ავზი ბენზინით ავავსე და როცა ისევ ავამუშავე ძრავა, პირველი, რაც გავიფიქრე, ის იყო, რომ მანქანით წყალში ხიდიდან გადავშვებულიყავი და ასე დამესრულებინა ყველაფერი, მაგრამ ვანიკოზე ფიქრმა შემაკავა.
ნაცნობ ნოტარიუსთან მივედი და ვთხოვე, ანდერძის შედგენაში დამხმარებოდა. თუ რამე გამაჩნდა, შვილის სახელზე უნდა გამეფორმებინა და მის მეურვედ და ყველა საქმის განმკარგავად, სანამ სრულწლოვანი გახდებოდა, ლევანი უნდა დამენიშნა...
ლევანმა დამირეკა საღამოს და მორიდებით მითხრა:
- ვანიკოს თავის და-ძმასთან და დისშვილებთან ურჩევნია დარჩენა. დაჰპირდნენ, რომ აგარაკზე წაიყვანენ და უნდა რამდენიმე დღე მათთან ერთად გაატაროს. ხომ არ გეწყინება, თუ შენთან არ დაბრუნდება?
- რატომ უნდა მეწყინოს? - ვუთხარი მაგრამ გული მაინც ჩამწყდა, რომ ჩემი შვილი ჩემგან შორს უფრო კარგად გრძნობდა თავს.
- საქმე ის არის, რომ ბავშვებს ჩემი ცოლყოფილი მიჰყვება, რაც ბუნებრივია. აბა, მარტოებს ხომ არ დავტოვებთ და შენ არ გექნება იქ ჩასვლის საშუალება, ამ დონეზე ვერ ვითავხედებთ, ხომ გესმის ჩემი?
- მშვენივრად მესმის და არ არის საჭირო ამდენი ბოდიში. მთავარი ხომ ვანიკოს ბედნიერება და სიხარულია?.. ისედაც ბევრი რამ აკლდა წლების განმავლობაში ჩვენი მხრიდან, რომ ასეთ რამეებზეც უარი ვუთხრათ. წავიდნენ. ჩემგან მოკითხვა გადაეცი და დამიკოცნე, უთხარი, რომ ძალიან მიყვარს და მენატრება. შენ კი დღესვე ჩემთან გამოდი - ბავშვს აგარაკზე თბილი ტანსაცმელი დასჭირდება და წაიღე. თან, მნიშვნელოვანი რაღაც უნდა გითხრა...
- ხომ მშვიდობაა? - ხმაში შიში შეეპარა.
- მე და მშვიდობა? - დავცინე საკუთარ თავს, თუმცა, უცებ დავამშვიდე: - ნუ გეშინია, ახალი არაფერია, მაგრამ ჩემი მდგომარეობის გამო რაღაც გადაწყვეტილება მივიღე, რის განხორციელებაშიც უნდა დამეხმარო...
- ორიოდე საათში მოვალ, როგორც კი საღამოს თათბირს მოვრჩები. საჭმელი ხომ არ წამოვიღო რამე?
- არა, ისედაც სავსეა მაცივარი. გელოდები.
ლამის შუაღამე იყო, ლევანი რომ მოვიდა. შემომხედა თუ არა, მიხვდა, რომ კარგად არ ვიყავი და შეშფოთებულმა მკითხა:
- თავს ცუდად ხომ არ გრძნობ, ნია?
არ დამიმალავს.
- ნამდვილად ვერ ვარ კარგად. ბოლო ანალიზების მიხედვით არც ისე ბევრი დრო დამრჩა, ძალები მეცლება. საოცარ სისუსტეს ვგრძნობ და თუ წამალი არ დავლიე, მგონია, ძვლებში ვიშლები...
ლევანს სახე წაეშალა. მეგონა, ცოტაც და ატირდებოდა. მოვიდა და ჩამეხუტა. ალბათ შევეცოდე. თან, ემოციის შეკავებას ცდილობდა.
- ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება! - მითხრა როდის-როდის ხმაჩაწყვეტილმა.
- შიშით არ მეშინია. უბრალოდ, დავიღალე - ჯერ ცხოვრებისგან და ახლა უკვე ტკივილებისგან, მხოლოდ ცუდის მოლოდინისგან.
ლევანი დივანზე ჩამოჯდა და თავისკენ მიმიზიდა:
- მოდი ჩემთან!
მუხლზე ჩამოვუჯექი. ხელები მომხვია და ჩამიხუტა:
- რისი თქმა გინდოდა, თუ შენი ჯანმრთელობის პრობლემების გამო გსურდა ჩემი ნახვა?
- ბავშვზე მინდა გელაპარაკო... ერთი მხრივ გული მწყდება, რომ შენს ოჯახში უკეთ გრძნობს თავს, ვიდრე ჩემთან, მაგრამ მეორე მხრივ მიხარია, - ნაკლებად ტრაგიკული იქნება მისთვის ჩემი დაკარგვის აზრთან შეგუება. მადლობა უთხარი ჩემი სახელით შენს ცოლყოფილს, რომელიც გულღიად და სიყვარულით შეხვდა ვანიკოს და ერთხელაც არ უგრძნობინებია მისთვის, რომ არ სიამოვნებდა საკუთარი შვილების გვერდით მისი დანახვა... კარგი, მოვრჩეთ, საქმეს მივუბრუნდეთ. დღეს ნოტარიუსთან ვიყავი. მინდა, რაც გამაჩნია - სახლია თუ სხვა უძრავ-მოძრავი ქონება, ყველაფერი ჩვენი შვილის სახელზე გავაფორმო და სანამ სრულწლოვანი გახდება, შენ იქნები მისი მეურვე და საქმეების მწარმოებელი...
- მგონი, ნაადრევად გადაწურე წყალი, - ლევანმა წინააღმდეგობის გაწევა სცადა, მაგრამ შევაწყვეტინე:
- სიკვდილზე ფიქრი სიბრძნის ნიშანი რომ არის, არ გაგიგონია?.. მინდა, ყველაფერი დროზე მოვაგვაროთ.
- ეგ არ არის რთულად მოსაგვარებელი პრობლემა.
- მერე მინდა, იმაშიც დამეხმარო, რომ რაც შეიძლება უმტკივნეულოდ ავუხსნათ, რატომ მიემგზავრება დედიკო მისგან შორს. მინდა იცოდეს, რომ ძალიან მიყვარს. უბრალოდ, მიჩვეული არ ვარ გრძნობების გამოხატვას... იცი, კიდევ რას მივხვდი? - ავუწეწე ქოჩორი.
- ხომ არ შეგიყვარდი? - ხუმრობა სცადა, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე და გავაგრძელე:
- შენი სახით უფალმა დიდი ბედნიერება მარგუნა, მე კი ვერასოდეს დავაფასე შენი სიყვარული. მეგონა, ასეც უნდა ყოფილიყო - სხვებს ვყვარებოდი, მე კი მათი გრძნობებისთვის ან მეთანაგრძნო და ან - არა... იმასაც ახლა ვხვდები, რა ბედნიერებაა თუნდაც ამ წუთებში რომ ხარ ჩემ გვერდით, მისმენ და იმედი მაქვს, რომ ყველაფერს საიმედო ხელში ვტოვებ, რაც ჩემ შემდეგ რჩება - შვილიდან დაწყებული, წვრილმანი საქმეებით დამთავრებული...
- არა რა, სიყვარულს მიხსნი! - ლევანმა ისევ სცადა ჩემი ნათქვამის ხუმრობაში გადატანა.
- რა თქმა უნდა, მიყვარხარ... ჩემებურად, მაგრამ მიყვარხარ და ყოველთვის მიყვარდი, ალბათ. ყველა და ყველაფერი მიყვარდა, ოღონდ, ვერ ვხვდებოდი, რასაც სიკვდილის სიახლოვემ მიმახვედრა. დრო რომ მქონდეს, ბედნიერებას შენც გაჩუქებდი...
- მეც მიყვარხარ, ნია. თან ისე, რომ მზად ვარ სიკვდილსაც შევებრძოლო და არ დავუთმო შენი თავი! - ჩემს ყელში ჩარგო ცხვირი და ისე შეისუნთქა, დაიგმინა კიდევაც სიამოვნებისგან. - უშენოდ მეც მოვკვდები ალბათ და ჩემთვისაც უნდა იცოცხლო...
მერე მაკოცა: ჯერ ყელში, მერე ტუჩებში... მერე წამოდგა და ხელში ამიტაცა, საძინებლისკენ წამიყვანა. ჩემდა გასაოცრად, მეც მინდოდა მასთან სიახლოვე და ალერსი, მაგრამ ეგოისტურად ვერ მოვიქცეოდი, ამიტომ გავაფრთხილე:
- უჯრაში პრეზერვატივებია, ნახე...
არც მომისმინა:
- შეუძლებელია ახლა სიკვდილი შემოვიდეს შენგან ჩემში...
აღარც კი მახსოვს, როდის ვიყავი ასე ბედნიერი მამაკაცთან ურთიერთობისას. საოცარი სინაზე ვიგრძენი და ყველაფერი რომ მორჩა, როგორც ჩანს, მაშინვე ჩამეძინა.
თვალი რომ გავახილე, მზერა ფანჯრიდან შემოსულმა მზის სხივმა მომჭრა. კარგა ხნის გათენებული იყო. ლევანი რომ არ დამხვდა საწოლში, გული დამწყდა. მეგონა, დაუმშვიდობებლად წავიდა, მაგრამ ცოტა ხანში კარი შემოაღო და გაღვიძებული რომ დამინახა, გაუხარდა. მერე მოვიდა, საწოლზე წამოწვა და ჩამიხუტა:
- ადე, საუზმე მოვამზადე. მომშივდა. იმდენი ენერგია დავხარჯეთ გუშინ, შენც მგლის მადა გექნება.
- წყალს გადავივლებ და ჩამოვალ! - დავეთანხმე მაშინვე.
ჩემდა გასაოცრად გემრიელად ვისაუზმე. ლევანიც მადიანად ილუკმებოდა. მერე უცებ საათს დახედა:
- გავვარდები ახლა სამსახურში, ვაგვიანებ. შენ რას აპირებ, რა გეგმები გაქვს?
- მეც გავალ ალბათ ოფისში, მერე ექიმთანაც უნდა შევიარო! - გამიფუჭდა განწყობილება, რადგან დროებით დავიწყებული პრობლემა გამახსენდა...
ლევანი გავაცილე, მაგრამ თავად გადავიფიქრე სამსახურში გასვლა. იქაურობას უჩემოდაც მოუვლიდნენ და საქმეებსაც მოაწესრიგებდნენ. არც ექიმთან მისვლის თავი მქონდა. ეგ იყო, ნაშუადღევს ნოტარიუსს მივაკითხე და რამდენიმე საბუთი მივუტანე.
მერე ეკლესიაში მისვლის სურვილიც გამიჩნდა, მაგრამ მამა იოანეს ნახვა არ მსურდა რატომღაც და სხვა ეკლესიაში წავედი, სადაც არასოდეს ვყოფილვარ. ხალხი თითქმის არ იყო. სანთლები დავანთე და კუთხეში დადგმულ სკამზე ჩამოვჯექი, ღვთისმშობლის ხატებს შევხედე და დარცხვენილმა ვაღიარე:
- მიჭირს დამარცხებასთან შეგუება, არც ის შემიძლია, რომ მოთმინებით ველოდო რით და როგორ დამთავრდება ჩემი ტანჯვა-წვალება. ამიტომ, დროა ალბათ თავი მოვიკლა. ვიცი, უმძიმეს ცოდვას ჩავიდენ და ისევ თქვენ გიღალატებთ, მაგრამ...
მომდევნო დღეებში სახლში ჩავიკეტე და ლევანსაც კი არ ვუშვებდი ჩემთან. დავარწმუნე, რომ სიმშვიდისთვის მარტო ყოფნა მჭირდებოდა, რომ ძალები ისევ აღმედგინა...
რამდენიმე დღე ძილად ვიყავი მივარდნილი, რაც წამლების დამსახურებაც იყო. ალბათ, რადგან ძლიერ ტკივილგამაყუჩებლებსაც ვიღებდი, რამაც დროებით თითქოს ტკივილებიც დამავიწყა...
ერთ დღესაც მორიგ სამედიცინო შემოწმებაზე მივედი და რადგან ექიმმა მითხრა, რომ გაუარესება არ მქონდა და პროცესი მეტ-ნაკლებად მართვადი გახდა, თითქოს განწყობილებაც გამომიკეთდა, მაღაზიებში გავლის სურვილი გამიჩნდა. რამდენი ხანია, საკუთარი სიამოვნებისთვის არაფერი მიყიდია, თუმცა არც რამე მინდოდა და მომწონებია. ყველაზე მეტად ის გამიკვირდა საკუთარი თავისგან, რომ საკანცელარიო ბლოკნოტების სიჭრელემ მომჭრა თვალი - ბავშვობის შემდეგ არ მქონია სურვილი ასეთი რამეები მეყიდა. თან, ერთი კი არა, რამდენიმე ავარჩიე და ის დრო გამახსენდა, ჩემი კლასელი გოგონები ე.წ. მეგობრობის დღიურს რომ აკეთებდნენ. ზოგიც აზრთა კონას არქმევდა და ათასგვარ სულელურ კითხვაზე სთხოვდა ნაცნობს თუ უცნობს პასუხების გაცემას. მე მაშინ არასოდეს მიკეთებია მსგავსი ჩანაწერები, რადგან თავიდანვე არაბავშვური ინტერესები და პრობლემები მქონდა. არადა, ახლა დამწყდა გული ამის გამო: მქონოდა მეც ის გულუბრყვილო ჩანაწერები და მცოდნოდა, რას ფიქრობდნენ ჩემზე თანატოლები და ირგვლივმყოფები. იქნებ გამეთვალისწინებინა კიდევაც მათი აზრი და ცოტა უკეთესი ვყოფილიყავი, ვიდრე რეალურად ჩამოვყალიბდი საკუთარ თავში ჩაკეტილი და ბობოქარი ცხოვრების მიუხედავად, მაინც მარტოსული...
გაგრძელება იქნება
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>