ნოველები

სადღაც ყოველთვის არის მზე. თავი 9 (ნაწილი II)

სადღაც ყოველთვის არის მზე. თავი 9 (ნაწილი II)
მთელი ღამე ტრიალებდა, აშკარად არ ეძინა და არც მე მაძინებდა. რამდენჯერმე ადგა, ხან მოწია, ხან წყალი დალია... რამდენიც ვიფიქრე, საძინებელში გავიდოდა, იმდენი გვერდით მომიწვა. თუ არაფერს გრძნობდა და არაფერი უნდოდა, დაეძინა ცალკე, მაგრამ ისევ ჩემ გვერდით ბრუნდებოდა დივანზე. აი, ეს მაბნევდა. ქალს ან უნდიხარ, ან არა... ეს გაურკვეველ მდგომარეობაში იყო გაჭედილი. ვერ ვიგებდი, რას მოითხოვდა 36 წლის კაცისგან, რომელსაც ყოველდღე სწერდა, ეხუტებოდა, ეფერებოდა და სახლში ამოჰყვა...

ადრე ადგა, სასწრაფოდ ჩაიცვა. თავს მარიდებდა და მისი გამომეტყველებიდან
გამომდინარე თუ ვიმსჯელებდით, მიბრაზდებოდა...

ამჯერად ყავა თვითონ მოამზადა და საპირისპირო მხარეს ჩამოჯდა. აბაზანაში  გავედი. არ მინდოდა დაენახა, რომ მე ორმაგად მეშლებოდა ნერვები მის ქცევაზე. რომ გამოვედი, ცარიელ ჭიქას ნიჟარაში დგამდა. ყავა მარტომ დალია და გაქცევაზე იყო. მითხრა, ერთად ვერ გავალთ ამ დროს სახლიდანო და მეც იმავე აზრზე ვიყავი, მერჩივნა, მარტო გასულიყო.

აივანზე გავედი. რამდენიმე წუთი არ ჩანდა. მერეღა გამახსენდა, რომ ლიფტის ციფრების კომბინაცია არ ვუთხარი. გამეცინა, ფეხით ჩარბოდა აშკარად. არც ამჯერად უღალატია ინტუიციას, ისეთი სწრაფი ნაბიჯით მიდიოდა, სადარბაზოს რომ გასცდა, ამ ტემპით ტაქსის გარეშე ჩავიდოდა მგონი სახლამდე.

უკან შემოვბრუნდი. ოთახს თვალი მოვავლე. საწოლის გასწორებაზე რომ არც უფიქრია, არა უშავს, ეს ჭიქაც რომ გასარეცხად მე დამიტოვა... სახლი მეცარიელა. ჯერ კიდევ რამდენიმე საათის წინ აკანკალებულ თხელ ფეხებს რომ ვერ იმორჩილებდა, ვფიქრობდი, როდის გავიდოდა ეს ოხერი ღამე, რომ წასულიყო აქედან და ახლა, როცა წავიდა, მგონი, სიცარიელეს ვგრძნობდი, სულ ოდნავს...

არადა, მსგავსი სენტიმენტებით არასდროს გამოვირჩევი ქალებთან, რომლებთანაც წინასწარ, მკაცრად განსაზღვრული მოკლევადიანი პაემნები მაკავშირებს. საძინებელში შევბრუნდი და დავწექი. ვფიქრობდი და ნერვები მეშლებოდა. ჯერ რაც გვქონდა, იმას სექსის გარდა ყველაფერი ერქვა, და ახლა გამოუძინებელი დამტოვა. ღირსი იყო, ტრაკი ამეჭრელებინა და ისე გამეშვა აქედან... თავნება და თავხედი...

გუშინ საღამოს მერე გათიშული მქონდა ინტერნეტი. ამდენი საათით ბოლოს როდის გავთიშე, აღარ მახსოვს. 16 ახალი შეტყობინება მქონდა და სანამ ბოლოში გავედი, ძილი მანამდე მომერია. ტელეფონით ხელში საღამოს ექვსამდე მეძინა გაუტოკებლად, მანამდე, სანამ ქარმა და წვიმამ აივნის კარის და ფანჯრის ნგრევა არ ატეხა.
ტელეფოში კამერებს ჩავხედე. მშვიდობა ჩანდა. მგონი, ქვეყანა არ დაინგრეოდა, ერთი დღე რომ დამესვენა. დედაჩემის 12 გამოტოვებული ზარი დამხვდა. ხომ შემეძლო დამერეკა და გამეფრთხილებინა, რომ არ მივიდოდი სახლში... დავურეკე, მისაყვედურა... ტელეფონი ფრენის რეჟიმზე გადავიყვანე, არავისი და არაფრის გაგონება არ მინდოდა, ეს ერთი საღამო ყველა და ყველეფერი ფეხებზე უნდა დამეკიდებინა.

ლუდზე ჩავედი მაღაზიაში. სადარბაზოში მეზობელი მეჭიდავა, ვსვამთ ბიჭები და შემოდიო. უარი ვუთხარი და ასი ბოდიში მოვუხადე, მოვატყუე სტუმარი მყავს და ვერ დავტოვებ დიდი ხნით მარტოს-მეთქი. თვალი ჩამიკრა, ვითომ მივხვდიო რა, რაშიცაა საქმეო, და დამეხსნა.

ტელევიზორი უაზროდ ჩავრთე. რაღაც იუმორისტული გადაცემა გადიოდა, გული ვერ დავუდე, აბლანდული ვიყავი ჩემს ფიქრებში. ისევ ჩვეულებრივ სიგარეტს ვეწეოდი, მგონი ადრინდელზე მეტს და ლუდიც იმდენი მომივიდა, დიეტოლოგს რომ ვერასდროს გავუმხელდი.

რატომ მომწონდა ან მაფიქრებდა ეგეთი არეული ქალი, ეგეთი ჩამოუყალიბებელი და გაუაზრებელი ქცევების პატრონი? მგონი იმიტომ, რომ ბოლოდე ჩემად ვერ დავიგულე. იქნებ შეგნებულად მირთულებდა საქმეს და სინამდვილეში ძალიანაც უნდოდა ჩემთან ყოფნა... მაგრამ წუხელ მაგრად შემაშინა, ამდენს ვერ ითამაშებდა, სერიოზულად ცუდად გახდა.

თვალები დავხუჭე და იმ დივანზე გადავწექი, წუხელ ნიასთან ერთად რომ მეძინა, იმას თუ ძილი ერქვა. ბალიშზე სუნამოს სუნი დაეტოვებინა, ოდნავღა იგრძნობოდა. მომინდა, ისევ აქ ყოფილიყო. თან მინდოდა და თან საკუთარ თავზე ბრაზი მახრჩობდა. ქალზე, რომელზეც ამდენი გეფიქრება და გენერვიულება, სულ ცოტა, საერთო მომავლის პერსპექტივა მაინც უნდა გქონდეს... მე რა მქონდა მასთან?! მხოლოდ სექსის პერსპექტივა და რაღაც ძაან მეეჭვებოდა, ოდესმე კიდევ გამკარებოდა, კარგი სექსის ამბიციაზე აღარაფერს ვამბობ.

გაგრძელება იქნება

ნახეთ წინა თავი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
ირინა
გამარჯობა..ამ ნოველის დამთავრების მერე დაიწყეთ დადება დაქირავებული მკვლელი ნაწილი მოდიოდა ფეისზე და ეხლა აღარ და რატოო ვეღარ ვნახულობ.
11:45 / 07-01-2021
გამოხმაურება / 0 /
ნანანანა
საინტერესო ნოველაა,იქნებ გაგრძელება ყოველ დღე იყოს. მადლობა
00:43 / 24-12-2020
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
e87a93