- ნუ დარდობ, მე უკვე ვიზრუნე ამაზე. შენ საუკეთესო მეანები დაგეხვევიან თავს, როცა მშობიარობა მოგიწევს. ყველაფერი კარგად იქნება.
- მადლობა. მეც მგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ავთო ექიმიც ხომ ამას მეუბნება სულ.
მცირე ხნით კვლავ სიჩუმე ჩამოწვა.
რა კარგი იყო ასე. თაიას თავს თითქოს საოცრება ხდებოდა: საყვარელი მამაკაცის მკლავებში მომწყვდეული ლაღად იჯდა დივანზე ფეხმორთხმული, ბოლომდე მინდობოდა მას და სასიამოვნო თემაზე ელაპარაკებოდა. ალბათ, ეს პირველი ნაბიჯები იყო მათ დასაახლოებლად და შემდგომში ურთიერთობის გასაგრძელებლად.
- იცი? სანამ შენ არ მეკარებოდი, მე დიზაინერი მოვიყვანე ჩვენს ბინაში. - მოულოდნელად გაგამ სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი, - მინდოდა ბავშვის ოთახი მომეწყო.
გოგონას წამიერად გაუელვა თვალწინ, როგორი უნდა ყოფილიყო მისი შვილის ოთახი -პასტელური ფერებით და რიკულებიანი პატარა საწოლის ერთ კუთხეში ვეებერთელა სათამაშო დათუნიათი… მაგრამ იქნებ თანამედროვე დიზაინერების გემოვნებაში ფაფუკი დათუნიები სულაც არ ჯდება?
- მერე?
- მერე… მიიხედა, მოიხედა, იქაურობა გულდასმით დაათვალიერა, თავისი აზრი მითხრა და ორ დღეში სავარაუდო ესკიზები გამომიგზავნა, რომელიც მოგწონთ, ის აარჩიეთო.
- მერე? - თაიას დაძაბულობისგან სუნთქვა შეეკრა.
- მერე ის, რომ იმ დღესვე დავითხოვე.
- რატომ?
- იმიტომ, რომ არ მინდა, ვიღაც უცხომ მოაწყოს ჩვენი შვილის ოთახი. მე მინდა, რომ ეს შენ… ჩვენ გავაკეთოთ… ჩვენი გემოვნებით.
თაიას დაძაბულობამ პიკს მიაღწია. რას ნიშნავდა გაგას სიტყვები?
- ის კი არა, მომინდა მე თვითონ გამეკრა შპალერი ან შემეღება კედლები და ფარდებიც ჩამომეკიდებინა. უბრალოდ, მე თვითონ მინდა ამის გაკეთება. ჩაქუჩის ხმარებაც ვიცი, თუ საჭირო გახდა და ფუნჯისაც. რაც მთავარია, წებოს თუხთუხი არ მომიწევს, საბედნიეროდ, შპალერის წებო მზა სახით იყიდება, როგორც ვიცი.
ამ ლაპარაკისას გაგას სახე დაუსერიოზულდა, თვალები კი ჩაუმუქდა.
- წამოდი ჩემთან, ტაი. გამომყევი ცოლად და ერთად გავზარდოთ ბავშვი. კიდევ გამიჩინე შვილები. დამეხმარე საბავშვო ოთახის მოწყობაში. მერე კი, როცა გავმრავლდებით, იქით გადავიდეთ, ჩემს კერძო სახლში, ლეკვიც ვიყიდოთ და მასაც გავუკეთოთ პატარა სახლი.
მამაკაცს ხმა თითქმის უკანკალებდა. ასეთი სერიოზული ინტონაციით ასეთ სერიოზულ თემაზე გაგა მასთან პირველად საუბრობდა. მაგრამ მას არ უთქვამს მთავარი - ის, რასაც თაია მისგან ელოდა. არ უთქვამს, რატომ სურდა მასთან ცხოვრება.
არადა, თაიას სიგიჟემდე სურდა გაეგო, უყვარდა თუ არა გაგას იგი ისე, როგორც მას.
- კარგი, წამოვალ, მაგრამ მხოლოდ ერთი პირობით. - წამოიძახა უცებ და მაშინვე ენაზე იკბინა, მაგრამ გაქცეულ სიტყვებს უკან ვეღარ დააბრუნებდა.
- რა პირობით? - მამაკაცი მისკენ დაიხარა და სმენად იქცა.
- თუ ერთი კითხვაზე გამცემ პასუხს, - გაწელვით მიუგო გოგონამ, რამდენიმე წამით შეყოვნდა და გააგრძელა, - მაგრამ გულწრფელად უნდა მიპასუხო, ტყუილი არ მითხრა.
გაგას მღელვარე ჩრდილმა გადაურბინა სახეზე, მაგრამ პასუხად მაინც დაუქნია თავი:
- მკითხე.
თაიას პირი გაუშრა. გაგას პასუხზე იყო დამოკიდებული მისი ბედი. ღირდა კი ამ შეკითხვის დასმა? ყოყმანი მხოლოდ წამები გაგრძელდა. მას სურდა სიმართლის გაგება. იგი ვერ იცხოვრებდა ისეთ კაცთან, რომელსაც არ ეყვარებოდა.
თავი ჩახველებით გაიმხნევა, გაოფლილი ხელები მომუშტა, ტუჩები ენით გაილოკა და შეკითხვა ხმადაბლა დასვა:
- გიყვარვარ?
იმის მიხედვით, როგორ გაუფითრდა მამაკაცს სახე, როგორი შეშინებული გაუხდა მზერა, თაია მიხვდა, რაც იქნებოდა პასუხი. სწრაფად წამოდგა დივნიდან და ფანჯარას მიეჭრა, რათა მამაკაცს მის სახეზე აღბეჭდილი ტკივილი არ დაენახა.
- ტაისია… მოიცადე…
მაგრამ ტაისიას მოცდა არ სურდა, სირბილით გადაჭრა ოთახი და სააბაზანოში შეიკეტა.
გაგა მძიმედ წამოდგა და სააბაზანოს კარს მიადგა. ერთხანს მიაყურადა. შიგნიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა. მერე ფრთხილად დააკაკუნა:
- ტაი, ძალიან გთხოვ მომისმინო. მომეცი საშუალება, აგიხსნა.
თაია კი ამ დროს ცივ ნიჟარას ჩაჰფრენოდა და სარკეში თავის გაწამებულ გამოსახულებას შესცქეროდა. რა საცოდავი სახე ჰქონდა… ისე კანკალებდა, რომ არა ნიჟარა, ალბათ ძირს მოადენდა ზღართანს.
- ტაისია, - დახშული ხმით კვლავ დაუძახა გაგამ, - გამოდი, უნდა ვილაპარაკოთ… გთხოვ.
არა, არ შეეძლო მასთან ლაპარაკი. მასთან ლაპარაკი ახლა აუტანელი იყო მისთვის. ამწუთას მხოლოდ ერთი რამ უნდოდა - გაგა წასულიყო და დაეტოვებინა იგი თავის გაუსაძლის ტკივილთან მარტო, განხიბლული და განადგურებული.
- თუ არ გამოხვალ, მაშინ აქედან მომიწევს ლაპარაკი. - კვლავ გაისმა მამაკაცის ხმა.
ესმოდა, როგორ ამოიხვნეშა გაგამ, მერე კი ამ ამოხვნეშას სიტყვები მოაყოლა:
- ვწუხვარ, რომ გული გატკინე. შენმა შეკითხვამ მაგრად დამაბნია, თუმცა, წესით, ასე არ უნდა მომხდარიყო. ჩემი წინადადება დაქორწინების თაობაზე, რასაკვირველია, სწორედ შენს შეკითხვასთანაა დაკავშირებული.
თაიამ ყრუდ დაიკვნესა, ორი ნაბიჯით უკან დაიხია და უნიტაზზე ჩამოჯდა.
- შენ გინდოდა გულწრფელად მეპასუხა, ამიტომაც ვეცდები, არ მოგატყუო… არ ვიცი, მიყვარხარ თუ არა, ტაისია. არ ვიცი, რადგან არასდროს არავინ მყვარებია. წარმოდგენაც არ მაქვს, რას ნიშნავს სიყვარული, მიუხედავად იმისა, რომ ორი ცოლი გამოვიცვალე. არ ვიცი, რას გრძნობენ შეყვარებული მამაკაცები. ვიცი მხოლოდ ის, რომ ვზრუნავ შენზე, მომწონს შენ გვერდით ყოფნა, მსიამოვნებს შენი შეხება. ვიცი ის, რომ მინდა ჩემთან იყო, ჩემს ცხოვრებაში, ჩემს საწოლში, და კიდევ ის მინდა, რომ ერთად გავზარდოთ ჩვენი შვილი.
თაიას ღაწვებზე ცრემლი ჩამოუგორდა. გული ისე უძგერდა, რომ სუნთქვა უჭირდა. პირზე ხელისგული მიიფარა, რათა არ ეყვირა. ტკივილი უფრო გაუსაძლისი გახდა. მამაკაცის გულწრფელობამ შეძრა. მიხვდა, რომ ამგვარ გულწრფელობას ტყუილის მოსმენა სჯობდა, მაგრამ უკვე გვიან იყო…
მისთვის ბევრს ნიშნავდა ის, რაც გაგამ უთხრა, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. სულაც არ უნდოდა ზედმეტად მომთხოვნი ყოფილიყო, მაგრამ მან იცოდა სიტყვა "სიყვარულის" მნიშვნელობა და ცოლად ვერ გაჰყვებოდა მამაკაცს, რომელმაც ეს არ იცოდა. სწორედ ეს ანადგურებდა, სწორედ ეს კლავდა…
ამიტომ აჯობებს, ახლავე დაშორდეს, მოამთავროს მასთან საქმიანი გარიგება და თავისი გულის იარების მოშუშებას შეეცადოს.
თავს ძალა დაატანა, რათა ამდგარიყო, კარი გააღო და გამოვიდა. ამჯერად არ უცდია აცრემლებული სახის დამალვა. გაგასაც ტანჯული სახე ჰქონდა.
ამ დროს კარზე ზარის ხმა გაისმა. თაია არავის ელოდა, მაგრამ სააბაზანოდან გამოვიდა და ჰოლისკენ დაიძრა. იფიქრა, ალბათ გაგას მძღოლმა მოაკითხაო, მაგრამ კარის გაღებისთანავე შიშმა აიტანა და მსუბუქად შეჰკივლა… სადარბაზოში ყურებამდე გაღიმებული ნოდიკო იდგა ხელში ვარდების თაიგულით…
თაიამ აცრემლებული თვალები ძლივს დაახამხამა. ცულმომარჯვებული სიკვდილის დანახვა არ გაუკვირდებოდა ასე.
- შეენ? - ცრემლით დალტობილი ხმით ამოთქვა.
- კარგად ხარ? - ნოდიკოს ღიმილი პირზე შეაშრა.
- კი, კარგად ვარ… რა ქარმა გადმოგაგდო?
- არ შემომიშვებ? ცოტა უხერხულია, აქ რომ ვდგავარ.
- ვისთვის, შენთვის? - თაიამ კითხვა დასვა და თავადვე უპასუხა.
- მომისმინე, თაი… ვიცი, რომ ცუდად მოგექეცი, მაგრამ რთული პერიოდი მქონდა. ახლა…
- ახლა უკვე გვიანაა. შეგიძლია წახვიდე.
- როგორ…
- როგორც მოხვედი, ისე.
- მომისმინე მაინც, სულ ერთი წუთი.
- არც ერთი წამი. წადი, გთხოვ. - მუდარა გაისმა ტირილნარევ ხმაში.
- მდაა… - ნოდიკომ თაიგულიანი ხელი ძირს დაუშვა.
ამ დროს თაიას ზურგს უკან გაგა გამოჩნდა. მამაკაცებმა ერთმანეთს გამგმირავი მზერა მიაპყრეს.
- მარტო არ ხარ…
- არ ვარ, - მოკლედ მოუჭრა გოგონამ.
- მე კი მეგონა, რომ…
- გეგონა… - გააწყვეტინა თაიამ და მამაკაცს კარი ცხვირწინ მიუხურა.
ერთიანად ცახცახებდა. შემობრუნების ეშინოდა, რათა გაგას შეკითხვებით სავსე მზერას არ წასწყდომოდა.
სულ სხვა სიტყვები ჰქონდა მომზადებული საპასუხოდ, ახლა კი არ იცოდა, რა ეთქვა.
- ვინ იყო ეს ყმაწვილი კაცი? - გაბზარული ხმით იკითხა გაგამ.
- არ გინდა, გთხოვ… ისედაც საშინლად ვგრძნობ თავს. მე მგონი, აჯობებს წახვიდე.
- წასვლის წინ არაფერს მეტყვი?
გოგონამ ამოიკვნესა. რაც იქნება, იქნება. ეტყვის, რისი თქმაც სურდა და ყველაფერს წერტილს დაუსვამს. ერთხელ და სამუდამოდ. ნოდიკოს გამოჩენამ ისედაც დააჩქარა მოვლენები.
- იცი? მე პატივს ვცემ შენს სურვილს… შენს გადაწყვეტილებას. - ნაწყვეტ-ნაწყვეტ ალაპარაკდა, რადგან ცრემლები წინადადების გამართულად წარმოთქმის საშუალებას არ აძლევდა, - და ყველაფერი სხვანაირად რომ ყოფილიყო, ბედნიერი ვიქნებოდი, ცოლად გამოგყოლოდი, შენ გვერდით ვყოფილიყავი, ოჯახი შეგვექმნა. არ ვიცი, როგორ და როდის, მაგრამ შემიყვარდი. სწორედ იმის გამო, რომ მიყვარხარ, არ შემიძლია შენს შემოთავაზებას დავთანხმდე.
- ანუ, როგორც მივხვდი, რომ არ გყვარებოდი, გადადგამდი ამ ნაბიჯს?
- ალბათ. მაშინ უფრო გამიადვილდებოდა.
- სამწუხაროა… მე ორი ცოლი მყავდა და არც ერთს არ ვყვარებივარ. მესამედ იმავე შეცდომის დაშვებას არ ვაპირებდი. სწორედ იმიტომ მინდოდა შენი შერთვა, რომ შენგან სიყვარული ვიგრძენი. სხვა შემთხვევაში მსგავს რამეს არც კი გავაჟღერებდი. სამწუხაროა… - კვლავ გაიმეორა გაგამ და ხელები მომუშტა.
დაახლოებით ერთი წუთი იდგა ასე. შემდეგ დაიძრა, პატარა ოთახი დინჯად გადაკვეთა, თაიას გვერდით ჩაუარა, ქურთუკი ჩაიცვა და გავიდა.
როგორც კი მამაკაცმა იქაურობა დატოვა, თაიას უკანასკნელი ძალაც გამოეცალა და იატაკზე დაეშვა…
ცხრა დღე გავიდა მას შემდეგ, რაც გაგამ თაიას ბინა დატოვა. ახლა მისთვის ყოველი დღე საუკუნესავით იწელებოდა.
ტაისია არც ავთოსთან გამოჩენილა, ამიტომ მამაკაცმა არ იცოდა, როგორ გრძნობდა ამხელა სტრესის შემდეგ თავს მისი შვილის დედა. ამასთან, უცხო მამაკაცის გამოჩენა არ ასვენებდა. ვინ იყო? რა საერთო ჰქონდა ტაისთან? რატომ არაფერი იცოდა მის შესახებ? გადაწყვიტა, ყველაფერი გაეგო და დახმარებისთვის ნორას მიმართა. ნორა ნეირას კარგად იცნობდა, ამიტომ დაურეკა და სთხოვა, მათთან ოფისში მისულიყო, ოღონდ ამის შესახებ თაიას არ უნდა გაეგო.
ნეირასთან შეხვედრამ გაგას შვება მოჰგვარა. აღმოჩნდა, რომ ის ტიპი, ვინმე ნოდარი, თაიას ყოფილი შეყვარებული ყოფილა. უფრო სწორად, თაიას ჰყვარებია იგი, თუმცა ეს ცალმხრივი სიყვარული აღმოჩნდა და ახლა აღარაფერი აკავშირებთო. ნოდიკო ამ ბოლო დროს შეეცადა მასთან ურთიერთობის განახლებას, მაგრამ თაიამ ახლოსაც არ გაიკარა, ალბათ ამიტომაც მიადგა სახლშიო.
- მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს, - უყვებოდა ნეირა გაგას, - მხოლოდ ერთხელ. მაგ დამპალმა თავისი გაისწორა და ეს გოგო ისე მიაგდო, როგორც ნახმარი ცხვირსახოცი. იცით, რამხელა ტრავმა გადაიტანა თაიმ? საშინელ დეპრესიაში ჩავარდა. ძლივს გამოვიდა მდგომარეობიდან. მაგრამ ეს დიდი ხნის წინ იყო, ახლა მათ შორის მართლა არაფერი ხდება.
გაგას საფიქრალი გაუჩნდა. სადღაც, გულის სიღრმეში ეთანხმებოდა ტაისიას. ამართლებდა, ცოლობაზე უარი რომ უთხრა. აქ ნოდიკო არაფერ შუაში იყო. თავად მას არ შეეძლო ტაისთვის მიეცა ის, რასაც იგი ითხოვდა. მას ყველაფერი შეეძლო მიეცა ტაისთვის - ფული, ძვირფასეულობა, ფუფუნებით ცხოვრება, მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო… მასთან დაქორწინება გოგონას უზრუნველ ცხოვრებას მოუტანდა, უზრუნველ ცხოვრებას და მაღალ საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრებას. ეს ყველაფერი ძვირი სიამოვნება იყო, საკმაოდ ძვირი, ხოლო რასაც ტაისია ითხოვდა, არაფერიც არ ღირდა, თუმცა, ამავდროულად, ყველაზე ძვირად ღირებული იყო ამქვეყნად. და ეს ყველაზე ძვირად ღირებული სულ რაღაც სამი სიტყვისგან შედგებოდა. მან კი ვერ შეძლო ამ სამად სამი მარტივი სიტყვის წარმოთქმა, რადგან მათი მნიშვნელობა გააზრებული არ ჰქონდა. ყოველთვის დარწმუნებული იყო, რომ სიყვარული მხოლოდ და მხოლოდ უბრალო სიტყვაა, როგორც ყველა სხვა სიტყვა ლექსიკონში. თუმცა ისიც იცოდა, რომ ადამიანები გამუდმებით წარმოთქვამდნენ მას, რათა ერთმანეთი რაღაცაში დაერწმუნებინათ, მანიპულირება მოეხდინათ, ეთვალთმაქცათ.
ერთია სიყვარული შვილებსა და მშობლებს შორის. ეს ერთადერთი გრძნობაა, რომლისაც შეიძლება გჯეროდეს. მართალია, მას დიდად არც არასდროს გამოუცდია მშობლების სიყვარული, მაგრამ თვითონ ხომ უყვარდა შვილი, რომელსაც ტაისია გაუჩენდა? ის ხომ მზად იყო, მომავალი შვილისთვის ყველაფერი გაეკეთებინა?
ჰო, ერთია შვილების სიყვარული, მაგრამ ქალებთან მიმართებაში ეს სამი სიტყვა სრულიად სხვა საქმეა. გაგას ცხოვრებაში იყვნენ ქალები, რომლებიც ეუბნებოდნენ, მიყვარხარო. მათ შორის თავისი ორი ცოლიც. ეს ტკბილი ტყუილი ერთხელ თუ ორჯერ თვითონაც დაიჯერა, სანამ არ მიხვდა, რომ სიყვარულს მხოლოდ ფულის გულისთვის უხსნიდნენ, ძვირფასი საჩუქრებისა და საკრედიტო ბარათების მიღების მოლოდინით. უხსნიდნენ იმიტომ, რომ მას სურდა ამ სიტყვების მოსმენა. ეგ იყო და ეგ. ასეთი ქალებისთვის "მე შენ მიყვარხარ" ადვილი წარმოსათქმელი იყო. ყოველგვარი გრძნობის გარეშე მისდევდნენ ისინი თავიანთ მიზნებს, თავს შეყვარებულებად ასაღებდნენ და ამგვარი თვალთმაქცობით იღებდნენ, რაც სურდათ. ამიტომაც არ აუხსნა მან ტაისიას სიყვარული. მთელი მათი ნაცნობობის განმავლობაში გაგა ბოლომდე გულწრფელი იყო მასთან. მას სურდა ტაისთან, მაგრამ არ ატყუებდა.
მამაკაცმა თითებშუა მოქცეული კალამი მაგიდაზე მიაგდო და თვალები მოიფშვნიტა. რამდენი ღამეა წესიერად არ უძინია. ალბათ, ამიტომაც ეწვის თვალები.
ტაიმ იმ დღეს პირველად უთხრა, მიყვარხარო. თუ სხვა ქალების არ სჯეროდა, მისი რატომ დაიჯერა? გონებიდან არ ამოსდიოდა ის მომენტი, როცა მისგან მოდიოდა. სანამ კარამდე მიაღწევდა, ელოდებოდა, ტაი დაუძახებდა, უკან მიაბრუნებდა, მაგრამ არა, არ დაუძახა. მანქანაში ჩაჯდა თუ არა, გაეცინა. როგორ შეიძლებოდა ერთ წუთს გყვარებოდა მამაკაცი, მეორე წუთს კი იგი სახლიდან გაგეგდო? თუკი უყვარდა, რატომ არ დათანხმდა ცოლობაზე? ქალების უმრავლესობა ხომ ასეთ მაცდუნებელ წინადადებაზე უარს არ იტყოდა?
მაგრამ შინ დაბრუნდა თუ არა, სრულიად სხვანაირად შეხედა ამ ყველაფერს. რადგან თვითონ არასდროს მოუტყუებია ტაისია, ალბათ, არც ის ატყუებდა. რახან უთხრა, მიყვარხარო, ესე იგი, ასეც იყო. მაგრამ თვითონ თუ უყვარს ტაი? იქნებ სწორედ ესაა სიყვარული და ვერ გაუცნობიერებია? ღირს კი ამდენს ფიქრობდე ქალზე, ასე მტკივნეულად განიცდიდე მის უნახაობას, თუკი არ გიყვარს?
თითქოს აღმოჩენა გააკეთაო, მოულოდნელად ფეხზე წამოხტა და კაბინეტიდან გავარდა…
შეშლილივით მიაქროლებდა მანქანას. ტაისია იყო პირველი ადამიანი მის ცხოვრებაში, ვისზეც ფიქრს გაღვიძებისთანავე იწყებდა და დაძინებისას ამთავრებდა. მან მთლიანად გაავსო გაგას სულიც, გულიც და გონებაც. მას, უბრალოდ, აღარ სურდა ტაის გარეშე ცხოვრება. ფიქრობდა და ვერ ხვდებოდა, რატომ დასჭირდა ამდენი თვე ამის აღიარებისთვის.
აუცილებლად უნდა ნახოს იგი და დაარწმუნოს, რომ თვითონაც შეყვარებულია, თვეებია ეს გრძნობა აწუხებს და მხოლოდ ახლა გაიაზრა ეს.
ზარის ღილაკს თითი მიაჭირა და მანამ არ აუშვა, სანამ კარი არ გაიღო. თაიას მის დანახვაზე "ოჰ" აღმოხდა და თავბრუდახვეული შექანდა, მაგრამ ძლიერმა მკლავებმა დროზე დაიჭირეს, საოცრად ნაცნობმა მკლავებმა.
მამაკაცმა მკერდზე მიიკრა ათრთოლებული გოგონა და წინ ჩამოშლილი თმა თითების ნაზი მოძრაობით უკან გადაუწია. სიტყვის უთქმელად მამაკაცი ტუჩებით მის შუბლს ეამბორა, მერე კი მის თმაში აჩურჩულდა:
- მიხარია, რომ გხედავ. უნდა გელაპარაკო. შენთვის რაღაც მაქვს სათქმელი.
მამაკაცი ისე სერიოზულად ლაპარაკობდა და იმდენად მოულოდნელი იყო მისი გამოჩენა, რომ თაია შეშინდა:
- დედაჩემს ხომ არ დაემართა რამე?
- არა, არა, დედაშენი არაფერ შუაშია. საუბარი ჩვენზეა.
გაგამ ორივე ხელი თავზე შემოაჭდო გოგონას და თვალებში ჩახედა:
- მე შენ მიყვარხარ. შეიძლება საუკუნე დასჭირდეს იმის გააზრებას, რას ვგულისხმობ ამ სიტყვებში, მაგრამ ამწუთას ერთი რამ ვიცი. რაც აქედან გამაგდე, მას შემდეგ სულ ვცდილობდი გამერკვია, არსებობდა თუ არა ეს გრძნობა ჩემში. დღეს დილიდან ოფისში ვზივარ და რომ ჩავუღრმავდი, მივხვდი, რომ ჩემზე უბედური ადამიანი მეორე არ დადიოდა ამქვეყნად. ჰოდა, ამ ფიქრებში უეცრად გამონათება მოხდა, - გაგამ გაიღიმა და თაიას მხრებზე ჩამოუსვა ხელი, - მე იდიოტი ვარ. და ამას ბევრად ადრე უნდა მივმხვდარიყავი. მაგრამ სანამ არ დაგკარგე, ვერ გავაცნობიერე, რამდენს ნიშნავ ჩემთვის. მხოლოდ ახლა აღვიქვი შენი ნათქვამის ჭეშმარიტება - სანამ არ შეგიყვარებ, ჩემთან ვერ იქნები. არ მაინტერესებს, ვინ არის ნოდარი და რა დადებითი თუ უარყოფითი როლი ითამაშა შენს ცხოვრებაში. არ მაინტერესებს შენი წარსული, არც შენი უიღბლო თუ ცალმხრივი სიყვარული და გადატანილი დეპრესიები. მე გაგიცანი ისეთი, როგორიც ახლა ხარ და მიგიღებ ისეთს, როგორიც ხარ.
მისმა ემოციურმა ტონმა და გულწრფელმა მონოლოგმა თაიას ლამის დამბლა დასცა. იმდენად გულღია იყო მამაკაცი, ამავდროულად, იმდენად სასოწარკვეთილი, რომ არ შეეძლო არ დაეჯერებინა მისი. თითქოს სხეული აუჯანყდა. სურდა მყუდროდ მოკალათებულიყო მის მკლავებში, იქ ეპოვა თავშესაფარი და იქ ეცხოვრა. მხოლოდ იქ, მის ძლიერ მკლავებში. მაგრამ გონება კარნახობდა, რომ არ ეჩქარა და სიფრთხილე გამოეჩინა.
- გაგა… - დაიჩურჩულა გოგონამ, მაგრამ მამაკაცმა მყისვე პირზე ხელი ააფარა.
- არა, არა, ნურაფერს იტყვი. ჯერ მე დავამთავრებ და მერე როგორც გინდა, ისე მოიქეცი. თუ ჩემგან წასვლა მოგინდება, გაგიშვებ. სიტყვას გაძლევ, რომ შენ შეჩერებას არ შევეცდები.
თაიამ თავი დაუქნია და მწარედ დაიკვნესა. შიშისგან დათრგუნული ელოდა, რას ეტყოდა კიდევ მამაკაცი, მაგრამ სხვა გზა არ იყო, უნდა მოესმინა. თუკი მართლა უყვარს, მაშინ თაია მის ყოველ სიტყვას დაიმახსოვრებს, რელიკვიასავით გულის სიღრმეში საგულდაგულოდ შეინახავს, მერე კი ჩაეხუტება და თვითონაც ეტყვის, როგორ უყვარს მასაც.
- ყოველთვის მეგონა, რომ ადამიანები სიტყვა "სიყვარულით" მანიპულირებდნენ, რათა ერთმანეთის ნდობა მოეპოვებინათ და მერე სხვების ცხოვრება ემართათ. ახლა ვხვდები, რომ ვცდებოდი. როცა გიყვარს, ეს ნიშნავს, რომ ზრუნავ ვიღაცაზე, ფიქრობ მასზე, ნერვიულობ და ცდილობ, ბედნიერი გახადო იგი. მე შენ მიყვარხარ. არა იმიტომ, რომ მუცელში ჩემი შვილი გიზის ან იმიტომ, რომ შენ მოისმინო ეს სიტყვები. მე შენ შენი სილამაზისთვის მიყვარხარ - გარეგნული და შინაგანი სილამაზისთვის. შენი სიძლიერისა და პასუხისმგებლობისთვის, რომელიც ჩემთან ურთიერთობაში გამოავლინე. იმ სიმამაცისთვის, სიყვარული რომ ამიხსენი, მიუხედავად იმისა, იცოდი ჩემი შენდამი დამოკიდებულების შესახებ. - შემდეგ მცირე ხნით შეჩერდა და ჩურჩულით გააგრძელა: - მე შენ მიყვარხარ, ტაისია, და არასდროს ვინანებ, ეს სიტყვები რომ გითხარი. არც ჩემს სიტყვებს წავიღებ უკან არასდროს. მინდა ცოლად შეგირთო და მთელი ჩემი დარჩენილი სიცოცხლე შენ გვერდით გავატარო. მინდა ჩემი ცოლი გახდე, ჩემი პარტნიორი, ჩემი საყვარელი, ჩემი მეგობარი. მინდა ერთად გავზარდოთ ეს ბავშვი და ამის გარდა, კიდევ ბევრი. არა აქვს მნიშვნელობა, რას დაწერენ ჟურნალ-გაზეთები. გეფიცები, არასდროს მოგცემ საბაბს, ჩემს სიყვარულში ეჭვი შეგეპაროს. - ამ სიტყვებით გაგამ ხელი შეუშვა, ორიოდე ნაბიჯით უკან დაიხია და მის რეაქციას დაელოდა.
თაიამ კარგა ხანს ადგილიდან დაძვრა ვერ შეძლო. ცრემლები, მის წამწამებზე რომ ბრწყინავდნენ, სიხარულის იყო, გული, ბედნიერებით სავსე, სადღაც შორეთში გაჭრას ლამობდა, აი, ხელები და ფეხები კი თითქოს გაქვავებოდა.
თუკი ეს სიზმარი იყო, არ სურდა გამოღვიძებოდა და თუ რეალობა - უსასრულოდ უნდოდა გაგრძელებულიყო.
გაგა ჭოხონელიძემ, რომელიც მას უსაზღვროდ უყვარდა, სიყვარული აუხსნა. რამდენ ხანს ელოდა მისგან ამ სიტყვებს… ხომ შეეძლო ეს ყველაფერი ცხრა დღის წინ ეთქვა, რათა თაია დამშვიდებულიყო და მისი წინადადება მიეღო? ეთქვა მაშინვე, წამოეცვა მის არათითზე საქორწინო ბეჭედი და მიიღებდა იმას, რაც სურდა.
მაგრამ მაშინ ის წავიდა. ეს კი თაიასთვის ბევრს ნიშნავდა. გამოდის, რომ ამ ხნის განმავლობაში გაგა დაფიქრდა, სიტუაცია აწონ-დაწონა, თავის გრძნობებს ჩაუღრმავდა და გადაწყვეტილებაც მიიღო. მისი თვალები არ შეიძლება იტყუებოდნენ. არც მისი სიტყვები, არც მისი ხმის ნაღვლიანი ტონი…
- ჩემს ცხოვრებას მუდამ სუნთქვაშეკრული ცხოვრება ერქვა, - წარმოთქვა გოგონამ, მამაკაცისკენ ნაბიჯი გადადგა და მკლავებში ჩაუვარდა, - მეც მიყვარხარ, ოღონდ შენნაირად ვერ დავაკონკრეტებ, რატომ. უბრალოდ, მიყვარხარ და მორჩა. მიყვარხარ ყველაფრისთვის. არა იმიტომ, რომ ბევრი ფული გაქვს და ისინი ერთმანეთზე დასტებად რომ დააწყო, შეიძლება ცხრასართულიანი კორპუსი აშენდეს. არც იმიტომ, რომ თბილისში ყველაზე სასურველი სასიძო ხარ…
გაგას სიცილმა თაიას სიტყვა გააწყვეტინა.
- ვეცდები, ეგ გამოვასწორო. ცოლს მოვიყვან და სასიძოც აღარ ვიქნები, მით უფრო, სასურველი.
- ვფიქრობ, ცუდი ცოლი არ ვიქნები, - ღიმილი თაიასაც მოერია.
- ეს ნიშნავს, რომ თანახმა ხარ ჯვარი დავიწეროთ?
- თანახმა ვარ. და რაც უფრო მალე მოხდება ეს, მით უკეთესი. - თამამად წარმოთქვა გოგონამ და ღაწვები შეეფაკლა, - ხედავ? ახლა მე გეხვეწები.
გაგამ მჭიდროდ მიიხუტა გულზე.
- ვაი! - მოულოდნელად შეჰყვირა თაიამ.
- რა მოხდა? - შეშინებულმა გაგამ ხელი შეუშვა.
- ბავშვი იძრა… მოძრაობს…
გაგა უცაბედი სიხარულისგან დაიბნა, მაგრამ არ შეიმჩნია და რბილად წარმოთქვა:
- ხედავ? ჩვენი შვილიც კი მხარს გვიჭერს და გადაწყვეტილებას გვიწონებს.
გაგრძელება
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>