მითხრეს. მერე სახლის ნომერი ავკრიფე. ყურმილი ქალბატონმა ლიანამ აიღო. მითხრა, სამსახურში თათბირი ჰქონდა, კადრები უნდა გადაახალისონ, შეიძლება ჩვენი ლუკა ახალ თანამდებობაზე დანიშნონ და ალბათ ამიტომაც ვერ მოახერხა მოსვლაო. ცუდად მენიშნა ეს ყველაფერი. თუ ასეთი რამე ხდებოდა, რაღაც მაინც ხომ უნდა ეთქვა ჩემთვის? მინიშნებითაც კი არაფერი დასცდენია. რატომ? ეს კითხვა არ მასვენებდა. რას მიმალავს? გარდა ამისა, არც სამსახურშია. სად არის? სად დაძვრება? გავბრაზდი, მაგრამ ამით საქმეს ვერ ვუშველიდი. ისევ ლუკას ზარს უნდა დავლოდებოდი, რომ სიმართლე მისგან გამეგო. არც მისადილია, ისე წამოვწექი და ფიქრებს მივეცი თავი. დედაჩემი შემიჩნდა, ისადილე, მთლად გახდი, ბოლო ხანებში ადამიანის სახე არა გაქვს, ასე როგორ შეიძლებაო. ძლივს მოვიშორე თავიდან, კაფეში ვიყავით და არ მშია-მეთქი, მოვატყუე.
ჩამძინებია. დედამ შემაღვიძა, კრისტი მოვიდაო. მისი მოულოდნელი ვიზიტი გამიკვირდა, შეხვედრაზე არ შევთანხმებულვართ. თან იცოდა, რომ ლუკასთან პაემანი მქონდა. მისი ორაზროვანი მზერა არ მომეწონა.
- კრისტი, მოხდა რამე? - საწოლიდან წამოვიწიე.
- იყავი, არ ადგე, აგერ ჩამოვჯდები, - იგი მოხერხებულად მოკალათდა ჩემ გვერდით და ისევ ისე შემომხედა.
- არ მეტყვი, რა მოხდა? - მოთმინება დავკარგე.
- მაგდა, შეიძლება ეს ჩემი საქმე არ არის, ან ვცდები რაღაცაში, მაგრამ რომ არ გითხრა, არ შემიძლია. შენ ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანი ხარ, - გრძელი შესავალი გაუკეთა კრისტიმ თავის სათქმელს.
- გამაგებინე, რა ხდება?
- დღეს ლუკა ნახე?
- არა, არ მოვიდა. რა, გაიგე რამე?
- გავიგე კი არა, - ამოიოხრა კრისტიმ, - დავინახე.
- სად დაინახე? - სული შემიგუბდა.
- ზუსტად ოთხის ხუთი წუთი იყო, ინსტიტუტიდან რომ გამოვედი. შენობის გარეთ იდგა, ვიღაცას ელოდებოდა. მეგონა, შენ გიცდიდა და ის იყო, მისვლა დავაპირე, რომ ვიღაცას ხელი დაუქნია. გავიხედე და რას ვხედავ! ნანუკა არ გაიჩითა?! დიდის ამბით ჩაკოცნა, მერე ორივემ წელზე მოხვიეს ერთმანეთს ხელი, მერე ჩასხდნენ მანქანაში და წავიდნენ.
- ნანუკა ვინ არის?
- მესამე კურსზე რომ სწავლობს, სამკურნალოზე, დევაძის გოგო, როგორ არ იცი, მე-4 საავადმყოფოს მთავარი ექიმი. ლუკა იქ არ მუშაობს?
- კი, იქ მუშაობს, მაგრამ ნანუკას არ ვიცნობ, რომელია?
- დაბალი, ქერა გოგოა, დაღრეცილი ფეხები რომ აქვს, როგორ არ იცი, მაინც რომ მოკლე კაბებს იცვამს. ლურჯი მანქანით დადის.
- ვერ ვიხსენებ, კრისტი და რა ვქნა.
- მოიცა, ორშაბათს მე რომ შემხვდა დერეფანში და ჩემს პიჯაკზე რომ მკითხა, სად იყიდეო, ესეც არ გახსოვს?
- ი-ის? ვიცი, როგორ არ ვიცი. ეგ დევაძის ქალიშვილია? ის უფორმო და უსქესო არსება?
- შენ წარმოიდგინე! არ ვიცი, სიხარულო, შეიძლება ვცდები რამეში, მაგრამ არც მათი შეხვედრა მომეწონა და არც ჩაფსკვნის სცენა. ჩვეულებრივი მეგობრები ასე არ იქცევიან. მანდ ასიანი რაღაც ხდება, დარწმუნებული ვარ.
- მერე? - ცუდად გავხდი, სიცივემ დამიარა სხეულში.
- რა მერე, უკან ხომ არ გავედევნებოდი? ვიფიქრე, მაგდას არაფერს ვეტყვი-მეთქი, მაგრამ მეტი ვეღარ მოვითმინე და წამოვედი.
- ვერ დამირეკე?
- როგორ დამერეკა, ტელეფონი გათიშული მაქვს დავალიანების გამო. დღეს გადავიხადე ფული და ხვალ ჩართავენ ალბათ.
ჩავფიქრდი. გულმა მიგრძნო, რაღაც ხდებოდა.
- რა უნდა ქნა? - მკითხა კრისტიმ.
- მგონი ვხვდები, რაშიც არის საქმე. ალბათ არ ცდები.
- იცი რამე?
- დაახლოებით. რომ არ მოვიდა, დედამისს დავურეკე. რა მითხრა, იცი? თათბირი აქვთ სამსახურში, შეიძლება დააწინაურონო.
- დააწინაურონო? ჯერ მუშაობა არ დაუწყია და რომელ დაწინაურებაზეა ლაპარაკი, არ გადამრიო! - შეიცხადა დაქალმა.
- ჰოდა, სწორედ მაგაშია საქმე. როგორც ჩანს, მაგ ნანუკას მეშვეობით "ჩალიჩობს". ალბათ სანუკვარი სასიძოს როლს თამაშობს, რომ თანამდებობას გამოჰკრას ხელი.
- რას ამბობ! ვერ წარმომიდგენია ლუკასგან ასეთი რამ.
- ჩემთვისაც დაუჯერებელია, სიმართლე გითხრა, მაგრამ ხომ ხედავ, ფაქტი სახეზეა, - ღრმად ამოვიოხრე.
- იქნებ ვაზვიადებთ, მაგდა, ჰა? იქნებ არც არაფერი ხდება და სულ ტყუილად ვადანაშაულებთ? - თანაგრძნობა გამოეხატა კრისტის სახეზე.
- შეიძლება. ვნახოთ, დარეკავს ალბათ და ამისხნის ამ ყველაფერს. ყავას დალევ?
- დავლევ, აბა რას ვიზამ.
- დე! - გავძახე დედას, - დე-დი!
- რა იყო, რა გაყვირებს, - თავი შემოყო დედამ, - ჭურში კი არ ვზივარ.
- ყავა მოგვიდუღე, რა, მეზარება ადგომა, - ყელგამოწეულმა ვთხოვე.
- ამხელა ძროხას ერთი ადგილის აწევა გეზარება, გოგო, რა გჭირს! საჭმელი არ გიჭამია და ყავას სვამ? იმიტომაც ხარ ასეთი გაჩხიკული! კრისტი, შენც ასეთი უჭმელი ხარ, შვილო? - ახლა კრისტის მიუბრუნდა.
- მე რა მეტყობა უჭმელობის, ნინო დეიდა, რამსისქე ვარ, ვერ ხედავთ? დიეტას დიეტაზე ვიცავ, - გაიცინა კრისტიმ და მუცელზე დაიტყაპუნა ხელი.
- აბა, სხვანაირად როგორ შეიძლება, შვილო, ენერგიას ისე რა მოგიმატებთ, ჯერ ახლა იწყებთ ცხოვრებას. სახლში მე ამის ჭამა არ მინახავს. იმ ბიჭმა ხომ მთლად გადარია, რაც ლუკასთან დაიწყო სიარული, ამის ხელში ლუკმა არ მინახავს. შეხედე, რას დაემსგავსა.
- მშვენიერ ფორმაშია, ნინო დეიდა, მანეკენივით ტანი აქვს. ნეტა მიახლოებით მაინც ვგავდე მაგდას, რა მიჭირდა, - დაიწუწუნა კრისტიმ.
- ისემც ამას რა ვუთხარი, - ღიმილით ქოქოლა მომაყარა დედამ და გავიდა.
მე და კრისტი ლაპარაკს შევყევით. კარგი გამომძიებლებივით გავაანალიზეთ ლუკას იმდღევანდელი საქციელი, მაგრამ "საბრალდებო დასკვნის" გამოტანის ორივეს გვეშინოდა. ვაი და, ჩვენი ვერსიები არაზუსტი გამომდგარიყო!

გაგრძელება იქნება

წინა თავი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93