და სანამ უნდა იყო ასე? მთელი წელია, გლოვობ, გლოვობ… დაიკიდე, რა! - საყვედურებით ავსებდა ნეირა თაიას.
უყვარს თაიას ნეირა. ბავშვობიდან ერთად მოდიან, გვერდიგვერდ კორპუსში ცხოვრობენ და თავიანთი სიყვარულით ერთმანეთს ცხოვრებას ულამაზებენ. ოღონდ სრულიად განსხვავებული გარეგნობის არიან დაქალები - თაია ულამაზესია, გამხდარი, ტანკენარი, ბალერინასავით მოქნილი; ნეირა - უშნო, მსუქანი და ტლანქი, მაგრამ ეს სულაც არ უშლის მათ მეგობრობას ხელს.
მერე რა, რომ თაიას "შენი მსუქანა დაქალი" როგორ არისო, ეკითხებიან ხოლმე.
მერე რა, რომ ნეირას "შენი მზეთუნახავი დაქალი" სად დაიკარგაო, ჰკითხავენ ხოლმე.
ნეირას სულაც არ ებრაზება ამაზე. არც თაიას ებრაზება. მიეჩვივნენ ორივენი ასეთ ლექსიკონს, მიეჩვივნენ, რადგან რაც თავი ახსოვთ, ასე ხდება და სხვანაირად ვერც წარმოუდგენიათ.
თუმცა არც ისეთი უშნოა ნეირა, მსუქანი რომ არ იყოს და ალბათ, არც ასეთი ლამაზი იქნებოდა თაია, ნეირასავით პუტკუნა რომ ყოფილიყო. სიმსუქნე რომ ადამიანს აუშნოებს, მეგობრებისთვის არახალია. მართალია, ნეირა სულ დიეტობს, სულ შიმშილობს, თავს იკლავს, მაგრამ მის კილოგრამებს მაინც არაფერი ეშველა. უყვარს ჭამა და ვერ ჭამს. უყვარს სიგამხდრე და ვერ ხდება. ვეგანობა რომ შემოვიდა მოდაში, ეგეც სცადა, მაგრამ მაინც არ ეშველა. ამიტომ ბოლო ექვსი თვეა, დიეტებს თავი დაანება და ჭამას მიეძალა. თქვენ წარმოიდგინეთ, გრამიც არ მოუმატია. რა წონისაც იყო, იმავეზე დარჩა. სამაგიეროდ, ხასიათიც გამოუკეთდა და მადაც. ჰოდა, ჯანდაბამდის გზა ჰქონია "სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს"-ს. ვისაც ასეთი ნეირა არ მოსწონს, ცხელი წყალი დალიოს.
თაიას წონის პრობლემა არასდროს ჰქონია. რაც უნდა გამოძღეს, გრამსაც არ მოიმატებს. ყოველთვის ასე იყო, ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე, თუმცა მადიანობით არც არასდროს გამოირჩეოდა. ერთადერთი, რაზეც უარს არასდროს ამბობს, ტკბილეულია.
აი, ახლაც ერთად სხედან გოგოები თაიას სახლში, ნამცხვარს მიირთმევენ, ყავას აყოლებენ და ნეირამ ძველებურად "შეუკეთა ცეცხლი" მეგობარს, რომელიც წარსულის შეცდომას ვერა და ვერ ივიწყებს, ვერა და ვერ ინელებს.
- შენი ბრალია, რამ შეგაყვარა ის ცალტვინა ბიჭი, თევზის თვალებით რომ იყურებოდა ყოველთვის? პირდაპირ გაოცებას ვარ. გამოიხედე ცოტა, ადამიანო, ცხოვრება გარბის, წლები გვემატება, პატარები აღარ ვართ, აღარ! უნდა გათხოვდე აწი, შვილები აჩინო. აგერ, დედაშენი. ახალი ნაოპერაციებია ქალი. რა გგონია, რა გაახარებს ახლა მაგას ყველაზე მეტად? შენ რომ ბედნიერს გნახავს, შენ რომ შვილიშვილს გაუჩენ.
- ნეი, ტვინს ნუ მიბურღავ, კარგი? - შეწუხებული ხმით ალაპარაკდა თაია, - მე რომ მიკითხავ აქ ნოტაციებს, შენ თვითონ რატომ არ თხოვდები?
- გოგო, მე რას მიყურებ შენ, ა? მე და შენ ერთი ვართ? სარკეში ჩაიხედე! მე ვის რა სიკვდილად ვუნდივარ, საფრთხობელად თუ დამაყენებენ ბოსტანში, თორემ კაცი გამეკარება? შენაა, ყველას ზურგს რომ აქცევ და უარს ეუბნები. შენნაირი არ უნდა დადიოდეს მარტო, გასაგებია? წარმოიდგინე, როგორ დახატული შვილები გეყოლება.
- კარგი ახლა, მთლად ნუ დაისამარებ თავს. - გაიცინა თაიამ.
- დავისამარებ რა, ფაქტი ფაქტად რჩება და… ნეტავ მითხრას ვინმემ, ცოლად გამომყევიო და თუ არ გავეკიდო, ქალი არ ვიყო, მაგრამ ვის დასცდება ეგ! - გაიხუმრა ნეირამ და ორივეს გულიანად გაეცინა.
ამ დროს მეორე ოთახიდან კვნესის ხმა მოისმა.
- უი, დედაშენმა გაიღვიძა, - ხმას დაუწია ნეირამ და ფეხზე წამოხტა.
თაია ოთახში გავარდა.
- რაო, დე…
- წყალი დამალევინე ერთი, შენ გაზრდას, - კვნესით წარმოთქვა ლამარამ და თითი წყლით სავსე მინის დოქისკენ გაიშვირა, საწოლის გვერდით ტუმბაზე რომ იდგა.
თაიამ ჭიქა შეუვსო, დედას თავი აუწია და სვენებ-სვენებით დაალევინა.
- როგორ ხართ, ლამარა დეიდა? - ნეირა საწოლს მიუახლოვდა და ავადმყოფს საბანი გაუსწორა.
- რა ვიცი, შვილო, მგონი, უკეთ, - გაღიმება სცადა ლამარამ.
- ახლა გაჭმევ, მერე კი წამლები დავლიოთ, - მზრუნველად უთხრა შვილმა და სამზარეულოს მიაშურა. ნეირა კი ქალს საწოლზე ჩამოუჯდა და ხელზე მიეფერა…
- საწყალი, როგორ გამხდარა. ცარიელი თვალებია დარჩენილი, - თანაგრძნობით სავსე ხმით წარმოთქვა ნეირამ, როცა ლამარას წამლები დაალევინეს და კვლავ თაიას ოთახში განმარტოვდნენ.
- ხო, მაგრად გახდა. სანატორიუმში უნდა წავიყვანო. რეაბილიტაცია სჭირდება ახლა მაგას და ნელ-ნელა მომაგრდება.
- მერედა, ფული? განა ცოტა უნდა? თან რამდენი ხარჯი ნახე ამ ბოლო დროს.
- რა ვქნა. ეგ ერთადერთი მყავს და რის გაკეთებასაც მოვახერხებ, უკან არაფერზე დავიხევ. იქნებ კიდევ ვიშოვო რამე სამსახური, ნახევარ განაკვეთზე მაინც.
- გაგიჟდი? თან სწავლა, თან მუშაობა… ვერ ხედავ, როგორ იღლები? კიდევ რამე რომ დაიმატო, ვერც გაუძლებ ალბათ. სად იშოვი ახლა ისეთ სამსახურს, კარგი ხელფასი გადაგიხადონ? თითქოს არ იცოდე, როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ.
- აბა, რა ვქნა, ხომ არ მოვკლავ ქალს?
- რა ქნა და ფულიანი კაცი უნდა იშოვოოო, - წაუმღერა ნეირამ და ხელი ხელს ისე დაჰკრა, თითქოს საჭირო საბუთს ბეჭედი დაუსვაო.
- ჰო, როცა მეგონა, რომ ვიშოვე, კარგი ჩიტიც დავიჭირე, - სინანული აღებეჭდა თაიას სახეზე.
- ა! ისევ იმაზე ფიქრობს! არ გრცხვენია, თაი? დიდი ამბავი ახლა, თუ ქალიშვილი არ ხარ! ვის უკვირს დღეს ეს? არავის.
- ეგ რა შუაშია. უბრალოდ, ჩემი სისულელე ვერ მომინელებია, როგორ ვენდე. ვერ ვპატიობ ჩემს თავს. უმისობა ყოველთვის მახსენებდა თავს - როცა ვხედავდი და როცა ვერ ვხედავდი. და ეს ყველაფერი ერთ დღეში დამთავრდა. სანამ მიყვარდა, სულ მასზე ვფიქრობდი. არ მიყვარს და მაინც მასზე ვფიქრობ. ზოგჯერ ისეთი ლამაზი ფიქრები მომეძალება, თითქოს მშვენიერი ყვავილების თაიგულს ვუყურებ.
- ხედავ? ზოგჯერ ფიქრები ყვავილებს ემსგავსება. იმედია, ეგ ლამაზი ფიქრები ნოდიკოს არ უკავშირდება.
- არა, კაცო, რა ნოდიკო, რა დროს ნოდიკოა. ეგ უკვე ცუდი სიზმარივით წყალს გავაყოლე. უბრალოდ, მეც მინდა ვინმე გამოჩნდეს ისეთი, ვინც…
- გამოჩნდება, აბა, სად წავა. შენი მეორე ნახევარი სადღაც აუცილებლად იქნება. ალბათ დაეხეტება უმისამართოდ, სანამ გიპოვის. - დააიმედა ნეირამ და ნებიერად გაიზმორა.
- იმ დღეს, საავადმყოფოში რომ მივდიოდი, ავტობუსში ერთი ტიპი შევამჩნიე. აი, ისეთი, სულ რომ მომწონდა. რა უცნაურია. ვერც იფიქრებ ადამიანი, რომ აი, ამწუთას სადღაც ხარ, ვიღაც გიყურებს, გათვალიერებს, აღტაცებულ მზერას არ გაშორებს. შენ კი ამ დროს აზრზეც არ ხარ. არადა, რომ დაფიქრდე, რა სასიამოვნოა, არა, ვიღაცას რომ მოეწონები? უყურებ ვიღაცას, რომელზეც ფიქრებში გიოცნებია, ტკბები მისი ცქერით და ესტროგენების მოძალებას გრძნობ. საკმარისია, ამ დროს იმანაც გამოიხედოს და შენი აღტაცებული მზერა დაიჭიროს, რომ მასაც გადაედება ის წამიერი ვნებათაღელვა, შენ რომ ამწუთას შეუპყრიხარ. იმან კი არ გამოიხედა, - ჩაიფხუკუნა თაიამ.
- ეჰ, უნებლიეთ რამდენ შანსს უშვებენ ადამიანები ხელიდან, - ტუჩები მოპრუწა ნეირამ, - ვინ იცის, რომ გამოეხედა, იქნებ…
- ოჰ, კარგი რა… ახლა სიყვარულისთვის სად მცალია, დედა მყავს მოსავლელი.
- ვაიმეე! რა გამახსენდა! - წამოიძახა უცებ ნეირამ.
- რა?
- ერთმა ფულიანმა კაცმა სუროგატი დედების კონკურსი გამოაცხადა. მაგარ ფულს იძლევა თურმე.
- რა სუროგატი დედების? - ვერ მიხვდა თაია.
- შვილი უნდა თურმე, ოღონდ ცოლის შერთვა არ სურსო. ამიტომ, ნუ… უნდა დაიქირავოს ქალი, ვინც შვილს გაუჩენს და ფულს გადაუხდის. ცხრა ათას დოლარს იხდისო.
- ცხრა რაღაა? - სიცილი ვერ შეიკავა თაიამ.
- რა და, დანარჩენ ხარჯებს თავის თავზე იღებს. მკურნალობა, წამლები, გინეკოლოგთან ვიზიტი, კვება, ჩაცმა, დახურვა, რა ვიცი…
- რა სისულელეა. ვიღაცასთან სექსი უნდა გქონდეს იმიტომ, რომ ბავშვი გაუჩინო და ფული აიღო?
- არა, სექსი არა. ხელოვნური განაყოფიერების გზით უნდა შვილი. დაწოლას და სექსს არ ითხოვს. ალბათ, ეშინია, არ შემიყვარდესო.
- თუ იმას არ შევუყვარდეო? ვინ არის?
- არ ვიცი, მაგას არ იძახიან. ბუკამ მითხრა ძააან საიდუმლოდ. ვინმე ხომ არ გეგულება, ამაზე რომ წავაო.
თაია წამით შეფიქრიანდა. მისმა პაუზამ ნეირა დააეჭვა.
- რა იყო, რას გაჩუმდი, ჭკუაში ხომ არ დაგიჯდა?
თაია გამჭოლი მზერით შეაჩერდა დაქალს.
- როგორ ფიქრობ, მაგის გამკეთებელი ვარ?
- რა იყო, რა… შენ ვერ დაგიწუნებს. ლამაზი ხარ, ჭკვიანი, ჯანმრთელი… მაგარ ბავშვს გააჩენ. ის არ ვიცი, როგორია, მაგრამ რას კარგავ? მასთან სექსი არ მოგიწევს. ფული ბლომად მოვა. დედაშენსაც ეყოფა, შენი სწავლის ქირასაც და იქნებ ის შენი საზიზღარი სამსახურიც მიატოვო, თავს რომ იკლავ და კაპიკებს გიხდიან.
- და მერე მუცელი რომ გამეზრდება, დედაჩემს რა ვუთხრა, ხომ არ იცი? - შუბლი შეიკრა თაიამ.
- მანამდე რა იქნება, კაცმა არ იცის. იქნებ ისეთი მაგარი ტიპია, სულაც არ გაგიშვას ხელიდან? ეგეც შანსია. რა იცი, რა ხდება.
- და რომ არ აღმოჩნდეს მაგარი ტიპი?
- მერე რა? კაცი სულაც არ არის აუცილებელი, ლამაზი იყოს. გყავდა ეგეთი, მაგრამ რა ხეირი ნახე? ერთხელ გიხმარა და წუ-წუ! გაქრა, აორთქლდა.
- მოდი, აღარ ვილაპარაკოთ მაგაზე, კარგი? დავიღალე უკვე ნოდიკოს ხსენებით.
- კარგი, მაშინ იმ უცნობ ბიზნესმენზე ვილაპარაკოთ. ახლა უფრო დავინტერესდი, ნეტავ ვინ არის. იქნებ წასულიყავი გასაუბრებაზე, თაი, ა? რა იცი, რა ხდება. შეხედე მაინც. თუ მოგეწონება, დათანხმდი, თუ არადა, რამე მოიფიქრე, უარი თქვი და წამოდი. კი არ გამოგეკიდებიან.
- და რა, ჩემი გაჩენილი ბავშვი გავყიდო? გაგიჟდი? - კი შეეწინააღმდეგა თაია, მაგრამ ამ შეწინააღმდეგებაში ყოყმანიც იგრძნობოდა.
- გოგო, რა ვერ გაიგე? შანსი გეძლევა, იქნებ ისე მოეწონო მაგ კაცს, რომ სულ არ გაგიშვას ხელიდან.
- ჰმ… მილიონიდან ერთი შანსი, არა?
- თუნდაც. იღბალი უნდა ყველაფერს. შენ კი იღბლიანი ხარ.
- იღბალმა მე ერთხელ უკვე დამაიგნორა.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>