ნოველები

შანსი მილიონიდან - თავი 2

შანსი მილიონიდან - თავი 2
- კარგი რა, ნუ გადამაყოლე იმ შენს ნოდ… მორჩა, აღარ ვახსენებ. გაიხედ-გამოიხედე, ვერ ხედავ, ქვეყანაზე რა ხდება? ბოლოს და ბოლოს, შენისთანები კი არა, "პრასტიტუტკები" თხოვდებიან და მერე "ვლასტიტუტკები" ხდებიან. შენ კიდევ წესიერი გოგო ხარ, ულამაზესი, უკეთილესი… სცადე, შენი რა მიდის. იქნებ დაიწყო ცხოვრება თავიდან. ბედისწერის ამბავია, რა.
თაიამ ისე ღრმად ამოხვნეშა, ლამის გულიც ამოაყოლა თან.
- მე მიმაჩნია, რომ ცხოვრების თავიდან დაწყება შეუძლებელია. ბედისწერა ადამიანს ერთი აქვს. შეიძლება ანტურაჟი შეცვალო, მაგრამ ბედისწერას ვერ შეცვლი.
-
იცი შენი პრობლემა რაშია? - გაგულისებულმა ნეირამ ხელები წელზე შემოირტყა.
- რაში?
- იმაში, რომ ერთ ადამიანში ორი სხვადასხვა ადამიანია შერწყმული, როგორც იმ შუშაში, შამპუნი და ბალზამი რომაა ერთად გარეული. თან გინდა, ბედნიერი იყო, თან გინდა, ფული იშოვო, თან საკუთარ სურვილებს ეწინააღმდეგები მაშინ, როცა უდიდესი შანსი გაქვს, ბედნიერიც იყო და ფულიც გქონდეს. შტერი ხარ, რა უნდა გელაპარაკო.
- გასაგებია… - ჩაილაპარაკა თაიამ და მისი "გასაგებია" ჰაერში დაეკიდა.
ნეირას ტუჩები ერთმანეთს დაშორდა. მიხვდა, დაქალს გული რომ ატკინა და არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო.
თაიამ კი "გასაგებია" კვლავ ჰაერში გამოკიდებული დატოვა, ხმას აღარ იღებდა…

კიდევ ერთხელ დახედა ქაღალდის ნაგლეჯს, რომელზეც მისამართი ეწერა, შემდეგ კი სახლის ნომერს, რომლის წინაც იდგა. არა, არ შეშლია. ეს სწორედ ის მისამართი იყო, ნეირამ რომ დაუდო გუშინ საღამოს საზეიმო ჟესტით მაგიდაზე.
როგორც იქნა, გადაწყვიტა. მართალია, ფეხები უკან რჩებოდა, სანამ აქამდე მოაღწევდა, მაგრამ ახლა გაბრუნებას აზრი არ ჰქონდა. რადგან ეს დაუშვა, ბოლომდე უნდა მიჰყოლოდა თავის გადაწყვეტილებას. სულაც არ იყო დარწმუნებული, რომ რამე გამოუვიდოდა, მაგრამ ნეირამ იმდენი უჩიჩინა, მაინც დაითანხმა. მართლა და მართლა, თუ არაფერი გამოვა, რა უჭირს მერე? მისთვის უკვე სულერთია, როგორი მომავალი ექნება. თუ ახლაც არ გაუმართლა, ესე იგი, ასეთი უსამართლო ყოფილა მისი ბედისწერა და ეგაა.
ორი წუთიღა იყო დარჩენილი, რომ დათქმულ დროს მისულიყო გასაუბრებაზე. დროზე მისვლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია - საქმიანი ადამიანები ამას უდიდეს ყურადღებას აქცევენ. პაემანი ხომ არ არის, რომ დააგვიანოს.
კარი დარეკვისთანავე გაიღო, არც უკითხავთ, ვინ ხარო. ეზოში შესულს ვიღაც კაცი დახვდა, მაგრამ სახლისკენ კი არ გაუძღვა, გვერდით მდებარე ორსართულიანი ვიწრო შენობისკენ, ცისფერი შუშისგან რომ აეშენებინათ. იგი სექტემბრის მცხუნვარე მზის სხივებს ძალუმად ირეკლავდა და თვალს სჭრიდა მნახველს.
როგორც კი შენობაში შევიდა, მაშინვე საქმიანი გარემო მოხვდა თვალში. აქაურობას ოფისის იერი გადაჰკრავდა. ნუთუ სახლში აქვს სამსახური? ნეტავ ვინ არის? - გაიფიქრა თაიამ და ირგვლივ ყურადღებით მიმოიხედა. "მოდუნდი, ვითომ ეს შენი ახალი სამსახურის ვაკანსიაა", - შეუძახა თავის თავს და მხარზე გადაკიდებული ჩანთა შეისწორა.
რაც მართალია, მართალია, ოდესმე მსგავს სამუშაოზე გასაუბრება თუ მოუწევდა, ფიქრადაც კი არ დაუშვებდა. თურმე ყველაფერი ხდება.
ის იყო, ღრმად ამოიოხრა, რომ მეორე სართულიდან ქუსლების პაკაპუკი შემოესმა. კიბეზე ვიღაც ქალი ჩამოდიოდა, რომლის ჯერ მხოლოდ ფეხები და მიდი-კაბა ჩანდა. საფეხურებზე მუქი წითელი ფერის ფარდაგი ეგო, ქალი კი არა ფარდაგზე, არამედ კიბის შიშველ ნაწილზე მოაბიჯებდა. ამიტომაც პაკუნობდა მისი ქუსლიანი ფეხსაცმელი.
არც ისე ახალგაზრდა მდივანმა, ყოველ შემთხვევაში, ასეთი დასკვნა გამოიტანა თაიამ, ზედმეტად თავაზიანად გაუღიმა.
- თაისია თაბაგარი ბრძანდებით? - ტკბილი ხმით შეეკითხა ქალი.
- დიახ. თორმეტ საათზე შეხვედრა მაქვს აქ დანიშნული.
- ბატონი გაგა უკვე გელოდებათ. წამოდით, აგაცილებთ. მე ნორა მქვია. - თქვა ერთობ მიმზიდველმა შავგვრემანმა ქალმა, რომელიც ალბათ ორმოცდაათ წლამდე იქნებოდა.
თაიამ საგულდაგულოდ დავარცხნილი თმა გაისწორა და ნორას უკან მიჰყვა. გული ჰიპერტონიკივით უცემდა, ჰაერი არ ჰყოფნიდა აღელვებულს.
ნორა ყავისფრად შეღებილ კართან გაჩერდა, რომელიც გამოღებული იყო. თაიას თითქოს ყინვა შეუძვრა სხეულში, ისე შეაკანკალა.
ეშინოდა, რაიმე უხერხული მოძრაობა არ გაეკეთებინა, რამეს არ დასჯახებოდა და გაეტეხა ან ფეხი არ გადაჰბრუნებოდა. კაბინეტში შესულმა უნებურად ჯერ ფრანგულ ჭერს ახედა, მერე ცისფერი შუშის კედლებს, ბოლოს კი კვრინჩხისფერი მარმარილოთი მოპირკეთებულ იატაკზე გადაიტანა მზერა. მარმარილო მთვარის შუქით განათებულ ტბასავით ბზინავდა და ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს წყლის ზედაპირზე უნდა გაევლო. პატარა კაბინეტის ერთი კედელი ვენეციურად იყო მოხატული. ის არ იყო შუშის, რადგან შუშას ასე ვერავინ მოხატავდა. ამ კედლის შუაში თაიამ კარი შენიშნა, რომელიც, სავარაუდოდ, სხვა ოთახში გადიოდა.
კედლების მთელ სიგრძეზე შუშის სადგამები და თაროები გაეკეთებინათ, რომლებზეც ოთახის ყვავილები იწონებდნენ თავს. ზოგიერთი მათგანის სახელი იცოდა თაიამ, ზოგიერთს კი პირველად ხედავდა. ვიღაცას მასსავით ჰყვარებია მცენარეები.
კაბინეტში დიდი მაგიდაც შუშის იყო და ჟურნალებისაც. ამ ოფისის პატრონს ალბათ გამჭვირვალობა ყველაზე მეტად მოსწონდა, რადგან საქმიან გარემოდ შუშის სახლი აირჩია. კიდევ კარგი, დივანი, სკამები და სავარძლებიც შუშის არ იყო. თაიას კინაღამ გაეღიმა, მაგრამ თავი შეიკავა.
ყველაზე მეტად გოგონას თვალში მოხვდა უზარმაზარი ტყავის სავარძელი, რომელიც ფანჯრისკენ ზურგშექცევით იდგა, მასში კი ვიღაც იჯდა და ტელეფონზე საუბრობდა. იმ ვიღაცას ერთობ სასიამოვნო ხმა ჰქონდა, ხავერდივით რბილი და ქედანივით მოღუღუნე.
აქედან მხოლოდ უცნობის ხელი მოჩანდა, რომელშიც კრიალოსანი ეჭირა და მძივებს ერთმანეთის მიყოლებით რიტმულად გადააადგილებდა.
სანამ მამაკაცმა საუბარი არ დაამთავრა და მობილური არ გათიშა, ნორას ხმა არ ამოუღია, ერთ ადგილას იდგა და ბოსს ელოდებოდა. თაიაც იდგა და ისიც ელოდა, როდის ინებებდა უფროსი მოტრიალებას და მის მიღებას.
და აი, როგორც იქნა, შემობრუნდა. გოგონას გაოცებისგან სუნთქვა შეეკრა. მამაკაცმა თვალი თვალში გაუყარა და თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა ახალმოსული.
ღმერთო! თაია თვალებს არ უჯერებდა - სავარძელში გაგა ჭოხონელიძე იჯდა - ერთ-ერთი უმდიდრესი ბიზნესმენი და მთელ საქართველოში სასურველი სასიძო - მთელმა თბილისმა იცოდა, რომ ის უცოლო იყო. უფრო სწორად, ორი ცოლი ჰყავდა გამოცვლილი და ახლა "ვაკანსია" თავისუფალი გახლდათ.
თაიამ იგრძნო, როგორ ეცლებოდა იატაკი ფეხქვეშ, გული კი მზად იყო, მკერდიდან ამომხტარიყო და უკან აღარასდროს დაბრუნებულიყო.
ჟურნალებში ეს კაცი სულ სხვანაირად გამოიყურებოდა. აქამდე ნანახი ვერც ერთი ფოტო ვერ გადმოსცემდა სრულად იმ მომხიბვლელობას, მისი სახე რომ ასხივებდა. გამაოგნებლად მომნუსხველი მამაკაცი. კვრინჩხისფერი მარმარილოს ფონზე გაგას თვალებიც კვრინჩხისფერი მოჩანდა. მოსწონდა თაიას ლურჯთვალება კაცები, მით უფრო, თუ ამ სილურჯეს შავი ფერი გადაჰკრავდა.
- დაბრძანდით, თუ შეიძლება, - წარმოთქვა მან თავისი ხავერდოვანი ხმით და ფეხი ფეხზე გადაიდო, მერე კი მდივანს მიუბრუნდა, - თავისუფალი ხარ, ნორა. გმადლობ, დანარჩენს მე მივხედავ.
მუქი პიჯაკი და ლურჯი პერანგი საოცრად ეხამებოდა მამაკაცის სახესა და თვალების ფერს. თაია პირველივე სკამზე მოწყვეტით დაეშვა…
გაგა დაცემამდე ლამაზი იყო, ლამაზი, მაგრამ საოცრად მამაკაცური, ქალურობის არაფერი ეცხო, როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება ხოლმე - ლამაზი მამაკაცები, ზოგადად, ნაზები არიან. თმა მოკლედ ჰქონდა შეკრეჭილი, მხოლოდ ერთი კულული ჩამოშლოდა შუბლზე. მუქი ლურჯი თვალები მის ხორბლისფერ სახეს სასწაულ ელფერს სძენდა. ღამისფერი პიჯაკი კი უფრო მეტ იდუმალებას სძენდა მის ნუშისებრ თვალებს.
- დაბრძანდით, თუ შეიძლება, - გაიმეორა ჭოხონელიძემ.
მისი ხმის ტემბრმა თაიას სუნთქვა შეუკრა. საიდანღაც მოდიოდა ეს ხმა, შორეული სიღრმიდან, თითქოს სადღაც სივრცეში იყო განფენილი. ამ ტემბრმა თაიას სხეულის ყველა უჯრედი ერთიანად გაავსო.
ასეთ კაცზე მხოლოდ თუ იოცნებებდა.
ასეთ კაცზე მხოლოდ სიზმრებს თუ ნახავდა.
ასეთი კაცის გულისთვის ჯოჯოხეთშიც კი გადაბარგდებოდა…
სკამზე დაეშვა თუ არა, იმდენი მაინც მოახერხა, რომ ხელჩანთა სკამის საზურგეზე აკურატულად ჩამოეკიდა.
- ვაფასებ თქვენს სიმამაცეს. ეს არ არის ადვილად მისაღები გადაწყვეტილება, - თქვა გაგამ და წინ დადებული სქელი საქაღალდე გახსნა, - წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, თუკი ჩემი ექიმებისა და ადვოკატის დასკვნების რამდენიმე დეტალს გავეცნობი? თქვენ ამ დილით უკვე შეხვდით მათ, მაგრამ მე არ ჩამიხედავს ამ ფაილებში, რადგან ახლახან მომაწოდეს და ვერ მოვასწარი.
თაიას ყელში რაფაელოს ზომის ბურთი გაეჩხირა.
- დიახ… რა თქმა უნდა… - ძლივს ამოღერღა, - გამოკვლევების განმავლობაში იმდენი შეკითხვა დამისვეს… ექიმმა ცალკე, იურისტმა ცალკე… მგონი, მილიონზე მეტი იყო, მაგრამ პასუხი ყველას გავეცი, - თქვა და გაღიმება სცადა, - სხვათა შორის, რაღაც ამდაგვარს ველოდი, სანამ შეგხვდებოდით.
- ამდაგვარს რას? - დაკონკრეტება მოითხოვა გაგამ.
- ამდაგვარ გამოცდას… თუ შეკითხვებს… არ ვიცი, როგორ გამოვთქვა…
- აჰა… გასაგებია. თქვენ ოცდაექვსი წლის ხართ…
- დიახ, ასეა. - მიუგო მან, თუმცა ეს შეკითხვა კი არა, უფრო ფაქტის კონსტატაცია იყო.
- მომიყევით რამე თქვენ შესახებ.
- არც ვიცი, რა მოგიყვეთ… ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ…
- და სად ცხოვრობს ეს ერთი ჩვეულებრივი გოგო?
- ერთი ჩვეულებრივი ქალაქის ერთი ჩვეულებრივი ქუჩის ერთ ჩვეულებრივ სახლში. -გული მოეცა თაიას, იმდენად რბილი იყო გაგას ტონი.
- მომწონს თქვენი ერთი ჩვეულებრივი პასუხი, - გაიღიმა ბიზნესმენმა და კვლავ საქაღალდეს ჩახედა, - დამთავრებული გაქვთ 69-ე საჯარო სკოლა, ხართ უნივერსიტეტის სტუდენტი, ფაკულტეტი - იურიდიული. ასეა?
- ყველაფერი მართალია.
- მშვენიერი სამედიცინო მაჩვენებლები გაქვთ. არავითარი სერიოზული დაავადება არ გადაგიტანიათ, არც ოპერაციები.
- დიახ. სტამბოლის კაჟს არაფრით ჩამოვუვარდები, - გაიხუმრა თაიამ.
ჭოხონელიძემ ამჯერად საქაღალდე დახურა და იგი რამდენჯერმე მსუბუქად დაჰკრა მაგიდას, თითქოს მტვერი უნდა აადინოსო.
- თუ ნებას დამრთავთ, რამდენიმე პირად შეკითხვასაც დაგისვამთ.
- რა თქმა უნდა… შემეკითხეთ, არ არის პრობლემა, - ელვის უსწრაფესად მიუგო გოგონამ.
ბოლოს და ბოლოს, ის გარკვეულ სამსახურს იწყებდა, ეს კაცი კი მისი დამქირავებელი იყო.
- რამ გაიძულათ, ქალბატონო ტაისია, ჩემს წინადადებას გამოხმაურებოდით და სუროგატი დედა გამხდარიყავით?

გაგრძელება
იხილეთ პირველი თავი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 3 /
თინათინი
საინტერესოა მომწონს
23:13 / 06-03-2021
გამოხმაურება / 0 /
ლია ლაფაური
ძალიან საინტერესო წასაკითხია.მომწონს.თქვენ წარმატებებს გისურვებთ.მე კი ველოდები შემდეგს მადლობა.
19:10 / 03-03-2021
გამოხმაურება / 1 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
e87a93