ახლა, რა თქმა უნდა, არც მეგობრობის დღიურის შემოღებას ვაპირებ (ან კი სად მყავს მეგობრები?), არც სხვათა ბრძნული აზრების ჩანიშვნა-შეკრებას, მაგრამ პირადი დღიურისა და ჩანაწერების კეთების სურვილი კი გამიჩნდა - ჩემი ცხოვრების ბოლოდროინდელ ამბებზე, წარსულზე...
არა, მომავალზე ფიქრს და ოცნებას არანაირი აზრი არ ჰქონდა, მაგრამ ჩემი შვილისთვის, რომელიც ჯერჯერობით პატარაა სიმართლისთვის და სხვათა მიტევებისთვის, ხომ უნდა მეთქვა ყველაფერი საკუთარ თავზე, თუნდაც სიკვდილის შემდეგ რომ გაეცნო დედა...
სინდისის ქენჯნამ შემაწუხა, რადგან ისიც გამახსენდა, რომ მეც დამიტოვა დედამ ჩანაწერები, რომელთა კითხვა კი დავიწყე, მაგრამ შუა გზაზე მივატოვე და არც პატიება მიცდია დედისთვის და არც ის სიყვარული ვაღირსე, რომლის გარეშეც ალბათ საიქიოშიც ვერ ისვენებს...
სახლში მივედი თუ არა, ერთ-ერთი ბლოკნოტი გადმოვიღე და თავფურცელს დავაწერე: "ნია ამაღლობელი - ადამიანი მაინც მარტოა"... ჩანაწერები ჩემი შვილისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ვუყვარვარ, ვუყვარდი და სიკვდილის შემდეგაც ვეყვარები...
პირველი ჩანაწერის გაკეთება კი გამიჭირდა. არ ვიცოდი, როგორ უნდა დამეწყო ან საიდან - ჩემი ცხოვრების რომელი მონაკვეთი უნდა წამომეწია წინ, რაზე შეიძლებოდა მეწერა და რის შესახებ არ უნდა სცოდნოდა არავის, პირველ რიგში კი - ჩემს შვილს, რათა სიყვარულის ნაცვლად სიძულვილი არ ეგრძნო ქარაფშუტა ავხორცი დედისადმი, რომელიც საბოლოოდ სამარცხვინო ავადმყოფობის მსხვერპლი გახდა...
დედის დღიური გადმოვიღე და მის კითხვაში დამათენდა... თითქოს პირველად დავინახე და აღმოვაჩინე დედაჩემი და ისიც, რომ საოცრად ვგავდით ერთმანეთს და თუ რამეში იყო განსხვავება, დედა აშკარად, ჩემზე უკეთესი იყო: მას ოცნებები ძალადობით ჩაუკლეს, მე კი თვითონ გავწირე საკუთარი ოცნებებიც და მომავალიც მხოლოდ ცუდისთვის. საბოლოოდ კი ორივეს სული ამოგვართვეს თითქოს და ამიტომაც აღარ დარჩა ჩვენი ადგილი დედამიწაზე...
- ძალიან მიყვარხარ თურმე, დე! - ვთქვი ხმამაღლა, მისი დღიურის ბოლო გვერდი რომ გადავშალე და საკუთარმა ხმამ შემაკრთო - ჩახლეჩილმა და ისე ჩამწყდარმა, ხანგრძლივი ტირილის შემდეგ რომ აქვთ ადამიანებს...
კალამი ავიღე და წერა დავიწყე. არ ვიცი, რამდენ ხანს ვწერდი. თუ დედის დღიურის კითხვაში დამათენდა, წერაში დამაღამდა და უეცრად ვიგრძენი, რომ თვალები მეხუჭებოდა. ისეთი ძილქუში მომაწვა, საწოლამდე მისვლის ძალაც არ მქონდა და პირდაპირ საწერ მაგიდაზე ჩამოვდე თავი...
ტკივილმა გამომარკვია. მოუხერხებელ პოზაში მყოფს ხელ-ფეხი დამბუჟებოდა და ძვლებიც მტკიოდა. ძლივს დავდექი ლოდებივით დამძიმებულ ფეხებზე და კედელს გავყევი, რომ საწოლამდე მიმეღწია...
ტელეფონის ზარმა გამომაღვიძა. სანამ ვუპასუხებდი, საათს დავხედე. ღამის პირველი საათი იყო და შემეშინდა, მაშინვე შვილი გამახსენდა, - ნეტავ, მას ხომ არ უჭირს-მეთქი რამე?
ჩემდა გასაოცრად, გუგა ბიწაძე რეკავდა, რომელიც კარგა ხანია, არ შემხმიანებია:
- სადა ხარ, ნია? კომპიუტერი ჩართე, მინდა გელაპარაკო! - შემეხვეწა.
- ასეთი საჩქარო რა არის, ძლივს ჩაძინებული რომ გამაღვიძე? - მსუბუქად ვუსაყვედურე.
- ჩართე და გეტყვი...
ეკრანზე დავინახე თუ არა, მივხვდი, რომ გუგა ბედნიერი იყო. უფრო გაზრდილი, გალამაზებული, საკუთარ თავში დარწმუნებული მომეჩვენა. მას კი იმედი გაუცრუვდა ჩემს დანახვაზე, არ მოვეწონე:
- რა გჭირს, ნია? თითქოს ათი წლით დაბერებულხარ და მოტეხილხარ, რა მოხდა ასეთი?
- ხომ იცი, რაც მჭირს, მაგრამ არ მინდა ახლა ამაზე ლაპარაკი, - თავი ავარიდე პირდაპირ პასუხს, - შენზე მიამბე და მითხარი, რისი თქმა გეჩქარებოდა ასე ძალიან?
- შენი ცხოვრების ბოლომდე მადლობელი რომ ვიქნები, ეს უკვე იცი. ჰოდა, მინდოდა მეთქვა, რომ ახალი მიღწევები და წინსვლა მაქვს. ჩემმა მეგობარმა მამაკაცმა, რომელიც ექიმია, თავის ახალ პროგრამაში ჩამსვა. მგონი, შიდსის წამალს მიაგნეს, მაგრამ სანამ მისი აღიარება მოხდება, ათასი ექსპერიმენტია ჩასატარებელი. სხვადასხვა ქვეყანაში მოხალისეებს ეძებენ, ვინც ნებით გადაწყვეტს ამ ახალი პრეპარატის საკუთარ თავზე გამოცდას. მინდოდა, ეს შენთვის მეხარებინა...
გაოგნებული ვუსმენდი: ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ღმერთი კიდევ ერთ შანსს მაძლევდა, ამიტომ შემახვედრა გუგას და ისიც მაინცდამაინც გერმანიაში, თანაც - შიდსის ცენტრში აღმოჩნდა...
- არ მისმენ, ნია? - ფიქრებიდან გამომიყვანა გუგას ხმამ.
- გისმენ! - ვუთხარი მძიმედ. - გაოგნებული გისმენ...
- მოკლედ, ორ კვირაში თბილისში მოვფრინავ, მანდაც რომ შევარჩიო მოხალისეები ექსპერიმენტში ჩასართავად... არ ვიცი, შენ როგორ შემოგკადრო ასეთი რამ, მაგრამ თუ თვითმკვლელობაზე გიფიქრია, უკეთესია, სცადო და სიცოცხლისთვის იბრძოლო. ჰაინრიხი ამბობს, რომ აუცილებლად გაამართლებს ეს წამალი...
- ალბათ თანახმა ვიქნები! - გადავწყვიტე მაშინვე. - თუ არ მოვრჩები, თვითმკვლელის ცოდვით დამძიმებული მაინც არ წავალ იმ ქვეყნად... მოუთმენლად დაგელოდები, გუგა...
დრო იყო, სასწაულის მერწმუნა. ამიტომ მეორე დღესვე მამა იოანესთან წავედი და ვუთხარი, რომ სხვა გზა არ მქონდა, გერმანიაში უნდა წავსულიყავი...
- დაგლოცავ და ვილოცებ შენთვის, ნია, მაგრამ დამპირდი, რომ როცა განკურნებული სხეულით დაბრუნდები, სულის სიჯანსაღეზეც იზრუნებ და წარსულის შეცოდებებს მოინანიებ.
- ახლაც ვნანობ, მამაო, ოღონდ გრძნობების გამოხატვას არ ვარ მიჩვეული...
მამა იოანემ მასწავლა, როგორ უნდა მოვმზადებულიყავი ზიარებისთვის და ცხოვრებაში პირველად გამიჩნდა უდიდესი სურვილი, მონდომებისთვის მოძღვარს შევექე...
ახლა ლევანისთვის უნდა მეთქვა სიმართლე და დამერწმუნებინა, რომ ჩემს მდგომარეობაში მყოფისთვის გერმანიაში წასვლა ერთადერთი გამოსავალი იყო...
- არ დაგიმალავ, ნია, თუ სადმე ხელი მიმიწვდა, ყველგან ვეძებე შენთვის მკურნალობის და გადარჩენის შანსი. შენი ავადმყოფობის ისტორიის ასლები რამდენიმე ქვეყანაში გავაგზავნე და ყველა მხრიდან ერთი და იგივე პასუხი მივიღე, - არავინ იძლევა განკურნების პირობას, მხოლოდ დროებით გაუმჯობესებაზე იყო ლაპარაკი...
- ვიცი, ლევან, ბოლო მტანჯველი ტკივილები და სიკვდილია, რომელსაც ვერ დაველოდები ჩემი ხასიათის პატრონი და ამიტომ თვითმკვლელობაზე ვფიქრობდი...
- გუგა როდის ჩამოდის?
- ორ კვირაში. მანამდე ყველა საბუთს მოვაწესრიგებ. უკვე ვიცი, რაც არის საჭირო. მანამდე ვანიკო ჩამომიყვანე. მინდა, ავუხსნა, რა მჭირს და რატომ მივემგზავრები ხანგრძლივი დროით მისგან შორს.
ლევანმა მეორე დღესვე ჩამომიყვანა ბავშვი, რომელიც აღტაცებული მიყვებოდა იმ დღეებზე, თავის და-ძმასთან ერთად რომ გაატარა აგარაკზე. ქართულადაც კი დაეწყო ლაპარაკი და უფრო მეტი ესმოდა:
- კიდევ ხომ გამიშვებ, დე, მათთან? - შემეხვეწა.
- რა თქმა უნდა, გაგიშვებ! - გვერდით მოვისვი შვილი და მამამისივით ურჩი ქოჩორი ავუწეწე: - მეტიც, ალბათ, მათთან მოგიწევს ცხოვრება, რადგან ისევ დიდი ხნით უნდა გავემგზავრო.
- სად? - შემომხედა დაბნეულმა და მივხვდი, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ეშინოდა და არ უნდოდა უჩემოდ დარჩენა. მესიამოვნა, რომ სულერთი არ იყო ჩემი არსებობა მისთვის.
- ხომ იცი, რომ ავად ვარ და სერიოზული მკურნალობა მჭირდება, რაც საქართველოში შეუძლებელია და ამიტომ გერმანიაში მივყავარ ექიმებს...
- ხომ არ მოკვდები, დე? - წელზე შემომხვია შვილმა ხელები და სახე ჩემს მკერდში ჩამალა...
მაშინვე ვერ ვუპასუხე, რადგან ყელში ცრემლების ბურთი გამეჩხირა. თავი არარაობად ვიგრძენი და მართლა სიკვდილის ღირს კრიმინალად იმის გამო, რომ ასეთ საოცრებაზე ვთქვი უარი, - შვილზე, რომელსაც ეშინოდა, არ დავეკარგე...
- არ მინდა, მოკვდე! - გამიმეორა შვილმა, რადგან პასუხი დავუგვიანე და ძალები მოვიკრიბე:
- რადგან ასე გინდა, ვიცოცხლო, ყველაფერი კარგად იქნება. ხომ იცი, ღმერთი კარგ ბავშვებს ყველა ნატვრას უსრულებს და თუ ჩემთვის ილოცებ, ყველაფერი კარგად დამთავრდება.
- არ მინდა, მოკვდე... დედა-სვეტა რომ მოკვდა, ძალიან მენატრება! - ატირდა ბიჭი და მივხვდი, რომ ის ჯერ ძალიან, ძალიან პატარა იყო სასტიკი სიმართლისთვის თვალის გასასწორებლად.
- პირობას გაძლევ, არ მოვკვდები... ოღონდ შენ არ იტირო და არ იდარდო და აუცილებლად დაგიბრუნდები!
იმ ღამეს ჩემთან დაწოლა ისურვა და უარს როგორ ვეტყოდი?! არც თავად მიძინია და არც ვანიკო იყო მშვიდად - წარამარა იღვიძებდა და შეშფოთებული მეკითხებოდა:
- აქ ხარ, დე?
- აქ ვარ. ნუ დარდობ. არასოდეს მიგატოვებ.
იხილეთ წინა თავი
წყარო: ჟურნალი "გზა"