სწავლას დავუბრუნდი. შვილის გაჩენამ და ავადმყოფობამ უნივერსიტეტში 1 წელი დამაკარგვინა. თავი აღვიდგინე და ერთ წელიწადში იმდენი მოვახერხე, რომ 2 კურსი დავხურე. მერე კი, როგორც თურქული და არაბული ენების სპეციალისტი, სტაჟირებაზე უცხოეთში გავემგზავრე - ერთი წელი ეგვიპტეში ვიცხოვრე, ერთიც - თურქეთში...
თურქეთში საიდი გავიცანი. ის დღისით სწავლობდა და ღამით მამის კუთვნილ კლუბში მუშაობდა. რომ გაიგო, ქართველი ვიყავი, გაუხარდა და მითხრა, რომ მასაც ქართული ფესვები ჰქონდა, რითაც მამამისი ყოველთვის ამაყობდა. სახლშიც მიმიწვია, რომ ჩემთვის თავისი ოჯახი გაეცნო. ნური-ბეი, საიდის მამა კარგად შემხვდა. მან პირდაპირ მითხრა, რომ ასაკთან შედარებით სერიოზული ვჩანდი და თუ მოვინდომებდი, მისი საქმიანი პარტნიორიც შემეძლო გავმხდარიყავი...
გამიკვირდა და არც დამიმალავს ჩემი გაოცება:
- სერიოზული ბიზნესმენი ხართ, მე კი ერთი უფულო სტუდენტი, რომელიც თქვენს ბიზნესში კაპიტალს ვერ ჩადებს...
- ჩემს საქმეში ფულზე მეტი კაპიტალი შეგიძლია ჩადო! - ეშმაკურად მოჭუტა თვალები და გამიღიმა. მერე კი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე მითხრა, რომ მისი კლუბის ძირითადი შემოსავლები არალეგალური ბორდელის დამსახურება იყო. იმ ბორდელში კი ყოველთვის დიდი მოთხოვნილება ქართველ გოგონებზე იყო, რომლებიც ზედმეტად "ნიჭიერებიც" კი ყოფილან ასეთ რამეებში...
- შეურაცხყოფას მაყენებთ! - მეც პირდაპირ დავაპირე უარის თქმა. - რა გამოდის, საწყალი გოგონები მოტყუებით უნდა ჩამოვიყვანო, რომ გავაუბედურო და მათი ცოდვა დავიდო?!
- არც ვინმეს მოტყუებას არ გავალებ და არც ვინმეს გაუბედურებას, საქმეც ამაშია! - შემაწყვეტინა ნური-ბეიმ.
- ვერ გავიგე?! - დაინტრიგებული მივაცქერდი.
- ქართველი ქალების გარკვეული ნაწილი სულაც არ არის ისეთი პატიოსანი, როგორც საქართველოში აჩვენებენ თავს და ბევრი თანხმდება ისეთ სამსახურზე, რასაც ვთავაზობ. ჩემი ბორდელი ელიტურია, სამედიცინო მომსახურებითა და ძლიერი დაცვის სამსახურით. აქ გოგონები დაცულად გრძნობენ თავს, ფულს შოულობენ და საქართველოში დაბრუნებულები გათხოვებასაც ახერხებენ. მათი წარსული აქვე იმარხება და ვერავინ გაიგებს, როგორ მოახერხეს ღირსეული მომავლის შექმნა...
- ათასი კაცის ხელში გამოვლილ გოგოს შეიძლება ღირსეული მომავალი ჰქონდეს?! - ამრეზით გავხედე მამის ტოლ კაცს.
- დამიჯერე, ასეა და ბევრი გოგო დაგრჩება მადლიერი, თუ ჩემამდე მოსასვლელ გზას გაუკაფავ. ვინც ბოზად დაიბადა, უშენოდაც დაადგება ამ გზას და არავინ იცის, ვის ხელში აღმოჩნდება. იმაში ხომ მეთანხმები, რომ ბევრი ახალგაზრდა ქალი ცდილობს ახლა საქართველოს დატოვებას?!.
1997 წელი იდგა და მართლაც ბევრი ქალი ცდილობდა საქართველოდან გასვლას, რომ სამუშაო ეშოვა და ოჯახი შიმშილით სიკვდილისგან ეხსნა...
- ასე უცებ ვერ დაგეთანხმებით! - მაინც შორს დავიჭირე თავი...
საიდს შევუყვარდი და თანახმა იყო, ცოლადაც შევერთე:
- განათხოვარი ვარ, შვილიც მყავდა, რომელიც მომიკვდა და ამიტომ დავშორდი მამამისს... როგორ ფიქრობ, ასეთი წარსულის მქონე ქალს რძლად მიმიღებს აზიატი მამაშენი?! - არ დამიმალავს მისთვის სიმართლე.
- მამაჩემმა საიდან უნდა გაიგოს შენი წარსულის შესახებ, ჩვენს საძინებელში მოწმედ კი არ დავისწრებ საქორწინო ღამეს. მთავარია, მე და შენ მოვრიგდეთ! - გულწრფელად მითხრა შეყვარებულმა ბიჭმაც, მაგრამ მის ცოლობაზე მაინც უარი ვთქვი - არ მიყვარდა და ეგეც არ იყოს, ჯერ ისევ ღია იყო ჭრილობა, პირველმა ქორწინებამ რომ დამიტოვა. ვერც კი წარმომედგინა, თუ ოდესმე ისევ გამიჩნდებოდა გათხოვებისა და ვინმეს ცოლობის სურვილი. მხოლოდ მეგობარი შეიძლებოდა საიდისთვის ვყოფილიყავი და როცა სწავლას მოვრჩი და საქართველოში ვბრუნდებოდი, საიდმა მამამისის დანაბარები გადმომცა:
- შენთან შეხვედრა უნდა...
უარის თქმა დავაპირე, მაგრამ მერე მაინც წავედი ნური-ბეისთან, რომელმაც თავისი სავიზიტო ბარათები გადმომცა:
- იფიქრე ჩემს წინადადებაზე და წაგებული არ დარჩები. მზად ვარ, ფული ჩავდო და თბილისში ტურისტული სააგენტო გაგიხსნა, სადაც თურქეთში სამუშაოს მსურველებსაც შეხვდები და ჩვენს კლუბში სტრიპტიზიორის ვაკანსიას შესთავაზებ. მთავარია, აქამდე კარგი გოგონები ჩამომიყვანო და მერე რაც მოხდება, ეგ უკვე აღარ არის შენი საქმე და არც შენს სინდისზე იქნება!..
იმ დღეს ისე წამოვედი ნური-ბეისგან, დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა იყო, მაგრამ მიუხედავად ჩემი მცდელობისა, ღირსეული და ჩემი განათლების შესაფერისი სამსახური მეპოვა, არაფერი გამომივიდა - საქართველოში მძიმე სიტუაცია იყო: სიცივე, სიბნელე, შიმშილი, მასობრივი უმუშევრობა და სასოწარკვეთილება... მე კი კერძო ინსტიტუტებმა პედაგოგის ვაკანსიები შემომთავაზეს, მაგრამ ისეთი დაბალი ანაზღაურება იყო, ერთი კვირაც არ მყოფნიდა და სახლიდან რომ არ გამეტანა გასაყიდად რაღაც-რაღაცები, შეიძლება შიმშილით მოვმკვდარიყავი...
მალე დავრწმუნდი, რომ ბევრი ახალგაზრდა ქალი ცდილობდა საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლას, მათ შორის, ჩემი სტუდენტებიც, რომლებიც სამშობლოში სამომავლო პერსპექტივას ვერ ხედავდნენ და მეც ვითომ სხვათა შორის, ვახსენე ერთ-ერთ ლექციაზე, რომ თურქეთში გავლენიანი ნაცნობები მყავდნენ, რომლებიც თავიანთი ღამის კლუბისთვის ახალგაზრდა ქალებს ეძებდნენ - მოცეკვავეებს, მზარეულებს, ოფიციანტებს. რომ ვერც წარმოვიდგენდი, ისეთი დაინტერესება გამოიწვია ჩემმა ინფორმაციამ. მარტო ჩემი სტუდენტები კი არა, მათ მიერ მოყვანილი ნათესავები, მეგობრები, ოჯახის წევრებიც კი მეხვეწებოდნენ თურქეთში გადასვლაში დავხმარებოდი და ერთ დღესაც საიდს და მამამისს დავუკავშირდი...
ორიოდე თვეში აიღეს ყველანაირი ნებართვა და დოკუმენტაცია მოაწესრიგეს, ფართიც თვითონ იქირავეს და ტურისტული სააგენტო გამიხსნეს...
საუკეთესო გოგონებს ვარჩევდი და თურქეთში ვაგზავნიდი. საბოლოოდ კი "დასაქმებულებიც" კმაყოფილები დარჩნენ და "დამსაქმებლებიც", რასაც მანამდე ვერ წარმოვიდგენდი. ისევ ვცდილობდი თავის დარწმუნებას, რომ ჩემი გაგზავნილი გოგონები სინდისზე ხელს არ აიღებდნენ და ბორდელში მუშაობაზე ყველა მათგანი უარს იტყოდა, რაც საიდს როცა ვუთხარი, სასაცილოდ არ ეყო:
- ნიაკო, ყველა შენნაირი გგონია. არადა, რომც ეხვეწო, გოგონების 80% არ დათანხმდება მზარეულობას და მით უფრო, დამლაგებლობას, რაშიც იმის მეათედ თანხას ვერ აიღებენ, რასაც მეძავობით შოულობენ. ისინი ოფიციალურად მოცეკვავეები არიან და შრომის წიგნაკებსაც კი ვაძლევთ. ადრე თუ გვიან დაბრუნდებიან საქართველოში და არც ოჯახების შექმნა გაუჭირდებათ. ბევრი გოგონა, ღამით რომ ჩვენთან მუშაობს, დღისით სწავლობს და უმაღლეს განათლებას იღებს...
- მაინც იღუპავენ ცხოვრებას და ეს ცოდვა ჩემს კისერზეა! - მაწუხებდა სინდისის ქენჯნა.
- მოგცლია ერთი! - აღიზიანებდა საიდს საკითხისადმი ჩემი დამოკიდებულება და ისევ ცდილობდა, ცოლობაზე დავეთანხმებინე. მე კი ისევ ფიქრშიც არ ვუშვებდი მამაკაცთან სიახლოვეს. რაც სანდროს გავცილდი, სექსი არავისთან მქონია. არადა, რაც გავმდიდრდი, კაცები ბუზებივით მეხვეოდნენ...
მიუხედავად იმისა, რომ ბებია-ბაბუასგან მემკვიდრეობით მიღებული ბინა საკმაოდ კარგი იყო, ის დედაჩემს გადავუფორმე. ჩემს ნახევარდებს უყვარდათ საქართველო და თბილისი და როცა ჩამოსვლის სურვილი გაუჩნდებოდათ, შეეძლოთ, იმ ბინაში დაბინავებულიყვნენ და აღარ ვიქნებოდი ვალდებული, მათთვის მემასპინძლა და ჩემი ცხოვრების წესი (მყუდროება და მარტოობა) დროებით მაინც შემეცვალა...
კერძო სახლი ვიყიდე, იაფად ჩამივარდა ხელში. ეზო ჰქონდა, რომელიც ბაღნარად ვაქციე და სახლიც ჩემს გემოზე გადავაკეთე, ყველანაირი კომფორტი მოვიწყვე: მაშინაც კი მქონდა დენი და სითბო, როცა მთელი ქალაქი უსინათლოდ იყო.
მანქანა ვიყიდე და დამხმარე ქალი დავიქირავე, რომელიც დასავლეთ საქართველოდან დედაქალაქში სამუშაოს საძებრად ჩამოსულიყო და უკეთესს ვერც ვინატრებდი: ნატო ორმოცდაათს მიახლოებული ქალი იყო. გათხოვილი არასოდეს ყოფილა. რაც დედ-მამა გარდაეცვალა, სოფელში მეურნეობის გაძღოლა მარტომ ვეღარ შეძლო და ამიტომაც გადაწყვიტა ქალაქში წამოსვლა. მამისეული სახლის კარს ბოქლომი დაადო და სააგენტოში მომადგა - თავიდან მასაც თურქეთში უნდოდა სამუშაოდ წასვლა, მაგრამ თავის თავზე ისეთი რამეები მიამბო, მომეწონა და გადავაფიქრებინე:
- დამიჯერე, თურქეთში იმაზე მეტს ვერაფერს იშოვი, რაც აქ შემიძლია შემოგთავაზო...
დამიჯერა და არც უნანია. ლამის 15 წელიწადია ერთად ვართ და ზოგჯერ დედა უფრო მგონია, მაგრამ ახლა მისი ყურადღებაც კი გამაღიზიანებდა და თავისებური ბედნიერებაა, რომ თვეზე მეტია, რაიონშია წასული. და გარდაეცვალა და მთხოვა, მის ორმოცამდე დისშვილებთან დარჩენის ნება მიმეცა...
ნატო ერთადერთია ალბათ, ვინც ჩემს მძიმე ხასიათს შეეგუა და საკმარისია, თვალებში ჩამხედოს, ხვდება, როგორ ხასიათზე ვარ. თითქმის არასოდეს ლაპარაკობს და თუ რამე არ ვკითხე, შეიძლება დღე ისე გავიდეს, მისი ხმაც ვერ გავიგონო. ზოგჯერ მგონია, რომ ადამიანზე მეტად გონიერი რობოტია, რომელიც არასოდეს უქმნის პატრონს დისკომფორტს... მისი წყალობით ჩემს სახლში ყოველთვის ყველაფერი წესრიგშია და ვერც წარმომიდგენია, როგორ უნდა მეცხოვრა მის გარეშე...
როცა დედა ჩემთან იმის სათქმელად ჩამოვიდა, რომ დიდხანს ვეღარ იცოცხლებდა, მხოლოდ მაშინ სცადა ჩემთვის აზრი შეეცვლევინებინა:
- ნია, დედის გამო ყველანაირი პრინციპი დათმე, თორემ მერე, როცა აღარ იქნება, მოგენატრება და ინანებ, რომ ბოლო დღეები, კვირები და თვეები მის გვერდით არ გაატარე...
- აღარ გააგრძელო! - შევაწყვეტინე უხეშად. - დაიმახსოვრე: არავინ მჭირდება ქვეყანაზე. მით უფრო, ისეთი დედა, როგორიც ნანია - ეგოისტი და უპასუხისმგებლო. მან ჩემი დამახინჯებული სულისა და ფსიქიკის ხარჯზე აიწყო პირადი ცხოვრება და ბედნიერება...
- რა იცი, რომ ბედნიერია?! - ისევ სცადა ნატომ შეწინააღმდეგება, მაგრამ ისევ უხეშად შევაწყვეტინე და მას შემდეგ ამ თემაზე აღარ დამლაპარაკებია...
გაგრძელება იქნება
წყარო: gza.kvirispalitra.ge