ნოველები

ზღვარზე. თავი 8

ზღვარზე. თავი 8
კიდევ ერთხელ მოისურვეს დეტალების გაგება და მეც მოკლედ ავუხსენი მდგომარეობა. იმ თანხის რაოდენობითაც დავინტერესდი, რისი გადამხდელებიც იყვნენ და ლამის სამჯერ მეტი თანხა დაასახელეს, ვიდრე მოველოდი:

- გოგონას ბინას ვუქირავებთ, სანამ იმშობიარებს და მოსამსახურესაც მივუჩენთ, რომელიც არაფერს მოაკლებს. მშობიარობით სახლში იმშობიარებს, თქვენს მეგობართან ერთად, ცნობილი გინეკოლოგი დაეხმარება. სამშობიაროში კი ჩემს ცოლს შევიყვანთ იმ დღეებში და ისე გავაფორმებთ, ვითომ მან იმშობიარა, კანონთან რომ არ შეგვექმნას პრობლემა...

- ჩემს მეგობარ გინეკოლოგს შეგახვედრებთ! - მინდოდა, მთელი პასუხისმგებლობა მელისასთვის გადამებარებინა,
მაგრამ მამაკაცმა არ ისურვა:

- არ მინდა ზედმეტ ადამიანებთან გამოჩენა და ჩემი ვინაობის ღიად დაფიქსირება. მხოლოდ თქვენთან ვითანამშრომლებ და არც თქვენ დაგწყვეტთ გულს...

სხვა რა გზა იყო და დავთანხმდით. შეიძლება ეს ამბავი ასე მძაფრადაც არ აღმექვა, რომ არა მოგვიანებით განვითარებული მოვლენები: სანამ დაქირავებულ ბინაში შევასახლებდით გოგონას, რომელსაც ფიქრია ერქვა, მელისამ ექოსკოპია გაუკეთა და აღმოჩნდა, რომ ტყუპზე იყო ფეხმძიმედ, რაც მას არ გაუმხილა ჩემმა მეგობარმა და თავიდან ვერ მივუხვდი ჩანაფიქრს:

- რატომ არ უთხარი, რომ ტყუპს ელოდება? თუ ერთის დატოვება არ უნდა, გგონია, მეორე დაენანებოდა?

- სიმართლე დამკვეთებისთვის უფრო დავმალე. ერთის ფულს იხდიან და მეორე ტყუილად რატომ უნდა დავუთმოთ? მეორე შეიძლება სხვებზე, კიდევ უფრო სარფიანად გავყიდოთ...


- კი მაგრამ, იმ მშობიარობას ხომ მისი მეგობარი გინეკოლოგიც დაესწრება? - შევახსენე მეგობარს.

- მაინც არ გავამხილოთ ჯერ და რამეს მოვიფიქრებ! - არ გაიტეხა იხტიბარი და მეც აღარ შევეწინააღმდეგე. ფულს ნამდვილად არ დავხარბებულვარ, მაგრამ შინაგანი ხმა მკარნახობდა, რომ რაც ნაკლებად ჩავერეოდი ამ საქმეში, უკეთესი იქნებოდა... ფიქრია ნაქირავებ ბინაში შევიყვანეთ და მოსამსახურე მივუჩინეთ. ბოლო ორი თვე აღარ გვინდოდა მისი სახლიდან გამოშვება, რადგან მუცელი ძალიან გაეზარდა, რაც ბევრს არ უნდა დაენახა, მაგრამ მასთან ერთად ბიძაშვილი სწავლობდა და ვერსად რომ ვერ ნახა მამიდაშვილი, განგაში ატეხა და მის მშობლებს შეატყობინა, რომლებიც დამფრთხალები ჩამოვიდნენ ქალაქში და დაკარგული შვილის შესახებ პოლიციაში განაცხადეს. ლევან ოდიშარია რომ პოლიციის მაღალჩინოსანი არ ყოფილიყო, შეიძლებოდა ისეთ სკანდალში გავხვეულიყავით, სერიოზული პრობლემები შეგვქმნოდა, მაგრამ ლევანმა შეძლო ფიქრიას მშობლები დაერწმუნებინა, განცხადება გაეტანათ და შვილის მოძებნაში დახმარება აღუთქვა...

მოკლედ, იძულებულები გავხდით, მათთვის სიმართლე გვეთქვა და ფეხმძიმე შვილი გვეჩვენებინა. რა თქმა უნდა, შეწუხდნენ, მძაფრი რეაქციაც ჰქონდათ, მაგრამ შვილი მოსაკლავად ვერ გაიმეტეს და ბავშვების, უფრო სწორად, ბავშვის გაშვილებაზეც უარი თქვეს. არც მათთვის გაგვიმხელია, რომ ფიქრია ტყუპს ელოდებოდა...

დამკვეთს საქმის ასე შემოტრიალება, რა თქმა უნდა, არ მოეწონა და სწორედ აქ გამოგვადგა მელისას "წინდახედულობა" - ყველანი გაგვაჩუმა და საიდუმლო გაამხილა:

- გოგონა ტყუპს ელოდება. ერთი უნდა გავატანოთ, მეორეს კი მყიდველებს გადავცემთ...

რა თქმა უნდა, დამკვეთი ყველაფერზე თანახმა იყო, ისე უნდოდათ ბავშვის ხელში ჩაგდება.

მელისა მართლა კარგი ექიმია და შეცდომა არასდროს მოსვლია. მით უმეტეს, იმ პროფესორს, მასთან ერთად რომ იღებდა მშობიარობას, მაგრამ პროცესი მაინც გართულდა. რამდენიმესაათიანი ტანჯვის შემდეგ ექოსკოპიამ აჩვენა, რომ ტყუპი ერთმანეთს ხელს უშლიდა დაბადებაში... სახლში მშობიარობა შეუძლებელი გახდა და მშობიარე საავადმყოფოში გახდა გადასაყვანი, რომ დედაც და შვილებიც საკეისრო კვეთით მაინც დაეშორებინათ ერთმანეთისთვის და გადაერჩინათ. იქ პროფესორი ვერ გამოჩნდებოდა. ამიტომ, მელისას ოპერაციის გაკეთება მარტოს მოუხდა. სამწუხაროდ, ერთი ტყუპისცალი უკვე მკვდარი იყო, მისი რეანიმაცია ვერ მოხერხდა. მეორე კი ჯანსაღი, ძლიერი დაიბადა და ის მაშინვე გადავმალეთ, - მშვილებლებმა სასწრაფოდ იმ კერძო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მისი მომავალი დედა იწვა, ვითომ სამშობიაროდ შეყვანილი...

სანამ ნაოპერაციები დედა გონს მოვიდოდა, მის ახლობლებს ახალშობილის დაღუპვის ამბავი გააგებინეს და გარდაცვლილი ჩვილიც აჩვენეს. ვერ ვიტყვი, რომ გაახარა ამ ინფორმაციამ, მაგრამ შორიახლოს ვტრიალებდი და მათი რეაქციის მიხედვით მომეჩვენა, რომ მაინც ასე ერჩივნათ - ნაკლები პრობლემები შეექმნებოდათ და მათი საიდუმლოც სამუდამოდ დაიმარხებოდა საავადმყოფოს კედლებში. მოგვიანებით გავიგე, რომ გარდაცვლილი ჩვილის დაკრძალვაზეც აღარ იზრუნეს და სანიტრების იმედზე დატოვეს განწირული სისხლი და ხორცი...

მგონი, პირველად შემაწუხა მაშინ სინდისმა და იმის გაგებამაც არ დამამშვიდა, როცა მელისამ მითხრა, რომ მშობიარეს ეჭვი არაფერში შეჰპარვია და არც ტრაგედია შეუქმნია მომხდარისგან. უფრო მეტიც, თითქოს მანაც შვება იგრძნო:

- მირჩევნია ვიცოდე, რომ ჩემი პატარა ანგელოზად იქცა და ზეცაშია, ვიდრე ის, რომ დედამიწაზე დადიოდეს და მასთან შემთხვევით შეხვედრისას არც კი ვიცოდე, როგორია და ვინაა! - უთქვამს მელისასთვის. მისი სინდისისთვის მართლა ასე სჯობდა, ალბათ. მე კი ორმაგად მძიმედ განვიცადე მომხდარი.

ფული გადაგვიხადეს, იმაზე მეტიც კი, ვიდრე ველოდით. ალბათ, საქმის გართულებისთვის. თუმცა, ფულს მკაცრი გაფრთხილებაც მოაყოლეს: ენებისთვის კბილები დაგვეჭირა და სა- მუდამოდ დაგვევიწყებინა მომხდარი, თუ არ გვსურდა, თავი ცუდი სასჯელისთვის გაგვემეტებინა. რას გულისხმობდნენ, არ ვიცი, მაგრამ ყველაფერზე წამსვლელები რომ იყვნენ, ეჭვიც არ მეპარებოდა და მათი მუქარის გარეშეც არასოდეს ამოვქექავდი ამ საქმეს...

სხვათა შორის, ის ფული ჩემთვის არ დავიტოვე და არ ვიცი, როცა უფლის წინაშე წარვდგები, რამეში წამადგება თუ არა თავის სამართლებლად, მაგრამ ავდექი და ერთი ბავ- შვთა სახლის ანგარიშზე ისე გადავრიცხე, რომ საკუთარი ვინაობა არსად დამიფიქსირებია. თავის გამოჩენა არაფერში მჭირდებოდა. არც ის მინდოდა, ჩემი შემოსავლები ჟურნალისტებისა და საზოგადოების განსახილველი თემა გამხდარიყო: ჩვენი ქალაქი ხომ ასეთი პატარა და ჭორიკანაა, სადაც სიკეთესაც კი სიბინძურეს ასხამენ, თორემ ბინძურ საქმეს ათასნაირად ატრიალებენ და კიდევ უფრო აუტანელს ხდიან...
ლევანისთვისაც კი არ მითქვამს, რა ვუყავი იმ ფულს და არც ის მიკითხავს, თავად რა უყო თავის წილს - მაშინებდა კიდევაც იმისი გაგება, რომ სხვისი შვილის გაწირვითა და გაყიდვით ნაშოვნი ფული თავის შვილებს მოახმარა და იოტისოდენადაც არ შეუწუხებია სინდისის ქენჯნას...
მიუხედავად საკმაო ახლო ურთიერთობებისა, ლევანთან ბოლომდე გულახდილი არასოდეს ვყოფილვარ. უფრო მეტიც, ლევანს კი არა, საკუთარ თავსაც კი არ ვენდობოდი ხოლმე ხშირად, რადგან მწამდა, - სხვა ვერასოდეს დაგიშავებს იმდენს, რაც საკუთარი თავისთვის დამიშავებია...

რამდენიმე წლის წინ მეც დავორსულდი და საწყის ეტაპზე რომ გამეგო ეს ამბავი, დაუფიქრებლად გავიკეთებდი აბორტს, მაგრამ ისე მოხდა, რომ სანამ ბავშვი არ იძრა მუცელში, ვერაფერი ვიეჭვე...
თავიდან მელისასთან მინდოდა მისვლა, მაგრამ ბოლო წუთში გადავიფიქრე. არ მინდოდა, მეგობარი ჩემი საიდუმლოს მოწმე გამეხადა და აზრის შეცვლა დაეძალებინა. კიევში მივედი გინეკოლოგთან, სადაც საიდთან ერთად გადავფრინდი. მამამისი უკრაინელი გოგონებით დაინტერესდა და რადგან რუსული კარგად ვიცოდი, იმ საქმისთვის ჩემზე უკეთესი ვერავინ იპოვა. კარგად მიხდიდა და თარჯიმნობას რაღა უნდოდა. პარტნიორები კი საიდს უკვე მოძებნილი ჰყავდა რაღაც არხებით და მოლაპარაკებას აწარმოებდა...

კიევში დამიდასტურეს, რომ ოთხ თვეზე მეტი ხნის იყო ჩემი ნაყოფი. აბორტი მაშინვე გამორიცხეს, მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი თანხის გადამხდელი ვიყავი და არც იმაზე ვიტყოდი უარს, თუ ჩემს უდღეურ შვილს საკეისრო ოპერაციით მომაშორებდნენ და ასე შეწყვეტდნენ მის სიცოცხლეს...

გინეკოლოგმა გაოცებულმა შემომხედა, რომელიც ასაკით მამად შემეფერებოდა:

- ძლიერი და დამოუკიდებელი ქალი ჩანხართ და იმის პრობლემა არ უნდა გქონდეთ, რომ უკანონო შვილის გაჩენის და გამოჩენის გეშინოდეთ. ჯანსაღი ბიჭია, ცოდოა სასიკვდილოდ...
- არ მინდა და მორჩა! - ვთქვი ისე კატეგორიულად, იგრძნო, ჩემთან კამათს აზრი არ ჰქონდა და ამიტომ, უცნაური წინადადებით მომმართა:
- მე და ჩემი მეუღლე გვიან დავქორწინდით. შვილი არ გვეყოლა და აქამდე რატომღაც ვერც აყვანა მოვახერხეთ, თითქოს საამისოდ არც გვეცალა. გააჩინე ეგ ბავშვი და მოგვეცი. ახლოს გაგვიცანი და დარწმუნდები, რომ არაფერი მოაკლდება, ბედნიერი და უზრუნველი ცხოვრება ექნება და რაც მთავარია, თუ მოინდომებ, შეგეძლება კიდეც მისი დაბრუნება. ჩვენი ასაკის გამო, წამოიზრდება თუ არა, მაშინვე გაუჩნდება კითხვა: - რატომ ჰყავს ასეთი ასაკოვანი მშობლები. მე კი არ მინდა, ტყუილში იცხოვროს და ვეტყვი, რომ ულამაზესი ქართველი დედა ჰყავს. თქვენ კი, თუ ოდესმე მოინდომებთ მის დაბრუნებას, ჩამოხვალთ და ნებისმიერ დროს შეგეძლებათ ამის გაკეთება, ოღონდ, არც ჩვენი თავი დააკარგვინო. მოკ- ლედ, ის ჩვენი შვილიშვილი იქნება, შენ კი - ჩვენი შვილი...
დაბნეული ვუცქერდი კაცს, რომელსაც ცხოვრებაში პირველად ვხედავდი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ არ ტყუოდა, არც ცუდი გრძნობები ამოძრავებდა და შემეძლო, ნდობა გამომეცხადებინა მისთვის. არადა, თავიდან მაინც უარი ვუთხარი. თუმცა, არც სხვა გინეკოლოგის ძებნა დამიწყია აბორტის გასაკეთებლად, მაინც ყველა უარს მეტყოდა, ალბათ...
ორი კვირის შემდეგ ისევ მივაკითხე:

- თანახმა ვარ, გავაჩენ და დაგიტოვებთ ბავშვს, ოღონდ, არა მგონია, მას ოდესმე მოვაკითხო...

- არ გინდა, მითხრა, რატომ ხარ მისი დაბადების ასეთი წინააღმდეგი? - მითხრა დაყვავებით.

- არა, არ შემიძლია... არც მიმაჩნია საჭიროდ, რადგან ბავშვის დაბადების შემდეგ სამუდამოდ გავქრები თქვენი ცხოვრებიდან და რაც ნაკლები გეცოდინებათ ჩემ შესახებ, მით უკეთესი...

გაგრძელება იქნება

იხილეთ წინა თავი

წყარო: ჟურნალი "გზა"
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
ელენე
ძალიან საინტერესო წასაკითხია.
12:41 / 25-11-2020
გამოხმაურება / 0 /
გულიკო
როგორ გულით ველოდები ახალი თავების დადებას არ შეიძლება ერთიანად დაიდოს მართლაც გულს მოსახვედრია
23:37 / 24-11-2020
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
e87a93