კიდევ რამდენიმე ნაბიჯი და გაწყდა გაგას მოთმინების ძაფი. მობილურს ხელი სტაცა და ავთოს ნომერი აკრიფა.
_ გაგა, _ რაღაცნაირად რბილად წარმოთქვა ავთომ და კიდევ რაღაცის დამატება უნდოდა, მაგრამ არ დააცალა.
_ რატომ გაჭიანურდა ეს ყველაფერი ამდენ ხანს? _ ლამის იყვირა, _ შენ მითხარი, ერთ საათში მეცოდინება შედეგიო. არადა, საათ-ნახევარი გავიდა უკვე!
_ დაწყნარდი, ადამიანო. უბრალოდ, მცირეოდენი შეფერხება გვაქვს.
_ შეფერხება? რა შეფერხება?
_ თუ არ შემაწყვეტინებ, აგიხსნი. _ მშვიდად მიუგო გინეკოლოგმა.
_ კარგი, ამიხსენი, _ შედარებით დამშვიდებული ხმით წარმოთქვა.
_ ქალბატონ თაისიას მცირე პრობლემა შეექმნა, ამიტომაც გამოკვლევა ცოტათი დაგვიგვიანდა. ის ახლა მისაღებში მელოდება და თუ ვინმე არ შეგვიშლის ხელს, შედეგები მალე მეცოდინება. შენ თვითონ მაყოვნებ, გაგა. არ გინდა, რომ…
_ რა პრობლემებია? _ როგორც კი ყური მოჰკრა, ტაისიას პრობლემები აქვსო, მაშინვე ანერვიულდა.
_ არაფერი სერიოზული, _ დაამშვიდა ექიმმა. _ უბრალოდ, შუბლზე კოპი აზის და ცალი ლოყა დალურჯებული აქვს.
_ ჯანდაბას! რა დაემართა? _ ახლა მართლა იყვირა გაგამ.
_ ყველაფერი არ მოუყოლია, მაგრამ როგორც მივხვდი, ვიღაც როლიკებით მოსეირნე ბავშვი დაეჯახა.
_ რა-აა!?
_ როლიკებით მოსეირნე ბავშვი. არ იცი, როგორ ხდება? ეს ბავშვები აქეთ-იქით საერთოდ არ იყურებიან, როცა როლიკებზე დგანან.
_ ვიცი, როგორც იქცევიან, _ უხეშად გააწყვეტინა მამაკაცმა ექიმს.
_ ჰოდა, სულ ესაა. უნივერსიტეტიდან ბრუნდებოდა თურმე, როცა ის გიჟი გამოქანდა და ზედ შეასკდა.
გაგამ თმაზე წაივლო ხელი და მაქსიმალურად შეიკავა თავი, რომ არ შეეგინებინა.
_ და ახლა როგორ არის? თავს კარგად გრძნობს? დაცემა რამეზე ხომ არ იმოქმედებდა?
_ არ დაცემულა, საქმეც ამაშია. კედელს მიარტყა თავი და ეგ იყო. კარგადაა, ნუ შფოთავ. თვითონ ნერვიულობს ცოტას, მაგრამ საშიში არაფერია.
_ ნერვიულობს? ალბათ მაგრად დაშავდა, არა? რაღაცას მიმალავ, ავთო.
_ რა მოგდის, ბიჭო, ვეღარ გცნობ! _ ტელეფონში ავთოს სიცილი გაისმა, _ მაგაზე კი არ ნერვიულობს, გასინჯვის შედეგი რა იქნება, მხოლოდ იმაზე.
_ ააა, კიდევ კარგი. სულ გადამავიწყდა, რისთვისაც დაგირეკე. კარგია, რომ საშიში არაფერი მოხდა. იმედია, არ მატყუებ.
_ ვაა, შენ ვინა ხარ, კაცო! გითხარი, არა-მეთქი და რა გავაკეთო, ვიცეკვო?
_ კარგი, მჯერა. _ ხმას დაუწია გაგამ.
_ ჰოდა, თუ მეტი შეკითხვა აღარ გაქვს, გამიშვი ახლა, პაციენტს უნდა მივხედო. _ ავთოს ხმაზე ეტყობოდა, რომ ამ სიტყვების წარმოთქმისას იღიმოდა.
_ პასუხს თვითონაც დაელოდება?
_ შენ როგორ გგონია?
_ რა ვიცი, აბა, წესით უნდა დაელოდოს.
_ დაელოდება, აბა რას იზამს. რა იყო, რატომ მეკითხები?
_ იმიტომ, რომ მეც მოვდივარ. უთხარი, უჩემოდ არ წავიდეს, ფეხი არ გაადგას კლინიკიდან, გესმის?
_ ძალას ვერ დავატან, კი იცი, ჩემო გაგა, ამიტომ კეთილინებე და იჩქარე, ტესტის პასუხი რამდენიმე წუთში მზად იქნება. _ სიცილით მიუგო ავთომ და ტელეფონი გათიშა.
იცოდა გაგამ, რომ საცობების გამო გზას კარგა ხანს მოუნდებოდა, ამიტომაც მობილური სწრაფად ჩაიდო ჯიბეში და კაბინეტიდან აჩქარებული ნაბიჯით გავიდა. მისაღებში მჯდომ მდივანს დაუბარა, დღეს ვინც უნდა მიკითხოს, არ ვიქნებიო და ოფისიდან გავარდა.
წუთი, რომელიც მძღოლს მანქანის მოსაყენებლად დასჭირდა, საუკუნედ მოეჩვენა. მას ხომ რაც შეიძლება ჩქარა უნდა გაეგო, გახდებოდა თუ არა მამა.
ტაისიას დანახვაზე შუბლი ოფლით დაეცვარა _ გოგონას სახის ცალი მხარე მთლიანად დალურჯებოდა, ხოლო შუბლზე უზარმაზარი კოპი აჯდა, რომლის დაფარვასაც წინამოთი ცდილობდა.
`ამაზე სასიამოვნო სხვა რა უნდა მომხდარიყო~, _ ფიქრობდა სასოწარკვეთილი გოგონა და დღევანდელი გამოკვლევები და ჩატარებული ტესტის შედეგის მოლოდინი კიდევ უფრო ამძაფრებდა მის სასოწარკვეთილებას.
გასინჯვის შემდეგ ავთომ ჩაცმა და გარეთ მოცდა სთხოვა. როგორც კი ტესტის შედეგები მზად იქნება, დაგიძახებო.
ძლივს მოახერხა ჩაცმა და ლასლასით გამოვიდა მისაღებში. იქაურობა ხალხით იყო სავსე _ ათამდე ქალი თავის რიგს ელოდებოდა. მაღლები და დაბლები, მსუქნები და გამხდრები _ ყველას დედობა სურდა.
ბურთივით გაეჩხირა ყელში რაღაც, შემდეგ კი უცებ გულისრევის შეგრძნება დაეუფლა. ეს მღელვარების ბრალი იყო, ასე ემართებოდა, როცა ნერვიულობდა. თავისი თავი ამ ქალებივით წარმოიდგინა _ გამობერილი მუცლით და ბაჯბაჯით მოსიარულე. ცუდ ხასიათზე იყო, მაგრამ სიამოვნებისგან მაინც გაეღიმა.
თუ დაორსულდება, მასაც ასე მოუწევს ექიმის კაბინეტთან რიგში დგომა. ღმერთო, რა ბედნიერება იქნება! ნეტამც!
სახლში მოუნდა წასვლა, წასვლა და წამოწოლა. დაჟეჟილი ლოყა სტკიოდა, კოპიც, შუბლზე რომ წამოსკუპებოდა. ავთოს კაბინეტში შეიხედა და მორიდებით იკითხა, რამდენ ხანში იქნება მზად პასუხი, რომ დროზე წავიდეო. იმან თბთქოს უკმაყოფილოდ უპასუხა, რამდენიმე წუთში მექნება, ცოტა ხანს მოცდა მოგიწევთ, თუ შეიძლება, გარეთ დამელოდეთო.
გამოვიდა და დაჯდა. დაჯდა და სახეზე კვლავ სასოწარკვეთა აღებეჭდა. სწორედ ამ დროს დაინახა გაგა. ის რეგისტრატურის სარკმელთან იდგა და მედდას ელაპარაკებოდა.
მამაკაცმა თითქოს მისი მზერა იგრძნოო, სწორედ იმ წამს შემობრუნდა და მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა. მის მზერაში თაიამ შიში და შეშფოთება ამოიკითხა. იგრძნო, გული როგორ აუფართხალდა. რა კარგად გამოიყურებოდა. თვალს ვერ მოწყვეტდი. სულ უნდოდა ეყურებინა _ დღეც და ღამეც, სულ, სულ. რაღაც ისეთი იყო… საჭირო სიტყვა ვერ იპოვა შესადარებლად და ნერწყვი გადააგორა.
თვითონაც არ იცოდა, რა დაემართა იმ მომენტში, _ როგორც კი გაგას მზერა იგრძნო, ჩანთა, რომელიც ხელში ეჭირა, ძირს დაუვარდა. ასაღებად მაშინვე დაიხარა, მაგრამ მამაკაცმა დაასწრო.
_ ნერვიულობთ? _ თანაგრძნობით შეეკითხა.
_ ცოტას… მადლობა, _ ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა და მამაკაცს ჩანთა გამოართვა.
გაგა დაჟინებული მზერით მისჩერებოდა, თაიამ ვერ გაუძლო ამ მზერას და თავი გვერდზე მიაბრუნა. ისინი ერთმანეთზე მიკრულ სკამებზე გვერდიგვერდ ჩამოსხდნენ.
_ თავს როგორ გრძნობთ? მაგრად კი დაშავებულხართ.
მისმა შეკითხვამ ააფორიაქა. რაში დასჭირდა ავთო ექიმს მისთვის იმის თქმა, რაც შეემთხვა?
_ კარგად, არა მიშავს… _ დაბნეულად მიუგო და გაიღიმა, თუმცა კი სისუსტეს და თავბრუდახვევას გრძნობდა.
_ ყოველ შემთხვევაში, მითხრეს, ძვლები მთელი შერჩაო, _ გაიხუმრა მამაკაცმა.
_ კი, ძვლები მთელი დამრჩა, _ ხუმრობითვე უპასუხა და თავი ჩახარა, რომ გაგას მისი კოპი თვალში არ მოხვედროდა. _ უბრალოდ, უსიამოვნოდ მახსენდება. იმედია, მეტად აღარ დამემართება მსგავსი რამ, ალბათ უფრო მეტი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინო. როცა ქუჩაში მიდიხარ, თურმე მარტო წინ არ უნდა იყურო ადამიანმა.
_ წინიდან არ დაგეჯახა? _ გაიკვირვა გაგამ.
_ არა, გვერდიდან. ვერც მივხვდი, საიდან გამოვარდა, ისე უცებ მოხდა ყველაფერი. რომ არ შემშინებოდა, გულიც არ წამივიდოდა, მაგრამ საერთოდ არ ველოდი და…
მამაკაცმა ერთობ ნაზად შეხედა, მერე კი მხრებზე მოხვია მკლავი და ოდნავ მოუჭირა.
_ გული წაგივიდათ? _ ცალი წარბის აწევით შეეკითხა.
ახ! ექიმს ეს, როგორც ჩანს, არ უთქვამს მისთვის. დაბნეულმა თვალები ააფახულა.
_ აბა, ერთი შემომხედეთ! _ გაგამ ნიკაპზე წაავლო ხელი და მისი სახე თავისკენ შემოაბრუნა, _ ოი, ოი, რა დღეში ხართ! რაო ავთომ, უთხარით, გული რომ წაგივიდათ?
_ სულ რამდენიმე წამით, არც კი დავცემულვარ. კედელს მივეყრდენი და გადავრჩი.
_ და კედელს ისე მიეყრდენით, რომ ლოყა ჩაგილურჯდათ?
თაიამ ღიმილი ვერ შეიკავა. სიმართლე რომ ითქვას, არც ახსოვს, იმ მომენტში რა მოხდა. როცა გონს მოვიდა, მუხლებზე იდგა, ზურგით კედელს მიყუდებული, ირგვლივ კი უამრავი ადამიანი ეხვია, მათ შორის ის ბიჭიც, რომელიც დაეჯახა.
გაგას შეკითხვამ უარესად აანერვიულა. ამ კაცს მისი მდგომარეობა სერიოზულად აშფოთებდა. თუმცა სულაც არ იყო ვალდებული, მისი ჯანმრთელობის შესახებ ყველაფერი სცოდნოდა.
გოგონამ ღრმად ამოიოხრა და შეეცადა, მისი ხელისგან თავი გაეთავისუფლებინა.
_ ავთო ექიმმა თქვა, სერიოზული არაფერიაო.
_ არა, ეს სერიოზულია, _ ძალზე რბილად წარმოთქვა გაგამ. _ განსაკუთრებით თქვენს შემთხვევაში.
თქვა თუ არა ეს, სკამის საზურგეს მიაწვა და ფეხები გაჩაჩხა.
_ იქნებ მიამბოთ, სინამდვილეში ყველაფერი როგორ მოხდა?
_ ძალზე უსიამოვნო მომენტი იყო, _ გადაწყვიტა, მოკლედ მოეყოლა, _ უნივერსიტეტიდან მოვდიოდი, აკადემიურის გაუქმებაზე განცხადება შევიტანე, რადგან მეძლევა საშუალება, სწავლა გავაგრძელო. როგორც ჩანს, ცოტა გადავიღალე, რადგან თავბრუ მეხვეოდა, ამიტომ ვერ შევამჩნიე, ის ბავშვი როგორ მომიახლოვდა. გვერდიდან დამეჯახა, თორემ ალბათ დავინახავდი… მერე რაღაც წამები არ მახსოვს, გავითიშე… იმდენი ხალხი შეგროვდა…
გაგამ ცალი თვალი მოჭუტა და ეშმაკურად გადაულაპარაკა:
_ ალბათ ძალზე მიმზიდველად გამოიყურებოდით იმ მომენტში. შეგროვდებოდა ხალხი, აბა რა იქნებოდა.
თაიას საღი ლოყა შეეფაკლა. ალბათ მეორეც, მაგრამ ისე ჰქონდა გალურჯებული, რაღას შეეტყობოდა.
მამაკაცმა სახეზე ხელი მიიფარა, თითქოს უნდა დაახველოსო, მაგრამ თაია მიხვდა, ამ ჟესტით იგი სიცილს იკავებდა.
_ იმედია, ძლიერად არ დაშავებულხართ, _ ვერა და ვერ დამშვიდდა გაგა.
_ არა, ადვილად გადავრჩი. ის ბიჭი ჩემზე უარეს დღეში იყო, ისე შეეშინდა. ფერი არ ედო სახეზე, პირდაღებული შემომცქეროდა.
მამაკაცმა გადაიხარხარა. იმდენად მოულოდნელი იყო ეს გადახარხარება, რომ თაია შეხტა. ადრე მას არასდროს გაუცინია ასე ხმამაღლა. საერთოდ, იშვიათად იცინოდა. უფრო მეტად სერიოზული და საქმიანი სახით დადიოდა. სიცილი კი ძალიან უხდებოდა, სრულიად უცვლიდა გამომეტყველებას. რამხელა სიახლოვეს გრძნობდა ამ კაცის მიმართ. ამის ენით აღწერა შეუძლებელი იყო. უფლება რომ ჰქონოდა, ამწუთას თავს მკერდზე მიადებდა და თვითონაც გადაიკისკისებდა.
ამ დროს ექთანი გამოვიდა და მისი გვარი დაიძახა:
_ თაბაგარი!
ჯერ შვებით ამოისუნთქა, მერე უეცრად სხეული დაეჭიმა. ღმერთო, რას ეტყვიან!
ჩანთას ხელი დაავლო და კაბინეტს მიაშურა. გაგაც წამოდგა და უკან მიჰყვა. ზურგიდან გრძნობდა გოგონა მის სიახლოვეს და უცებ მიხვდა, რომ მზად იყო, ასე დიდხანს, ძალიან დიდხანს ევლო. მამაკაცის ახლოს ყოფნა თითქოს ზურგს უთბობდა.
ავთომ ორივეს ანიშნა, დასხედითო. როგორც კი ექიმს შეხედა, თაიას გაგას არსებობა სრულიად გადავიწყდა. ჭოხონელიძესაც ეტყობოდა, რომ ღელავდა, ამას მისი ხმამაღალი სუნთქვა გასცემდა.
_ მზად ხართ, შედეგები გაიგოთ?
თაიამ ჩანთის ყურებს მძლავრად მოუჭირა თითები, ისე მძლავრად, რომ ფრთხილები გაუშავდა.
გაგა ოდნავ შეირხა სკამზე.
_ ვერ გავიგე? _ ავთო აშკარად ორივეს აწვალებდა.
_ მზად ვართ, ავთანდილ, მზად, ნუღარ აჭიანურებ, _ მაინც მშვიდი ხმით მიუგო გაგამ.