გამაღიმა ნინოს გულახდილობამ და უცებ ისიც კი მომეჩვენა, რომ ცხოვრება არც ისე საშინელია, როგორიც აქამდე მეგონა:
- თავად რას იტყვი პირად ცხოვრებაზე?
- დამიჯერებ, რომ ამის შესახებ დღემდე არავისთან მილაპარაკია? - ტკივილი გაუკრთა თვალებში.
- თუ გინდა, ნურც მე მეტყვი...
- აქ ნდომაზე კი არ არის ლაპარაკი, გულში ჩამარხულმა სატკივარმა და სადარდებელმა, არშემდგარმა ცხოვრებამ თავი გამახსენა და არ ვიცი, რატომ, მაგრამ მომინდა, რომ ჩემი ტკივილის თანამოზიარე გაგხადო. ბოლოს და ბოლოს, გაზიარებული სადარდებელიც ხომ ნახევარი დარდია?
- მიხარია, რომ მენდობი...
- სკოლის დამთავრებისთანავე სამედიცინო ინსტიტუტში მოვეწყვე, რაც იოლი არ იყო, რადგან ღარიბი ოჯახიდან ვიყავი და მშობლებს არ შეეძლოთ ჩემი დახმარება. რაიონიდან ვიყავი და ქალაქში ერთი პატარა ოთახი ძლივს მიქირავეს. გარეგნობით მართლა კარგი და შესამჩნევი გოგო გახლდით, ბევრ ბიჭს მოვწონდი, მაგრამ ჩემს ლექტორს თანავუგრძნე, რომელიც ლამის ორჯერ იყო ჩემზე უფროსი. ახლა რომ ვფიქრობ, სიყვარულზე მეტად მფარველს და პატრონს ვეძებდი. მიჭირდა ნაქირავებ სოროში ნახევრად მშიერს არსებობა. კობა ნიორაძეს - სახლი კი არა, სასახლე ედგა თბილისში. სწავლაშიც დამეხმარებოდა და სამსახურის პოვნაშიც...
მოკლედ, როგორღაც მომაქცია ყურადღება და ცოლობა შემომთავაზა. დავთანხმდი. დიდი ქორწილიც გვქონდა. ბევრს შეშურდა ჩემი, კონკიას მადარებდნენ, მაგრამ ჩემი ბედნიერება ქორწინების პირველსავე ღამეს გაცამტვერდა და დამთავრდა: კობა ბავშვობაში გადატანილი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ დასაჭურისებულიყო, - არ შეეძლო სქესობრივი კონტაქტის დამყარება, რამაც ისე გააცოფა, რომ ჩემზე იყარა ჯავრი: მცემა, დამამცირა...
- ვერ უჩივლე და ვერ დააჭერინე? - სისხლმა ამასხა ტვინში.
- შემაშინა. დამემუქრა, თუ სადმე გავამხელდი, მომკლავდა და თავსაც მოიკლავდა. მაგრამ ერთხელაც, მოძალადე კობას ვუჩივლე და დავაჭერინე. მან იმავე ღამით, საკანში თავი ჩამოიხრჩო...
რადგან კანონიერად ვიყავით დაქორწინებულები, მისი სახლ-კარიც და ქონებაც მე დამრჩა, მაგრამ ისე მეზიზღებოდა იქაურობა, გავყიდე და სანაცვლოდ, სამოთახიანი ბინა ვიყიდე, სადაც დღემდე ვცხოვრობ.
- გათხოვება აღარ გიფიქრია?
- არა, რადგან ისეთი სტრესი მივიღე კობასთან. სულწაწყმედილმა ნიორაძემ ჩემში ქალი სამუდამოდ მოკლა და გაანადგურა. ფსიქიატრთანაც კი ვიმკურნალე, მაგრამ ვერც ამით შევცვალე რამე... დისშვილი გავზარდე და შვილად ის მიმაჩნია. სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია და კარგი გოგოა. ჩემთვის მისი ბედნიერებაა ახლა მთავარი და ვინმემ რომ ჩემსავით მოუნდომოს გაუბედურება, ნამდვილად გავანადგურებ იმ ადამიანს...
იმ დღემ უცებ დაგვაახლოვა მე და ნინო...
გუგამ პოლიციელებს თავისი ვერსია უთხრა და ისაკაძეს ბრალეულობა მოუხსნა. ამიტომ "ყველაფრის გათვალისწინებით" სამი წელიწადი მიუსაჯეს...
გუგამ გერმანიაში გადაწყვიტა საცხოვრებლად წასვლა, რის გამოც ახლობლები წინააღმდეგობას უწევდნენ, მაგრამ საბოლოოდ მაინც შეძლო მათი დარწმუნება, რომ მისი მომავლისთვის ასე ჯობდა... საიდს ვთხოვე დახმარება, რომელსაც ჩემზე მეტი და ახლო კავშირები აქვს ევროპაში და გუგას ისეთი "პატრონი" უპოვა, ვინც დაინტერესებული იყო მისი ორიენტაციის მქონე პატარა ბიჭებით, სანაცვლოდ კი ცხოვრებაც დაუფინანსა და იქაურ უნივერსიტეტში სწავლაც...
ყველაზე მნიშვნელოვანი კი მაინც ლევანის დაბრუნება იყო, რომელსაც კიევი მოევლო, ჩვენი შვილის გამზრდელები ენახა და მათგან ვაჟის ნახვის უფლებაც მიეღო. ამ ყველაფრით ისეთი აღფრთოვანებული და ბედნიერი იყო, რომ ვერ მოითმინა და ჩამოსვლისთანავე ტელეფონით შემეხმიანა:
- მართლა არაფერი გინდა ჩვენს შვილზე გაიგო, ნია?
არ ვიცი, რატომ, მაგრამ შემეშინდა და ლევანს მაშინვე ვერ ვუპასუხე.
- გესმის ჩემი ხმა? - ჩამეკითხა ხანგრძლივი პაუზით გაღიზიანებული.
- ჰო, უბრალოდ, არ ვიცი, რას ვგრძნობ! - ვუთხარი გულახდილად. - მხოლოდ მეშინია.
- რისი?
- სიმართლისთვის თვალის გასწორების.
- საღამოს შენთან მოვალ. ეს საქმე ტელეფონზე გასარჩევი და გადასაწყვეტი არ არის.
- გელოდები! - ვუთხარი მოკლედ და მიუხედავად იმისა, რომ საღამომდე ჯერ კიდევ შორს იყო, ვერსად გავჩერდი და სახლში დავბრუნდი. შხაპი მივიღე და მაცივარი გამოვაღე, რომ დილიდან მშიერს რაიმე მეჭამა, მაგრამ საჭმლის დანახვაზე გულის რევის შეგრძნება გამიჩნდა და მივხვდი, რომ ლუკმა არ გადამივიდოდა ყელში. არადა, როცა წამლები გადმომცა ექიმმა, გამაფრთხილა, რომ კვების რეჟიმიც მკაცრად უნდა დამეცვა...
სულიც გამძრობია! - გავიფიქრე გაღიზიანებულმა და საძინებელში გავედი, ცოტა რომ დამეძინა, მაგრამ ტყუილუბრალოდ ვიწრიალე საწოლში მთელი საათი, თვალიც ვერ მოვხუჭე. ან კი რა დამაძინებდა ასე გაღიზიანებულს, - შვილზე ვფიქრობდი, უფრო სწორად, მის დაუგეგმავ გამოჩენაზე და ჩემს ცხოვრებაში იმ დროს შემოჭრაზე, როცა ყველაზე ნაკლებად მქონდა ამისი თავი და განწყობილება. იმისი აღიარებაც მომიხდა, რომ სიხარულზე მეტად ეჭვებმა ამიფორიაქა გულიც და სისხლიც. საბოლოოდ კი ისიც ვაღიარე, რომ უღირსი დედა ვიყავი, - თითქოს მაინტერესებდა, როგორი იყო ჩემი შვილი, მაგრამ იმასაც ვხვდებოდი, რომ მისთვის არაფრის მიცემა არ შემეძლო, - ცხოვრებამ და სიტუაციამ საშინელ ეგოისტად მაქცია. ახლა არავინ და არაფერი მაინტერესებდა და მჭირდებოდა, მით უფრო, აღსასრულისკენ მიმავალ გზაზე მდგომს. არ ვიცი, რას აპირებდა ლევანი, მაგრამ აშკარა იყო, რომ არ მინდოდა შვილის დაბრუნება. ის ჩემთვის უცხო ადამიანი იყო და რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, მასზე მეტად ჩემი საწყალი და ინვალიდი შვილი მენატრებოდა და მიყვარდა. იქნებ იმიტომ, რომ მასზე დიდი ამაგი მქონდა და მისი შეყვარებაც მოვასწარი იმ უმძიმეს დღეებში, უფალმა რომ ერთად ყოფნისთვის გვაჩუქა...
ლევანმა შემომხედა თუ არა, მაშინვე მიხვდა, რომ აფორიაქებული ვიყავი:
- ნერვიულობ? - მკითხა, როცა სასტუმრო ოთახში შევედით და თავის საყვარელ სავარძელში ჩაჯდა.
- ძალიან, მაგრამ მოლოდინს გაგიცრუებ, ვიცი, როცა სიმართლეს გეტყვი, რადგან მერჩივნა, აღარაფერი გამეგო ბავშვის შესახებ, რომელიც დაბადებისთანავე უარვყავი და ისე წავშალე ჩემი მეხსიერებიდან, რომ თითქმის აღარც მახსენდებოდა...
ლევანმა უცნაურად შემომხედა და ვერ მივხვდი მისი გამოხედვით, რას განიცდიდა იმ წუთში ჩემ მიმართ. გაოცებული იყო:
- მე შენ ასეთი არ მეგონე, ნია...
- როგორი? - მხრები ავიჩეჩე.
- ცარიელი! - იმ სიტყვით შემაფასა კაცმა, რომელსაც ნაკლებად ველოდი ალბათ. - როგორ შეგიძლია საკუთარ შვილზე ასე ცივად და გულგრილად ილაპარაკო?
- ის ჩემი აღარ არის! - შევაწყვეტინე. - და გეყოფა ჩემი ლანძღვა, თორემ შეიძლება ვინანო, რომ შენ გაგიმხილე მისი არსებობის შესახებ...
- მგონი, აღარ მიყვარხარ და არც რამე მაქვს შენთან სალაპარაკო! - ფეხზე წამოდგა კაცი. - წავალ, თორემ შეიძლება, რაღაც ცუდი მოხდეს, თუ გონება გადამეკეტა...
არ შევაჩერე, არც რამე მითქვამს. ამოიღო ჯიბიდან სურათების დასტა და მაგიდაზე დაყარა:
- შენთვის წამოვიღე, ჩვენი შვილის სურათებია დაბადებიდან დღემდე. მეგონა, გაგახარებდი და ისე მომქონდა, როგორც უძვირფასესი საჩუქარი. შეგიძლია ისე გადაყარო, არც დაათვალიერო...
ლევანმა კარი გაიხურა თუ არა, ისტერიკა დამემართა: მაგიდიდან საყვავილე ავიღე და კედელს შევანარცხე. წვრილ ნამსხვრევებად მიმოიფანტა, მაგრამ არც ამან მიშველა, კიდევ უნდა გამომეშვა აგრესია. სურათებს ხელი წამოვავლე, ისე მინდოდა მექცია ნაკუწებად, ზედაც არ დამეხედა, მაგრამ სიჩქარეში დასტა ხელიდან გამივარდა და იატაკზე მიმოიფანტა. დავიხარე, რომ წამომეკრიფა და ვეღარც გავიმართე წელში: ულამაზესი და უჭკვიანესი თაფლისფერი მზერით შემომცქეროდა ჩემი შვილი და ისე ჰგავდა ლევანს და მის უფროს შვილებს, დნმ-ის ანალიზიც კი არაფერს ეტყოდა მათ მამაშვილობაზე მეტს...
გულში ჩხვლეტა ვიგრძენი. გაოგნებული ვათვალიერებდი სურათებს და რაც მეტად ვგრძნობდი, რა საოცრებაზე ვთქვი უარი, უფრო მეტი აგრესია გროვდებოდა ჩემს სულსა და სისხლში...
ხმით ვტიროდი. უფრო სწორად, ვბღაოდი...
გონებაარეული გავვარდი საძინებელში, იქ დამონტაჟებული სეიფიდან რომ რევოლვერი გამომეღო, თავში მესროლა და ის ტვინი გამესხმევებინა ჩემში ჩაბუდებული ეშმაკისთვის, რომელმაც ამ ზომამდე მიმიყვანა...
ტელეფონმა დარეკა. თავიდან არ მინდოდა შეჩერება, მაგრამ შინაგანმა ხმამ მიკარნახა, რომ აუცილებლად უნდა გამეგო, ვინ მეძებდა. მთელი სხეულით და უფრო სისხლით ვგრძნობდი, რომ რაღაც ცუდი ხდებოდა...
- ქალბატონი ნია ბრძანდებით? - ვერ ვიცანი მამაკაცის ხმა.
- დიახ, ვინ მკითხულობს?
- თქვენი ნომერი მელისა ჩიხლაძის ბლოკნოტში ვნახეთ და გირეკავთ...
- მელისას რა მოუვიდა? - ვიკითხე ერთბაშად გაყინულმა და აკანკალებულმა.
- შეგიძლიათ მის სახლში მოხვიდეთ?
- რა მოხდა? - უხეშად ვუყვირე კაცს.
- მკვდარი ვიპოვეთ სახლში. როგორც ჩანს, გაზის გაჟონვის შედეგად გაიგუდა...
გაგრძელება იქნება
წყარო: ჟურნალი "გზა"
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>