ნოველები

სიცოცხლემისჯილი - თავი 2

სიცოცხლემისჯილი - თავი 2
- რა გქვია, ძმაო?
- ზაზა... - ისე ჩუმად ვთქვი, საკუთარი ხმა ძლივს გავიგონე.
- სიგარეტი გინდა? - თანხმობის ნიშნად, თავი დავუქნიე. მან თავისი ხელით მომიტანა ტუჩებთან სიგარეტის ღერი. მარჯვენა ხელი გაჭირვებით ავწიე და სიგარეტი გამოვართვი. დანესტიანებული ასანთის ღერი ძლივს, ალბათ მეათე მცდელობაზე აინთო, ფშშშ... - ხმა გამოსცა და ჩაქრა. შემდეგი ღერი აინთო. ცეცხლის შუქზე შევათვალიერე ჩემი თანამოსაკნე. წვერგაუპარსავი იყო, ჯაგარივით თმა ყალყზე ედგა. ხელებზე კი, მწეველი კაცისთვის დამახასიათებელი, ნიკოტინის სუნი ასდიოდა. კვამლი ღრმად შევისუნთქე.
მესიამოვნა. ვიგრძენი, სისხლმა როგორ მიიტანა ნიკოტინი თითოეულ უჯრედამდე. რამდენიმე ნაფაზი დავარტყი და საშინელი ხველა ამიტყდა.
- ფილტვებში გირტყეს? - თავი დავუქნიე. - მე ლევანა ვარ, მუხრანელი. "კრივოი" ლევანა გაგიგონია? - უარის ნიშნად თავი გავაქნიე. - ის კიდევ, დავითაა, - მიმითითა მეორეზე. მხოლოდ ლევანა ლაპარაკობდა. თვალებით მეორე მოვძებნე. ის თავისთვის იჯდა, ფეხი ფეხზე გადაედო და ღიღინებდა. ჩვენ ყურადღებასაც არ გვაქცევდა. მელოდიას მივაყურადე. საბჭოთა კავშირის ჰიმნი იყო...
- აღიარე? - არ მეშვებოდა ლევანა.
- მე დამნაშავე არა ვარ, - კბილებში გამოვცერი ეს რამდენიმე სიტყვა.
- ვიცი, ვიცი, - გაიკრიჭა და სიგარეტს თვითონაც მოუკიდა. - რა ჩაიდინე? - კბილები გავაღრჭიალე. - ვაა, კარგი, ჰო... მე მეოთხე "სროკზე" მივდივარ და არც ერთხელ არ ვიყავი დამნაშავე. ისე, წინა "სროკზე" კი მაგრა უნამუსოდ მომექცნენ. ყაჩაღობა-გაუპატიურება შემტენეს. არა, ყაჩაღობა გამიგია, როცა სახლში შეუვარდები ვინმეს, "ჰოპსტოპზე" შეაყენე, დააუთოებ და წაართმევ. მე კიდევ, დავაკაკუნე, კარი თვითონ გამიღო. შევედი და "დობრად" ვთხოვე, ფული მჭირდება და მომეცი-მეთქი. იმ ქალმაც გამოიტანა და მომცა. თითი არ დამიკარებია. იარაღიც არ ამომიღია. სახლში მარტო იყო და ალბათ ვინმეს ელოდა, ისე უცებ და უხმაუროდ გამიღო კარი. ტანზე თეთრი ღამის პერანგი ეცვა. მივედი, გულისპირი გამოვუწიე და მკერდში ჩავხედე. წინააღმდეგობა არ გაუწევია. ამათ კიდევ, გაუპატიურებაო, ამათი დედაც!.. - შეიგინა და გვერდზე გადააფურთხა. გული მერეოდა. ასე ნაცემი და დაუძლურებული რომ არ ვყოფილიყავი, ამ კაცს მაგრად ვცემდი.

- შენ რა ჩაიდინე? - ლევანას ამ სიტყვებზე, დათომ გამომხედა და ისე, რომ ღიღინი არ შეუწყვეტია, რაღაც მანიშნა. მივხვდი, ლევანაზე მანიშნებდა. - ზაზა! - ჩამძახა ისევ ლევანამ. მე ხელი ავუქნიე. დათოს მინიშნებას მივხვდი: "ნასედკააო", - მაფრთხილებდა ლევანაზე. ის კი არ ისვენებდა: - თუ მკვლელობას გტენიან, ძმაოოო...
- წყალი დამალევინეთ, - ვთქვი ხმადაბლა. დათო ადგა და ჭიქით წყალი მომაწოდა. წამოწევა ვცადე, მაგრამ ტკივილისგან თვალთ დამიბნელდა. დათო და ლევანა მომეშველნენ, ზურგს უკან ხელები შემიცურეს და წამომაყენეს. წყალს ჭაობის გემო ჰქონდა. საშინლად ყარდა. ვერ გადავყლაპე და უკან გადმოვაფურთხე. ისევ დავწექი და ფიქრი დავიწყე. ლევანა არ ისვენებდა. გვერდიდან არ მშორდებოდა და უამრავ კითხვას მისვამდა, მაგრამ მე ჯიუტად ვდუმდი. მასთან ლაპარაკის თავი არ მქონდა. ბოლოს მიხვდა, რომ ხმის ამომღები არ ვიყავი და თავი დამანება. თავში აზრიც კი მეფანტებოდა. რასაც გონებაში ვიმეორებდი, იყო მხოლოდ - რატომ მაინცდამაინც მე? რატომ გამწირეს? როგორ უნდა დავიხსნა თავი ამ ჯალათებისგან? იმედი მქონდა, რომ აუცილებლად გაირკვეოდა სიმართლე და ადრე თუ გვიან გამიშვებდნენ, მაგრამ როდის დადგებოდა ეს დღე? როდის დაიჭერდნენ ნამდვილ დამნაშავეს?.. ამასობაში დღე გავიდა. მოსაღამოვდა თუ არა, საკნის კარი გაიღო და 2 მამაკაცი შემოვიდა.
- ჩუთლაშვილი, გამოგვყევი... - თქვა ერთმა და ღია კართან გაიბოტა. მეორე კი ახლოს მოვიდა და ჩემი აყენება სცადა. ვერ ვინძრეოდი. რომ მიხვდნენ, ჩემი ფეხით წამსვლელი ვერ ვიყავი, აქეთ-იქიდან ჩამჭიდეს ხელი და ასე, ჰაერში აწეული ამიყვანეს იმ ოთახში, სადაც წინა დღეს ვიყავი. ოთახში ისევ ვაჟა ხუცურაული და გამომძიებელი დამხვდნენ. ბიჭებმა ოთახში შემიყვანეს და იატაკზე დამაგდეს. როგორ არ მინდოდა, ამ ხალხის წინ ასე დაცემული ვყოფილიყავი, მაგრამ მოტეხილი ტოტივით ვქანაობდი და ფეხზე დგომის თავი არ მქონდა. ზიზღით სავსე თვალებით შევხედე ლაშას. თითქოს მის გამოხედვაში ვეძებდი პასუხებს ჩემს კითხვებზე. თითქოს იმედი მქონდა, რომ ახლა მეტყოდნენ: - ყველაფერი გაირკვა და თურმე, დამნაშავე არ ყოფილხარო... ველოდი... ველოდი, რომ ამას გავიგონებდი, მაგრამ...
- ზაზა, აღიარე დანაშაული... ახალგაზრდა კაცი ხარ, 2 შვილის პატრონი და არ მინდა, შემოაკვდე ჩემს ბიჭებს, - ჩემკენ დაიხარა ვაჟა. - ჩემი მამაშვილური რჩევა იქნება, ყველაფერი დაწვრილებით მოჰყვე. - თვალებში ჯიქურ შევხედე და თვალი თვალში გავუყარე. ვერ გაუძლო ჩემს მზერას, წელში გასწორდა და თავი ამარიდა.

- არ დამღუპოთ, თქვენც კარგად იცით, რომ დამნაშავე არა ვარ... - რაც შეიძლებოდა, მშვიდი ტონით ვთქვი.
- ესე იგი, არ აღიარებ, არა? - ეს უკვე ლაშას ხმა იყო.
- შენ გაჩუმდი, შე ნაბოზარო!.. - მისმა არაბუნებრივად წვრილმა ხმამ მდგომარეობიდან გამომიყვანა და თავი ვერ შევიკავე. ლაშა ახლოს მოვიდა, სვიტერის საყელოში ხელი ჩამავლო, ჯერ წამომწია, მერე ხელი მკრა და უკან გადამაგდო.
- მე შენ გაჩვენებ ნაბოზარს!.. - კბილებში გამოსცრა. - გავიდეთ, ვაჟა, ბიჭები აალაპარაკებენ...
ოთახიდან ორივე გავიდა. ცოტა ხანში კი ისევ ის 2 ტიპი შემოვიდა, რომლებმაც წინა ღამეს მაწამეს. მათ მესამეც შემოჰყვა. ის ვინ იყო, არ ვიცი... როგორც ჩანს, ისინი ყველაზე ერთგული ლეკვები იყვნენ და უფროსები ენდობოდნენ. "დუბინკის" დანახვაზე, ყველა კუნთი თავისით შემეკუმშა. ეს სწორედ ისეთი რეაქცია იყო, როგორიც ცოცხით ნაცემ ძაღლს ცოცხის დანახვაზე ემართება.
- იტყვი თუ დავიწყო? - მკითხა ერთ-ერთმა. ხმა არ გავეცი.
- დავიწყოთ... არ ჰგავს ეს იმ კაცს, თავისით რომ ალაპარაკდება... - შესძახა მეორემ.
პირველი დარტყმა ისევ ფეხისგულებში მივიღე. ახლა უკვე სამნი ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. დასიებულ სხეულზე თითოეული დარტყმა დენივით მივლიდა ტვინში. ეს ისეთი ტკივილი იყო, რომლის სიტყვით გადმოცემა შეუძლებელია. ტკივილისგან გონს ვკარგავდი. ცივი წყლით მასულიერებდნენ და განაგრძობდნენ ჩემ ცემას. თვალწინ ერთი სურათი მედგა. ტელევიზორში ვნახე, როგორ ამზადებდნენ კერძს დაბეგვილი ხორცისგან. მაგიდაზე დადებულ ხორცის ნაჭერს ხის ჩაქუჩით ბეგვავდნენ. ის თანდათან ბრტყელდებოდა... რა დროს ამის გახსენება იყო, მაგრამ თვალწინ ეს მოქმედება მედგა. "დუბინკის" თითოეულ დარტყმაზე ჩაქუჩის თითო დარტყმა მედგა თვალწინ და მეგონა, რომ მეც იმ ხორცის ნაჭერივით ვბრტყელდებოდი. სისხლის სუნსაც კი ვგრძნობდი, მიუხედავად იმისა, რომ ისეთ ადგილებში მირტყამდნენ, სადაც სისხლი არ გამოჟონავდა... არ მახსოვს, რამდენი საათის განმავლობაში მცემდნენ ასე, შეუჩერებლივ - ალბათ 1 ან 2, ან იქნებ სულაც 5 წუთი? დროის შეგრძნება დავკარგე. მხოლოდ ტკივილის შეგრძნება დამრჩა. სულიც კი მტკიოდა.
კარის ხმა გავიგონე. თვალები არ გამიხელია. ვიცოდი, ვაჟა და ლაშა იქნებოდნენ. მათი დანახვაც კი არ მინდოდა. მთელი ჩემი უბედურების მიზეზი ეს 2 ადამიანი იყო. ვაჟა მოვიდა და ჩემკენ დაიხარა:

- თქვი, ბიჭო, თქვი! მაინცდამაინც უნდა მოკვდე?! რაც მალე აღიარებ დანაშაულს, მით მალე მორჩება ეს ჯოჯოხეთი.
- რა ვთქვა? დამნაშავე არა ვარ, ისიც არ ვიცი, დანაშაული სად მოხდა, როგორ, რით მოკლეს...
- მაგას ჩვენ გეტყვით... შენ ოღონდ თქვი, აღიარე... - უარის ნიშნად თავი გავაქნიე.
- თემური ნახეთ, მღებრიშვილი... ის გეტყვით, სად ვიყავი 25 ოქტომბერს... თემური ნახეთ... თემური ნახეთ... - ვიმეორებდი ჯიუტად. ცოტა ხანში კარის გაჯახუნების ხმა გავიგონე. მივხვდი, ისევ დაიწყებოდა ჩემი წამება და მოვემზადე, მაგრამ რატომღაც აგვიანებდნენ. თვალები ოდნავ გავახილე. ოთახში მარტო ვიყავი. მინდოდა, სახეზე ხელი მომესვა, მაგრამ ხელბორკილმა, რომლითაც "ბატარეაზე" ვიყავი მიბმული, არ გამიშვა. სიმწრისგან გამეცინა. ისე დამაბეს, თითქოს გაქცევას შევძლებდი. ვცადე, თავი მიმეტანა ხელებთან, მაგრამ ვერც ეს შევძელი. ამ დროს კარი გაიღო და ჯალათები ისევ შემოვიდნენ. თან რაღაც უცნაურ დანადგარს მოათრევდნენ. ასეთი რამ ბავშვობაში, ფიზიკის კაბინეტში მქონდა ნანახი; 2 მრგვალი დისკო, რომელსაც სახელური ჰქონდა; თუ ამ სახელურს დაატრიალებდი... თუ ამ სახელურს დაატრიალებდი... თუ ამ სახელურს დაატრიალებდი... ღმერთო! დენი! დენი გამოიყოფა, თუ ამ სახელურს დაატრიალებ... და რაც უფრო დიდი სიჩქარით დაატრიალებ, მით მეტი ელექტროენერგია გამოიყოფა... თვალები დავხუჭე. უკვე ყველაფრისთვის მზად ვიყავი... ვგრძნობდი, რომ ახლა კიდევ ერთი დროის მონაკვეთი უნდა გადამეტანა, რომელიც ჯოჯოხეთის ტოლფასი იქნებოდა. დანადგარიდან გამომავალი 2 სადენი ერთმა ზურგზე მიმამაგრა, მეორემ კი სახელური დაატრიალა. დენმა ტანში დამიარა, ყველა კუნთი დაჭიმა და არაადამიანური ტკივილი მომაყენა. ხმამაღლა დავიყვირე. სახელურის ტრიალი შეაჩერეს.
- ჰა, იტყვი? თუ გავაგრძელო?

თავი მკერდზე ჩამომივარდა. ისევ წყლით მომასულიერეს. მერე ისევ დაატრიალეს სახელური. თანდათან უმატებდნენ სიჩქარეს და მეც ტკივილი მემატებოდა. ისევ დავკარგე გონი. ისევ მომასხეს წყალი. ამ დროს კარი გაიღო და უცნობი ასაკოვანი მამაკაცი შემოვიდა. ჯერ შორიდან მიყურებდა, მერე ახლოს მოვიდა. მეგონა, მხსნელი მოვიდა-მეთქი.
- შენ მოკალი ჩემი შვილი? - მკითხა და თვალებში ჩამაშტერდა. თვალები დავაჭყიტე.
- რას ამბობ, ბიძია?! მე არ ვარ მკვლელი, მიშველე, უთხარი, რომ მე არ მომიკლავს, თორემ, მკლავენ ეს ნაბოზრები... იმის აღიარებას მთხოვენ, რაც არ ჩამიდენია... ამის თქმა იყო და, ჯალათები მეცნენ. წიხლები დამიშინეს...
- რას ბოდავ, შენ მოკალი, აბა, ვინ მოკლა?! - თან ხმამაღლა ღრიალებდნენ. მოკლულის მამაც აგრესიული გახდა.
- შვილებს... შვილებს დაგიხოცავ, რომ გაიგო, შვილის სიკვდილი რა მწარეა!.. მერე კი, შენც მოგწვდები... რა დაგიშავა ჩემმა შვილმა, რატომ მომიკალი?
- არ მომიკლავს... - ცრემლები პირველად წამომცვივდა ამ 2 დღის განმავლობაში. - არ ვიცნობდი შენს შვილს, თვალითაც არასოდეს მინახავს...
ამ კაცს მუშტები შეეკუმშა. ვიგრძენი, რომ მზად იყო, იქვე გავენადგურებინე. როგორც ეუბნებოდნენ, მასაც ისე სჯეროდა. დარწმუნებული იყო, რომ მკვლელი მე ვიყავი... მარტოხელა მგელივით, დაუნდობელი იქნებოდა, უფლება რომ მიეცათ და ჩემთან მარტო დაეტოვებინათ... ის მალე გაიყვანეს ოთახიდან. დავრჩი ისევ ჯალათების პირისპირ. კარგა ხანს გაგრძელდა "დუბინკებით" ჩემი დამუშავება. მერე ისევ გაიღო კარი და ვაჟამ და ლაშამ სულ მთლად ახალგაზრდა ბიჭი შემოიყვანეს. სრულწლოვანიც არ იქნებოდა. ის შორიახლოს დააყენეს, შეშინებული თვალებით მიყურებდა. ხელები უკანკალებდა.
- იცნობ ამ კაცს? - ჰკითხა ლაშამ.

- არა, არ ვიცნობ, - ბიჭმა უარის ნიშნად თავიც გააქნია. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ახალგაზრდა მკვლელობის მთავარი მოწმე, ნიკა ტატიშვილი იყო... ის სასწრაფოდ გაიყვანეს ოთახიდან. ჯალათებმა კი ჩემი წამება დილამდე განაგრძეს. გამთენიისას კვლავ სარდაფში ჩამიყვანეს. ამჯერად, არც დათოს და არც ლევანას ხმა არ გაუღიათ. როგორც იქნა, ჩამეძინა. თვალები რომ გავახილე, ოთახში ბნელოდა. მივხვდი, რომ საღამო იყო. დაღამების მეშინოდა, რადგან ვიცოდი, ისევ არაადამიანური ტანჯვის ატანა მომიხდებოდა.
- ამაღამ ახალი წელია, ალბათ დაგასვენებენ, - მითხრა ლევანამ. როგორც ჩანს, სიბნელის მიუხედავად, მიხვდა, რომ გავიღვიძე. ახალი წლის ხსენებაზე, ერთი ახალი წელი გამახსენდა, რომელიც ყველაზე ბედნიერი იყო ჩემთვის. ეს 2 წლის წინ იყო, როდესაც ჩემი ნათია დაიბადა. მართალია, ბიჭზე ვოცნებობდი, მაგრამ როდესაც 29 დეკემბერს გოგოს დაბადება მახარა სამშობიაროს ექთანმა, ბედნიერებისგან ფეხზე ვეღარ ვიდექი. მე მამა გავხდი... საყვარელი ადამიანისგან შვილი შემეძინა... ამაზე დიდი ბედნიერება განა არსებობს?! ჩემი მშობლები ლაგოდეხში ცხოვრობდნენ. დედა მეხვეწებოდა, რომ ახალ წელს მასთან წავსულიყავი, მაგრამ თბილისში ყოფნა ვარჩიე. ახალ წელს სამშობიაროს ეზოში შევხვდი. ნინო ფანჯარასთან იდგა, მე ქვევიდან შევყურებდი და ისეთი ბედნიერი ვიყავი, მეგონა, ვერაფერი მომერეოდა. დილამდე იქ ვიდექი, რადგან მინდოდა, ჩემი საყვარელი 2 ადამიანის ახლოს ვყოფილიყავი. ისინი ხომ იქვე, ერთი ხელის გაწვდენაზე იყვნენ. ვერ ვეფერებოდი, ვერ ვეხებოდი მათ, მაგრამ მაინც ბედნიერი ვიყავი... ამ დღის გახსენებამ ახლა საშინელ ხასიათზე დამაყენა. ოჯახი მომენატრა. ჩემს ნათიასთან და გიორგისთან ჩახუტების ისეთი ძლიერი სურვილი გამიჩნდა, რომ ტანი ამეწვა. გული ყელში მომებჯინა და ცრემლიც სადღაც იქვე გამეჩხირა. ნერწყვი ხმაურიანად გადავყლაპე.
- წყალი ხომ არ გინდა? - ვერ გავარჩიე, რომლის ხმა იყო, მაგრამ არაფერი მიპასუხია. გადაბრუნება ვცადე, მაგრამ ტკივილმა ისე დამიარა, რომ მხოლოდ ამოვიკვნესე. დიდი ხანი არ გასულა, რომ კარი გაიღო. თვალები დავხუჭე. ვიცოდი, ახლა ჩემ წასაყვანად მოვიდოდნენ. ხელი ჩამავლეს და ისევ მესამე სართულზე ამათრიეს. სკამზე დამსვეს, მაგრამ თავს ვერ ვიკავებდი. მაგიდას მოვეჭიდე ხელით, რომ ძირს არ გადმოვვარდნილიყავი. თავბრუ დამეხვა და თვალები დავხუჭე. მალე ისევ ის ბიჭები შემოვიდნენ, ვინც 2 დღე მაწამებდა.
- რომელი საათია? - ინსტინქტურად ვიკითხე.

- 11-ის ნახევარია, - ჩაიცინა ერთ-ერთმა...
- ახალ წლამდე საათ-ნახევარი დარჩა... - ისევ ინსტინქტურად ვთქვი. ალბათ მინდოდა, შემეხსენებინა ჯალათებისთვის, რომ ახალი წელი ახლოვდებოდა და ახლა მაინც გამოეჩინათ გულმოწყალება.
- ახალ წელს რადგან ელი, კარგად ყოფილხარ, - მითხრა ისევ იმან, ვინც პირველად დამელაპარაკა და "დუბინკა" მომიქნია. გვერდში მომარტყა. იატაკზე დავვარდი. ძლივს ამოვისუნთქე. მომდგნენ და დაუზოგავად დამიშინეს წიხლები და "დუბინკები". ყვირილის თავიც აღარ მქონდა. კარგა ხანს მირტყეს. მერე ორივე, ოთახიდან გავიდა. გვერდით ოთახიდან ტელევიზორის ხმა ისმოდა. მალე "მრავალჟამიერი" მომესმა. მივხვდი, ახალი წელი დადგა. მე კი იატაკზე ვეგდე მოკრუნჩხული და სიცივისგან თუ ნერვებისგან, ერთიანად ვკანკალებდი. ვცადე, ფეხზე წამოვმდგარიყავი. მინდოდა, ფანჯარასთან მივსულიყავი და ძირს გადავვარდნილიყავი. ჩემგან ფანჯრამდე ასე, 4-5 მეტრი იქნებოდა. ჩვეულებრივ მდგომარეობაში ყოფნის დროს, 2 ნაბიჯი დამჭირდებოდა იქამდე მისასვლელად, მაგრამ ახლა ძლივს გავხოხდი ცოტაზე. მერე ძალა გამომელია და დავწექი. ცოტა ძალა მოვიკრიბე და ისევ გავხოხდი. ვიცოდი, სული არ დამყვებოდა, თუ მესამე სართულიდან გადავხტებოდი, მაგრამ სამაგიეროდ, ტანჯვისგან გავთავისუფლდებოდი. დაბეგვილ სხეულსაც დავასვენებდი და სულსაც ვუშველიდი. კარგა ხანი დამჭირდა ფანჯრამდე მისასვლელად. როგორც იქნა, იქამდე მივხოხდი. გათბობის ბატარეას ჩავეჭიდე ხელით და წამოდგომა ვცადე, მაგრამ ტკივილისგან გონი დავკარგე. ასე ვეგდე და უკვე განძრევის თავიც არ მქონდა. კარგა ხნის მერე ისევ შემოვიდნენ ჯალათები და სასმლის სუნი შემოიყოლეს. გულისრევის შეგრძნება გამიჩნდა.
- ამას უყურე! გაქცევა გინდოდა, შენი?.. - თმაში ჩამავლო ხელი ერთ-ერთმა და თავი ამაწევინა. - სად გარბოდი? მკითხა და ისევ იატაკზე დამაგდო. მთვრალებმა სულ დაკარგეს საკუთარ თავზე კონტროლი და არაადამიანური ძალით მარტყმევინეს თავი ბატარეაზე, იატაკზე, კედელზე... შუბლი გამისკდა და ვიგრძენი, როგორ ჩამომეღვარა თბილი სისხლი სახეზე. ეს პირველი შემთხვევა იყო 3 დღის განმავლობაში, როცა სახეზე კვალი დამიტოვეს. სისხლი პირში ჩამივიდა და მლაშე გემო ვიგრძენი. გადმოვაფურთხე. ამის დანახვაზე, ისევ "დუბინკებით" მომდგნენ. გვერდით ოთახიდან ხმაური, ლაპარაკი, სადღეგრძელოები ისმოდა. ტელევიზორში კი კონცერტს გადმოსცემდნენ და მუსიკის ჰანგებიც აღწევდა დროგამოშვებით... მალე მამლის ყივილი გავიგონე. უკვე არაფრის თავი არ მქონდა. მივხვდი, რომ თენდებოდა.

- მივაერთოთ, მაგის დედაც!.. - მომესმა ერთი ჯალათის ხმა. მივხვდი, ისევ დენზე "დასმას" მიპირებდნენ. გამახსენდა ის აუტანელი გრძნობა, რომელიც წინა დღეს გამოვცადე. თვალები ძლივს გავახილე და დავინახე, როგორ ამზადებდნენ აპარატს.
- არ შემაერთოთ, არ მინდა!.. ყველაფერს დავწერ, რასაც მეტყვით... - ძლივს ამოვიხავლე.
- ჩვენ რას გეტყვით? შენ უნდა დაწერო. ჩვენ საიდან უნდა ვიცოდეთ, როგორ დახოცე ხალხი?!.
- მე არ მომიკლავს, მაგრამ დავწერ... რასაც მეტყვით, იმას დავწერ... - ამოვიხავლე ისევ.
- თქვი, რომ შენ მოკალი... - მუცელში წიხლი ჩამცხო მეორემ.
- მე მოვკალი...
- კიდევ გაიმეორე... - ისევ მივიღე წიხლი, ამჯერად - გვერდში.
- მე მოვკალი... არ მომკლათ, მე მოვკალი... - ორივეს გაეცინა. მერე ერთ-ერთმა კარი გამოაღო და დერეფანში გასძახა: - კონსტანტინოვიჩ, აღიარა, დანაშაული აღიარა...
ოთახში სულ მალე ვაჟა და ლაშა შემოვიდნენ. ვაჟამ ჩემ წინ აიარ-ჩაიარა. მის ფეხებს ვხედავდი მხოლოდ. ფეხსაცმლის წვერი წამკრა და გადმომაბრუნა. ზურგით დავეხეთქე, ხელები აქეთ-იქით გადამივარდა, თვალებით ჭერს მივაშტერდი. ახლა უკვე ყველაფერი სულერთი იყო... ხელი დამავლეს და მაგიდასთან დამსვეს. ხელში კალამი დამაჭერინეს.
- აბა, მიდი, დაწერე! - მიბრძანა ვაჟამ, მაგრამ კალამს ხელში ვერ ვიჭერდი. წერა საერთოდ არ შემეძლო.
- სიგარეტი გინდა? - მკითხა ვაჟამ. პასუხი ალბათ, წინასწარ იცოდა, რადგან ჯიბიდან კოლოფი ამოიღო და მომაწოდა. მხოლოდ უხმოდ შევხედე. თვითონ მომიტანა პირთან სიგარეტის ღერი და მომიკიდა კიდეც. სიგარეტის კვამლმა და ნიკოტინმა თითქოს ძალა შემმატა. ფიქრის საშუალება მომეცა. "ახლა დავწერ, რასაც მეტყვიან. მერე ადვოკატს მოვითხოვ, ყველაფერს მოვუყვები... აუცილებლად დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს... ოღონდ ახლა გადავრჩე... ოღონდ არ მოვკვდე... მკვლელის სახელით სიკვდილი არ მინდა... ჯერ სიმართლეს დავამტკიცებ და მერე მოვკვდები... მერე ჩემს შვილებზე ვეღარავინ იტყვის, მკვლელი მამა ჰყავდათო... უნდა ვიცოცხლო... უნდა გადავრჩე..." - ვფიქრობდი და ხელი მიკანკალებდა. სიგარეტი მალე ჩაიწვა. სანამ ვეწეოდი, ყველა ჩუმად იყო. "ნეტავ, თითოეული მათგანის აზრი წამაკითხა..." - გავიფიქრე უნებლიეთ და ყველას სათითაოდ მოვავლე თვალი. მდუმარედ მიყურებდნენ.
- აბა, დავიწყეთ... - შემაგულიანა ლაშამ და აფუსფუსდა...
რა უნდა დამეწყო? ხომ უნდა მცოდნოდა მკვლელობის დეტალები, რომ "აღიარებითი ჩვენება" დამეწერა?!
- კონსტანტინოვიჩ, ხომ იცი, როგორ მოკლა? - ჰკითხა ლაშამ ვაჟას და დაიწყო მისთვის ამბის მოყოლა, რომ მე გამეგონა და დამეწერა...

გაგრძელება იქნება

იხილეთ წინა თავი

წყარო: gza.kvirispalitra.ge

ავტორი: მარი ჯაფარიძე
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 3 /
ეთერ დავითაძე
ძალიან დამაინტერესა, მაგრამ ორი დღეა ველოდები და არ დაიდო ახალი თავი
16:32 / 15-01-2021
გამოხმაურება / 0 /
ნინო
მესამე თავს რატომ არ დებთ?
14:52 / 15-01-2021
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
e87a93