_ კარგი, _ რახან თაია მიხვდა, რომ ეს არც დაკითხვა იყო და არც ინტერვიუ, შედარებით კომფორტულად და თავდაჯერებულად იგრძნო თავი, _ რადგან მე თანახმა ვარ, თქვენს შეკითხვებს ვუპასუხო, თქვენც უნდა გამცეთ პასუხი რამდენიმე კითხვაზე.
გაგა წამით ჩაფიქრდა და მის თვალებში გამკრთალმა ნაპერწკლებმა მიახვედრა გოგონა, რომ ამ `გარიგებამ~ მამაკაცი გაამხიარულა.
_ შევთანხმდით, _ სიცილით წამოიძახა მან
თან მიირთმევდნენ, თან საუბრობდნენ. თაია გულღიად პასუხობდა გაგას დასმულ სამ შეკითხვას.
_ ჩემი საყვარელი ფერია მწვანე, _ აღიარა გოგონამ, _ და ყველა მისი ელფერი. საყვარელი ნაყინი _ შოკოლადის. რაც შეეხება ჩემს პირველ სიყვარულს, მას ნოდიკო ერქვა, მაგრამ ეს იყო შორეულ წარსულში. მაშინ ჯერაც ბავშვი ვიყავი და ბევრი რამ არ გამეგებოდა. ჩვენი ურთიერთობა მაშინ დამთავრდა, როცა ნოდიკომ სხვა, უფრო ლამაზ გოგოში გამცვალა. მისმა საქციელმა კი გული გამიბზარა. სულ ესაა.
_ ო! _ გაგას ხმაში ირონიამ გაიჟღერა.
თაიამ არ იცოდა, ამ ორაზროვან რეპლიკაზე როგორი სახე მიეღო, ამიტომ ღვინის ბოკალი პირთა მიიყუდა და კიდევ რამდენიმე ყლუპი მოსვა.
_ ახლა თქვენი ჯერია, _ შეახსენა გაგამ, _ მეც იმავე კითხვებს უნდა ვუპასუხო თუ რამე განსაკუთრებულის გაგება გსურთ ჩემ შესახებ?
_ იმავეს, _ მოკლედ მოჭრა თაიამ და შეეცადა, ღიმილი შეეკავებინა.
_ არის. ჩემი საყვარელი ფერია შავი. ნაყინზე დიდად არ ვგიჟდები, მაგრამ თუ არჩევანზე მიდგება საქმე, ვანილიანს ავირჩევდი. სიყვარულის საკითხშიც მკვეთრი განსხვავებაა ჩვენ შორის _ ჩემი გული არასდროს არავის გაუბზარავს.
თაიას ბოკალი ხელში გაუშეშდა. აბა, ორ ცოლს რატომ გაშორდა? მან ბოკალი თეფშის გვერდით დადგა და ხმადაბლა იკითხა:
_ არასდროს?
_ არასდროს. _ თავდაჯერებული ტონით გაიმეორა გაგამ და ჭამას მიეძალა.
_ მაგრამ ასე არ ხდება… _ თაიამ იგრძნო, რომ ფერი მისდიოდა. რატომ ატყუებს? ხომ იცის, რომ ჭოხონელიძის ოჯახური ამბავი არა მხოლოდ მან, არამედ მთელმა საქართველომ იცის? თუმცა იმასაც ხვდებოდა, რომ ასე დაჟინებით მის პირად ცხოვრებაში ჩახედვის უფლება არ ჰქონდა.
სულაც არ გაჰკვირვებია, როცა მამაკაცმა თავისი საყვარელი ფერი დაასახელა და ნაყინი არ მიყვარსო, გამოუცხადა. ასეთ საქმიან კაცს სრულიად შესაძლებელი იყო, ნაყინისნაირი სისულელეები არ ჰყვარებოდა, მაგრამ ცოლები? ორჯერ შექმნილი და მერე დანგრეული ოჯახი? ნუთუ ორთაგან ვერც ერთმა ვერ დატოვა მტკივნეული კვალი მის გულში? ან კი, აქვს საერთოდ გული? იქნებ შინაური ცხოველებიც არ უყვარს? იქნებ ისეთი გულქვაა, როგორიც სხვა მისნაირი ფულიანები?
_ ძალზე ძნელია გული გაგიბზარონ, თუ არასდროს გყვარებია, _ დაიწყო გაგამ ახსნა, _ ნამდვილი სიყვარული არ მწვევია. ორჯერ მყავდა ცოლი და ორივე მხოლოდ მოწონებით შევირთე. შეიძლება რაღაც ანგარების გამოც, იმ იმედით, რომ უბრალო ქალი ოჯახური იდილიის შექმნას შეძლებდა. არ გამოვიდა. შეიძლება არ გამიმართლა. არ ვიცი, რომელი უფრო სწორი ფორმულირება იქნება. არც ის არის გამორიცხული, რომ ცუდი ქმარი გამოვდექი. რაღაც შემეშალა, რაღაც გამომეპარა და შედეგიც მივიღე. ახლა კი ჩემს ცხოვრებაში დრო აღარ რჩება სენტიმენტებისთვის. არც იმის იმედი მაქვს, რომ ოდესმე მაინც შემიყვარდება ისეთი გრძნობით, ოხვრას რომ იწვევს. ალბათ არც მჭირდება. სულ ესაა, _ თაიას სიტყვებით დაამთავრა მანაც.
თაიამ ჩაიცინა, თუმცა მის სიცილში მანც შეინიშნებოდა გაოცებისა და უნდობლობის ნოტები.
_ როგორ შეგიძლიათ იმის თქმა, რომ სიყვარული არ გჭირდებათ? განა სიყვარული არ ატრიალებს სამყაროს? მთელი დედამიწა მასზე დგას.
_ დედამიწა მხოლოდ ვალუტაზე დგას, სამყაროსაც ვალუტა ატრიალებს, _ შეეპასუხა გაგა, _ სიყვარული აქ არაფერ შუაშია.
გაოგნებულმა თაიამ თვალები დააფახულა.
_ საკმაოდ ცინიკური შეხედულება გქონიათ სამყაროზე, მაგრამ ისიც გეცოდინებათ, რომ ფულით ყველაფერს ვერ იყიდით.
_ თქვენ რომ იმდენი ფული გქონდეთ, რამდენიც მე, _ მორიდებული ღიმილით ჩაილაპარაკა მამაკაცმა, _ ასე არ ილაპარაკებდით. მაშინ არც თქვენი შეყვარებული გაიქცეოდა სხვასთან. ასე რომ, მე ვამჯობინებ, ჩემს თავს რეალისტი ვუწოდო.
ჰმ… გარკვეულწილად მართალია ეს კაცი. აი, საკუთარ შვილსაც კი ფულით ყიდულობს. და რადგან ამის გაკეთება გამოსდის, რატომ უნდა იფიქროს სხვანაირად?
უცებ მიხვდა, რომ ეცოდებოდა იგი. მამაკაცი, რომლის ცხოვრება ერთი დიდი სიცარიელე და უაზრობა იყო. მამაკაცი, რომელსაც სიყვარულის არსებობის არ სჯეროდა. მამაკაცი, რომელიც ფულში იხრჩობოდა და ბედნიერებას ხელოვნური გზებით იქმნიდა. არადა, იცოდა თაიამ, რა შეეძლო სიყვარულს, ამ ყოვლისშემძლე გრძნობას. გრძნობას, რომელსაც ყველანაირი ტკივილის დაამება შეეძლო, ყველანაირი მარტოობის, სიცარიელის, უიმედობის თუ სხვა არაკეთილსაიმედო მდგომარეობის გაცამტვერება. მერე რა, რომ არც მას გაუმართლა. ეს იმის ბრალი იყო, რომ ნოდიკოს ნდომა სიყვარულში შეეშალა, თორემ აბა, იმასაც ჰყვარებოდა ისე, როგორც თაიას უყვარდა იგი? სულ სხვა იდილია იქნებოდა… სულ, სულ სხვა…
თაია უყურებდა გაგას და გულში ხან ამართლებდა, ხან ამტყუნებდა. აზრები წარამარა ცვლიდნენ ერთმანეთს გონებაში. საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ამ კაცს ჭეშმარიტი სიყვარულით მართლა არასდროს არავინ ჰყვარებიაო. იმასაც ხვდებოდა, რომ ჭოხონელიძის გამოგონილი თეორიები ხუხულასავით დაინგრეოდა, როცა ახალდაბადებულ ჩვილს ხელში აიყვანდა. აი, სწორედ მაშინ მიხვდებოდა, რა იყო სიყვარული. სწორედ იმ დღეს მიეცემოდა ნამდვილი სიყვარულის ძალა, სიყვარულისა, რომელსაც ფულით ვერასდროს იყიდი.
_ მოდი, დავანებოთ გრძნობებზე ლაპარაკს თავი და უფრო ბანალურ თემებზე გადავიდეთ _ ფულის საკითხი განვიხილოთ. იმისთვის, რომ ცხრა თვის განმავლობაში ყველაფერი რიგზე გქონდეთ და საკუთარ ჯანმრთელობას თქვენც ადევნოთ თვალი, ასევე ჯანსაღ კვებას, ფული დაგჭირდებათ.
მოულოდნელობისგან თაია დაფრთხა, შემდეგ ხელში მომარჯვებული ჩანგალი გვერდით გადადო:
_ როგორ. გადაწყვეტილება უკვე მიიღეთ?
_ მე გადაწყვეტილება იმწუთასვე მივიღე, როგორც კი ჩემს კაბინეტში შემოხვედით. დაგინახეთ თუ არა, მაშინვე მივხვდი, რომ ჩემი შვილის დედას ვუყურებდი. სწორედ თქვენ ხართ ის ქალბატონი, რომელიც ჩემი ბიჭისთვის საუკეთესო სუროგატი დედა იქნება. გილოცავთ, დედიკო!
თაიას ჯერ ის არ ესიამოვნა, რომ გაგამ მოვლენებს დაასწრო და უკვე ბიჭი `გააჩენინა~, მერე კიდევ ის, რომ არავინ უწყოდა, რას გადაწყვეტდა მისი ორგანიზმი. ყველაფერი ხომ თავის საშვილოსნოზე იყო დამოკიდებული. განა ერთი და ორი ქალის მცდელობა დამთავრებულა იმედგაცრუებით? რამდენი გაუგია, ორჯერ და სამჯერაც კი უცდიათ ხელოვნური ჩასახვა და ვერ დაორსულებულან. იქნებ არც თაისია იყო გამონაკლისი?
_ ნდობისა და არჩევანისთვის დიდი მადლობა, _ ფრთხილად წამოიწყო გოგონამ, _ მაგრამ მგონი, ნაადრევად მილოცავთ. არავინ იცის…
_ არავინ შეიძლება არ იცის, მაგრამ მე ვიცი. თქვენ ეს გამოგივათ. ამას მთელი ჩემი შინაგანი იმპულსებით ვგრძნობ. თუ ასე არ გამოვა… _ წარმოთქვა მან და აღარ გააგრძელა.
თაია მიხვდა, რასაც გულისხმობდა ბიზნესმენი და რატომღაც შიშმა აიტანა. იქნებ არც იყო შიში და მხოლოდ მოულოდნელი წინადადებისგან მიღებული ელდა იყო? გაგას დაუმთავრებელი წინადადება ხომ იმას ნიშნავდა, თუ ხელოვნურად არ გამოვა, ბუნებრივად ვცადოთო? ახლავე გაეკეთებინა ეს, რა უშლიდა ხელს? მაგრამ წავიდოდა თაია ამაზე? აბა, რას იზამდა? განა ამისთვის არ დათანხმდა თავიდანვე? რომ სცოდნოდა ამ კაცს, რა ჩაიფიქრეს ნეირამ და თაიამ, არ იყო გამორიცხული, ახლავე დამშვიდობებოდა. ჭოხონელიძემ ხომ იგი თითქმის ფრთიან ანგელოზად წარმოიდგინა, როცა გაესაუბრა.
ფიქრებში გაუღიმა თავის თავს. არ იცოდა, რატომ, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ გამოუვიდოდა _ გაგას თავს შეაყვარებდა და შეაყვარებდა ისე, რომ ვეღარასოდეს მიატოვებდა. ის კი არა, ახლო მომავლისთვის გარკვეული გეგმებიც კი დასახა. როცა ბავშვი გაჩნდება, ვთხოვ, რომ ძიძად მე ამიყვანოს, ჩემი გაჩენილია და ბარემ მე გავზრდიო, უნდოდა შეეთავაზებინა, მაგრამ წინასწარ ამ თემას არ შეხებია, არ დავაფრთხო და საერთოდ უარი არ მტკიცოს სუროგატ დედობაზეო.
_ ჩვენ სხვა ვარიანტი არ განგვიხილავს. თუ ასე არ გამოვა, სხვა კანდიდატებიც არიან. რომ გამოვდიოდი, ერთი ლამაზი, მრგვალსახიანი გოგო შევნიშნე. ვფიქრობ, ცუდი ალტერნატივა არ იქნებოდა. მე თქვენს ადგილას ერთდროულად ორ კანდიდატს შევარჩევდი თავის დაზღვევის მიზნით… _ თქვა და მაშინვე მიხვდა, რომ სისულელე წამოროშა.
გაგას სიცილი აუტყდა.
_ და ერთდროულად ორივე რომ დაორსულდეთ? _ წამოიძახა და კვლავ ახარხარდა, _ არააა, ორი ერთად ნამეტანია.
გოგონას ენა ჩაუვარდა. რა სულელურად იქცევა. მთელი დღეა, თავის თავს ამუნათებს, არაფერი შეგეშალოს არც სიტყვაში, არც პასუხსა და არც ქცევაშიო და მაინც შეეშალა. ნამდვილი იდიოტია! ახლა ერთადერთი, რაც უხერხული სიტუაციიდან გამოიყვანდა, აქედან წასვლა იყო, ამიტომ ეგრევე აჩქარდა:
_ შეიძლება წავიდეთ? _ და ეს ისეთი მოწყენილი ხმით წარმოთქვა, გაგამ იფიქრა, ჩემი გაცინებით ვაწყენინეო.
_ ვიყოთ ცოტა ხანს. ხომ არ გამიბრაზდით? მგონი, უადგილოდ გამეცინა, არა? _ `მაპატიეს~ ტონით წარმოთქვა.
_ არა, რას ამბობთ. მეც მივხვდი, რომ უაზრობა წარმოვთქვი, მაგრამ გაქცეულ სიტყვას უკან ვეღარ დავაბრუნებდი… _ თავს ძალა დაატანა და გაიღიმა, _ საერთოდ, დაუფიქრებელი არ ვარ. უბრალოდ, ცოტა დამაბნია თქვენმა გადაწყვეტილებამ. ასე უცებ არ ველოდი.
_ უნდა მიმხვდარიყავით. აბა, როგორ გგონიათ, სადილად რატომ დაგპატიჟეთ? რატომ მომინდა თქვენი უფრო ახლოს გაცნობა?
კინაღამ უპასუხა, მეგონა, ყველა კანდიდატს ეპატიჟებოდით და არა მხოლოდ მეო, მაგრამ ენას დროზე დააჭირა კბილი. თუ კიდევ ერთი სისულელე წამომცდა, დამთავრებულია ჩემი საქმეო, გაიფიქრა და მხოლოდ მხრები აიჩეჩა, თან ისე ლამაზად, რომ გაგამ მისი დაქანებული ლამაზი მხრების მოძრაობას ხარბი მზერა ააყოლ-ჩააყოლა.
_ ლამაზი მრგვალსახიანი… _ მოულოდნელად დასერიოზულდა და თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა მამაკაცმა, მერე თავი ასწია და დაჟინებით ჩააშტერდა თაიას თვალებში, _ ვისაც ლამაზი მრგვალსახიანი თოჯინა აინტერესებს, მისთვის ალბათ მართლაც კარგი ალტერნატივა იქნებოდა. მე არ მაინტერესებს… იმედია, მიმიხვდით. მე ისეთი მინდა, თქვენსავით მძივებივით თვალები ჰქონდეს, დილის ნამივით რომ ბრწყინავს, _ ღიმილი დაურთო ნათქვამს, ბოლოს კი დააყოლა, _ კარგი, აღარ დაგღლით. სულაც არ მინდა თქვენს თვალში მომაბეზრებელი გამოვჩნდე. სახლამდე მიგიყვანთ, ერთი-ორი დღე დაისვენეთ და მერე ნორა დაგირეკავთ. პირდაპირი კონტაქტი მას ექნება თქვენთან, თუმცა ჩვენც ხშირად შევხვდებით, ამას ვერ გავექცევით. ხვდებით, არა?
_ რა თქმა უნდა. სხვანაირად ვერც წარმომედგინა, _ რბილად მიუგო თაიამ და მიმტანისკენ გაიხედა, რომელიც გაგას ხელის აწევისთანავე მათკენ გამოემართა.
_ ანგარიში, თუ შეიძლება.
ახალგაზრდა მამაკაცი იმწუთასვე გატრიალდა და მის მოსვლამდე არც ერთს ხმა არ გაუღია, თითქოს უბრად არიანო.
სხვა საინტერესო არაფერი მომხდარა. გაგამ კორპუსთან ჩამოსვა თაია, ღამე ნებისა უსურვა და წავიდა. თაიამ კი, ტანსაცმელი გამოიცვალა თუ არა, მობილურს დაავლო ხელი, საწოლზე წამოკოტრიალდა და ნეირასთან დარეკა, რათა საღამოს ამბები მოეყოლა.
დაქალმა პირველსავე ზარზე უპასუხა. როგორც ჩანს, ჩასაფრებული იყო, თაია როდის დაურეკავდა.
მან მეგობარს ყველაფერი უამბო, რაც რესტორაში მოხდა და როცა ბოლოს შესჩივლა, ასეთი სისულელე წამომცდაო, გაგასი არ იყოს, ნეირასაც გულიანი სიცილი აუტყდა.
თაიას ეწყინა, რა არის ამაში სასაცილოო.
_ ის, რომ ტყუილად შფოთავ. პირიქით, იცი, რა კარგია, ასე რომ გამოვიდა? კაცებს უყვართ მიამიტი ქალები. ეგ შენი ნაბჟუტურები კეთილად მოგიტრიალდება. აგერ ნახავ, თუ არა. ახლა შენ ერთი ლამაზი ქულა უკვე ჩაწერე მის დავთარში. ამაღამ სულ მაგაზე იფიქრებს და რამდენჯერაც გაახსენდება შენი ნათქვამი, იმდენჯერ გაეცინება. და რაც მეტჯერ გაეცინება, მით მეტ მოწონებას იგრძნობს შენ მიმართ. ვიცი, როგორც ხდება.
თაია მთლად არ იყო დარწმუნებული, რამდენად გაამართლებდა ნეირას `ფსიქოთეორია~, მაგრამ ოდნავი შვება მაინც მიეცა.
_ ღმერთმა ქნას, მეც ეს მინდა.
_ ანუ კარგი დრო ატარე.
_ თუ ჩემს სიჩერჩეტეს არ ჩავთვლით, კი. თავიდან რაღაცებს მიყვებოდა, ბევრი მაცინა. ბავშვობის დროინდელი ამბები გაიხსენა და იცი, რა დავაფიქსირე? ხომ ორივე ვიცინოდით, მაგრამ ის ჩემზე ლამაზად იცინოდა. საოცარი გაცინება იცის, თვალს ვერ მოაცილებ. თითქოს გატკბობს მისი სიცილი.
_ ოჰოო… შენ უკვე ყურებამდე აგპარვია სიყვარული, _ გადაიკისკისა ნეირამ.
_ არა, რას ამბობ. ნამდვილად არ მიყვარს, მაგრამ ძალზე სასიამოვნო კაცია, _ თქვა თაიამ და ერთიანად გაწითლდა.
კიდევ დიდხანს იჭორავეს დაქალებმა. გვიან იყო, როცა ერთმანეთს დაემშვიდობნენ და ჩაწვა თუ არა თაია ლოგინში, მაშინვე გაითიშა… საოცრად ემოციური დღე ჰქონდა…
რამდენიმე კვირამ გაიარა მას შემდეგ, რაც თაია სუროგატ დედად აარჩია ჭოხონელიძემ. სხვა სიკეთესთან ერთად, გაგას თავისი ტაისიას გვარ-სახელიც მოსწონდა. იშვიათად, სახელი და გვარი ასე უხდებოდეს ერთმანეთსო, გაიფიქრებდა ხოლმე, როგორც კი თაია გაახსენდებოდა. შემდეგ ინტერნეტში გვარი თაბაგარი მოიძია, ნეტავ ძირი საიდან მოდისო და აღმოაჩინა, რომ წარმოშობით თაბაგარები სოფელ დარკვეთიდან ყოფილან. იმ დღეს, როცა ეს ამბავი გაიგო, მთელი დღე აეკვიატა სიმღერა: `დარკვეთელო ქალო, რა დიდგულა ხარო~ და მარტო დარჩებოდა თუ არა კაბინეტში, სულ ამას ღიღინებდა, თვალწინ კი ტაისია ედგა.
სნობი არასდროს ყოფილა, რომ გვარის გაკეთილშობილების მიზნით ვინმე თავადური წარმოშობის აერჩია სუროგატ დედად. ისიც აკმაყოფილებდა, რომ თაბაგარი იმერული გვარი იყო. ჭოხონელიძეებიც ხომ იმერლები არიანო, უხაროდა.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>