გარდერობს ვხსნი, შვიდი თარო ტანსაცმლიდან ისევ ნაცრისფერ სპორტულ შარვალსა და შავ მაისურს ვირჩევ და ისევ სამზარეულოსკენ ვიღებ გეზს.
- დამიუთოე რა. - ვეუბნები დედაჩემს, მაისურს იქვე სკამზე ვაგდებ და სააბაზანოში შევდივარ.
მანქანაში ვჯდები და თან წინა სავარძელზე გაშლილ ნივთებს თვალს ვავლებ - რამე ხომ არ მრჩება. ელექტროსიგარეტს ვიღებ. ბოლო ერთი კვირაა გადავწყვიტე, ფილტვები შეძლებისდაგვარად დამესვენებინა და იქნებ დილაობით ოდნავ ნაკლებად მაწვეს ეს ოხერი მოგუდულობის შეგრძნება გულზე. ავტოფარეხიდან უკუსვლით გავდივარ და იმ გზას ვადგები, რასაც ოთხი წელია ყოველდღიურად გავდივარ.
ეს გზა, სახლიდან სამსახურამდე, მიყვარს თუ მეზიზღება, ჯერ ვერ გავარკვიე, რადგან ზოგჯერ კარგ თვალზე ვუყურებ ამ ჩემს რუტინულ დღეებს და ზოგჯერ, როცა პრობლემები იმატებს, მგონია, რომ ყველაზე უარესად ჩემი ცხოვრება მიდის. საერთოდაც, ეს შეგრძნება ხშირად მაქვს, თუმცაღა სულ სხვაგვარად ხედავენ ჩემს ცხოვრებას გარშემომყოფები. მაგალითად, ყველა ჩემს ძმაკაცი ფიქრობს, რომ იდეალური ცხოვრება მაქვს. ამის ორ მიზეზს ასახელებენ: უცოლშვილოს პლუს ის, რომ ვალებში არ ვიხრჩობი, ოჯახშიც რამე ქრონიკული დაავადებით არავინ ვიტანჯებით. ხუმრობის სტილში, მაგრამ ამას, ძირითადად, ცოლშვილიანი და უმუშევარი მეგობრები ფიქრობენ ხოლმე ჩემზე. მათთან ამ თემაზე არ ვლაპარაკობ. არც იმას, რომ იმ ფულის ნაწილი, რაც შემომდის, სადღაც ჯანდაბაში მიაქვთ და არც იმას, რომ ყველაფერი ყელში მაქვს ამოსული და ცოლი და შვილი ისაა, რაც ახლა ყველაფერზე მეტად მჭირდება.
ჰიპერმარკეტში შესული ჯერ პირველი სალაროსკენ ვიხედები. ლიკა მაშინვე მხედავს. ტუჩს კარგად აცილებული ზედმეტად მუქი ტუჩსაცხი უსვია, ფორმის ჩაცმა მოუფიქრებია და ოდნავ დებილი სახით შემომციცინებს. მეორე და მესამე სალარო გაერთიანებულა და ზურგით მდგომი ლეა ისეა ქაქანში და ჭორაობაში გართული, ვერ მამჩნევს.
- ვადებზე რა ხდება? - ვუახლოვდები და ორივე მოლარე ჩემკენ ტრიალდება,
- დაასრულეს წუხელ თუ ისევ შემოწმებაზე უნდა ჩავისვაროთ?!
- მმმმ... ის, რა ქვია... რავი... კი. - მპასუხობს და სიცილი უტყდება. გაბრაზებას ვერ ვახერხებ, იმიტომ, რომ თავიდანვე ზედმეტად მეგობრულად მივიღე ყველა, 17-18 წლის ბავშვები არიან, ოდნავ შესწყინდებათ რამე და გარბიან. მერე ნორმალურ კადრს სად იშოვი. რომელიმე ძმაკაცი ისევ თავის მეზობელს ან შეყვარებულის შტერ დაქალს მომითრევს და დანაკლისებს ყოველდღე სტიკერით დამიტოვებს დახლზე. ამიტომ ვცდილობ ოქროს შუალედის დაჭერას, რაც აქამდე აშკარად ვერ შევძელი.
- დაურეკე, წუხელ ვინც ამოწმებდა და დააზუსტე, თუ დაასრულა. ოცი კაცი მუშაობთ და მე ვამოწმო ვადები?
- ეძინება, 2 საათის წინ წავიდა.
ვფიქრობ, ახლა ყველაზე დიდი სიამოვნებით რას ვიზამდი და თვალი სალარო აპარატისკენ გამირბის... მერე იმაზეც ვფიქრობ, რომ ძმაკაცის (ჯერ კიდევ დაუდგენელი სტატუსის მქონე) გოგოა და აზრს თავიდან ვიგდებ.
თაროებს შორის დავდივარ. ვიცი, რომ რაღაც მაინც დარჩებოდათ სადმე ვადაგასული და ვცდილობ ,,სურსათზე“ ადრე აღმოვაჩინო, რომ ხმა და ვიბრაცია ვიტრინებს აზანზარებს. გარეთ გავრბივარ და პირდაპირ ჩემი ჰიპერმარკეტის წინ რამდენიმე ერთმანეთში გადაზეზილი მანქანა მხვდება.
საიდან ჩნდება მომენტალურად 15 კაცი, ვერ ვხვდები. ორ მათგანს გადმოჰყავს დაშავებული კაცი მანქანიდან. შენობაში შევრბივარ და წყლის ბოთლები გამაქვს გარეთ. დრამას მოწყურებულები ზედ ასხდებიან ისედაც გულშეღონებულ კაცს. რამდენიც მსგავს ფაქტს შევესწარი, ვერ ვხვდებოდი, რა შემეძლო გამეკეთებინა. ამიტომ ძირითადად მაყურებლის როლში ვარ, თანაც სად წავალ, ზედ ჰიპერმარკეტთან არიან აზელილები.
მარჯვნივ ხრეშზე შემოვარდნილი მანქანის ხმაური მახედებს. სასწრაფოს ეფექტით კი მოქანდა, სანამ გავხედე, დახმარება მეგონა. კარები იხსნება და გოგო გადმოდის. კი არ გადმოდის, მანქანიდან ხტება და გამორბის, დაშავებულ ახალგაზრდა კაცს თავზე ადგება, მერე მის წინ იცუცქება და შეკითხვებს უსვამს. შინაარსი არ მესმის, მაგრამ კლიმატზე რომ არ ელაპარაკება, დარწმუნებული ვარ.
არცერთი წამი არ მეპარება ეჭვი, რომ ექიმია. ყურადღებას უფრო იმის გამო იქცევს, რომ აქ მდგომ ოცდაათ კაცში ერთადერთი ქალია, ვინც მანქანიდან გადმოვიდა. ხუთ წუთში ყველაფერი წყნარდება. დაშავებულები სასწრაფოს მიჰყავს და ისიც ფეხზე დგება. ჯერ მანქანისკენ იხედება, თმას უკან ნერვიულად იყრის. ისეთი გაფითრებულია, გეგონება თვითონ დაეჯახა. მერე შენობაში უჩინარდება და 2 წუთში სიგარეტის კოლოფით ხელში ბრუნდება, ხსნის, იქვე რამდენიმე ნაფაზს ურტყამს და მერე თითქმის ჩაუწველ სიგარეტს კუთხეში მდგარ სანაგვეში აგდებს.
ის რომ მიდის, მეც ჰიპერმარკეტში ვბრუნდები და ზუსტად ერთ წუთში ლიკას შეშფოთებული ხმა მესმის:
- ცეცხლი უკიდია, წყალი სადაა, ჩქარა ლეა, ჩქარა...
გულგახეთქილი მივდევ კარისკენ და მაშინვე ვამჩნევ, ნაგვის პატარა სათავსო ბოლავს. გოგოები წყალს ასხამენ შიგნით და ზუსტად იმ დროს ვხედავ იქვე დაგდებულ ტელეფონს თეთრი ქეისით. ხელში ვიღებ. ერთი შეხედვით, დაზიანებული არ ჩანს. განბლოკვის ღილაკს ვაწვები. ფოტოდან 25 წლამდე მაცდურად მიღიმის.
რამდენიმე წამი მჭირდება, რომ გავიაზრო, იქ დამსწრე საზოგადოებიდან რომელია. ჰო, ზუსტად ისაა, ჩემს სანაგვეში რომ ანთებული სიგარეტი ჩაუძახა.
ცხადია, სალაროში უნდა დავტოვო, როგორც ნებისმიერი აქ დაკარგული ნივთი. მოაკითხავს, რაღა თქმა უნდა. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჯერ ყურადღება მიიქცია, მერე ისეთი რაღაც დამიტოვა, რითაც შემიძლია 10 წუთში გავშიფრო. ანუ ხელში რაღაც უბრალო ნივთი კი არ მიჭირავს, რაღაც ისეთი, რითაც შემიძლია სრულიად უცხო ადამიანზე პირადი ინფორმაცია წამებში მივიღო.
საწყობის გავლით კაბინეტისკენ მივდივარ და მის ტელეფონზე ჩემს ნომერს ვკრეფ. -რისთვის?
- ყველაფერს ხომ ვერ ახსნი ადამიანი?! ზოგჯერ რაღაცას მხოლოდ იმიტომ ვაკეთებთ, რომ გვინდა; არც იმიტომ, რომ რაღაც ცუდი გვაქვს გამიზნული და არც იმიტომ, რომ ვინმესთვის სიკეთე გვინდა.
სელფები... სტანდარტულ-ქალური მანიაკიზმი. მგონი ფოტოებში იმაზე ლამაზი ჩანს, ვიდრე წეღან იყო, იმიტომ, რომ ამ ფოტოებზე იღიმება და ერთადერთი არა, მაგრამ ერთ-ერთი ნამდვილადაა, ვისაც სიცილი ძალიან უხდება. უფრო საინტერესოს მოლოდინში სწრაფად გადავდივარ მომდევნო ფოტოზე. ბავშვები, ალბათ ოთხიდან შვიდ წლამდე; ქმრის ფოტოს უკვე აზარტში შესული ვეძებ, არ არის... სადღაც ბოლოსკენ ვაწყდები 18-20 წლის ბიჭის ფოტოებს. ხარისხის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მინიმუმ 5 წლის წინ მაინცაა უხარისხო კამერით გადაღებული. თავში მოვლენებს ვაკავშირებ. ბავშვები და ფოტოდან გადაღებული სურათები. მგონი ქვრივია ჩვენი გოგო. იმიტომ გადმოხტა და ცდილობდა გასისხლიანებული კაცის დახმარებას, იმიტომ გადაფითრდა და ნერვიულად აბოლა სიგარეტი, რომელმაც კინაღამ ჰიპერმარკეტი გადამიწვა... გადავაჭარბე, კარგი... უადგილოა, მაგრამ მეცინება. იმაზე არა, რომ ქვრივია დიდი ალბათობით, უფრო იმაზე, რომ ფოტოებიდან მთელ მის ამბავს მივხვდი.
ტელეფონს მოლარეს ვაბარებ და ვთხოვ, რომ თუ მოაკითხავს ვინმე და წაიღებს, გამაგებინოს. უაზრო თვალებით მიყურებს და დაუდევრად აგდებს სადღაც ქვედა უჯრაში არც ისე ურიგო მობილურს.
დედაჩემი მირეკავს. ზუსტად ვიცი, რომ ცხელი მოამზადა რაღაც და თუ არ ვუპასუხე და მერე სახლში არ წავედი საჭმელად, ორი დღე ცხვირჩამოშვებული ივლის. ვუთიშავ და გასასვლელისკენ მივდივარ. თეთრი მანქანა მკვეთრი მუხრუჭით ყველანაირი წესების დარღვევით ჩერდება. გამსვლელ ორ მანქანას ისე კეტავს, ვითომ არაფერი და შიგნით შემორბის დაბნეული სახით, არავის იმჩნევს გარშემო, სალაროსთან მიდის, ჭკვიანი გოგო... თავის ტელეფონს იბრუნებს და ისე, რომ ლიკას უკმაყოფილო მზერას არ იმჩნევს (სავარაუდოდ, ცეცხლის გაჩენის გამო უბღვერს, სადღაც ოცი წუთი ილანძღა და დაუდევარი და თავხედი იძახა). თავიანთ გზაგადაკეტილ მანქანებთან ატუზულ ორ კაცს ვუერთდები და ვითომ ეს არაფერი, ხრეშზე მთელი ძალით აწვება გაზის პედალს და იქაურობას მტვერში ხვევს.
- რას აკეთებს... - თავს აკანტურებს, უკმაყოფილოდ ჯუჯღუნებს შუახნის მძღოლი და საჭეს უჯდება. მეც მანქანაში ვჯდები და ის არის, უნდა დავძრა ადგილიდან, რომ მანქანის შუშას ვიღაცის ხელები ასკდება. შეცბუნებული ვტრიალდები.
- სად იპარები? - ფანჯარასთან ეკა დგას წელში მოხრილი და შემომციცინებს.
- სახლში ვაპირებ... რამე ხომ არ გჭირდება?
- ახლა მეჩქარება, ცენტრში დღეს სამი დაბადების დღე მაქვს. სამსახურის მერე ყავაზე შემოგირბენ.
- ერთ საათში მოვალ. - ვეუბნები და უკუსვლით გავდივარ. დამშვიდობების ნიშნად ხელს მაღლა სწევს და სანამ თვალს არ მოვეფარები, მიყურებს, სარკეში ვხედავ.
ეკა სამი თვის წინ გავიცანი. ვითომ მოსალაპარაკებლად მოვიდა. მაუწყა, შეღავათს თუ დამიწესებთ გარკვეულ პროდუქტებზე, მხოლოდ თქვენი ჰიპერმარკეტიდან წავიღებ, რაც დამჭირდება გასართობ ცენტრშიო. ვიცოდი, არაფერს დავაკლებდი ფასებს, ისედაც მუდმივად აქციები იყო ჩაშვებული გარკვეული სახის პროდუქტზე. თავშივე ჩაშლისთვის განწირული შემოთავაზება იყო, ან რა უნდა წაეღო იმდენი, რომ ფასდაკლება გამეკეთებინა. არაეთიკურად რომ არ გამომსვლოდა, მაშინვე უარის თქმას ვარჩიე სავარაუდო რაოდენობის დათვლა მომეთხოვა და მეორე დღეს დავიბარე.
სამი დღის შემდეგ მომადგა. ფურცელი რომ ჩავიკითხე, გამეცინა, იმდენად მიზერულ თანხებზე იყო საუბარი. იქ რა უნდა გამომეკლო და რა შეღავათს მთხოვდა კონკრეტულად, ვერ მივხვდი. ყავაზე დავპატიჟე და შევეცადე, კორექტულად ამეხსნა, რომ სამწუხაროდ, არსებულ ფასებს ვერაფერს ჩამოვაკლებდი, მაგრამ სხვა მხრივ რაიმე თუ შემეძლო, დავეხმარებოდი. იმ დღის შემდეგ კვირაში რამდენჯერმე შემოდიოდა. მგონი არ სჯეროდა თვითონაც, რომ მენეჯერი იყო და ვითომ ფასებს ამოწმებდა, ძველ ფასებს ადარებდა, ფურცლებით დადიოდა დახლებს შორის. მერე ყავას ვსვამდით ერთად და სამსახურში მე ამყავდა., გულწრფელად რომ ვთქვა, ვგრძნობდი, რომ მეპრანჭებოდა, მაგრამ ვერ დამაინტერესა მაინცდამაინც. კონკრეტულად რა არ მომწონდა, არ ვიცი. მგონი ის, რომ ზედმეტად კეთილ და თავდაჯერებულ როლში იყო შესული, მაგრამ ჩემთვის უნიჭო მსახიობი უფრო იყო, ვიდრე დამაჯერებლად კეთილი და თავისი საქმის მცოდნე. ვერ ვიტყვი, რამე განსაკუთრებული მოგება მოჰქონდა მის პარტნიორობას ჩემთვის-მეთქი, მაგრამ ჩემი კეთილგანწყობის დამსახურებით რომ ბევრი მისნაირი მომხმარებელი მყავდა და დაკარგვა არცერთის არ მაწყობდა, ეს ფაქტი იყო.
სამსახურში დაბრუნებული ისევ ვადებს ვამოწმებ და მთელი დღე ნერვები მეშლება, რომ ისევ მე მიწევს იმის კეთება, რაშიც სხვებს ხელფასს ვუხდი... თან არც ისე ცოტას. შებინდებულზე ლიკას ყავის მოსამზადებლად ვგზავნი და გარეთ ვჯდები დამსახურებული შესვენების მისაღებად.
გაგრძელება იქნება
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>