****(ნია)
,,ბარგი" ჩავალაგე, უფრო სწორად, უკანასკნელი ,,ნივთები" წამოვკრიფე. უნდა ვაღიარო, საუკუნის ჩალაგებული მქონდა თითქმის ყველაფერი. ყველა წასვლაზე თითო ნივთს ვამატებდი ჩანთაში, მაგრამ მაინც მის გარეშე მივდიოდი. ვიცოდი... ან იქნებ არც ვიყავი დარწმუნებული, უბრალოდ მინდოდა, მოვიმიზეზებდი, თითქოს რაღაც დამრჩა...
ბოლოს გადაივსო, თითქმის აღარაფერი დამრჩა ჩასადები...
იცით, რომ საიდუმლო ჩანთაში ჩალაგებული ნივთების უკან ამოლაგება არ შეიძლება?! სადმე კი არ წერია... დაუწერელია და უბრალოდ ყველა ქალმა იცის თავისთვის გულის სიღრმეში, რომ ასეა...
სადღაც ძალიან ახლოს არის, მშვიდია, დამღლელად და გამაღიზიანებლად, სულ ასე ხომ არ იყო...
თუ გსმენიათ, რომ წასვლას თავისი წესები აქვს. დროებით გაქცევაზე არ ვლაპარაკობ, ნამდვილ წასვლას ვგულისხმობ... ხომ არ ფიქრობთ, რომ სულერთია?! თუ ასეა, ძალიან ცდებით.
თუ ფორიაქით და ხმაურით მიდიხარ, გასვლისას კარსაც აჯახუნებ და ჩემოდანიც არ მიგაქვს მხოლოდ იმიტომ, რომ ნახევრადაა სავსე, ეს სულაც არ არის ნამდვილი წასვლა. კარი რომ გაიჯახუნე, ეგ რას ჰგავს, ყურადღების მიქცევის მცდელობაა და მეტი არაფერი... ისე, გამოგიტყდებით და ის ნახევრად ჩალაგებული ჩემოდანი ღირდა სწორედაც წასაღებად, რომ გავჯიუტდი, თორემ ყველაზე სწორი დრო წასასვლელად სწორედ ის იყო...
ჩუმად გავდივარ. ამ ჩემოდანს ერთი ცუდი თვისება აქვს, ცარიელი ვის დააქვს და თუ სავსეა... ჰო, ახლა ნამდვილად სავსეა, მაგრამ ვერ ვაგორებ. აკი ვთქვი, უხმაუროდ უნდა წავიდე-მეთქი. ვერ ვერევი, რამდენი დამიგროვებია. ნახევრად სავსე რომ იყო, ნახევრად ცარიელი ანუ, მაშინ არ სჯობდა წასვლა?! საზიდადაც ადვილი იქნებოდა...
ეს ოთახი თუ დავტოვე, მისი სუნთქვით სავსე, პირობას ვდებ, კარს უხმაუროდ გავიკეტავ...
მოვათრევ ამ ჩემს ჩემოდანს. კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ძალა ყველაფრის გადასატანად აქვს ადამიანს, მთავარია, გადარჩე. საკუთარ სისუსტეზე თავი რომ ვიდანაშაულე, აი, მას მერე არაფერი ამიწევია რთული და მძიმე. ხომ ვთქვი, სუსტი ვარ-მეთქი, ვაღიარე და რაღატო უნდა მეცადა?!
კართან ვარ. ამ ჩანთას ასი ათასი ფიქრი აეკიდა და ორი ნაბიჯი რომ არ მქონდეს
დარჩენილი, ნამდვილად ზღურბლზე დავეცემი. მერე ხმაურიანი წასვლა გამომივა
და აკი ვთქვი... ნამდვილი წასვლა უხმაუროა, უარგუმენტო, ჩუმი და
დასასრულისთვის განწირული.
.......
წასულხართ ვინმეს ცხოვრებიდან ნამდვილად? თუ გამოგიტენიათ არარსებული ჩანთა უთავმოყვარეო ქცევით, ტყუილებით, ფუჭი იმედებით, იმედგაცრუებული გრძნობებით...
გიგრძვნიათ მისი სიმძიმე?
ერთხელ მაინც გიფიქრიათ, რა მოხდებოდა, ეს ჩანთა რომ არ გაგემზადებინათ საკუთარი ცხოვრებისთვის საზიდად? არა? ანუ არ წასულხართ ვინმეს ცხოვრებიდან ნამდვილი წასვლით.
*****(დაჩი)
ყველა ადამიანს ორი ცხოვრება აქვს: ერთი, რომელიც სხვების გადმოსახედიდან ჩანს და მეორე, რომელსაც თავად განიცდის. პირველი ისაა, რომელიც ზოგად მდგომარეობას შემფასებლურად აკვირდება. ფული გაქვს, შესაბამისად, სახლი, მანქანა. მატერიალურ კეთილდღეობას ვგულისხმობ, ანუ ბედნიერი ხარ, უპირობოდ... იმ ფულით ყველაფრის ყიდვა შეიძლება, მათ შორის, ბედნიერებისაც. ნაწილობრივ ასეცაა. ის ცხოვრებაც მაქვს გამოვლილი, როცა არაფერი მქონდა და ჯერ არც ისე მოხუცი ვარ, რომ დამავიწყდეს, როგორ ვგრძნობდი თავს მაშინ...
ამ ცხოვრებას გარშემომყოფები და ოჯახის წევრები გამადიდებელი ლუპით აკვირდებიან. ფეხი თუ დაგიცდა, ისე უნდა წამოდგე, რომ მათ ვერ შენიშნონ, რასაც ამჩნევენ, ისე უნდა აკეთო, რომ სამაგალითო იყო. ცხოვრებას ვისაც დაუკავშირებ, აუცილებლად ,,სუფთა წარსული" უნდა ჰქონდეს, ანუ წარსული საერთოდ არ უნდა ჰქონდეს; თუ ჰქონდა, ისეთი უნდა იყოს, რომ კვალი არ ჰქონდეს სადმე დატოვებული... საყვარელი თუ გყავს, ცხადია, ეს მათ გამადიდებელ ლუპაში არანაირად არ უნდა მოხვდეს, ,,კაცურად უნდა" მოაგვარო ქალების მოსვლა-წასვლის ამბავი, ისე, რომ მათ ყურამდე არაფერი მივიდეს. მაისურზე თუ მაკიაჟი მოგეცხო, სჯობს სახლთან რომ ლითონის ნაგვის ურნა დგას, იქ მოისროლო, ვიდრე იმ კალათაში ჩააგდო, რომელსაც ყოველდღე დედაშენის ხელი ეხება. მეგობრები - ეს ის ნაწილია, ვისთანაც საკუთარი რეპუტაცია და წონა მთელი ცხოვრება უნდა აკონტროლო. ზემოთ თუ მიდის, ხომ კარგი და თუ ვერა, მაშინ ქვემოთ სვლა მაინც არ უნდა დაუშვა. ბიჭებთან რაც უნდა ახლო მეგობრად მოიაზრებოდე, შეიძლება ზედაპირულად განიხილო ერთჯერადი ურთიერთობები მეტ-ნაკლებად სახელგატეხილ ქალებთან. არასდროს უნდა გაგექცეს პირიდან სიტყვები, მგონი, ის შემიყვარდა, ვინც არ უნდა შემიყვარებოდა და ასე შემდეგ. ეს იმ შემთხვევაში, თუ შენი წილი რეპუტაციის დაღმასვლა არ გაქვს გამიზნული.
საერთოდაც, ძმაკაცები ყველაზე გასათვალისწინებელი თემაა ოჯახის შემდეგ. რაც ქალს უკავშირდება, ცხოვრებაში ისეთი ნაბიჯი არ უნდა გადადგა, რომ თუნდაც ერთმა მათგანმა იფიქროს: "რა მაგარი ,,გამოსირებული" ხარ".
მეორე ცხოვრება ჩემი ნამდვილი ცხოვრებაა, რომელსაც ბოლომდე ვერ მოვერგე. ისიც კი არ ვიცი ზუსტად, საით უნდა წავიდე, რომ სწორი გზიდან არ გადავვარდე, ან რომელია ეს სწორი გზა. 36 წლის მანძილზე დაუსრულებლად ვითვალისწინებ 80 კაცის აზრს, დაუსრულებლად ვიხედები ოთხმოცივეს გადმოსახედიდან და ასე ვაფასებ საკუთარ საქციელს. სწორი გზა ის არის, რომელ გზაზეც მუდმივად ენდომებათ შენთან ერთად სიარული შენს გარშემომყოფებს, რომელ გზაზეც თამამად ივლი და არაფრის შეგრცხვება. დანარჩენი ცხოვრების ბილიკებია, რომელზე გადახვევაც მხოლოდ ჩუმად და დროებით შეიძლება, რომ მოწყენილობისგან არ გადაიწვა.
ნია ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ ბილიკზე შემეჩეხა, იმ ბილიკზე, რომელიც არასდროს მოხვდებოდა გამადიდებელი ლუპის ქვეშ და რომელზეც დაგეგმილზე დიდხანს დავრჩი... იმთავითვე ვიცოდი, რომ ამ ვიწრო, ქვიან გზაზე სიარული არ შემეძლო, არ მინდოდა. ნია როგორც უნდა მყვარებოდა, სამუდამოდ ბილიკზე ვერ ვიდგებოდი, ყველას გარეშე მეორეხარისხოვან გზაზე დარჩენა თუნდაც ნიასთან ერთად არ შემეძლო... არასდროს მიკითხავს მისთვის, რა მოლოდინები ჰქონდა ჩემგან, ან უნდოდა თუ არა საერთოდ ჩემთან დარჩენა. საერთოდ არ გამოვრიცხავ იმას, რომ რა ურთიერთობაც გვქონდა, იმას სჯერდებოდა, მაგრამ ნებისმიერი სხვა პასუხის მოსმენა იმდენად აუტანელი წარმომედგინა, მერჩივნა არასდროს არაფერი განმეხილა მასთან.
ზოგჯერ ფიქრებით ისევ ვუხვევდი გზიდან. ეს ერთადერთი ბილიკი იყო, რომელზეც რამდენჯერმე დავბრუნდი...
ეს ის ცხოვრება იყო, სადაც ბედნიერებას გარკვეული პარამეტრები უნდა დაეკმაყოფილებინა; სადაც ქალი, რომელსაც ,,წარსული ჰქონდა", ვერანაირად ვერ დარჩებოდა ხანგრძლივად ჩემს ცხოვრებაში, არავინ მაპატიებდა... საკუთარი თავიც კი. საკითხავი ის იყო, სამყაროში არსებულ რაიმე პარამეტრს თუ ექვემდებარებოდა საერთოდ ბედნიერება.
...........
რა არის ყოველდღიურობა? ფიქრი მომავალზე, გეგმები, რომ რაღაც მნიშვნელოვანში არ ჩაიქაქო, სადაც ყველაფერი გარკვეულ წესებს უნდა ემორჩილებოდეს, სადაც ვიღაცებს იმედი არ უნდა გაუცრუო, სადაც სულ სწორი და მართალი უნდა იყო... სადაც მომავალი ოცი წელი მაინც ისე უნდა გათვალო, რომ თან არაფერი შეგეშალოს, თან უზრუნველყოფილი იყო და თან ბედნიერი...
........
ერთ დღეს იღლები, ყველაფერი ყელში ამოგდის, გონება ჯიბრზე იწყებს შენ წინააღმდეგ ბრძოლას. შენ ფიქრობ, რომ სწორად ცხოვრობ, შენი მომავლისთვისაა ყველაფერი, რასაც აკეთებ, საიდანღაც კი გაურკვეველი წარმომავლობის ხმა გეპასუხება, - რომელი მომავალი? ისიც კი არ იცი, ხვალინდელი დღე გათენდება თუ არა, ან ხუთი დღის მერე იქნები კიდევ თუ არა... დღეებმა, რომლებიც მომავალსა და სხვების შეხედულებებზე ფიქრში გაატარე, უშენოდ ჩაიარა, წარსულად იქცა. ის ყოველთვის ჩაკეტილია, უკან არ გაბრუნებს, აწმყო მომავალზე ფიქრებმა გადაყლაპა და მომავალი... მანახე შენი მომავალი, შეეხე, იგრძენი... ვერცერთს ვერ ახერხებ?! იქნებ არც არსებობ...
........
ის წელი ბოლო დღეებს ითვლიდა, ჰიპერმარკეტში საბოლოო დეტალები გავაფორმეთ საახალწლოდ და ახლა გარედან ვაკვირდებოდი რა გამოვიდა, გოგოებს სანტას ქუდები მოვარგე, ეკა ისევ ფურცლებით დადიოდა დახლებს შორის, დავუძახე გარეთ დაგელოდები მეთქი და მანქანა დავქოქე. ის იყო გზას გავხედე, რომ თეთრმა ცეცემ ჩაიარა, თვალი გავაყოლე, მერე მანქანა დავძარი და ტრასაზე გავედი, უკან გავყევი, ჭვი არ მეპარებოდა შავი ოდნავ წვრილი თვალები სარკიდან მიყურებდნენ...
სად მივყვებოდი?
არ ვიცი... ვფიქრობ, ამ წელს სისულელეების ჩადენის ლიმიტი ამოწურული ჯერ კიდევ არ მქონდა...
რთული წელი იყო ნამდვილად...