უთენია მაღვიძებს ტელეფონის ზარი. ისევ დამავიწყდა ფრენის რეჟიმზე გადაყვანა. ზუსტად ვიცი, ამ დროს არავინ რეკავს რაიმე სასიკეთოზე. ამიტომ ხმას ვუთიშავ და გვერდს ვიცვლი. აყოლილი უსიამოვნება სიზმარში გადამდევს.
თინანოს ვხედავ. ქალაქის ყველაზე დიდ სკვერში ბალახზე ვსხედვართ. ზუსტად ისე, როგორც ბოლოს გადაღებულ ფოტოზე. დათა გვიახლოვდება ცისფერი პოლაროიდით, ფოტო უნდა გადაიღოს და სიზმარშივე მახსენდება, რომ ეს ფოტო ბოლო იყო. ამიტომ ერთდროულად მძულს და მიყვარს კიდეც... ფეხზე ვდგები. მგონია, თუ შევაჩერებ და გადაღებას ვერ მოასწრებს, ჩემი და თინანოს ამბავი აქ აღარ დასრულდება. ამაზეა თითქოს დამოკიდებული მთელი ჩვენი მომავალი. აპარატი მკვეთრ ნათებას და ხმას გამოსცემს. დათა ფოტოს მიწვდის. ზუსტად ის ფოტოა, რაც საუკუნეა ტელეფონში დაფარულ ფაილში მაქვს და არ ვშლი. არადა, რომ ავდექი, მერე გადაიღო. უკან ვიხედები და თინანო აღარსადაა. დათასკენ ვტრიალდები და აღარც დათაა. ფეხებთან მიგდია პოლაროიდის ფოტო, მე და თინანო ბედნიერი სახეებით. ისევ უსიამოვნო განცდით მეღვიძება. ჩემს თავთან ასგზის დადებულ პირობას მეათასედ ვარღვევ, საწოლში ვჯდები და თინანოს, მისი ქმრის და შვილის ოჯახურ ალბომს სოცქსელში ვათვალიერებ. ამის გაკეთების შემდეგ ჩემი თავი მძულს, მაგრამ მაინც მუდმივად ვაკეთებ. რატომ და რაში მჭირდება, არ ვიცი. მავნე ჩვევასავითაა, დავათვალიერებ... მერე ყველაფერი ერთდროულად ამოტივტივდება თავში... მერე საკუთარ თავს ვერ ვიტან და მერე პირობას კიდევ ერთხელ ვუდებ ჩემს თავს, რომ ამას აღარასდროს ვიზამ და ასე გრძელდება რამდენიმე წელია...
რატომ ვფიქრობ ქალზე, რომელმაც თითქმის საცოლის სტატუსი ფეხზე დაიკიდა და უმოკლეს ვადებში ახალ თავშესაფარს მიაგნო. რატომ ვათვალიერებ მის ოჯახურ ალბომს... რატომ არ იყო 4 წელი საკმარისზე მეტი დრო, რომ უბრალოდ დამევიწყებინა... ამ კითხვებზე გონივრულ პასუხს დღემდე ვერ ვაგნებ.
უსიამოვნება ამ დილით ჩემი სიზმრით არ სრულდება. ისევ ის ნომერი რეკავს, რომელმაც უთენია გამაღვიძა და ჩემს აუტანელ სიზმარს რაღაცნაირად ფონად გაჰყვა. უხალისოდ ვპასუხობ... ინტუიციას არ უღალატია, ისევ გაურკვეველი სახის გადასახადები შემახსენა ვიღაც მუქთახორა ახვარმა... თან ისე, ვითომ არც არაფერი. თითქოს სუბსიდია, რომლის გაცემისაც უპირობო ვალდებულება მაქვს.
ეს დილა ისე დამპლურად დაიწყო, შეუძლებელია კარგად დასრულდეს. აბაზანისკენ მივდივარ... დღეს განსაკუთრებულად მძულს საკუთარი თავი და ცხოვრება.
მამაჩემთან კამათის გარეშე სახლს ვერ ვტოვებ, მგონი, ისეთი არაფერი დაუშავებია, მაგრამ ბრაზი ხომ უნდა ამომენთხია ვიღაცაზე. დედაჩემი ჩემს უაზრო ჩხუბის მიზეზს არ იმჩნევს, უკან მომყვება და მამაჩემის ნაცვლად ჩემ დამშვიდებას ცდილობს. სახლიდან უკუსვლით გამომყავს მანქანა და სამსახურამდე დასახლებულ პუნქტს 100კმ/სთ სიჩქარით გავდივარ.
უსიამოვნო შეხვედრას თავს ვერ ვარიდებ. სამსახურის კართან დგას ორი კაპიუშონწამოფარებული მოძველბიჭო ელემენტი 40 გრადუს ხუთვაში. თინანოს და ამ ვალდებულებებს შორის, რაც წარმოდგენა არ მაქვს, რატომ ამკიდეს და რასაც თავს მხოლოდ იმის გამო ვერ ვაღწევ, რომ რაღაც უარესი მოხდება - ჯერაც ვერ ვხვდები, რომელი უფრო მძულს და რომელი უფრო მიკარგავს არსებობის სურვილს. მგონი, მეორე უფრო...თინანოს ამბავს დროდადრო ახალი, მოკლევადიანი ურთიერთობებით ვუმკლავდები და მეორეს არაფერი შველის, მათ შორის, არც გავლენიანი უზარმაზარი სანაცნობო წრე...
საწყობთან მოწყობილ მომცრო ზომის კაბინეტში ვიკეტები და ლეას ზუსტად ხუთჯერ ვთხოვ, ყავა შემომიტანოს. ყველა შემოსვლაზე მეკითხება, ხომ კარგად ვარ და მე ყველა ჯერზე მგონია, რომ იცის, რა სირობაშიც მაქვს თავი გაყოფილი. ამიტომ უხეშად ვპასუხობ, რომ უბრალოდ გამოუძინებელი მოვედი.
ხუთსაათიანი ჯდომის, ჩაუქრობელი ელექტროსიგარეტის და ხუთი ჭიქა ყავის მერე ღებინების შეგრძნება მახვედრებს, რომ ამ ყველაფერს დამატებული საწყობიდან გამოსული ქიმიური საშუალებების სუნი უკვე აუტანელს ხდის ჩემს აქ ყოფნას. ვდგები და ჰაერზე გავდივარ. ჰიპერმარკეტის კუთხესთან სკამზე ვჯდები, რომ ადამიანურად ვისუნთქო და ისევ ეს თეთრპასატიანი გოგო. იმას ვფიქრობ, აქამდეც მოდიოდა და უბრალოდ არ მიმიქცევია ყურადღება თუ ვინმე ახალია ამ ქალაქში. მანქანიდან გადმოდის. ერთი წამი ყველაფერი მავიწყდება და დაკვირვებას ვიწყებ. გოგოს კვალობაზე საშუალოზე ცოტა მაღალია. შავი, ტანზე მომდგარი შარვალი და ყვავილებიანი პერანგი აცვია. მხრებამდე ჩამოშლილი, ოდნავ ტალღოვანი შოკოლადისფერი თმა აქვს, ზედმეტად გაფითრებული თეთრი პატარა სახე, შავი თვალები, თხელი ტუჩები და ოდნავ მსხვილი სწორი წარბები.
რის გამო ვერ ვაშორებ თვალს, არ ვიცი. გასაგიჟებლად ლამაზი ნამდვილად არაა, თანაც მაღალი გოგოები, როგორც წესი, მაინცდამაინც არ მომწონს.
მანქანასთან ჩერდება, თმას ხელით უკან იყრის, ზუსტად ისე, როგორც ავარიის დღეს, ტელეფონს პასუხობს და ცოტა ხანში ჩემს კუთვნილ ჰიპერმარკეტს აფარებს თავს. აზარტში შესული ველოდები, რომ უკან გამოვა და კარზე ვარ მიშტერებული, რომ არაფერი გამომეპაროს. მალევე ჩნდება, ნაყიდ პროდუქტებს უკანა სავარძელზე ათავსებს და მანქანაში ჯდება. ვფიქრობ, რომ ახლა ისევ ისე უაზროდ დაძრავს მანქანას და ისევ ხრეშს შემომაყრის ცხვირ-პირში, მაგრამ ვცდები.
ხელახლა გადმოდის... ჯერ ჩერდება მანქანის ღია კარში რამდენიმე წამი და მერე შენობის მიღმა უჩინარდება, ხომ ვთქვი, დაბნეულია-მეთქი. ორ წუთში შურდულივით გამორბის ისე, რომ ავტომატური კარის ბოლომდე გახსნას არ ელოდება, მანქანაში ხტება და ოხ... ეს საფირმო გავარდნა ადგილიდან... თვალებს ვატრიალებ. რა ჯანდაბად ვაკვირდები.
თითქმის არ ვფიქრობ, ისე ვკრეფ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას და ვაგზავნი.
,,რა გამწარებული წახვედი". ტელეფონის შენახვას ვერ ვასწრებ, რომ პასუხს მიბრუნებს, რისი მოლოდინიც, მგონი, საერთოდ არ მქონდა.
,,ვინ ხარ?"
რა აინტერესებს ნეტა, სახელი და გვარი თუ წარმომავლობა. იქნებ სამუშაო ადგილი.
,,რამდენიმე დღის წინ ავარიის ადგილას ტელეფონი ჩამოგივარდა, მე ვიპოვე". პასუხს აღარ მწერს...
აი, მიზეზიც, რის გამოც ფარ-ხმალს ბრძოლის დასაწყისშივე არ დავყრი. ვინ არის ვითომ, ერთი დაბნეული ქალი თავხედი გაჩერების მანერით.
ერთი საათი ნერვიულად ვუვლი გარშემო ჩემს ჰიპერმარკეტს. მერე ისევ ვწერ. ვცდილობ, უშაუალო და ვითომც აქ არაფერია ვიყო.
,,რას შვრები?"
ისევ არ მწერს... მგონი, ვღიზიანდები, მაგრამ მკაცრად ვწყვეტ, რომ მეტს აღარაფერს მივწერ (არ იცის, ვინ სწერს, ამით თავის დამშვიდება ნამდვილად შემიძლია, მაგრამ მაინც თავმოყვარეობაზე მირტყამს რაღაცნაირად). ჰიპერმარკეტში ვბრუნდები, ათი წუთი დახლებს შორის დავდივარ და ვათვალიერებ, ხომ ყველაფერი ნორმალურადაა დალაგებული. მერე ჩემი ელექტროსიგარეტი გამომაქვს კაბინეტიდან და ისევ კართან ვდგები...
ამას კი მართლა არ ველოდი. მარკეტში ბრუნდება, ამჯერად ნელა და ადამიანურად აპარკინგებს მანქანას პირდაპირ ჩემ ცხვირწინ, გადმოდის და სწრაფი ნაბიჯით მარკეტში შერბის... რაღაც დაავიწყდა...
თვალს უკან ვაპარებ, ლიკასთან _i_s_i_მიდის, წინ რაღაც მომცრო ზომისებს უყრის და თუ არ ვცდები, საუბარს უბამს. თვალს ვაშორებ და მოწევას განვაგრძობ. 1 წუთში ზუსტად უკან გამორბის, იმავე მანერით ხტება კუთვნილ "ვოლკსვაგენ ცეცეში" და პირდაპირ თვალებში მიყურებს. მეცინება... რა ჯანდაბამ მოაქანა უკან. თვალს შორდება თუ არა, ლიკა გამოდის და გვერდით მიდგება.
- ეს ვერაა კარგად, ხო იცი?! - გაოცებული ინტონაციით იწყებს ლაპარაკს.
- რა შეატყვე? - ვითომ არ მაინტერესებს, ისე ვეკითხები.
- ცხრაჯერ მოვიდა ტელეფონის პოვნის მერე. წეღანაც იყო, თან ორჯერ შემობრუნდა. ახლა კიდევ მოქანდა და მადლობის გადახდა მინდოდა, ტელეფონი ვინც იპოვაო. - გაოცებული გამომეტყველებით ასრულებს და საპასუხო რეაქციის მოლოდინში სახეზე მაკვირდება.
- მერე?
- ვუთხარი, ჩემმა ბოსმა იპოვა და წადი და გადაუხადე-მეთქი.
- ჩემთვის არაფერი უთქვამს... - ისე ვპასუხობ, მისკენ აღარ ვიყურები.
- რავი აბა... რისთვის მოქანდა - ამატებს და ხვდება, რომ დიალოგი დასრულდა და პოსტს უნდა დაუბრუნდეს.
თვითკმაყოფილს მეცინება. ლიკა შედის თუ არა, ტელეფონს ვიღებ და ტექსტს ვკრეფ:
,,არაფრის".
ისევ არ მპასუხობს... მაგრამ თავთან დადებულ პირობას იმის თაობაზე, რომ აღარ მივწერ, დაუყოვნებლივ ვაუქმებ. ვერ მოისვენა, დაინტრიგებულია, ანუ ახლა გაჩერება ნამდვილად არ ღირს, თანაც ეგ ისედაც ნებისმიერ დროს შემიძლია, მოკლევადიანი ურთიერთობების უცებ შეწყვეტის ნამდვილი დიდოსტატი ვარ. საინტერესო ვინმე ჩანს, ინტუიცია თუ არ მღალატობს...
გაგრძელება იქნება